განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.12.2018
საქმის ნომერი
020332118700050259
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
13.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020332118700050259

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე № 2\ბ- 1185

13 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი) თამარ სვანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე, ი---- პერანიძე

 

სხდომის მდივანი მირანდა ი------ე

 

აპელანტი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

წარმომადგენელი: გ------- შ-–-------ე

მოწინააღმდეგე მხარე: ს-------- გ--------ე

წარმომადგენელი: ე------ უ----–--ე

დავის საგანი: სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმება; სამუშაოზე აღდგენა; იძულებით განაცდურის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ს-------- გ--------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

2015 წლის 25 ოქტომბერს, ს-------- გ--------ემ სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიმართ და ითხოვა მოპასუხის 15.09.2015წ. N1--- ბრძანების, ასევე, ს-------- გ--------ის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ 30.09.2015წ. N1/კ- 5-- ბრძანების ბათილად ცნობა, მოსარჩელის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნ---------–ის საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა და სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიურად 900 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მასსა და სამეურვეო საბჭოს შორის 26.11.2014წ. გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნ---------–ის საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე. მოსარჩელე, დაბა ნ---------–ის რამოდენიმე მაცხოვრებლისგან განიცდიდა დევნას. ამ პირების მიერ საგანმანათლებლო რესუსცენტრში შეტანილი განცხადებების საფუძველზე გამოიცა განათლების და მეცნიერების სამინისტროს 15.09.2015წ. N 1--- ბრძანება ნ---------–ის საჯარო სკოლის მიმართ გაფრთხილების თაობაზე, რომლითაც სკოლას განესაზღვრა 1 თვის ვადა აღმოჩენილი ხარვეზის აღმოფხვრისათვის.

 

ბრძანებაში აღნიშნული ვადის გასვლამდე განათლების და მეცნიერების სამინისტრომ გამოსცა ს. გ--------ის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ 30.09.2015წ. N1/კ-5-- ბრძანება. მოსარჩელე თვლის, რომ აქტი უკანონოა, ვინაიდან ის კეთილსინდისიერად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. გასაჩივრებული სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი გახდა განათლების და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 10.09.2015წ. მოხსენებითი ბარათი და შიდა აუდიტის დასკვნა, რომლებიც ძირითადად ეფუძნებოდა დაბა ნ---------–ის მცხოვრებთა განცხადებებს, განცხადებებში მითითებული გარემოებები სრულად არ გამოკვლეულა.

 

მოპასუხე მხარემ, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა არ ცნო ს-------- გ--------ის სარჩელი და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.

 

მოპასუხის განმნარტებით: საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 15 სექტემბრის N1--- ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ა-–---------- ო--------–---–ის 2015 წლის 10 სექტემბრის N874088 მოხსენებითი ბარათისა და შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 10 სექტემბრის N874088 მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში შევიდა მოქალაქე ა------ შ----ის კორესპოდენციები, რომლებიც შეეხება სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნ---------–ის საჯარო სკოლის დირექტორის დარღვევებს. ამავე სკოლაში არსებულ შესაძლო დარღვევებს შეეხება სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა ცენტრის უფროსის მაია გედევანიშვილის 2015 წლის 01 ივნისის N10-4/4301 წერილი. შიდა აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა ზემოაღნიშნული კორესპოდენციები, რაზეც შედგა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნ---------–ის საჯარო სკოლის შესახებ“ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის N10091509-- დასკვნა.

 

დასკვნაში აღნიშნულია, რიგი საკითხები, რომ სამეურვეო საბჭოს წევრები არიან ერთმანეთის ახლო ნათესავები და მათი წევრობა ბათილია: სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს, სხვა მოსწავლის მიერ ნასროლი საახალწლო ასაფეთქებელი ნივთიერების აფეთქების შედეგად დაუზიანდა თვალი, ასევე აღნიშნულია, რომ საკითხის შესწავლის პერიოდში შემოწმდა საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობა, პედაგოგების მიერ გაკვეთილების გაცდენის ფაქტები, მოსწავლის ცემის ფაქტი, რასთან დაკავშირებითაც შედგენილ იქნა შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა (N2702151005). დასკვნის საფუძველზე მინისტრის 2015 წლის 5 მარტის N145 ბრძანებით სკოლას მიეცა წერილობით გაფრთხილება.

 

მოპასუხემ განმარტა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 14 იანვრის N22 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამის“ თანახმად, შესრულებული მომსახურების მონიტორინგის ყოველდღიურად განხორციელება ეკისრება საჯარო სკოლას, რაც სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ---------–ის საჯარო სკოლის დირექტორის მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული და ნაცვლად მონიტორინგისა, დირექტორმა საკუთარი ხელმოწერით დაადასტურა მომსახურებასთან დაკავშირებული მცდარი ინფორმაცია.

 

მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებით: საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად. მასვე ეკისრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 24 სექტემბრის N99669-- მოხსენებითი ბარათის შესაბამისად: შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, სკოლის დირექტორი თავისი ხელმოწერით ადასტურებდა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ცალკეული პირები (გ------ ქ-------ე, რ----- ხ------------ე, თ----- მგ--–--ე, რ----- ანთაძე) კონკრეტულ თარიღებში ახორციელებდნენ მოსწავლეების ტრანსპორტირებას, თუმცა დადგინდა, რომ დირექტორის ხელმოწერით დადასტურებულ თარიღებში მითითებული პირები არ იმყოფებოდნენ საქართველოში და ფიზიკურად ვერ შეძლებდნენ ტრანსპორტით მომსახურების უზრუნველყოფას.

 

მოპასუხემ ამ და სხვა გარემოებათა გამო ს-------- გ--------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 18.03.2016წ. გადაწყვეტილებით ს-------- გ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 30.09.2015წ. N1/კ-5-- ბრძანება და ს-------- გ--------ე აღდგენილ იქნა სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნ---------–ის საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა ს. გ--------ის სასარგებლოდ უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან - 2015 წლის 30 სექტემბრიდან განაცდური ხელფასის ანაზღაურება, ყოველთვიურად 900 ლარის ოდენობით გადაწყვეტილების აღსრულებამდე. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 15.09.2015წ. N1--- ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელე ს-------- გ--------ე ოზურგეთის დაბა ნ---------–ის სამეურვეო საბჭომ აირჩია ამავე სკოლის დირექტორად, რის შემდეგ 2014 წლის 26 ნოემბერს მოსარჩელესა და სამეურვეო საბჭოს შორის გაფორმებული იქნა შრომითი ხელშეკრულება. შრომის ანაზღაურება განისაზღვრა ყოველთვიურად 900 ლარის ოდენობით, ხელშკერულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 27 ნოემბრამდე.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 15 სექტემბრის N1--- ბრძანებით წერილობით გაფრთხილება გამოეცხადა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ოზურგეთის მუნიციპალიტეეტის დაბა ნ---------–ის საჯარო სკოლას და მასვე დაევალა დასკვნაში დაფიქსირებულ დარღვევებზე რეაგირება და გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის წარდგენა შიდა აუდიტის დეპარტამენტში ერთი თვის ვადაში.

 

სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნ---------–ის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2015 წლის 17 სექტემბრის N2 სხდომის ოქმის მიხედვით სამეურვეო საბჭომ დაადგინა: უფლებამოსილება არ შეუწყდეს სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნ---------–ის საჯარო სკოლის დირექტორს ს-------- გ--------ეს.

 

საწინააღმდეგოდ ამისა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ა-–---------- ო--------–---–ის 2015 წლის 24 სექტემბრის მოხსენებითი ბარათის მიხედვით მიზანშეწონილად ჩაითვალა სკოლის დირექტორისათვის ს-------- გ--------ისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის N1/კ-5-- ბრძანებით შეწყდა შრომითი ურთიერთობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორ ს-------- გ--------ესთან.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მესამე პირების თანდასწრებით სკოლის მოსწავლის აკადემიურ მოსწრებასთან, ასევე ჩაცმულობასთან დაკავშირებით პედაგოგის მხრიდან გამოთქმული მოსაზრება არ უნდა იქნეს მიჩნეული დირექტორის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლად, მით უფრო ისეთ ვითარებაში, როცა აღნიშნული მხოლოდ დირექტორის ბრალეულობით არ მოხდა.

 

სასამართლოს მითითებით პედაგოგების შვებულებაში გაშვებისას გამოვლენილი დარღვევა ატარებს უფრო ტექნიკურ ხასიათს და არ შეიცავს არსებითი დარღვევის შინაარს, რამაც რაიმე სახის პრობლემა შექმნა საგანმანათლებო პროცესში. მძღოლების ტაბელებზე ხელმოწერის არასწორად დაფიქსირება წარმოადგენს მნიშვნელოვან დარღვევას, თუმცა მოწმის სახით დაკითხვისას სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მსგავსი პრაქტიკა მათ მიერ ხორციელდება მთელი ქვეყნის მაშტაბით და ს-------- გ--------ის შემთხვევა გამონაკლისი არ ყოფილა.

 

სასამართლომ გაიზიარა სამეურვეო საბჭოს 2015 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიიჩნია, რომ არ არსებობდა სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი.

 

სარჩელის განმხილველი სასამართლოს მითითებით: 2015 წლის 15 სექტემბრის N1--- ბრძანება ეფუძვნება სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ა-–---------- ო--------–---–ის მოხსენებით ბარათს და შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნას. ამ დოკუმენტებში მოყვანილი ფაქტები დასტურდება. გამოცხადებულია დარღვევებზე პასუხისმგელობის შესაბამისი ზომა და ბრძანების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

 

სასამართლოს გადაწყვეტილება დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ხოლო გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი წარადგინა ს-------- გ--------ემ.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.07.2016წ. განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შუამდგომლობა, განსახილველი საქმიდან გამოიყო ს-------- გ--------ის საააპელაციო საჩივართან დაკავშირებული წარმოება და საქმე ამ ნაწილში განსჯადობით გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

 

ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება ს. გ--------ის საააპელაციო საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.11.2016წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა ს. გ--------ის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში. კერძოდ იმ ნაწილში, რომლითაც ს-------- გ--------ე ითხოვდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 15 სექტემბრის N1--- ბრძანების ბათილად ცნობას, რომელი ბრძანებითაც წერილობით გაფრთხილება გამოეცხადა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნ---------–ის საჯარო სკოლას. აღნიშნული განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.09.2017წ. განჩინებით განახლდა საქმის წარმოება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.12.2017წ. განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომელმაც სადავო გახადა განსჯადობის თაობაზე სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ მიღებული განჩინება.

 

საბოლოოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით: ს-------- გ--------ის სასარჩელო მოთხოვნა ს. გ--------ის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 30.09.2015წ. N1/კ-5-- ბრძანების ბათილად ცნობის, მოსარჩელის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნ---------–ის საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის და მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

აპელანტის საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღების ს-------- გ--------ის სარჩელი ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს;

 

აპელანტის განმარტებით: სასამართლომ არანაირი შეფასება არ მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რამაც გამოიწვია საქმეზე უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება. სასამართლომ არ გამოიყენა ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-7 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი, რომელიც უდევს სამართლებრივ საფუძვლად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის N1/კ-5-- ბრძანებას (ს-------- გ--------ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ). აღნიშნულმა კი გამოიწვია საქმეზე უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებისგამოტანა.

 

,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია სკოლას მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან/და სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართოს შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. სკოლის სამეურვეო საბჭო დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებაში მითითებულ ვადაში.

 

აპელანტმა მიუთითა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 24 სექტემბრის მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში შევიდა მოქალაქე ა------ შ----ის კორესპონდენციები, რომლებიც ეხებოდა სსიპ- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნ---------–ის საჯარო სკოლის დირექტორის დარღვევებს. ამავე სკოლაში არსებულ შესაძლო დარღვევებს ეხება სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა ცენტრის უფროსის მაია გედევანიშვილის 2015 წლის 01 ივნისის წერილიც. ზემოაღნიშნულ კორესპონდენციებში დაფიქსირებული საკითხების შესწავლის შედეგად გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე, შედგა შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა. დასკვნის საფუძველზე, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 15 სექტემბრის ბრძანებით სკოლას მიეცა წერილობითი გაფრთხილება. ამავე ბრძანებით სამინისტრომ მიმართა სკოლის სამეურვეო საბჭოს წარდგინებით სკოლის დირექტორის ს-------- გ--------ისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. სამეურვეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება არ შეეწყვიტა სკოლის დირექტორისათვის უფლებამოსილება. სამეურვეო საბჭოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-6 პრიმა პუნქტის დარღვევით, რომელიც ითვალისწინებს სამეურვეო საბჭოს ვალდებულებას დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუ ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვადამდე არ შეუწყვეტს უფლებამოსილებას სკოლის დირექტორს. სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება კი - დაუსაბუთებელია. წარმოდგენილი სამეურვეო საბჭოს ოქმიდან დგინდება, რომ სხდომაზე აზრი გამოთქვა საბჭოს მხოლოდ ერთმა წევრმა თ------ ღ-–-----მა. რომლის აზრითაც თანამდებობიდან გათავისუფლება არის გასატარებელი ღონისძიების უკიდურესი ფორმა, რაც მისი აზრით არ არის დაფიქსირებული დარღვევების შესაბამისი და თანაზომიერი. მისივე აზრით, სკოლის დირექტორს უნდა მიეცეს ვადა დაფიქსირებული დარღვევების გამოსასწორებლად. მათი დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში, კვლავ შესაძლებელი იქნება დირექტორის გათავისუფლების საკითხზე მსჯელობა.

 

აპელანტის მითითებით, სამეურვეო საბჭოს წევრის ზემოაღნიშნული მოსაზრებები ვერ ჩაითვლება დირექტორის გათავისუფლებასთან დაკავშირებულ წარდგინებაზე უარის თქმის დასაბუთებად. კერძოდ, სამეურვეო საბჭოს წევრი თავადვე ადასტურებს, რომ დარღვევას ნამდვილად ჰქონდა ადგილი და არ ხდის სადაოდ შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში დაფიქსირებულ არცერთი დარღვევის ფაქტს. რაც შეეხება, იმას რომ დარღვევები გამოსწორებადია და თუ ვერ გამოასწორებს სკოლის დირექტორი, შემდეგ მოხდეს გათავისუფლების საკითხზე მსჯელობა, შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში დაფიქსირებული დარღვევები სკოლის დირექტორის მხრიდან ვერ იქნება გამოსწორებული, რადგან დარღვევის კონკრეტული ფაქტი უკვე განხორციელებულია (მოსწავლესთან დაკავშირებული კონკრეტული ინფორმაცია უკვე მიეწოდა გარეშე პირებს, სკოლის დირექტორის ხელმოწერით უკვე შედგენილია დოკუმენტი, რომელიც მოიცავს მცდარ ინფორმაციას, კანონმდებლობის დარღვევით უკვე რეგისტრირებულია სკოლისათვის წარდგენილი კონკრეტული განცხადებები.) ამასთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 15 სექტემბრის ბრძანებით სკოლას მიეცა წერილობით გაფრთხილება, ხოლო ბრძანების მე-3 პუნქტით, სკოლას დაევალა დარღვევებზე რეაგირება და გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის წარმოდგენა (თანდართული დოკუმენტებით) შიდა აუდიტის დეპარტამენტში ერთი თვის ვადაში. აღნიშნული დავალების შესრულება არ არის დაკავშირებული სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის გათავისუფლების თაობაზე მისაღებ გადაწყვეტილებასთან.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 24 სექტემბრის N9669-- მოხსენებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ სკოლამ დირექტორის საქმიანობის გამო 1 წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილება მიიღო.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და ამავე მუხლის მე-7 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ დაეთანხმოს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება სკოლის დირექტორს.

 

საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის 1/კ-5-- ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად, სკოლის დირექტორ ს-------- გ--------ესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა. აღნიშნული ბრძანება გამოცემულია ”ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-6 პრიმა პუნქტის და მე-7 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ა-–---------- ო--------–---–ის 2015 წლის 24 სექტემბრის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.

 

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნ---------–ის საჯარო სკოლის დირექტორი ს-------- გ--------ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის N1/კ-5-- ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მხარეთა წარმომადგენლების განმარტებებს, მისცა შეფასება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს და თვლის, რომ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ს-------- გ--------ე ოზურგეთის დაბა ნ---------–ის სამეურვეო საბჭომ აირჩია ამავე სკოლის დირექტორად, რის შემდეგ 2014 წლის 26 ნოემბერს მოსარჩელესა და სამეურვეო საბჭოს შორის გაფორმებული იქნა შრომითი ხელშეკრულება. შრომის ანაზღაურება განისაზღვრა ყოველთვიურად 900 ლარის ოდენობით, ხელშკერულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 27 ნოემბრამდე.

 

დადგენილია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 15 სექტემბრის ბრძანებით წერილობით გაფრთხილება გამოეცხადა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ოზურგეთის მუნიციპალიტეეტის დაბა ნ---------–ის საჯარო სკოლას. მასვე დაევალა დასკვნაში დაფიქსირებულ დარღვევებზე რეაგირება და გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის წარდგენა შიდა აუდიტის დეპარტამენტში ერთი თვის ვადაში.

 

დადგენილია, რომ სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნ---------–ის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ 2015 წლის 17 სექტემბრის N2 სხდომის ოქმით დაადგინა: უფლებამოსილება არ შეუწყდეს სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნ---------–ის საჯარო სკოლის დირექტორს ს-------- გ--------ეს.

 

საბჭოს გადაწყვეტილება ეფუძნება იმ დასაბუთებას, რომ სკოლაში განხორციელებული დარღვევები აშკარაა. თუმცა თანამდებობიდან გათავისუფლება არის გასატარებელი ღონისძიების უკიდურესი ფორმა, რაც არ არის დარღვევების თანაზომიერი.

 

სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების მიუხედავად, სამინისტრომ ისარგებლა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით და მიზანშეწონილად ჩათვალა სკოლის დირექტორისათვის ს-------- გ--------ისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ა-–---------- ო--------–---–ის 2015 წლის 24 სექტემბრის მოხსენებითი ბარათი, (ანუ ს-------- გ--------ის გათავისუფლების დასაბუთების თაობაზე არსებული დოკუმენტი), ძირითადად ეფუძნება იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც მითითებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის N10091509-- დასკვნაში.

 

დასკვნის მიხედვით, საჯარო სკოლაში გამოვლენილია რამოდენიმე დარღვევა, რომელიც მოგვიანებით საფუძვლად დაედო დირექტორის განთავისუფლებას. სახელდობრ:

1) ინგლისური ენის მასწავლებელმა ნ---- ზ--------ემ სკოლის დირექტორის დავალებით გარეშე პირების თანდასწრებით ისაუბრა მოსწავლის ნ---- შ----ის შესახებ. დადგინდა, რომ მოსწავლესთან დაკავშირებული გარკვეული ინფორმაცია სკოლის მასწავლებელმა დირექტორისა და გარეშე პირების თანდასწრებით მიაწოდა მოსწავლის ბიძას.

2) დასკვნის მიხედვით, ს-------- გ--------ემ ასევე არ იმოქმედა კანონის მოთხოვნათა დაცვით, როდესაც მოხდა სკოლის კარებისა და სეიფის გატეხვა. დასკვნის მიხედვით, დირექტორი ვალდებული იყო შეესწავლა სკოლის მოსწავლეების მხრიდან კარისა და სეიფის გატეხვასთან დაკავშირებული შესაძლო დისციპლინური გადაცდომის გარემოებები და საკითხი განსახილველად გადაეცა სკოლის დისციპლინური კომიტეტისათვის.

3) მძღოლები, რომლებიც ახდენდნენ ბავშვების ტრანსპორტირებას, რ----- ხ------------ე, რ----- ა-----ე, თ----- მგ--–--ე, რ----–-ნ ქ-------ე დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის მიუხედავად დაფიქსირებული არიან გამოცხადების ტაბელში და იღებდნენ ხელფასს. მძღოლების ხელმოწერა ტაბელში იმ რიცხვებში, როცა ისინი არ ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, თავისი ხელმოწერით დაადასტურა დირექტორმა. 4) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დარღვევად არის მიჩნეული ის, რომ სკოლის პედაგოგები ნ-------- ვ-–-----ე და ჯ------– ი------ე 2015 წლის მაისში და ივნისში იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ, კერძოდ თურქეთის რესპუბლიკაში, თუმცა ჯ------– ი------ემ მაისის თვის ხელფასი აიღო სრულად. ასევე პედაგოგების განცხადებები შვებულების თაობაზე დაფიქსირებულია დაგვიანებით.

 

სწორედ ზემოაღნიშნული დარღვევები გახდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის N1/კ-5-- ბრძანების გამოცემისა და საჯარო სკოლის დირექტორ ს-------- გ--------ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხოლოდ დარღვევა დასაქმებულისა შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი არ უნდა გახდეს. ამ მიმართებით, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს ინსპექტირების დასკვნაში დასახელებული გარემოება ნამდვილად წარმოადგენს თუ არა დარღვევას; უნდა დადგინდეს, მითითებული დარღვევის ჩადენაში ვის მიუძღვის ბრალი, და ბრალის დადასტურების შემთხვევაში, უნდა შეფასდეს სანქცია, რომელიც გატარდა დამრღვევი პირის (ს-------- გ--------ის) მიმართ, არის თუ არა დარღვევის თანაზომიერი და ადეკვატური.

 

ამ შეფასების მიზნით, პალატა ცალ - ცალკე მიმოიხილავს დარღვევის თითოეულ ფაქტს.

 

დადგენილია, რომ ერთ ერთ დარღვევად მითითებულია სკოლაში კარისა და სეიფის უნებართვოდ გაღების ფაქტი.

 

აუდიტის დასკვნაში ასახულია, რომ „ს-------- გ--------ემ არ იმოქმედა კანონის მოთხოვნათა დაცვით, როდესაც მოხდა სკოლის მოსწავლეების მიერ სკოლის კარებისა და სეიფის გატეხვა. დირექტორი ვალდებული იყო შეესწავლა სკოლის მოსწავლეების მხრიდან კარისა და სეიფის გატეხვასთან დაკავშირებული შესაძლო დისციპლინური გადაცდომის გარემოებები და საკითხი განსახილველად გადაეცა სკოლის დისციპლინური კომიტეტისათვის“.

 

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და დარღვევის გამოკვლევის მიზნით პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხული იქნენ მოწმეები;

 

მოწმის სახით დაკითხულმა ი---- დ-------ემ განმარტა, რომ: გასულ წელს იყო დამამთავრებელი მე-12 კლასის დამრიგებელი, სადამრიგებლო ჯგუფის მოსწავლეები ემზადებოდნენ ბოლო ზარის ზეიმისთვის, რის გამოც სკოლაში რჩებოდნენ საღამოს საათებში, ემზადებდნენ ცეკვაში. აღნიშნულმა ბავშვებმა ადმინისტრაციისგან ნებართვის მიღების გარეშე გააღეს სამასწავლებლო ოთახი და იქ მდგომი სეიფი. სეიფში ინახება სკოლის დოკუმენტაცია; დაზიანებული და დაკარგული არაფერი არ ყოფილა; აღნიშნული ფაქტის გამო მთლიანად კლასს გამოეცხადა სიტყვიერი საყვედური, რადგან ჯგუფი იყო დამამთავრებელი, მოსწავლეები უმაღლეს სასწავლებელში აპირებდნენ სწავლის გაგრძელებას, სკოლის ადმინისტრაციამ ამ ფაქტისა და იმის გათვალისწინებით, რომ დაზიანებული და დაკარგული არაფერი არ ყოფილა და ბავშვები ოთახში მხოლოდ და მხოლოდ ინტერნეტის სარგებლობის მიზნით შევიდნენ, კლასს გამოეცხადა მხოლოდ სიტყვიერი საყვედური (და არა წერილობითი), ეს ფაქტი განხილულ იქნა მშობელთა კრებაზეც;

 

ამავე ფაქტთან დაკავშირებით მოწმე ზ---- ც-–--–--ემ, რომელიც სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია აღნიშნა, რომ: „სეიფის გაღება 2 მაისს მოხდა - შაბათ დღეს, დარაჯისაგან გაიგეს ამ ფაქტის შესახებ. სეიფში ინახება სკოლის დოკუმენტაცია და მედიკამენტები. ამ ოთახში შეყვანილია ინტერნეტი, ბოლო ზარის ზემის მზადების გამო, ინტერნეტიდან რაღაც მუსიკის გადმოწერა უნდოდათ ბავშვებს და ეს იყო მიზანი სეიფის გაღების. სეიფიდან არც ერთი დოკუმენტი არ დაკარგულა.“

 

გამომდინარე ზემოთქმულიდან, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მართალია, მე-12 კლასის მოსწავლეებმა უნებართვოდ გააღეს ოთახი და სეიფი, თუმცა, არანაირ დანაკარგს ან ზიანს ადგილი არ ქონია. ამ ქმედებით სკოლას ზიანი არ მიდგომია, ამასთან მითითებული დარღვევა სკოლის დირექციას რეაგირების გარეშე არ დაუტოვებია, მოიკვლია და ფაქტი ადეკვატურად შეაფასა, კერძოდ კლასს გამოეცხადა სიტყვიერი საყვედური, ამავე ფაქტზე მსჯელობა მოხდა მშობელთა კრებაზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატა არ იზიარებს აუდიტის დასკვნაში გაკეთებულ შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ დირექტორმა არ შისწავლა სკოლის მოსწავლეების მხრიდან კარისა და სეიფის გატეხვასთან დაკავშირებული შესაძლო დისციპლინური გადაცდომის გარემოებები.

 

მეორე დარღვევა, რაც აუდიტის დასკვნაში არის დაფიქსირებული შეეხება მძღოლების ტაბელებზე ხელმოწერის არასწორად დაფიქსირებას, კერძოდ: მძღოლები რ----- ხ------------ე, რ----- ა-----ე, თ----- მგ--–--ე, რ----–-ნ ქ-------ე დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის მიუხედავად დაფიქსირებული იყვნენ გამოცხადების ტაბელში და იღებდნენ ხელფასს. მძღოლების ხელმოწერა ტაბელში იმ რიცხვებში, როცა ისინი არ ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, თავისი ხელმოწერით დაადასტურა დირექტორმა.

 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დადგენილია, რომ სკოლის ადმინისტრაციის მიერ განათლების სამინისტროსათვის წარდგენილი იქნა ტაბელები, რომლებშიც მითითებულია, ინფორმაცია ტრანსპორტირების თარიღისა და ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის, მძღოლის, ვინაობაზე მითითებით. ანუ, თავდაპირველ ტაბელში დაფიქსირებული იყო იმ მძღოლის გვარი, რომელმაც რეალურად განახორციელა მოსწავლეების ტრანსპორტირება.

 

სკოლის მიერ წარდგენილი ტაბელებისა და კონკრეტული მძღოლების (რ----- ხ------------ე, რ----- ა-----ე, თ----- მგ--–--ე და რ----–-ნ ქ-------ე) მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის თაობაზე წერილით დადგენილია, რომ გ------ ქ-------ე 2015 წლის 21 მაისიდან 2016 წლის 14 ივნისამდე პერიოდში არ იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, სკოლის მიერ წარდგენილ ტაბელში ასახულია, თითქოს გ------ ქ-------ემ მაისსა და ივნისის თვეში (22.05.2015; 25.05.2015; 27.05.2015; 28.05.2015; 29.05.2015; 01.06.2015; 02.06.2015; 03.06.2015; 04,06.2015; 05. 06.2015; 08.06.2015; 09.06.2015; 10.06.2015; 11.06.2015; 12.06.2015) უზრუნველყო მოსწავლეების ტრანსპორტირება;

 

ტაბელის ფორმის მიხედვით რ----- ხ------------ემ 2015 წლის ივნისის თვეში სხვა დღეებთან ერთად (01.06.2015; 02.06.2015; 08.06.2015; 09.06. 2015; 10.06.2015; 11.06. 2015; 12.06.2015) უზრუნველყო მოსწავლეების ტრანსპორტირება, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით აღნიშნულ პერიოდში რ----- ხ------------ე იმყოფებოდა საზღვარგარეთ; ის საქართველოდან გავიდა 2015 წლის 26 მაისს და შემოვიდა 2015 წლის 04 ივნისს, კვლავ გავიდა საქართველოდან 07 ივნისს და დაბრუნდა 16 ივნისს. ანალოგიური დარღვევა ფიქსირდება თ----- მგ--–--ისა და რ----- ა-----ის შემთხვევაშიც, ტაბელის თანახმად მაისი - ივნისის თვეში რ----- ა-----ე და თ----- გ--–--ე ახორციელებდნენ მოსწავლეების ტრანსპორტირებას, რეალურად კი ისინი ამ პერიოდში ქვეყნის გარეთ იმყოფებოდნენ.

 

აღნიშნული დარღვევის ირგვლივ სკოლის დირექტორმა ს-------- გ--------ემ განმარტა, რომ მან იცოდა იმ ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რომ კონკრეტულ თარიღებში, გ------ ქ-------ე, რ----- ხ------------ე, თ----- მგ--–--ე და რ----- ა-----ე არ ახორციელებდნენ მოსწავლეების ტრანსპორტირებას, არამედ ტრანსპორტირებას ახორციელებდნენ სხვა მძღოლები.

 

დირექტორის განმარტებით, სატრანსპორტო კომპანიას სკოლამ თავდაპირველად მიაწოდა კონკრეტულად, რეალურად ტრანსპორტირების განმახორციელებელ მძღოლებზე მითითებით ტაბალები, ეს ტაბელები სატრასპორტო კომპანიამ მიუბრუნა სკოლას იმ მიზეზით, რომ კომპანიისთვის პრობლემას წარმოადგენდა ტაბელში ისეთი პიროვნების მითითება და დაფიქსირება, რომელთანაც მას მომსახურების ხელშეკრულება არ აქვს გაფორმებული. შესაბამისად, კომპანიამ დირექციას მოსთხოვა ტაბელის შეცვლა და ახალ ტაბელში გ------ ქ-------ის, რ----- ხ------------ის, თ----- მგ--–--ისა და რ----- ა-----ის მითითება. (ანუ იმ მძღოლებისა, რომელთანაც კომპანიას ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, თუმცა, ეს კონკრეტული ტრანსპორტირებები მათ არ განუხორციელებიათ).

 

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევის მიზნით, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხული იქნენ მოწმეები:

 

მოწმე თ----–- ვ----–---–მა, რომელიც სკოლის საქმისმწარმოებელია აღნიშნა, რომ ტაბელებს ინახავს თავის კაბინეტში, ის არ არის ტაბელზე პასუხისმგებელი პირი, ზუსტად იცის, რომ ტაბელების შეცვლა მოხდა კომპანიის მითითებით. მძღოლები იმყოფებოდნენ თურქეთში, როცა ჩამოვიდნენ მაშინ მოაწერეს ხელი ტაბელს. ბავშვების გადაყვანა არ შეფერხებულა, რეისები ტარდებოდა უწყვეტად;

 

მოწმე გ---- ჩ------ე იმ სატრანსპორტო კომპანიის მენეჯერია, რომელიც ტრანსპორტით მომსახურებას უწევს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნ---------–ის საჯარო სკოლას. მოწმის განმარტებით: თავისი კომპანია ხელშეკრულებას აფორმებს მცირე მეწარმეებთან, რომლებიც საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით უწევენ მომსახურებას სკოლებს; კონკრეტულ დღეს, რომელი მძრღოლი ახორციელებს ტრანსპორტირებას, აღნიშნულზე მონიტორინგს ის არ ახორციელებს, მონიტორინგს ახორციელებს სკოლის ადმინისტრაცია, კომპანია ვერ ფლობს ზუსტ ინფორმაზიას თუ კონკრეტულ დღეს ვინ, სად გასწია მომსახურება, მომსახურების საფასურს კომპანია უხდის იმ პირს რომელიც გაწევს მომსახურებას, და ეს დასტურდება ტაბელით. თუ ცვლილება მოხდება, საფასური მიეცემა სხვა პირს, ანუ მას, ვინც მომსახურებას გაწევს. ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვების გადაადგილება, ეს პროცესი არ უნდა შეჩერდეს. შესაძლოა მოხდეს ჩანაცვლება, მაგრამ ჩანაცვლება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მძღოლი და სატრანსპორტო საშუალება აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც გაწერილია. ჩანაცვლების დროს მძღოლმა უნდა მოიძიოს ის მეწარმე, ვინც ჩაანაცვლებს, თუ ის ვერ იპოვის ასეთს, მაშინ კომპანია მოიძევს ასეთ ადამიანს; ჩანაცვლებული მძღოლების ტაბელში მითითება არის თუ არა კომპანიისთვის პრობლემა, ან მისი მითითებით მოხდა თუ არა თავდაპირველად წარდგენილი ტაებლის უკან დაბრუნება - მითითებულ კითხვას მოწმემ არ უპასუხა და განმარტა, რომ მითითებულ კითხვაზე პასუხის გაცემას შეძლებს ეკონომისტთან და იურისტთან კონსულტაციის შემდგომ.

 

მოწმე ა---------– ი------ემ განმარტა, რომ არის მძღოლი, ატარებს სკოლის მოსწავლეებს შაბათ - კვირის გარდა.“კიბეებთან მივიყვან ბავშვებს სკოლის შენობასთან, წასვლისას ასევე კიბეებთან ვხვდები და მიმყავს. კომპანიასთან შევთანხმდით, რომ სხვა მძღოლი შეასრულებდა ჩემს საქმიანობას. კომპანიაში მითხრეს მთავარია მოვალეობა შეასრულეთო“.

 

მოწმემ მ--–---- ჭ--–--ე, რომელიც არის მძღოლი განმარტა, რომ „მესამე წელია ვმუშაობ მძღოლად. სხვის მაგივრად შევასრულე სატრანსპორტო მომსახურება, ჩემი ახლობელი მძღოლი წავიდა თურქეთში სამუშაოდ, იგი დაუკავშირდა კომპანიას, ვისაც ჩვენ ვყავართ დასაქმებული. კომპანიასთან შეთანხმებით წავიდა. თავისი მანქანა დატოვა და მისი მანქანით ვასრულებდი რეისებს. კომპანიამ უთრა, რომ ისეთი მძღოლი დატოვე, რომ რეისი არ ჩავარდესო და შენი მოვალეობა შეასრულოსო. მართლაც, რეისი არ ჩამიგდია. მე ჩემს რეისს ჩემი მანქანით ვასრულებდი, იმ მძღოლისას - მისი მანქანით; ეს პირველად არ მომხდარა. წინა წლებშიც ხდებოდა.“

 

მოწმე ნ-------- მგ--–--ის განმარტებით: არის მძღოლი, ამჟამად არ მუშაობს. დანაშაული არ ჩაუდენია, შეცვალა მძღოლი, რომელიც თურქეთში იყო დროებით წასული და ასრულებდა მის მოვალეობას; ამის თაობაზე იყო შეთანხმება კომპანიასთან.

 

ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ თავდაპირველად დირექტორის მიერ რეალობის ამსახველი ტაბელი იქნა წარდგენილი კომპანიაში (მოწმე თ. ვ----–---–ის ჩვენება), რომელიც უკან დაუბრუნდა ს-------- გ--------ეს, ხოლო მძღოლთა გვარების შეცვლა ცნობილი და შეთახმებული იყო კომპანიასთან (მძღოლების ნ-------- მგ--–--ის, მ--–---- ჭ--–--ის, ა---------– ი------ის ჩვენებები). მეტიც, კომპანიის მოთხოვნა იყო, რომ ტაბელებში იმ მძღოლთა გვარები დაფიქსირებულიყო, რომლებთანაც კომპანიას ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული და არა იმ მძღოლთა გვარები, რომლებმაც რეალურად შეასრულეს ტრანსპორტირება.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, ტაბელზე კონკრეტულ თარიღში, კონკრეტულ მძღოლებზე არასწორი ინფორმაციის მითითება - სააპელაციო სასამართლოს, სკოლის დირექტორის მხრიდან დარღვევად მიაჩნია, თუმცა პალატა აქვე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული დარღვევა მხოლოდ დირექტორის ბრალეულობით არ მომხდარა, რადგან ირკვევა, რომ თავდაპირველად დირექტორმა კეთილსინდისიერად, სწორ ინფორმაციაზე მითითებით შევსებული ტაბელები წარუდგინა სატრანსპორტო კომპანიას; თუმცა, სატრანსპორტო კომპანიის მხრიდან, ტაბელების მობრუნების შემდგომ გახდა იძულებული ს-------- გ--------ე შეეცვალა ისინი და შეევსო მცდარი ინფორმაციით; იმგვარად, როგორსაც მისგან კომპანია ითხოვდა, სახელდობრ, იმგვარად, რომ ტაბელში ჩაწერილიყო იმ მძღოლთა გვარები, რომლებთანაც კომპანიას ხელშეკრულებები ქონდა გაფორმებული. ამასთან პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ მითითებულ თარიღებში ტრანსპორტით მომსახურება სკოლაში არ შეფერხებულა - შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული დარღვევა არ შეიძლება შეფასდეს დირექტორის მხრიდან უხეშ დარღვევად რაც მისი გათავისუფლებისათვის საკმარისს და ადეკვატურ საფუძვლად იქნება მიჩნეული.

 

კიდევ ერთი დარღვევა, რომელზეც აუდიტის დასკვნაშია საუბარი, არის შემდეგი: სკოლის პედაგოგები ნ-------- ვ-–-----ე და ჯ------– ი------ე 2015 წლის მაისში და ივნისში იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ, კერძოდ თურქეთის რესპუბლიკაში, თუმცა ჯ------– ი------ემ მაისში ხელფასი აიღო სრულად. ასევე პედაგოგების განცხადებები შვებულების თაობაზე დაფიქსირებული იქნა დაგვიანებით.

 

აღნიშნული დარღვევის გამოკვლების მიზნით პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხული იქნენ მოწმეები:

 

მოწმის სახით დაიკითხა ჯ------– ი------ე. მოწმემ განმარტა: ყოველ წელს ზაფხულში გადადის თურქეთში სამუშაოდ, გადავიდა 27 მაისიდან 16 ივნისამდე. უფასო შვებულებით ისარგებლა 1 ივნისიდან 12 ივნისამდე. განცხადება დაწერა 27 -ში. 28- ში და 29-ში რომ არ იქნებოდა დირექტორი არ ჩაუყენებია საქმის კურსში. 28, 29 მაისის ხელფასი დაექვითა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა მეორე მასწავლებელმა ნ-------- ვ-–-----ემ განმარტა, რომ: განცხადება საქმისმწარმოებელთან დატოვა, რესურსცენტრთან და ბატონ ს--------თან შეათანხმ წასვლა. რადგან 23-24 იყო შაბათ კვირა, განცხადება დაწერა 25-ის რიცხვით 12-ივნისის ჩათვლით. 13-14 იყო შაბათ კვირა, დაბრუნდა 17 ივნისს, იმ ორი დღის ხელფასი, რაც გააცდინა დაექვითა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა თ----–- ვ----–---–მა განმარტა, რომ არის საქმისმწარმოებელი, ნ-------- ვ-–-----ისა და ჯ------– ი------ის განცხადებები დახვდა მაგიდაზე 22 მაისს, პარასკევ დღეს. განცხადებები დაწერილი იყო 25 მაისის რიცხვით. შესაბამისად, ელ. პროგრამაში ატვირთა 25 მაისს. გაცდენილი დღეების ხელფასები მასწავლებლებს ჯ------–ისა და ნ--------ის დაექვითათ. განცხადების დაგვიანებით ელ.პროგრამაში ატვირთვის გამო მას გამოეცხადა საყვედური.

 

აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ მასწავლებელთა მხრიდან გამოვლენილი დარღვევა რეაგირებულ იქნა დირექტორის მხრიდან - მასწავლებლებს დაექვითათ გაცდენილი დღეების ხელფასი.

 

ამდენად, არც ეს ფაქტი შეიძლება დირექტორს შეერაცხოს იმ ხარისხის დარღვევად, რისთვისაც ადეკვატური იქნებოდა მისი სამუშაოდან გათავისუფლება. ამასთან, გასათვალისწინებელი არის ისიც, რომ ამ პერიოდში არ მიმდინარეობდა სწავლება, იყო ზაფხულის არდადეგების პერიოდი და სწავლების შეფერხებას ადგილი არ ჰქონია.

 

კიდევ ერთი ფაქტობრივი გარემოება, რაც დირექტორის გათავისუფლებას დაედო საფუძვლად არის აუდიტის დასკვნაში მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ ინგლისური ენის მასწავლებელმა ნ---- ზ--------ემ სკოლის დირექტორის დავალების გარეშე, სხვა პირების თანდასწრებით ისაუბრა მოსწავლის, ნ---- შ----ის, შესახებ და მოსწავლესთან დაკავშირებული გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა მოსწავლის ბიძას.

 

ნიშანდობლივია, რომ მხოლოდ თავად ა------ შ----ის განცხადებაშია მითითებული იმის თაობაზე, რომ მასწავლებელმა მოსწავლე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია. ამის თაობაზე ინფორმაციას არ შეიცავს არც აუდიტის დასკვნა და არც ალ. ო--------–---–ის მოხსენებითი ბარათი.

 

პალატა ყურადღებას იმ გარემოებასაც მიაპყრობს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილ იქნა მძღოლების ახსნა-განმარტებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სადაც ისინი არ ადასტურებენ მასწავლებლის ნ---- ზ--------ის მხრიდან მოსწავლის ნ---- შ----ის შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოხსენიების ფაქტს და მხოლოდ ის ფაქტი, რომ სხვა პირთა თანდასწრებით მოსწავლის ბიძას ინფორმაცია მიაწოდა მასწავლებელმა მოსწავლის შესახებ - პალატას არ მიაჩნია იმ სახის დარღვევად, რაც ადეკვატურია ს-------- გ--------ის მიმართ გატარებული პასუხისმგებლობის ზომასთან შედარებით.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა იმ დარღვევების შესწავლის საფუძველზე, რომლებიც ს-------- გ--------ის გათავისუფლებას დაედო საფუძვლად, მიაჩნია, რომ ს-------- გ--------ის მხრიდან არ ჰქონდა რაიმე ისეთ დარღვევას ადგილი, რომელიც სამსახურიდან მისი გათავისუფლებისთვის იქნებოდა ადეკვატური. ნათელია, რომ სახეზე არ იყო ს-------- გ--------ის უმოქმედობა სკოლაში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით და არც უუნარობა მითითებულ დარღვევებთან საბრძოლველად. საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ ს-------- გ--------ე ახდენდა პრობლემების იდენტიფიცირებას და ეძებდა მათი აღმოფხვრის გზებს.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,სკოლაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოები, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროები – საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.''

 

ამავე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად ,,ამ კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია სკოლას მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან/და სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართოს შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. სკოლის სამეურვეო საბჭო დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებაში მითითებულ ვადაში.'' ამავე მუხლის 61 ნაწილის თანახმად, ,,სამეურვეო საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვადამდე არ შეუწყვეტოს უფლებამოსილებას სკოლის დირექტორს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია არ დაეთანხმოს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება სკოლის დირექტორს. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ წარდგინებას დაინტერესებული მხარე სასამართლოში ასაჩივრებს დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად.''

 

კონკრეტულ შემთხვევაშიც, სამეურვეო საბჭომ, მართალია, დაასაბუთა თავისი გადაწყვეტილება ს-------- გ--------ისათვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარის შესახებ, თუმცა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ასევე თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება - დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

 

,,ზოგადი განათლების შესახებ'' საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი ნაწილი გვთავაზობს ჩამონათვალს იმ ფუნქციებისა, რითიც სკოლის დირექტორია აღჭურვილი, იგი: ა) ახორციელებს სკოლის მართვას; ბ) წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობებში, გარდა ამ კანონითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის შინაგანაწესს და სკოლის ბიუჯეტს; დ) შეიმუშავებს საშტატო განრიგს; ე) მონაწილეობს პედაგოგიური საბჭოს მიერ სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში; ვ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პირობებისა და წესის შესაბამისად უზრუნველყოფს მასწავლებლებთან და სკოლის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას; ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას...

 

,,ზოგადი განათლების შესახებ'' საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,საჯარო სკოლის დირექტორს უფლებამოსილება უწყდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საჯარო სკოლის დირექტორს უფლებამოსილება აგრეთვე შეიძლება შეუწყდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ საჯარო სკოლის დირექტორსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის წარმოშობილ შრომით დავებს, როგორც სამოქალაქო დავებს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილავს სასამართლო, ამასთან არსებობს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა, სადაც განმარტებულია, რომ სკოლის დირექტორს და სამინისტროს შორის ურთიერთობა რეგულირდება შრომის კანონმდებლობით და ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონით. (იხ. სუსგ Nას-557-532-2016, 30 იანვარი 2017წელი; Nას-1298-1218-2015წ; 15 მარტი 2016 წელი; Nას-1189-1131-2014წ. 03 აპრილი 2015 წელი);

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო აკეთებს რა შეფასებას იმ დარღვევებისას, რაც ს.გ--------ის გათავისუფლების ფაქტობრივი საფუძველი გახდა, მიიჩნევს რომ ისინი უმეტესწილად არ წარმოადგენენ იმ სიმძიმის დარღვევებს, რომლებიც დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების ადეკვატურ სანქციად, პასუხისმგებლობის ადეკვატურ ზომად შეიძლება შეფასდეს.

 

სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისას მტკიცების ტვირთი ნაწილდება ობიექტურად და სამართლიანად. მტკიცების ტვირთის განაწილების ობიექტური და სამართლიანი სტანდარტი განაპირობებს მოსარჩელისა და მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების წრის განსაზღვრას, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მხარის მიერ მტკიცების ობიექტური განხორციელების შესაძლებლობა. ნიშანდობლივია, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ვალდებულია სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს ს-------- გ--------ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უხეშად დარღვევის ფაქტი.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ს-------- გ--------ეს არ ჩაუდენია ისეთი სამსახურებრივი გადაცდომა, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც უხეში დარღვევა, რომლისთვისაც ადეკვატური ღონისძიება მისი სამსახურიდან დათხოვნა იქნება.

 

პალატა განმარტავს, რომ დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია დამსაქმებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებებით კეთილსინდისიერად სარგებლობა. დამსაქმებელი კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას უფლებამოსილია შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა, აღნიშნული უფლება უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კანონით გათვალისწინებული დანაწესის ზუსტი დაცვით და თანაც, ისე, რომ ადგილი არ ჰქონდეს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio - ს პრინციპის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება პრინციპს, რომლის შესაბამისადაც, შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. შესაბამისად, მართალია, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის დარღვევა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები შეიძლება გახდეს სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევა და განმეორებითი დარღვევა გამოცხადებული სანქციის შემდგომ, თუმცა განსახილველ შემთხვევაში პალატა მიიჩნევს, რომ ის, რაც დამსაქმებლის მიერ უხეშ დარღვევადაა მიჩნეული - ასეთად არ უნდა შეფასდეს, დასაქმებული ს-------- გ--------ის მიერ არ ყოფილა ჩადენილი იმგვარი დარღვევა რაც სამსახურიდან მისი გათავისუფლების პროპორციული იქნებოდა.

 

პალატა მიიჩნევს, რომ ს-------- გ--------ეს არ ჩაუდენია სამსახურებრივი ინსტრუქციით გათვალისწინებულ ვალდებულებათა იმგვარი დარღვევა, რომელიც მისთვის გაფრთხილებას, დამატებითი ვადის მიცემას ან კიდევ უფრო მსუბუქი სახის სანქციის შეფარდებას გამორიცხავდა და მისი სამსახურიდან გათავისუფლება მის მიერ ჩადენილი დარღვევის ადეკვატური ღონისძიება იყო. პალატა განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება.

 

პალატა არ თვლის, რომ გაუმართლებელი იქნებოდა ს-------- გ--------ის მიმართ უფრო მსუბუქი სახის სანქციის გამოყენება, პირიქით, პალატა მიიჩნევს, რომ ზედმეტად მკაცრი და არაადეკვატურია ზემომიმოხილული ფაქტების გამო დირექტორთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.

 

უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას - ესაა პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი. პროპორციულობის პრინციპი ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ ერთ საქმეში სწორედ პროპორციულობის პრინციპი გამოიყენა და განმარტა, რომ ”შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის (ანუ დამსაქმებლის უფლების დაცვის) სხვა საფუძვლების გამოყენება. შეუფერებელი ყოფაქცევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს დათხოვნის საფუძველი, როცა იგი მნიშვნელოვან დონეს მიაღწევს.

 

მეორე პრინციპი, რაც ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, ესაა გონივრული საფუძვლის პრინციპი, რომელსაც საერთაშორისო სამართალში უკვე ხსენებული Ultima Ratio - ს პრინციპს უწოდებენ და რაც განიმარტება, როგორც უკანასკნელი საშუალება .

 

უდავოა, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტანდე გამოყენებული უნდა იქნეს უფრო მსუბუქი ზომა, თუკი ამის საშუალებას დასაქმებულის მიერ ჩადენილი გადაცდომა იძლევა.

 

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა უკიდურეს და უსერიოზულეს, მეტად მტკივნეულ დისციპლინურ ღონისძიებას წარმოადგენს, რომლის გამოყენებაც დასაბუთებული იქნება მხოლოდ მაშინ, თუ ჩადენილი გადაცდომა სრულად გამორიცხავს უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენების შესაძლებლობას.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, ს-------- გ--------ის მიერ ჩადენილი გადაცდომების გათვალისწინებით, პალატა მის მიმართ განხორციელებულ ღონისძიებას - სამსახურიდან გათავისუფლებას მიიჩნევს - არაადეკვატურ, არაპროპორციულ, არაგონივრულ და ზედმეტად მკაცრ ღონისძიებად მიიჩნევს დამსაქმებლის მხრიდან, რის გამოც მისი გათავისუფლების თაობაზე მიღებული ბრძანება - უკანონოა.

 

პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სხვა უფრო ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას იძლეოდა.

 

პალატის მოსაზრებით, ს-------- გ--------ის მიმართ გამოყენებული სანქცია ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ დასაქმებულის უფლების დაცვის პრინციპს;

 

სასამართლოს იმ დარღვევების შესწავლის საფუძველზე, რომლებიც ს-------- გ--------ის გათავისუფლებას დაედო საფუძვლად, მიაჩნია, რომ უშუალოდ ს-------- გ--------ის მხრიდან არ ჰქონდა რაიმე ისეთ დარღვევას ადგილი, რომელიც სამსახურიდან მისი გათავისუფლებისთვის იქნებოდა ადეკვატური. აღნიშნული გარემოება კი გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დაადგინა:

 

1.საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.დარჩეს უცვლელი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება;

 

3.აპელანტი საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო კანონის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

6.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.

 

7.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-5 და მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

თავმჯდომარე: /თამარ სვანიძე/

მოსამართლეები: /ი---- პერანიძე/

/სიმონ ჩხაიძე/