განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002285231
საქმე №3ბ/3324-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
22 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა (საქართველოს მთავარი პროკურატურის უფლებამონაცვლე);
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე-–---- ხ--------ი;
მესამე პირი (ასკ-ის 16.1) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
დავის საგანი - მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება;
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ე-–---- ხ--------ის უკანონო პატიმრობაში ყოფნის შედეგად დამდგარი მატერიალური ზიანის ანაზღაურება 50 000 ლარის ოდენობით და მორალური ზიანის ანაზღაურება 50 000 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ე-–---- ხ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს მთავარ პროკურატურას დაეკისრა ე-–---- ხ--------ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 5 500 (ხუთიათას ხუთასი) ლარის ოდენობით; სხვა ნაწილში მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 ივნისის N10/ა-242-14 განჩინებით, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ბრალდებულ ე-–---- ხ--------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო 15 000 ლარის ოდენობით. გირაოს გადახდის თანხად განისაზღვრა 14 დღე. გირაოს გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით ბრალდებულს შეეფარდა პატიმრობა გირაოს გადახდამდე. ამასთან, განემარტა, რომ დადგენილ ვადაში გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში იგი დარჩებოდა პატიმრობაში. ბრალდებულ ე-–---- ხ--------ის პატიმრობის ვადის ათვლის დაწყება განისაზღვრა დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 3 ივნისის 13:00 საათიდან. ბრალდებული ე-–---- ხ--------ი მოთავსებულ იქნა საქართველოს სასაჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში. უდავო გარემოებაა, რომ ე-–---- ხ--------ს გირაოს თანხა არ გადაუხდია, რის გამოც დარჩა პატიმრობაში გამამართლებელი განაჩენის გამოტანამდე. (ს.ფ. 72-75).
4.2. გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის განაჩენით საქმეზე N1/251-14, ე-–---- ხ--------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2014 წლის 5 ივნისის განჩინებით ე-–---- ხ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და ე-–---- ხ--------ი გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან. (ს.ფ. 11-15).
4.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 3 დეკემბრის განაჩენით საქმეზე N1ბ/-473-15 გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის განაჩენი ე-–---- ხ--------ის მიმართ დარჩა უცვლელი. (ს.ფ. 16-20).
4.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ივნისის N2აპ-16 განჩინებით, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 3 დეკემბრის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი. (ს.ფ. 21-22).
4.5. პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ე-–---- ხ--------ს აღენიშნებოდა ჯანმრთელობის მხრივ გარკვეული პრობლემები, კერძოდ: ძლიერი საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, ფეხზე დგომის შეუძლებლობა, პატიმარი გარკვეული პერიოდის განმავლობაში შიმშილობდა (გაიკერა პირი და შემდეგ თავად აიხსნა ნაკერები), რა დროსაც აღენიშნებოდა დაბალი არტერიული წნევა, არითმია, ჰაერის უკმარისობა, უძილობა, წონასწორობის დარღვევა, მიუხედავად ექიმის რჩევისა, უარს აცხადებდა შიმშილობის შეწყვეტაზე და ზოგჯერ შეთავაზებულ სამედიცინო დახმარებაზეც. რიგ შემთხვევებში, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმი მიზანშეწონილად არ თვლიდა მის ბადრაგირებას სასამართლო სხდომებზე, ერთ შემთხვევაში კი, თავად განაცხადა უარი სასამართლო პროცესზე დასწრებაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მითითებით. (ს.ფ. 25-34).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. სასამართლომ დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულ ე-–---- ხ--------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით. გირაოს თანხის გადაუხდელობის გამო ბრალდებული დარჩა პატიმრობაში. ე-–---- ხ--------ის პატიმრობის ვადა აითვალა დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 3 ივნისის 13:00 საათიდან, ხოლო 2015 წლის 24 თებერვალის N1/251-14 განაჩენის საფუძველზე იგი გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. ვინაიდან, ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა, გამამართლებელი განაჩენის არსიდან და ბუნებიდან გამომდინარე - სასამართლოს ეს აქტი ეხება სწორედ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას.
სასამართლომ განმარტა, რომ გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, პირველი ინსტანციის სასამართლოს აზრით, არ უნდა მოხდეს კანონის აღნიშნული მოთხოვნის იმგვარად ინტერპრეტაცია, რომ ქმედების უკანონობა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევით, ვინაიდან არ შეიძლება ნორმა განიმარტოს ისე, რომ გამართლებულს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია ვერ თავსდება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის და მისი უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასთან. კანონი სახელმწიფო მოხელეთა ბრალეულობის დადგენის წინაპირობას არ ითვალისწინებს და ბრალის მიუხედავად აწესებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, საქართველოს პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპენტენციას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის, მიუხედავად სახელმწიფო მოხელეთა ბრალეულობისა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ უკანონო პატიმრობით მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი, ამავდროულად, სასამართლომ მიიჩნია, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას კომპენსაციის ოდენობა არ უნდა მოწყდეს რეალობას. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის ოდენობის გონივრულ ფარგლებში განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. შელახული სიკეთის ხასიათიდან გამომდინარე და სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.
სასამართლომ სხვა ფაქტორებთან ერთად გაითვალისწინა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც სასამართლოს მოსაზრებით კიდევ უფრო ამძაფრებდა მორალურ ტანჯვას. ყურადღება გაამახვილა მძიმე ემოციურ მდგომარეობაზე (პროტესტის გამოხატვის მიზნით პატიმრის შიმშილობის ფაქტი).
რაც შეეხება მატერიალური ზიანის სახით 50 000 ლარის ანაზღაურების საკითხს, სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტს, მის ოდენობასა და ზიანის მიყენებაში მოპასუხე მხარის ბრალეულობას მოსარჩელის კუთვნილი მეურნეობის განადგურების ფაქტის ნაწილში. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, სასამართლომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაითვალისწინა მორალური ზიანის მოცულობის შეფასებისას. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტს, აღნიშნულზე სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელში არ არის მითითებული, კონკრეტულად რა სახის მატერიალური ზიანი მიადგა მხარეს.
6. საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1. საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი აპელირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ არაქონებრივი ზიანისთვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მორალური ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს ამავე კოდექსის მე-18 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლის ხელყოფის დროსაც პირს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება.
აპელანტი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის თანახმად, რეაბლიტირებული პირისთვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ფორმით, ამასთან მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის. ადგილი უნდა ჰქონდეს სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან უკანონო მოქმედების ფაქტს, რამაც პირისთვის ზიანი გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში წარმომადგენელს მიაჩნია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია.
სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ სისხლისამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი წევრების უსაფრთხოების დაცვას. წარმომადგენლის განმარტებით, წინასწარ ვერ განისაზღვრება კონკრეტული საქმის შედეგი, ვინაიდან, მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივას.
აპელანტი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია. დამოკიდებულია მრავალ სხვადასხვა პირობაზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა მთლიანად სასამართლოს გონივრული განსჯისათვის არის მინდობილი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის გარემოება, რომ კომპენსაციის ოდენობა ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად, ოდენობა უნდა გამომდინარეობდეს გონივრული და სამართლიანი განსჯის შედეგად. აუცილებელია შეფასდეს, როგორც კონკრეტული პიროვნება და მისი სუბიექტური დამოკიდებულება ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე ობიექტური გარემოებები.
წარმომადგენელი მიუთითებს მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით რაიონული, საქალაქო და უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და განმარტავს, რომ მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მიკუთვნებული 5 500 ლარი სამართლებრივი ნორმებისა და მითითებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენს და არ გამომდინარეობს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
უპირველესად, პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გასაჩივრებულია ე-–---- ხ--------ის სასარგებლოდ მორალური ზიანის 5 500 (ხუთიათას ხუთასი) ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, ხოლო გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად პალატა მსჯელობს მხოლოდ გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილზე.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. მითითებული ნორმა ასევე განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ საფუძვლებს. კერძოდ, ამავე ნორმის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.
პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლების მიმართ უნდა გავრცელდეს იგივე მოთხოვნები.
განსახილველ შემთხვევაში, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულ ე-–---- ხ--------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით. გირაოს თანხის გადაუხდელობის გამო ბრალდებული დარჩა პატიმრობაში. ე-–---- ხ--------ის პატიმრობის ვადა აითვალა დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 3 ივნისის 13:00 საათიდან, ხოლო 2015 წლის 24 თებერვალის N1/251-14 განაჩენის საფუძველზე იგი გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. ვინაიდან ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა, გამამართლებელი განაჩენის არსიდან და ბუნებიდან გამომდინარე, სასამართლოს ეს აქტი ეხება სწორედ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას. გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება ზემოაღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს კანონის აღნიშნული მოთხოვნის იმგვარად ინტერპრეტაცია, რომ ქმედების უკანონობა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევით, ვინაიდან არ შეიძლება ნორმა განიმარტოს ისე, რომ გამართლებულს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია ვერ თავსდება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის და მის უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასთან. სწორედ ამიტომ, კანონი სახელმწიფო მოხელეთა ბრალეულობის დადგენის წინაპირობას არ ითვალისწინებს და ბრალის მიუხედავად აწესებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
პალატა მიუთითებს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები მართალია ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, საქართველოს პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან, მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპენტენციას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის, მიუხედავად სახელმწიფო მოხელეთა ბრალეულობისა. ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია, აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით.
7.2. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია, სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ - ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.
პალატი განმარტავს, რომ კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ უკანონო პატიმრობით მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი. სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას კომპენსაციის ოდენობა არ უნდა მოწყდეს რეალობას. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის ოდენობის გონივრულ ფარგლებში განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. შელახული სიკეთის ხასიათიდან გამომდინარე და სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ ამა თუ იმ ფორმით თავისუფლების აღკვეთა ყოველთვის იწვევს დისკომფორტს, მაგრამ დაპატიმრებული პირი, გონივრულ ფარგლებში, მაინც ვალდებულია ითმინოს ეს, როდესაც დაცულია გარკვეული სტანდარტები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს, რომ არსებობს ტანჯვის დონე, რომელიც გარდაუვალად უკავშირდება დაკავებას და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი ყველა შემთხვევაში იწვევს სირთულეს და ტანჯვას. იმავეს ვერ ვიტყვით პირზე, რომელიც უკანონოდ და დაუსაბუთებლად არის დაპატიმრებული. ის არ არის ვალდებული, ითმინოს პატიმრობასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატება თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობაში ან შეზღუდვაში. უკანონოდ დაპატიმრებული პირის პატიმრობაში ყოფნაა, როგორც ასეთი, უკანონობა, მიუხედავად იმისა, დაირღვევა თუ არა რეჟიმის რომელიმე მოთხოვნა.
სასამართლომ ასევე მართებულად გაითვალისიწინა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც კიდევ უფრო ამძაფრებდა მორალურ ტანჯვას (მძიმე ემოციურ მდგომარეობაზე მიუთითებს ასევე პროტესტის გამოხატვის მიზნით პატიმრის შიმშილობის ფაქტი).
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მათ შორის პატიმრობაში ყოფნის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მიკუთვნებული 5 500 ლარის თაობაზე.
7.3. პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ- სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. განსახილველ შემთხვევაში კი, ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს მხარის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება.
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -