განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.01.2019
საქმის ნომერი
330210018002420287
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002420287

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/6069-18 20 დეკემბერი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - თამარ ალანია

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - ს----------–----–-----------------------------

 

წარმომადგენელი - ო-------------–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „E-------“

 

წარმომადგენელი - თ------------------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

 

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. ს----------–----–-----------------------------მ მოპასუხე შპს „E--------ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოპასუხისთვის 2017 წლის 07 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, პირგასამტეხლოს სულ - 13 224 ლარის დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს „E--------ს“ ს----------–----–-----------------------------ს სასარგებლოდ, 2017 წლის 07 ივნისს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს - 15,2 ლარის ოდენობით გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ს----------–----–-----------------------------მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. შპს „E--------ს“ და ს----------–----–-----------------------------ს შორის 2017 წლის 07 ივნისს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. შესყიდვის ობიექტს ელექტრონათურები წარმოადგენდა. ხელშეკრულების ვადა 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით განისაზღვრა. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ 69 600 ლარი შეადგინა. საქონლის პირველი ნაწილის მიწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღით, არაუგვიანეს 2017 წლის 7 ივლისისა, ხოლო მეორე ეტაპი მოთხოვნიდან 10 დღეში, 2017 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით, განისაზღვრა (ს.ფ. 19-23).

 

6. ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.2 % - ის ოდენობით ეკისრება (ს.ფ 19-23).

 

7. შპს „E--------მა“ საქონლის მიწოდების ვადა 95 დღით დაარღვია და 80 ლარის ღირებულების 10 ცალი ნათურა ნაცვლად 2017 წლის 7 ივლისისა, მოსარჩელე მხარეს 2017 წლის 10 ოქტომბერს მიაწოდა. 2017 წლის 31 ოქტომბრის შპს „E--------ს“ დარღვევის შესახებ ს----------–-----------ის მეშვეობით ეცნობა და 13 224 ლარის გადახდა მოეთხოვა. მოპასუხეს პირგასამტეხლო არ გადაუხდია (ს.ფ. 24-25).

 

8. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მოპასუხე მხარისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა დაგვიანებით შესრულებული ვალდებულების ოდენობიდან მართებულად გამოთვალა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოდავე მხარეთა შორის 2017 წლის 07 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება, სამართლებრივად ნარდობის ხელშეკრულებას წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს.

 

9. პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის. პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა, რომელიც იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. აღნიშნული წინაპირობებიდან ორივე, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა.

 

პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, როგორც ეს განსახილველ შემთხვევაშია, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს.

 

მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა და სააპელაციო საჩივრით მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვადა მხოლოდ 10 ცალი ნათურის მიმართ 95 დღის ვადით დაირღვა. მხარე სადავოდ ხდის გარემოებას მასზედ, რომ ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ვადაგადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ხელშეკრულების ღირებულების 0,2%-ის და არა შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების ოდენობით დაკისრების თაობაზე, შესაბამისად, სასამართლოს პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან უნდა გამოეთვალა.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს პირგასამტეხლოს სამართლებრივი ინსტიტუტის ფუნქციას, რომელიც მის კოდექსისეულ დეფინიციაშიც ნათლად ჩანს, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. როგორც აღინიშნა მის მთავარ მიზანს ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება და პრევენციული ზომების გატარება წარმოადგენს. შესაბამისად, ისეთ პირობებში, როდესაც მხარეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დიდი ნაწილი ჯეროვნად, დათქმულ ვადაში აქვს შესრულებული და ვადის გადაცილება მხოლოდ ხელშეკრულების მცირე ნაწილზე ხდება ასეთ დროს, პირგასამტეხლოს გამოთვლა ხელშეკრულების სრული ღირებულებიდან არამართებულია. აღნიშნული მიდგომა განსაკუთრებულად პრობლემატური იქნებოდა გლობალურ ჭრილში, როდესაც საუბარია ძვირადღირებულ კონტრაქტებზე, სადაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ძირითადი ნაწილის შესრულების მიუხედავად, მიზერული გადაცდომისთვის, მხარეს პირგასამტეხლო ხელშეკრულების სრული ღირებულებიდან დაეკისრებოდა. აღნიშნული მიდგომა გარდა იმისა, რომ არასამართლიანია და ეწინააღმდეგება სამოქალაქო სფეროში მოქმედ კეთილსინდისიერების პრინციპს, ასევე, იგი ეკონომიკურად არაეფექტურია, შესაძლებელია იურიდიულ პირებზე მძიმე ფინანსური გავლენა იქონიოს და მათ სამეწარმეო საქმიანობის განვითარება დააბრკოლოს.

 

ზემოაღნიშნულის გარდა, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციული, ისე სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მისი გავრცელება ხდება სახელშეკრულებო ურთიერთობის იმ ნაწილზე, რა ნაწილშიც მოხდა ვალდებულების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის დაანგარიშება მოხდა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან და არა იმ კონკრეტული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, რომლის მიწოდების ვადის დარღვევის შედეგადაც ამოქმედდა აღნიშნული სანქცია. პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას, მეორე მხრივ, მოვალეს აკისრებს პასუხისმგებლობას უკვე შესრულებული ან მომავალში შესასრულებელი ვალდებულების ნაწილშიც. აღნიშნული მიდგომა არ გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლისა და 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინება საქმეზე Nას-1464-1384-2017).

 

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო საჩივრით პირველი ინსტანციის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს, როგორც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს, შემცირება შედავებული არ არის, შესაბამისად სააპელაციო პალატა თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლისა, მოკლებულია შესაძლებლობას ამ გარემოების შესახებ იმსჯელოს და სამართლებრივი შეფასება განახორციელოს.

 

10. კერძო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის მტკიცების ტვირთი გააჩნდა, თუმცა, მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევა მხოლოდ 10 ერთეულ საქონელზე (ნათურა) 95 დღის ვადით დადგინდა. შესაბამისად, გაზიარებული ვერ იქნება აპელანტის მსჯელობა მასზედ, რომ სასამართლოს პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა გამოეთვალა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან და შემდეგ მისი მიხედულების ფარგლებში, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, შეემცირებინა. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოსთვის კანონით მინიჭებული დისკრეცია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მოქმედებს მხოლოდ იმ დროს, როდესაც მხარეს კანონის საფუძველზე, მართებულად ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, თუმცა დარღვევის ხასიათთან, ღირებულებასა და ხანგრძლივობასთან მიმართებით მისი ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია. მოცემულ შემთხვევაში, ასეთ გარემოებას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან მოპასუხე მხარეს შესრულებულ ვალდებულებაზე, პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები საერთოდ არ არსებობდა რაც, რა თქმა უნდა, მისი შემცირების შესაძლებლობასაც გამორიცხავს.

 

მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მათ მიერ მითითებული მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ ასეთ პირობებში, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, იმ მტკიცების ნაკლის გამო, რომელიც აპელანტმა მხარემ ვერ გასწია, გასაჩივრებული გადაწყვეტილების, გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს.

 

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფოს ბიუჯეტში ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, 53-ე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ს----------–----–-----------------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის (მოსარჩელეები – ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე), ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე თამარ ალანია