განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210118002426923
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/5474-18 07 დეკემბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნათია გუჯაბიძე
სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი – შ-----------–------------
წარმომადგენელი – კ---------–------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე – კ---------–----------------------------------
წარმომადგენელი – ბ---------------
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპ----------–--------------------, მოსარჩელე კერძო საწარმო ფირმა „-------------------- სასარგებლოდ, 5400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება;
1.2. მოპასუხისთვის საადვოკატო მომსახურების ხარჯის 1298 ლარის და სასამართლოს გარეშე ხარჯის სანაცვლოდ 731 ლარის დაკისრება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით კერძო საწარმო ფირმა „-------------------- სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
2.1. შ-----------–------------ (-------------- კერძო საწარმო ფირმა „-------------------- (------------- სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 5400 (ხუთიათას ოთხასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, გადახდის დროს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად.
2.2. შ-----------–------------ (-------------- კერძო საწარმო ფირმა „-------------------- (ს/ნ
2-------- სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 1123 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯების სანაცვლოდ და 520 ლარის გადახდა იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი ხარჯის სანაცვლოდ.
3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 730-ე მუხლების საფუძველზე.
4. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხე შ-----------–-------------- და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
5. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ არ უარყო 2----–-–-------------- თვეში მოპასუხის მიერ ექვსი გადაზიდვის შესრულების ფაქტი. ამასთან, სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი, როცა იგი მთლიანად მოპასუხეს დააკისრა. მართალია, შ-----------–-------------- ჯეროვნად ვერ შეასრულა დეკემბრის თვეში მიღებული ექვსი მომსახურების ანაზღაურება, მაგრამ 2----–-–----------- იანვრის დარიცხვებით, მან სრულად დაფარა არსებული დავალიანება. აღნიშნული მტკიცების საპირისპიროდ, სასამართლო არასწორად დაეყრდნო მოსარჩელის ვარაუდს, რომ მითითებული შესრულება, შესაძლოა, ძველი ვალდებულებების დასაფარად იყო მიმართული.
გაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
8. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
9. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი და შესაბამისად, სააპელაციო პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
9.1. შ-----------–------------- და კ---------–----------------------------------“ შორის 20---–-–------------–- დაიდო საექსპედიტორო მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულება, რაც ითვალისწინებდა გადამზიდის (მოსარჩელის) ვალდებულებას დამკვეთის (მოპასუხის) დავალებით შეასრულოს მისი ტვირთების გადაზიდვა და სხვა გადაზიდვასთან დაკავშირებული სხვა მომსახურებები. თავის მხრივ, დამკვეთი კისრულობდა ვალდებულებას გადაეხადა მომსახურების საფასური და მასთან დაკავშირებული ხარჯები იმ მოცულობითა და წესით, რაც გათვალისწინებული იქნებოდა ხელშეკრულებითა და დამკვეთის განაცხადით.
9.2. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეკვეთა გადამზიდის მიერ მომსახურების გაწევაზე განხორციელდებოდა მხარეების მიერ შესაბამისი წერილობითი განაცხადის გაფორმების მეშვეობით, რომელიც გაფორმების მომენტიდან იყო გენერალური ხელშეკრულების არსებითი შემადგენელი ნაწილი (3.1. პუნქტი). დამკვეთმა იკისრა ვალდებულება, გააფორმოს განაცხადი გადამზიდისთვის შეკვეთის გაცემაზე მხარეების მიერ შეთანხმებული ფორმით და წარუდგინოს გადამზიდს ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც საჭიროა განაცხადის გაფორმებისთვის და მომსახურების სათანადო გაწევისთვის (2.1.1. პუნქტი).
9.3. ხელშეკრულების თანახმად, მომსახურებების საფასური განისაზღვრებოდა ყოველი კონკრეტული მომსახურებით ტვირთის რაიოდენობის, მოცულობის, წონის, გადაზიდვის მანძილის, მარშრუტისა და სხვა დამახასიათებლების თანახმად, რაც უნდა დაფიქსირებულიყო განაცხადში (4.1. პუნქტი).
9.4. საექსპედიტორო მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხის განაცხადის საფუძველზე მოსარჩელემ განახორციელა რამოდენიმე გადაზიდვა. მათ შორის, 2----–-–---------------------–-----------------–-------------–--------–-–------------------ განაცხადის საფუძველზე - 2 გადაზიდვა. თითოეულის შემთხვევაში კერძო საწარმო ფირმა „-------------------- მხრიდან გაწეული მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 1800 აშშ დოლარით. განაცხადებში მიეთითა, რომ ანაზღაურება უნდა მომხდარიყო დატვირთვიდან 15 დღის შემდეგ.
10. 2018 წლის 2 მაისს კე--------–------------------------------------ სარჩელით მიმართა სასამართლოს შ-----------–-------------- მიმართ და მოპასუხეზე 2----–-–-----------------------------------ს გადაზიდვების საფასურის - 5400 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის დაკისრება მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რასაც არ ეთანხმება აპელანტი.
11. სააპელაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პრეტენზიას და მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი გადაზიდვების ღირებულების დაფარვის ფაქტობრივი გარემოება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. კერძოდ:
11.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით, შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება.
11.2 სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებას ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო ერთობლივად აანალიზებს მტკიცებულებებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეულის ვარგისიანობისა და სამართლებრივი წონადობის თაობაზე.
11.3. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი სადავო შესრულების (5400 აშშ დოლარის გადახდის) დამადასტურებელ მტკიცებულებად მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ ფულადი გზავნილის გადარიცხვის ქვითრებზე, სადაც მიმღებ პირად მითითებულია ფიზიკური პირი ა-–-------------------–----- (ს.ფ. 152-155). პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულება სადავო გარემოების მტკიცებისათვის უვარგის მტკიცებულებას წარმოადგენს, შემდეგ გარემოებათა გამო:
11.3.1. პირველი, წარმოდგენილი გადარიცხვის დოკუმენტებით არ დასტურდება ის გარემოება რომ, თანხის გადარიცხვა 2----–-–----------- დეკემბერს წარმოებული გადაზიდვების მომსახურების საფასურის (შეთანხმებული პროვიზიის) დასაფარად არის განხორციელებული. კერძოდ, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 0--------- წლის გადაზიდვის განაცხადის ნომრებია 1--------, ხოლო 12.12.2017 წლის განაცხადების - 17------- და 1--------; მოპასუხის მიერ წარმოდგენილ გადარიცხვის დამადასტურებელ დოკუმეტების მაიდენტიფიცირებელ მონაცემებში კი გადაზიდვის განაცხადის ნომრები მითითებული არ არის. დოკუმენტის არც სხვა რომელიმე მონაცემი იძლევა შესრულების იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
11.3.2. მეორე, იმ შემთხვევაშიც თუ დადგინდებოდა, რომ სადავო გადარიცხვები 2----–-–----------- დეკემბრის გადაზიდვების საფასურს წარმოადგენს, იგი მაინც ვერ ჩაითვლებოდა შესრულებად, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია მიიღოს შესრულება; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი. მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ შესრულება განხორციელებულია არაუფლებამოსილი პირის წინაშე. აღნიშნულ საკითხზე პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხის აპელირებას კსფ „-------------------- მიერ ალ-------------------–------ (მძღოლის) მიმართ გაცემულ მინდობილობაზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მინდობილობით ა-–-------------------–----- მინიჭებული აქვს უფლება კსფ „ი-----------------“ წარმოადგინოს მხოლოდ იუსტიციისა და პოლიციის ორგანოებში იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც შეეხება უკრაინა-საქართველოს მარშუტით საავტომობილო ტრანსპორტით სატრანსპორტო მომსახურების ანგარიშსწორების საკითხებს. ამდენად, ხსენებული მინდობილობა გაცემულია სატრანსპორტო მომსახურების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით და მის საფუძველზე ა-–-------------------–----- სადავო სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე შესრულების მიღების უფლებამოსილება არ გააჩნდა. ამდენად, მოპასუხის მიერ მითითებული გადარიცხვა, მართლაც რომ 2----–-–-----------------------------------ს გადაზიდვების საფასურს წარმოადგენდეს, იგი ვერ მიიჩნევა კრედიტორის წინაშე შესრულებად, არაუფლებამოსილი პირის წინაშე შესრულების გამო.
12. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 730-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი მოვალეა გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
15. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არის, რომ მოსარჩელემ სრულად შეასრულა საექსპედიტორო მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების და მის საფუძველზე 2----–-–----------- დეკემბერის განაცხადებით გათვალისწინებული გადაზიდვები. თავის მხრივ კი, შემკვეთმა (მოპასუხემ) ვერ დაადასტურა სადავო განაცხადებით შეთანხმებული პროვიზიის გადახდის ფაქტი, რაც სასამართლოს მიერ მართებულად იქნა მიჩნეული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
საპროცესო ხარჯები
15. აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შ-----------–------------“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნათია გუჯაბიძე