განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 130210117002173321
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/2567-18 14 დეკემბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე – თამარ ალანია
მოსამართლეები – ვანო წიკლაური, ქეთევან მესხიშვილი
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
საჩივრის ავტორი - ი-–-- კ------ე
წარმომადგენელი - ზ------ა ბ------ე
მოწინააღმდეგე მხარე - ქ------- ძ---–--–---–ი
წარმომადგენელი - მ--- გ------–--ე
დავის საგანი - დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარის სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და ქ------- ძ---–--–---–ის სააპელაციო საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, საქმეთა განხილვა სააპელაციო სასამართლოებში წარმოებს პირველი ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი წესების შესაბამისად, თუ სპეციალური ნორმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში წარმოების მარეგულირებელი სპეციალური ნორმები არ განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელ გარემოებებს, ამიტომ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ:
ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის;
გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ;
დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
მოცემულ შემთხვევაში, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 10 ოქტომბერს ი-–-- კ------ემ წერილობით შედგენილი ხელწერილით 15 000 აშშ დოლარის მიღების ფაქტი აღიარა. სასამართლოს აზრით, აპელანტის მიერ მითითებული და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 341-ე და 361-ე მუხლების შესაბამისად იურიდიულად ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე.
რაც შეეხება, პროცესუალურ მხარეს, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მაისის განჩინებით ქ------- ძ---–--–---–ის სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით მთავარი სხდომა 2018 წლის 12 ივლისს 11:00 საათზე დაინიშნა (ს.ფ. 191-192).
2018 წლის 29 მაისს ი-–-- კ------ეს უწყება სხდომის დანიშვნის შესახებ და სააპელაციო საჩივრის ასლი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გაეგზავნა თუმცა, ადრესატისათვის კორესპონდენციის ჩაბარება ვერ მოხერხდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2018 წლის 2 ივლისს და 3 ივლისს ადრესატს უწყება საქმეში არსებულ მისამართებზე სხდომის დანიშვნის შესახებ და სააპელაციო საჩივრის ასლი განმეორებით გაეგზავნა (ს.ფ. 198-201).
საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ ხელწერილით დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარეს (ი-–-- კ------ეს) 2018 წლის 12 ივლისს 11:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე კანონით დადგენილი წესით ეცნობა. კერძოდ, სასამართლო უწყება, ი-–-- კ------ის ოჯახის სრულწლოვან წევრს მამას - ა-–---ი კ------ეს 2018 წლის 7 ივლისს ჩაბარდა (ს.ფ. 203).
მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ სააპელაციო სასამართლოსათვის არ უცნობებია. სასამართლო სხდომაზე, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2018 წლის 12 ივლისს 11:19:37 საათზე გაიმართა, აპელანტის წარმომადგენელმა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე იშუამდგომლა.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების პირობები არსებობდა: აპელანტმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე; საქმის მასალების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მთავარი სხდომის შესახებ ი-–-- კ------ეს კანონით დადგენილი წესით ეცნობა; სასამართლოსათვის აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობი იყო.
საჩივრის საფუძვლები
2018 წლის 25 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ი-–-- კ------ის წარმომადგენელმა ზ------ა ბ------ემ, საჩივარი წარადგინა. საჩივრის ავტორის მითითებით, ი-–-- კ------ე იმ პერიოდში, როდესაც სააპელაციო სასამართლომ შესაგებლის წარდგენის ვადა განსაზღვრა და სხდომა გაიმართა, საბერძნეთში იმყოფებოდა, მისმა ხანდაზმულმა მამამ კი, რომელთანაც მას კავშირი არ აქვს, დავის შესახებ არაფერი იცოდა, ამიტომ, პროცესის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია არ შეიძლება მოპასუხე მხარისთვის ჩაბარებულად ჩაითვალოს.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 241-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233 (1) მუხლის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
პალატა განმარტავს, რომ ზემოხსენებული მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებების შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა, სასამართლოს უფლებამოსილებაა.
საგულისხმოა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი საპატიო მიზეზად უთითებს იმ გარემოებას, რომ მას სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა ვინაიდან იმ პერიოდში საბერძნეთში იმყოფებოდა, ხანდაზმულ მამასთან კი არანაირი კონტაქტი არ აქვს.
საჩივრის ავტორის აღნიშნულ განმარტებას სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომელიც ადგენს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ შემთხვევაში, თუ გამოუცხადებელი მხარე სასამართლო სხდომაზე ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით მოწვეული არ იყო. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი საჩივრის ავტორს აკისრია.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 12 ივლისს 11:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე კანონით დადგენილი წესით, სასამართლო უწყება, ი-–-- კ------ის ოჯახის სრულწლოვან წევრს მამას - ა-–---ი კ------ეს 2018 წლის 7 ივლისს ჩაბარდა (ს.ფ. 203).
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მხარისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების წესს, კერძოდ, საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის მიხედვით კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.
დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტები შეიძლება ჩაბარდეს მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს. აღნიშნული დასაშვებია, როდესაც ადრესატი სასამართლო გზავნილის მიტანის მომენტში მის მიერ მითითებულ მისამართზე არ იმყოფება. ასეთ შემთხვევაში, მხარის ნაცვლად, სასამართლო გზავნილის მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრისათვის ჩაბარება საპროცესო დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორს მამის მიერ საპროცესო დოკუმენტების ჩაბარების ფაქტი სადავოდ არ გაუხდია, მან განაცხადა, რომ ხანდაზმულმა მამამ საქმის გარემოებების შესახებ არ იცოდა და ამასთანავე, მათ ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი, შესაბამისად ი-–-- კ------ის მამის მიერ საპროცესო დოკუმენტების შესახებ მისთვის ინფორმაციის გადაცემის მნიშვნელობის არცოდნის შესახებ არგუმენტი გაზიარებული ვერ იქნება. ასევე ვერ იქნება გაზიარებული აპელირება მასზედ, რომ ი-–-- კ------ე თავად ამ დროს საბერძნეთში იმყოფებოდა. პალატა მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის ერთ-ერთი დანიშნულება არაკეთილსინდისიერი მხარის მიერ უწყების ჩაუბარებლობის მინიმუმამდე დაყვანაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი პირი, რომელიც სამოქალაქო ვალდებულების შესრულებას თავს აარიდებდა და უცხოეთში წავიდოდა, მის წინააღმდეგ სასამართლოში საქმისწარმოების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა, რაც უდავოდ გამოიწვევს დაინტერესებული პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ ი-–-- კ------ესთვის სასამართლოში საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობი არ იყო, პირველი ინსტანციის სასამართლოში სასამართლო სხდომაზე იგი პირადად იყო გამოცხადებული, ასევე, მას ჩაბარდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაც და მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა.
პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით დადასტურებული ვერ იქნა, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარემ კანონმდებლობით დადგენილი მტკიცების ტვირთი ვერ დასძლია, რაც მისი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. ამდენად, მოპასუხისთვის გაგზავნილი დოკუმენტები ადრესატისათვის ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს მიუხედავად იმისა, რომ ისინი ი-–-- კ------ეს ჩაბარდა არა პირადად, არამედ მის ოჯახის სრულწლოვანი წევრის მეშვეობით.
საქმეზე 2018 წლის 23 ოქტომბერს, ი-–-- კ------ის მიერ სს „ლ--------------ს“ მეშვეობით, საგადახდო დავალება N1-------, ბანკის კოდი T------- გადახდილი ბაჟი 50 ლარის ოდენობით, ი-–-- კ------ეს უნდა დაუბრუნდეს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, განსახილველ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაკავებელი წინაპირობა არ არსებობს. ამდენად, სასამართლო ასკვნის, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე 387-ე, 233, 70-78-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი-–-- კ------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
3. ი-–-- კ------ეს მის მიერ გადახდილი 50 ლარი უკან დაუბრუნდეს;
4. განჩინება დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე თამარ ალანია
მოსამართლეები ვანო წიკლაური
ქეთევან მესხიშვილი