განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.11.2018
საქმის ნომერი
010210018001796366
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210018001796366

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე № 2\ბ- 1010

29 ნოემბერი 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე, ირმა პერანიძე

 

სხდომის მდივანი: მირანდა ირემაძე

 

აპელანტი (იმავდროულად მოწინააღმდეგე მხარე): ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი: თ-----------ე

მოწინააღმდეგე მხარე (იმავდროულად აპელანტი): ა---------------ე

წარმომადგენელი: ა-----------–--ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება.

 

აპელანტის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

აპელანტის ა---------------ის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა, მოპასუხე მხარედ ა---------------ე მიუთითა და მოპასუხისათვის თანხის 11 886.31 აშშ დოლარისა და 33.93 ლარის დაკისრება ითხოვა;

მოსარჩელის განმარტებით: 2----–-–------------, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ჩატარებული იქნა აუქციონი. აუქციონის შედეგად ა---------------ეს საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება, მდებარე ქ--------–---–-------------–---- ქ. №---ს და №---ს შორის მდებარე 3024 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 2-----------), რომელზედაც მას უნდა განეხორციელებინა 100 000 აშშ დოლარის ინვესტიცია 3-5 წლის მანძილზე. ა---------------ეს ასევე ევალებოდა ტერიტორიაზე არსებული სატრანსფორმატორო ქვესადგურის, ე------------------------სთან შეთანხმებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მითითებულ ადგილას - საკუთრი ხარჯებით გადატანა. ხელშეკრულებით მითითებულ ვადებში, ა---------------ემ ვერ მოახერხა 100 000 აშშ დოლარის ინვესტიციის სრულად განხორციელება.

განიხილეს რა ა---------------ის განცხადება 2014 წლის 25 მარტს, ა---------------ემ განცხადებით მიმართა გამგეობას და ითხოვა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება 2 წლით, ანუ 2016 წლის 26 ივნისამდე.

2----–-–------------ შეთანხემბით, შევიდა ცვლილება მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში და ა---------------ეს ხელშეკრულების მოქმედების და ინვესტიციის განხორციელების ვადა გადაუვადდა 2015 წლის 26 ივნისამდე.

2015 წლის 26 ივნისის მ-----–----------სა და 2015 წლის 29 დეკემბრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ა---------------ის მიერ, განხორციელებულმა ინვესტიციამ შეადგინა - 49 422.56 აშშ დოლარი, ხოლო განსახორციელებელი დარჩა ინვესტიცია - 50 577.44 აშშ დოლარის ოდენობით. 2009 წლის 26 ივნისის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მე-11 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, ა---------------ეს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა დარჩენილი ინვესტიციის 0.1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლოს ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 26 ივნისიდან და მისმა ოდენობამ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგინა 50.58 აშშ დოლარი.

მოსარჩელის განმარტებით, ა---------------ეს, საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა 235 ვადაგადაცილებულ დღეზე 11 886.31 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელემ აღნიშნული თანხის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ აუქციონის შედეგად გადაეცა ქ. ქ------–---–- თ---------–---- ქ. №-- და №---ს შორის მდებარე 3024 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 2-----------), რომელზეც 3-5 წლის ვადაში უნდა განეხორციელებინა 100 000 აშშ დოლარის ინვესტიცია, მაგრამ ინვესტიციის განხორციელებაში ხელი შეუშალა მიწის ნაკვეთზე განთავსებულმა სატრანსფორმატორო ქვესადგურმა. აღნიშნული ქვესადგურის გადატანა უნდა მომხდარიყო მოსარჩელის მიერ მითითებულ ადგილას. მიუხედავად ა---------------ის არაერთგზის მოთხოვნისა, მოსარჩელემ ტრანსფორმატორის განთავსებისთვის სხვა ადგილი არ გამოუყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ინვესტიციის განხორციელება შეფერხდა გამგეობის ბრალით. მიუთითა იმაზეც, რომ სარჩელის საფუძვლიანობის შემთხვევაშიც კი (რასაც, რა თქმა უნდა, არ ეთანხმება) პირგასამტეხლოს ოდენობა ძალიან მაღალია, ის არ შეესაბამება გონივრულ გაანგარიშებას და იგი უნდა შემცირდეს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ა---------------ეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა 2377.26 აშშ დოლარის და 33.93 ლარის გადახდა. ა---------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 173.30 ლარის ოდენობით.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2----–-–------------ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ჩატარებული იქნა აუქციონი, რომლითაც გასხვისებული იქნა ქ. ქ------–---–- თ---------–---- ქ. №---ს და №---ს შორის მდებარე 3024 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 2-----------).

აუქციონის შედეგად უძარავი ქონება გადაეცა ა---------------ეს, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გადაცემიდან 3-5 წლის განმავლობაში, უნდა განეხორციელებინა არანაკლებ 100 000 აშშ დოლარის ინვესტიცია. მას ასევე ევალებოდა შეძენილ მიწის ნაკვეთზე არსებული სატრანსფორმატორო ქვესადგურის სს ,,ე------------------------სთან“ შეთანხმებით, საკუთარი ხარჯებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მითითებულ ადგილას გადატანა.

აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, კერძოდ საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდა დარჩენილი ინვესტიციის 0.1%-ის ოდენობით. ამავე ოქმით სხვა სააუქციონო პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდა 33.99 ლარის ოდენობით.

ინვესტიციის განხორციელების ბოლო თარიღი იყო 2014 წლის 26 ივნისი. ა---------------ემ შეთანხმებულ ვადაში ვერ მოახერხა 100 000 აშშ დოლარი ინვესტიციის სრულად განხორციელება.

2----–-–------------ ცვლილება შევიდა 2009 წლის 26 ივნისის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებლ ოქმში და ა---------------ეს ხელშკრულების მოქმედების და ინვესტიციის განხორციელების ვადა გადუვადდა 2015 წლის 26 ივნისამდე.

ინვესტიციის განხორციელებისათვის ერთ ერთი აუცილებელი წინაპირობა იყო ქ. ქ------–---–- თ---------–---- ქ. №---ს და №---ს შორის მდებარე 3024 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთში განთავსებული ტრანსფორმატორის სხვა ადგილას გადატანა. ადგილის გამოყოფა მოსარჩელის ვალდებულება იყო. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ტრანფორმატორის გადასატანად ადგილი გამოყო 2015 წლის 06 იანვარს, თუმცა მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის ნაწილში იყო გარკვეული უზუსტობები, რაც გამოსწორებული იქნა 2015 წლის 15 მარტს.

მოპასუხის მიერ მომზადებული დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნით (ს.ფ.25-27) და ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ. 30-34) დადგენილი იქნა, რომ 2015 წლის 26 ივნისის და 22 დეკემბრის მდგომარეობით მოპასუხემ ვალდებულების მხოლოდ ნაწილი შეასრულა.

მას განსახორციელებელი დარჩა 50 577.44 აშშ დოლარის ინვესტიცია. 100 000 აშშ დოლარის ინვესტიციის ვალდებულება შესრულდა მხოლოდ 2017 წლის 01 ივნისს.

სასამართლოს მითითებით: ფაქტობრივად მოპასუხეს ხელშეკრულების შესრულების ხელშემშლელი გარემოება აღარ ჰქონდა 2015 წლის 15 მარტიდან. მიუხედავად ამისა მოპასუხემ ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში ვალდებულება ვერ შეასრულა და 100 000 აშშ დოლარის ინვესტიცია ვერ განახორციელა.

სასამართლოს მითითებით: სავსებით შესაძლებელი იყო მოპასუხეს 2015 წლის 6 იანვრამდე რეალურად გართულებოდა 100 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება. ამის მიზეზი იქნებოდა ტრანსფორმატორით გამოწვეული ხელშეშლა. თუმცა 2015 წლის 6 იანვრიდან ნაწილობრივ, ხოლო 15 მარტიდან მოპასუხე სრულად გათავისუფლდა ამ შეზღუდვისაგან. მისი ვალდებულება იყო 2015 წლის 26 ივნისამდე დაესრულებინა ინვესტიციის განხორციელება. მას ინვესტიციის განხორციელება უნდა დაეწყო 2----–-–------------ და იმ კონდიციამდე განეხორციელებინა რის საშუალებასაც მისცემდა ტრანსფორმატორი. მისი გადატანის შემდეგ კი სრულად დაებანდებინა შეთანხმებული ინვესტიცია. თუ ის ვერ ახერხებდა ინვესტიციის განხრციელებას, მაშინ სათანადო დასაბუთებით უნდა მიემართა ინვესტიციის განხორციელების ვადის გაგრძელებაზე. მან ნაცვლად ვადის გაგრძელებისა, მოსარჩელეს მოსთხოვა ინვესტიციის განხორციელებულად აღიარება, რაც მოსარჩელემ არ განახორციელა.

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია ტრანსფორმატორით ხელშეშლასთან დაკავშირებით და ვალდებულების შეუსრულებლობის პერიოდად 235 დღე მიუთითა.

სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 319-ე, 417-420-ე მუხლებზე მიუთითა და განმარტა, რომ მოპასუხემ ჯეროვნად არ შეასრულა ხელშეკრულების 6-ე მუხლის ,,ბ”, ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება. ამ ვალდებულებათა შეუსრულებლობა წარმოშობს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას იმ წესის მიხედვით, რა წესითაც პირგასამტეხლოს გაანგარიშებაზე მხარეები შეთანხმდენ ხელშეკრულებით. ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით საქმეზე გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 11 886,31 აშშ დოლარს და 33.93 ლარს. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

პირგასამატეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს გადასახადისაგან თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არ არის კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. კანონმა სასამართლოს მიანიჭა უფლება კონკრეტული გარემოებების გათვალისწინების შედეგად შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს გაანგარიშებული ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული და მისი ოდენობა 0.1 %-დან შეამცირა 0.02 %-მდე, შესაბამისად, მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 11 886.31 აშშ დოლარისა, დაეკისრა 2377.26 აშშ დოლარისა და 33 .99 ლარის გადახდა.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ისე ა---------------ის მიერ.

აპელანტმა ა---------------ემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.

აპელანტის განმარტებით: სასამართლოს მსჯელობა ნაწილობრივ დაუსაბუთებელია. პირველ რიგში, ინვესტიციის განხორციელების ბოლო თარიღი არ იყო 2014 წლის 26 ივნისი. მოცემული ვადა 2014 წლის 02 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე ჯერ გახანგრძლივდა 2015 წლის 26 ივნისამდე. ამის შემდეგ, კი ვადა გახანგრძლივდა 2017 წლის 01 ივლისამდე.

ამასთან, ინვესტიციის შეუსრულებლობა იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პასუხისმგებლობა, რადგან ადმინისტრაციულმა ორგანომ არ მოახდინა მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება და გადასატანი ელექტრო ტრანსფორმატორისთვის ადგილის გამოყოფა. ამის გამო, ინვესტიციის განხორციელება შეჩერებული იყო თითქმის 5 წლით.

სასამართლო მიუთითებს, რომ 2015 წლის 06 იანვარს მოხდა ადგილის გამოყოფა ტრანსფორმატორისთვის, ხოლო შემდეგ საკადასტრო კოდის ნაწილში არსებული უზუსტობა გამოსწორდა 2015 წლის 15 მარტს. მერიამ, ბოლოს ორ თვიანი მიმოწერის შემდეგ 2015 წლის მარტში მოახერხა ტრანსფორმატორისთვის ადგილის გამოყოფა, მაშინ როდესაც ეს ვალდებულება ჯერ კიდევ 2009 წელს უნდა განხორციელებულიყო. სასამართლომ მოცემულ საკითხს არ მისცა სათანადო შეფასება.

სასამართლო არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს გარკვეულ ფაქტებს. კერძოდ, 2016 წლის 16 თებერვალს ხელმოწერილი იქნა შეთანხმება, რომელმაც ცვლილება შეიტანა 2009 წლის 26 ივნისის აუქციონის პირობებში. კერძოდ, 2016 წლის 16 თებერვლის შეთანხმებაში ცალსახად წერია, რომ იცვლებოდა აუქციონის ოქმის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი. შესაბამისად, მხარეებმა ორმხრივი ნების გამოვლენით შეცვალეს ხელშეკრულების მუხლი იმ ნაწილში, რომელიც ითვალისწინებდა ვადას.

სასამართლო სრულიად დაუსაბუთებლად აპელირებს იმაზე, რომ ხელშეკრულების შესრულების მტკიცების ტვირთი არის მოპასუხე მხარეზე. საქმის მოსამზადებელ ეტაპზე, ა---------------ის შესაგებელში წარმოდგენილ იქნა დამატებითი ფაქტობრივი გარემოებები. მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია არ შედავებია მოსამზადებელ ეტაპზე, შესაბამისად, ამ ნაწილში მითითებული გარემოებები ითვლება დამტკიცებულად. შესაგებლის დამატებით ფაქტობრივ გარემოებებში მხარე უთითებდა, რომ მოპასუხეს ხელი შეეშალა ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებაში მოსარჩელის ბრალით და ზერელე მოქმედებებით. მიზეზი ვალდებულების შეუსრულებლობისა იყო მუნიციპალიტეტის მიერ სატრანსფორმატორო ქვესადგურისათვის სათანადო ადგილის დროულად გამოყოფაზე უარის თქმა. მოპასუხემ არაერთხელ როგორ წერილობითი ასევე ზეპირი ფორმით მიმართა გამგეობას და ითხოვა შესაბამისი ტერიტორიის გამოყოფა, თუმცა, რამდენიმე წლის განმავლობაში იღებდა ინფორმაციას, რომ მუნიციპალიტეტი აგვარებდა ტერიტორიის მოძიებისა და შემდგომ მისი გადმოცემის პროცედურას.

ტრანსფორმატორი მდებარეობდა მიწის ნაკვეთის შუაში, მასზე დაერთებული იყო მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზები, რომლებიც ელექტროენერგიას აწვდიდა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას და ობიექტებს. იმისათვის, რომ მოპასუხეს ეწარმოებინა სამშენებლო სამუშაოები ან ნებისმიერი ქმედება, აუცილებელი იყო ტრანფორმატორისა და ელექტრო გადამცემი ხაზების გადატანა.

ქვესადგურის გადასატანი ტერიტორიის გამოყოფის შემდგომ მოპასუხეს რეალურად ჰქონდა სულ რაღაც 3 თვე (ნაცვლად ხელშეკრულებაში მითითებული 5 წლისა) 100,000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებისათვის, ხოლო აღნიშნულ თანხაში არ ითვლებოდა უშუალოდ ქვესადგურის გადატანის ხარჯები.

სასამართლო არასწორად მიუთითებს და განმარტავს, რომ ა---------------ე ვალდებული იყო დაეწყო სამუშაოები ტრანსფორმატორის არსებობის პირობებშიც და მიეყვანა იმ კონდიციამდე, რის შესაძლებლობასაც ტერიტორია იძლეოდა. სასამართლომ არ შეაფასა შესაგებელზე თანდართული ნახაზი, რომელიც პირდაპირ აჩვენებდა, რომ ტრანსფორმატორი მდებარეობდა მიწის ნაკვეთის შუაში. ამასთან, წარდგენილი იქნა ფოტომასალა, რომელიც ადასტურებდა, რომ მთელი მიწა დაქსელილი იყო ელექტრო-გადამცემი ხაზებით (ელექტრო-ენერგიის მიწოდება მიმდებარე ტერიტორიაზე ხდებოდა სწორედ ამ ტრანსფორმატორიდან). ამ პირობებში, ნებისმიერ სახის ტექნიკის შეყვანა ობიექტზე ტექნიკურად და ფიზიკურად შეუძლებელი იყო.

ამასთან, არასწორია სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ ა---------------ეს სათანადო დასაბუთებით უნდა მიემართა ქობულეთის მერიისთვის, რათა მას გაეხანგრძლივებინა ინვესტიციის განხორციელების ვადა. ა---------------ეს ასეთი ვალდებულება არ გააჩნდა 2015 წლის ივნისამდე.

სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ წინამდებარე დავაში არაკეთილსინდისიერი მხარე იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია. სწორედ ქობულეთის მუნიციპალიტეტს ევალებოდა 2009 წლის ოქმის საფუძველზე მიეთითებინა ტრანსფორმატორის გადატანის ადგილი. ქობულეთის მერიამ 6 წლის დაგვიანებით არაერთი წერილის და თხოვნის შედეგად გამოყო ადგილი, სადაც ტრანსფორმატორი უნდა გადატანილიყო. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ 2016 წლის 16 თებერვალს ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ინვესტიციის ვადის გაგრძელების შესახებ, რითაც აღიარა რომ 2015 წლის მარტიდან 3 თვეში მშენებლობის დასრულება შეუძლებელი იქნებოდა. სწორედ მერიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის 2017 წლის ივნისამდე გახანგრძლივების მიუხედავად, სრულიად არაკეთილსინდისიერად აღძრა სარჩელი და მოითხოვა გაუგებარი ჯარიმების დაკისრება ა---------------ეზე. ამ პირობებში, სასამართლო მაინც ა---------------ეს ადანაშაულებს, რომ მან არ შეასრულა 2015 წლის 26 ივნისამდე საინვესტიციო ვალდებულება სრულად და ბოლო 3 თვის განმავლობაში ვერ მოასწრო ინვესტიციის ჩადება, რომელიც 5-6 წლის განმავლობაში ეტაპობრივად უნდა განხორციელებულიყო.

აპელანტის ა---------------ის განმარტებით: სასამართლომ საერთოდ არასწორად გაიაზრა წინამდებარე დავაში მხარეთა ურთიერთობის დინამიკა, შეგნებულად იგნორირება გაუკეთა იმას, რომ წლების განმავლობაში სწორედ ა---------------ე მოითხოვდა ტრანსფორმატორის გადატანას და ეს თხოვნა მხოლოდ მე-6 წელს იქნა დაკმაყოფილებული. შესაბამისად, აბსურდულია სასამართლოს განმარტება, რომ თითქოსდა ა---------------ემ დაარღვია ხელშეკრულება და შესრულების ვადა გადააცილა 235 დღით, განსაკუთრებით იმ პირობებში როდესაც მერიამ თავად მოაწერა ხელი ინვესტიციის შესრულების ვადის გახანგრძლივების ხელშეკრულებას 2016 წლის 16 თებერვალს.

სასამართლომ არ მიუთითა გადაწყვეტილებაში იმ წერილებზე, რომლებიც ა---------------ემ გააგზავნა ქობულეთის მერიაში. ა---------------ე წლების განმავლობაში ითხოვდა ტრანსფორმატორისათვის ადგილის გამოყოფას, რათა შეძლებოდა საინვესტიციო ვალდებულების შესრულების დაწყება. ამ წერილებს არავითარი შედეგი არ მოჰყოლია მერიის არაკეთილსინდისიერი და ზერელე დამოკიდებულების გამო. კორესპონდენცია არსებობს 2011 წლისთვის, 2012 წლისთვის, 2013 წლისთვის და 2014 წლისთვის.

სასამართლომ სრულიად გაუგებრად დააკისრა ა---------------ეს მეორე სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული 33.93 ლარის გადახდა.

ამგვარ გარემოებებზე მითითებით ა---------------ემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა;

 

აპელანტმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება ითხოვა;

აპელანტის განმარტებით: ბათუმის საქალაქო სასამართლომ კანონდარღვევით შეამცირა მოპასუხე მხარისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა, რადგან პირგასამტეხლოს აღნიშნული ოდენობა განსაზღვრული იყო არა მარტო საოქმო (სააუქციონო) პირობებით, არამედ აღნიშნული სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით, კერძოდ ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის მოქმედი, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 20 სექტემბრის N1-1/1417 ბრძანების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით. რომელიც ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%-ის ოდენობით ხელშეკრულების დარღვევის დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული სამართლებრივი ნორმისა და ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა მოპასუხე ა---------------ისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობის გაანგარიშება, რომელმაც შეადგინა 11 886.31 აშშ დოლარი. და ამ ოდენობის პირგასამტეხლო უნდა დაეკისრებია სასამართლოს მოპასუხისათვის.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება ითხოვა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მხარეთა წარმომადგენელთა ახსნა განმარტებებს და თვლის, რომ ა---------------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი ა---------------ის წინააღმდეგ - პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით - არ უნდა დაკმაყოფილდეს;

ამგვარ გადაწყვეტილებამდე პალატა შემდეგ გარემოებათა გამო მივიდა:

ს.ფ.15-ზე განთავსებულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისათვის შექმნილი მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, 2----–-–------------თ დათარიღებული, რომლის თანახმადაც ა---------------ე გამოცხადდა აუქციონში გამარჯვებულად და მას გადაეცა ქ. ქ------–---–- თ---------–---- ქ. N---სა და N---ს შორის მდებარე 3024 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

მითითებული დოკუმენტის თანახმად, დადგენილია, რომ აუქციონში გამოვლენილ გამარჯვებულს, ა---------------ეს, საკუთრების უფლების გადაცემიდან 3-5 წლის განმავლობაში აღნიშნულ ტერიტორიაზე უნდა განეხორცილებინა ინვესტიცია 100 000 აშშ დოლარის ოდენობით.

ოქმის „ზ“ პუნქტის თანახმად (ს.ფ. 18), დადგინდა, რომ განსაკარგავ ტერიტორიაზე არსებული სატრანსფორმატორო ქვესადგურის გადატანა განხორციელდეს ე------------------------საგან შეთანხმებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ მითითებულ ადგილზე გამარჯვებული პირის ხარჯებით.

დადგენილია, რომ 2014 წლის 27 მარტს ა---------- განცხადებით მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას, სადაც მიუთითებდა, რომ მან დაიწყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რაზედაც გახარჯა 78 331 ლარი, მაგრამ ვეღარ ახერხებს მუშაობის გაგრძელებას, რადგან ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ განკარგულ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სატრანსფორმატორო ქვესადგური, რის გამოც ტერიტორიაზე ვერ ხერხდება სამშენებლო ტექნიკის შეყვანა, რაც შეუძლებელს ხდის მშენებლობის გაგრძელებას.

განცხადების ავტორი განცხადებაში მიუთითებდა, რომ მან არაერთხელ მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რათა გამოეყოთ ტერიტორია, სადაც მის მიერ გადატანილი იქნებოდა სატრანსფორმატორო ქვესადგური... გამგეობიდან კი მუდმივად იღებდა პასუხს, რომ საკითხი იხილება... და მიმდინარეობს პროცედურები.

აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ მშენებლობის გაგრძელება (ანუ ა---------- მხრიდან ვალდებულების შესრულება) დამოკიდებული იყო გამგეობის მხრიდან ვალდებულების შესრულებაზე (მიწის ნაკვეთის გამოყოფა ტრანსფორმატორის გადატანის მიზნით) ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა იწურებოდა 2014 წლის 26 ივნისს ა---------------ემ ინვესტიციის განხორციელების ვადის 2016 წლის 26 ივნისამდე გაგრძელება ითხოვა.

დადგენილია, რომ 2----–-–------------ მხარეთა შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ინვესტიციის განხორციელების ვადამ 2015 წლის 26 ივნისამადე გადაიწია.

დადგენილია, რომ ხელშეკრულებით მითითებულ ვადებში ა---------- ვერ შეძლო 100 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება.

დადგენილია, რომ 2015 წლის 26 ივნისიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ვალდებულების დარღვევისა და არაჯეროვანი შესრულებისათვის ა---------------ის მიმართ დაიწყო პირგასამტეხლოს დაკისრება დარჩენილი განსახორცილებელი ინვესტიციის 50577,44 აშშ დოლარის ყოველდღიური 0,1 %-ის ოდენობით (იხ.ხელშეკრულება ს.ფ. 43-დან 48-ის ჩათვლით).

დადგენილია, რომ 2----–-–------------ შეთანხმების საფუძველზე, შევიდა ცვლილება მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში და ა---------------ეს ხელშეკრულების მოქმედების და ინვესტიციის განხორციელების ვადა გადაუვადდა 2015 წლის 26 ივნისამდე.

დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა; კერძოდ: ა---------------ეს ეკისრებოდა ვალდებულება, ნასყიდობის საგანზე 100 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებისა, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებული იყო გამოეყო თავისუფალი ტერიტორია (უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთი) ა---------------ისათვის, რომელზედაც ა--------- უზრუნველყოფდა ინვესტიციის განსახორციელებელ ადგილას განთავსებული ტრანსფორმატორის გადატანას, საკუთარი ხარჯით.

საქმეში განთავსებული დოკუმენტებით, ა---------------ის წერილობითი განცხადებებით (ს.ფ.82-99) დადგენილია, რომ ტრანსფორმატორის გადატანისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის მოთხოვნით ა---------------ე მერიას მიმართავს 2011 წლიდან.

კერძოდ: საქმეში, ს.ფ. 82-ზე განთავსებულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2011 წლის 1 ნოემბრის მიმართვა ა---------------ისადმი. მიმართვის ავტორი პასუხობს ა---------------ეს და თავის მოთხოვნასთან დაკავშირებით განუმარტავს, რომ სატრანსფორმატორო ქვესდგურის გადატანისათვის ადგილის გამოყოფის მიზნით მიმდინარეობს მიწის ნაკვეთის ქობულებითის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირების პროცესი.

ს.ფ. 83-ზე განთავსებული განცხადებით დადგენილია, რომ იმავე მოთხოვნით ა---------------ე მიმართავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2012 წლის 4 ივნისს; „. . . გთხოვთ, დროულად მიგვითითოთ ადგილი, რომელზედაც მოხერხდება სატრანსფორმატორო ქვესადგურის გადატანა.“

ს.ფ. 84-ზე განთავსებულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 14 ივნისის მიმართვა. მიმართვის ავტორი იმავე შინაარსის ტექტს უგზავნის ა---------------ეს, როგორი წერილითაც მან ხელშემკვრელ მხარეს - 1 წლით ადრე - 2011 წლის 1 ნოემბერს უპასუხა და განუმარტავს, რომ სატრანსფორმატორო ქვესდგურის გადატანისათვის ადგილის გამოყოფის მიზნით მიმდინარეობს მიწის ნაკვეთის ქობულებითის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირების პროცესი.

ს.ფ. 85-ზე განთავსებული განცხადებით დადგენილია, რომ ა---------------ე, 2013 წლის 6 თებერვალს მიმართავს ხელშემკვრელ მხარეს - ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას. განმცხადებელი მხარე ითხოვს გამგეობისაგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და ტრანსფორმატორის გადატანის მიზნით ტერიტორიის გამოყოფას.

გამომდინარე ზემოაღნიშნული მიმოწერებიდან, დადგენილია, რომ 2011 წლიდან მოყოლებული ა---------------ე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისაგან მოითხოვდა ტრანსფორმატორის გადატანისათვის ტერიტორიის გამოყოფას, რათა მისცემოდა შესაძლებლობა თავის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებისათვის;

საბოლოოდ დადგენილია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულება შეასრულა მხოლოდ 2015 წელს, მან 2015 წლის 9 მარტს აცნობა ა---------------ეს რომ ტრანსფორმატორის გადატანისთვის ა---------ს გამოეყო მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: 20.42.07.359.

დადგენილია და მხარეები არ დავობენ იმაზე, რომ 2015 წლის 26 ივნისის მდგომარეობით (რა დროიდანაც მუნიციპალიტეტმა პირგასამტეხლოს დაკისრება მოახდინა), მოპასუხემ ვალდებულების მხოლოდ ნაწილი შეასრულა. მას განსახორციელებელი დარჩა 49577.44 აშშ დოლარის ინვესტიცია. დადგენილია და მხარეეები სადავოდ არ ხდიან არც იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 100 000 აშშ დოლარის ინვესტიციის ვალდებულება სრულად 2017 წლის 01 ივნისს შესრულდა.

საქმეში, ს.ფ. 42-ზე განთავსებული, 2016 წლის 16 თებერვლის შეთანხმებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშკრულებო ურთიერთიერთობის, (რომლის მოქმედების ვადა იყო 2015 წლის 26 ივნისამდე) ვადა განისაზღვრა 2017 წლის 01 ივლისამდე.

სააპელაციო პალატა კიდევ ერთხელ მიაქცევს ყურადღებას იმ უტყუარად დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2011 წლიდან მოყოლებული ა---------------ე გამუდმებით მოითხოვდა მოსარჩელისაგან ორმხრივი ხელეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას, რომელიც გამგეობამ მხოლოდ 4 წლის შემდგომ - 2015 წლის 9 მარტს შეასრულა.

უდავოა ისიც, რომ 2----–-–------------ შეთანხმებით ინვესტიციის განხორციელების ვადა 2015 წლის 26 ივნისამდე განისაზღვრა. ინვესტიციის ამ დროისათვის სრულად განუხორციელებლობის გამო ამ დროიდანვე დაიწყო პირგასამტეხლოს დაკისრება, რომელიც 2016 წლის 16 თებერვალს შეწყდა. ვადაგადაცილებამ ამ დროისათვის 235 დღე შეადგინა.

უდავოდაა დადგენილი, რომ იმის და მიუხედავად, რომ 2014 წლის 02 ივნისის შეთანხმებით ხელშეკრულება 2015 წლის 26 ივნისამდე გაგრძელდა, მუნიციპალიტეტის მერიამ თავისი ვალდებულების შესრულება მხოლოდ 2015 წლის მარტში შეძლო (მიწის ნაკვეთის გამოყოფა ტრანფორმატორის გადატანისთვის).

ასეთ ვითარებაში უდავოა, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა ათაბაძის მხრიდან გამოწვეულია არა ა---------------ის, არამედ უპირველესად მუნიციპალიტეტის მერიის ბრალით, რომელმაც 10 თვის დაგვიანებით შეასრულა თავისი ვალდებულება და ნაცვლად 2014 წლის ივნისისა და 2015 წლის მარტში გადასცა მიწის ნაკვეთი ა---------------ეს, ე.ი. 10 თვის დაგვიანებით. ესეც არ აკმარა და 235 დღის დაგვიანებისათვის (რაც 10 თვეზე ნაკლებია) პირგასამტეხლოც დააკისრა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის. ყოველდღიურად განსახორცილებელი ინვენსტიციის 0,1 %, რაც პალატის მოსაზრებით არასამართლიანი, არალოგიკური და არაგონივრულია.

პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ თავად მოსარჩელე მერიამ თავისი ვალდებულება 10 თვის დაგვიანებით შეასრულა (და ისიც 2014 წლიდან ანუ მეორე შეთანხმებიდან, თორემ საერთოდ 4 წელზე მეტი ვადით დააგვიანა ვალდებულების შესრულება, რომელიც 2009 წლის ნაცვლად 2015 წლის მარტში შეასრულა). ამის და მიუხედავად, ანუ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების და მიუხედავად, 230 დღის პირგასამტეხლო დააკისრა ა---------------ეს 2015 წლის ივნისიდან ვიდრე 2016 წლის თებერვლამდე პერიოდში (ეს ის დროა, როცა ათაბაძემ მიმართა მერიას თხოვნით პირგასამტეხლოს დაკისრების შეწყვეტის თაობაზე).

ამგვარი ფაქტობრივი რეალობის პირობებში, პალატას სრულად არასამართლიანად, დაუსაბუთებლად და უკანონოდ მიაჩნია ა---------------ისათვის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო პირგასამტეხლოს დაკისრება.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად დათქმულ დროსა და ადგილას.

სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის ვალდებული იყო თავისი ვალდებულებები წინასწარ შეესრულებინა.

განსახილველ შემთხვევაში ა---------------ე ვალდებული იყო აუქციონით შესყიდულ მიწის ნაკვეთზე განეხორციელებინა 100,000 აშშ დოლარის ინვესტიცია თავდაპირველად, 3-5 წლის ვადაში, ხოლო მოგვიანებით მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად 2015 წლის 26 ივნისამდე (ეს ვადა შემდეგ კიდევ გახანგრძლივდა 2017 წლის ივნისამდე).

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებული იყო გამოეყო თავისუფალი ტერიტორია (უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთი) ა---------------ისათვის, რომელიც უზრუნველყოფდა ინვესტიციის განსახორციელებელ ადგილას განთავსებული ტრანსფორმატორის გადატანას, საკუთარი ხარჯით. ბოლო შეთანხმებით ეს ვალდებულება მერიას 2014 წლის ივნისში უნდა შეესრულებინა მან კი აღნიშნული ვალდებულება მერიამ შეასრულა 4 წლის დაგვიანებით, 2015 წლის 9 მარტს, ხოლო ბოლო შეთანხმებიდან 09 თვის დაგვიანებით.

ამავე კოდექსის 390-ე მუხლის თანახმად: თუ ვალდებულების შესასრულებლად საჭიროა კრედიტორის ესა თუ ის მოქმედება, ვადის გადაცილებად ჩაითვლება, თუ იგი ამ მოქმედებას არ ასრულებს.

მოცემულ შემთხვევაში, ა---------------ის მიერ საინვესტიციო ვალდებულების შესრულება დამოკიდებული იყო კრედიტორის ვალდებულების შესრულებაზე, რომელსაც უნდა მიეთითებინა შესაბამისი ტერიტორია ა---------------ისათვის, რომელზეც მოხდებოდა ტრანსფორმატორის გადატანა. რაც კრედიტორის მიერ განხორციელდა 4 წლის, ხოლო ბოლო შეთანხმებიდან (2014 წლის ივნისის შეთანხმება) კი 10 თვის დაგვიანებით.

ასეთ ვითარებაში, პალატა ვერ ჩათვლის სამართლიანად და გონივრულად ა---------------ისათვის 2015 წლის მარტიდან ივნისამდე (დაახლოებით 3 თვიანი პერიოდით) ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას, მაშინ, როცა 2009 წლიდან მოყოლებული 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სწორედ ა---------------ე ითხოვდა ხელშემკვრელი მხარისგან ვალდებულების შესრულებას და მიწის ნაკვეთის გადაცემას, რაც მუნიციპალიტეტის მერიამ მხოლოდ 2015 წლის მარტში მოახერხა.

შესაბამისად, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის გამო ა---------------ისათვის პირგასამტეხლოს მოთხოვნა უსაფუძვლოა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა:

 

1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ა---------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება ა---------------ისათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ 2337.26 აშშ დოლარისა და 33.93 ლარის გადახდის ნაწილში; ასევე ა---------------ისათვის სახელმწიფოო ბიუჯეტის სასარგებლოდ 173.30 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ა---------------ის მიმართ თანხების დაკისრების მოთხოვნით - არ დაკმაყოფილდეს;

5. დაეკისროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას ა---------------ის სასარგებლოდ 254 ლარის გადახდა;

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

8. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.

9. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-6-9 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლეები: თამარ სვანიძე

 

სიმონ ჩხაიძე

 

ირმა პერანიძე