განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.02.2019
საქმის ნომერი
330210117001858833
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
07.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210117001858833

N2ბ/2211-2018

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 დეკემბერი, 2018 წელი ქალაქ თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია

მოსამართლეები - ლევან გვარამია, გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი

 

აპელანტი - ნ---- ა----–---–ი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ლ---------- კ-------ძე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ი--- მ---------–ი (მოპასუხე)

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნ---- ა----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ცვლილება შევიდა ნოტარიუს დ----- ფ----------ის 2016 წლის 05 მარტს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეესტრის ნომერი 1--------) მითითებული კრედიტორის ი--- მ---------–ის განცხადებით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობიდან მოვალის ნ---- ა----–---–ისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და პირგასამტეხლოს სახით მოვალის ნ---- ა----–---–ის ვალდებულება კრედიტორ ი--- მ---------–ის წინაშე განისაზღვრა 2013 წლის 04 ივნისიდან - დღემდე - 2016 წლის 05 მარტამდე - (1004 დღე), დღეში, 0,05 პროცენტის (10 აშშ დოლარი) ოდენობით სესხის ძირითადი თანხიდან - 10 0040 აშშ დოლარი.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2013 წლის 04 მარტს, ერთის მხრივ ნ---- ა----–---–ს და მეორეს მხრივ ი--- მ---------–ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, შემდეგი პირობით: სესხის თანხა - 20 000 აშშ დოლარი, თვეში 3% სარგებლის დარიცხვით, სესხი გაიცა 3 თვის ვადით. ხელშეკრულების დადებისას მსესხებელმა გადაიხადა 2 თვის პროცენტი - 1200 აშშ დოლარი.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.2. ხელშეკრულების თანახმად, მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სარგებლის, ან/და ძირითადი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია გამსესხებელს გადაუხადოს პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებული დღისთვის 0,3%;

 

2.3. ხელშეკრულებაში მითითებული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ---- ა----–---–ის უძრავი ქონება, მდებარე, ქ-------–--–----------–--–-------------------------------------. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: N-----------------------;

 

2.4. ამავე ხელშეკრულებით მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ თუ დადგა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა და მოვალე ნებაყოფლობით არ ასრულებს იპოთეკარის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველყოფს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით.

 

2.5. კრედიტორ ი--- მ---------–ის მოთხოვნის საფუძველზე, 2016 წლის 4 მარტს ნოტარიუსმა დ----- ფ----------ემ 0--------- წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე გასცა სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს ჯამში 80 840 აშშ დოლარს, აქედან: სესხის ძირითადი თანხა - 20 000 აშშ დოლარი, ერთი თვის გადაუხდელი სარგებელი - 600 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 2013 წლის 4 ივნისიდან - დღემდე - 2016 წლის 5 მარტამდე (1004 დღე), დღეში 0,3%-ის ოდენობით, სესხის ძირითადი თანხიდან - ჯამში 60 240 აშშ დოლარი.

 

სააღსრულებო ფურცლით ასევე დადგინდა, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონებების რეალიზაცია აუქციონზე.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 361.2 და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის სადავო არ იყო, რომ კრედიტორის - ი--- მ---------–ის მოთხოვნას, ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით მოხდეს ვალდებულების შესრულება, საფუძველად ედო მხარეთა შორის 2013 წლის 4 მარტს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა. მოსარჩელე (მოვალე) სადავოდ ხდიდა სააღსრულებო ფურცლით აღსასრულებელი დავალიანების მოცულობას პირგასამტეხლოს ნაწილში.

 

2.7. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იყო მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო მოვალემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი სესხის ძირი თანხის, ასევე სარგებლის გადახდის ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში სესხის თანხა არ გადაიხადა.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევებისა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ 0--------- წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირობები მსესხებელმა (მოსარჩელემ) დაარღვია 2013 წლის 4 ივნისს, ხოლო სააღსრულებო ფურცელი გაიცა ვალდებულების დარღვევიდან რამდენიმე წლის შემდეგ - 2016 წლის 5 მარტს. უკვე ამ დროისთვის დარიცხულმა პირგასამტეხლომ ძირითად ვალდებულებასთან და ვადის გადაცილების პერიოდთან მიმართებაში შეადგინა საკმაოდ მაღალი თანხა - ძირითადი თანხა - 20 000 აშშ დოლარი, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლო - 60 240 აშშ დოლარი.

 

სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ შეუსაბამო იყო როგორც პირგასამტეხლოს განსაზღვრის პრინციპი (ვალდებულების დარღვევიდან სააღსრულებო ფურცელი გაიცა რამოდენიმე წლის შემდეგ), ასევე მისი პროცენტული ოდენობაც (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,3%) და სამართლიანად მიიჩნია მისი შემცირება, თუმცა არა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ ოდენობამდე და საკმარისად მიიჩნია მის შემცირება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,05%-მდე.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლოს სრულად უნდა გაეზიარებინა მოსარჩელე მხარის განმარტება იმის თაობაზე, რომ შეუსაბამო იყო როგორც პირგასამტეხლოს განსაზღვრის პრინციპი (ვალდებულების დარღვევიდან - 04.06.2014 წ., სააღსრულებო ფურცელი გაიცა რამოდენიმე წლის შემდეგ), ასევე მისი პროცენტული ოდენობა (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,3%), რის საფუძველზეც, პირგასამტეხლო უნდა შეემცირებინა სარჩელში მითითებულ ოდენობამდე (0.005%).

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

4.1. 0--------- წელს, ნ---- ა----–---–ს და ი--- მ---------–ს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნ---- ა----–---–მა სესხის სახით მიიღო 20 000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით (2013 წლის 04 ივნისამდე), ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 3%-ის დარიცხვით. ხელშეკრულების დადებისას მსესხებელმა გადაიხადა 2 თვის პროცენტი - 1200 აშშ დოლარი.

 

ხელშეკრულების თანახმად, მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სარგებლის, ან/და ძირითადი ნასესხები თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მსესხებელი იხდის პირგასამტეხლოს, ყოველ ვადაგადაცილებული დღისთვის 0,3%-ს, რომელიც გამოითვლება სესხის და/ან სარგებლის გადაუხდელი ნაწილიდან.

 

სესხის გადახდა უზრუნველყოფილია მსესხებლის უძრავი ქონებით. იპოთეკის საგანი წარმოადგენს ნ---- ა----–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებას, მდებარე, ქ-------–--–----------–--–-------------------------------------. ს/კ N-----------------------.

 

ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ დადგა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა და მესაკუთრე ნებაყოფლობით არ ასრულებს იპოთეკარის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველყოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით;

 

(ტომი 1; ს.ფ. 17-19 – 0--------- წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება);

 

4.2. 0--------- წელს, ნოტარიუს დ----- ფ----------ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი N1--------, რომელშიც კრედიტორია ი--- მ---------–ი, ხოლო, მოვალე - ნ---- ა----–---–ი. სააღსრულებო ფურცლის თანახმად, 2016 წლის 05 მარტის მდგომარეობით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს ჯამში 80 840 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 20 000 აშშ დოლარი, ერთი თვის გადაუხდელი სარგებელი - 600 აშშ დოლარი, ხოლო, პირგასამტეხლო - 2013 წლის 4 ივნისიდან - 2016 წლის 5 მარტამდე (1004 დღე), დღეში 0,3%, სესხის ძირითადი თანხიდან, ჯამში 60 240 აშშ დოლარი.

 

სააღსრულებო ფურცლის თანახმად, აღსრულება მიექცა, კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (ტომი 1; 20-22 - სააღსრულებო ფურცელი);

 

4.3. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მხარეთა შორის 0--------- წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, 0--------- წელს, ნოტარიუს დ----- ფ----------ის მიერ გაცემულ N1-------- სააღსრულებო ფურცელში, ცვლილებების შეტანა, კერძოდ, პირგასამტეხლოს მოცულობის განსაზღვრა 0,005%-ით.

 

დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფიულდა, და მოდავე მხარეთა შორის 0--------- წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო (0,3%), შეუმცირდა 0,05%-მდე, რასაც, წინამდებარე სააპელაციო საჩივრით არ ეთანხმება მოსარჩელე მხარე და მოითხოვს მის შემცირებას, სარჩელში მითითებულ ოდენობამდე (0.005%-მდე).

 

4.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

 

პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ. 6.05.2015წ., საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 0--------- წლის ხელშეკრულებით გათვალისიწნებული იქნა პირგასამტეხლო - მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სარგებლის, ან/და ძირითადი ნასესხები თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,3%. დადგენილია ასევე, რომ N1-------- სააღსრულებო ფურცლით, პირგასამტეხლოს ნაწილში აღსასრულებელი ვალდებულების სახე და მოცულობა განისაზღვრა 0,3%-ით, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა იყო შეუსაბამოდ მაღალი და იგი უნდა შემცირებულიყო 0,05 %-მდე.

 

4.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, სასამართლოს უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

 

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო 0.05%, რაც შეადგენს 10 0040 აშშ დოლარს, არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს ზემოაღნიშნული გარემოებების, ასევე, ამ პერიოდის განმავლობაში (ვალდებულების შესრულების დადგომის დღიდან - სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე პერიოდი, რაც მოიცავს დაახლოების 3 წელს) კრედიტორისათვის ხელშეკურლებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ,,ზიანის’’ გათვალისიწნებით, რის გამოც არ არსებობს მისი კიდევ უფრო შემცირების საფუძველი. პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოს დასკვნა ამ ნაწილში შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლოს პრაქტიკასთან (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.05.2015წ. განჩინება საქმეზე N--------------; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.05.2015წ. განჩინება საქმეზე 1269-1209-2014).

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტი, საქართველოს სსკ-ის 46.1. ,,ვ’’ პუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ---- ა----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. ნ---- ა----–---–ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: გელა ქირია

 

მოსამართლეები: ლევან გვარამია

 

გოგიტა თოთოსაშვილი