განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.12.2018
საქმის ნომერი
330210015001052447
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015001052447

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/2020-18 15 ნოემბერი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე– თამარ ალანია

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

საჩივრის ავტორი - შპს „თ---–------------------------–-----–-------“

 

წარმომადგენელი - დ----- ჩ---–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - მ----------–-–---–ი

 

წარმომადგენელი - გ------------------ე

 

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

 

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა

 

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარის სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და მ----------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

 

დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, საქმეთა განხილვა სააპელაციო სასამართლოებში წარმოებს პირველი ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი წესების შესაბამისად, თუ სპეციალური ნორმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში წარმოების მარეგულირებელი სპეციალური ნორმები არ განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელ გარემოებებს, ამიტომ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ:

 

ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის;

გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ;

დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 1 აგვისტოდან აპელანტი დასაქმებული არ იყო, შესაბამისად შრომის ანაზღაურება 2016 წლის 1 აგვისტომდე თვეში 100 ლარის, ხოლო 2016 წლის 1 აგვისტოდან თვეში 150 ლარის ოდენობით არ განხორციელებულა. განაცდურის ოდენობა 2015 წლის 10 ივლისიდან 2015 წლის 1 აგვისტომდე 355.08 ლარს, 2015 წლის 01 აგვისტოდან 2016 წლის 1 აგვისტომდე თვეში 403.31 ლარს, ხოლო 2016 წლის 1 აგვისტოდან სამუშაოზე აღდგენამდე ყოველთვიურად 403.31 ლარს შეადგენს. პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ მითითებული და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებები იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად აპელანტის მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა.

 

რაც შეეხება ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების იურიდიულ მართებულობას პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სახით იძულებითი განაცდური თანხის დაყოვნების ყოველი დღისთვის, 0.07%-ის გადახდის დაკისრებაზე მოსარჩელის მოთხოვნას სამართლებრივად ვარგისი საფუძველი არ გააჩნდა, რადგან საქართველოს შრომის კოდექსის 31- ე მუხლის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა შრომითი ხელშეკრულებით განისაზღვრება. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07%-ის. პირგასამტეხლოს მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს კი, მხარეთა შორის არსებული ფულადი ვალდებულება წარმოადგენს, ანუ გადახდის ვალდებულების არსებობა სახეზეა საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობის დროს ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების სახით, რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს. ნებისმიერ ანაზღაურებაში თუ ანგარიშსწორებაში, რომლის დაყოვნებასაც კანონი უკავშირებს დაყოვნებული დღისათვის გადახდის ვალდებულებას, არ შეიძლება მოვიაზროთ განაცდური, ვინაიდან განაცდური წარმოადგენს არა სახელშეკრულებო შეთანხმებას, არამედ დასაქმებულისათვის დამდგარი ზიანის ანაზღაურების სახეს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Nას- 285-271-2013).

 

რაც შეეხება, პროცესუალურ მხარეს, დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 2018 წლის 12 ივლისს 15:01:22 საათზე გაიმართა, აპელანტის წარმომადგენელმა გ------------------ემ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე იშუამდგომლა. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომის შესახებ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს კანონით დადგენილი წესით ეცნობა და მას გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ სასამართლოსათვის არ უცნობია (ს.ფ. 303-305).

 

ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების პირობები არსებობდა: აპელანტმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე; საქმის მასალების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მთავარი სხდომის შესახებ შპს „თ---–------------------------–-----–----რს“ კანონით დადგენილი წესით ეცნობა; სასამართლოსათვის აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობი იყო.

 

საჩივრის საფუძვლები

 

საჩივრის ავტორის მითითებით, შპს „თ---–------------------------–-----–----რს“ არც 2018 წლის 13 ივნისს და არც შემდგომ პერიოდში უწყება არ მიუღია, შესაბამისად, მათთვის სხდომის გამართვის შესახებ უცნობი იყო. ორგანიზაციის წარმომადგენელი დ----- ტ-------ე, მისი სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე, ორგანიზაციაში მხოლოდ თვის ბოლოს იმყოფებოდა, შესაბამისად, 2018 წლის 13 ივნისს ვერანაირად მოახერხებდა უწყებაზე ხელის მოწერას.

 

დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 241-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233 (1) მუხლის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

 

პალატა განმარტავს, რომ ზემოხსენებული მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებების შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა, სასამართლოს უფლებამოსილებაა.

 

საგულისხმოა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი საპატიო მიზეზად უთითებს იმ გარემოებას, რომ მას სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და სასამართლო უწყება არ ჩაჰბარებია.

 

საჩივრის ავტორის აღნიშნულ განმარტებას სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომელიც ადგენს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ შემთხვევაში, თუ გამოუცხადებელი მხარე სასამართლო სხდომაზე ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით მოწვეული არ იყო. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი საჩივრის ავტორს აკისრია.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 11 ივნისს, სასამართლო უწყება შპს „თ---–------------------------–-----–----რს“ გაეგზავნა, მისამართად ქ. თბილისი, შ-------------ა არის მითითებული (ს.ფ. 304). ადრესატს უწყება 2018 წლის 13 ივნისს 11:12 საათზე ჩაბარდა, უწყებაზე ხელს დ----- ტ-------ე, ორგანიზაციის წარმომადგენელი (შ----------------–---------–-------–ი) აწერს.

 

2018 წლის 15 ნოემბერს გამართულ სხდომაზე საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ დ----- ტ-------ე სასამართლო უწყების ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს არ წარმოადგენდა, თუმცა აღნიშნულის დასადასტურებლად ვერცერთი მტკიცებულება გარდა მისი ახსნა-განმარტებისა ვერ წარმოადგინა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონის თანახმად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის პირველი წინადადება). ამ მიმართებით სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ დ----- ტ-------ეს მიმდინარე საქმეზე, როგორც პირველი ინსტანციის ასევე, სააპელაციო სასამართლოში, არაერთხელ ჰქონდა ჩაბარებული სასამართლო გზავნილი მაგალითად: 2017 წლის 25 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს წერილობითი კორესპონდენცია დ----- ტ-------ეს ჩაჰბარდა, უკუგზავნილზე დ----- ტ-------ე ორგანიზაციის წარმომადგენლადაა მოხსენიებული (ს.ფ. 130), ასევე 2018 წლის 17 აპრილს და 2018 წლის 08 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს წერილობითი კორესპონდენცია დ----- ტ-------ემ ჩაიბარა, ორივე უკუგზავნილში დ----- ტ-------ე ორგანიზაციის წარმომადგენლადაა მოხსენიებული (ს.ფ. 286, 294). უმნიშვნელოვანესია აღინიშნოს, რომ კორესპონდენციის ხსენებული პირის მიერ ჩაბარების შემდგომ მხარე (შპს „თ---–------------------------–-----–-------ს“) შესაბამის საპროცესო მოქმედებებს ახორციელებდა, მაგალითად, სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარების შემდგომ მან ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადის გაგრძელება მოითხოვა (ს.ფ. 287). ამასთანავე, თავად საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილ საჩივარში დ----- ტ-------ის უფლებამოსილება სადავოდ არაა გამხდარი, მხარე მხოლოდ უწყების ჩაბარების დღეს, დ----- ტ-------ის მისამართზე არყოფნას ასახელებდა, რაც მისი აზრით, უწყების ჩაბარებას შეუძლებელს ხდიდა. სასამართლო განმარტვას, რომ იმ პირობებში, როდესაც უწყების ჩაბარების შესახებ დოკუმენტის სინამდვილე კანონით დადგენილი წესით სადავოდ არაა გამხდარი სააპელაციო სასამართლო ამ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს და მხოლოდ საჩივრის ავტორის ზეპირ ახსნა-განმარტებას გადაწყვეტილებას ვერ დაუდებს საფუძველს, რადგან იგი საქმის შედეგით დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს, შესაბამისად მისი ახსნა-განმარტება სანდოობისა და ობიექტურობის ტესტს არ აკმაყოფილებს, რაც ახსნა-განმარტების, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით დადასტურებული ვერ იქნა, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარემ კანონმდებლობით დადგენილი მტკიცების ტვირთი ვერ დასძლია, რაც მისი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, განსახილველ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაკავებელი წინაპირობა არ არსებობს. ამდენად, სასამართლო ასკვნის, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე 387-ე, 233, 70-78-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს „თ---–------------------------–-----–-------ს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ალანია