განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.02.2019
საქმის ნომერი
330210115713416
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
07.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210115713416

N2ბ/609-2018

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 დეკემბერი, 2018 წელი ქალაქ თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გელა ქირია

 

სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი

 

პირველი აპელანტი (მოსარჩელე) - საქართველოს თ-----–-ის სამინისტრო (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ჯ----– მ---------–ი

 

მეორე აპელანტი (მოპასუხე) - სს ,,ს--------------------------------------–-----ი’’

წარმომადგენელი - ლ---- მ---------–ია

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

 

პირველი აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

მეორე აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად უარყოფა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თ-----–-ის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე სს „ს--------------------------------------–-----ის“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს „ს--------------------------------------–-----ს“ მოსარჩელე საქართველოს თ-----–-ის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 3 000 ლარის ოდენობით.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2013 წლის 28 თებერვალს, ერთის მხრივ საქართველოს თ-----–-ის სამინსიტროს (შემსყიდველი) და მეორეს მხრივ სს „ს--------------------------------------–-----ს“ (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა №-------––-------–--ა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.

 

ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტი განსაზღვრავს, რომ წინამდებარე ხელშეკრულება არეგულირებს ურთიერთობებს, რომელიც წარმოიშობა მზღვეველს, დამზღვევსა და დაზღვეულს შორის წინამდებარე ხელშეკრულებით (მათ შორის დანართებით) განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ხოლო 2.2. პუნქტი კი ადგენს, რომ წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მზღვეველი ვალდებულია, დამზღვევის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, უზრუნველყოს დაზღვეული პირები დაზღვევით და მასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებით.

 

ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1.7 პუნქტი განსაზღვრავს მზღვეველის ვალდებულებას, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 5 რიცხვამდე წარუდგინოს დამზღვევს ინფორმაცია დაზღვეულთა მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურებისა და სადაზღვევო ზარალების შესახებ (როგორც თითოეულ დაზღვეულზე ცალ-ცალკე, ისე კრებსითი მონაცემები), წინამდებარე ხელშეკრულების დანართი №2-ის შესაბამისად.

 

ხელშეკრულების 7.1. პუნქტი ადგენს შემდეგს: მზღვეველი დამზღვევის მიერ გამოყოფილ საკონტაქტო პირს ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდებს მზღვეველის მიერ ანაზღაურებული თანხების სტატისტიკას (დაზღვეული პირების სახელების, გვარების, ანაზღაურებული თანხის შესახებ ინფორმაციას ამ თანხების მითითებით). დამზღვევს საშუალება ექნება ნებისმიერ დროს, მოთხოვნისამებრ, მიიღოს დამატებითი ინფორმაცია დაზღვეული პირების სადაზღვევო მომსახურების შესახებ. მოთხოვნისამებრ, დამზღვევს მზღვეველის მიერ, მიეწოდება დაზღვეული პირების შესახებ ინფორმაცია. ამავე მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანო/პირები.

 

ხელშეკრულების მე-20 მუხლის 20.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, 20.2 პუნქტის მიხედვით კი, შესაბამისი მომსახურება უნდა განხორციელდეს 2013 წლის 1 მარტიდან 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (ს/ფ 14-21);

 

2.2. 2013 წლის 28 თებერვლის №------––-------–---- 13.1 პუნქტის მიხედვით, თუ დამზღვევი აღმოაჩენს მზღვეველის მხრიდან მომსახურების არაჯეროვან ან უხარისხო შესრულებას (ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულებების შეუსრულებლობა), მზღვეველს დაეკისრება პირგასამტეხლო თითოეულ შემთხვევაში 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით(ს/ფ 14-21);

 

2.3. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა მოსარჩელის წინაშე ხელშეკრულების 3.1.7 და 7.1 პუნქტებით ნაკისრი ვალდებულებები და იგი არ ყოფილა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და წესით სრულად. მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, მიუთითა მისი მხრიდან გაგზავნილ წერილებზე ინფორმაციის მიწოდების თაობაზე, რაზე დაყრდნობითაც, სასამართლოს მოსაზრებით, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო მითითებული წერილები (0---------–--------–-----–-------------–----------–-----–--------------–----------–-----–--------------–--------–-----–-------------–--------–-----–-) და მოსარჩელის მხრიდან ს----–-–------–---------------------------ის უფროსის მოვალეობის შემსრულებლისადმი გაგზავნილი მიმართვა, საიდანაც დამატებით დგინდებოდა ხსენებული წერილების გაგზავნის ფაქტი. თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ ყურადღებას გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული ინფორმაცია მოსარჩელეს არ გადაეცა ხელშეკრულების 3.1.7 პუნქტში მითითებული ვადების დაცვით (ყოველი საანგარიშო თვის 5 რიცხვამდე).

 

სასამართლოს მითითებით, წარმოდგენილი მტკიცებულებები ასევე აბათილებდა მოპასუხის შედავებას უფლებამოსილ საკონტაქტო პირთან მიმართებაში, რადგანაც მის მიერ ხდებოდა ინფორმაციის მიწოდება, თუმცა დადგენილი ვადების დარღვევით. მაგალითისთვის, 05.09.2013 წელს გაგზავნილი ინფორმაცია ეხება 2013 წლის 1 მარტიდან 30 ივნისის ჩათვლით არსებულ პერიოდს, 03.10.2013 წელს გაგზავნილი ინფორმაცია - 31 ივლისის ჩათვლით არსებულ ინფორმაციას და ა.შ. აღნიშნული ცხადყოფდა, რომ საანგარიშო თვის 5 რიცხვამდე ინფორმაცია, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში - 2013 წლის 1 მარტიდან 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოსარჩელეს არ ჰქონდა მიწოდებული. მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტობრივ განმარტებას ვერ გაამართლებდა და მას პასუხისმგებლობისაგან ვერ გაათავისუფლებდა მის მიერ მითითებული გარემოება, რომ დადგენილ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი გახლდათ შესაბამისი მომსახურების გამწევი კლინიკებიდან ინფორმაციების დაგვიანებით მიღება (ს/ფ 27, 28-32).

 

2.4. მოპასუხეს მოსარჩელის მიერ ეცნობა ვალდებულების დარღვევის და პირგასამტეხლოს დარიცხვის თაობაზე და მოპასუხეს მის შესასრულებლად მიეცა შეტყობინების მიღებიდან 10 დღიანი ვადა(ს/ფ 33).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს დარღვეული ჰქონდა 2013 წლის 28 თებერვლის №55 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო, სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით დასტურდებოდა ის გარემოება, რომ მოპასუხის მხრიდან ვერ შესრულდა ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში. ასევე უდავო იყო, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებდა მათი დარღვევისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას, კერძოდ, თითოეული დარღვევისათვის 1 000 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების მოქმედება კი გრძელდებოდა 10 თვის განმავლობაში.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არსებობდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, მაგრამ, ამავდროულად სასამართლო გაიზიარა მოპასუხე მხარის განმარტება, რომ აღნიშნული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო და არსებობდა მისი შემცირების საფუძველი, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლისა.

 

ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების შესრულების ვადის და ხელშეკრულების შესრულებისადმი მოსარჩელის ინტერესის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ იყო გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი მათ შორის დარღვევის სიმძიმის, მოცულობის, დარღვევის პერიოდის და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხის გათვალისწინებით. შესაბამისად, მოთხოვნილი ოდენობით მისი დაკისრება მოპასუხისათვის ეწინააღმდეგებოდა საჯარო წესრიგს.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლომ გონივრულად მიიჩნია, სარჩელით მოთხოვნილ პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირებულიყო და მოპასუხეს - ნაცვლად 10 000 ლარისა, დაკისრებოდა 3 000 ლარის გადახდა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361.2, მე-400”ა’’,52-ე, 417-418-ე, 420-ე მუხლებით და დადასტურებულად მიიჩნია მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის ფაქტი, რაც პირგასამტეხლოს შემცირებული ოდენობით დაკისრების საფუძველს წარმოადგენდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

საქართველოს თ-----–-ის სამინისტრო სააპელაციო საჩივარი

 

3.1. აპელანტის მითითებით, არ არსებობდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს -10000 ლარის, 3000 ლარამდე შემცირების საფუძველი.

 

აპელანტმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია დადგენილად მოპასუხის მხრიდან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 3----------–-–----------––------–--ის არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი იყო, თუმცა უსაფუძლოდ შეამცირა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა.

 

აპელანტმა მიუთითა სსკ-ის 418-ე მუხლის პირველ ნაწილზე, და აღნიშნა, რომ ამ მუხლში არსებული ჩანაწერის შესაბამსიად, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №------––-------–---- დადებისას სწორედ, მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში მოხდა პირგასამტეხლოზე და მის ოდენობაზე შეთანხმება, ხოლო სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირებისას არ იქნა გათვალისწინებული მხარეთა თავისუფალი ნება პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას. რაც შეეხება, საქალაქო სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირებისას სსკ-ის 420-ე მუხლზე მითითებას, აპელანტს მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ არ მომხდარა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევა, რაც შეიძლება გამხდარიყო შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი. ამ მუხლის თანახმად, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე გადაწყვეტილებისას სასამართლო ვალდებულია მოახდინოს საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევა, შეფასება, რაც გამოიხატება მოვალის ქონებრივი მდგომარეობის, სახელშეკრულებო ძირითადი ვალდებულების და განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის ურთიერთთანაფარდობის შეფასებით. აპელანტმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა სადაოდ არ გაუხდია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებდა მხარეთა შორის თავისუფალი ნების გამოვლენას სახელშეკრულებო ურთიერთობის პირობებში. შესაბამისად, სასამართლოს არ წარმოშობია საქართველოს სსკ-ის 420 მუხლის გამოყენების საფუძველი.

 

სს ,,ს--------------------------------------–-----ის’’ სააპელაციო საჩივარი

 

3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა მოსარჩელის წინაშე ხელშეკრულების 3.1.7 და 7.1 პუნქტებით ნაკისრი ვალდებულებები და იგი არ ყოფილა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და წესით სრულად.

 

აპელანტის განმარტებით, მხარეთა შორის გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის 3.1.6. ქვეპუნქტის მიხედვით, მზღვეველი ვალდებულია საანგარიშო თვის მომდევნო თვის 5 რიცხვამდე წარუდგინოს დამზღვევს ინფორმაცია დაზღვეულთა მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურებისა და სადაზღვევო ზარალების შესახებ (როგორც თითოეულ დაზღვეულზე ცალ-ცალკე, ისე კრებსითი მონაცემები), წინამდებარე ხელშეკრულების დანართი №2-ის შესაბამისად. იგივე ვალდებულებაა მოცემული ხელშეკრულების 7.1 პუნქტში, თუმცა აქ დაზუსტებულია, რომ მონაცემების წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ რაც თ-----–-ის სამინისტრო განსაზღვრავდა შესაბამის უფლებამოსილ პირებს. რაც ნიშნავს იმას, რომ ინფორმაციის მიწოდება დამოკიდებული იყო აღნიშნული პირების განსაზღვრასთან, გარდა ამისა სახეზე იყოს ჯანმრთელობის დაზღვევა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჰოლდინგი ანაზღაურებდა თ-----–-ის სამინისტროს თანამშრომლების მიერ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მიღებულ მომსახურებას, მზღვეველს უნდა გადაეცა თ-----–-ის სამინისტროსათვის ზუსტად იმ მომსახურების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც დაზღვეულებს უწევდა არა მზღვეველი, არამედ ის მესამე პირები - სამედიცინო დაწესებულებები, რომლებსაც მიმართავდა დაზღვეული. შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება თავის მხრივ დამოკიდებული იყო სამედიცინო დაწესებულებებიდან მათ მიღებაზე. გარდა ამისა, რამდენადაც არ ყოფილა დადგენილი საკონტაქტო პირი, არც ჰოლდინგის მხრიდან ჰქონია ადგილი ვალდებულების შეუსრულებლობას. იმ შემთხვევაში, თუ იგი ინფორმაციას გადასცემდა არაუფლებამოსილ პირს, ამით დაარღვევდა საქართველოს კანონმდებლობას და 2013 წლის 28 თებერვლის ხელშეკრულებას.

 

ამ გარემოებების გათვალისწინებით, აპელანტს მიაჩნია, რომ სს "ს--------------------------------------–-----ის" მიერ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება არ დარღვეულა.

 

3.3. აპელანტმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში თ-----–-ის სამინისტროს პოზიციით ინფორმაცის წარდგენის ვადაგადაცილება შეადგენს 20 დღეს, ინფორმაცია ატარებდა სტატისტიკურ ხასიათს და დაგვიანებული მიწოდებით სამინისტროს არანაირი ზიანი არ მიუღია. პირგასამტეხლოს როგორც მინიმალური ზიანის უზრუნველყოფის ინსტიტუტიდან გამომდინარე იმის გათვალისწინებით რომ ზიანი არ დამდგარა საერთოდ და ინფორმაცია მიწოდებულ იქნა, მიგვაჩნია რომ დაკისრებული 3000 ლარიც არის შეუსაბამოდ მაღალი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.1.-3.1.4. პუნქტებით (წინამდებარე განჩინების 2.1.-2.5. პუნქტებით) დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

4.2. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქართველოს თ-----–-ის სამინსიტროსა (შემსყიდველი) და სს „ს--------------------------------------–-----ს“ (მიმწოდებელი) შორის 28.02.2013 წელს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-------––-------–--ის 3.1.7 (მზღვეველის ვალდებულება, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 5 რიცხვამდე წარუდგინოს დამზღვევს ინფორმაცია დაზღვეულთა მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურებისა და სადაზღვევო ზარალების შესახებ (როგორც თითოეულ დაზღვეულზე ცალ-ცალკე, ისე კრებსითი მონაცემები), წინამდებარე ხელშეკრულების დანართი №2-ის შესაბამისად) და 7.1 (მზღვეველი დამზღვევის მიერ გამოყოფილ საკონტაქტო პირს ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდებს მზღვეველის მიერ ანაზღაურებული თანხების სტატისტიკას (დაზღვეული პირების სახელების, გვარების, ანაზღაურებული თანხის შესახებ ინფორმაციას ამ თანხების მითითებით). დამზღვევს საშუალება ექნება ნებისმიერ დროს, მოთხოვნისამებრ, მიიღოს დამატებითი ინფორმაცია დაზღვეული პირების სადაზღვევო მომსახურების შესახებ. მოთხოვნისამებრ, დამზღვევს მზღვეველის მიერ, მიეწოდება დაზღვეული პირების შესახებ ინფორმაცია. ამავე მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანო/პირები) პუნქტებით ნაკისრი ვალდებულებების, მოპასუხე მხარის მიერ დარღვევის/არაჯეროვნად შესრულების შესახებ ფაქტობრივ გარემოებას.

 

აპელანტი სს „ს--------------------------------------–-----ი“ იმ გარემოების დასტურად, რომ მის მიერ ადგილი არ ჰქონია ხელშეკრულების 3.1.7. და 7.1. პუნქტებით გათვალიწინებული ვალდებულების დარღვევას, მიუთითებს მისი მხრიდან ინფორმაციის მიწოდების თაობაზე, გაგზავნილ შემდეგ წერილებზე: 1. 05--------–--------–-----–----------------–----------–-----–-----------------–----------–-----–----------------–----------–-----–----------------–--------–-----–--

 

პალატა აღნიშნავს, რომ მართალია სადავო არ არის ხსენებული წერილების გაგზავნის ფაქტი, თუმცა, საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მითითებული წერილების/ინფორმაციის მოსარჩელე მხარისათვის ხელშეკრულების 3.1.7 პუნქტში მითითებული ვადების დაცვით (ყოველი საანგარიშო თვის 5 რიცხვამდე), გადაცემას/ჩაბარებას. ამ გარემოების მტკიცების ტვირთი კი საქართველოს სსკ-ის 4.1., 102-103.1. მუხლების თანახმად, მოპასუხე მხარეს ეკისრებოდა.

 

4.3. სს „ს--------------------------------------–-----ი“ სააპელაციო საჩივრით აპელირებს მასზედ, რომ მათი მხრიდან ინფორმაციის მიწოდება დამოკიდებული იყო თავად მოსარჩელე მხარის მიერ უფლებამოსილი პირების განსაზღვრასთან (პუნქტი 7.1: მზღვეველი დამზღვევის მიერ გამოყოფილ საკონტაქტო პირს ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდებს მზღვეველის მიერ ანაზღაურებული თანხების სტატისტიკას...), რასაც, აპელანტის მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

პალატა აღნიშნავს, სს „ს--------------------------------------–-----ის“ შედავებას უფლებამოსილ საკონტაქტო პირთან მიმართებაში აბათილებს მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლის თანახმად, დგინდება, რომ მოპასუხის მიერ ხდებოდა ინფორმაციის მიწოდება, თუმცა დადგენილი ვადების დარღვევით, კერძოდ, პალატა მიუთითებს, რომ 05.09.2013 წელს გაგზავნილი ინფორმაცია ეხება 2013 წლის 1 მარტიდან 30 ივნისის ჩათვლით არსებულ პერიოდს, 03.10.2013 წელს გაგზავნილი ინფორმაცია - 31 ივლისის ჩათვლით არსებულ ინფორმაციას ... აღნიშნული კი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ საანგარიშო თვის 5 რიცხვამდე ინფორმაცია, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში - 2013 წლის 1 მარტიდან 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოსარჩელეს არ მიწოდებია. შესაბამისად, მოპასუხისათვის ცნობილი იყო როგორც ინფორმაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირის ისე ამ ინფორმაციის მნიშვნელობისა და მისი მიწოდების ვალდებულების შესახებ.

 

ასევე უსაფუძლოა სადაზღვევო კომპანიის მეორე არგუმენტი, რომ თ-----–-ის სამინისტროსთვის ინფორმაციას დაგვიანებით მიწოდება გამოწვეული იყო უშუალოდ მომსახურების გამწევი სამედიცინო დაწესებულებებიდან შესაბამისი მონაცემების დაგვიანებით მიღებით. პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს სადაზღვევო კომპანიის პასუხისმგებლობას თ-----–-ის სამინისტროს წინაშე ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო.

 

4.4. მოპასუხეს მოსარჩელის მიერ ეცნობა ვალდებულების დარღვევის და პირგასამტეხლოს დარიცხვის თაობაზე და მოპასუხეს მის შესასრულებლად მიეცა შეტყობინების მიღებიდან 10 დღიანი ვადა;

 

4.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ. 6.05.2015წ., საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოდავე მხარეები წერილობით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე - 2013 წლის 28 თებერვლის №------––-------–---- 13.1 პუნქტის მიხედვით, თუ დამზღვევი აღმოაჩენს მზღვეველის მხრიდან მომსახურების არაჯეროვან ან უხარისხო შესრულებას (ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულებების შეუსრულებლობა), მზღვეველს დაეკისრება პირგასამტეხლო თითოეულ შემთხვევაში 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, სასამართლოს უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

 

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს ოდენობა მართებულად შეამცირა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერ, გონივრულ ოდენობამდე, და მართებულად მიიჩნია, რომ დაკისრებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 10 000 ლარი, უნდა შემცირებულიყო დაახლოებით 3-ჯერ - 3000 ლარამდე. პალატა მიიჩნევს, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო არის გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი მათ შორის დარღვევის სიმძიმის, მოცულობის, დარღვევის პერიოდის და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხის გათვალისწინებით.

 

4.7. სააპელაციო საჩივრის იმ არგუმენტებზე, რომლებსაც საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა ჰქონდა, პალატამ ზემოთ უკვე იმსჯელა.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯები უნდა დაეკისროს აპელანტ სს ,,ს--------------------------------------–-----ს’’, რაც მის მიერ წინასწარ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით 150.00 ლარის ოდენობით.

 

აპელანტი საქართველოს თ-----–-ის სამინისტრო ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 5.1. პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს თ-----–-ის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სს ,,ს--------------------------------------–-----ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

3. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

4. სასამართლო ხარჯები დაეკისროს სს ,,ს--------------------------------------–-----ს’’, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;

 

5. საქართველოს თ-----–-ის სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

6. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გელა ქირია