განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.10.2018
საქმის ნომერი
010310018002345028
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310018002345028

საქმე N3/ბ-357-18წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

16 ოქტომბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე

 

კერძო საჩივრის ავტორი – სა---------–----------------------------------------------- სამინისტრო

 

მოწინააღმდეგე მხარეები – ნ--------–-----, სსიპ ს-------------------ს ეროვნული სააგენტო

 

დავის საგანი – მესამე პირად ჩაბმის შესახებ განჩინების კანონშესაბამისობა

 

გასაჩივრებული განჩინება – ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის განჩინება

 

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე

 

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებსა და კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება

 

2018 წლის 12 მარტს ნ--------–-----მ სარჩელით მიმართა ბ-------- საქალაქო სასამართლოს სსიპ ს-------------------ს ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ და მოითხოვა სსიპ ს-------------------ს ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 დეკემბრის №8-------------- და 2018 წლის 08 თებერვლის №6---- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა; ამავე სარჩელით მოითხოვა სსიპ ს-------------------ს ეროვნული სააგენტოს დავალდებულება ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ, კერძოდ, ქ------–---–- დავით აღმაშენებლის გამზირის №4---ში მდებარე 192.90 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთზე ნ--------–-----ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

 

ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2. მუხლის საფუძველზე მესამე პირებად ჩაება სა---------–----------------------------------------------- სამინისტრო იმ საფუძვლით, რომ სა---------–----------------------------------------------- სამინისტრო წარმოადგენდა იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა იყო შესაძლებელი.

 

ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა სა---------–----------------------------------------------- სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

 

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამინისტრო იქმნება კანონის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადიებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად და სამინისტროს უფლებამოსილება განისაზღვრება კანონით ან/და კანონის საფუძველზე მიღებული მთავრობის დადგენილებით.

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვას ახორციელებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. აღნიშნული ნორმის დანაწესის გათვალისწინებით საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N390 დადგენილებით დამტკიცდა ,,ქონების მმართველობის უფლებამოსილებებისა და მათი განხორციელების წესი’’. აღნიშნული წესის შესაბამისად ქონების მმართველის უფლებამოსილებას წარმოადგენს სახელმწიფო ქონების მოძიება, აღრიცხვა, ქონების რეგისტრაცია, ქონების მოვლა, დაცვა და არამართლზომიერი სარგებლობის აღკვეთა, მაშინ როცა სა---------–----------------------------------------------- სამინისტრო განსაზღვრას სახელმწიფო ქონებასთა დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკას. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის N70 დადგენილებით დამტკიცდა ,,სა---------–----------------------------------------------- სამინისტროს დებულება, რომლის მე-2 მუხლის შესაბამისად სამინისტროს საქმიანობის ძირითადი სფეროა სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვა, რაც გულისხმობს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრას და წარმართვას ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

 

სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვა ერთმანეთისგან არსობრივად განსხვავებული ფუნქციებია. პოლიტიკის შემუშავება ამ კონკრეტულ ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართ არ წარმოშობს კანონის შესაბამისად სხვა ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელების შესაძლებლობას, მით უფრო ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულია კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანო - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვა. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად სააგენტოს უფლებამოსილებას არ წარმოადგენს მხოლოდ ქონების პრივატიზების საკითხის გადაწყვეტა. აღნიშნულ კანონში მითითებული მართვის უფლებამოსილება გულისხმობს ნებისმიერ უფლებამოსილებას, რომელიც კი შესაძლოა სააგენტომ განახორციელოს ქონების დაცვის თუ მოვლის კუთხით, შესაბამისად სააგენტოს სულ მცირე ინფორმაცია უნდა ჰქონდეს სახელმწიფო ქონების შესახებ. ამასთან სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით როგორც ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილმა პირმა, მაგრამ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი განახორციელოს ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციები. სასარჩელო მოთხოვნა არ არის დაკავშირებლი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან, რაც ცხადია ასეთი ტიპის დავებში სამინისტროს მონაწილეობას გამორიცხავს.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აგვისტოს განჩინებით სა---------–----------------------------------------------- სამინისტროს კერძო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად.

 

კერძო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული

განჩინების გაუქმების დასაბუთება:

 

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ კერძო საჩივარს, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; კერძოდ, უნდა გაუქმდეს ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ”ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას; კერძოდ, ბ-------- საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით ამ განჩინების გაუქმების საფუძველია.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მესამე პირების ინსტიტუტის საფუძველს ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი; კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტრესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

 

დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, მესამე პირების ინსტიტუტი უფლებას აძლევს მათ მოახდინონ საკუთარი კერძო, სუბიექტური ინტერესების დაცვა და რეალიზება ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის მე-2 ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე იმ პირების მიმართ, რომელთან მიმართებაშიც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ მათ უფლებებსა და ინტერესზე. ამასთან ინტერესის არსებობა გულისხმობს მხოლოდ რეალურ, ფაქტობრივად არსებულ და კანონით დაცულ ინტერესს.

 

პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას და აღნიშნავს, რომ სა---------–----------------------------------------------- სამინისტრო არ წარმოადგენს სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეს, შესაბამისად, მას ამ ეტაპისათვის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, არ შეიძლება გააჩნდეს ინტერესი დავის საგნის მიმართ. ამდენად პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ს----------–------------------------------------------------ სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის განჩინება ს----------–------------------------------------------------ სამინისტროს საქმეში მესამე პირად ჩაბმის ნაწილში;

 

3. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

 

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე