განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002160209
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/4480-18 19 დეკემბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნათია გუჯაბიძე
მოსამართლეები - ვანო წიკლაური
გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი – მ---------–----- (მოსარჩელე)
წარმომადგენელი – ნ-----------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე – ბე----------–-–---–---------------–---–----------------- (მოპასუხეები)
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეების ბ-----------–-–---–----------------–---–----------------------------------------–------ სასარგებლოდ 3000,00 ლარის გადახდის დაკისრება, დაზიანებული და განადგურებული ნივთების საფასურის ასანაზღაურებლად;
1.2. მოპასუხეების ბ-----------–-–---–----------------–---–----------------------------------------–------ სასარგებლოდ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნით 100 000,00 ლარის გადახდის დაკისრება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით მ---------–--------არჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 413-ე მუხლების საფუძველზე.
4. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელე მხარემ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
5.1. სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა ის გარემოება, რომ მ---------–----- არის დაზარალებული. მოპასუხეებმა, გარდა იმისა, რომ მოსარჩელეს წაართვეს საცხოვრებელი ბინა და გამოაძევეს ამ ბინიდან, ასევე, გაუნადგურეს და დაუზიანეს მოძრავი ნივთები, ნაწილი გაყიდეს აუქციონზე, რისი უფლებაც მათ არ ჰქონდათ.
5.2. სასამართლომ არანაირი შეფასება არ მისცა მ---------–------ იმ განცხადებებს, რომლითაც დასტურდება, რომ იგი დახმარებისათვის ადმინისტრაციულ ორგანოებს მიმართავდა. მოპასუხეები მასზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. მათი ქმედებების გამო მ---------–------ ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან გაუარესდა. მოპასუხეების მხრიდან ფიზიკური ანგარიშწორების შესახებ მუქარამ და შეურაცხყოფის ფაქტებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა მის ჯანმრთელობაზე, რაც დაფიქსირებულია სამედიცინო ცნობებში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟისა და სტაციონარული დაწესებულების მიერ.
გაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
8. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
9. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი და შესაბამისად, სააპელაციო პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
9.1. 2----–-–---------------- ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ 2012 წლის 07 აგვისტოდან 0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, თე------------------------------------------- ირიცხებოდა მ---------–--------აკუთრებაში. უძრავი ქონება დატვირთული იყო იპოთეკით.
9.2. 2----–-–-------------- სააღსრულებო ბიუროს განკარგულებით დგინდება, რომ 2----–-–-------------- გამართულ აუქციონზე ბ-----------–-–---–- გახდა 0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე თ---–----------------------------------------- ბინის მესაკუთრე.
9.3. 2----–-–----------------–--–--------–--------- აქტის მიხედვით, მესაკუთრის ბ-----------–-–---–-ს მოთხოვნის საფუძველზე, გ-–-----------–------- სამმართველოს მიერ მ---------–----- გაფრთხილებული იქნა უძრავი ქონების, მდებარე თ---–----------------------------------------- ბინის, ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ.
9.4. 2014 წლის 01 ივლისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვტილებით დაკმაყოფილდა ბ-----------–-–---–-ს სარჩელი და მ---------–-----ს ბ-----------–-–---–-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2304 აშშ დოლარის გადახდა. 2014 წლის 19 აგვისტოს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
9.5. 2014 წლის 24 სექტემბრის სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმით დგინდება, რომ აღნიშნულ ბინაში მყოფმა მ---------–-----მ მოითხოვა, რომ ბინაში დარჩენილ ნივთებს გაიტანდა ერთ თვეში, ხოლო კრედიტორმა ბ-----------–-–---–-- განაცხადა თანხმობა, რის შემდგომაც აღწერილი ნივთები შესანახად ჩაბარდა ბ-----------–-–---–-. ამავე აქტით დგინდება, რომ კრედიტორს ბ-----------–-–---–- ბინა ჩაბარდა მ---------–------ მიერ გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
9.6. 2014 წლის 27 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის 19 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგა ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი, რომლის შედგენასაც ესწრებოდნენ ბ-----------–-–---–- და ნ-----------–---–-- აღწერილი და დაყადაღებული ქონების საერთო ღირებულება განისაზღვრა 555 ლარით.
9.7. 2014 წლის 29 დეკემბრის აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულებით დგინდება, რომ 2----–-–----------------- გამართულ აუქციონზე მოვალის მ---------–--------აკუთრებაში რიცხული მოძრავი ქონება ბ-----------–-–---–-- შეიძინა 68,50 ლარად.
9.8. 2015 წლის 19 აპრილს ბ-----------–-–---–-- მის საკუთრებაში არსებული, აუქციონზე შეძენილი ნივთები, უსასყიდლოდ გადასცა მ---------–-----ს.
9.9. 2014 წლის 24 დეკემბერიდან 0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე თბილისი, თ----------------------------------- მესაკუთრედ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ირიცხება ნი-------------
9.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მაისის განაჩენით ნ-------------- საკუთრებაში არსებული 0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე თბილისი, თ---------------------------------- ბინაში უკანონოდ შესვლის გამო, მ---------–----- ცნობილი იქნა დამნაშავედ.
10. 2017 წლის 6 ნოემბერს მ---------–-----მ სარჩელით მიმართა სასამართლოს, მოპასუხეების ბ-----------–-–---–-ს, ნ-----------–---–-- და ნ-------------- მიმართ და მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.
11. სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და განმარტა, რომ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა მიმართულია მხოლოდ მოპასუხე ბ-----------–-–---–-ს მიმართ, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურებას იგი სამივე მოპასუხისაგან ითხოვს (იხ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის სხდომის ოქმი).
12. სააპელაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პრეტენზიას და მიაჩნია მოსარჩელის მიმართ მატერიალური ან/და მორალური ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. პალატის ასეთი დასკვნა შემდეგ გარემოებებს ემყარება:
12.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
12.2. პალატა განმარტავს, რომ დელიქტური ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი პირობაა ზიანის მიმყენებლის ქმედების არამართლზომიერება, რაშიც იგულისხმება სხვისი სუბიექტური უფლებების ყოველგვარი დარღვევა სათანადო უფლებამოსილების არქონის პირობებში. პასუხისმგებლობის აუცილებელი წინაპირობაა ზიანის მიმყენებლის ბრალის არსებობა. ბრალის ფორმას, ზოგადი წესის მიხედვით, ზიანის ანაზღაურებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ ზიანის მიმყენებლის მოქმედება იყოს ბრალეული.
12.3. კონკრეტულ შემთხვევაში, შესაფასებელია ის, თუ რამდენად მიუთითებენ სარჩელით განსაზღვრული წინაპირობები მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლიანობაზე. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობისათვის შესამოწმებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: ვალდებულების დარღვევა, მართლწინააღმდეგობა, ბრალეულობა, მიზეზობრივი კავშირი, ბრალის ვარაუდი და ზიანი. ამასთან, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობისათვის მართლწინააღმდეგობა წარმოადგენს დელიქტის წინაპირობას. მართსაწინააღმდეგო არის ქმედება, რომელიც სამართლებრივ წესრიგს არ შეესაბამება. მართლწინააღმდეგობა სახეზეა ვალდებულების დარღვევისას და დგინდება აღნიშნული დარღვევის დამტკიცებით.
12.4. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ხოლო ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
12.5. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და მიაჩნია, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა მატერიალური ზიანის დაკისრების წინაპირობების არსებობა. მოსარჩელემ ვერ მიუთითა, მოპასუხე ბ-----------–-–---–-ს მხრიდან რა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენამ განაპირობა მოსარჩელისათვის 3000 ლარის ოდენობით ზიანის მიყენება.
12.6. პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია აპელანტის განცხადება, რომ ბ-----------–-–---–-- მას მოძრავი ნივთების ნაწილი გაუნადგურა, ხოლო ნაწილი აუქციონზე გაუყიდა, რომლის უფლებაც მას არ გააჩნდა. აღნიშნულის საპირისპიროდ საქმის მასალებით დადგენილია, რომ 20---–-–----------------, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის 19 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოხდა მ---------–------ მოძრავი ნივთების აღწერა და დაყადაღება, ხოლო 2----–-–----------------- გამართულ აუქციონზე მოვალის - მ---------–--------აკუთრებაში რიცხული მოძრავი ქონება გასხვისდა და იგი შეიძინა ბ-----------–-–---–--. მოძრავი ნივთების დაყადაღების აქტი და აუქციონზე რეალიზაციის შესახებ განკარგულება მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია და ძალაშია. აპელანტმა ვერ მიუთითა, თუ რაში გამოიხატებოდა ბ-----------–-–---–-ს მოქმედების მართლწინააღმდეგობა, რაც დელიქტური ვალდებულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის აუცილებელი წინაპირობაა.
13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
14. მორალური ზიანის დაკისრების ნაწილში, აპელანტის პრეტენზიებთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი დგება იმ შემთხვევაში, როცა ზიანი სამართლებრივად მნიშვნელოვანია და ამდენად, ანგარიშგასაწევი. მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს დაზარალებულის სულიერი და ფიზიკური ტანჯვა, რომელიც გამოწვეულია მოქმედებით (უმოქმედობით) და რომელიც ხელყოფს მოქალაქის კანონით გათვალისწინებულ არამატერიალურ სიკეთეს. მორალური ზიანი ანაზღაურდება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად, ანუ როგორც ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისას, ისე მისგან დამოუკიდებლად. ამასთან, მორალური ზიანის ანაზღაურება ხდება ფულადი ანაზღაურების სახით. მორალური ზიანის ანაზღაურება უნდა ეფუძნებოდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიყენებული ფიზიკური და მორალური ტანჯვის ხარისხს. შესაბამისად, მორალური ზიანის ანაზღაურების მიღების უფლების მქონე პირთა განმსაზღვრელ კრიტერიუმს წარმოადგენს პიროვნებისათვის ფიზიკური ან ზნეობრივი ტანჯვის მიყენება. მორალური ზიანი სახეზეა, როდესაც სახეზეა ადამიანის ფსიქიკის სფეროში ნეგატიური ცვლილების არსებობა. ზიანის ანაზღაურებისას გადამწყვეტ როლს ასრულებს ზიანის სიმძიმე. ამასთან, მორალური ზიანის მოთხოვნის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მიზეზობროივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს (ფიზიკურ ან ზნეობრივ ტანჯვს) შორის.
15. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მორალური ზიანის მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს მოპასუხეების მხრიდან ფიზიკური ანგარიშწორების შესახებ მუქარისა და შეურაცხყოფის ფაქტებზე, რომლებმაც, მისივე განმარტებით, უარყოფითი გავლენა მოახდინა მის ჯანმრთელობაზე, რაც დაფიქსირებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის და სტაციონარული დაწესებულების მიერ გაცემულ სამედიცინო ცნობებში.
16. პალატა აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
17. მოცემულ შემთხვევაში, გარდა მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რაც მოპასუხეების მხრიდან ფიზიკური ანგარიშწორების შესახებ მუქარისა და შეურაცხყოფის ფაქტებს დაადასტურებდა. პალატა აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც თუ სასამართლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნევდა მ---------–------ მიმართ მორალური ზიანის არსებობის ფაქტს, აღნიშნული არ იქნებოდა საკმარისი ზიანის მოთხოვნის საფუძვლად ვინაიდან, საქმის მასალებით არ დასტურდება მორალური ზიანის იურიდიული შემადგენლობისათვის ისეთი აუცილებელი წინაპირობის არსებობა, როგორიც არის მიზეზობრივი კავშირი მოპასუხეთა ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ გვაქვს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი და იურიდიული შემადგენლობა, რაც მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
საპროცესო ხარჯები
19. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ---------–--------ააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან;
4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
თავმჯდომარე ნათია გუჯაბიძე
მოსამართლეები ვანო წიკლაური
გოდერძი გიორგიშვილი