განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.02.2019
საქმის ნომერი
330210015001044105
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
03.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015001044105

N2ბ/1108-2018

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 ნოემბერი, 2018 წელი ქალაქ თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია

მოსამართლეები - გოგიტა თოთოსაშვილი, ლევან გვარამია

 

სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ს----------–----------------------------

წარმომადგენელი - ა-–---------- რ----ა

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს ,,ს----------–-------–------–-ა’’

წარმომადგენელი - ს-------- პ-------–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება (პირგასამტეხლოს გაზრდა)

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ს----------–----------------------------ს სარჩელი შპს ,,ს----------–-------–------–-ის“ მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს ,,ს----------–-------–------–-ას“ ს----------–----------------------------ს სასარგებლოდ დაეკისრა სესხის რესტრუქტურიზებული თანხის - 651 566.14 ლარის, რესტრუქტურიზაციის პერიოდში დარიცხული სარგებელის - 136 069.95 ლარის და პირგასამტეხლოს - 30 000 ლარის გადახდა. შპს ,,ს----------–-------–------–-ას“ ს----------–----------------------------ს სასარგებლოდ დაეკისრა 2015 წლის 24 აპრილიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით - 4.5 ლარის გადახდა.

 

ამავე გადაწყვეტილებით, ს----------–----------------------------ს სარჩელი პირგასამტეხლოს სახით 833 397.30 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2007 წლის 22 მარტს, ს----------–----------------------------ს, ს----------–----------–------------------------------სა და შპს ,,ს-------“-ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება და შედგა სესხის დაფარვის გრაფიკი.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხი გაიცემოდა ხელმოწერიდან 2 (ორი) წლის ვადით. სესხი გაიცემოდა ერთჯერადად. სესხის ძირითადი თანხის დაფარვა უნდა დაწყებულიყო 2008 წლიდან და გადაიხდებოდა თანაბარ ნაწილებად ბოლო 6 (ექვსი) თვეში, საანგარიშო თვის დამთავრებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.

 

სესხის სარგებლობისთვის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 1%-ს. სესხზე პროცენტის დარიცხვა იწყებოდა სესხის გაცემის დღიდან და გადაიხდებოდა 2008 წლიდან, ბოლო 6 (ექვსი) თვეში, საანგარიშო თვის დამთავრებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში, გრაფიკის მიხედვით, რომელიც წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში სასესხო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ვადაგადაცილებულ თანხას დაერიცხებოდა პირგასამტეხლო 0.07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (იხ. ს/ფ 14-17, 18);

 

2.2. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის N282 განკარგულების შესაბამისად, რესტრუქტურიზებულ იქნა შპს ,,ს-------“-ზე ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება 500 000 ლარის, მასზე დარიცხული პროცენტის - 8 988.58 ლარის და 2010 წლის 16 თებერვლის ჩათვლით დარიცხული საურავის - 142 577.56 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოხდა სულ, 651 566.14 ლარის ოდენობის სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია (იხ. ს/ფ 19-20);

 

2.3. 2010 წლის 04 მარტს ფინანსთა სამინისტროსა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ,,ხელშეკრულება ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ“. რესტრუქტურიზაციის პერიოდად განისაზღვრა 5 წელი, მათ შორის გაყინვის პერიოდი, 2010 წლის 16 თებერვლიდან - 2012 წლის 16 თებერვლამდე, ხოლო გადავადების პერიოდი 3 წლით, 2012 წლის 16 თებერვლიდან 2015 წლის 16 თებერვლამდე.

 

რესტრუქტურიზებული სასესხო დავალიანებისა და რესტრუქტურიზაციის პერიოდში მასზე დარიცხული სარგებლის გადახდა იწყებოდა გაყინვის პერიოდის დამთავრებისთანავე - 2012 წლის 16 თებერვლიდან. გაყინვის პერიოდში დარიცხული სარგებელი გადაიხდებოდა 2012 წლის 16 თებერვალს ერთჯერადად. შემდგომი გადახდები განხორციელდებოდა ყოველკვარტლურად, არაუგვიანეს მომდევნო კვარტლის პირველი სამუშაო დღისა (იხ. ს/ფ 22-26);

 

2.4. ს----------–----------------------------სა და შპს ,,ს-------“-ს შორის დადებული რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების მიხედვით, შპს ,,ს-------“ ვალდებული იყო გადაეხადა რესტრუქტურიზებული თანხა და მასზე რიცხული სარგებელი დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, რომ აღნიშნული ვალდებულება, მიუხედავად გაფრთხილებისა, საწარმოს მიერ შესრულებული არ არის (იხ. ს/ფ 22-26);

 

2.5. 2015 წლის 24 აპრილის მდგომარეობით მოპასუხე მხარის შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგინა 1 651 033.39 ლარი, საიდანაც რესტრუქტურიზებული თანხა არის 651 566.14 ლარი, რესტრუქტურიზაციის პერიოდში დარიცხული სარგებელი -136 069.95 ლარი და პირგასამტეხლო 863 397.30 ლარი (იხ. ს/ფ 22-26);

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.6. სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2012 წლის 16 მარტის N1-3/191 ბრძანების თანახმად, განხორციელდა შპს ,,ს-------“-ს შერწყმა შპს ,,ა-–--------“-თან, შპს ,,მ----------“-თან, შპს ,,ა-–--------“-თან და შპს ,,კ---–-------“-თან. ამავე ბრძანების თანახმად, შპს ,,ს-------“-ს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს ,,ს----------–-------------------–--------–------–--------------------------ა“, მოგვიანებით კი ეწოდა შპს ,,ს----------–-------–------–-ა“(იხ. ს/ფ 29-34);

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.7. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს ნასესხების დაბრუნება. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მხარეთა შორის არსებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხას წარმოადგენდა - 651 566.14 ლარი, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება ეკისრებოდა მოპასუხე მხარეს. სესხის რესტრუქტურუზაციის ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება საპროცენტო სარგებელზე, ასევე რესტრუქტურიზაციის პერიოდში დარიცხულ სარგებელზე და საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოების შესაბამისად, 2010 წლის 04 მარტს მოხდა სრულად გაანგარიშება სესხის ძირითადი (651 566.14 ლარი) და საპროცენტო დავალიანების (136 069.95 ლარი), რამაც ჯამურად შეადგინა 787 636.09 ლარი. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ თანხების გადახდის სამართლებრივი ვალდებულება ეკისრებოდა მოპასუხე მხარეს.

 

2.8. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

სასამართლოს განმარტებით, ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი იყო, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელს გადაეცა შეთანხმებული სესხის თანხა, ხოლო მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. დადგენილი იყო, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ იქნა დაფარული სესხის თანხის დავალიანება.

 

2.9. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უფლება ჰქონდა მოეთხოვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს გადახდა.

 

ამასთან, სასამართლომ მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მომხდარიყო მისი შემცირება, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლისა, შემდეგი გარემოებების გამო:

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა - 863 397.30 ლარი წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას და ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდა მსგავსი ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა მომხდარიყო პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება. კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირებულიყო და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაკისრებოდა 30 000 ლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 863 397.30 ლარისა. ასევე უნდა შემცირებულიყო მოთხოვნილი პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%-ს ოდენობით, რომელიც ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის შეადგენდა 456.10 ლარს და მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 4.5 ლარის გადახდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. წინამდებარე სააპელაციო საჩივრით, აპელანტი გადაწყვეტილებას ასაჩივრებს იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ს----------–----------------------------ს სარჩელი პირგასამტეხლოს სახით 833 397.30 ლარის, მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე.

 

აპელანტის განმარტებით სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირებულიყო და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაკისრებოდა 30 000 ლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 863 397.30 ლარისა. ასევე უნდა შემცირებულიყო მოთხოვნილი პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%-ს ოდენობით, რომელიც ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის შეადგენდა 456.10 ლარს და მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 4.5 ლარის გადახდა. სასამართლო ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლო, განსაზღვრული 0,07% იყო შეუსაბამოდ მაღალი, და საჭიროებდა შემცირებას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს (მოცემული განჩინების 2.1 – 2.6 პუნქტები), რასაც არც მხარეები სადაოდ არ ხდიან, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

4.1. დადგენილია, რომ 2015 წლის 24 აპრილის მდგომარეობით, მოპასუხე შპს ,,ს----------–-------–------–-ის“ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს: 1 651 033.39 ლარს, საიდანაც რესტრუქტურიზებული თანხა არის 651 566.14 ლარი, რესტრუქტურიზაციის პერიოდში დარიცხული სარგებელი - 136 069.95 ლარი, ხოლო, პირგასამტეხლო 863 397.30 ლარი, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება ეკისრებოდა მოპასუხე მხარეს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება, შპს ,,ს----------–-------–------–-ისათვის“ ს----------–----------------------------ს სასარგებლოდ სესხის რესტრუქტურიზებული თანხის - 651 566.14 ლარის და დარიცხული სარგებელის - 136 069.95 ლარის დაკისრების ნაწილში არ გასაჩივრებულა და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

4.2. წინამდებარე სააპელაციო საჩივრით, აპელანტი გადაწყვეტილებას ასაჩივრებს იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი პირგასამტეხლოს სახით 833 397.30 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე. აპელანტი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ არ არსებობდა სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს - 863 397.30 ლარის, 30 000 ლარამდე შემცირების, ასევე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%-ს ოდენობით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს, რომელიც ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის შეადგენდა 456.10 ლარს, 4.5 ლარამდე, შემცირების საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.

 

მართალია, სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა, იგი არ წარმოდგენს აბსოლუტურ დათქმას და მოვალის შესაგებლის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა(იხ. სუსგ ას-914-864-2015; 04/12/2015 წ.).

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო 30 000 ლარი, და 2015 წლის 24 აპრილიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით - 4.5 ლარი, არის გონივრული ძირითადი ვალდებულების - სესხის ძირითადი (651 566.14 ლარი) და საპროცენტო (136 069.95 ლარი) დავალიანების, ჯამურ ოდენობასთან (787 636.09 ლარი), მიმართებით. ხოლო, სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 863 397.30 ლარი, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, აღემატება სესხის ძირითადი ვალდებულების და პროცენტის ჯამურ ოდენობას (787 636.09 ლარი) და ყოველმხრივ ეწინააღმდეგება მსგავსი ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს, რის გამოც არ არსებობს მისი 863 397.30 ლარამდე გაზრდის საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს----------–----------------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

თავმჯდომარე: გელა ქირია

 

მოსამართლეები: ლევან გვარამია

 

გოგიტა თოთოსაშვილი