განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.11.2018
საქმის ნომერი
330210016001381827
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001381827

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/4714-18

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე ოთარ სიჭინავა

მოსამართლეები ამირან ძაბუნიძე

გელა ქირია

 

სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე

 

აპელანტი - ,,ჰ-----------------------------------------–--------------------–-------------------ქ"

წარმომადგენელი - ა-----–--–-–--ა, ს--------------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ნ--------

წარმომადგენელი - ი-------------–---–ი (დირექტორი), შ-------------–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.10.2017 წ. გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

,,ჰ--------------------------------------–------------------–---------------------ს" სარჩელი არ დაკმაყოფილდეს:

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. 2----–-–---------–---, ,,ჰ--------------------------------------–------------------–--------------------ს" და სს ,,ნ-------" შორის გაფორმდა ფ-----------–------------–----------------–---–----------------------–---- შესახებ ხელშეკრულება.

 

2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობების 2.3. პუნქტის თანახმად, პროექტის განხორციელების პერიოდი იყოფა შემდეგნაირად: პირველი ფაზა (გ----–-----------------–---), რომელიც იწყება 2012 წლის 30 ივლისს და სრულდება 2012 წლის ნოემბრის ბოლოს (ანუ ოთხი თვე), მეორე ფაზა (არჩევითი), რომელიც იყოფა ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - გ----------------–------------------–--------------------, დაპროექტება იწყება კლიენტის შეტყობინების მომენტიდან და გრძელდება 4 (ოთხი) თვის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ეტაპი დაიწყება პირველი ფაზის პარალელურად ხანგრძლივობა გაიზრდება 6 (ექვს) თვემდე (ანუ 2 (ორი) თვე ფაზა 1-ის დასრულების შემდეგ), მეორე ეტაპი - პროექტის დანარჩენი ნაწილი იწყება პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ და გრძელდება 10 (ათი) თვის განმავლობაში.

 

2.2. 2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობების 2.2. პუნქტის თანახმად, მომსახურების დაწყების თარიღი არის პირველი მოთხოვნილი საავანსო თანხის სრულად ანაზღაურების თარიღი. კონსულტანტი ვალდებულია წარადგინოს საავანსო გადახდის გარანტია ძალაში შესვლის თარიღიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში. დადგენილ ვადებში გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დაწყების თარიღად განისაზღვრება შესვლის თარიღიდან 23-ე დღე.

 

2.3. 2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობების 6.4. პუნქტის თანახმად, საბოლოო გადახდის თანხა შემცირდება დაგვიანებით მიწოდების შემთხვევაში საერთო ფიქსირებული ღირებულების 0,1%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, იმ პირობით, რომ ჯარიმის ჯამური თანხა არ აჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 10%-ს.

ამავე პუნქტის მიხედვით, პირველი ფაზისთვის ფიქსირებული ღირებულების 20% ანაზღაურდება მეორე ფაზის სამუშაოების ექსპერტიზის ჩატარების და მიღების შემდეგ.

 

2.4. ,,ჰ--------------------------------------–------------------–---------------------ს" მიერ საავანსო გადახდის გარანტია წარდგენილი იქნა 2012 წლის 14 სექტემბერს.

 

2.5. ,,ჰ--------------------------------------–------------------–--------------------ს" და სს ,,ნ--------" შორის გაფორმდა შეთანხმება 2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. აღნიშნული შეთანხმების თანახმად, პირველი ფაზით გათვალისწინებული სამუშაოები ,,ჰ--------------------------------------–------------------–----------------------ს" უნდა დაესრულებინა არაუგვიანეს 2012 წლის 19 დეკემბრისა, ხოლო მეორე ფაზის პირველი ეტაპის სამუშაოები - არაუგვიანეს 2013 წლის 09 მაისისა.

 

2.6. 2013 წლის 15 მარტს, ,,ჰ--------------------------------------–------------------–--------------------მა" სს ,,ნ--------" წარუდგინა გ----–--------- დასკვნა.

 

2.7. ,,ჰ--------------------------------------–------------------–---------------------ს" მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში არ იქნა დასრულებული 2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულების პირველი ფაზის და მეორე ფაზის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები.

 

2.8. ,,ჰ--------------------------------------–------------------–---------------------ს" მიერ შესრულებული პირველი ფაზის და მეორე ფაზის პირველი ეტაპის სამუშაოები შემოწმებული იქნა შპს ,,ს------------------–------ს" მიერ.

 

2013 წლის 30 სექტემბერს, შპს ,,ს------------------–------ს" მიერ მომზადებული იქნა თავდაპირველი შემოწმების ანგარიში, რომლის მიხედვითაც ,,ჰ--------------------------------------–------------------–---------------------ს" მიერ შესრულებული სამუშაოები არ იქნა აღიარებული სრულყოფილად ჩატარებულად.

 

2.9. 2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულების პირველი ფაზის და მეორე ფაზის პირველი ეტაპის ანგარიშში შესწორების შეტანის მიზნით, ,,ჰ--------------------------------------–------------------–--------------------ს" განესაზღვრა დამატებითი ვადა 2013 წლის 21 ნოემბრამდე.

 

2.10. დამატებითი ვადის განსაზღვრის შემდეგ, ,,ჰ----------------------------------------–-------------------–-----------------------ის" მიერ შესრულებული სამუშაოები შემოწმებული იქნა შპს ,,ს------------------–------ს" მიერ.

 

2013 წლის 02 დეკემბერს, შპს ,,ს------------------–------ს" მიერ მომზადებული იქნა საბოლოო შემოწმების ანგარიში და ,,ჰ-----------------------------------------–-------------------–----------------------ს" მიერ შესრულებული სამუშაოები მიჩნეული იქნა არასრულყოფილად შესრულებულად.

 

2.11. 2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულების პირველი ფაზის და მეორე ფაზის პირველი ეტაპის ანგარიშში შესწორების შეტანის მიზნით, ,,ჰ--------------------------------------–------------------–--------------------ს" განესაზღვრა დამატებითი ვადა 2014 წლის 01 სექტემბრამდე.

 

2.12. შეთანხმების 5.3. პუნქტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ კლიენტის მიერ დამოუკიდებელი შემმოწმებლისთვის ყველა გადასახდელი სახელშეკრულებო საზღაურის გადახდა დაეკისრება კონსულტანტს და აღნიშნული თანხა ამოიქვითება საბოლოო გადახდიდან, რომელსაც გადაუხდის კლიენტი კონსულტანტს მხოლოდ მე-2 მუხლში განსაზღვრული პირობების შესაბამისად მიწოდებული სამუშაოების მიღების შემდგომ.

 

2.13. 2015 წლის 09 იანვარს, ,,ჰ--------------------------------------–------------------–---------------------ს" და სს ,,ნ-------" შორის გაფორმდა მიღება ჩაბარების აქტი 2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულების პირველი ფაზის და მეორე ფაზის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების სს ,,ნ-------" მიერ მიღების თაობაზე.

 

2.14. ,,ჰ--------------------------------------–------------------–---------------------ს" მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 1 447 164,24 აშშ დოლარი.

 

2.15. სს ,,ნ--------" მიერ ანაზღაურებული იქნა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ნაწილი 981 573,31 აშშ დოლარი.

 

2.16. სს ,,ნ--------" მიერ გაწეული იქნა ექსპერტიზის ჩატარების ხარჯი 30 196 აშშ დოლარის ოდენობით.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.17. 2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 4 253 949 აშშ დოლარს.

 

წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების დაკისრებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მის მიერ შესრულებული იქნა 1 437 164,24 ლარის ღირებულების სამუშაოები, საიდანაც მოპასუხის მიერ ანაზღაურებული იქნა მხოლოდ ნაწილი 981 573,31 აშშ დოლარის ოდენობით და გადასახდელი დარჩა 455 590,93 აშშ დოლარი. მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო შესრულებული იქნა ვადისგადაცილებით, რის გამოც მოსარჩელე ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო საერთო ფიქსირებული ღირებულების 0,1%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-სა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ შესრულებული იქნა 1 437 164,24 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაო. შესაბამისად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 1 437 164,24 აშშ დოლარს, ხოლო პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა 143 716,42 აშშ დოლარს. ამ ოდენობის პირგასამტეხლო წარმოადგენს პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რის გამოც ის უნდა შემცირდეს 71 858,21 აშშ დოლარამდე და უნდა გამოაკლდეს მოსარჩელისთვის გადასახდელ თანხას 455 590,93 აშშ დოლარს.

 

მოსარჩელე მხარის მითითებას მოპასუხე მხარე არ ეთანხმება და განმარტავს, რომ 2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო ხელშეკრულების ღირებულება და ის შეადგენდა 4 253 949 აშშ დოლარს.

 

2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობების 6.2. ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, უცხოურ ვალუტაში საერთო თანხა შეადგენს 4 253 949 აშშ დოლარს, მათ შორის 18% უკუდაბეგვრის დღგ-ს. კონსულტანტმა უნდა მიიღოს მის საბანკო ანგარიშზე გადასახადებისგან გათავისუფლებული (სუფთა) თანხა 3 605 041,53 აშშ დოლარის ოდენობით.

 

2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულების ძირითადი პირობების 1.1. ,,ე" ქვეპუნქტის მიხედვით, სახელშეკრულებო ღირებულება ნიშნავს გაწეული მომსახურებისთვის გადასახდელ საფასურს, რომელიც განსაზღვრულია მე-6 მუხლში. ამავე პირობების 1.8. პუნქტის თანახმად, კონსულტანტი, ქვე-კონსულტანტი და მათი პერსონალი ვალდებულნი არიან გადაიხადონ განსაკუთრებულ პირობებში მითითებული კანონმდებლობის თნახმად დარიცხული არაპირდაპირი გადასახადები, მოსაკრებლები და ხარჯები, რომელთა მოცულობა შეტანილია სახელშეკრულებო ღირებულებაში.

2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობების 1.8. პუნქტის თანახმად, განსაკუთრებულ პირობებში განსაზღვრული მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირდაპირ გადასახადებს, მოსაკრებლებს, საფასურებს და სხვა დანარიცხებს შორის ერთ-ერთი არის უკუდაბეგვრის დღგ, რომელიც გათვალისწინებულია სახელშეკრულებო ღირებულებაში, ამოიქვითება კლიენტის მიერ სახელშეკრულებო ღირებულებიდან და ჩაირიცხება საქართველოს საგადასახადო ორგანოების ანგარიშზე.

 

2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულების ძირითადი პირობების 6.1. პუნქტის მიხედვით, კონსულტანტისთვის გადასახდელმა ჯამურმა თანხამ არ უნდა გადააჭარბოს სახელშეკრულებო ღირებულებას, რომელიც წარმოადგენს საერთო ფიქსირებულ ღირებულებას დანართ ,,A"-ში აღწერილი მომსახურების გასაწევად საჭირო ყველა ხარჯის გათვალისწინებით.

 

ამდენად, 2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულების როგორც ძირითადი, ასევე განსაკუთრებული პირობების თანახმად, მხარეთა მიერ განსაზღვრული იქნა ხელშეკრულების საერთო ღირებულება და ის შეადგენდა 4 253 949 აშშ დოლარს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 4 253 949 აშშ დოლარს. ამასთან, ხელშეკრულების დადების დროისთვის მხარეებისთვის ცნობილი იყო, რომ მოსარჩელე მხარე არ წარმოადგენდა დღგ-ს გადახდაზე ვალდებულ პირს და მისთვის გადასახდელი საზღაური შეადგენდა 3 605 041,53 აშშ დოლარს. მიუხედავად ამისა, ხელშეკრულების გაფორმებისას მოსარჩელემ გამოავლინა ნება დაედო ზემოთმითითებული შინაარსის ხელშეკრულება და ხელშეკრულების საერთო ღირებულებად განსაზღვრული ყოფილიყო 4 253 949 აშშ დოლარი.

 

2.18. 2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულების პირველი ფაზის სამუშაოები მოსარჩელის მიერ შესრულებული იქნა 751 დღის დაგვიანებით, ხოლო მეორე ფაზის პირველი ეტაპის სამუშაოები - 610 დღის დაგვიანებით.

 

მხარეთა შეთანხმებით 2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულების პირველი ფაზით გათვალისწინებული სამუშაოები მოსარჩელეს უნდა დაესრულებინა 2012 წლის 19 დეკემბრამდე, ხოლო მეორე ფაზის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები - 2013 წლის 09 მაისამდე (იხ. შეთანხმება 2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, ტომი 1, ს.ფ. 116-120).

 

მხარეები არ დაობენ იმ გარემოებაზე, რომ პირველი ფაზით გათვალისწინებული სამუშაო, კერძოდ, გ----–--------- დასკვნა მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა 2013 წლის 15 მარტს (იხ. 2017 წლის 18 სექტემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი, 12:11:32 სთ), ხოლო მეორე ფაზის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაო - 2013 წლის 06 ივნისს (იხ. მოპასუხის საპაექრო სიტყვა).

 

დადგენილია ასევე, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი სამუშაოები შემოწმებული იქნა შპს ,,ს------------------–------ს" მიერ. 2013 წლის 30 სექტემბერს მომზადებული დასკვნის თანახმად, მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოები არ იყო შესრულებული სრულყოფილად და ისინი არ აკმაყოფილებდნენ 2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულების მოთხოვნებს. აღნიშნულის გამო, მოსარჩელეს განესაზღვრა დამატებითი ვადა 2013 წლის 21 ნოემბრამდე. მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოები კვლავ იქნა შემოწმებული დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ. შპს ,,ს------------------–------ს" მიერ 2013 წლის 02 დეკემბერს მომზადებული დასკვნის თანახმად, მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოები არ იქნა მიჩნეული სრულყოფილად შესრულებულად, რის გამოც მოსარჩელეს განესაზღვრა დამატებითი ვადა 2014 წლის 01 სექტემბრამდე.

 

უდაოა, რომ 2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულების პირველი ფაზით და მეორე ფაზის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები მოპასუხის მიერ მიღებული იქნა 2015 წლის 09 იანვარს.

 

ამდენად, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოები შეთანხმებულ პირობებამდე მოყვანილი იქნა და მოპასუხეს გადაეცა 2015 წლის 09 იანვარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მითითებული ნორმის თანახმად, ვალდებულება შესრულებული უნდა იყოს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოცემულ შემთხვევაში, მართალია მოპასუხემ სამუშაოები შეასრულა 2015 წლის 09 იანვრამდე, თუმცა მის მიერ შესრულებული სამუშაოები არ იყო შეთანხმებული ხარისხის, კერძოდ, სამუშაო არ აკმაყოფილებდა 2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულების მოთხოვნებს. ამდენად, 2015 წის 09 იანვრამდე ადგილი ქონდა მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას.

 

რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მითითებას იმის შესახებ, რომ ექსპერტიზის ჩატარების ვადა არ უნდა იქნეს განხილული მოსარჩელის ვადაგადაცილებად.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შეთანხმებით მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოები შემოწმებული უნდა ყოფილიყო ექსპერტის მიერ. ამდენად, სამუშაოების მიღების აუცილებელ პირობას წარმოადგენდა ექსპერტიზის მიერ სამუშაოების ხარისხის შესაბამისობის დადგენა 2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულებასთან. მოსარჩელის მიერ დათქმულ ვადებში სამუშაოების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ცხადია ექსპერტიზის ჩატარების ვადა არ გამოიწვევდა მოსარჩელის ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებას, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მოსარჩელის მიერ ვადაგადაცილებით და არაჯეროვნად იქნა შესრულებული სამუშაო. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარეს არ განუხორციელებია იმ ფაქტის მტკიცება, რომ მოპასუხემ დაგვიანებით მიმართა ექსპერტიზას და შედეგად მოსარჩელის მიერ ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა გაიზარდა.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულების პირველი ფაზით გათვალისწინებული სამუშაო მოსარჩელემ შეასრულა 751 დღის დაგვიანებით, ხოლო მეორე ფაზის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაო - 610 დღის დაგვიანებით.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით :

 

2.19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

2012 წლის 27 ივლისს, ,,ჰ-----------------------------------------–-------------------–---------------------ს" და სს ,,ნ-------" შორის გაფორმდა ფ-----------–------------–----------------–---–----------------------–---- შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო. თავის მხრივ, მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულება.

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 09 იანვარს, ,,ჰ--------------------------------------–------------------–---------------------ს" მიერ შესრულებული იქნა ვალდებულება და მოპასუხეს გადაეცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით შესრულებული სამუშაო. შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 1 437 164,24 აშშ დოლარს. სს ,,ნ--------" მიერ ანაზღაურებული იქნა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ნაწილი 981 573,31 აშშ დოლარი. სს ,,ნ------ამ" ,,ჰ--------------------------------------–------------------–--------------------ს" არ აუნაზღაურა შესრულებული სამუშაოს ღირებულების დარჩენილი ნაწილი - 455 590,93 აშშ დოლარი.

 

მოპასუხე მხარე შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებაზე უარს აცხადებს იმ საფუძვლით, რომ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების გამო მოსარჩელეს დაერიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 425 395 აშშ დოლარი, ასევე მოსარჩელისთვის გადასახდელი თანხიდან გაქვითული იქნა ექსპერტიზის ჩატარების ხარჯი 30 196 აშშ დოლარის ოდენობით.

 

მხარეები არ დაობენ იმ გარემოებაზე, რომ საბოლოო ანგარიშსწორებისას მოსარჩელისთვის გადასახდელ თანხას უნდა გამოკლებოდა ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისთვის დარიცხული პირგასამტეხლო, ასევე ექსპერტიზის ჩატარების ხარჯი.

 

უდაოა, რომ სს ,,ნ-------" მიერ ექსპერტიზის ჩატარებისთვის გაწეული იქნა ხარჯი 30 196 აშშ დოლარის ოდენობით.

 

რაც შეეხება პირგასამტეხლოს, 2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობების 6.4. პუნქტის თანახმად, საბოლოო გადახდის თანხა შემცირდება დაგვიანებით მიწოდების შემთხვევაში საერთო ფიქსირებული ღირებულების 0,1%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, იმ პირობით, რომ ჯარიმის ჯამური თანხა არ აჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 10%-ს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 4 253 949 აშშ დოლარს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 4 253 949 აშშ დოლარის 10%-ს, 425 394 აშშ დოლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე - კრედიტორის ეკონომიური ინტერესი.

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობის შეფასებისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ მნიშვნელოვნად იქნა გადაცილებული სამუშაოების დასრულების ვადები, კერძოდ, 2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულების პირველი ფაზით გათვალისწინებული სამუშაო შესრულებული იქნა 751 დღის დაგვაინებით, ხოლო მეორე ფაზის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაო - 610 დღის დაგვაინებით. გარდა ამისა, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარის განმარტებით, 2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო წარმოადგენდა ნ-------- ჰ---------–-------------------- მშენებლობისთვის მოსამზადებელ ეტაპს. შესაბამისად, მასზე იყო დამოკიდებული ჰ---------–------------------- მშენებლობა. ამდენად, მოსარჩელის მიერ სამუშაოების დასრულების ვადის გადაცილების გამო შეფერხებული იქნა ჰ---------–------------------- მშენებლობა. მითითებული გარემოება სადაოდ არ გაუხდია მოსარჩელე მხარეს.

 

ზემოთმითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი. შესაბამისად, მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის გადასახდელ თანხას (455 590,93 აშშ დოლარი) უნდა გამოაკლდეს დარიცხული პირგასამტეხლო 425 395 აშშ დოლარი და ექსპერტიზის ჩატარების ხარჯი - 30 196 აშშ დოლარი, სულ 455 591 აშშ დოლარი. ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელისთვის თანხის გადახდის ვალდებულება არ გააჩნია.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ,,ჰ--------------------------------------–------------------–---------------------ს" სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, ხელშეკრულებაში მოცემული ჩანაწერის მიხედვით ხელშეკრულების ფასი შეადგენდა 4 253 949 აშშ დოლარს, თუმცა საქმის მასალებით დგინდება, რომ აპელანტმა მოწინააღმდეგე მხარის ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე შეასრულა მხოლოდ პირველი ეტაპის სამუშაოები, ღირებულებით 1 437 164,24 აშშ დოლარი. მოპასუხემ მოსარჩელეს აღარ დაუკვეთა შემდეგი ეტაპის სამუშაოების შესრულება და ამდენად, ხელშეკრულების ფასმა შეადგინა 1 437 164,24 აშშ დოლარი.

 

3.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების პირველი ფაზის სამუშაოები მოსარჩელის მიერ შესრულებული იქნა 751 დღის დაგვიანებით, ხოლო მეორე ფაზის პირველი ეტაპის სამუშაოები - 610 დღის დაგვიანებით. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო არსებული ფორსმაჟორული და სხვა გარემოებები, რომლებიც ხელს უშლიდა მოსარჩელეს დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაში. მომსახურების გაწევის ადგილს წარმოადგენდა მ------, რომელიც გამოირჩევა მკაცრი კლიმატით და შესაბამისად, კლიმატური პირობების მოულოდნელმა გაუარესებამ შექმნა ფორს-მაჟორული გარემოება. მომსახურების გაწევა განხორციელდა 106 დღიანი ვადაგადაცილებით. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხის დაჟინებული მოთხოვნით მხარეებმა ვადაგადაცილება დაუკავშირეს ავანსის გადახდის დაგვიანებას, რეალურ მიზეზს წარმოადგენდა ფორს-მაჟორული გარემოება, რომლის თაობაზე მოპასუხე არაერთხელ იქნა ინფორმირებული. მიუხედავად მძიმე სამუშაო პირობების და ფორს-მაჟორული გარემოებებისა, მოსარჩელემ ჯეროვნად შეასრულა პირველი ფაზით განსაზღვრული მომსახურება. პირველი ფაზის დასრულების შემდგომ მოსარჩელემ დაიწყო მეორე ფაზის პირველი ეტაპით განსაზღვრული მომსახურების გაწევა, რომლის ვადაც შეადგენდა 120 დღეს. სამუშაოს დასაწყებად აუცილებელი იყო მოპასუხის შეტყობინება მათი დაწყების თაობაზე, რომელიც მოპასუხემ მიიღო 09.01.2013წ.. შეტყობინების მიღების შემდგომ მოსარჩელემ მე-2 ფაზის პირველი ეტაპის სამუშაოები შეასრულა 188 დღეში, ჯამში 68 დღის დაგვიანებით.

3.3. სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ნ------ა ჰ---- პროექტს ამჟამად ახორციელებს სხვა პირი და არა მოწინააღმდეგე მხარე. აღნიშნულ გარემოებაზე მსჯელობის არარასებობით სასამართლომ ეს ფაქტი მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ, რაც არასწორ შეფასებას წარმოადგენს.

 

გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას და სამართლებრივ არგუმენტაციას შეცვლილი სახელშეკრულებო გარემოებების თაობაზე.

 

3.4. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ არ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი და არ განახორციელა ამ საფუძვლების დამოუკიდებელი შეფასება და მათი არსებობის გამორიცხვა მოცემულ საქმეში. აპელანტის მითითებით, სასამართლოს მხრიდან არ მომხდარა ფორს-მაჟორული გარემოებების შეფასება არც დამოუკიდებლად და არც ვადაგადაცილებასთან ერთობლიობაში. ამ გარემოების შეუფასებლობა საქმის არსიდან გულისხმობს იმას, რომ არ არის შეფასებული ერთ-ერთი მოთხოვნის - პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი.

 

3.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ამ ნორმის განმარტება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირგასამტეხლოს განსაზღვრის და შემცირების თავალსაზრისით. ცალსახაა, რომ პირგასამტეხლოს განსაზღვრისას მხარეების მიერ მხედველობაშია მიღებული ის პოტენციური სარგებელი, რასაც ისინი მიიღებენ ხელშეკრულებიდან. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა გამოითვალოს სწორედ მოსარჩელის მიერ მიღებული თანხიდან და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია შეფასდეს მხარეთა ნების გამოვლენა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. 27.07.2012წ. ,,ჰ--------------------------------------–------------------–--------------------ს" და სს ,,ნ-------" შორის გაფორმდა ფ-----------–------------–---------––-------–--------------–---–----------------------–---- შესახებ (ტ.1, ს.ფ. 19-111).

 

ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობების 2.3. პუნქტის თანახმად, პროექტის განხორციელების პერიოდი იყოფა შემდეგნაირად: პირველი ფაზა (გ----–-----------------–---), რომელიც იწყება 2012 წლის 30 ივლისს და სრულდება 2012 წლის ნოემბრის ბოლოს (ანუ ოთხი თვე), მეორე ფაზა (არჩევითი), რომელიც იყოფა ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - გ----------------–------------------–--------------------, დაპროექტება იწყება კლიენტის შეტყობინების მომენტიდან და გრძელდება 4 (ოთხი) თვის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ეტაპი დაიწყება პირველი ფაზის პარალელურად ხანგრძლივობა გაიზრდება 6 (ექვს) თვემდე (ანუ 2 (ორი) თვე ფაზა 1-ის დასრულების შემდეგ), მეორე ეტაპი - პროექტის დანარჩენი ნაწილი იწყება პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ და გრძელდება 10 (ათი) თვის განმავლობაში (ტ.1, ს.ფ. 87,88).

 

ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობების 2.2. პუნქტის თანახმად, მომსახურების დაწყების თარიღი არის პირველი მოთხოვნილი საავანსო თანხის სრულად ანაზღაურების თარიღი. კონსულტანტი ვალდებულია წარადგინოს საავანსო გადახდის გარანტია ძალაში შესვლის თარიღიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში. დადგენილ ვადებში გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დაწყების თარიღად განისაზღვრება შესვლის თარიღიდან 23-ე დღე.

 

განსაკუთრებული პირობების 6.4. პუნქტის თანახმად, საბოლოო გადახდის თანხა შემცირდება დაგვიანებით მიწოდების შემთხვევაში საერთო ფიქსირებული ღირებულების 0,1%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, იმ პირობით, რომ ჯარიმის ჯამური თანხა არ აჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 10%-ს. ამავე პუნქტის მიხედვით, პირველი ფაზისთვის ფიქსირებული ღირებულების 20% ანაზღაურდება მეორე ფაზის სამუშაოების ექსპერტიზის ჩატარების და მიღების შემდეგ.

