განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001644961
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/2924-18 27 ნოემბერი, 2018 წელი
მოსამართლე - თამარ ზამბახიძე
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - შპს „ D--“ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ა-----–-------–-----–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ხ------- ჯ------ (მოპასუხე)
წარმომადგენელი - მ----------------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.03.2018წ. გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სესხის ძირი თანხის სახით 1283 აშშ დოლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეს დაეკისროს 2014 წლის 14 აპრილის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირი თანხა - 2020 აშშ დოლარი.
1.2. მოპასუხეს დაეკისროს სესხით სარგებლობის პროცენტი 1605.71 აშშ დოლარი.
1.3. მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლო 1799.89 აშშ დოლარი.
სარჩელის საფუძვლები:
2. 2014 წლის 14 აპრილს გაფორმებული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებით ხ------- ჯ------მ ერთი თვით ისესხა 2020 აშშ დოლარი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში სესხის ძირითად თანხას დაერიცხებოდა ყოველწლიური 54%, ხოლო სარგებლის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში - პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით. მოპასუხემ 2015 წლის აგვისტოდან დაარღვია თანხის გადახდის ვალდებულება. მოსარჩელემ სცადა ინტერესის დაკმაყოფილება გირავნობის საგნის ამოღებით, თუმცა უშედეგოდ, ვინაიდან, ხ------- ჯ------ ირიცხება მოვალეთა რეესტრში.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი ცნო 119 აშშ დოლარის ნაწილში. ამასთან, განმარტა, რომ მან პრობლემური სესხების ოფიცერს ხელზე გადაეცა 400 ლარი. მოსარჩელეს მიღებული აქვს 4180 ლარი, რაც შეადგენს 1990 აშშ დოლარს. ხელშეკრულების მე-7 მუხლით, მოთხოვნის სიდიდე, შესრულების ვადა და ფარგლები განსაზღვრულია 2109 აშშ დოლარით, შესაბამისად, მოპასუხის მიერ გადასახდელია მხოლოდ 119 აშშ დოლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.03.2018წ. გადაწყვეტილებით შპს „D--“-ს სარჩელი ხ------- ჯ-----ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ხ------- ჯ------ს შპს „D--“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 737 აშშ დოლარისა და ჯარიმა - 300 აშშ დოლარის, ჯამში, 1037 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
4.1. 2014 წლის 14 აპრილს შპს „D--“-ს და ხ------- ჯ------ს შორის გაფორმდა სესხისა და რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, სესხის სახით გაიცა 2020 აშშ დოლარი. 2014 წლის 14 აპრილის ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა ერთი თვე. 2014 წლის 14 აპრილის ხელშეკრულებით სარგებლის სახით გათვალისწინებულია წლიური 54% და პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0.2%.
4.2. 2014 წლის 14 აპრილის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა ხ------- ჯ-----ის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, შემდეგი მახასიათებლებით: მერსედეს - ბენც M-3-- სარეგისტრაციო ნომრით J------.
4.3. ხ------- ჯ------მ 2014 წლის 14 აპრილის სესხის ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა.
4.4. მოპასუხემ სარჩელი ცნო 119 აშშ დოლარის ნაწილში, ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია.
4.5. 2014 წლის 14 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა სესხისა და რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა ერთი თვე. ამ თვალსაზრისით, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ას-1701-1685-2011) სადაც აღნიშნულია, რომ "......სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში....". რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით რეგულირებულ პროცენტს, ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ".....ამ მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; ფულადი შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული: ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე....." საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით მუხლით გათვალისწინებულ პროცენტზე შეთანხმება არ დასტურდება და არც მოსარჩელე არ უთითებს ამ გარემოებაზე. ის გარემოება, რომ ხ------- ჯ------ სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული ვადის გასვლის შემდეგაც აგრძელებდა თანხების გადახდას, ვერ იქნება განხილული, საპროცენტო სარგებლად. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეს გადახდილი აქვს 1836,4 აშშ დოლარი, საიდანაც, 1283 აშშ დოლარი წარმოადგენს სარგებელს, ხოლო 543,31 აშშ დოლარი ჯარიმას. ზემოდასახელებული დასაბუთების გათვალისწინებით, სარგებლის სახით გადახდილი თანხა უნდა გამოაკლდეს ძირითად დავალიანებას და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ძირითადი თანხა - 737 აშშ დოლარის გადახდა.
4.6. შესაბამისი მტკიცებულების არარსებობის გამო სასამართლომ არ გაიზიარა ხ------- ჯ-----ის მითითება პრობლემური სესხების ოფიცრისთვის 400 ლარის ხელზე გადაცემის თაობაზე.
4.7. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს მოცულობა 2014 წლის 14 აპრილის სესხის ხელშეკრულების ფარგლებში 1799,89 ლარის ოდენობით, არ შეესაბამებოდა გონივრულობის სტანდარტს და იგი შემცირდა 300 აშშ დოლარამდე.
რაც შეეხება მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას - გირავნობას, სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა ნება მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებასა და ამ გზით კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სადავოა, რის გამოც, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მასზე.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.03.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა შპს „D--“ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სესხის ძირი თანხის სახით 1283 აშშ დოლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება.
5.1. სასამართლომ არ დაადგინა ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების 4.1 პუნქტი ითვალისწინებდა სესხის დაბრუნების ვადის გაგრძელებას იმავე ვადითა და პირობებით. მხარეთა შორის არც ზეპირად და არც წერილობით არ შემდგარა შეთანხმება სესხის თანხის ნაწილ-ნაწილ დაბრუნებაზე. ხ------- ჯ------ სარგებლობდა რა სესხად აღებული თანხით, კისრულობდა ვალდებულებას გადაეხადა სარგებელი. სასამართლომ არასწორად მიიჩნია სარგებლის სახით გადახდი თანხა სესხის ძირი თანხის ანგარიშში გადახდილად. მოსარჩელის ინტერესი სასესხო ურთიერთობის განმავლობაში სწორედ გაცემული სესხის საფუძველზე მისაღები სარგებელია და სასამარლომ არასწორად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება გაფორმებული იყო მხოლოდ ერთი თვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
7. 14.04.2014 წ. შპს „D--“-ს (შემდგომში „მოსარჩელე“) და ხ------- ჯ------ს (შემდგომში „მოპასუხე“) შორის გაფორმდა ხელშეკრულება შემდეგი პირობებით:
· სესხის თანხა - 2020 აშშ დოლარი;
· სესხით სარგებლობის წლიური პროცენტი - 54% კალენდარულ დღეებზე გაანგარიშებით;
· პირგასამტეხლო - ყოველი ვადაგადაცილებულ დღეზე 0.2%;
· ვადა - 1 თვე (ტ.1, ს.ფ. 14,15).
8. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადახდილი აქვს 1836,4 აშშ დოლარი. მხარეთა შორის სადავოა გადახდილი თანხის მიზნობრიობა.
9. 22.03.2018წ. გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა სესხის ძირის - 737 აშშ დოლარისა და ჯარიმის - 300 აშშ დოლარის, ჯამში 1037 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულია მოსარჩელის მიერ სესხის ძირი თანხის სახით 1283 აშშ დოლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში. აპელანტი ითხოვს მოპასუხეს სესხის ძირი თანხის სახით გარდა უკვე დაკისრებული 737 აშშ დოლარისა, დამატებით დაეკისროს 1283 აშშ დოლარის გადახდა იმ საფუძვლით, რომ 1283 აშშ დოლარი, რომლის გადახდის ფაქტიც სამართლოს მიერ დადგენილია და მხარეთა შორის სადავოდ გამხდარი არ არის, წარმოადგენდა არა სესხის ძირ თანხას, არამედ საპროცენტო სარგებელს და იგი სასამართლომ არასწორად მიიჩნია სესხის ძირი თანხის ანგარიშში გადახდილად.
ამდენად, მხარეთა შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით მოწესრიგებული სასესხო ურთიერთობის არსებობა დავას არ იწვევს. დასადგენია სესხის ძირი თანხის ნაწილში შესასრულებელი ფულადი ვალდებულების მოცულობა.
მოპასუხის განმარტებით, სესხის ხელშეკრულება დადებული იყო ერთი თვის ვადით და ამდენად, ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომ გადახდილი თანხა უნდა გამოკლდეს სესხის ძირ თანხას. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ხელშეკრულების გაგრძელება დამოკიდებული იყო მსესხებლის მიერ ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაზე და მსესხებლის მიერ ყოველთვიურად საპროცენტო სარგებლის გადახდის საფუძველზე ხელშეკრულების ვადა გრძელდებოდა.
სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
როგორც უკვე აღინიშნა, სესხი გაიცა ერთი თვის ვადით. ხელშეკრულების 4.1 მუხლის თანახმად, მხარეები უფლებამოსილი იყვნენ ურთიერთშეთანხმებით გაეგრძელებინათ სესხის დაბრუნების ვადა ხელშეკრულებაში მითითებული პირობებით. ამდენად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მხარეთა შეთანხმებით სესხის დაბრუნების ვადის გაგრძელების შესაძლებლობა, თუმცა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გარემოებას მასზედ, რომ მხარეთა შეთანხმებით გაგრძელდა სესხის დაბრუნების ვადა, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ მსესხებლის მიერ პროცენტის კეთილსინდისიერად გადახდა იწვევდა ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას, აღნიშნული მსჯელობა სასამართლოს სამართლებრივად დაუსაბუთებელად მიაჩნია. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გამსესხებელმა, რომელიც მეწარმე სუბიექტია, სტანდატული პირობებით გააფორმა ხელშეკრულება ფიზიკურ პირთან (მსესხებელთან). პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების ინტერპრეტაცია იმდაგვარად, როგორც ამას გამსესხებელი მიუთითებს, არ გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 344-ე და 345-ე მუხლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 344-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ის დებულებანი, რომლებიც ფორმის მიხედვით იმდენად უჩვეულოა, რომ მეორე მხარეს არ შეეძლო მათი გათვალისწინება, არ იქცევიან ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად. ამავე კოდექსის 345-ე მუხლის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ტექსტი ბუნდოვანია, მაშინ იგი განიმარტება მეორე მხარის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლით, თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ 14.04.2014წ. ერთი თვით დადებული სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებდა საპროცენტო სარგებლის გადახდას. ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მსესხებელი ვალდებული იყო გადაეხადა ხელშეკრულებით დადგენილი სარგებელი. ხელშეკრულების ვადის დასრულების შემდეგ მსესხებელს წარმოეშვა სესხის ძირითადი თანხის დაბრუნებისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და უსაფუძვლოა ხელშეკრულების მხარეთა კონკლუდენტური მოქმედებით გაგრძელებულად მიჩნევა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას გამსესხებლისათვის გადახდილი 1283 აშშ დოლარის სესხის ძირითადი თანხის ნაწილად ჩათვლისა და ამ საფუძვლით სესხად აღებული თანხის 1283 აშშ დოლარით შემცირების თაობაზე (ასევე იხ.:სუსგ #ას-712-682-2016 08.02.2017წ.).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
10. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
11. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.1, ს.ფ. 242).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს “D--”-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე