განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.01.2019
საქმის ნომერი
330210016001364905
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
11.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001364905

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/2938-18 22 ნოემბერი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე – თამარ ალანია

მოსამართლეები – ბესარიონ ტაბაღუა, თამარ ზამბახიძე

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - სს „ს----------–--------ი“

 

წარმომადგენელი - დ--------------–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ე--------------------ე

 

წარმომადგენელი - ს--–----------–----ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

 

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სს „ს----------–--------მა“ ე--------------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა. მოპასუხე ე--------------------ესთვის მოსარჩელე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ 5 358.81 აშშ დოლარის გადახდა და გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ე--------------------ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, რომლის რეკვიზიტებია: ქ თბილისი, ქუჩა ა--------, #--, ბ------, ფართი: 62.78 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0---------------------- სარეალიზაციოდ მიექცევა მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება „ს----------–--------მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2007 წლის 27 აგვისტოს სს „ს----------–--------სა“ და ე--------------------ეს შორის საბ---ო მომსახურების შესახებ #7----- ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებში მსესხებელზე სესხი 35 000 აშშ დოლარის ოდენობით, 120 თვის ვადით, წლიური 14%-ის დარიცხვით გაიცა. პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% შეადგენდა (ს.ფ. 12-26).

 

6. 2007 წლის 27 აგვისტოს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, ლ-------–---ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მდებარე: ქ თბილისი, ქუჩა ა--------, #--, ბ------, ფართი: 62.78 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0---------------------- იპოთეკით დაიტვირთა (ს.ფ. 45-50, 51-53).

 

7. იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მდებარე: ქ თბილისი, ქუჩა ა--------, #--, ბ------, ფართი: 62.78 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0---------------------- ამჟამინდელი მესაკუთრე მოპასუხე - ე--------------------ეა (ს.ფ. 45-50, 51-53).

 

8. 2007 წლის 27 აგვისტოს საბ---ო კრედიტის #7----- ხელშეკრულების ფარგლებში ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმად, წლის განმავლობაში ავტომატურად გაცემული თითოეული ტრანშის მაქსიმალური ოდენობა 112 აშშ დოლარის ოდენობით განისაზღვრა, წლიური საპროცენტო სარგებელი 18%-ს ხოლო, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ს (ს.ფ. 31-32).

 

9. 2008 წლის 14 თებერვალს სს „ს----------–--------სა“ და ე--------------------ეს შორის საბ---ო მომსახურების 2007 წლის 27 აგვისტოს ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. მოცემული ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით საპროცენტო განაკვეთი შემცირდა. 2.3. პუნქტის თანახმად, შესაბამისად შეიცვალა 2007 წლის 27 აგვისტოს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების 2 მუხლის 2.1.3 ქვეპუნქტი და შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: „2.1.3. წლიური საპროცენტო სარგებელი: 13.5%1“. საკრედიტო ხელშეკრულების ყველა სხვა პუნქტი უცვლელი დარჩა (ს.ფ. 45-50, 37, 38-42).

 

10. 2011 წლის 02 მაისს სს „ს----------–--------სა“ და ე--------------------ეს შორის 2007 წლის 27 აგვისტოს გაფორმებული #7----- საბ---ო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ შეთანხმება #1 გაფორმდა. მოცემული ხელშეკრულების 2.1.1. ქვეპუნქტის თანახმად, მე-4 მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 4.1.15 პუნქტი: „თუკი სხვაგვარად არ იქნა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული შესაბამის უზრუნველყოფის ხელშეკრულებაში, თუ უზრუნველყოფის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბ---ის საკუთრებაში გადასული უზრუნველყოფის საგანი ან უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით, ბ---ი უფლებამოსილია გადახდევინება მიაქციოს კლიენტის (მსესხებლის) ნებისმიერ ქონებაზე (მათ შორის, იმ ქონებაზეც, რომელიც არ წარმოადგენს უზრულველყოფის საგანს.)“ (ს.ფ. 45-50, 43).

 

11. 2011 წლის 02 მაისს სს „ს----------–--------სა“ და ე--------------------ეს შორის 2007 წლის 27 აგვისტოს გაფორმებული #7----- საბ---ო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ შეთანხმება #2 გაფორმდა. მოცემული ხელშეკრულების 2.1.1. ქვეპუნქტის თანახმად, 2.1.2 მუხლი კრედიტის მოქმედების ვადა შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „2.1.2. კრედიტის მოქმედების ვადაა 55 თვე“, (სრულად დაფარვის თარიღი 11/2015წ.); 2.1.2 ქვეპუნქტის თანახმად, 2.1.3 მუხლი (წლიური საპროცენტო სარგებელი) ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „2.1.3 წლიური საპროცენტო სარგებელი 12 %“. 2.1.1. ქვეპუნქტის თანახმად, 2.3. მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2.3.4. პუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „2.3.4. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის მიერ შესაბამისი იპოთეკური კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული გადასახდელი თანხები ბ---ში გადახდილ იქნება ვადაზე ადრე, სრულად ან ნაწილობრივ, კლიენტი გადაიხდის ვადამდე დაფარული თანხის 2%-ს (ნული პროცენტს), ყოველთვიურად შესატანი თანხის სამმაგი ოდენობით გადახდის შემთხვევაში 0%, ხოლო კლიენტის მიერ იპოთეკური კრედიტის რეფინანსირების შემთხვევაში, კერძოდ, როცა კრედიტის წინსწრებით დაფარვის წყაროს არ წარმოადგენს პირადი: ხელფასი, პრემია, დივიდენდი, მემკვიდრეობით მიღებული შემოსავალი ან/და ნივთის (მოძრავი და უძრავი) და/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის მართვისა და განკარგვის შესაბამისად მიღებული შემოსავალი, კლიენტი ვალდებულია, გადაუხადოს ბ---ს საკომისიო წინსწრებით (ვადამდე) დაფარული თანხის 7%-ის ოდენობით“ (ს.ფ. 45-50, 44).

 

12. 2007 წლის 27 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ბ---ი დაეხმარება კლიენტს და უზრუნველყოფს, რომ ამ უკანასკნელმა გამარტივებული წესით საკუთარი ხარჯით მოიპოვოს მისი ქონებს დაზღვევის პოლისი საქართველოში მოქმედი მაღალი რეპუტაციის მქონე სადაზღვევო კომპანიისაგან. მოსარჩელე მხარის მიერ საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში დადებული იქნა ქონების დაზღვევის ხელშეკრულება და ქონების დაზღვევის დაფინანსებისათვის აუცილებელი თანხების საჭიროების გათვალისწინებით მოსარჩელე მხარესა და მოპასუხე მხარეს შორის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება #7------ის დანართი #2----- გაფორმდა, საბ---ო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებით დამატებითი შეთანხმება, რომლის საფუძველზე წლიური ტრანშის სახით ხდებოდა სადაზღვევო პრემიის თანხის კრედიტის სახით გაცემა (ს.ფ. 12-26, 31-36).

 

13. 2007 წლის 27 აგვისტოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ბ---ი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს კლიენტის უმუშევრობით გამოწვეული შემოსავლების დაკარგვის დაზღვევას. კლიენტისგან დამოუკიდებელი მიზეზით უმუშევრობის დადგომის შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია წერილობით აცნობოს ამის შესახებ ბ---ს, უმუშევრობის დადგომიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა და ბ---ს მის მიერ მოთხოვნილი საბუთები წარუდგინოს. ამასთან, კლიენტი ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისაგან განთავისუფლება მხოლოდ იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ბ---ს სადაზღვევო კომპანიისაგან აუნაზღაურდება ამგვარი სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. ამგვარი სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე (ბენეფიციარი) იქნება მხოლოდ ბ---ი, ამასთან, კლიენტს უფლება აქვს ამგვარ დაზღვევაზე უარი თქვას. ხელშეკრულებაში არსებული დათქმის შესაბამისად, უმუშევრობით გამოწვეული შემოსავლების დაკარგვის დაზღვევით სარგებლობა განხორციელდება კლიენტის მიერ ამ ხელშეკრულებაზე თანდართული განაცხადის ფორმის (დანართი #9) შევსების შემთხვევაში. დაზღვევის განხორციელების პირობები მოცემულია ამ ხელშეკრულების დანართში #10 (ს.ფ. 12-26, 308, 309-314);

 

14. 2007 წლის 27 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებაში მითითებული დანართი #10, რომელიც ეხება უმუშევრობის დაზღვევის პირობებს იპოთეკური მსესხებლებისათვის სადაზღვევო კომპანია „ბ-------“-სა და სს „ს----------–--------ს“ შორის არის გაფორმებული (ს.ფ. 309-314).

 

15. 2007 წლის 27 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებაში მითითებული დანართი #9, რომელიც უმუშევრობის დაზღვევას ეხება მოპასუხე ე--------------------ეს არ შეუვსია (ს.ფ. 12-26, 308, მოწმის ჩვენება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

16. 2015 წლის 27 მაისის #05/2705/3 ბრძანების თანახმად, სს „ს----------–--------------------------------------–-------------------–------------------------------------------------------------ ე--------------------ე 2015 წლის 1 ივნისიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა (ს.ფ. 170).

 

17. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ბ---მა საკუთარი ხარჯებით, კლიენტის უმუშევრობით გამოწვეული შემოსავლების დაკარგვის დაზღვევა ივალდებულა, აღნიშნული პირობის ნამდვილობაზე კლიენტის მიერ N9 ფორმის შეუვსებლობა გავლენას ვერ მოახდენს.

 

უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება სასამართლოს კომპეტენციაში შედის და მხარის მიერ არასწორი საფუძვლის მითითება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი არ შეიძლება გახდეს. აღნიშნულს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე და 185-ე მუხლების შინაარსიც ადასტურებს, რომელთა ანალიზიც ცხადყოფს, რომ საპროცესო კანონმდებლობა მხარეს არ ავალდებულებს მიუთითოს დავის სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული არ წარმოადგენს ხარვეზის დადგენის საფუძველს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სამართლებრივი საფუძველი სასამართლომ და არა მხარემ უნდა განსაზღვროს. მხოლოდ მხარის მითითება, რომ მეორე მხარეს აქვს მისი ვალი და ითხოვს ამ თანხის დაბრუნებას საკმარისია იმისათვის, რომ სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შესაბამისად განსაზღვროს და მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას სამართლებრივი შეფასება მისცეს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-690-651-2010).

 

კანონმდებელი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს განამტკიცებს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ხელშეკრულება მიიჩნევა მხარეთა ნების დეკლარაციად და ასახავს ხელშემკვრელი მხარეების მიერ წინასწარ შეთანხმებულ პირობებს. მხარეთა შეთანხმების შედეგად მიღებულ დოკუმენტში პირობების/დათქმების დაზუსტება შესაძლებელია ამავე მხარეების შეთანხმების გზით. მოდავე მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების, როგორც სიტყვა-სიტყვითი ასევე, ლოგიკური განსჯის შედეგად დადგენილია, რომ 2007 წლის 27 აგვისტოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ბ---ი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს კლიენტის უმუშევრობით გამოწვეული შემოსავლების დაკარგვის დაზღვევას. კლიენტისგან დამოუკიდებელი მიზეზით უმუშევრობის დადგომის შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია წერილობით აცნობოს ამის შესახებ ბ---ს, უმუშევრობის დადგომიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა და ბ---ს მის მიერ მოთხოვნილი საბუთები წარუდგინოს. ამასთან, კლიენტი ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისაგან განთავისუფლება მხოლოდ იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ბ---ს სადაზღვევო კომპანიისაგან აუნაზღაურდება ამგვარი სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. ამგვარი სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე (ბენეფიციარი) იქნება მხოლოდ ბ---ი, ამასთან, კლიენტს უფლება აქვს ამგ ვარ დაზღვევაზე უარი თქვას. ხელშეკრულებაში არსებული დათქმის შესაბამისად, უმუშევრობით გამოწვეული შემოსავლების დაკარგვის დაზღვევით სარგებლობა განხორციელდება კლიენტის მიერ ამ ხელშეკრულებაზე თანდართული განაცხადის ფორმის (დანართი #9) შევსების შემთხვევაში. დაზღვევის განხორციელების პირობები მოცემულია ამ ხელშეკრულების დანართში #10. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრით სადავო სწორედ კლიენტის მიერ დანართი N9-ის შეუვსებლობა და შესაბამისად, დაზღვევის ვალდებულების წარმოშობაა გამხდარი. ცალსახაა, რომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ხსენებული პირობის განმარტების გარეშე, რადგან აშკარაა, რომ სადავო პირობა სხვადასხვანაირად ინტერპრეტირების შესაძლებლობას იძლევა. მაგალითად რას გულისხმობდა დანართ N9-ზე ხელმოწერა, იყო თუ არა ის ხელშეკრულების არსებითი პირობა და ძირითად ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ავტომატურად ნიშნავდა თუ არა დანართ N9-ზე ხელმოწერასაც, ხელშეკრულების რომელი მხარის ნებელობის სფეროში მოქცეულ ქმედებას წარმოადგენდა აღნიშნულ დანართზე ხელმოწერა და ა.შ.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლს, რომლითაც ხელშეკრულების სტანდარტული პირობების დეფინიციაა განმტკიცებული, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების სადავო დათქმა სწორედ წინასწარ ჩამოყალიბებულ, მრავალჯერადი გამოყენებისთვის გამიზნულ პირობას წარმოადგენს, რომელსაც ერთი მხარე (ამ შემთხვევაში ბ---ი) მეორე მხარეს (ამ შემთხვევაში მოვალეს) უდგენს, აღნიშნული დასტურდება პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული საკრედიტო ე--------ის თ-------------ს ჩვენებაც, რომლის თანახმად, კლიენტებს საჩუქრად ეძლეოდათ უმუშევრობის დაზღვევა, რომელიც სესხის ხელშეკრულების პერიოდს მოიცავდა. სააპელაციო პალატა მოწმის ჩვენების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის აღნიშნული პირობა სესხის ხელშეკრულებებში გლობალურად არსებობდა და იგი მხარეთა შორის ინდივიდუალური მოლაპარაკების საგანს არ წარმოადგენდა. სადავო დათქმა, როგორც უკვე სასამართლოს მიერ აღინიშნა, მის სხვადასხვა სახით განმარტების საშუალებას იძლევა, რაც მის ბუნდოვანებაზე მიუთითებს, ამავე კოდექსის 345-ე მუხლით კი სტანდარტული პირობების ბუნდოვანება ყოველთვის მეორე მხარის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

 

რადგან ხელშეკრულების სტანდარტული პირობები ძირითადად კანონით დადგენილი ნორმებისგან განსხვავებული ან მათი შემავსებელი წესების დადგენას ემსახურება მიიჩნევა, რომ ისინი ხელშეკრულების მხარეებისთვის იმავე ძალის მატარებელია, რაც კანონს გააჩნია. ხელშეკრულების ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, კონტრაჰენტები ვალდებულნი არიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები განუხრელად დაიცვან და მათ შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად იმოქმედონ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩვევს, რომ სადავო პირობის განმარტება კანონის ნორმის განმარტების ტექნიკით უნდა განხორციელდეს. ნორმის განმარტებისას მნიშვნელოვანია კანონმდებლის ნებისა და ნორმის მიზნის გამოკვეთა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ბუნდოვანი პირობის განმარტება ნორმის მიზნიდან და მისი დაცვის ობიექტიდან გამომდინარე უნდა განხორციელდეს. ნიშანდობლივია, რომ იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის დაცვის ობიექტს - მომხმარებელი წარმოადგენს. შესაბამისად, დაცვის ობიექტის მიზნიდან გამომდინარე, როგორც ლოგიკური ასევე, სიტყვასიტყვითი მეთოდის გამოყენებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების სადავო პირობა კლიენტის ნებელობას დაქვემდებარებულ ქმედების განხორციელებას არ მოიცავდა, ანუ იმ შემთხვევაში თუ მას ბ---ის წარმომადგენელი დანართ N9-ს ხელმოსაწერად არ გადასცემდა მას შეეძლო ევარაუდა, რომ ძირითად ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ავტომატურად ნიშნავდა იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის ამოქმედებას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოწმედ დაკითხული საკრედიტო ე--------ის განმარტებით დადგინდა, რომ კლიენტებს დაზღვევის შესახებ განმარტება ზეპირსიტყვიერად ეძლეოდათ და სხვა დოკუმენტზე ხელმოწერა არ ხდებოდა.

 

18. მითითებული ნორმის სხვაგვარი განმარტება მომხმარებლის საწინააღმდეგო შედეგს მოიტანდა, რაც როგორც ეროვნული ასევე, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით განმტკიცებულ მომხმარებელთა დაცვის პრინციპებს შეეწინააღმდეგებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო პალატა ითვალისწინებს ევროკავშირის სამართლებრივი ინსტრუმენტების (დირექტივები, რეგულაციები) საქართველოსთვის არასავალდებულო/სარეკომენდაციო ხასიათს, „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ მნიშვნელობისა და ევროკავშირის მიერ დამკვიდრებული კარგი სტანდარტის იმპელემენტაციის შესახებ საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულების მნიშვნელობიდან გამომდინარე, განსახილველი დავის მიზნებისთვის, მნიშვნელოვნად მიიჩნევს მომხმარებელთა დაცვის სფეროში ევროპის კავშირში მოქმედი დირექტივებისა და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკის მიმოხილვას.

 

განსახილველ დავასთან პირდაპირ კავშირშია ევროკავშირის 93/13/EEC დირექტივა უსამართლო სახელშეკრულებო პირობების შესახებ (). დირექტივით მომხმარებელთა დასაცავად სამი ძირითადი მექანიზმია გათვალისწინებული, 1) როდესაც პირობა ცალსახად არასამართლიანი არაა, თუმცა ორაზროვანია/ბუნდოვანია ან/და მისი შინაარსი საეჭვოა, ასეთი პირობა ყოველთვის მომხმარებელთა სასარგებლოდ უნდა განიმარტოს (5.1 მუხლი), 2) არასამართლიანი სტანდარტული პირობა უპირობოდ ბათილია, იგი დადების მომენტიდან, მომხმარებლისთვის სავალდებულოდ არ ითვლება, აღნიშნული არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მომხმარებელი პირობის ბათილობას არ ითხოვს (მე-6 მუხლი) C-137-08 (49-ე პარაგრაფი) და 3) მომხმარებელს, რომელიც თავს არასამართლიანი პირობის მსხვერპლად გრძნობს, უფლება აქვს არასამართლიანი პირობებისგან დაცვის ეფექტური სამართლებრივი მექანიზმით ისარგებლოს.

 

გარდა ამისა, სხვადასხვა დროს მიღებულ გადაწყვეტილებებში, C-137-08 (46-ე პარაგრაფი), C-40/08, C-240/98 ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ მიუთითა, რომ მომხმარებელთა დაცვის სისტემა, რომელიც აღნიშნული დირექტივითაა რეგლამენტირებული ემყარება იდეას, მასზედ, რომ მომხმარებელი მიმწოდებელთან შედარებით „სუსტი მხარეა“ არა მხოლოდ მოლაპარაკების შესაძლებლობის არქონის, არამედ მისი დაბალი ინფორმირებულობის სტანდარტის გამო.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას მომხმარებლის ინფორმირებულობის სტანდარტთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი საკრედიტო ურთიერთობებთან მიმართებით. ევროპის კავშირის 2008/48/EC ხელშეკრულების „ძლიერ მხარეს“ საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების მაქსიმალური გამჭირვალობის სტანდარტის უზრუნველყოფის ვალდებულებას აკისრებს. ზემოაღნიშნული სტანდარტების მოცემულ საქმეში იმპლემენტაცია და ბუნდოვანი სტანდარტული პირობის მომხმარებლის სასარგებლოდ განმარტების უპირობო ვალდებულება სააპელაციო სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ ძირითად ხელშეკრულებაზე ხელმოწერა მომხმარებელს უქმნიდა ვარაუდს, სამსახურიდან იძულებით გათავისუფლების შემთხვევაში დაზღვევის ავტომატურად ამოქმედების შესახებ. დანართი N9-ის ხელმოწერის ვალდებულების შესახებ მოსარჩელეს ადექვატური და საკმარისი ინფორმაცია არ მიუღია რაც ბ---ის მტკიცების ტვირთის ნაკლოვანებაზე მიუთითებს.

 

19. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს, სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.

 

გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომითსამათლებრივი დავები), მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.

 

მოცემულ შემთხვევაში, სწორედ აპელანტი მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა სასამართლოს წინაშე სარწმუნოდ დაედასტურებინა ის ფაქტი, რომ დაზღვევის ასამოქმედებლად დანართ N9-ზე ხელმოწერის ვალდებულება მხარეს კლიენტის ინფორმირებულობის სტანდარტის სრული დაცვით მიეწოდა, ასევე ის, რომ მოცემული პირობა სტანდარტულ პირობას არ წარმოადგენდა, იგი მომხმარებელთან ინდივიდუალურად იყო შეთანხმებული და შესაბამისად, მას სხვადასხვა დოკუმენტებზე ხელმოწერის ვალდებულება გაცნობიერებული ჰქონდა. აღნიშნულის დადასტურება კი აპელანტმა ვერ შეძლო. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქმეში არსებობს მოწმის, საკრედიტო ე--------ის ჩვენება, რომელიც ადასტურებს რომ მოდავე მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმების დროს იძულებითი უმუშევრობის შესახებ დაზღვევა კლიენტებს „საჩუქრად“ გადაეცემოდათ, იგი სესხის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდს მოიცავდა და მის ასამოქმედებლად ცალკე დოკუმენტზე ხელმოწერა საჭირო არ იყო. საქმის მასალების სრული და ობიექტური გამოკვლევა, ასევე ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები მომხმარებლის დაცვის შესახებ სააპელაციო პალატას უქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივარი კი არ შეიცავს იმგვარ კვალიფიციურ შედავებას სამართლებრივ ან/და ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის წინაპირობებს შექმნიდა.

 

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 525,42 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სს „ს----------–--------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. სს „ს----------–--------ის“ მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

თავმჯდომარე თამარ ალანია

მოსამართლეები ბესარიონ ტაბაღუა

თამარ ზამბახიძე