განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210118002405490
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/5150-18
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
აპელანტი - მ--- ჩ-------
წარმომადგენელი - შ-----------–------
მოწინააღმდეგე მხარე - თ------ ბ–--–---
დავის საგანი - ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა, საპროცენტო განაკვეთის შემცირება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილებით მ--- ჩ-------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შევიდა ცვლილება ნოტარიუს ნ-----–- კ-----–---–ის მიერ 2018 წლის 23 მარტს გაცემულ N--------- სააღსრულებო ფურცელში იმდაგვარად, რომ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯის ნაწილში განისაზღვრა 32.68 ლარი და სესხის ძირითადი თანხის გადაუხდელი პროცენტი განისაზღვრა 1350 (ათას სამას ორმოცდაათი) აშშ დოლარი.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2015 წლის 22 სექტემბერს მ--- ჩ-------სა და თ----- ბ–--–---ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მ--- ჩ-------მ ისესხა 18000 აშშ დოლარი, ერთი წლის ვადით, 2016 წლის 22 სექტემბრამდე, თვეში 2,5% სარგებლის, ხოლო სესხის და/ან სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,09% პირგასამტეხლოს დარიცხვის პირობით. სესხის გადახდა უზრუნველყოფილი იქნა მ--- ჩ-------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, მდებარე თ---–------------------------------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :
-2.09.2015 წლის N--------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
2.2. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მხარეთა შეთანხებით ორჯერ შევიდა ცვლილება, რაც შეეხო მხოლოდ სესხის ვადას. 15.11.2016 წლის ცვლილებით სესხის ვადა გაიზარდა ერთი წლის ვადით, 2017 წლის 15 ნოემბრამდე და 15.12.2017 წლის ცვლილებით სესხის ვადა გაიზარდა 6 თვის ვადით, 2018 წლის 15 ივნისამდე. ორივე ცვლილების დროს, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დანარჩენი პუნქტები დარჩა უცვლელად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :
-სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის შესახებ 15.11.2016 წლის სანოტარო აქტი N---------;
-სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის შესახებ 15.12.2017 წლის სანოტარო აქტი N---------;
2.3. კრედიტორის თ------ ბ–--–---ს მოთხოვნის საფუძველზე, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე ნოტარიუს ნ-----–- კ-----–---–ის მიერ 2018 წლის 23 მარტს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც მოვალის მ--- ჩ-------ს მიმართ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა, სესხის ძირითადი თანხა - 18000 აშშ დოლარი, ოთხი თვის პროცენტი (ყოველთვიური 2,5%) – 1800 აშშ დოლარი და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 152,68 ლარი. სააღსრულებო ფურცელში აღნიშნულია, რომ კრედიტორმა უარი განაცხადა პირგასამტეხლოს მიღებაზე.
სააღსრულებო ფურცლის გაცემის სანოტარო მომსახურების მიზნით მოპასუხე თ------ ბ–--–---ს მიერ გადახდილია 120 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :
-3.03.2018 წლის სააღსრულებო ფურცელი N---------
2.4. სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით კრედიტორმა ნოტარიუსს მიმართა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. ამავდროულად, სააღსრულებო ფურცლის კერძო აღმასრულებელთან წარდგენა მოხდა დროულად, რომელმაც წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ მოსარჩელეს გაუგზავნა
26.03.2018 წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :
-3.03.2018 წლის სააღსრულებო ფურცელი N---------
-6.03.2018 წლის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.6. სასამართლომ მიაჩნია, რომ 2015 წლის 22 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელზე შეთანხმება - ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის 2.5%-ის ოდენობით, არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ საპროცენტო სარგებელს, არ არის ამორალური, არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს.
საჯარო წესრიგისა და ზნეობის ნორმების საწინააღმდეგო შინაარსის გარიგებას ადგილი აქვს იმ დროს, როდესაც გარიგების კონკრეტული პირობები არსებითად არღვევს ერთ-ერთი მხარის ინტერესებს და ამით არათანაბარ პირობებში აყენებს მას გარიგების მონაწილე მეორე მხარესთან მიმართებაში. შეუსაბამოდ მაღალ საპროცენტო სარგებელზე მითითებისას და ამ მოტივით მის ბათილად ცნობაზე მსჯელობისას, აუცილებელია დადგინდეს თუ რამდენად ეწინააღმდეგება იგი საჯარო წესრიგს და აყენებს თუ არა ხელშეკრულების მხარეს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში.
განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების თანახმად, საპროცენტო სარგებელი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა 2.5%-ის ოდენობით, რაც შეადგენს წლიურ 30%- ს. მოსარჩელის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებით, ამ ოდენობით საპროცენტო სარგებლის გადახდა ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვას და შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა, შესაბამისად, ამ პირობის წარდგენისას მოპასუხე მოქმედებდა არაკეთილსინდისერად. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი მოპასუხე განმარტავს, რომ საპროცენტო სარგებელზე შეთანხმება მოხდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ოდენობაზე უფრო ნაკლებზე და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. გარდა ამისა, თავად სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ შეთანხმებული პროცენტი არ აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთებს.
მოსარჩელის მიერ მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან (ას-663-629-2015; 28.07.2015 წელი) დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული განმარტება შეეხებოდა ხელშეკრულების მხარეთა შორის არსებული სესხის იმ პირობის სამართლიანობას, რომელიც სესხისთვის არაგონივრულ სარგებელს ითვალისწინებდა და ამით არღვევდა კრედიტორის ქცევის კეთილსინდისიერების სტანდარტს. ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებელი შემცირდა წლიურ 48%-მდე. კონკრეტულ შემთხვევაში, კი წლიური საპროცენტო სარგებელი 30%-ს არ აღემატება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემაყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, თითოეულ მხარეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადასტურების ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ზნეობის ნორმების საწინააღმდეგო შეთანხმების გამო საპროცენტო სარგებელზე შეთანხმება, წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას და მისი მტკიცების ვალდებულება აკისრია სწორედ მოსარჩელე მხარეს. ამდენად, მოსარჩელემ უნდა ადასტუროს საპროცენტო სარგებლის ოდენობის შეუსაბამობა საჯარო წესრიგისადმი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებას საპროცენტო სარგებლის შეთანხმების ნაწილში გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე, ვინაიდან საპროცენტო სარგებელზე შეთანხმება არ ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ოდენობას და შესაბამისად არ არსებობს მისი ბათილად აღიარების სამართლებრივი საფუძველი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.7. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი-მესამე ნაწილების თანახმად (ხელშეკრულების გაფორმების დროს მოქმედი რედაქცია), მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის, გარდა 1000 ლარამდე (ან მისი ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში) გაცემული სესხისა, ხელშეკრულებისათვის მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ჩათვლით (გარდა იპოთეკის სანოტარო წესით დამოწმებასა და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა), არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის მეთორმეტედს, რაც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2015 წლის 22 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, მხარეთა მიერ შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი - ყოველთვიურად სესხის თანხის 2.5%-ის გადახდა, არ წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო გარიგებას და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო სათანადო მტკიცებულებებით საპროცენტო სარგებლის შეთანხმების ბათილად ცნობის დადასტურება და შესაბამისად, სასესხო ურთიერთობის ფარგლებში თ------ ბ–--–---სთვის საპროცენტო სარგებლის სახით გადაცემული თანხები წარმოადგენს კანონიერს. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა შემცირებული აღსასრულებელი ვალდებულების დადგენის თაობაზე უსაფუძვლოა და არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
2.8. მოპასუხე მხარის მიერ სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნილი აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის დაზუსტება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება),რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. აღნიშნული ნორმის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება საკმარისი საფუძველია გადაწყვეტილების გამოსატანად.
საქმის განხილვის მთავარ ეტაპზე მოპასუხემ დააზუსტა სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნილი თანხების ოდენობა და განმარტა, რომ აღარ ითხოვა ერთი თვის პროცენტის თანხას 450 აშშ დოლარს, ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის სანოტარო მომსახურების თანხას - 120 ლარს.
მოპასუხის პოზიციის გათვალისწინებით, ცვლილება შევიდა სააღსრულებო ფურცელში, პროცენტის თანხისა და სანოტარო მომსახურების ნაწილში.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მისი პოზიცია, რომ სარგებლის სახით გადახდილი თანხა, როგორც შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, ძირი თანხის ანგარიშში უნდა ჩაეთვალა. მისი მითითებით სარგებლის ის ოდენობა, რაც კრედიტორმა განსაზღვრა ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას. გათვალისწინებით იმისა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის პროცენტი ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად ბათილია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1 წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების მართებულობა უნდა შემოწმდეს, მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის ოდენობის კანონიერების თვალსაზრისით, კერძოდ უნდა ჩაითვალოს თუ არა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წლიური სარგებელი შეუსაბამოდ მაღალ პროცენტად, და არსებობს თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში სკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე მისი ბათილობის წინაპირობები.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია და სადავოდ არ ხდება რომ:
- 2015 წლის 22 სექტემბერს მ--- ჩ-------სა და თ----- ბ–--–---ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მ--- ჩ-------მ ისესხა 18000 აშშ დოლარი, ერთი წლის ვადით, 2016 წლის 22 სექტემბრამდე, თვეში 2,5% სარგებლის, ხოლო სესხის და/ან სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,09% პირგასამტეხლოს დარიცხვის პირობით. სესხი უზრუნველყოფილი იქნა მ--- ჩ-------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, მდებარე თ---–------------------------------------------.
- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მხარეთა შეთანხებით ორჯერ შევიდა ცვლილება, რაც შეეხო მხოლოდ სესხის ვადას. 15.11.2016 წლის ცვლილებით სესხის ვადა გაიზარდა ერთი წლის ვადით, 2017 წლის 15 ნოემბრამდე და 15.12.2017 წლის ცვლილებით სესხის ვადა გაიზარდა 6 თვის ვადით, 2018 წლის 15 ივნისამდე. ორივე ცვლილების დროს, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დანარჩენი პუნქტები დარჩა უცვლელად.
- კრედიტორის თ------ ბ–--–---ს მოთხოვნის საფუძველზე, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე ნოტარიუს ნ-----–- კ-----–---–ის მიერ 2018 წლის 23 მარტს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც მოვალის მ--- ჩ-------ს მიმართ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა, სესხის ძირითადი თანხა - 18000 აშშ დოლარი, ოთხი თვის პროცენტი (ყოველთვიური 2,5%) – 1800 აშშ დოლარი და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 152,68 ლარი. სააღსრულებო ფურცელში აღნიშნულია, რომ კრედიტორმა უარი განაცხადა პირგასამტეხლოს მიღებაზე.
- პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხემ დააზუსტა სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნილი თანხების ოდენობა და უარი თქვა ერთი თვის პროცენტის ოდენობაზე - 450 აშშ დოლარზე და სააღსრულებო ფურცლის გაცემის სანოტარო მომსახურების თანხაზე - 120 ლარზე.
4.1.2. სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ 2015 წლის 22 სექტემბერის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებებით შეთანხმებული სარგებლის ოდენობა არ უნდა შემცირდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი, ხოლო მეორე ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით სარგებლის ოდენობად თვიური 2.5% (წლიური 30%), შეთანხმდა. მ--- ჩ-------მ სარჩელი წარადგინა სასამართლოში, რომლითაც ამორალურობის მოტივით შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთის ბათილად ცნობა მოითხოვა. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თავად განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს. ამასთან, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი არ არის შეუზღუდავი უფლება და გარკვეული იმპერატიული დანაწესებით იგი შეიძლება შეიზღუდოს კიდეც. მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული ნორმა დისპოზიციურია და მხარეებს აძლევს შესაძლებლობას თავად განსაზღვრონ სესხის პირობები, მათ შორის, თავად დაადგინონ სესხის ხელშეკრულების პირობა სარგებლის თაობაზე, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა სპეციალურ შეთანხმებაზეა დამოკიდებული სარგებლის გათვალისწინება სესხის ხელშეკრულებაში. სხვა შემთხვევაში სესხი არის სარგებლის გარეშე.
4.1.3. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების ან მისი რომელიმე პირობის ბათილად ცნობა ამორალურობის მოტივით შეფასებითი კატეგორიაა. ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი უზრუნველყოფს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს. გარიგების ამორალური მოტივის დასადგენად დადგენილი კრიტერიუმები არ არსებობს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მას სასამართლო საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერებით აფასებს.
4.1.4. კერძო ავტონომიის ფარგლებში დადებული გარიგებების არსებობის პირობებში დაცული უნდა იქნეს ხელშეკრულების მონაწილე სუსტი მხარის ინტერესი, სწორედ აღნიშნული სულისკვეთება დაედო საფუძვლად 2016 წელს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლში განხორციელებულ ცვლილებებს, როდესაც მას მე-2 ნაწილი დაემატა და სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ზღვრად 100 % განისაზღვრა. აღნიშნული ცვლილებები 2017 წლის 15 იანვარს შევიდა ძალაში, რომელიც მიზნად სასესხო/საკრედიტო ურთიერთობებში მომხმარებელთა უფლებების დაცვას ისახავდა. ნორმის განმარტებითი ბარათის თანახმად, „დღეისათვის, როცა სესხებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, დაბალი ფინანსური განათლების პირობებში მოსახლეობისათვის რთულად დასაგეგმი აღმოჩნდა საკუთარი ფინანსების მართვა. შედეგად საკმაოდ ხშირად ჭარბვალიანობა და მასთან დაკავშირებული სირთულეები მოსახლეობისთვის საკმაოდ მწვავე პრობლემად იქცა. განსაკუთრებით გამწვავდა ეს პრობლემა ბოლო წლებში, როცა ბაზარზე გამოჩნდნენ ე.წ. ონლაინ სესხების გამცემი კომპანიები, რომლებიც ოპერირებენ როგორც ჩვეულებრივი მეწარმეები რაიმე დამატებითი რეგულაციების გარეშე. მათ გააჩინეს მოთხოვნა ბაზარზე სწრაფი და მარტივად ხელმისაწვდომი (საბუთების წარდგენის გარეშე) ფინანსებთან დაკავშირებით. აგრესიული მარკეტინგისა და ადამიანის იმპულსური ფსიქოლოგიის კომბინაციის პირობებში ხშირად ადამიანები გადაწყვეტილებებს ისე იღებენ სესხის აღებაზე, რომ არც მათ რეალურ საჭიროებაზე ფიქრობენ და არც იმაზე, რამდენად შეძლებენ აღებული ფინანსური ტვირთის ზიდვას. როგორც სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული არაერთი კვლევა ცხადყოფს, მსგავსი სესხის აღების მიზნობრიობა შეიძლება იყოს ნებისმიერი - საჭმელი, გართობა, ტანსაცმელი, სესხის გადაფარვა. ხარჯები, გამოხატული საპროცენტო განაკვეთებში მაღალია და ზოგჯერ დაუფარავადაა მითითებული შესაბამის ვებ-გვერდებზეც, თუმცა, მსესხებელს აღნიშნულ ხარჯის აღქმა უჭირს. პრობლემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ნაწილობრივ გაუმჭვირვალე პირობების და მიზნობრივი სეგმენტის დაბალი ფინანსური განათლების პირობებში „კეთილშობილი“ პროდუქტი თავისი მთავარი არსის საპირისპიროდ ტრანსფორმირდება და სწრაფი, მოკლევადიანი სესხის ნაცვლად სახეზე ვიღებთ გრძელვადიან სესხს შეუსაბამოდ მაღალი ხარჯებით“. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა საკითხი, დარეგულირებულიყო საკრედიტო ურთიერთობები მომხმარებელთა უფლებების დაცვის ინტერესების გათვალისწინებით.
მოყვანილი მსჯელობიდან, ნათელია, რომ კანონმდებელმა აღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა და სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ზღვრად 100 % განსაზღვრა, რაც ნიშნავს, იმას, რომ ამ ოდენობის დაბლა მხარეთა მიერ შეთანხმებული ნებისმიერი საპროცენტო განაკვეთი კანონშესაბამისია. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ კანონმდებლობის აღნიშნული ცვლილებები 2017 წელს შევიდა ძალაში, ხოლო მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულებები 2015 წლებში გაფორმდა, რა თქმა უნდა, სასამართლო ხსენებულ ნორმას უკუძალას არ ანიჭებს და მას მხარეთა შორის წარმოშობილი დავის გადამწყვეტ დამფუძნებელ ნორმად არ იყენებს, თუმცა, რადგან გარიგების ამორალურობა სამართლის შეფასებითი კატეგორიაა, კანონმდებლის მიერ განხორციელებული ცვლილებები სასამართლოსთვის მნიშვნელოვან საორიენტაციო ვექტორს წარმოადგენს. 2017 წელს ძალაში შესული ცვლილებების თანახმად, სესხისთვის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 100%-ის ოდენობამდე განსაზღვრა გარკვეულწილად „დაკანონდა“, ანუ სხვაგვარად თუ ვიტყვით, „კანონშესაბამისი“ გახდა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2015 წელს მხარეთა მიერ წლიური საპროცენტო განაკვეთის უცხოურ ვალუტაში 30%-ით, განსაზღვრა ზნეობისა და მორალის საწინააღმდეგო შეთანხმებას არ წარმოადგენს, რადგან იგი იმ ფარგლებში ექცევა, რომელიც მოგვიანებით კანონმდებელმა „დააკანონა“, „კანონშესაბამისად“ მიიჩნია. ამიტომ ითვლება, რომ იგი არ არის სამოქალაქო ბრუნვისათვის შეუსაბამო, შესაბამისად მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 519 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ--- ჩ-------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე /ვანო წიკლაური /