განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.11.2018
საქმის ნომერი
330210115001098624
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
01.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210115001098624

საქმე №2ბ/980-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

01 ნოემბერი 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები - თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

ოთარ სიჭინავა

სხდომის მდივანი _ თამარ ბლიაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ,,დ----------- ჯ-------ა“

წარმომადგენელი - მ-----– შ----–---–ი, ლ---- ნ-----–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შ--–- კ--–------ე

 

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ა------–------- ქ--------;

წარმომადგენელი - ლ---- ნ-----–--ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა, საკუთრების უფლების ჩამორთმევა.

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,დ----------- ჯ-------ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ შპს "დ----------- ჯ-------ა" სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2----–-–----------------–-, რომლის თავდაპირველ პარტნიორებს წარმოადგენდნენ ქ-------- ა------–------- 40%, შ--–- კ--–------ე 25%, შ------- გ------------ი 35%. დღევანდელი მდგომარეობით შ--–- კ--–------ის წილი საზოგადოებაში შეადგენს 25%, ხოლო ქ-------- ა------–-------ის 75%.

 

2.2. 2013 წლის 12 აპრილს ჩატარდა შპს "დ----------- ჯ-------ას" პარტნიორთა კრება, რომლის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხს მიეკუთვნებოდა კომპანიის კაპიტალის გაზრდა 200 ლარიდან 2 000 000 ლარამდე კომპანიის პარტნიორებისგან მათი წილის პროპორციულად დამატებითი შენატანების მოთხოვნის გზით. კრებას ესწრებოდა ქ-------- ა------–-------ი კომპანიის 40%-ის, შ------- გ------------ი 35%-ის და შ--–- კ--–------ე წილის 25%-ის მფლობელები. კრებაზე საზოგადოების 75 %-ის მფლობელმა პარტნიორებმა გადაწყვიტეს საზოგადოების კაპიტალის გაზრდის მიზნით შ------- გ------------ის მიერ საზოგადოებაში შენატანის განხორციელება 699 930 ლარის, ა------–------- ქ--------ს მიერ 7999.920 ლარის და შ--–- კ--–------ის მიერ 499.950 ლარის ოდენობით, 2013 წლის 30 აპრილამდე. კრების ოქმს ხელს აწერს ა------–------- ქ--------ს და შ------- გ------------ის წარმომადგენლები..

 

2.3. 2013 წლის 17 ივლისის შპს "დ----------- ჯ-------ას" პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით შ------- გ------------ის და შ--–- კ--–------ეს 2013 წლის 12 აპრილის პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწვეტილების შესრულების ვადა დამატებით განუსაზღვრა 2013 წლის 31 ივლისამდე. კრების ოქმს ხელს აწერს 75% წილის მფლობელი პარტნიორების წარმომამდგენილი. შ--–- კ--–------ე კრებას არ ესწრებოდა, თუმცა მისთვის ცნობილი იყო სხდომის თარიღის თაობაზე.

 

2.4. 2015 წლის 16 ივლისის შპს "დ----------- ჯ-------ას" პარტნიორთა კრებაზე (75%-ის წილის მფლობელის ქ-------- ა------–-------ის მონაწილეობით) მიღებულია გადაწყვეტილება მოპასუხის მიერ კომპანიაში შენატანის შეუტანლობის გამო მისი გარიცხვის და კუთვნილი წილის 25%-ის ქ-------- ა------–-------ის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე. კრების ოქმს ხელს აწერს 75%-ის წილის მფლობელის ქ-------- ა------–-------ის წარმომადგენლი.

 

2.5. 2013 წლის 16 მაისის სს „თ----- ბ----ს“ საგადასახადო დავალებით ქ-------- ა------–-------ს შპს "დ----------- ჯ-------ას" საწესდებო კაპიტალში შენატანი შეადგენს 489 611.75 აშშ დოლარს, 2016 წლის 20 სექტემბრის კ----------------- ბ----ს საგადასახადო დავალებით 249 958.50 აშშ დოლარს და 2015 წლის 07 მაისის საგადასახადო დვალებით 126.100 აშშ დოლარს.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.6. მხარეთა ახსნა განმარტებით დგინდება, რომ 2013 წლის 12 აპრილს შპს "დ----------- ჯ-------ას" პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე შ--–- კ--–------ეს საზოგადოებაში დამატებითი შენატანის შეტანა საწესდებო კაპიტალში არ განუხორციელებია.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.7. სასამართლომ მიუთითა, რომ “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 91–ე მუხლის მე–6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას ახალი/დამატებითი შენატანების გზით საწარმოს კაპიტალის გაზრდის შესახებ. ამავე მუხლის მე–9 პუნქტის თანახმად, საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს გადაწყვეტილების მიღებას კრების მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ ეს კანონი არ განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღებას ერთხმად და თუ ამ გადაწყვეტილების შინაარსი არ ხელყოფს პარტნიორის არსებით ინტერესებს.

 

მოცემულ შეთხვევაში დადგენილია, 2013 წლის 12 აპრილის შპს "დ----------- ჯ-------ას" პარტნიორთა კრების საფუძველზე საზოგადოების პარტნიორებს, მათი წილის შესაბამისად, განესაზღვრათ საწესდებო კაპიტალში დამატებითი შენატანის ვალდებულება, მათ შორის მოპასუხეს 499.950 ლარის შეტანა, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. მოპასუხეს არაერთგზის განესაზღვრა დამატებითი ვადა შენატანის განსახორცილებლად, თუმცა ვალდებულება არ შესრულება. აღნიშნულის საფუძველზე 2015 წლის 16 ივლისის შპს "დ----- ფ--- ჯ-------ას" პარტნიორთა კრებაზე (75%-ის წილის მფლობელის ქ-------- ა------–-------ის მონაწილეობით) მიღებულია გადაწყვეტილება მოპასუხის მიერ კომპანიაში შენატანის შეუტანლობის გამო მისი გარიცხვის და კუთვნილი წილის 25%-ის ქ-------- ა------–-------ის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე.

 

2.8. საზოგადოებიდან პარტნიორისგარიცხვა დასაშვებია მხოლოდ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ყველა სხვა შემთხვევაში პარტნიორის საზოგადოებიდან ანუ მისთვის საკუთრების ჩამოსართმევად, აუცილებელია სასამართლო გადაწყვეტილება.

 

მოხმობილ ნორმათა შინაარსიდან და საზოგადოების წესდების (მე-5 მუხლი) შესაბამისად საზოგადოებაში დამატებითი შენატანების გზით საწარმოს კაპიტალის გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილებაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს პარტნიორთა კრება. პარტნიორთა კრების ოქმი მხარეთა შორის დადებულ გარიგებას წარმოადგენს. პარტნიორის წილი საზოგადოებაში წარმოადგენს მის საკუთრებას. საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის შემთხვევაში პარტნიორი კარგავს საკუთრებას წილზე. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება აღიარებული და უზრუნველყოფილია და მისი ჩამორთმევა დასაშვებია მხოლოდ კანონით პიდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.

 

2.9. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 46-ე მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში პარტნიორებს უფლება აქვთ, თავიანთი წილების პროპორციულად მიიღონ მონაწილეობა აღნიშნული საზოგადოების კაპიტალის გაზრდაში, პარტნიორთა საერთო კრების მიერ დადგენილ ვადაში კაპიტალში შესაბამისი შენატანების სრული ოდენობით განხორციელებით, თუ ყველა პარტნიორი ამ უფლების გამოყენების სხვა წესზე არ შეთანხმდება; ამასთანავე, რომელიმე პარტნიორის მიერ აღნიშნული უფლების სრულად ან ნაწილობრივ გამოუყენებლობის შემთხვევაში შესაძლებელია კაპიტალის გაზრდის შემდეგ პარტნიორთა წილების ახალი თანაფარდობა წარმოიშვას. სასამართლო მიუთითებს, რომ საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა უკიდურესი ღონისძიებაა, რაც დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში და იგი უნდა ეფუძნებოდეს გასარიცხი პარტნიორის კანონისა და საზოგადოების ინტერესების აშკარად საწინააღმდეგო ქმედებას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიიჩნია, რომ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 46-ე მუხლის 21 პუნქტთან, ვინაიდან საწესდებო კაპიტალში დამატებითი შენატანის განუხორციელება არ წარმოადგენს საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის და მისთვის წილის ჩამორთმევის საფუძველს, ვინაიდან პარტნიორის მიერ ვალდებულობის განუხორციელების შემთხვევაში შესაძლებელია კაპიტალის გაზრდის შემდეგ პარტნიორთა წილების ახალი თანაფარდობის წარმოშობა. აღნიშნულიდან გამომიდნარე მოსარჩელის მოთხოვნა პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვისა და მისი კუთვნილი წილის სხვა პარტნიორისთვის გადაცემის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა იმ ნორმის საფუძველზე, რომელიც არ არსებობდა მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის არცერთ ეტაპზე და არც სასამართლოში სარჩელის აღძვრისას. სასამართლომ 2015 წლის 16 ივლისის კრების ოქმის, რომლის საფუძველზეც შენატანის შეუტანლობის გამო განხორციელდა შ--–- კ--–------ის საზოგადოებიდან გარიცხვა, კანონიერება შეამოწმა არა მოქმედი კანონმდებლობის, არამედ "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის ახალი ნორმით, რომელიც კანონში გაჩნდა 2016 წლის 18 თებერვლის ცვლილებების შედეგად, სარჩელის შეტანიდან 6 და გადაწყვეტილების მიღებიდან - 8 თვის გასვლის შემდეგ. სასამართლომ კრების ოქმის შესაფასებლად გამოიყენა მეწარმეთა შესახებ კანონის 46-ე მუხლის მე-2 პრიმა პუნქტი, რომლის ანალოგიც კანონში მანამდე არასდროს არ არსებობდა. ბუნებრივია აღნიშნული ნორმა არ წარმოადგენდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, რასაც საჩივრის სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში დავადასტურებთ, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს მიერ დარღვეულია სამართალწარმოების უმთავრესი - კანონის უზენაესობის პრინციპი, როდესაც კომპანიის პარტნიორთა გადაწყვეტილების მიჩნეული იქნა არარსებულ კანონთან შეუსაბამოდ.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ნათლად განსაზღვრავს თუ რა შემთხვევაში რომელი კანონით უნდა ისარგებლოს სასამართლომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას. სამართლებრივი ურთიერთობის დასრულების შემდეგ მიღებული კანონის ამ ურთიერთობის შესაფასებლად გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კანონს აქვს უკუძალა. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მიხედვით, ნორმატიულ აქტს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს უკუძალა, როდესაც ამის შესახებ პირდაპირ არის მითითებული ნორმატიულ აქტში. მსგავს ჩანაწერი ბუნებრივია არ არსებობს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 2016 წლის 19 თებერვლის კანონში. უფრო მეტიც, ერთ-ერთ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება დივიდენდის განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, კანონი პირდაპირ აღნიშნავს, რომ კანონის მოქმედება არ ვრცელდება უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებსა და გაფორმებულ კრების ოქმებზე.

 

აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და მიანიჭა უკუძალა მეწარმეთა შესახებ კანონის ახალ ნორმას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. სასამართლო განხილვის მთელი ვადის განმავლობაში ამ საკითხზე ყოველგვარი მითითების გარეშე, შეჯიბრებითობის პრინციპების უგულებელყოფით, სასამართლო სიურპრიზის სახით აცხადებს გადაწყვეტილებაში რომ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მეწარმეთა შესახებ კანონის 46-ე მუხლის მე-2 პრიმა მუხლთან, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს მაშინ, როდესაც ეს ნორმა ბუნებაში არ არსებობდა გადაწყვეტილების მიღების დროს და არც მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის წინა ეტაპებზე.

 

სასამართლოს მიერ კანონის უკუძალის პრინციპების ამ დონის დარღვევის გამო აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ სათანადოდ არ იქნა შესწავლილი მოქმედი კანონმდებლობა და არ ყოფილა ყურადღება მიქცეული ციტირებული ნორმის მიღების ვადაზე. სასამართლომ სწორედ ამ მცდარი შეფასებით შელახა მხარის არსებითი საპროცესო სამართლებრივი უფლებები. სასამართლოს მხრიდან საქმის ამგვარი ხარისხის უგულებელყოფა, წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს, რადგანაც შეუძლებელია სააპელაციო სასამართლომ შინაარსობრივად შეაფასოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია არარსებულ სამართლებრივ რეალობაში.

 

აპელანტი განმარტავს, რომ საქართველოს სასამართლოების მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც გამყარებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებით, ცალსახად გამორიცხავს მეწარმეთა შესახებ კანონის შემდგომი ცვლილებების გამოყენებას მანამდე არსებულ ურთიერთობებთან მიმართებაში. საქმეში #ას-1026-961-2012, რაზეც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობით უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მაისის განჩინების შესაბამისობა კანონთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა: "სასამართლომ სამართლებრივად დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა და აღნიშნა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა პასუხისმგებლობას აწესებს, ამოქმედდა 2008 წლის 10 მაისიდან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე 2008 წლის 14 მარტის №5913–Iს საქართველოს კანონის მიღებით. სასამართლომ მიუთითა ასევე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია ნორმატიული აქტის უკუძალა და აპელანტის მოსაზრება მოპასუხის პირადი და შეუზღუდავი პასუხისმგებლობის შესახებ არ იქნა გაზიარებული, იმ მიზეზით, რომ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოთაღნიშნული ნორმით დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა არ მოქმედებდა იმ პერიოდში, როდესაც, აპელანტის მოსაზრებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ბოროტად გამოიყენა პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივი ფორმა და შპს „ვ----ის“ კაპიტალიდან თანხის ამოღებით მიზანმიმართულად შეუშალა ხელი კრედიტორების (მოსარჩელის) მოთხოვნის დაკმაყოფილებას." სასამართლომ არ გაავრცელა მეწარმეთა შესახებ კანონის იმ მნიშვნელობის ცვლილება უკვე დასრულებულ ურთიერთობაზე როგორიც იყო სუბიექტთა პასუხისმგებლობის საკითხის განსაზღვრა და აღნიშნა, რომ ნორმატიული აქტის უკუძალის არარსებობის პირობებში, აპელანტი ვერ დაეყრდნობოდა კანონში მიღებულ ახალ ნორმას.

 

აპელანტის მტკიცებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია მოქმედი მატერიალური და პროცესუალური კანონმდებლობის უხეში დარღვევით. გადაწყვეტილების გაუქმება აუცილებელია, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა აპელანტისა და საქმეში დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩართული პირის უმნიშვნელოვანესი უფლება მართლმსაჯულების კანონის შესაბამისად განხორციელების თაობაზე.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება სადაოდ არ ხდის საქმისთვის არსებით ფაქტობრივ გარემოებებს, რაც გულისხმობს შპს "დ----------- ჯ-------ა"-ს მიერ კაპიტალის გაზრდის, გაზრდილ კაპიტალში შენატანების განხორციელების ვალდებულების წარმოშობის, შენატანის განხორციელების ვადის განსაზღვრის და ვადის უშედეგოდ გასვლის გამო, მოპასუხისთვის დამატებითი ვადის დაწესების ვალდებულებების წარმომშობი პარტნიორთა გადაწყვეტილებების/კრების ოქმების ნამდვილობას. სადაოდ არ არის გამხდარი მოპასუხე მხარის მიერ კაპიტალში შენატანის განუხორციელებლობის ფაქტი და ასევე გარიცხვის შესახებ 2015 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების მიღება კომპანიის წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული კრების მოწვევისა და ჩატარებისთვის დადგენილი წესების დაცვით.

 

შესაბამისად, აპელანტის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ერთადერთი სამართლებრივი საკითხი, შეესაბამებოდა თუ არა 2015 წლის 16 ივლისის კრების ოქმი საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და ჰქონდა თუ არა კომპანიას უფლება დამატებითი შენატანის შეუტანლობის გამო საზოგადოებიდან გაერიცხა შ--–- კ--–------ე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებითა და სასამართლოსთვის მიმართვის გზით. ვინაიდან აღნიშნულ კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემა არის ერთადერთი სწორი სამართლებრივი შეფასება, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმის დამატებითი გამოკვლევის გარეშე თავად მიიღოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, ვინაიდან საქმის ფაქტობრივი გარემოებები დამატებით შესწავლას აღარ საჭიროებენ.

 

აპელანტის მითითებით, 46-ე მუხლის მე-2 პრიმა მუხლის ჩანაწერით წილთა თანაფარდობის შეცვლა დასაშვებია კაპიტალის გაზრდის დროს შენატანის განუხორციელებლობის შემთხვევაში. ამ რეგულირებით კანონმა ცხადად დაადგინა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში პარტნიორს არ შეიძლება ჰქონდეს უფლება წილის გაზრდილ ღირებულებაზე, როდესაც ამ ღირებულების გაზრდაში ის არ მონაწილეობს. წარმოდგენილი სარჩელის არსსაც სწორედ აღნიშნული ლოგიკა წარმოადგენდა. შპს „დ----------- ჯ-------ა“-ს დაფუძნების დროს კომპანიის კაპიტალი განისაზღვრა 200 ლარით. აღსანიშნავია, რომ შ--–- კ--–------ე არ იყო კომპანიის დამფუძნებელი, მან წილი შეიძინა რ---------------------გან, შესაბამისად მას არანაირი შენატანი კომპანიის საწყის კაპიტალში არ განუხორციელებია. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც თუ იმოქმედებდა ციტირებული ნორმა, დაუშვებელი იყო მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტით შენატანის განუხორციელებლობის გამო დადგენილი სამართლებრივი შედეგების გამორიცხვა სასამართლოს მიერ.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ ნორმა კანონში ჩამატებული იქნა 2016 წლის 19 თებერვლის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით, რომელსაც ახლავს საქართველოს პარლამენტის განმარტებითი ბარათი, სადაც აღწერილია ნორმის მიღების მიზანი და საჭიროება. კანონის განმარტებით ბარათში კანონ-პროექტის ავტორები 46-ე მუხლის მეორე პრიმა პუნქტის განმარტებისას აცხადებენ, რომ " ნათლად განიმარტა და საკანონმდებლო სახე მიეცა პრაქტიკაში დამკვიდრებულ წესს, რომლის მიხედვითაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში წილის მფლობელს აქვს თავისი წილის საზოგადოების განახლებული კაპიტალის პროპორციულად გაზრდის უფლება კაპიტალში შესაბამისი შენატანის განხორციელების გზით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის, ისევე როგორც სხვა მსგავსი მნიშვნელობის მქონე შემთხვევებში, საჭიროა საერთო კრების გადაწყვეტილება." შესაბამისად, ცხადია, რომ ნორმის მიღების მიზანს წარმოადგენდა პარტნიორის იმ უფლების საკანონმდებლო რეგულირება, რომელიც ისედაც გამომდინარეობდა მოქმედი კანონმდებლობიდან და სასამართლოს პრაქტიკიდან. ნათელია, რომ ნორმის მიზანს არ წარმოადგენდა შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის რეჟიმის შემსუბუქება, არამედ პირიქით, პარტნიორის შესაბამისი ვალდებულების კიდევ ერთხელ დაფიქსირება. იგივეს ადასტურებს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 2016 წლის 16 თებერვლის #5 სხდომის ოქმი, სადაც ცვლილების კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ცვლილების დანიშნულება "შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში წილის მფლობელს აქვს თავისი წილის საზოგადოების განახლებული კაპიტალის პროპორციულად გაზრდის უფლება კაპიტალში შესაბამისი შენატანის განხორციელების გზით. ინიციატორის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებით საკანონმდებლო სახე მიეცა პრაქტიკაში დამკვიდრებულ წესს."

 

აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ უგულებელყო აპელანტის მიერ წარდგენილი დასაბუთებული არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, წილის დაკარგვას იწვევს როგორც საწყის ისე გაზრდილ კაპიტალში პარტნიორის მიერ შენატანის განუხორციელებლობა.

 

მოქმედი კანონმდებლობა ბუნებრივია აძლევს პარტნიორებს უფლებას, რომ დაფუძნების შემდეგ განსაზღვრონ კაპიტალის ახალი ოდენობა წესდების შესაბამისად. აღნიშნული უფლებამოსილების წართმევა საზოგადოებისთვის კომპანიის საქმიანობის აღკვეთას, ისეთ ხელშეშლას უტოლდება, რამაც შეიძლება საზოგადოების გაკოტრება და კეთილსინდისიერი პარტნიორების მიერ კომპანიაში განხორციელებული შენატანების სრულად დაკარგვა გამოიწვიოს. განსახილველ საქმეში, ბუნებრივია, რომ 200 ლარიანი კაპიტალით დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ვერ შეძლებდა აღნიშნული საზოგადოების მიერ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. (თვეში 141,000 ლარის ოდენობის იჯარის გადახდა და 4 თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის აშენება ვალეს, სადახლოს, წითელი ხიდისა და სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე), იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას არანაირი შემოსავალი თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან არ გააჩნდა კომპანიის დაფუძნების შემდეგ, აუცილებელი გახდა კაპიტალის გაზრდა, რაც კანონით სრულიად შესაძლებელი და დაშვებული უფლებაა საზოგადოების, რაც უზრუნველყოფს კეთილსინდისიერი პარტნიორების მიერ განხორციელებული შენატანის დაცვას.

 

კომპანიის პარტნიორები შეთანხმდნენ დამატებითი შენატანების განხორციელების წესზე მოქმედი წესდების შესაბამისად. წესდების მოქმედი რედაქციის 6.7 და 6.9.11 მუხლების შესაბამისად, რომელიც სათანადო წესით არის რეგისტრირებული სამეწარმეო რეესტრში, დამატებით შენატანების განსაზღვრისა და კაპიტალის ფორმირებისთვის საჭირო იყო მხოლოდ დამსწრე პარტნიორთა ხმების უმრავლესობა. შესაბამისად, კომპანიის პარტნიორთა შეთანხმებამ განსაზღვრა წესი, რომლის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება დამატებით შენატანებზე უტოლდება საწარმოს რეგისტრაციისას მიღებულ შეთანხმებას შენატანების თაობაზე და წარმოადგენს ყველა პარტნიორისთვის იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებას.

 

ყოველივეს გათვალისწინებით, აპელანტს მიაჩნია, რომ 2013 წლის 14 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება კაპიტალის გაზრდასთან დაკავშირებით მიღებული იქნა სათანადო წესით. ამასთან, გადაწყვეტილება დამოწმებულია ნოტარიულად, რაც ნიშნავს რომ მისი შედგენის კანონიერება დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ, რაც დოკუმენტს განსაკუთრებული რეგულირების რეჟიმში აქცევს. ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტს აქვს უდავო მტკიცებულების ძალა. საქართველოს უზენაესი სასამართლო 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებაში (საქმე: ას-322-307-2016) ნოტარიატის შესახებ კანონის 5.3 მუხლის განმარტებისას ადასტურებს, რომ: „აღნიშნული ნორმის და ასევე კანონის სხვა დებულებების შესაბამისად, ნოტარიატის ინსტიტუტის ერთ–ერთი ძირითადი დანიშნულებაა სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი წარმოადგენს ამა თუ იმ გარიგების მონაწილე კეთილსინდისიერი მხარის უფლების დაცვის გარანტიას და მიიჩნევს, რომ ნოტარიულად დადასტურებული დოკუმენტი კრიტიკულად შეფასების გარეშე უნდა იქნეს მიღებული და გაზიარებული, როგორც ნამდვილი.“

 

ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის უდავო მტკიცებულებითი ძალის განმარტებისთვის აპელანტი მოიხმობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, რომელიც აფასებს უდავო მტკიცებულების ძალას სამოქალაქო პროცესში. 2016 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებაში (საქმე #ას-338-323-2016), სასამართლომ უდავო მტკიცებულების ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანა სამოქალაქო პროცესის 131-ე მუხლით განსაზღვრული პროცესუალური აღიარება. სასამართლომ განმარტა, რომ უდავო მტკიცებულების სამართლებრივი შედეგია სასამართლოს ვალდებულება, მტკიცებულებით დადასტურებული ფაქტობრივი გარემოება ამოიღოს სადავო გარემოებებიდან და მიიჩნიოს როგორც უდავო გარემოება. შესაბამისად, ცხადია, რომ უდავო მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში საქმეში სასამართლო ვალდებულია, რომ დაეყრდნოს, ასეთ უდავო მტკიცებულებას და შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნიოს როგორც უდავო.

 

აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული შეფასება რელევანტურია იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არსებული სამივე კრების ოქმი (კაპიტალის გაზრდა, დამატებითი ვადის მინიჭება, პარტნიორის გარიცხვა) წარმოადგენს ნოტარიულად შინაარსობრივად დამოწმებულ დოკუმენტაციას. მოსარჩელე მთელი პროცესის მანძილზე აპელირებდა აღნიშნული კრების ოქმების უდავო მტკიცებულებით ძალაზე, მაშინ როდესაც მოპასუხეს მტკიცების საწინააღმდეგოდ არანაირი მოსაზრებაც კი არ წარმოუდგენია. აღსანიშნავია, რომ მოპასუხეს არც კი შეუფასებია (ზეპირადაც კი) რომელიმე კრების ოქმის ნამდვილობა თუ ბათილობა, მას არ განუცხადებია არანაირი პრეტენზია კრების ოქმების შინაარსთან თუ მოწვევის პროცედურებთან დაკავშირებით. ბუნებრივია არ არსებობს კრების ოქმების ბათილობაზე მოპასუხის ოფიციალური მოთხოვნა ან დაწყებული სასარჩელო წარმოება. შესაბამისად, ცხადია, რომ მოპასუხემ არც კი სცადა წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ რაიმე პოზიციის წარმოდგენა, რაც სასამართლოს უტოვებს ერთადერთ გამოსავალს - უდავოდ ცნოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება და სამართლებრივი შეფასება, რაც გამომდინარეობს ხსენებული სამი კრების ოქმიდან, მათ შორის, კრებების მოწვევისა და გადაწყვეტილების მიღების ნამდვილობა.

 

მეწარმეთა შესახებ კანონის 3.7 მუხლი განსაზღვრავს კომპანიაში შენატანების განუხორციელებლობის სამართლებრივ შედეგებს. ნორმის მიხედვით პარტნიორებს ენიჭებათ უფლებამოსილება, რომ შეთანხმდნენ დამატებითი შენატანების მოთხოვნის წესზე. 3.7 მუხლის პირველი წინადადება ნათლად მიუთითებს იმის თაობაზე, რომ დამატებით შენატანების განხორციელების წესის და ვადის განსაზღვრის უფლება აქვთ კომპანიის პარტნიორებს. შესაბამისად, დაუშვებელია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ პარტნიორი მხოლოდ თავდაპირველი (სადამფუძნებლო) კაპიტალის შევსებაზეა პასუხისმგებელი.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ 3.7 მუხლის მეორე წინადადება ასევე ცხადად განსაზღვრავს, რომ შენატანის განხორციელების ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ პარტნიორი კარგავს წილს და ნაწილობრივ შესრულებული ვალდებულების შედეგებსაც. კანონის ეს დებულება ადგენს შენატანის შეუტანლობის სამართლებრივ შედეგებს. კერძოდ, პარტნიორი რომელიც არ შეიტანს შენატანს კარგავს წილზე საკუთრების უფლებას. კანონი დამატებით განმარტავს პარტნიორის მოვალეობის საზღვრებს და ადგენს, რომ შენატანის მხოლოდ სრულად განხორციელება არის წილზე საკუთრების უფლების წინაპირობა. აღნიშნული შეფასება გამომდინარეობს კანონის ჩანაწერიდან, რომელიც განსაზღვრავს, რომ შენატანის სრულად შეუტანლობის შემთხვევაში, პარტნიორი კარგავს წილზე უფლებას ისევე როგორც უფლებებს ნაწილობრივ შესრულებულ ვალდებულებებზე. შესაბამისად, თუ პარტნიორის მიერ შენატანი მხოლოდ ნაწილობრივ არის განხორციელებული, დადგენილ ვადაში კაპიტალის სრულად შეუვსებლობის შემთხვევაში ის კარგავს მთლიან წილს და უფლებას, მოითხოვოს რაიმე კომპენსაცია უკვე შევსებული კაპიტალის პროპორციულად. შენატანის სრულად შეუტანლობის აღწერილი სამართლებრივი შედეგი შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ წესდება სხვაგვარ შედეგებს ადგენს.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ შ--–- კ--–------ის 25% წილს თან ახლავს ვალდებულება ნახევარი მილიონი ლარის კაპიტალის შენატანის განხორციელებაზე. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ა------–------- ქ-------- წილს მიიღებს არა უსასყიდლოდ, არამედ შესაბამისი თანხის კომპანიის კაპიტალში გადახდის ვალდებულებით. შესაბამისად, არ არსებობს წილის უსასყიდლოდ/უფასოდ გადაცემის შემთხვევა. უფრო მეტიც, მოქმედი კანონმდებლობა არც მოითხოვს რაიმე კომპენსაციას იმ პარტნიორისთვის, რომელიც საზოგადოებიდან გაირიცხა შენატანის შეუტანლობის გამო. კანონი ცალსახად ადგენს, რომ ასეთ დროს პარტნიორი კარგავს უფლებებს ნაწილობრივ შესრულებულ ვალდებულებებზეც. შესაბამისად, შ--–- კ--–------ეს არანირი კომპენსაციის მოთხოვნის უფლება არ გააჩნია. იგივეს ადასტურებს სასამართლო პრაქტიკა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებაში (საქმე: ას-771-732-2013) საკასაციო სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ კომპანიიდან პარტნიორის გარიცხვისას მოქმედი კანონმდებლობა კომპენსაციის გადახდას არ ითვალისწინებს. სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც წილის კომპენსაცია გათვალისწინებულია შეეხება კანონის 32-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობას კომპანიიდან პარტნიორის გასვლისას.

 

მოპასუხის მხრიდან ასევე გაჟღერებული იყო მოსაზრება, რომ თითქოს არ არსებობს პარტნიორის გარიცხვის საფუძველი მოქმედ კანონმდებლობაში. მეწარმეთა შესახებ კანონის ზემოთ მოყვანილი ანალიზი გამყარებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკით. სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ თუ არსებობს კანონის 3.7 მუხლით დადგენილი წინაპირობები - გადაწყვეტილება კაპიტალის გაზრდაზე და შესავსებად განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლა, კომპანიის პარტნიორთა კრება უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება პარტნიორის გარიცხვაზე, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთვის საჭიროა სასამართლოსთვის მიმართვა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები, საქმე #ას-771-732-2013, 2014 წლის 31 მარტი, საქმე # ას-1060-1090-2011, 2011 წლის 21 ივლისი).

 

3.2. აპელანტი მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით მოსარჩელეზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად მოსარჩელემ სასამართლოში წარმოადგინა ყველა ის მტკიცებულება, რაც ადასტურებს და სამართლებრივად ამყარებს ჩვენს სასარჩელო მოთხოვნას. წარმოდგენილია საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით საზოგადოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება კაპიტალის გაზრდის, შენატანების შეტანის და პარტნიორის გარიცხვის შესახებ. ასევე უტყუარი მტკიცებულებითაა დადასტურებული საზოგადოებაში დამატებითი კაპიტალის მოზიდვის აუცილებლობა აუდიტის დასკვნით და საგადასახადო ორგანოებში წარდგენილი დეკლარაციებით, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე უდავოდ დგინდება, მოპასუხის მხრიდან თავისი პარტნიორული უფლება-მოვალეობების განხორციელების სრული იგნორი, რაც გამოიხატება, კომპანიის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ყოფნის დროს კომპანიის აშკარა გაკოტრების შესაძლებლობის მიმართ გულგრილი დამოკიდებულებით. კრებებზე არ დასწრებით, შეტყობინებების იგნორით და დამატებით თანხების მოძიებაზე არანაირი ზრუნვით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მძიმე ფინანსური მდგომარეობის პერიოდში კაპიტალის სრული დეფიციტი კომპანიაში შევსებულ იქნება ერთი პარტნიორის მიერ. აღნიშნულის ლოგიკური მიზეზი სწორედ ისაა, რომ კომპანიის გაკოტრების შემთხვევაში, სწორეს ა------–------- ქ-------- ინაწილებს მის მიერ კომპანიაში უკვე ჩადებული ქონების, ფულის და დროის დაკარგვის რისკს, რითაც არაკეთილსინდისიერად და უსამართლოდ სარგებლობს მოპასუხე. მოსარჩელემ ყველანაირი ზომა გამოიყენეს იმისთვის, რომ მოპასუხეს შეესრულებინა მასზე დაკისრებული პარტნიორული ვალდებულება. მიუხედავად აღნიშნულისა მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა ვერც-ერთი არათუ მტკიცებულება, არამედ არგუმენტიც კი, რომელიც გააქარწყლებდა ან უარყოფდა მოსარჩელეს პოზიციას. მას მიაჩნია, რომ საზოგადოებაში არანაირი ჩართულობით, არანაირი წვლილის შტანით მას უფლება აქვს დარჩეს 25% წილის მესაკუთრედ და მიიღოს მხოლოდ წილის ფლობიდან გამომდინარე უფლებები, ვალდებულებების სრული უგულვებელყოფის ფონზე და მოსარჩელეს, რომელმაც პირადი ქონების და პირადი სახსრების ხარჯზე, გადაარჩინა კომპანია გაკოტრებას, უწოდოს არაკეთილსინდისიერი პარტნიორი. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ ჯერ კიდევ პირველი სასამართლო განხილვისას საქმის მორიგებით დამთავრებით მიზნებისთვის მოპასუხეს კომპენსაციის სახით ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის, კეთილი ნების საფუძველზე შესთავაზე კომპენსაციის სახით 100,000 აშშ დოლარის გადახდა, რაზეც მოპასუხის წარმომადგენლისგან მივიღეთ უარი. აღნიშნული საქმის განხილვისას დადასტურდა, რომ შ--–- კ--–------ე, თვითონ თავისივე ქმედებებით უარს აცხადებს და თვითონვე იზღუდავს თავს, ისარგებლოს პარტნიორული უფლება-მოვალეობებით, რაც გამოუვალ მდგომარეობაში აგდებს მოსარჩელეს და იძულებულს ხდის თავისი უფლებებისა და ინვესტიციის დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

ყოველივეს გათვალისწინებით, აპელანტს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა გააუქმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1.-2.9. პუნქტები).

 

4.2. სააპელაციო პალატას უდავოდ დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

- დადგენილია, რომ შპს "დ----------- ჯ-------ა" სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2----–-–----------------–-, რომლის თავდაპირველ პარტნიორებს წარმოადგენდნენ ქ-------- ა------–------- 40%, შ--–- კ--–------ე 25%, შ------- გ------------ი 35%. დღევანდელი მდგომარეობით შ--–- კ--–------ის წილი საზოგადოებაში შეადგენს 25%, ხოლო ქ-------- ა------–-------ის 75%.

 

- უდავოა, რომ შპს "დ----------- ჯ-------ას" 2013 წლის 12 აპრილის პარტნიორთა კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხს მიეკუთვნებოდა კომპანიის კაპიტალის გაზრდა 200 ლარიდან 2 000 000 ლარამდე კომპანიის პარტნიორებისგან მათი წილის პროპორციულად დამატებითი შენატანების მოთხოვნის გზით. კრებას ესწრებოდა ქ-------- ა------–-------ი კომპანიის 40%-ის, შ------- გ------------ი 35%-ის და შ--–- კ--–------ე წილის 25%-ის მფლობელები. კრებაზე საზოგადოების 75%-ის მფლობელმა პარტნიორებმა გადაწყვიტეს საზოგადოების კაპიტალის გაზრდის მიზნით შ------- გ------------ის მიერ საზოგადოებაში შენატანის განხორციელება 699 930 ლარის, ა------–------- ქ--------ს მიერ 7999.920 ლარის და შ--–- კ--–------ის მიერ 499.950 ლარის ოდენობით, 2013 წლის 30 აპრილამდე. კრების ოქმს ხელს აწერს ა------–------- ქ--------ს და შ------- გ------------ის წარმომადგენლები..

 

- ასევე, უდავოა, რომ 2013 წლის 17 ივლისის შპს "დ----------- ჯ-------ას" პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით შ------- გ------------ის და შ--–- კ--–------ეს 2013 წლის 12 აპრილის პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწვეტილების შესრულების ვადა დამატებით განუსაზღვრა 2013 წლის 31 ივლისამდე. კრების ოქმს ხელს აწერს 75% წილის მფლობელი პარტნიორების წარმომადგენელი. შ--–- კ--–------ე კრებას არ ესწრებოდა.

 

- დადგენილია, რომ 2015 წლის 16 ივლისის შპს "დ----------- ჯ-------ას" პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით შ--–- კ--–------ე კომპანიაში შენატანის შეუტანლობის გამო გარიცხულ იქნა საზოგადოებიდან და მისი კუთვნილი წილის 25%-ის რეგისტრაცია მოხდა ქ-------- ა------–-------ის სახელზე. კრების ოქმს ხელს აწერს 75%-ის წილის მფლობელის ქ-------- ა------–-------ის წარმომადგენლი.

 

- ასევე დადგენილია, რომ 2013 წლის 16 მაისის სს „თ----- ბ----ს“ საგადასახადო დავალებით ქ-------- ა------–-------ს შპს "დ----------- ჯ-------ას" საწესდებო კაპიტალში შენატანი შეადგენს 489 611.75 აშშ დოლარს, 2016 წლის 20 სექტემბრის კ----------------- ბ----ს საგადასახადო დავალებით 249 958.50 აშშ დოლარს და 2015 წლის 7 მაისის საგადასახადო დვალებით 126.100 აშშ დოლარს.

 

- შ--–- კ--–------ეს საზოგადოებაში დამატებითი შენატანის შეტანა საწესდებო კაპიტალში არ განუხორციელებია.

 

4.2. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

4.3. სააპელაციო პალატა პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ პარტნიორის წილი საზოგადოებაში წარმოადგენს მის საკუთრებას. საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის შემთხვევაში პარტნიორი კარგავს საკუთრებას წილზე. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება აღიარებული და უზრუნველყოფილია და მისი ჩამორთმევა დასაშვებია მხოლოდ კანონით პიდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის შესაბამისად თუ ამ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, პარტნიორებს შეუძლიათ წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში განსაზღვრონ თითოეული პარტნიორის შენატანის შეტანის წესი და ვადა. ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში პარტნიორი, რომელმაც არ განახორციელა გადახდა, კარგავს წილს და ნაწილობრივ შესრულებულ ვალდებულებათა შედეგებსაც, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა დასაშვებია მხოლოდ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ყველა სხვა შემთხვევაში პარტნიორის საზოგადოებიდან ანუ მისთვის საკუთრების ჩამოსართმევად, აუცილებელია სასამართლო გადაწყვეტილება.

 

მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე–3 მუხლის მე–5 პუნქტი (სადავო კრების გადაწყვეტილების მიღების დროისთვის მოქმედი რედაქციით) ითვალისწინებს საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის შესაძლებლობას მის მიერ შენატანის განუხორციელებლობის შემთხვევაში. კერძოდ, დასახელებული ნორმით, პარტნიორი, რომელმაც გააჭიანურა გადახდა, კარგავს წილს და ნაწილობრივ შესრულებულ ვალდებულებათა შედეგებსაც, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი მხარეთა შეთანხმებით.

 

ამავე კანონის 46-ე მუხლის მე-21 ნაწილის თანახამად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში პარტნიორებს უფლება აქვთ, თავიანთი წილების პროპორციულად მიიღონ მონაწილეობა აღნიშნული საზოგადოების კაპიტალის გაზრდაში, პარტნიორთა საერთო კრების მიერ დადგენილ ვადაში კაპიტალში შესაბამისი შენატანების სრული ოდენობით განხორციელებით, თუ ყველა პარტნიორი ამ უფლების გამოყენების სხვა წესზე არ შეთანხმდება; ამასთანავე, რომელიმე პარტნიორის მიერ აღნიშნული უფლების სრულად ან ნაწილობრივ გამოუყენებლობის შემთხვევაში შესაძლებელია კაპიტალის გაზრდის შემდეგ პარტნიორთა წილების ახალი თანაფარდობა წარმოიშვას. (19.02.2016. მდგომარეობით).

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის ძირითად შედავებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია, ნაცვლად პარნიორთა კრების ოქმის მიღების დროს მოქმედი რედაქციისა. უნდა აღინიშნოს, რომ კანონის დროში მოქმედების პრინციპიდან გამომდინარე, ამა თუ იმ იურიდიული მოქმედების კანონიერება უნდა შემოწმდეს ამ ქმედების განხორციელების დროს მოქმედი მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლის შესაბამისად (გარდა კანონით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთვევისა, როგორიცაა, მაგალითად, კანონის უკუძალა, უდავოა, რომ 19.02.2016წ. ცვლილება შევიდა განსახილველ ნორმაში. 19.02.2016. N4791 ცვლილებით ამ ნორმის მოქმედება არ ვრცელდება მოგების განაწილების შესახებ იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე იქნა მიღებული. შესაბამისად, ივარაუდება, რომ ამ კანონის 46-ე მუხლიდან გამომდინარე, მას უკუძალა სხვა დანარჩენ შემთხვევაში მიენიჭა).

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს „დ----------- ჯ-------ას“ 2015 წლის 16 ივლისის პარტნიორთა კრების ოქმი და ამ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება შ--–- კ--–------ის პარტნიორთა რიგებიდან გარიცხვის თაობაზე ეწინააღმდეგება სამეწარმეო კანონმდებლობით დადგენილ წესს. შესაბამისად პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვისა და მისთვის წილის ჩამორთმევის საფუძველს არ წარმოადგენს საწესდებო კაპიტალში დამატებითი კაპიტალის შეტანის განუხორციელებლობა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ასკვნის, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა პარტნიორთა საერთო კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე და იგი მართებულად არ იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, სააპელაციო საჩივარი კი დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტთა მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო წინასწარ იქნა გადახდილი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,,დ----------- ჯ-------ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

 

მოსამართლეები ოთარ სიჭინავა

 

თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი