განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.11.2018
საქმის ნომერი
330210018002463391
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002463391

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/6023-18

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ვანო წიკლაური

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - ქ-------–----------–----–---------------

წარმომადგენელი - გ------- ა---------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ნ---- დ------

წარმომადგენელი - გ----------–---------–---–-

 

დავის საგანი - უსაფუძვლოდ მიღებული თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილებით ნ---- დ------ს სარჩელი ქ. თ---–-------------–----–------------------ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; არ დაკმაყოფილდა ნ---- დ------ს სარჩელი ქ--------–-----------–----–---------------- მიმართ ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე; მოპასუხე ქ-------–----------–----–---------------ს მოსარჩელე ნ---- დ------ს სასარგებლოდ დაეკისრა 6 000 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2--- წლის 24 დეკემბერს ქ. თ---–---- მთავრობასა და ნ---- დ------ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, ქ. თ---–---- მთავრობამ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემაზე საკონკურსო კომისიის 2--- წლის 20 აგვისტოს N-- ოქმისა და ქ. თ---–---- პრემიერის 2--- წლის 19.07. N----ე განკარგულების საფუძველზე, აუქციონის წესით საკუთრებაში გადასაცემი მიწის ნაკვეთი მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე მიჰყიდა მოქალაქე ნ---- დ------ს.

 

ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგანი წარმოადგენს მიწის ნაკვეთს, რომლის ფართობი შეადგენს 500 კვ. მ და მდებარეობს მისამართზე თ---–---------–----------–---------------–-----------------------------–------–------------------------------------------------–---------------- ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგნის ფასი განისაზღვრა 6 000 ლარით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს. ფ.29-32);

- მხარეთა ახსნა -განმარტება.

 

2.2. ნ---- დ------ს მიერ ქ-------–------------ არქიტექტურის საქალაქო სამსახურისთვის გადახდილია ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული უძრავი ქონების ღირებულება 6 000 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ. 33);

- უძრავი ქონების გადაცემისთვის საგადასახადო დეკლარაცია (ს.ფ. 34);

- სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 35);

- ქვითარი (ს.ფ. 36);

- მხარეთა ახსნა -განმარტება.

 

2.3. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნ---- დ------ 2004 წლის 08 იანვარს საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი ქონების მდებარე თ---–---------–----------–--------------–--------------------------–------–------------------------------------------------–----------------ის მესაკუთრედ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 37-38);

- საკადასტრო რუკა (ს.ფ. 39);

- მხარეთა ახსნა -განმარტება.

 

2.4. ქ-------–------------ 2005 წლის 26 ივლისის N---- განკარგულებით ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქ. თ---–---- პრემიერის 2--- წლის 19 ივლისის N--- განკარგულება, რომლითაც დამტკიცდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებასა და განკარგვის (საკონკურსო) კომისიის შემაჯამებელი სხდომის ოქმი, რომელიც საფუძვლად დაედო ქ-------–--–---------------------–------–---------------------------’ მიმდებარედ არსებული 500 კვ.მ მიწის ნაკვეთის გასხვისებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვა (ს.ფ. 41-42);

- მხარეთა ახსნა -განმარტება.

 

2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ---- დ------ს სარჩელი ქ-------–-------------- 2005 წლის 26 ივლისის N---- განკარგულების არარა აქტად აღიარების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადაწყვეტილება (ს.ფ.43-49);

- მხარეთა ახსნა -განმარტება.

 

2.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ივნისის განჩინებით ნ---- დ------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განჩინება (ს.ფ.50-60);

- მხარეთა ახსნა -განმარტება.

 

2.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 10 იანვრის განჩინებით ნ---- დ------ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშველად, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ივნისის განჩინება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განჩინება (ს.ფ.61-62);

- მხარეთა ახსნა -განმარტება.

 

2.8. თ---–-----------------------–---------------------------------- მიმდებარედ არსებულ 500.00 კვ.მ არასასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 0---------------) საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.63-64);

- მიმართვა (ს.ფ. 65);

- მხარეთა ახსნა -განმარტება.

 

2.9. მოპასუხეს ნ---- დ------სთვის არ დაუბრუნებია ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხა 6 000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვა (ს.ფ. 41-42);

- მხარეთა ახსნა -განმარტება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.10. ნ---- დ------ს სარჩელი ქ--–---------–-----------–----–---------------- მიმართ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის დაბრუნების თაობაზე არ არის ხანდაზმული.

 

მითითებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შემდეგზე:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც მისი აზრით ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა- განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე ფაქტობრივად დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და სადავო გახადა მხოლოდ სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი. ამასთან, მოპასუხის პოზიციით წარმოდგენილ დავაზე უნდა გავრცელდეს დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადა. გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხეს არ დაუსაბუთებია, რატომ მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა დელიქტურ ვალდებულებიდან წარმოშობილი საფუძვლით წარმოდგენილად, მაშინ როცა მოსარჩელე ნათლად და გარკვევით მოითხოვს მოპასუხისგან თანხის დაბრუნებას უსაფუძვლო გამდიდრების საფუძვლიდან გამომდინარე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ დავის სამართლებრივ შეფასებას სასამართლო დამოუკიდებლად ახდენს. ამ დროს იგი არ არის შებოჭილი მხარეთა მოსაზრებებით, შესაბამისად, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებით. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა სასამართლოს პრეროგატივაა, რადგანაც ასეთი შეფასების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის ან ნორმების ზუსტი განსაზღვრა და, აქედან გამომდინარე, მოთხოვნის წინაპირობების შესრულების დადგენა. შესაბამისად, სარჩელის საფუძველს განსაზღვრავს მოსარჩელე დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ხოლო დავის სამართლებრივი შეფასება უკვე სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება.

 

განსახილველ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს სარჩელი წარმოდგენილი აქვს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ დაფიქსირებული პოზიციიდან გამომდინარე მიზანშეწონილია განიმარტოს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთიანობაში შეფასებით დგინდება, რომ წარმოდგენილი დავა არ მიეკუთვნება დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე დავას, ვინაიდან არ არსებობს დელიქტური ვალდებულების და მისი სადამფუძნებლო ნორმის (სსკ-ის 992-ე მუხლი) გამოყენებისთვის დადგენილ წინაპირობათა ერთობა. გაურკვეველია თუ რაში მდგომარეობს ზიანის დადგომაში მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება და ბრალი, როდესაც იმ განკარგულების კანონიერების თაობაზე, რომლითაც გაუქმდა მოსარჩელის საკუთრების უფლება, უკვე ნამსჯელი აქვს სამივე ინსტანციის სასამართლოს და დადგენილია, რომ არსებობდა მისი არარა აქტად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოპასუხის მსჯელობა მიმდინარე დავის დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე დავად მიჩნევის თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა. ამავე კოდექსის მესამე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობა ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება კი დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე ვრცელდება არა სახელშეკრულებო ურთიერთობისთვის დადგენილი ხანდაზმულობის სპეციალური, არამედ საერთო ათ წლიანი ხანდაზმულობის ვადა (იხ. სუსგ საქმე N347-323-2010). ვინაიდან განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია სწორედ მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება, შესაბამისად, მასზეც უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის საერთო ათწლიანი ვადა.

 

უდავოა, რომ მოსარჩელეს საკუთრების უფლება გაუუქმდა და შესაბამისად თანხის გადახდა უსაფუძვლო გახდა 2005 წლის 26 ივლისის განკარგულების გამოცემის შემდეგ. ამასთანავე, მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა ქალაქ თ---–---- მ------ 2005 წლის 26 ივლისის N---- განკარგულების არარა აქტად აღიარების თაობაზე. ამასთანავე დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 10 იანვრის განჩინებით ნ---- დ------ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშველად, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ივნისის განჩინება. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელისთვის ხანდაზმულობის ათ წლიანი ვადის დენა დაიწყო სწორედ ამ განჩინების მიღების შემდეგ. სარჩელი წარმოდგენილია 2018 წლის 25 მაისს, შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება მასზედ, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განჩინება (ს.ფ.61-62);

- მხარეთა ახსნა -განმარტება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.11. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი)

 

შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლოს ამოცანაა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინოს რამდენად არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელ კომპონენტთა ერთიანობა მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან და საფუძვლებიდან გამომდინარე. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ნ---- დ------ს სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს დაევალოს ერთის მხრივ ქ--–--------–----------–----–---------------- განახორციელოს ყველა საჭირო ქმედება და, მეორეს მხრივ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოახდინოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 500 კვ.მ მიწის ნაკვეთის მდებარე თ---–----------------------------–------------------------------------------------- საკადასტრო კოდი 0---------------, სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია თბილისის თვითმმართველი ერთეულის სასარგებლოდ.

 

განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში იურიდიულ ინტერესზე და მის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი მოთხოვნიდან გამომდინარე არ იკვეთება რაში მდგომარეობს დავის მიმართ უშუალოდ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი. მით უფრო გაუგებარია მოსარჩელის იურიდიული ინტერესი მოთხოვნის მიმართ იმის გათვალისწინებით, რომ იგი მოითხოვს ქმედების განხორციელების დავალებას იმ ადმინისტრაციული ორგანოსთვის, რომელიც არ არის დასახელებული მოპასუხედ, ხოლო სამართლებრივი შედეგი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში უნდა მიიღოს სხვა პირმა, კერძოდ, თბილისის თვითმმართველი ერთეულმა. ყოველივე ზემოაღნიშნული და დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არარსებობა კი გამორიცხავს ამ ნაწილში ნ---- დ------ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

იმისათვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილი ვალდებულების არსებობის შესახებ, აუცილებელია მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა სწორედ ამ საფუძველს და შესაბამის ფაქტებს დააყრდნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით შეცვალოს სარჩელის საფუძველი. ეს დაარღვევს არა მარტო დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს, არამედ მთლიანად შეცვლის მხარეთა პროცესუალურ მდგომარეობას. თუ ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულებისას მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია, ხოლო მოპასუხეს, მხოლოდ, ფაქტების მითითების ტვირთი აქვს, უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილ ურთიერთობებში, ვალდებულების არსებობის მითითებისა და მისი მტკიცების ტვირთიც მოპასუხეს ეკისრება. თუ მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად ვალდებულებას უთითებს, თავად არის ამ მითითებისა და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი სამართლებრივი შედეგების რისკის მატარებელი.

 

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია სწორედ უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულება, რასთან შესაბამისობაშიც მსჯელობს სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში და ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი, ან ამგვარი საფუძველი ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა ან შეწყდა. შესრულების კონდიქციისას, ისევე, როგორც უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტისათვის მახასიათებელი მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დაბრუნებაა. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ- სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე.

 

უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უპირატესობის მიღებამდე...უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილის დაცვითი ფუნქციით. უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი-მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია-ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (იხ. სუსგ. №ას-184-171-2015)

 

ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხის გამდიდრება; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები რომლითაც დადასტურდებოდა მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო არაა ის გარემოება, რომ ნ---- დ------ს მიერ ქალაქ თ---–---- მ------ არქიტექტურის საქალაქო სამსახურისთვის გადახდილია ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული უძრავი ქონების ღირებულება 6 000 ლარი. ამასთანავე, დადგენილია, რომ მოპასუხეს არ დაუბრუნებია მისთვის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი 6 000 ლარი, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სადავო უძრავ ქონებაზე გაუქმებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება. საკუთრების უფლების გაუქმების საფუძველი კი გახდა თ---–---- მ------ განკარგულება. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში მოსარჩელემ უზრუნველყო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის სათანადო რეალიზება, რის შედეგადაც დადგენილია, რომ სახეზეა მოპასუხის გამდიდრების ფაქტი, მოპასუხის გამდიდრება გამოიწვია მოსარჩელის ქმედებამ, ამასთან ქმედებასა და შედეგს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, არის უკანონო.

 

შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთიანობა განაპირობებს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი ყველა კომპონენტის ერთიანობაში არსებობას, რის გამოც არსებობს მოპასუხისთვის 6 000 ლარის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტი გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ დასკვნას აკრიტიკებს, რომლითაც 2--------- წლის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი 6 000 ლარის მოსარჩელისთვის დაბრუნება უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების (სსკ-ის 976-991) ანუ კონდიქციური სამართლის გამოყენებით დასაბუთდა. აპელანტის მოსაზრებით განსახილველი დავის გადაწყვეტის მიზნით სასამართლოს დელიქტური ვალდებულების მომწესრიგებელი ნორმებით უნდა ეხელმძღვანელა. აპელანტი სასარჩელო მოთხოვნის განხორციელებადობასაც (ხანდაზმულობას) ხდის სადავოდ.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უდავოდ დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი, რომ 2--- წლის 24 დეკემბერს ქ. თ---–---- მთავრობასა და ნ---- დ------ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც ქ. თ---–---- მთავრობამ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემაზე საკონკურსო კომისიის 2--- წლის 20 აგვისტოს N-- ოქმისა და ქ. თ---–---- პრემიერის 2--- წლის 19.07. N----ე განკარგულების საფუძველზე, აუქციონის წესით საკუთრებაში გადასაცემი მიწის ნაკვეთი მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე მიჰყიდა მოქალაქე ნ---- დ------ს. ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგანი წარმოადგენდა მიწის ნაკვეთს, მდებარე თ---–---------–----------–---------------–-----------------------------–------–--------------------------------------------------–---------------. ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგნის ფასი 6 000 ლარს შეადგენდა.

 

4.1.2. სააპელაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ფაქტს მასზედ, რომ ნ---- დ------ს 2--------- წლის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე ქ-------–------------ არქიტექტურის საქალაქო სამსახურისთვის გადახდილი აქვს ნასყიდობის საფასური 6 000 ლარის ოდენობით. ამ მიმართებით სააპელაციო სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს თავად ხელშეკრულების ტექსტზე, რომლითაც მხარეები ადასტურებენ, რომ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის, მყიდველს ქ. თ---–---- ა---------------------------------–---------------- სამსახურის კონკურსისა და აუქციონის სპეციალურ ანგარიშზე შეტანილი ჰქონდა აუქციონით (კონკურსით) გათვალისწინებული თანხა 6 000 ლარის ოდენობით. (ს.ფ. 31) გარდა ამისა, აღნიშნული საკითხის დადასტურების მიზნით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია 16.07.2---წ. #------ ცნობა ქ-------–------------ არქიტექტურის საქალაქო სამსახურიდან, აღნიშნული დოკუმენტით ქ-------–------------ არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ დადასტურებულია ნ---- დ------ს მიერ აუქციონის წესით შესყიდული მიწის ნაკვეთის მდებარე: მ---–------------–------------------------------------–------–------------------------------------------ მთლიანი ღირებულების 6 000 ლარის გადახდის ფაქტი. (ს.ფ. 33) შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტის არგუმენტს საქმეში ნასყიდობის საფასურის გადახდის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებების არ არსებობის თაობაზე, რადგანაც როგორც აღინიშნა ეს გარემოება, ერთი მხრივ, დასტურდება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, მეორე მხრივ, ქ-------–------------ არქიტექტურის საქალაქო სამსახურის 16.07/2---წ. #------ ცნობით, რომლითაც დადასტურებულია ნასყიდობის საფასურის მყიდველის მიერ გამყიდველის ანგარიშზე სრულად განთავსების ფაქტი.

 

4.1.3. უდავოა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნ---- დ------ 2004 წლის 08 იანვარს საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი ქონების მდებარე თ---–---------–----------–--------------–--------------------------–------–------------------------------------------------–----------------ის მესაკუთრედ.

 

4.1.4. უდავოა ასევე, რომ ქ-------–------------ 2005 წლის 26 ივლისის N---- განკარგულებით ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქ. თ---–---- პრემიერის 2--- წლის 19 ივლისის N--- განკარგულება, რომლითაც დამტკიცდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებასა და განკარგვის (საკონკურსო) კომისიის შემაჯამებელი სხდომის ოქმი, რომელიც საფუძვლად დაედო ქ-------–--–---------------------–------–---------------------------’ მიმდებარედ არსებული 500 კვ.მ მიწის ნაკვეთის გასხვისებას.

 

4.1.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ---- დ------ს სარჩელი ქ-------–-------------- 2005 წლის 26 ივლისის N---- განკარგულების არარა აქტად აღიარების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება შეუსლია კანონიერ ძალაში. (ს.ფ.43-62);

 

4.1.6. განსახილველ შემთხვევაში აპელანტი გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ დასკვნას აკრიტიკებს, რომლითაც 2--------- წლის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი 6 000 ლარის მოსარჩელისთვის დაბრუნება უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების (სსკ-ის 976-991) ანუ კონდიქციური სამართლის გამოყენებით დასაბუთდა. აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი სასარჩელო მოთხოვნის განხორციელებადობასაც (ხანდაზმულობას) ხდის სადავოდ.

 

4.1.7. სააპელაციო სასამართლო ზემოაღნიშნული პრეტენზიების დასაბუთებულობის შემოწმებისას, პირველ რიგში, მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძვლებს განსაზღვრავს. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. (იხ. სუსგ # ას 15-29-1443 -2012, 09.12.2013წ.; შდრ. სუსგ საქმე #ას -973 -1208 -04).

 

4.1.8. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტის პრეტენზიას მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად კონდიქციური (უსფუძვლო გამდიდრება) სამართლის ნორმების გამოყენების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევაც სურს მოსარჩელეს, კერძოდ, 2--------- წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი 6 000 ლარის დაბრუნება, ამ უკანასკნელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით (იხ. წინამდებარე განჩინების 4.1.1. – 4.1.5. ქვეპუნქტები), სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ პუნქტის (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) შემადგენლობიდან გამომდინარეობს. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ უმნიშვნელოვანეს გარემოებას, რომ ქ-------–------------ 26.07.2005 წლის N---- განკარგულების, (რომლითაც გაუქმდა უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლება) კანონიერების საკითხი ნ---- დ------ს სარჩელის საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით შემოწმებულია სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ და დადასტურებულია ამ განკარგულების არარა აქტად აღიარების მართლზომიერება, აღნიშული კი თავის მხრივ გამორიცხავს აპელანტის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას, რაც დელიქტიდან გამომდინარე სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის - ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა. ამდენად, სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად კონდიქციური (უსაფუძვლო გამდიდრება) სამართლის ნორმების გამოყენების და ამ მოთხოვნასთან მიმართებით ხანდაზმულობის საერთო ათ წლიანი ვადის დენის დაწყების მომენტად ქალაქ თ---–---- მ------ 2005 წლის 26 ივლისის N---- განკარგულების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღის მიჩნევასთან დაკავშირებით.

 

ამგვარად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სრულად და სწორად იქნა გამოკვლეული დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემეობები, რომლებსაც სასამართლოს მხრიდან მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასებები. შესაბამისად, არ არსებობს აპელანტის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

6.1. აპელანტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ. თ---–---- მ----–----–-------- მ------ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვანო წიკლაური