განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002210700
საქმე № 3ბ/1026-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ლ---------------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ------- ფ------ა
წარმომადგენელი - ნ-------------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ვ------- ფ------ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 23 აგვისტოს სხდომის ოქმი N-- იმ ნაწილში, რომლითაც ვ------- ფ------ას უარი ეთქვა საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 17 იანვრის N-- ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა ვ------- ფ------ას მოთხოვნა სოფელში კერძო სახლის შესყიდვის თაობაზე.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
2.2.1. ვ------- ფ------ა არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი და მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- დევნილის მოწმობა (ს.ფ 129).
2.2.2. დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ვ------- ფ------ას ოჯახს არც საცხოვრებელი ფართი ან/და არც ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, მიღებული არ აქვს.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება, სარჩელი (ს.ფ. 1-17);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება, შესაგებელი (ს.ფ. 62-71).
2.2.3. 201- წლის 19 მაისს, ვ------- ფ------ამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართა განცხადებით კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე. ოჯახის მდგომარეობის შესწავლის მიზნით, მოსარჩელის მიერ შევსებულ იქნა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ვ------- ფ------ას 201- წლის 19 მაისის განაცხადი (ს.ფ. 79-80);
- საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი (ს.ფ. 81-92).
2.2.4. ვ------ ფ------ას ოჯახს მონიტორინგის შედეგად, პირველადი შეფასებით, მიენიჭა 4.5 ქულა (შემოსავლების მაჩვენებელი - 1.5 ქულა, ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე ცხოვრების მაჩვენებელი - 1 ქულა, დამისამართება თბილისიდან რეგიონში - 2 ქულა).
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 201- წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ------- ფ------ას უარი უთხრა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ მისი ოჯახი იმ ეტაპზე არ საჭიროებდა გრძელვადიან განსახლებას.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სოციალური კრიტერიუმის ფორმა (ს.ფ. 78);
- მონიტორინგის ფორმა (ს.ფ. 109-123);
- 19.05.201-წ. განცხადება (ს.ფ. 79-80).
2.2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ------- ფ------ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 201- წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება (ოქმი №-----) ვ------- ფ------ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ვ------- ფ------ას მიმართ, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადთან დაკავშირებით;
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება (სფ 25-34).
2.2.6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის №-- ოქმით ვ------- ფ------ას უარი უთხრა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წამოადგენდა;
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მიერ 2018 წლის 17 იანვარს გამოიცა ბრძანება N-- დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 23 აგვისტოს №-- ოქმი (ს.ფ. 19-24);
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის N-- ბრძანება (ს.ფ. 138).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლომ, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ გასაჩივრებული - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის N-- ბრძანება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
2.3.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე - ვ------- ფ------ა წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს, რომელიც არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.
სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 23 აგვისტოს N-- სხდომის ოქმისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 17 იანვრის N-- ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ვ------- ფ------ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 201- წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება (ოქმი №-----) ვ------- ფ------ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ვ------- ფ------ას მიმართ, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადთან დაკავშირებით; აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ვ------- ფ------ას დევნილი ოჯახის გრძელვადიან განსახლებაზე უარის თქმის საფუძვლად მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ ოჯახი ქირის გარეშე ცხოვრობს, არ წარმოადგენდა მისთვის იმ მომენტისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველს.
სასამართლომ ვ------- ფ------ასა და მის დას - მ------ ფ------ას შორის დადებულ ჩუქების ხელშეკრულების მოჩვენებითობასთან დაკავშირებით განმარტა, რომ კერძო-სამართლებრივ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. შესაბამისად, საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის გადაწყვეტილების მიღებისას, უპირველესად, სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში, უნდა დადგინდეს უძრავ ნივთთან დაკავშირებული გარიგების ნამდვილობა ანდა გარიგების მოჩვენებითობა, რაც გარიგების ბათილობის პირობას წარმოადგენს და მხოლოდ ამ გარემოების გათვალისწინებით და ანალიზის პირობებში, უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელე ვ------- ფ------ასთან მიმართებაში.
2.3.3. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა ასახულია ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, რომლის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
სასამართლო აქტების სავალდებულოობასთან დაკავშირებით სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია მიეთითებინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 201- წლის 25 მარტის განჩინებაში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებზე, ადმინისტრაციულ საქმეზე №-----------------. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების სახე მის კანონიერ ძალაში შესვლისას აღსრულების სპეციფიკურ სახეს განეკუთვნება, რა დროსაც სასამართლო აქტი აღსრულდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხზე ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული ქტის გამოცემის მეშვეობით. სასამართლოს განმარტებით, ამგვარი სასამართლო აქტის აღსრულებისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით შეასრულოს სასამართლოს დავალება, არამედ, ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სასამართლომ გამოურკვევლად და დაუდგენლად ჩათვალა და ამავდროულად, მათი გამოკვლევა-დადგენა სადავო საკითხის სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტისათვის აუცილებლად მიიჩნია, სათანადო პროცედურების და სამართლებრივი ინსტიტუტების მეშვეობით ჯეროვნად უნდა იქნეს გამოკვლეული, დადგენილი და შეფასებული.
საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნულის უგულებელყოფა უნდა შეფასდეს არა მხოლოდ, როგორც ადმინისტრაციული წარმოების პროცედურების არსებით დარღვევად, არამედ, ამავდროულად როგორც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტის არაღსრულება, რაც სასამართლო აქტების სავალდებულობის შესახებ კონსტიტუციური დანაწესის იგნორირებას ნიშნავს.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 201- წლის 24 აპრილის №---------------- გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ”სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას - მართლმსაჯულებას, სახელმწიფოს სახელით დადგენილი გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ ”სამართლიანი სასამართლოს“ უფლება მოიცავს არამარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის უფლებებს, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უთანაბრდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არცნობას იმდენად, რამდენადაც იგი მოჩვენებითს ხდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას. საკასაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე.
სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა საქმეზე „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც განმცხადებლის საჩივარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას შეეხება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული უფლება, რომელიც აშკარად კონვენციის არცერთ დებულებაში არ არის მოცემული, კონვენციის ორგანოების მიერ განმარტებულ იქნა, როგორც „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილი მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა არღვევს პირის როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას (კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იქნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 23 აგვისტოს N-- სხდომის ოქმი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 17 იანვრის N-- ბრძანება გამოცემული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, თუმცა აღნიშნული აქტის შინაარსით დგინდება, რომ რეალურად არ შესრულებულა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი აუცილებელი პირობები - სასამართლომ პირდაპირ მიუთითა, რომ არც ქირის გარეშე ცხოვრება და არც ვ------ ფ------ას მიერ თავის დასთან გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება, ვიდრე ეს ხელშეკრულება სამოქალაქო წესით არ იქნებოდა ბათილად ცნობილი, არ წარმოადგენდა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძელს. მიუხედავად ამ მითითებისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ კვლავ გამოსცა გადაწყვეტილება, რომლითაც ვ------- ფ------ას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წამოადგენდა; მოპასუხის მიერ როგორც წარდგენილი შესაგებელით ასევე სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული ახსნა-განმარტებით დასტურდებოდა, რომ უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს ისევ ვ------- ფ------ას ქირის გარეშე ცხოვრება და მ------ ფ------ასთან 201- წლის 1- მაისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება (იხ. შესაგებელი, გვ 66., მე-3 აბზაცი).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას დაცული არ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. კერძოდ, უდავოა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებული წარმოებისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მისი გამოცემის აუცილებელი წინაპირობის - კანონიერ ძალაში არსებული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ხასიათი და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსი არ არის შესაბამისობაში სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ, მისთვის სავალდებულოდ გასათვალისწინებელ პირობებთან. ადმინისტრაციული ორგანოს რეაგირება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან მიმართებაში, წინააღმდეგობაშია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებულ სასამართლო გადაწყვეტილების სახის ნამდვილ ფუნქციასთან, რაც, როგორც აღინიშნა, ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით უნდა გამოსცეს აქტი არამედ, შეასრულოს ყველა გარემოება, რომლის გათვალისწინებაც ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა.
ამასთან, სასამართლომ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მოსარჩელის ოჯახი არის თავშესაფრის არმქონე, რომელიც საჭიროებს განსახლებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო, ბათილად უნდა ეცნო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 23 აგვისტოს სხდომის ოქმი N-- იმ ნაწილში, რომლითაც ვ------- ფ------ას უარი ეთქვა საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე, ასევე ბათილად უნდა ეცნო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 17 იანვრის N-- ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის უნდა დაევალებინა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა ვ------- ფ------ას მოთხოვნა სოფელში კერძო სახლის შესყიდვის თაობაზე.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ არის გამოცემული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული საფუძვლით გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში სამინისტროს გადაწყვეტილება ვ------- ფ------ას ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე წინააღმდეგობაში არ მოდის დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მარეგულირებელ არცერთ ნორმატიულ აქტთან. სასამართლოს დავალების შესაბამისად, ახალი აქტის გამოცემის დროს ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიკვლია, რომ მოსარჩელე ქირის გარეშე უპრობლემოდ ცხოვრობდა იმ ბინაში, რომელიც მის დას აჩუქა და გამოსახლების საფრთხის ქვეშ არ იყო მისი ოჯახი. ამდენად, საკითხის განხილვაზე უფლებამოსილმა ორგანომ კანონშესაბამისად მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე მისი განაცხადის დაკმაყოფილება სახლის შესყიდვასთან დაკავშირებით არ წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მოითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ვ------- ფ------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელის პოზიციას.
4.1. პალატა უპირველეს ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომელიც ნორმატიულ-სამართლებრივად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას დაამკვიდრონ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს მოქალაქეთა სახელმწიფოს მიერ მფარველობა, ასევე გულისხმობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სათანადო სოციალური გარანტიების შექმნას. კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, რომ დევნილი პირები არ დარჩნენ საცხოვრებლით უზრუნველყოფის გარეშე.
განსახილველ შემთხვევაში პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მასზედ, რომ მოსარჩელე - ვ------- ფ------ა წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს, რომელიც არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. ამასთან, მოსარჩელის ოჯახი არის თავშესაფრის არმქონე, რომელიც საჭიროებს განსახლებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 23 აგვისტოს N-- სხდომის ოქმი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 17 იანვრის N-- ბრძანება გამოცემული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, თუმცა აღნიშნული აქტის შინაარსით დგინდება, რომ რეალურად არ შესრულებულა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი აუცილებელი პირობები - სასამართლომ პირდაპირ მიუთითა, რომ არც ქირის გარეშე ცხოვრება და არც ვ------ ფ------ას მიერ მის დასთან გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება, ვიდრე ეს ხელშეკრულება სამოქალაქო წესით არ იქნებოდა ბათილად ცნობილი, არ წარმოადგენდა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძელს. მიუხედავად ამ მითითებისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ კვლავ გამოსცა გადაწყვეტილება, რომლითაც ვ------- ფ------ას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წამოადგენდა, თუმცა რეალურად მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა იგივე გარემოებები - ვ------- ფ------ას ქირის გარეშე ცხოვრება და მ------ ფ------ასთან 201- წლის 1- მაისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას დაცული არ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. კერძოდ, უდავოა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებული წარმოებისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მისი გამოცემის აუცილებელი წინაპირობის - კანონიერ ძალაში არსებული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ხასიათი და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსი არ არის შესაბამისობაში სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ, მისთვის სავალდებულოდ გასათვალისწინებელ პირობებთან. ადმინისტრაციული ორგანოს რეაგირება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან მიმართებაში, წინააღმდეგობაშია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებულ სასამართლო გადაწყვეტილების სახის ნამდვილ ფუნქციასთან, რაც, როგორც აღინიშნა, ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით უნდა გამოსცეს აქტი არამედ, შეასრულოს ყველა გარემოება, რომლის გათვალისწინებაც ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა.
პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე, პალატა განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი, კერძოდ, ვერ იქნა დადასტურებული სადავო გარემოება მასზედ, რომ ვ------- ფ------ასთვის სახლის შესყიდვა არ წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას, ვინაიდან იგი ცხოვრობს ქირის გარეშე. ამდენად, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს განემარტა, რომ მ------ ფ------ასთან 201- წლის 1- მაისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება არ წარმოადგენდა ვ------- ფ------ასთვის სახლის შესყიდვაზე უარის თქმის საფუძველს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა ბათილად ცნობილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებები და მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ვ------- ფ------ას მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები:
აპელანტი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის მიხედვით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე ლევან მურუსიძე