განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.10.2018
საქმის ნომერი
330210016001653148
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
24.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/4392-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

24 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო ს------ა პალატა

მოსამართლე - ანა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ოთარ ბუკია

 

აპელანტი - ს----------–----–-----------------------------;

წარმომადგენელი - ო-------------–--ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე - ი/მ ხ--------------------;

წარმომადგენელი - დ--------------ე;

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება;

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - ს----------–----–-----------------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ი/მ ხ-------------------- საქართველოს შ--------------- სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 532 ლარის გადახდა. ს----------–----–-----------------------------ს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის 3 276 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. 2016 წლის 26 ივლისს ს----------–----–-----------------------------ს და ი/მ ხ-------------------- შორის გაფორმდა N--- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის 3.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას მიაწოდოს შემსყიდველს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონელი, კერძოდ ფოთლოვანი ჯიშის საშეშე მერქანი ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 კალენდარული დღის განმავლობაში. სატენდერო წინადადების ღირებულება განისაზღვრა 28 000 ლარით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2016 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით.

 

2.2. წინამდებარე ხელშეკრულების 11.3 პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდების ვადების გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო თანხის 0.4%-ის ოდენობით, ხოლო 11.4 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის დაჯარიმდება ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით.

 

2.3. ხელშეკრულების 12.3 პუნქტის თანახმად, ფორს-მაჟორული გარემოების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი გახდა ნაკისრი ვალდებულების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ.

 

2.4. შეთანხმების მიხედვით შემსყიდველს უნდა მიეღო 350კუბ.მ ფოთლოვანი ჯიშის საშეშე მერქანი, თუმცა 2016 წლის 3 , 17 და 19 სექტემბრის აქტების მიხედვით, მიწოდებული იქნა მხოლოდ 34 კუბ.მ საშეშე მერქანი.

 

2.5. ი/მ ხ---------------------, ს----------–----–-----------------------------ს ვალდებულების შესრულების დამაბრკოლებელი გარემოების თაობაზე აცნობა 2016 წლის 13 ოქტომბრის წერილით.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის (ი/მ ხ--------------------) მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას. კერძოდ ს----------–----–-----------------------------ს მიერ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე იკვეთება, რომ ი/მ ხ--------------------- ხელშეკრულებებით დადგენილ ვადაში (2016 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით) ვერ უზრუნველყო შეთანხმებული პროდუქციის მიწოდება, რის გამოც მთლიანობაში სახელშეკრულებო ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულების და საქონლის მიწოდების ვადების გადაცილების შედეგად მოპასუხის მიმართ დარიცხული პირგასამტეხლო ჯამში შეადგენს 3808 ლარს.

 

2.7. სასამართლომ არ გაიზიარა ი/მ ხ--------------------ს პოზიცია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველზე. კერძოდ, მოპასუხის შესაგებელი ემყარება იმ გარემოებას, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ფორს-მაჟორული გარემოების (დიდთოვლობა და ტყეკაფვის ადგილზე საავტომობილო გზის არ არსებობა) არსებობით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ დაუძლეველ ძალას მიეკუთვნება ყველა ის მოვლენა, როდესაც ვალდებულების შესრულება სცილდება ზოგადად ადამიანის შესაძლებლობებს. ეს არის განსაკუთრებული და კონკრეტულ პირობებში აუცდენელი (გადაულახავი) გარემოება, რომელიც, როგორც წესი, უკავშირდება ბუნებრივ მოვლენებს (მიწისძვრა, ქარიშხალი, წყალდიდობა, ზვავი და ა.შ.) ან/და საზოგადოებრივ მოვლენებს (ომი, გაფიცვა, აღმასრულებელი ხელისუფლების მორატორიუმი და ა.შ.) ამასთან, იმისათვის, რომ გარემოება ნამდვილად ჩაითვალოს ვალდებულების შესრულების დამაბრკოლებელ გარემოებად, მას უნდა ახასიათებდეს განსაკუთრებულობა და გარდაუვალობა ერთდროულად.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 2016 წლის 26 ივლისის ხელშეკრულების 12.3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ფორს-მაჟორული გარემოების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი გახდა ნაკისრი ვალდებულების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი/მ ხ---------------------, ს----------–----–-----------------------------ს ვალდებულების შესრულების დამაბრკოლებელი გარემოების თაობაზე წერილობით მიმართა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ, 2016 წლის 13 ოქტომბერს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ უგულვებელყო ხელშეკრულების 12.3 პუნქტში გაწერილი პირობა, რის გამოც არსებობს სამართლებრივი წინაპირობები მოპასუხისთვის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო პირგასამეტხლოს დაკისრების თაობაზე.

 

2.8. მოსარჩელემ დაგვიანებით გადასცა მოპასუხეს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის- - 300 ლარის გადახდის ქვითარი, რომლის გარეშე შეუძლებელი იყო ტყეში ხელშეკრულების მხარის დაშვება და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. სსიპ ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური 300 ლარი, თანხა გადახდილია 2016 წლის 15 აგვისტოს, ანუ ხელშეკრულების გაფორმებიდან 21 დღის შემდეგ, რამაც განაპირობა სამუშაოების დაგვიანებით დაწყება და რაც გამოწვეული იყო მოსარჩელის ბრალით.

 

სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრებას აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით და მიუთითებს შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის 2016 წლის 01 აგვისტოს და შსს ეკონომიკური დეპარტამენტის 2016 წლის 09 აგვისტოს წერილზე, რომლითაც დგინდება, რომ ტყეკაფვისათვის თანხის ჩარიცხვა უნდა განეხორციელებინა ეროვნულ სატყეო სააგენტოს და არა მოსარჩელეს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.9. როგორც აღინიშნა 2016 წლის 26 ივლისს ს----------–----–-----------------------------ს და ი/მ ხ-------------------- შორის გაფორმდა N--- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი.მ ხ--------------------- მოსასარჩელეს სხვა ტყეკაფის გამოყოფის თაობაზე მიმართა ხელშეკრულების ვადის (2016 წლის 04 ოქტომბერი) გასვლის შემდეგ 2016 წლის 13 ოქტომბერს. შედეგად მოსარჩელეს 2016 წლის 26 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოეშვა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის 2016 წლის 26 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს ანაზღაურება. კერძოდ, ხელშეკრულების 11.3 პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდების ვადების გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო თანხის 0.4%-ის ოდენობით, ხოლო 11.4 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებეი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის დაჯარიმდება ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა ი/მ ხ--------------------ს მხრიდან საქონლის მიწოდების ვადის გადაცილების და ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, რომლის საფუძველზეც მოპასუხის მიმართ დარიცხული პირგასამტეხლო ჯამში შეადგენს 3808 ლარს (ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის 2800 ლარი და საქონლის მიწოდების ვადის გადაცილებისათვის 1008 ლარი).

 

მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.

 

მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.

 

სასამართლოს მოსაზრებით 3808 ლარის პირგასამტეხლოს სახით დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, ს----------–----–-----------------------------ს მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა არაგონივრულია, რომელიც უნდა შემცირდეს და მოპასუხეს დაეკისროს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო 280 ლარის, ხოლო საქონლის მიწოდების ვადის გადაცილებისათვის 252 ლარის, ჯამში 532 ლარის გადახდა.

 

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. ვინაიდან, მიმწოდებელმა არ შეასრულა ხელშეკრულების მესამე მუხლის 3.1 პუნქტით და მეხუთე მუხლის 5.1 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები, ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.4 პუნქტის თანახმად, მოსარჩელემ ცალმხრივად შეწყვიტა ზემოაღნიშნული ხელშეკრულება და ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის მოპასუხეს დააკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 2800 ლარს. ასევე, ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად საქონლის მიწოდების ვადის გადაცილებისათვის 2016 წლის 5 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით მიმწოდებელს დაერიცხა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო თანხის 0,4%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც 1008 ლარია. აპელანტს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო ს------ა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

დასახელებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

მითითებული გარემოების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს მოცულობად მართებულად განისაზღვრა 532 ლარი, ვინაიდან, მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო და არ აკმაყოფილებდა თანაზომიერებისა და გონივრულობის სტანდარტს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს----------–----–-----------------------------ს უარი უნდა ეთქვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, ხოლო აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო ს------ა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ს----------–----–-----------------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო ს------ა კოლეგიის 2017 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება.

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა გოგიშვილი