განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002233363
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/4392-18 18 ოქტომბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი – ნათია გუჯაბიძე
სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი
აპელანტი – ს-------–--ი“
წარმომადგენელი – თ----------------
მოწინააღმდეგე მხარე – ი-------------
დავის საგანი – მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანების გადახდა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისი გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა
1. ი--------------------, სს-------–----“ სასარგებლოდ, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის 4 856.05 ლარის გადახდის დაკისრება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. ს-------–--ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 361-ე, 477-ე მუხლების საფუძველზე.
4. გადაწყვეტილება გაასაჩივრა ს-------–--მა“ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
5.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის სააბონენტო ბარათზე არსებული მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანების დაკისრება. სასამართლომ სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა იმ გარემობას, რომ 2012 წლის 20 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება გადანაწილდა და მოპასუხემ არსებული დავალიანების ხუთი წლის განმავლობაში გადახდის ვალდებულება იკისრა, ყოველთვიურად 80.76 ლარის ოდენობით, რაც ასახულია კიდეც აბონენტის ბრუნვის ისტორიაში. შესაბამისად, დავა გამომდინარეობს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან და მის მიმართ ხანდაზმულობის ვადის გამოთვლის სპეციალური წესი მოქმედებს. ამდენად, სასამართლომ არასწორად გამოითვალა მოთხოვნის ხანდაზმულობა და იგი არასწორად დაუკავშირა აბონენტის მიერ სააბონენტო ბარათზე განხორციელებულ ბოლო გადახდას.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
8. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
9. სააპელაციო პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
9.1. ს-------–--სა და აბონენტ № 0------ შორის არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც ს-------–--ი“ ამარაგებს მოპასუხეს ელექტროენერგიით და აბონენტი ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულია გადაიხადოს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური.
9.2. აბონენტს №0------ ს-------–--ის“ მიმართ ერიცხება დავალიანება 4 856.05 ლარის ოდენობით.
9.3. საქმეში წარმოდგენილი აბონენტის ბრუნვის ისტორიით დგინდება, რომ მოპასუხე ი-------------მ ბოლო თანხა 2012 წლის აგვისტოს თვეში გადაიხადა.
9.4. სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2017 წლის 26 დეკემბერს.
10. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით დასაბუთებულია და არ არსებობს სააპელაციო პრეტენზიის გაზიარების საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
10.1. აბონენტისათვის ელექტროენერგიის მიწოდება არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით გათვალისწინებული ნასყიდობის სახელშეკრულებო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
10.2. „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-3 მუხლის მიხედვით ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტოენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.
10.3. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
10.4. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
10.5. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის სწორად განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული. მოთხოვნის ხანდაზამულობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხე მხარეს. მან სათანადო მტკიცებულებებით დამაჯრებლად უნდა დაასაბუთოს აღნიშნული გარემოება, ხოლო მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს მოთხოვნის ვადაში წარდგენის, ხანდაზმულობის შეჩერების ან შეწყვეტის ფაქტი.
10.6. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითებს.
10.7. პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასკვნას და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ვალდებულება, რომლის შესრულება მოვალის მხრიდან გარკვეული პერიოდებით განისაზღვრა. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება.
10.8. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ი-------------- დავალიანება ს-------–--ის“ მიმართ შეადგენს 4 856.05 ლარს. საქმეში წარმოდგენილი აბონენტის ბრუნვის ისტორით დასტურდება, რომ ი-------------მ ბოლო თანხა გადაიხადა 2012 წლის აგვისტოს თვეში - 29.40 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა 2012 წლის სექტემბრიდან დაიწყო და ამოიწურა 2015 წლის სექტემბერში. ასევე, უდავოა ის გარემოება, რომ კრედიტორს მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უცდია 2017 წლის 26 დეკემბრამდე (სარჩელის სასამართლოში წარდგენის თარიღი). ამდენად, მისი მოთხოვნა, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გათვალისწინებით, წარმოადგენს ხანდაზმულ მოთხოვნას.
10.9. რაც შეეხება სხვა სააპელაციო პრეტენზიას, პალატა ყურადღებას ამახვილებს მტკიცების საპროცესო სამართლებრივ პრინციპებზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ – დაკისრებული აქვს მოპასუხეს. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაადასტუროს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.
10.10. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე (აპელანტი) მიუთითებს მხარეთა შორის ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების არსებობაზე, რომელიც მისივე განმარტებით, მხარეთა შორის 2012 წლის 20 აპრილს გაფორმდა და რომლითაც მოპასუხემ ვალდებულების ეტაპობრივად, 5 წლის განმავლობაში, ყოველთვიურად 80.76 ლარის ოდენობით დაფარის ვალდებულება იკისრა, თუმცა აღნიშნული განმარტების საპირიპიროდ, მითითებული ხელშეკრულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. საფუძველს მოკლებულია აღნიშნული გარემოების დადასტურების მიზნით, აბონენტის ბრუნვის ისტორიაზე მითითება, ვინაიდან, არც აბონენტის ბრუნვის ისტორია და არც სხვა რომელიმე მტკიცებულება მხარეთა შორის ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების არსებობას (ამ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმებას) არ ადასტურებს, რაც სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობას გამორიცხავს.
11. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა ვერ წარმოადგინა დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზია პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
საპროცესო ხარჯები
13. აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ს-------–--ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე