განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/1264-18
საქმე №330310017002184400
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - თამარ ონიანი
მოსამართლეები: მანანა ჩოხელი,გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი
აპელანტი (მოსარჩელე) - შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“
წარმომადგენელი - დ-------------------
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
წარმომადგენელი - ი-----–------------–--ე
მესამე პირი - ი/მ გ----------------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა
1.1. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას მოითხოვს.
2. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. ინდივიდუალური მეწარმე გ---------------- არის სასმელი წყლის მომხმარებელი და კომპანიის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია N7-------- სააბონენტო ნომრით.
2.2.2. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ 2017 წლის 14 ივნისს მოიხსნა N7-------- აბონენტის სასმელი წყლის მრიცხველი და გამოსაკვლევად გაიგზავნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 19 ივნისის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N003436417 დასკვნის საფუძველზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ 2017 წლის 20 ივნისს ი/მ გ----------------ს მიმართ შედგენილი იქნა აღურიცხავი წყლის მოხმარების N009849 აქტი, რომლითაც მას ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დაერიცხა - 1440,29 ლარი. ამავე დღეს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ ი/მ გ----------------ს მიმართ შედგენილ იქნა ას N002072 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მრიცხველის განზრახ დაზიანების ფაქტზე. 2017 წლის 06 ივლისს ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე უფლებამოსილი პირის მიერ განხილულ იქნა ი/მ გ----------------ს მიმართ შედგენილი ას N002072 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი. დადგენილ გარემოებად იქნა მიჩნეული მრიცხველის განზრახ დაზიანების ფაქტი და მიღებულ იქნა N1832 დადგენილება, რომლითაც ი/მ გ----------------ს დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება.
2.2.3. ი/მ გ----------------მ 2017 წლის 19 ივლისს განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის’’ მიერ მის მიმართ 2017 წლის 20 ივნისის აღურიცხავი წყლის მოხმარების N009849 აქტით დარიცხული-1440.29 ლარის გაუქმება მოითხოვა. განმცხადებელმა განმარტა, რომ მისი სასმელი წყლის მრიცხველი განთავსებულია კუთვნილი ტერიტორიის გარეთ, მრიცხველი მას არ დაუზიანებია და შესაბამისად, მისი მხრიდან სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარებას ადგილი არ ჰქონია.
2.2.4. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საჯარო სხდომაზე განიხილა დავა ი/მ გ----------------სა და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ შორის. კომისიამ მიიჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დასტურდება მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების ფაქტი და, შესაბამისად, არ არსებობს წესების 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარიცხვის პროცედურების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც უსაფუძვლოდ მიიჩნია ი/მ გ----------------ზე სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარებისათვის 1440,29 ლარის დარიცხვა. შესაბამისად, ი/მ გ----------------ს განცხადება დაკმაყოფილდა, შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს’’ დაევალა უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვის გაუქმება და მომხმარებლის პირადი აღრიცხვის ბარათში ცვლილებების შეტანა. გადაწყვეტილება ძალაში შევიდა კომისიის საჯარო სხდომაზე გამოცხადების დღიდან.
2.2.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახლობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 19 ივნისის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N003436417 დასკვნის თანახმად, გამოსაკვლელად წარდგენილი „A------------“ მოდელის N9----- წყლის მრიცხველის, ლითონის კორპუსის (ძირის) და მთვლელი მექანიზმის დამცავი ხუფის სამაგრ „ქამარზე“ აღინიშნება გარეშე საგნის მექანიკური ზემოქმედების კვლევები. ხოლო ბჯენზე მთვლელი მექანიზმის დამცავ ხუფზე და შიდა მთვლელი მექანიზმის გორგოლაჭებზე შეღწევისათვის დამახასიათებელი - გარეშე საგნის მექანიკური ზემოქმედების კვლევები არ აღინიშნება.
ამავე დასკვნის გამოკვლევით ნაწილში აღნიშნულია: ლითონის კორპუსზე დამცავი ხუფი დამაგრებულია ლურჯი ფერის პლასტმასისმაგვარი მასალისაგან დამზადებული, კონსტრუქციული სამაგრი რგოლის - „ქამრის“ საშუალებით, რომელზეც ზედა და ქვედა კიდეებზე განთავსებულია თანმიმდევრობით განლაგებული კონსტრუქციული, მართკუთხედის ფორმის მქონე „კბილები“, რომლებიც შემოჭერილია მრიცხველის ლითონის კორპუსსა და მთვლელი მექანიზმის დამცავი ხუფის კიდეებზე და აღნიშნული სახითაა ურთიერთშეკავშირებული და ფიქსირებული, მრიცხველის ლითონის კორპუსი დამთვლელი მექანიზმის დამცავი ხუფი. სამაგრი ქამრის ურთიერთშეერთების ,,ჩაკეტვის’’ მიდამოში აღინიშნება გამჭოლი ნახვრეტი, რომელშიც გატარებულია მორუხო ფერის სალუქვი მავთული. მავთულის ბოლოები გაყრილია მორუხო ფერისავე-ტყვიისმაგვარი მასალის, მრგვალი ფორმის მქონე, ბჯენის სალუქავ ხვრელებში და შემდგომ ერთმანეთზეა გადაგრეხილი. ბჯენის ზედაპირზე ორივე მხარეს დატანილია რელიეფური ხასიათის ნიშანდებები. ბჯენის ვიზუალური და მიკროსკოპული (,,ნაციონალი’’) დათვალიერებით, დგინდება, რომ ბჯენისა და მისი სალუქავი მავთულის მთლიანობა დარღვეული არ არის და მასზე გახსნისათვის დამახასიათებელი ზემოქმედების კვლები არ აღინიშნება.
დათვალიერებულ-გამოკვლეული იქნა ასევე ლითონის კორპუსის (ძირის) და მთვლელი მექანიზმის დამცავი ხუფის მაფიქსირებელ-შემაკავშირებელი ლურჯი ფერის კონსტრუქციული ქამარიც, რა დროსაც სამაგრი ქამარის ჩაკეტვის მიდამოში შენიშნულ იქნა გარეშე საგნის ზემოქმედებისათვის დამახასიათებელი კვალი ჩანაჭდევების სახით. გარეშე საგნის მექანიკური ზემოქმედების კვლები აღინიშნება ასევე ქამრის კონსტრუქციულ კბილებზეც, ქვედა მხრიდან. გარდა აღნიშნულისა, სამაგრ ქამარზე არსებული ბჯენის სიახლოვეზე შენიშნულ იქნა დაზიანება - თითქმის ვერტიკალურად მდებარე, ნაპრალისებული ბზარის სახით. აღნიშნული კი არ არის დამახასიათებელი მრიცხველის დამზადება-აწყობის ქარხნული ტექნოლოგიისათვის და განვითარებულია გარეშე მექანიკური ზემოქმედების შედეგად.
კვლევის პროცესში დარღვეულ (გადაჭრილი) იქნა მრიცხველზე არსებული ბჯენის, სალუქავი მავთულის მთლიანობა და ბჯენის, სამაგრი ქამრის დამთვლელი მექანიზმის დამცავი ხუფის მოხსნის შემდგომ მიკროსკოპის საშუალებით დათვალიერებულ, გამოკვლეული იქნა მთვლელი მექანიზმის გორგოლაჭები. აღნიშნულისას მთვლელი მექანიზმის გორგოლაჭებზე შეღწევისათვის დამახასიათებელი-გარეშე საგნის მექანიკური ზემოქმედებით განვითარებული კვლევები არ აღინიშნება.
ამდენად, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ი/მ გ----------------ს კუთვნილი მრიცხველი იყო დალუქული, ლუქების მთლიანობა დარღვეული არ არის, ასევე, ლითონის კორპუსზე დამცავი ხუფი დამაგრებული იყო ლურჯი ფერის, პლასტმასისმაგვარი მასალისაგან დამზადებული, კონსტრუქციული სამაგრი რგოლის-,,ქამრის საშუალებით, რომელზეც ზედა და ქვედა კიდეებზე განთავსებული იყო თანმიმდევრობით განლაგებული კონსტრუქციული, მართკუთხედის ფორმის მქონე ,,კბილები’’, რომლებიც შემოჭერილი იყო მრიცხველის ლითონის კორპუსსა და მთვლელი მექანიზმის დამცავი ხუფის კიდეებზე და აღნიშნული სახით იყო ურთიერთშეკავშირებული და ფიქსირებული. ანუ ხუფი არ შორდებოდა კორპუსს. შესაბამისად, მრიცხველის ლითონის კორპუსისა (ძირის) და მთვლელი მექანიზმის დამცავი ხუფის მაფიქსირებელ-შემაკავშირებელ კონსტრუქციულ ქამარზე მხოლოდ ბზარის არსებობა არ ადასტურებს სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარებას.
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ განმარტა შემდეგი:
2.3.1. სასამართლომ მიუთითა „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია შექმნას მყარი სამართლებრივი საფუძველი და სრულყოფილი ინსტიტუციური გარემო საქართველოში მოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების სტაბილური ფუნქციონირებისათვის, რათა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში უზრუნველყოფილ იქნეს ლიცენზიის მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსება, მომსახურებისა და საქონლის ეფექტიანი ფასწარმოქმნა და მიწოდება.
„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.
,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე.
კომისიის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“, რომლის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.
სასამართლომ განმარტა, რომ წყლის უკანონო მოხმარების განმარტება მოცემულია ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ მე-8 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი სასმელი წყლის მიწოდების თვითნებური აღდგენა, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, სასმელი წყლის დატაცება, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება; ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან, მოწყობილობებიდან ან/და სხვა სახის ელემენტებიდან სასმელი წყლის არახანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასანქცირებული მოხმარება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამავე კოდექსის 264-ე მუხლი კი ადგენს, რომ ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი.
აღნიშნული კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ შედგება ოქმი, საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისა თუ საზოგადოებრივი თვითმოქმედების ორგანოს წარმომადგენლის მიერ, ოქმი არ დგება ამ კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე მუხლის 62-ე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. ამავე კოდექსის 2283 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ამ კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ სასმელი წყლის მიმწოდებელ კომპანიებს ან მათ მიერ უფლებამოსილ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებს.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარება, აგრეთვე წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობა – გამოიწვევს გაფრთხილებას. ხოლო მეორე ნაწილის თანახმად, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას – 15 000 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ სასმელი წყლის უკანონო მოხმარება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლი ითვალისწინებს შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისგებლობას.
სასამართლომ მიუთითა „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, მომხმარებლის მიერ ქსელზე სასმელი წყლის მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთების, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, სასმელი წყლის დატაცების, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, სასმელი წყლის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს N14 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესები“ არეგულირებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 და 149-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენასთან, აღრიცხვა-ანგარიშგებასა და შესაბამისი საწარმოების მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ წესების შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის - ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის, გადაცემის ან განაწილების ქსელიდან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) ტრანსპორტირების სისტემიდან ან განაწილების ქსელიდან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) აღრიცხვის გარეშე ან აღრიცხვის წესების დარღვევით მოხმარების, აგრეთვე, 149-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის _ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ან წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის ფაქტზე.
აღნიშნული წესის მე-11 მუხლის მე-12 პუნქტით, კომისია უფლებამოსილია, დადგენილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების მიუხედავად, იმსჯელოს საწარმოს მიერ მის სასარგებლოდ პირზე დარიცხული თანხის საფუძვიანობაზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამდენად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ იგი უფლებამოსილი იყო წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განეხილა და მიეღო გადაწყვეტილება დარიცხვის საფუძვლიანობის შესახებ.
სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 19 ივნისის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N003436417 დასკვნაზე, რომლის მიხედვით დადგენილად მიიჩნია, რომ ი/მ გ----------------ს კუთვნილი მრიცხველი იყო დალუქული, ლუქების მთლიანობა დარღვეული არ არის, ასევე, ლითონის კორპუსზე დამცავი ხუფი დამაგრებული იყო ლურჯი ფერის, პლასტმასისმაგვარი მასალისაგან დამზადებული, კონსტრუქციული სამაგრი რგოლის -,,ქამრის" საშუალებით, რომელზეც ზედა და ქვედა კიდეებზე განთავსებული იყო თანმიმდევრობით განლაგებული კონსტრუქციული, მართკუთხედის ფორმის მქონე ,,კბილები’’, რომლებიც შემოჭერილი იყო მრიცხველის ლითონის კორპუსსა და მთვლელი მექანიზმის დამცავი ხუფის კიდეებზე და აღნიშნული სახით იყო ურთიერთ შეკავშირებული და ფიქსირებული. ანუ ხუფი არ შორდებოდა კორპუსს. შესაბამისად, მრიცხველის ლითონის კორპუსის (ძირის) და მთვლელი მექანიზმის დამცავი ხუფის მაფიქსირებელ-შემაკავშირებელ კონსტრუქციულ ქამარზე მხოლოდ ბზარის არსებობა არ ადასტურებს სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარებას. აღნიშნულის გათვალისწინებით კი სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დასტურდება ი/მ გ----------------ს ბრალეულობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში.
2.3.3. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მტკიცების ტვირთი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება მხოლოდ, ხოლო მოსარჩელისათვის საკმარისია მხოლოდ იმაზე მითითება, რომ არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა, მესამე პირმა წყალი მოიხმარა უკანონოდ. სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობაში მხარეთა შორის დამტკიცების ტვირთის განაწილება მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის კონკრეტული გამოვლინებაა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი შეჯიბრებითობის პრონციპი გულისხმობს ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილე ყველა სუბიექტის უფლებას მოახდინოს საკუთარი უფლებების დაცვა ყველა შესაძლო საშუალებით. შეჯიბრებითობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებთა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ, უარყონს ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებანი. სასამართლომ განმარტა, რომ კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მავალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას, აქვე კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე, მოპასუხე სუბიექტზე. მიუხედავად ამისა, მტკიცების ტვირთის ამგვარი განაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისაგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდა.
2.3.4. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დასტურდება მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების ფაქტი და არ არსებობს წესების 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარიცხვის პროცედურების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც უსაფუძვლოდ უნდა იქნეს მიჩნეული ი/მ გ----------------ზე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისათვის 1440.29 ლარის დარიცხვა. ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიჩნეულ იქნა კანონიერად და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3.1. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის თანახმად, 2017 წლის 20 ივნისს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ უფლებამოსილი პირის მიერ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტზე გ----------------ს მიმართ შედგენილი იქნა ას002072 ადნისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. 2017 წლის 16 ივლისს ამავე კომპანიის უფლებამოსილი პირის მიერ განხილული იქნა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და დადგენილ გარემოებად იქნა მიჩნეული ი/მ გ----------------ს მიერ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ----------------ს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება. (N1832 დადგენილება). გ----------------ს მისი სამართალდამრღვევ პირად ცნობის შესახებ N1832 დადგენილება არ გაუსაჩივრებია. ამდენად, ი/მ გ----------------ს მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი დადგენილია კომპეტენტური/უფლებამოსილი ორგანოს დადგენილებით. შესაბამისად, წყლის უკანონდ მოხმარების/დატაცების ფაქტი წარმოადგენს დადგენილ/დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებას და მესამე პირს სწორად დაერიცხა უკანონოდ მოხმარებული წყლის საფასური - 1440.29 ლარი. სააპელაციო საჩივრის მიხედვით, კონკრეტულ შემთხვევაში სემეკის მიერ არ განხილულა ი/მ გ----------------ს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, ვინაიდან აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენდა განსახილველ/სადავო საკითხს, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით გამოირიცხა გ----------------ს ბრალეულობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში.
აპელანტი აღნიშნავს, გ----------------ს მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და N1832 დადგენილება ადასტურებს მესამე პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. სასამართლოს მიერ კი ადმინისტარციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი გამორიცხული იქნა ისე, რომ არ გაუქმებულა ი/მ გ----------------სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ დადგენილება. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების განხილვის საგანს წარმოადგენდა დარიცხული თანხის საფუძვლიანობა და არა ადმინისტრაციული ფაქტის არსებობა/არარსებობის დადგენა. მიუხედავად ამისა, ადმინისტარციულმა ორგანომ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა სამართალდარღვევის შეუსწავლელ გარემოებებზე. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ საქმის განხილვისას არსებობდა ი/მ გ----------------ს მიმართ სამართალდარღვევის ფაქტზე კომპეტენტური ორგანოს (თანამდებობის პირი) კანონიერ ძალაში შესული დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე და გამოერიცხა ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის ბრალეულობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში. უფრო მეტიც, აღნიშნულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართადარღვევის საქმის წარმოებაც არ შეიძლებოდა დაწყებულიყო, ხოლო დაწყებული საქმე უნდა შეწყვეტილიყო.
სემეკის 2010 წლის 12 აგვისტოს N14 დადგენილების მე-11 მუხლის მე-12 პუნქტთან დაკავშირებით აპელანტი აღნიშნავს, რომ მოცემული ნორმა ითვალისწინებს შემდეგს: 1) ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების კანონიერების საკითხის განხილვას; 2) დადგენილების განხილვის საფუძველზე დადგენილების გაუქმებას ან უცვლელად დატოვებას; 3) დადგენილების განხილვის საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის გამორიცხვას; 4) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის გამორიცხვის შემთხვევაში დადგენილების გაუქმებას საქმის შეწყვეტით და ამ დადგენილებიდან გამომდინარე, მიღებული შეზღუდვების გაუქმებას (მათ შორის აბონენტზე წყლის უკანონოდ მოხმარების საფუძველზე დარიცხული თანხის ჩამოწერას); 5) დადგენილების განხილვის საფუძველზე, თუ დადასტურებული იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი, მაგრამ არ დასტურდება კომპანიის ზიანი, დადგენილება რჩება უცვლელი და კომისია უფლებამოსილია განიხილოს კომპანიის მიერ დარიცხული თანხის საფუძვლიანობა (მაგ., სხვა აბონენტის მწყალმომარაგების ქსელიდან სასმელი წყლის მოხმარება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდადრღვევის ფაქტს, თუმცა აღნიშნულით კომპანიას არ ადგება ზიანი, ვინაიდან სასმელი წყლის აღრიცხვა ხორციელდება გამოყენებული წყალმომარაგების ქსელზე განთავსებული მრიცხველის მეშვეობით). ამდენად, დადგენილების უცვლელად დატოვება ნიშნავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის დადგენილად/დადასტურებულად მიჩნევას. დადგენილების უცვლელად დატოვების მიუხედავად, კომისია უფლებამოსილია განიხილოს კომპანიის მიერ დარიცხული თანხის მართებულობაზე, თუმცა დარიცხული თანხის უსაფუძვლოდ მიჩნევის საფუძვლად არ შეიძლება გამოყენებული იქნეს უცვლელად დატოვებული, ძალაში მყოფი დადგენილება. ზიანის უსაფუძვლოდ მიჩნევა უნდა განხორციელდეს (კომპანიის ზიანის დაუდასტურებლობის შემთხვევაში) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით. კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილების გაუქმების გარეშე გამორიცხულ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ი/მ გ----------------ს ბრალეულობა, რაც მიჩნეული იქნა კომპანიის მიერ დარიცხული თანხის ჩამოწერის საფუძვლად. მოცემული, აპელანტის მოსაზრებით, ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
აპელანტის მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა სასამართლოს შეფასება ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით. როგორც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, მრიცხველის სამაგრ ქამარზე არსებული ბჯენის სიახლოვეზე შენიშნულ იქნა დაზიანება, რომელიც არ არის ქარხნული და განვითარებულია გარეშე მექანიკური ზემოქმედების შედეგად. აღნიშნული ცხადჰყოფს, რომ მრიცხველზე ზემოქმედება გ----------------ს მიერ შეგნებულად არის განხორციელებული და ზემოქმედება მრიცხველის ჩვენების გაყალბებას ისახავდა მიზნად. ზემოქმედება დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით და ფოტომასალით. აპელანტი დამატებით ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, რომ წყლის მრიცხველი განთავსებულია გ----------------ს მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე.
მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით აპელანტი მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამასთანავე, კონკრეტულ შემთხვევაში ცალსახად არის დადასტურებული ი/მ გ----------------ს მხრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი (წყლის უკანონოდ მოხმარება) და აღნიშნული გარემოება არ შეიძლებოდა მიჩნეული ყოფილიყო უკანონოდ მოხმარებული წყლის ღირებულების გადახდისაგან განთავისუფლების საფუძვლად. იმის გათვალისწინებით, რომ წყლის უკანონოდ მოხმარება დადგენილ გარემოებას წარმოადგენდა, უკანონოდ მოხმარებული წყლის ღირებულების გადახდისგან განთავისუფლება შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო მოკვლევის/შესწავლის საფუძველზე დაადგენდა უკანონოდ მოხმარებული წყლის აღრიცხვიანობას და მისი ღირებულების გადახდის ფაქტს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას ითხოვს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5.1.1. ი/მ გ---------------- არის სასმელი წყლის მომხმარებელი და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 7-------- სააბონენტო ნომრით.
5.1.2. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ 2017 წლის 14 ივნისს მოიხსნა N7-------- აბონენტის სასმელი წყლის მრიცხველი და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გამოსაკვლევად გაიგზავნა. (ს.ფ. 61-62).
5.1.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 19 ივნისის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N003436417 დასკვნის მიხედვით, გამოსაკვლელად წარდგენილი „A------------“ მოდელის N9----- წყლის მრიცხველის ლითონის კორპუსის (ძირის) და მთვლელი მექანიზმის დამცავი ხუფის სამაგრ „ქამარზე“ აღინიშნება გარეშე საგნის მექანიკური ზემოქმედების კვლევები, ხოლო ბჯენზე მთვლელი მექანიზმის დამცავ ხუფზე და შიდა მთვლელი მექანიზმის გორგოლაჭებზე შეღწევისათვის დამახასიათებელი - გარეშე საგნის მექანიკური ზემოქმედების კვლევები არ აღინიშნება.
ამავე დასკვნის გამოკვლევით ნაწილში აღნიშნულია: ლითონის კორპუსზე დამცავი ხუფი დამაგრებულია ლურჯი ფერის პლასტმასისმაგვარი მასალისაგან დამზადებული, კონსტრუქციული სამაგრი რგოლის - „ქამრის“ საშუალებით, რომელზეც ზედა და ქვედა კიდეებზე განთავსებულია თანმიმდევრობით განლაგებული კონსტრუქციული მართკუთხედის ფორმის მქონე „კბილები“, რომლებიც შემოჭერილია მრიცხველის ლითონის კორპუსსა და მთვლელი მექანიზმის დამცავი ხუფის კიდეებზე და აღნიშნული სახითაა ურთიერთშეკავშირებული და ფიქსირებული, მრიცხველის ლითონის კორპუსი დამთვლელი მექანიზმის დამცავი ხუფი. სამაგრი ქამრის ურთიერთშეერთების ,,ჩაკეტვის’’ მიდამოში აღინიშნება გამჭოლი ნახვრეტი, რომელშიც გატარებულია მორუხო ფერის სალუქვი მავთული. მავთულის ბოლოები გაყრილია მორუხო ფერისავე-ტყვიისმაგვარი მასალის მრგვალი ფორმის მქონე ბჯენის სალუქავ ხვრელებში და შემდგომ ერთმანეთზეა გადაგრეხილი. ბჯენის ზედაპირზე ორივე მხარეს დატანილია რელიეფური ხასიათის ნიშანდებები. ბჯენის ვიზუალური და მიკროსკოპული (,,ნაციონალი’’) დათვალიერებით დგინდება, რომ ბჯენისა და მისი სალუქავი მავთულის მთლიანობა დარღვეული არ არის და მასზე გახსნისათვის დამახასიათებელი ზემოქმედების კვლები არ აღინიშნება.
დათვალიერებულ-გამოკვლეული იქნა ასევე ლითონის კორპუსის (ძირის) და მთვლელი მექანიზმის დამცავი ხუფის მაფიქსირებელ-შემაკავშირებელი, ლურჯი ფერის კონსტრუქციული ქამარიც, რა დროსაც სამაგრი ქამარის ჩაკეტვის მიდამოში შენიშნულ იქნა გარეშე საგნის ზემოქმედებისათვის დამახასიათებელი კვალი, ჩანაჭდევების სახით. გარეშე საგნის მექანიკური ზემოქმედების კვლები აღინიშნება ასევე ქამრის კონსტრუქციულ კბილებზეც ქვედა მხრიდან. გარდა აღნიშნულისა, სამაგრ ქამარზე არსებული ბჯენის სიახლოვეზე შენიშნულ იქნა დაზიანება - თითქმის ვერტიკალურად მდებარე, ნაპრალისებული ბზარის სახით. აღნიშნული კი არ არის დამახასიათებელი მრიცხველის დამზადება-აწყობის ქარხნული ტექნოლოგიისათვის და განვითარებულია გარეშე მექანიკური ზემოქმედების შედეგად.
კვლევის პროცესში დარღვეულ (გადაჭრილი) იქნა მრიცხველზე არსებული ბჯენის, სალუქავი მავთულის მთლიანობა და ბჯენის, სამაგრი ქამრის დამთვლელი მექანიზმის დამცავი ხუფის მოხსნის შემდგომ, მიკროსკოპის საშუალებით დათვალიერებულ გამოკვლეული იქნა მთვლელი მექანიზმის გორგოლაჭები. აღნიშნულისას მთვლელი მექანიზმის გორგოლაჭებზე შეღწევისათვის დამახასიათებელი - გარეშე საგნის მექანიკური ზემოქმედებით განვითარებული კვლევები არ აღინიშნება. (ს.ფ. 19-31).
5.1.4. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ 2017 წლის 20 ივნისს ი/მ გ----------------ს მიმართ შედგენილ იქნა აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი N009849, რომლითაც მას ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დაერიცხა 1440,29 ლარი. (ს.ფ. 73).
5.1.5. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ 2017 წლის 20 ივნისს ი/მ გ----------------ს მიმართ შედგენილი იქნა ას N002072 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლის საფუძველზე, მრიცხველის განზრახ დაზიანების ფაქტზე. (ს.ფ. 72).
5.1.6. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ 2017 წლის 5 ივლისს განხილულ იქნა ი/მ გ----------------ს მიმართ შედგენილი ას N002072 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი. დადგენილ გარემოებად ჩაითვალა მრიცხველის განზრახ დაზიანების ფაქტი და მიღებულ იქნა N1832 დადგენილება, რომლითაც ი/მ გ----------------ს დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება. (ს.ფ. 70-71).
5.1.7. ი/მ გ----------------მ 2017 წლის 19 ივლისს განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, რომლითაც შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის’’ 2017 წლის 20 ივნისის აღურიცხავი წყლის მოხმარების N009849 აქტით დარიცხული 1440.29 ლარის გაუქმება მოითხოვა. განმცხადებელმა განმარტა, რომ მისი სასმელი წყლის მრიცხველი განთავსებულია კუთვნილი ტერიტორიის გარეთ და მას არ განუხორციელებია მრიცხველზე ზემოქმედება. (ს.ფ. 58).
5.1.8. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 5 ოქტომბრის N74/32 გადაწყვეტილებით ი/მ გ----------------ს განცხადება დაკმაყოფილდა და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვის გაუქმება და მომხმარებლის პირადი აღრიცხვის ბარათში ცვლილებების შეტანა დაევალა. (ს.ფ. 91-95).
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
5.2.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
5.2.2. სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“, რომლის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.
„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი სასმელი წყლის მიწოდების თვითნებური აღდგენა, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, სასმელი წყლის დატაცება, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება; ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან, მოწყობილობებიდან ან/და სხვა სახის ელემენტებიდან სასმელი წყლის არახანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასანქცირებული მოხმარება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, მიმწოდებელი სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია, შეადგინოს შესაბამისი აქტი.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასმელი წყლის უკანონო მოხმარება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლი ითვალისწინებს შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისგებლობას. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარება, აგრეთვე წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობა – გამოიწვევს გაფრთხილებას.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარებისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციის გარდა სამართალდამრღვევს ეკისრება სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების ანაზღაურება. კერძოდ, „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მომხმარებლის მიერ ქსელზე სასმელი წყლის მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთების, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, სასმელი წყლის დატაცების, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, სასმელი წყლის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება.
ზემოთ მითითებული ნორმები განსაზღვრავს სასმელი წყლის მოხმარების უკანონოდ მიჩნევის საფუძვლებს - სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი სასმელი წყლის მიწოდების თვითნებური აღდგენა, სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება და სხვა საფუძვლები, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარღვეულია აღრიცხვის სიზუსტე. მაშასადემე, იმ გარემოების დასადგენა, სახეზეა თუ არა სასმელი წყლის უკანონო მოხმარება, საკმარისი არ არის წყლის მრიცხველის ბრჯენის დაზიანების ფაქტის დადგენა - უნდა დადასტურდეს მომხმარებლის განზრახი ქმედებით დაზიანება და აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის არსებობა.
ამასთან, ზემოთ მითითებული წესები სასმელი წყლის მომხმარებლის ვალდებულებას, გადაიხადოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება, არ უკავშირებს მომხმარებლის მიმართ სამართალდარღვვის ოქმის შედგენას და მის სამართალდამრღვევად ცნობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლით. აღნიშნული, ერთის მხრივ, განპირობებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განმტკიცებული პრინციპებით, მათ შორის, სამართალდარღვევის არსებობის დადასტურების მიუხედავად, ოქმის შემდგენის უფლებამოსილებით, ჩადენილი სამართალდარღვევა მიიჩნიოს მცირემნიშვნელოვნად და გაათავისუფლოს დამრღვევი პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას და მეორე მხრივ, სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, წყლის მომხმარებლის ვალდებულებით, გადაიხადოს სასმელი წყლის მოხმარებისთვის შესაბამისი ღირებულება.
განსახილველ შემთხვევაში სადავოა არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, არამედ სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარებისათვის სასმელი წყლის ღირებულების დარიცხვის კანონიერება. ვინაიდან სასმელი წყლის ღირებულების დარიცხვის საფუძვლად კანონმდებელი ასახელებს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარებას, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში უნდა დადგინდეს და განისაზღვროს, რამდენად მოიხმარა გ----------------მ სასმელი წყალი უკანონოდ.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს N14 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესები“ არეგულირებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 და 149-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენასთან, აღრიცხვა-ანგარიშგებასა და შესაბამისი საწარმოების მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ წესების შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის - ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის, გადაცემის ან განაწილების ქსელიდან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) ტრანსპორტირების სისტემიდან ან განაწილების ქსელიდან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) აღრიცხვის გარეშე ან აღრიცხვის წესების დარღვევით მოხმარების, აგრეთვე, 149-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის _ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ან წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის ფაქტზე.
აღნიშნული წესის მე-11 მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით, კომისია უფლებამოსილია, დადგენილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების მიუხედავად, იმსჯელოს საწარმოს მიერ მის სასარგებლოდ პირზე დარიცხული თანხის საფუძვიანობაზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დადგენილება არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, უფლებამოსილი პირის მიერ სამართალდამრღვევი პირის მიმართ გამოცემული დადგენილება გაფრთხილების ან დაჯარიმების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ.
ზემოაღნიშნულ ნორმასთან მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინებაში (საქმე Nბს-450-443(კ-15)) განმარტა, „დადგენილება, როგორც შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე საჯარო უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული აქტი, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი გამოცემის წესი, ისევე როგორც მისი რეკვიზიტები, უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ნორმის დანაწესი „დადგენილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების მიუხედავად“ გულისხმობს შესაძლებლობას, კომისიის მსჯელობის საგანი არ იყოს დადგენილების მართლზომიერება, მაგრამ შეფასდეს დაკისრებული თანხის კანონშესაბამისობა.“
ამრიგად, სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას მასზედ, რომ სასმელი წყლის უკანოანოდ მოხმარებისთვის პირის სამართალდამრღვევად ცნობისა და მის მიმართ შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დადგენილების არსებობის პირობებში შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების შეფასება და დარიცხული თანხის კანონიერებაზე მსჯელობა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან.
5.2.3. სადავო საკითხთან მიმართებით სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 19 ივნისის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N003436417 დასკვნაზე, რომლითაც დადგენილია, რომ ი/მ გ----------------ს კუთვნილი მრიცხველი იყო დალუქული, ლუქების მთლიანობა დარღვეული არ არის, ასევე, ლითონის კორპუსზე დამცავი ხუფი დამაგრებული იყო ლურჯი ფერის, პლასტმასისმაგვარი მასალისაგან დამზადებული, კონსტრუქციული სამაგრი რგოლის -,,ქამრის საშუალებით, რომელზეც ზედა და ქვედა კიდეებზე განთავსებული იყო თანმიმდევრობით განლაგებული კონსტრუქციული, მართკუთხედის ფორმის მქონე ,,კბილები’’, რომლებიც შემოჭერილი იყო მრიცხველის ლითონის კორპუსსა და მთვლელი მექანიზმის დამცავი ხუფის კიდეებზე და აღნიშნული სახით იყო ურთიერთ შეკავშირებული და ფიქსირებული. ანუ ხუფი არ შორდებოდა კორპუსს.
სააპელაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დადგენისთვის სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების დაზიანების შემთხვევაში დადგენილი უნდა იყოს ამგვარი დაზიანების მიმართ მომხმარებლის ბრალეობობა- განზრახვა, ამავდროულად კი, დარღვეული უნდა იყოს აღრიცხვის სიზუსტე. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა პასუხს სცემს მხოლოდ იმ შეკითხვას, რომ წყლის მრიცხველის ლითონის კორპუსის (ძირის) და მთვლელი მექანიზმის დამცავი ხუფის სამაგრ ქამარზე აღინიშნება გარე საგნის მექანიკური ზემოქმედების კვლები, ბჯენზე, მთვლელი მექანიზმის დამცავ ხუფზე და შეიდა მთვლელი მექანიზმის გორგოლაჭებზე კი შეღწევისთვის დამახასიათებელი - გარე საგნის მექანიკური ზემოქმედების კვლები არ აღენიშნება.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით - ექსპერტიზის დასკვნით- არ დასტურდება გარემოება, რომ არსებული დაზიანება წარმოადგენს წყლის მომხმარებლის განზრახი ქმედების შედეგს და რომ არსებული დაზიანება უკავშირება წყლის მოხმარების აღრიცხვის სიზუსტის დარღვევას. მრიცხველის ლითონის კორპუსის (ძირის) და მთვლელი მექანიზმის დამცავი ხუფის მაფიქსირებელ-შემაკავშირებელ, კონსტრუქციულ ქამარზე მხოლოდ ბზარის არსებობა კი არ ადასტურებს სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარებას. აღნიშნულის გათვალისწინებით კი ცალსახად და უტყუარად არ დასტურდება ი/მ გ----------------ს მიერ სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარება, ხოლო მხოლოდ ვარაუდი, რომელიც არ გამომდინარეობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან, არ შეიძლება მიჩნეული იქნას პირისთვის თანხის დარიცხვის საფუძვლიანად მიჩნევის წინაპირობად.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, უკანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-626-596(კ-07), სადაც განმარტებულია, რომ „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის I პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დამტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებულ სარჩელის წარდგენისას არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.“ „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება, ყოველგვარი გასაჩივრების პრეზუმფციის გარეშეც, მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად, ამდენად სავსებით ლოგიკურია მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციულ ორგანოზე დაკისრება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის კანონიერება მოწმდება არა სამართლებრივი საფუძვლებით (სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი) არამედ, ფაქტის არასწორად დადგენისა და შეფასების შედეგად არასწორად ნორმის შეფარდების თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როცა სადავო აქტის კანონიერების განსაზღვრა დამოკიდებულია აქტით აღწერილ და გამოვლენილ იურიდიული ფაქტის ნამდვილობის დადგენაზე, ლოგიკურია, რომ გამოყენებულ უნდა იქნას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლით გათვალისწინებული საერთო წესი მტკიცების ტვირთის პროპორციულობის და მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებების შესახებ.“
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სადავო შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი იმ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომ გ----------------მ უკანონოდ მოიხმარა სასმელი წყალი, რაც თანხის დარიცხის საფუძველი უნდა გამხდარიყო.
5.2.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილები ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 (ას ორმოცდაათი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე თამარ ონიანი
მოსამართლეები: მანანა ჩოხელი
გიორგი ტყავაძე