განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.01.2019
საქმის ნომერი
820210018002264997
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
04.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820210018002264997

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-798-2018 4 დეკემბერი, 2018 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

აპელანტი - ქ------- ღ------------ე

წარმომადგენელი - ზ----------ე

მოწინააღმდეგე მხარე - რ---- ბ-----ე

წარმომადგენელი - ბ-----ი ბ-----ე

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ქ------- ღ------------ის სარჩელი რ---- ბ-----ის მიმართ არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2015 წლის 23 იანვრიდან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2015 წლის 10 მარტს დაბადებული ე-–--- ბ-----ე. 2.2. ქ------- ღ------------ე და რ---- ბ-----ე 2017 წლის მაისიდან ცხოვრობენ ცალ- ცალკე. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 მარტის გადაწყვეტილებით შეწყდა ქ------- ღ------------ესა და რ---- ბ-----ეს შორის 2015 წლის 23 იანვარს რეგისტრირებული ქორწინება, გადაწყდა ალიმენტისა და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხი, ქონებრივ დავაზე ცალკე წარმოებად გამოეყო მოცემული საქმე, მოსარჩელე ქ------- ღ------------ე შვილთან ერთად ცხოვრობს თავის მშობლების სახლში ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში. 2.3. რ---- ბ-----ის სახლიდან ქ------- ღ------------ის წასვლის შემდგომ, 2017 წლის 02 ივნისს რ---- ბ-----ის მიერ გადაცემული იქნა ქ------- ღ------------ეზე ოქროს ნივთები: ერთი წყვილი საყურე, ორი ცალი ბეჭედი. 2.3. მხარეები სადავოდ არ ხდიან ქ------- ღ------------ეზე ქორწინებისას სარჩელით მოთხოვნილი ნივთების ჩუქების ფაქტს, მხარეთა შორის სადავოა საკითხი აღნიშნული ნივთების მოპასუხის მფლობელობაში დარჩენაზე. მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ქ------- ღ------------ეზე ქორწინებისას ნაჩუქარი ოქროს ნივთები, ერთი ცალი ყელსაბამი მედალიონით, ერთი წყვილი ყურსაკიდი, ხელის სამაჯური და ერთი ცალი ბეჭედი ინახება მოპასუხე რ---- ბ-----ესთან და არ უბრუნებს მოსარჩელეს. (თვითონ მოსარჩელე სასამართლოს არცერთ სხდომაზე არ გამოცხადდა და მის განმარტება სასამართლოს არ მოუსმენია) მოპასუხე და მისი წარმომადგენელი საპირისპიროს ამტკიცებენ და განმარტავენ, რომ ყველა ოქროს ნივთი, რაც გააჩნდა ქ------- ღ------------ეს, წაღებული აქვს, ხოლო მის მიერ მოთხოვნილი ნივთები ჯერ კიდევ ქორწინებისა და ერთად ცხოვრების პერიოდში გაყიდული იქნა ოჯახში არსებული ფინანსური პრობლემების გამო და მოსარჩელის ოჯახში მოპასუხის არავითარი ოქროს ნივთი არ ინახება. მოსარჩელე მხარემ თავისი არგუმენტების დასამტკიცებლად წარმოადგინა 2017 წლის 02 ივნისს რ---- ბ-----ის საცხოვრებელ სახლში შედგენილი ნივთების დაბრუნების აქტი, რითაც დგინდება, რომ რ---- ბ-----ის მიერ გადაცემული იქნა ქ------- ღ------------ეზე ოქროს ნივთები: ერთი წყვილი საყურე, ორი ცალი ბეჭედი. აღნიშნულ ნივთებში არ არის რ---- ბ-----ის მიერ ნაჩუქარი ნივთები ერთი ცალი ყელსაბამი, ერთი წყვილი საყურე, რომელიც გაყიდა. ასევე სადავო გარემოების დადგენის მიზნით სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხული იქნენ მოწმეები: ა------------ე, ფ-------------ე და ც---–--------ე. მოწმე ა------------ემ განმარტა, რომ ქ------- ღოღობერიზე არის მის დის შვილი, ქორწინების დროს რ---- ბ-----ის ოჯახის წევრებმა ქ-------ს აჩუქეს ოქროს ნივთები ყელსაბამი მედალიონით, საყურეები, სამაჯური და ბეჭედი, სულ 3000 ლარის ღირებულების. როცა მეუღლეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა, ის მივიდა რ---- ბ-----ის სახლში ქ-------ის წამოსაყვანად, რა დროსაც რ----ის დედამ გამოიტანა ზარდახშა და აჩვენა ოქროს ნივთები და თქვა, რომ ეს ნივთები მჭირდება ჩემს შვლს ცოლი უნდა მოვუყვანოვო. ქ-------ი ნაჩუქარ ნივთებს ხშირად ატარებდა და რ---- ბ-----ის სახლიდან წამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, 5 მაისს ის რ---- ბ-----ესთან ერთად იმყოფებოდა ქ-------ის მამის დაბადების დღეზე და ეკეთა ნაჩუქარი ყველა ნივთი. მოწმე ფ-------------ემ განმარტა, რომ ქ------- ღ------------ე არის მისი შვილი, ქორწინების დროს მეუღლის მხარემ აჩუქა ოქროს ნივთები: ყელსაბამი მედალიონით, სამაჯური და ბეჭდები, რომლებსაც ქ-------ი მუდმივად ატარებდა, გასული წლის 5 მაისს ქ-------ი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა მამის დაბადების დღეზე, მას ეკეთა აღნიშნული ნივთები, ხოლო ორი თუ სამი დღის შემდეგ ის წამოვიდა რ---- ბ-----ის სახლიდან და ოქროს ნივთები არ წამოუღია. მოწმე ც---–--------ემ აჩვენა, რომ ქ------- ღ------------ეს ქმრის მხარემ აჩუქა ოქროს ნივთები ყურსაკიდები, ოქროს ცეპი, სამაჯური და ბეჭდები, რომლებიც ეკეთა 5 მაისს, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ როცა წამოვიდა ქმრის სახლიდან ეკეთა მხოლოდ ერთი ოქროს ბეჭედი. მოპასუხე მხარემ თავისი არგუმენტების დასადასტურებლად მიუთითა იმავე 2017 წლის 02 ივნისს რ---- ბ-----ის საცხოვრებელ სახლში შედგენილი ნივთების დაბრუნების აქტზე და განმარტა რომ ქ------- ღ------------ის სახლიდან წასვლის შემდგომ რ---- ბ-----ის ოჯახის წევრებმა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გადასცეს მათთან დარჩენილი ოქროს ნივთები - ერთი წყვილი საყურე და და ორი ცალი ბეჭედი, ასევე წაიღო ნიშნობის ბეჭედიც, რაც შეეხება ყელსაბამსა და ერთ წყვილ საყურეს, ოქმშივე აღინიშნა, რომ აღნიშნული ნივთები ქ------- ღ------------ემ გაყიდა. მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხული იქნენ მოწმეები- ა---------–-------ე და ნ-----–--------–--ე. ა---------–-------ემ განმარტა, რომ ოქროს ნივთები: ყელსაბამი და ოქროს საყურეები ქ------- ღ------------ემ და რ---- ბ-----ემ გაყიდეს დაახლოებით ორი წლის უკან რ---- ბ-----ის დედის ავადმყოფობის გამო, თვითონ წაიყვანა თავისი მანქანით ახლდა რ---- ბ-----ის ძმის ცოლიც, რომლის ოქროს საათიც გაყიდეს ამასთან ერთად, ნივთების გაყიდვაში დაეხმარა მისი ნათესავი, რომელიც თავის დროზე დაეხმარა ნივთების შეძენაში. მოწმე ნ-----–--------–--ემ აჩვენა, რომ არის რ---- ბ-----ის მეზობელი, მათ ოჯახს ჭირდებოდა ფული და აპირებდნენ ოქროს ნივთების გაყიდვას, ამიტომ შეუთანხმდა რომ ოქროს სამაჯურს თვითონ იყიდდა, ქ-------მა თავისი ხელით გამოუტანა და გადასცა ოქროს სამაჯური, თანხა 200 აშშ დოლარის ოდენობით რამდენიმე დღის შემდეგ გადასცა რ---- ბ-----ის მამას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხული მოწმეთა ჩვენებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული რომ სარჩელით მოთხოვნილი ოქროს ნივთები მოსარჩელესთან ინახება, მოწმე ა------------ემ აღნიშნულის დასადასტურებლად განმარტა, რომ რ---- ბ-----ის დედამ აჩვენა ზარდახშა ოქროს ნივთებით, (რასაც კატეგორიულად უარყოფს მოპასუხე მხარე) თუმცა ზუსტად ვერ ასახელებს რა ნივთები იყო, მართალია სამივე მოწმე აჩვენებს, რომ 5 მაისს, ქ------- ღ------------ის სახლიდან წამოსვლამდე ორი დღით ადრე ეკეთა აღნიშნული ოქროს ნივთები, რომლებსაც მუდმივად ატარებდა, თუმცა ვერ იქნა ახსნილი წამოსვლის დროს რატომ დატოვა ნივთები მოპასუხის სახლში. ამასთანავე წასვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ, დარჩენილი ოქროს ნივთების წამოღებისას არ განუცხადებია პრეტენზია სარჩელში აღნიშნულ ყველა ნივთზე, ოქმში ჩაიწერა, რომ აკლდა ორი ნივთი - ყელსაბამი და საყურე, რომელიც გაყიდა. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. 2.5. სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით. სასამართლო განმარტავს, რომ ქონება, რომელსაც ერთ-ერთი მეუღლე ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ შეიძენს, მიიჩნევა ორივე მეუღლის თანასაკუთრებად, მიუხედავად იმისა, თუ ვის სახელზე აღირიცხება საკუთრების უფლება. ამავდროულად, მნიშვნელობა არ აქვს შეძენილი ქონება უძრავია თუ მოძრავი და ექვემდებარება იგი სავალდებულო რეგისტრაციას თუ არა. ყველა შემთხვევაში, ქონებას, რომელსაც მხარეები თანაცხოვრების პერიოდში შეიძენენ, წარმოადგენს მათ საერთო საკუთრებას. ის ქონება კი რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს ქორწინებამდე ეკუთვნოდა ან ქორწინების განმავლობაში მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიიღო, ამ უკანასკნელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლი მეუღლეთა ინდივიდუალურ საკუთრებად მიიჩნევს. 2.6. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს ქორწინებამდე და ქორწინების პერიოდში ჩუქებით მიღებული ქონების დაბრუნება წარმოადგენდა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ნაჩუქარი ქონება, რომელიც მისი ინდივიდუალური საკუთრებაა, მოპასუხის უკანონო მფლობელობაშია და ამიტომ მათი დაბრუნება უნდა მოხდეს. შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელი თავისი ბუნებით ვინდიკაციური სარჩელია და მისი გადაწყვეტა იმ სამართლებრივი ნორმების საფუძველზე უნდა მოხდეს, რომელიც მესაკუთრეს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლებას ანიჭებს. 2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. 2.8. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ამასთან, მტკიცების საგანში შემავალი სამი ელემენტიდან (მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებობა ნივთზე; ამ ნივთების მოპასუხის მფლობელობაში ყოფნა; მოპასუხის მიერ ნივთების არამართლზომიერი ფლობა) პირველი ორის დადასტურების ვალდებულება მოსარჩელეს ეკისრება, ხოლო მესამე ელემენტზე მას მითითების ვალდებულება გააჩნია. 2.9. მოსარჩელე მხარემ ვერ წარადგინა რელევანტური მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სარჩელში მითითებული ნივთები მოსარჩელემ მოპასუხის სახლში დატოვა. მოწმეები მიუთითებენ რამდენიმე დღით ადრე ამ ნივთების ქ------- ღ------------ის ფლობაზე, აცხადებენ, რომ ქ------- ღ------------ე ნივთებს მუდმივად ატარებდა, თუმცა ვერ იქნა დადგენილი რა გარემოებებში, სად და ვისთან დატოვა სადავო ნივთები ქ------- ღ------------ემ. ვერცერთმა მოწმემ ვერ დაადასტურა, რომ მოთხოვნილი ნივთები რ---- ბ-----ის მფლობელობაშია. მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხულმა მოწმემ ქ------- ღ------------ის დეიდამ ა------------ემ აჩვენა, რომ სადავო ოქროს ნივთები ზარდახშით შენახული აქვს რ---- ბ-----ის დედას. შესაბამისად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებაც გამორიცხავს სადავო ნივთების რ---- ბ-----ის მფლობელობაში არსებობას. დასახელებული გარემოებები გამორიცხავენ ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა ქ------- ღ------------ემ: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. მოწმედ დაკითხულმა ა------------ემ მართალია განაცხადა, რ---- ბ-----ის დედამ მაჩვენა ოქროს ნივთებიო, თუმცა მას არ უთქვამს, რომ რ---- ბ-----ის მფლობელობაში არ არის ნივთებიო, რ---- ბ-----ე და დედამისი ერთ სახლში ცხოვრობენ, შესაბამისად რ---- ბ-----ის დედას შეეძლო ნებისმიერ დროს შესვლა შვილის ოთახში და ოქროს ნივთების გამოტანა, რაც არ ნიშნავს, რომ რ----ის დედის მფლობელობაშია ოქროს ნივთები. მაშინ როდესაც ქ------- ღ------------ე და რ---- ბ-----ე ცხოვრობდნენ ერთად, ერთ ოთახში და ქ-------ის წამოსვლისას ოქროს ნივთები ინახებოდა რ---- ბ-----ის ოთახში სადაც თანაცხოვრების პერიოდში ისინი ერთად ცხოვრობდნენ, რადგან რ----ის დედამ აჩვენა ნივთები არ ნიშნავს რომ სარჩელი რ----ის დედის მისამართით უნდა ყოფილიყო შეტანილი. 3.2. მოპასუხე მხარე ადასტურებს, რომ თანაცხოვრების პერიოდში გაყიდეს თითქოსდა ოქროს ნივთები 1 წლის უკან, თუმცა მოწმეები მეზობელი ც---–--------ე ადასტურებს, რომ ვიდრე ქ-------ი წამოვიდოდა რ---- ბ-----ისაგან რამდენიმე დღით ადრე რ---- ბ-----ე და წეტევან ღ------------ე იმყოფებოდნენ ქ-------ის მამის დაბადების დღეზე 5 მაისს ქ-------ის სახლში, სადაც ქ-------ს ეკეთა ოქროს ნივთები, შესაბამისად ვერანაირად ვერ იქნება გაყიდული და ეს არის ტყუილი, რადგან მეზობელმა დაინახა და თუ 1 წლის უკან იყო გაყიდული მაშინ ქ-------ს არ ექნებოდა ოქროს სამკაულები მამის დაბადების დღეზე. 3.3. რ---- ბ-----ის მიერ წარმოდგენილი მოწმის ა---------–-------ის ჩვენებით, ოქროს ნივთები გაყიდეს დაახლოებით 2 წლის უკან, ხოლო რ---- ბ-----ე აცხადებს 1 წლის უკან გაყიდა ნივთები, გარდა აღნიშნულისა ა---------–-------ის ჩვენებით ის თითქოსდა ყიდვისას და გაყიდვის დროსაც ახლდა რ---- ბ-----ეს და ქ------- ღ------------ეს, თუმცა რ---- ბ-----ე აცხადებს, რომ როდესაც ოქროს ნივთები მან იყიდა ქორწილამდე ქ------- ღ------------ისათვის საჩუქრად გადასაცემად, ქ-------ი მაშინ არ იყო, ხოლო ა---------–-------ე საპირისპიროს ადასტურებს, რომ ქ-------ი მაშინ იყო და თავადაც ახლდა, აშკარაა რომ მოწმე ცრუობს და არ არსებულ ფაქტს ადასტურებს. 3.4. ოქროს ნივთების მიღება-ჩაბარების აქტის 02.06.2017 წ. მიხედვით, რ---- ბ-----ის მიერ გადმოცემული იქნა 1 წყვილი ყურსაკიდი და 2 ცალი ბეჭედი, აღნიშნულ ნივთებში არ იყო რ---- ბ-----ის მიერ ნაჩუქარი ნივთები 1 ცალი ყელსაბამი, 1 წყვილი საყურე, რომელზეც თვითონ აღნიშნა, რომ გაყიდა და სწორედ ხსენებული ოქმით დასტურდება რ---- ბ-----ის მიერ ნივთების გაყიდვის ფაქტი და არა ქ------- ღ------------ის თანაცხოვრების დროს გაყიდვა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ ქ------- ღ------------ე (აპელანტი - მოსარჩელე) და რ---- ბ-----ე (მოპასუხე) დაქორწინდნენ 2015 წლის 23 იანვარს. 4.2. ქორწინების პერიოდში მოპასუხემ აპელანტს აჩუქა ძვირფასი სამკაულები, მათ შორის: ყელსაბამი მედალიონით, საყურე, სამაჯური და ბეჭედი. 4.3. ამჟამად მხარეთა შორის ქორწინება შეწყვეტილია. 4.4. 2017 წლის 2 ივნისს მოპასუხემ აპელანტს ნივთების ნაწილი - ერთ-ერთი საყურე და ორი ცალი ბეჭედი დაუბრუნა. 4.5. ყელსაბამი და სადავო საყურე მოპასუხეს აპელანტისათვის არ დაუბრუნებია. მიღება-ჩაბარების აქტში მან აღნიშნა, რომ ისინი „გაყიდა“. სამართლებრივი დასაბუთება 4.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.6.1. პალატას მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სავსებით მართებულად განმარტა, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე, სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა. 4.7. პალატის აზრით, ის, რომ სადავო ნივთები მოპასუხის მფლობელობაში იყო, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა. 4.7.1. პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ამას თავად მოპასუხე უარყოფს. 4.7.2. იგი არ მტკიცდება რაიონული სასამართლოს სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებითაც. 4.7.3. მოსარჩელის ინიციატივით დაკითხულ არც-ერთ მოწმეს უთქვამს, რომ სადავო ნივთებს მოპასუხე ფლობდა. 4.7.4. მოპასუხის ინიციატივით დაკითხულმა მოწმეებმა კი განმარტეს, რომ ეს ნივთები მოპასუხემ, ჯერ კიდევ, მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში გაასხვისა. 4.8. ნივთების „გაყიდვის“ ფაქტი ასახულია მიღება-ჩაბარების აქტშიც (ს.ფ. 55). 4.9. ამრიგად, რაიონულმა სასამართლომ სავსებით სწორად არ გამოითხოვა მოპასუხის მფლობელობიდან ის ნივთები, რომლებსაც იგი არ ფლობდა. 4.9.1. სხვა სახის მოთხოვნა აპელანტს არ აღუძრავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მიხედვით, კი სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. 4.10. აღსანიშნავია ისიც, რომ სასამართლოს შეთავაზების მიუხედავად, აპელანტმა სადავო ნივთების ზუსტი იდენტიფიკაცია ვერ მოახდინა. 4.10.1. ინდივიდუალურად განსაზღვრული, ოღონდ არაიდენტიფიცირებული ნივთების გამოთხოვის თაობაზე გადაწყვეტილებას კი სასამართლო ვერც გამოიტანდა. 4.11. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დაადგინა

 

1. ქ------- ღ------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე