განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020210118002699244
საქმე №2/ბ-1385-18 წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 იანვარი 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი: მ----- ლა-------
მოწინააღმდეგე მხარე: გ-- ბრ---–--ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განჩინების გაუქმება
გამოარკვია:
2018 წლის 30 ოქტომბერს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა გ-- ბრ---–--ემ, მოპასუხედ დაასახელა მ----- ლა------- და ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა მოითხოვა.
მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ნოტარიუს თ---------- ბუ------–--ის მიერ, 10.07.2018წ. გაცემული N--------- სანოტარო აქტის - სააღსრულებო ფურცლის მოქმედების (სააღსრულებო წარმოება) შეჩერება.
შუამდგომლობის ავტორის (მოსარჩელის) მითითებით, 2018 წლის 10 ივლისს, კრედიტორ მ----- ლა-------ს სასარგებლოდ გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეუჩერებლობა გამოიწვევს მისი ქონების აუქციონზე რელიზაციას, რაც შეუძლებელს გახდის წინადებარე სარჩელზე მომავალში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
მართლმსაჯულების ამოცანაა კონკრეტულ საქმეზე, არა მარტო სწორი გადაწყვეტილების გამატანა, არამედ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის უზრუნველყოფა, რომლის გარეშეც შეუძლებელია პირის დარღვეული უფლების აღდგენაზე მსჯელობა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, გ-- ბრ---–--ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; შეჩერდა, ნოტარიუს თ---------- ბუ------–--ის მიერ, 10.07.2018წ. გაცემული N--------- სანოტარო აქტის - სააღსრულებო ფურცლის მოქმედება (სააღსრულებო წარმოება).
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა:
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
მოსარჩელემ წარმოადგინა სააღსრულებო ბიუროდან 29.10.2018წ. გაცემული ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ საქმეზე იძულებითი აუქციონი დანიშნული არ არის.
გარდა ამისა, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე შეუძლებელი გახდება წინადებარე სარჩელზე მომავალში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.
ამდენად, შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მ----- ლა-------მ და მისი გაუქმება მოითხოვა.
საჩივრის ავტორის განმარტებით, 2017 წლის 17 ნოემბერს, გ-- ბრ---–--ემ ნამდვილად გადაიხადა წინასწარ 3 თვის პროცენტი, ხოლო დარჩენილი მომდევნო თვეების გადახდა, დღემდე არ განუხორციელებია.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნით მოსარჩელეს მიზანია დროის გაწელვის მცდელობა, რადგან სასამართლოს გადატვირთულობის გამო, შესაძლოა დავა გაგრძელდეს თვეების ან წლების განმავლობაში და კრედიტორის სამართლებრივი მოთხოვნა დარჩეს შეუსრულებელი.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების
დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამავე კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.
დადგენილია, რომ 2018 წლის 30 ოქტომბერს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა გ-- ბრ---–--ემ, მოპასუხედ დაასახელა მ----- ლა------- და ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა მოითხოვა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2017 წლის 17 ნოემბერს, მ----- ლა-------საგან ისესხა 22400 ლარი, რომლის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა მისი კუთვნილი უძრავი ქონება.
ნასესხები თანხიდან, კრედიტორს დაუბრუნა ძირი თანხის სახით 8656 ლარი, ასევე 2 თვის პროცენტი-1344 ლარი, თუმცა თანხის გადაცემის თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტები დაკარგა, მოპასუხემ კი, განმეორებითი წერილობითი დოკუმენტის გაცემაზე უარი განუცხადა, ნოტარიუსის მეშვეობით აიღო სააღსრულებო ფურცველი და მოითხოვა ნასესხები მთლიანი თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრება, სულ 27598,08 ლარის ოდენობით.
ვინაიდან, თანხის ნაწილი გადახდილია და სხვაობა გადახდილ თანხებსა და სააღსრულებო ფურცელში დაფიქსირებულს შორის 10000 ლარია, უნდა მოხდეს ძირის ნაწილში თანხის შემცირება, პირგასამტეხლოს მთლიანად გაუქმება და ამ ცვლილებით სააღსრულებო ფურცლის დაკორექტირება.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ნოტარიუს თ---------- ბუ------–--ის მიერ, 10.07.2018წ. გაცემული N--------- სანოტარო აქტის - სააღსრულებო ფურცლის მოქმედების (სააღსრულებო წარმოება) შეჩერება, რაც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა და შეჩერდა, ნოტარიუს თ---------- ბუ------–--ის მიერ 10.07.2018წ. გაცემული N--------- სანოტარო აქტის - სააღსრულებო ფურცლის მოქმედება (სააღსრულებო წარმოება).
დადგენილია, რომ აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მ----- ლა-------მ და მისი გაუქმება მოითხოვა.
დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად, გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
სააპელაციო პალატა განმარტავს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით.
ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.
რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს.
სასამართლოს მსჯელობა, სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
ე.ი. განმცხადებელმა უნდა მიუთითოს სარჩელის საგანი, საფუძველი, შესაძლოდ მისაღები გადაწყვეტილება და დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების აუცილებლობა (გადაუდებლობა).
პალატა იმავდროულად განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება მხარეთა ინტერესების შესაბამისი უნდა იყოს. ერთი მხრივ, მან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება უნდა უზრუნველყოს და მეორე მხრივ, მოპასუხეს არათანაზომიერ, გაუმართლებელ ტვირთად არ უნდა დააწვეს.
განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ აღსრულება, რომლის შეჩერებასაც განმცხადებელი ითხოვს, მიმდინარეობს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომლითაც მოვალე- გ-- ბრ---–--ის მიერ, კრედიტორის-მ----- ლა-------ს სასარგებლოდ გადასახდელი თანხის ოდენობა განსაზღვრულია ძირი თანხა-22400, პროცენტი-1344 ლარი, პირგასამტეხლო-2018 წლის აპრილიდან-სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0,13 %, ხოლო თანხის ამოღება დადგენილია იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციით.
გადაწყვეტილების ნებაყოფილობით აღსრულების თაობაზე აღმასრულებლის წინადადების მიხედვით, გადასახდელი ვალის მოცულობა შეადგენს 27 598,08 ლარს.
სარჩელითა და შუამდგომლობის შინაარსით მიხედვით, მოსარჩელეს მიზანია, სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების 15198,08 ლარით შემცირება, (27598,08-(22400-8656-1344)=15198,08), რაც ადასტურებს, რომ განმცხადებელი (მოსარჩელე) ამ თანხის ნაკლებობით დარჩენილი დავალიანების არსებობას აღიარებს, თუმცა არ უთითებს იპოთეკის საგნის რეალიზაციის გარდა, რა წესით უნდა განახორციელოს ვალის გადახდა.
ამდენად, აღიარებული ვალის ნაწილში აღსრულების შეჩერება მოპასუხეს არათანაზომიერ მდგომარეობაში ჩააყენებს, რაც დაუშვებელია.
საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სააღსრულებო წარმოებათა კანონის VII თავზე, რომელიც ადგენს აღსრულების გადადებას, შეჩერებას, შეწყვეტას და აღსასრულებელი დოკუმენტის უკან დაბრუნებას.
ამავე თავის 36-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია სასამართლოს მიერ აღსრულების შეჩერების საფუძვლები და ვადები, თუმცა, ამ ნორმით განისაზღვრება აღსრულების პროცესის მთლიანად შეჩერება და არა ნაწილობრივი შეჩერება.
ამდენად, საერთო სასამართლოებმა სააღსრულებო წარმოებათა კანონის შესაბამისად, შესაძლებელია მიიღონ სააღსრულებო ფურცლის მთლიანად შეჩერების ან შეჩერებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება.
ასეთ ვითარებაში, გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლო ვალდებულია თანაბრად დაიცვას კრედიტორისა და მოვალის ინტერესები, არ შექმნას პრეცედენტი, რომ მოხდეს კრედიტორის ერთიანი მოთხოვნის დანაწევრება სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ შეჩერების გზით.
იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებელმა დაადასტურა ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაფიქსირებული ვალის ნაწილის ნამდვილობა, ამასთან დაუშვებელია აღსრულების ნაწილობრივი შეჩერება, პალატა მიიჩნევს, რომ თუნდაც თანხის ამ ნაწილის გადახდევინების მიზნით დაწყებული აღსრულების შეჩერება, გაუმართლებლად შეზღუდავს მოპასუხის უფლებებს.
ამ მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, გ-- ბრ---–--ის განცხადებას, ასევე არ გაიზიარა მ----- ლა-------ს საჩივარში მითითებული გარემოებები და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, დაუსაბუთებელი განჩინება გამოიტანა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, მ----- ლა-------ს საჩივრის დაკმაყოფილების, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ----- ლა-------ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინება და ამ განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა, ნოტარიუს თ---------- ბუ------–--ის მიერ, 10.07.2018წ. გაცემული N--------- სანოტარო აქტის - სააღსრულებო ფურცლის მოქმედება (სააღსრულებო წარმოება) და განმცხადებლის (მოსარჩელე გ-- ბრ---–--ე) მოთხოვნა, სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის (საჩივრის) თაობაზე საბოლოოა და გასაჩივრდება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ----- ლა-------ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინება და ამ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს თ---------- ბუ------–--ის მიერ 10.07.2018წ. გაცემული N--------- სანოტარო აქტის - სააღსრულებო ფურცლის მოქმედება (სააღსრულებო წარმოება).
3. გ-- ბრ---–--ის შუამდგომლობა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
4. საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე