განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020212218002324922
საქმე №2/ბ-617-18წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 იანვარი 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლე: თამარ სვანიძე
დიმიტრი გვრიტიშვილი
სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე
განმცხადებელი - ნ--–- კ--------ე
წარმომადგენელი - მ------ კო-------ა, ზ------ ჟ--------ა
მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი: - - მ--- ნ-------ა გ---- ფ----ა
გასაჩივრებული განჩინება განმცხადებლის მოთხოვნა - - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განჩინება გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობა, საქმის წარმოების განახლება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მაისის განჩინებით, ნ--–- კ--------ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის №2/354-14 გადაწყვეტილების, ამავე სასამართლოს 2015 წლის 06 მარტის №2/70-15 განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ნ--–- კ--------ის წარმომადგენელებმა, მ------ კო-------ამ და ზ------ ჯღ-------მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, ნ--–- კ--------ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მაისის განჩინება.
2018 წლის 22 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართეს ნ--–- კ--------ის წარმომადგენლებმა, მ------ კო-------ამ და ზ------ ჯღ-------მ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამავე სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
განმცხადებლის განმარტებით, ნ--–- კ--------ესა და მ--- ნ-------ას შორის მიმდინარეობს არაერთი დავა.
2018 წლის 27 თებერვალს, ნ--–- კ--------ემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ამავე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 11.10.2016წ. №2/ბ-1169-2015 განჩინების (პალატის შემადგენლობა: ს.ჩხაიძე (თავმჯდომარე), დ.გვრიტიშვილი, თ.სვანიძე) გაუქმება და იმავდროულად მისი აღსრულების დროებითი შეჩერება მოითხოვა, რომლითაც გაუქმდა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 21.07.2016წ. განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება - მოწინააღმდეგე მხარის მ.ნ-------ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ყადაღა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 30.03.2018წ. №2/ბ-1169-2015 განჩინებით (პალატის შემადგენლობა: ს.ჩხაიძე (თავმჯდომარე), ნ.კალანდაძე, ლ.მიქავა) ნ--–- კ--------ის განცხადება დარჩა განუხილველი და აღინიშნა, რომ ნ--–- კ--------ეს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების აღსრულების დროებით შეჩერების შესახებ განცხადებით უნდა მიემართა ზუგდიდის რაიონული სასამართლოსათვის.
სააპელაციო სასამართლოს 30.03.2018წ. განჩინების საფუძველზე, მართლაც მიმართეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოს 02.05.2018წ. განჩინებით უარი ეთქვათ მის დაკმაყოფილებაზე, რაც ასევე უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 11.09.2018წ. განჩინებით (მოსამართლეები: ს.ჩხაიძე (თავმჯდომარე), ნ.კალანდაძე, ლ.მიქავა).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის 18.04.2018წ. წერილით, ნ--–- კ--------ისათვის ცნობილი გახდა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მ.ნ-------ას, მისივე მოთხოვნის საფუძველზე, ამავე საქმეზე გაეგზავნა 11.10.2016წ. კანონიერ ძალაში შესული განჩინების ასლი და სააღსრულებო ფურცელი (რომლითაც გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება).
გარდა ამისა, 02.11.18წ. განცხადების პასუხად ეცნობათ, რომ მოსამართლე ს.ჩხაიძემ 15.09.2018წ. წერილით საკასაციო სასამართლოდან გამოითხოვა სამოქალაქო №2/ბ-1169-19 საქმე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, 11.10.2016 წ. №2/ბ-1169-16 განჩინების აღსრულების დროებით შეჩერების თაობაზე მათი განცხადების განხილვის მიზნით, რაც მოგვიანებით, საჭიროების გასვლის შემდგომ, უკან დაუბრუნდა უზენაეს სასამართლოს.
ამდენად, საკასაციო სასამართლომ ისე განიხილა ნ--–- კ--------ის კერძო საჩივარი, საპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, რომ ქვემდგომი სასამართლოსაგან არ იყო ინფორმირებული 11.10.2016წ. კანონიერ ძალაში შესულ განჩინებაზე სააღსრულებო ფურცელის გაცემასთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლო ყოველ მიზეზგარეშე ვალდებული იყო აღნიშნულზე (11.10.2016წ. №2/ბ-1169-2015 განჩინების აღსრულებაზე) შეეტყობინებინა, როგორც ნ--–- კ--------ისათვის, ისე საკასაციო სასამართლოსათვის, ან თუნდაც ამ მიზნით, საქმეში ჩაედო მოსამართლის თანაშემწის 18.04.2018წ. დათარიღებული წერილის ასლი, კანონიერ ძალაში შესული განჩინების აღსრულებაზე, რაც არ გაუკეთებია.
ამგვარად, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, თვით საკასაციო სასამართლოსაც გააწევინა ფუჭი და უშედეგო შრომა №ას-681-2018 საქმეზე, რომელზეც 30.07.2018წ. გადაწყვეტილების ჯერაც მოუმზადებელ დასაბუთებას მხარეებისათვის უკვე არანაირი სამართლებრივი ინტერესი არ შეიძლება გააჩნდეს.
მ.ნ-------ას სასარგებლოდ გადაწყვეტილება (კანონიერად თუ უკანონოდ) აღსრულებულია. 11.10.2016წ. №2/ბ-1169-16 განჩინების აღსრულების დროებით შეჩერებაზე მათი მონდომება, საპროცესო კოდექსის იმპერატივებით, შედეგის მომტანი ვერ იქნებოდა და 30.03.2018წ. №2/ბ-1169-2015 განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრება სრულიად უპერსპექტივო აღმოჩნდა.
მოსამართლე ს.ჩხაიძემ, მიზანიმართულად არ შეასრულა კანონისმიერი ვალდებულება უზრუნველყოფასთან მიმართებით არსებითი მნიშვნელობის მქონე აუცილებელი ინფორმაციის გაცემის შესახებ. ნ.კ--------ის და მ.ნ-------ას გაჭიანურებულ სამოქალაქო დავაში სამართლებრივი სივრციდან გაიყვანა საკუთარი თავი, როგორც უკიდურესად მიკერძოებულმა და საქმის შედეგით პირდაპირ და უშუალოდ დაინტერესებულმა, რის გამოც, მისი თავმჯდომარეობით და მოსამართლეების - ნ.კალანდაძის და ლ.მიქავას წევრობით გამოტანილი 11.09.2018წ. №2/ბ-617-2018 განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა მოსამართლე მ.ცაცუას №2/364-18 განჩინება, ვერც ერთი ნიშნით ვერ ჩაითვლება სასამართლოს კანონიერი შემადგენლობის მიერ მიღებულ საპროცესო აქტად.
სადავო არ უნდა იყოს, რომ სასამართლო შემადგენლობა ვერ მიიჩნევა კანონიერად, თუ შემადგენლობის თავმჯდომარე, ან ერთ-ერთი წევრი, ან კიდევ სასამართლოს მოხელე (კანცელარიის მუშაკი) შემადგელობის დანარჩენ/სხვა წევრებს შეგნებულად, მიზანმიმართულად, წინასწარი განზრახვით უმალავს არსებითი მნიშვნელობის მქონე ისეთ ღირებულ ინფორმაციას, რომელიც გადაჯაჭვულია და ორგანულად დაკავშირებული გადასაწყვეტ ძირითად, სამართლებრივ პრობლემად ქცეულ საკითხთან, რის შედეგადაც მხარეს ეზღუდება სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლება და მიიღება არასწორი გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს და ვერ მოიძებნება შეფასების ისეთი კრიტერიუმი, რომელიმე არგუმენტი და ნიშანი, რომელთა მიხედვითაც გონიერმა პირმა შესაძლოა ირწმუნოს 11.09.2018წ. №2/ბ-617-2018 განჩინების გამომტანი სასამართლო შემადგენლობის კანონიერება, მიუკერძოებლობა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, გასაბათილებელი განჩინების გამომტანმა სასამართლო შემადგენლობამ გადასაწყვეტ და სადავო საკითხზე აშკარად და სრულიად მიზანდასახულად გააკეთა კანონშეუსაბამო სამართლებრივი დასკვნები, ასევე, დაუფარავად, ნ.კ--------ის საზიანოდ და საპროცესო კანონის იმპერატივების არსებითი დარღვევებით, მოწინააღმდეგე მ.ნ-------ას სასარგებლოდ განახორციელა საპროცესო მოქმედებები, რამაც განაპირობა მ.ნ-------ას მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთაზე ახალი დავის წამოწყება.
ამდენად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის №2/ბ-617-2018 განჩინება, როგორც არაკანონიერი სასამართლო შემადგენლობის მიერ, კანონის არსებითი დარღვევით მიღებული.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 03 დეკემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 428-ე მუხლის საფუძველზე, მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე, ნანა კალანდაძე და ლაურა მიქავა აცილებულ იქნენ მოცემული საქმის განხილვისაგან და სამოქალაქო საქმე №2/ბ-617-2018, განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს სხვა მოსამართლისათვის გადასაცემად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, ნ. კ--------ის განცხადების განხილვა დაინიშნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე.
სააპელაციო პალატამ, შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება და თვლის, რომ ნ--–- კ--------ის განცხადება განჩინების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ განმცხადებელი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობას მოითხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო მისი მოთხოვნის დასაბუთებისათვის მიუთითებს შემდეგ ფაქტებზე:
ა) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის მოსამართლე სიმონ ჩხაიძეს, რომელმაც 2018 წლის 11 სექტემბერს კოლეგიური შემადგენლობით განიხილა მისი კერძო საჩივარი, ჯერ კიდევ, 2018 წლის აპრილის თვეში გაცემული ჰქონდა განმცხადებლის მოწინააღმდეგე მხარის-მ.ნ-------ას სასარგებლოდ, კანონიერ ძალაში შესულ განჩინებაზე სააღსრულებო ფურცელი, რითაც მოიხსნა უძრავ ქონებაზე არსებული ყადაღა;
ბ) სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე არ აცნობა ნ--–- კ--------ეს და უზენაეს სასამართლოს, სადაც ასევე იხილებოდა ნ. კ--------ის კერძო საჩივარი;
გ) მოსამართლის ამ მოქმედებით დაირღვა ნ. კ--------ის უფლება, ჰქონოდა ინფორმაცია საქმესთან მიმართებაში, ვინაიდან, ინფორმაციის არქონის გამო, ნ. კ--------ემ და უზენაესმა სასამართლომაც ფუჭი შრომა გასწიეს.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში...
მოხმობილი ნორმის დანაწესში მოიაზრება მოსამართლე (მოსამართლეები), რომელსაც გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა, მაგალითად, ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით:
ა) მონაწილეობდა ამ საქმის განხილვაში (ამ შემთხვევაში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში);
ბ) რომელსაც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განუცხადეს აცილება და ეს აცილება მიიღო სასამართლომ;
გ) რომელიც დროებით ჩამოცილებულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან;
დ) რომელიც არ არის იმ კოლეგიური სასამართლოს შემადგენლობაში და იგი არ შეუყვანიათ ამ შემადგენლობაში კანონით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში, ნ. კ--------ე არ უთითებს და არც საქმის მასალებით დასტურდება, რომელიმე საფუძვლის არსებობა, რაც კონკრეტული მოსამართლის (მოსამართლეთა) მიერ გადაწყვეტილების მიღებაში უკანონო მონაწილეობას დაადასტურებდა.
რაც შეეხება განმცხადებლის პრეტენზიას კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემასთან დაკავშირებით მხარის ინფორმირებულობის თაობაზე პალატა მიიჩნევს, რომ მოსამართლის მიერ კანონით დადგენილი საპროცესო მოქმედების განხორცილება- კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა, ვერ იქნება სასამართლოს მოსამართლის (მოსამართლეთა) არაკანონიერ შემადგენლობად მიჩნევის საფუძველი, მით უფრო, როდესაც სამოქალაქო პროცესში არ მოიძებნება ნორმა, რომელიც დაავალდებულებდა მოსამართლეს ან სასამართლოს შესაბამის მოხელეს სააღრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე მოვალისთვის ან სხვა რომელიმე პირისათვის ინფორმაციის მიწოდებას.
ამდენად, პალატის მოსაზრებით, განცხადებაში მითითებული არგუმენტები არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობას, რის გამოც, ნ--–- კ--------ის წარმომადგენლების განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ--–- კ--------ის (წარმომადგენლები: მ------ კო-------ა, ზ------ ჯღ-------) განცხადება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, კერძო საჩივრით, მხარეთათვის განჩინების ასლის გადაცემიდან 12 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლე: თამარ სვანიძე
დიმიტრი გვრიტიშვილი