განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.12.2018
საქმის ნომერი
820310017001998431
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
05.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820310017001998431

საქმე N3/ბ-2-5-18წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

0- დეკემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე მურთაზ მეშველიანი

 

სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე

 

აპელანტი _ ხულოს მუნიციპალიტეტის მერია

 

მოწინააღმდეგე მხარე _ თ--- ს--------ძე

 

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და თ--- ს--------ძის სარჩელის უარყოფა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2017 წლის 26 ივნისს თ--- ს--------ძემ და მისმა წარმომადგენელმა ბადრი ს--------ძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2-.0-.2017 წლის N0------ წერილის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი) ბათილად ცნობა და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დავალდებულება გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ--- ს--------ძისათვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების შესახებ.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 ივლისის განჩინებით თ--- ს--------ძის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ მოსარჩელე თ--- ს--------ძე ცხოვრობს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ---–-, სადაც რეგისტრირებული და ღებულობს პენსიას. 2015 წლის 21 დეკემბერს ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში მენჯის მოტეხილობაზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ იმყოფება ქ. ბათუმში ახლო ნათესავთან, რადგან არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და საჭიროებს ექიმის, მასაჟისტის და მომვლელის ზედამხედველობას, რომლის საშუალებაც მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე არ არის. ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ არ მიენიჭა მაღალმთიანი რეგიონში მცხოვრების სტატუსი იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ კანონის ამოქმედების დროს არ ცხოვრობდა მშობლიურ სოფელში.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით თ--- ს--------ძე აკმაყოფილებს მთის მცხოვრების სტატუსის მისაღებად საჭირო სამივე კრიტერიუმს: 1) არის საქართველოს მოქალაქე; 2) რეგისტრირებულია ხულოს მუნიციპალიტეტში; 3) 80 წელია მუდმივად ცხოვრობს ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფ. ჭ---–-, ამდენად უნდა მინიჭებოდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, თუმცა სხალთის თემის ადმინისტრაციის მიერ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელზე მიწოდებული არასწორი ინფორმაციის შედეგად არ მიენიჭა მთის მცხოვრების სტატუსი.

 

მოპასუხე ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იყო კანონიერი და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით თ--- ს--------ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნას ცნობილი ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2-.0-.2017 წლის N0------ წერილი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი) და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), თ--- ს--------ძისათვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების შესახებ.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ დაადგინა, რომ თ--- ს--------ძე რეგისტრირებულია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ---–-, სოციალური მომსახურების ხულოს რაიონული განყოფილებიდან იღებს ასაკის პენსიას თვეში 150 ლარის ოდენობით.

 

აჭარის ა/რ საარქივო სამმართველოს ტეროტორიული ორგანოს ხულოს არქივში დაცული ხულოს რაიონის სხალთის თემის საკრებულოს სოფელ ჭ----ს 2001-2006 წლების საკომლო ჩანაწერების მიხედვით თ--- ს--------ძის კომლში მხოლოდ თ--- ს--------ძე ირიცხება, კომლს ერიცხება საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი 0.25 ჰა ოდენობით.

 

თ--- ს--------ძემ 2015 წლის 2------------ს ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში მენჯის მოტეხილობაზე გაიკეთა ოპერაცია, არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და საჭიროებს ექიმის, მასაჟისტის და მომვლელის ზედამხედველობას. აღნიშნული პერიოდიდან თ--- ს--------ძე აღარ იმყოფება ხულოს მუნიციპალიტეტში და იმყოფება ქ. ბათუმში.

 

2016 წლის 29 სექტემბერს თ--- ს--------ძის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს და მოითხოვა თ--- ს--------ძეზე მთის მცხოვრების სტატუსის მინიჭება.

 

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 2------------ის N0------- წერილით თ--- ს--------ძეს ეცნობა, რომ მის მიერ განცხადებაში მოთხოვნილი საკითხის საბჭოს სხდომაზე გატანისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო იყო ,,მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბერის №591დადგენილებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენა.

 

2017 წლის 11 მაისს თ--- ს--------ძემ კვლავ მიმართა განცხადებით ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, აღნიშნა, რომ 80 წელია ცხოვრობს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ---–-, მიუთითა ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებზე, განცხადებას თან დაურთო ჯანმრთელობის შესახებ ცნობა და მოითხოვა მიენიჭოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.

 

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 2- მაისის N0------ წერილით თ--- ს--------ძეს ეცნობა, რომ ის ვერ აკმაყოფილებს სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ,,საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის N591 დადგენილებით“ გათვალისწინებულ კრიტერიუმებს (მესამე მუხლის პირველი პუნქტი) და ვერ წარმოადგინა ამავე დადგენილებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად რაიონულმა სასამართლომ მიუთითა ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ვ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი არის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი; აღნიშნული კანონის მესამე მუხლის პირველი ნაწილით, ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი ენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) არის საქართველოს მოქალაქე; ბ) რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში; გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში.

 

მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, ფიზიკური პირი მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსს ინარჩუნებს, თუ მან მაღალმთიანი დასახლება მკურნალობის მიზნით ან სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის მიზნით, გარკვეული ვადით დატოვა ან თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

მოცემულ შემთხვევაში თ--- ს--------ძეს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი არ მიენიჭა იმ საფუძვლით, რომ ის ვერ აკმაყოფილებს სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ,,საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის N591 დადგენილებით“ გათვალისწინებულ კრიტერიუმებს (მესამე მუხლის პირველი პუნქტი) და ვერ წარმოადგინა ამავე დადგენილებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

 

,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის, მათ შორის, ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრების დადგენის წესი, აგრეთვე აღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც დამატებით რეგულირებას საჭიროებს, განისაზღვრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

 

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბერის №591 დადგენილების მე-3 მუხლი განსაზღვრავს სტატუსის მინიჭების ძირითადი პირობებს, რომლის თანახმად 1. ფიზიკურ პირს სტატუსი ენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) არის საქართველოს მოქალაქე; ბ) რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში; გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით, ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში. 2. სტატუსის მინიჭების მოთხოვნის უფლება აქვს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

 

დასახელებული დადგენელების მე-5 მუხლით, სტატუსის მინიჭების მიზნით წარსადგენი დოკუმენტებია: 1. სტატუსის მინიჭების მიზნით, ფიზიკური პირი განცხადებით მიმართავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს. 2. განცხადება ელექტრონული ან მატერიალური ფორმით რეგისტრირდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობაში/მერიაში. განცხადების ელექტრონული ფორმით რეგისტრაცია შესაძლებელია ასევე განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) უფლებამოსილმა პირმა, რომელიც განცხადებას, ელექტრონული ფორმით, დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობას/მერიას. 3. განცხადებას უნდა დაერთოს: ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები; გ) ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) სხვა პირის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში – უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული დოკუმენტების სახით შესაძლოა წარდგენილ იქნეს: ა) დოკუმენტები ან მასალები, მათ შორის ფოტოსურათები, რომლებიც ადასტურებენ ფიზიკური პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში შინასამეურნეო საქმიანობის განხორციელების ფაქტს, რაც გულისხმობს საცხოვრებელი ადგილის გამოყენებას, მის მოვლა-პატრონობას და მაღალმთიან დასახლებაში არსებული უძრავი ქონების ფლობას; ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ საარსებო შემწეობის მისაღებ შესაბამის ზღვრულ ქულაზე. აღნიშნული ინფორმაცია უნდა იყოს გაცემული, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენამდე არაუმეტეს 15 დღით ადრე; გ) საჯარო სკოლის მიერ გაცემული ინფორმაცია, ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლაში დასაქმების თაობაზე; დ) უფლებამოსილი იურიდიული პირის/ორგანოს/ თანამდებობის პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში მდებარე დაწესებულებაში/იურიდიულ პირში დასაქმების ფაქტს; ე) იმავე მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ ორი მოწმის განცხადება; ვ) მაღალმთიან დასახლებაში გადასახდელების ან/და მომსახურების საფასურის/ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ზ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრებას.

 

ამავე მუხლის მე-41 ნაწილის თანახმდ, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში, განცხადების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის ფაქტს ამოწმებს სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. მე-42 ნაწილით, იმ შემთხვევაში, თუ იძულებით გადაადგილებული პირი – დევნილი რეგისტრირებული არ არის მაღალმთიან დასახლებაში, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაცია შეიძლება დადასტურდეს იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობით ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციით, რომელშიც დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილად) მითითებულია მაღალმთიანი დასახლება. ამ შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნაცვლად, იძულებით გადაადგილებული პირი – დევნილი წარადგენს იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაცია დასტურდება ამ პუნქტით გათვალისწინებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში. მე-5 ნაწილის თანახმად. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ განცხადებას სავალდებულოა, დაერთოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული არანაკლებ ორი დოკუმენტი.

 

დადგენილების მე-8 მუხლის თანახმად, 1.დასახელებული დადგენილების სტატუსის მინიჭების/სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი. 2. მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი საბჭოს მიერ ამ წესის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი რეკომენდაციის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ფიზიკური პირისთვის სტატუსის მინიჭების/ სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.

 

თ--- ს--------ძის მიერ წარდგენილი იქნა საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა სოციალური სამსახურიდან, რომ ნამდვილად ღებულობს პენსიას ხულოს მუნიციპალიტეტში და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რითაც ადასტურებდა, რომ ის საცხოვრებელ ადგილას არ იმყოფება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ იქნა შესწავლილი საკითხი და დადგენილება მიღებული იქნა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე, არ იქნა დადგენილი მოსარჩელის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეუძლია თუ არა მას დამოუკიდებლად გადაადგილება და არის თუ არა შესაბამისი სამკურნალო პირობები საცხოვრებელ ადგილზე.

 

რაც შეეხება მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 ნაწილი მხოლოდ იმ პირებს უნარჩუნებს სტატუსს ვისაც უკვე მიღებული აქვს ასეთი სტატუსი, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმა ეხება იმ პირებსაც, ვისაც კანონის მიღების პერიოდისათვის საცხოვრებელი ადგილი, მაღალმთიანი დასახლება დატოვებული ჰქონდა მკურნალობის მიზნით. შესაბამისად ამ საკითხზე კონკრეტულად უნდა ემსჯელა ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების მიღებისას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ- ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

დასახელებული ნორმის ანალიზის საფუძველზე იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.

 

ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, თ--- ს--------ძის განცხადების განხილვისას ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს არ გამოუკვლევია საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად. არ არის შესწავლილი და დაკონკრეტებული თ--- ს--------ძის ამჟამად რეგისტრირებულ მისამართზე არ ყოფნის მიზეზი.

 

ზემოაღნიშნულ გარემოებათა მხედველობაში მიღებით სასამართლომ თ--- ს--------ძის სარჩელი დააკმაყოფილა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და თ--- ს--------ძის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

 

აპელანტი არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების 7.4. პუნქტს და განმარტავს, რომ "მაღალმთიანი რეგიონის განვითარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 ნაწილი მხოლოდ იმ პირებს უნარჩუნებს სტატუსს ვისაც უკვე მიღებული აქვს ასეთი სტატუსი, სასამართლომ კი მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმა ეხებოდა იმ პირებსაც ვისაც კანონის მიღების პერიოდისათვის საცხოვრებელი ადგილი, მაღალმთიანი დასახლება დატოვებული ქონდა მკურნალობის მიზნით, რაც არასწორია რადგან კანონში პირდაპირაა გაწერილი თუ ვის შეიძლება მიენიჭოს სტატუსი.

 

აპელანტის განმარტებით ფიზიკური პირი მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსს ინარჩუნებენ ის პირები, რომლებიც მაღალმთიან დასახლებას მკურნალობის მიზნით ან სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის მიზნით, გარკვეული ვადით ტოვებენ ან თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნულ ნაწილში საუბარია იმ პირებზე ვისაც უკვე აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, რადგანაც შეუძლებელია პირმა შეინარჩუნოს სტატუსი, რომელიც არ ქონდა მინიჭებული.

 

აპელანტის განმარტებით ასევე არასწორია გასაჩივრებული გადაწყვეტილების 7.5. პუნქტი სადაც საუბარია რომ "ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია სათანადო გამოკვლევის გარეშე და სახეზეა ამ გადაწყვეტილების შედეგად მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი", რადგანაც ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულად შეისწავლა წარმოდგენილი დოკუმენტაცია და "მაღალმთიანი რეგიონის განვითარების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მიიღო გადაწყვეტილება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. რაიონული სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამ კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის სტიმულირებისათვის შეღავათების განსაზღვრა, რომლებიც უზრუნველყოფს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ამაღლებას, დასაქმების ხელშეწყობას, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი სარგებლობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი სოციალური შეღავათებით; ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის, მათ შორის, ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრების დადგენის წესი, აგრეთვე აღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც დამატებით რეგულირებას საჭიროებს, განისაზღვრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

 

,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,გ“ პუნქტის თანახმად მაღალმთიანი დასახლება არის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დასახლება, რომელიც შეტანილია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში; ,,მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილების 32-ე მუხლის თანახმად, ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ყველა დასახლება შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში, შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი ჭ---- წარმოადგენს მაღალმთიან დასახლებას;

 

ამავე მუხლის ,,ვ“ პუნქტის თანახმად, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი არის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი;

 

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის N591 დადგენილებით დამტკიცებული ,,მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის“ მიხედვით ფიზიკური პირისთვის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის საკითხი განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის და წესის შესაბამისად, ხოლო „წესის“ მიხედვით სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხის განხილვისა და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენის მიზნით, მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი ქმნის სათათბირო ორგანოს საბჭოს, რომელიც ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემობა და რაკომენდაცია მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, ფიზიკურ პირს სტატუსი ენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) არის საქართველოს მოქალაქე; ბ) რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში; გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით, ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში; ამავე დადგენილების მე-5 მუხლი განსაზღვრავს სტატუსის მინიჭების შესახებ წარსადგენ დოკუმენტაციათა ჩამონათვალს: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები; ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; სხვა პირის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში – უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

 

,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, ფიზიკური პირი მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსს ინარჩუნებს, თუ მან მაღალმთიანი დასახლება მკურნალობის მიზნით ან სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის მიზნით, გარკვეული ვადით დატოვა ან თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

ზემოაღნიშნულ შემთხვევაში თ--- ს--------ძეს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი არ მიენიჭა იმ საფუძვლით, რომ ის ვერ აკმაყოფილებდა სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ,,საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის N591 დადგენილებით“ გათვალისწინებულ კრიტერიუმებს (მე-3 მუხლის პირველი პუნქტი) და ვერ წარმოადგინა ამავე დადგენილებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გამომდინარე იქიდან, რომ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მოპოვების საფუძველია ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით, ფაქტობრივად ცხოვრება მაღალმთიან დასახლებაში კანონმდებელმა „წესში“ განსაზღვრა (მიუთითა) იმ დოკუმენტების ჩამოანთვალი, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია აღნიშნული გარემოების დადასტურება: დოკუმენტები ან მასალები, მათ შორის - ფოტოსურათები, რომლებიც ადასტურებენ ფიზიკური პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში შინასამეურნეო საქმიანობის განხორციელების ფაქტს, რაც გულისხმობს საცხოვრებელი ადგილის გამოყენებას, მის მოვლა-პატრონობას და მაღალმთიან დასახლებაში არსებული უძრავი ქონების ფლობას, იმავე მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ ორი მოწმის განცხადება, მაღალმთიან დასახლებაში გადასახდელების ან/და მომსახურების საფასურის/ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრებას.

 

დადგენილია, რომ თ--- ს--------ძის მიერ წარდგენილი იქნა საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა სოციალური სამსახურიდან, რომ ნამდვილად ღებულობს პენსიას ხულოს მუნიციპალიტეტში და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რითაც ადასტურებდა, რომ ის საცხოვრებელ ადგილას არ იმყოფება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

 

პალატა განმარტავს, რომ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მიღების უფლებას, შესაბამისის კრიტერიუმების არსებობის შემთხვევაში პირს ანიჭებს კანონი, რასაც შემდეგში ადმინისტრაციული ორგანო ფორმალურად ადასტურებს აქტის გამოცემით, მოცემულ შემთხვევაში თ--- ს--------ძეს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი მიანიჭა კანონმა და ადმინისტრაციული ორგანოს უარი შესაბამისი აქტის გამოცემაზე, უსაფუძვლოა.

 

შესაბამისად აპელანტის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 ნაწილი მხოლოდ იმ პირებს უნარჩუნებს სტატუსს ვისაც უკვე მიღებული აქვს ასეთი სტატუსი, პალატა არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმა ეხება იმ პირებსაც, ვისაც კანონის მიღების პერიოდისათვის საცხოვრებელი ადგილი, მაღალმთიანი დასახლება დატოვებული ჰქონდა მკურნალობის მიზნით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიონული სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები

 

აპელანტი, ხულოს მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 257-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32).

 

მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი