განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.11.2018
საქმის ნომერი
010315718002629712
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
26.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

საქმე № 010315718002629712 (3/ბ-411-2018 წ.)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

ქუთაისის სააპელაციო სასამარლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ხათუნა ხომერიკმა, 2018 წლის 26 ნოემბერს, ქალაქ ქუთაისში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილისა და 419-420-ე მუხლებით დადგენილი წესით, მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებაზე.

 

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებსა და საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება

 

2016 წლის 10 ივნისს თ----- შ---–---–მა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წინააღმდეგ და მოითხოვა კომისიის 2016 წლის 1--------–ის №- სხდომის №-- საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ.ქობულეთში, დ-----------–----ელის გამზირი №----ის მიმდებარე, 1 532.0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მოსარჩელე თ----- შ---–---–ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე და გასცეს საკუთრების უფლების მოწმობა. საქმეში მესამე პირად მონაწილეობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ----- შ---–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, - ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 1--------–ის №- სხდომის №-- საოქმო გადაწყვეტილება, თ----- შ---–---–ის ნაწილში; ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება) თ----- შ---–---–ის განცხადებაზე, ქობულეთში, დ-----------–----ლის გამზირი №----ის მიმდებარე, 1532.20 კვ.მ. ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანოშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით.

 

2018 წლის 16 თებერვალს, თ----- შ---–---–მა განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის საფუძველზე მოითხოვა თ----- შ---–---–ის სარჩელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთვის, სახელმწიფის საკუთრებად რეგისტრირებული, ქ. ქობულეთში, დ-----------–----ლის გამზირზე მდებარე 2 956.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ: 2-----------) ნაწილის (1 532.20 კვ.მ.) გასხვისების აკრძალვა.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით თ----- შ---–---–ის განცხადება დაკმაყოფილდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აეკრძალა საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული, ქ.ქობულეთში, დ-----------–----ლის გამზირზე მდებარე №2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 2965.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილის, 1532.20 კვ.მ-ის გასხვისება, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

აღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი შეიტანა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ს.ფ. 34-35).

 

საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ უძრავი ქონება, რომლის გასხვისებაც აეკრძალა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას. სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასთან და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი. მითითებული კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. აღნიშნულიდან გამომდინარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას გაასხვისოს სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება. საჩივრის ავტორი მიუთითებს ასევე, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო თ----- შ---–---–ის სარჩელით წარმოებულ დავაში არ იყო დასახელებული მოპასუხედ, მოსარჩელეს სამინისტროს მიმართ რაიმე მოთხოვნა არ ჰქონია, ის საქმეში მესამე პირის სტატუსით მონაწილეობდა, მესამე პირის მიმართ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება პროცესუალურად გაუმართლებელია.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განჩინებით საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული (ს.ფ. 37-38), ხოლო 2018 წლის 27 მარტის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (ს.ფ. 39-41).

 

საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლით განსაზღვრულია, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.

 

სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება, ესაა გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს მოპასუხის, ან სხვა პირის ქონების ან ფულადი სახსრების განკარგვის უფლების შეზღუდვით (ყადაღის დადება), ან გარკვეული მოქმედების შესრულებს აკრძალვით და სხვა გზით. ამასთან, განმცხადებელს თავად ევალება მიუთითოს განცხადებაში იმ კონკრეტულ გარემოებებზე (ფაქტებზე), რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს, რომ აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

 

სასამართლოს ვალია არა მხოლოდ სწორად და ობიექტურად გადაწყვიტოს დავა მხარეებს შორის, არამედ უზრუნველყოს სამომავლოდ გადაწყვეტილება აღსრულება.

 

საქმეში დაცული 2018 წლის 29 იანვრით დათარიღებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ირკვევა, რომ ქობულეთში, დ-----------–----ლის გამზირზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 2 965 კვ.მ. ს/კ. 2----------- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს №------- ბრძანების საფუძველზე (დამოწმებული - 0-----2017), რეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრებად (ს.ფ. 19-20).

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აეკრძალა საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებაში რიცხული, ქ. ქობულეთში, დ-----------–----ლის გამზირზე მდებარე №2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, 2965.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილის, 1 532.20 კვ.მ-ის გასხვისება, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო საქმეში მესამე პირის სტატუსით მონაწილეობს.

 

მოსარჩელე თავის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვტილების აღსრულების უზრუნველყოფას ითხოვდა მესამე პირის, აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის გარკვეული ქმედების აკრძალვის (მიწის ნაკვეთის გასხვისების აკრძალვის) გზით. სარჩელის უზრუნველყოფის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მესამე პირისათვის ქმედების აკრძალვა არ შეესაბამება სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის კანონით განსაზღვრულ მიზნებს.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლს, რომელიც ადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების სახეებს. ამავე მუხლით განსაზღვრულია სუბიექტები, რომელთა მიმართაც დაიშვება ამ ღონისძიებების გამოყენება. 198.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა (ამავე მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებიც მხოლოდ მოპასუხის უფლებრივი შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს სარჩელის უზრუნველსაყოფად).

 

ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი თავისი არსით წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მნიშვნელოვან სამართლებრივ საშუალებას, რომლის გამოყენებაც დაიშვება მოპასუხის მიმართ იმ მიზნით, რომ არ გაძნელდეს ან შეუძლებელი არ გახდეს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების წარმდგენი მოსარჩელის მიზანს, საბოლოო ჯამში, მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და მისი დაუბრკოლებელი აღსრულების უზრუნველყოფა წარმოადგენს. სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსისა და მიზნების გათვალისწინებით, აღნიშნული საპროცესო ინსტიტუტის გამოყენება მესამე პირის მიმართ შეუძლებელია. იგივე დასაბუთებით, შეუძლებელია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა განხორციელდეს მესამე პირის მიმართ რაიმე ღონისძიების გამოყენებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419–420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის განჩინება;

 

3. საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

ხათუნა ხომერიკი

მოსამართლე 26 ნოემბერი, 2018 წელი