 

4.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე უდავოდაა დადგენილი და არც სააპელაციო საჩივრით გამხდარა სადავოდ, რომ ,,ჰ--------------------------------------–------------------–---------------------ს" მიერ საავანსო გადახდის გარანტია წარდგენილი იქნა 2012 წლის 14 სექტემბერს (იხ.:2017 წლის 18 სექტემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

4.3. ,,ჰ--------------------------------------–------------------–--------------------ს" და სს ,,ნ--------" შორის გაფორმდა შეთანხმება 2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. აღნიშნული შეთანხმების თანახმად, პირველი ფაზით გათვალისწინებული სამუშაოები ,,ჰ--------------------------------------–------------------–----------------------ს" უნდა დაესრულებინა არაუგვიანეს 2012 წლის 19 დეკემბრისა, ხოლო მეორე ფაზის პირველი ეტაპის სამუშაოები - არაუგვიანეს 2013 წლის 09 მაისისა (ტ.1, ს.ფ. 112-120).

 

შეთანხმების 5.3. პუნქტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ კლიენტის მიერ დამოუკიდებელი შემმოწმებლისთვის ყველა გადასახდელი სახელშეკრულებო საზღაურის გადახდა დაეკისრება კონსულტანტს და აღნიშნული თანხა ამოიქვითება საბოლოო გადახდიდან, რომელსაც გადაუხდის კლიენტი კონსულტანტს მხოლოდ მე-2 მუხლში განსაზღვრული პირობების შესაბამისად მიწოდებული სამუშაოების მიღების შემდგომ (ტ.1, ს.ფ. 112-120).

 

4.4. სააპელაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას მასზედ, რომ 27.07.2012წ. ხელშეკრულების პირველი ფაზის სამუშაოები მოსარჩელის მიერ შესრულებული იქნა 751 დღის დაგვიანებით, ხოლო მეორე ფაზის პირველი ეტაპის სამუშაოები - 610 დღის დაგვიანებით.

 

მხარეთა შეთანხმებით 2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულების პირველი ფაზით გათვალისწინებული სამუშაოები მოსარჩელეს უნდა დაესრულებინა 2012 წლის 19 დეკემბრამდე, ხოლო მეორე ფაზის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები - 2013 წლის 09 მაისამდე (იხ. შეთანხმება 2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, ტომი 1, ს.ფ. 112-120).

 

უდავოდაა დადგენილი და არც სააპელაციო საჩივრით გამხდარა სადავო, რომ 2013 წლის 15 მარტს, ,,ჰ--------------------------------------–------------------–--------------------მა" სს ,,ნ--------" წარუდგინა გ----–--------- დასკვნა (იხ.: მხარეთა ახსნა -განმარტება, 2017 წლის 18 სექტემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

,,ჰ--------------------------------------–------------------–---------------------ს" მიერ შესრულებული პირველი ფაზის და მეორე ფაზის პირველი ეტაპის სამუშაოები შემოწმებული იქნა შპს ,,ს------------------–------ს" მიერ. 2013 წლის 30 სექტემბერს, შპს ,,ს------------------–------ს" მიერ მომზადებული იქნა თავდაპირველი შემოწმების ანგარიში, რომლის მიხედვითაც ,,ჰ--------------------------------------–------------------–---------------------ს" მიერ შესრულებული სამუშაოები არ იქნა აღიარებული სრულყოფილად ჩატარებულად (იხ.: შეთანხმება 2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, ტ.1, ს.ფ. 112-120). 2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულების პირველი ფაზის და მეორე ფაზის პირველი ეტაპის ანგარიშში შესწორების შეტანის მიზნით, ,,ჰ--------------------------------------–------------------–--------------------ს" განესაზღვრა დამატებითი ვადა 2013 წლის 21 ნოემბრამდე ტ.1, ს.ფ. 112-120). დამატებითი ვადის განსაზღვრის შემდეგ, ,,ჰ----------------------------------------–-------------------–-----------------------ის" მიერ შესრულებული სამუშაოები შემოწმებული იქნა შპს ,,ს------------------–------ს" მიერ. 2013 წლის 02 დეკემბერს, შპს ,,ს------------------–------ს" მიერ მომზადებული იქნა საბოლოო შემოწმების ანგარიში და ,,ჰ-----------------------------------------–-------------------–----------------------ს" მიერ შესრულებული სამუშაოები მიჩნეული იქნა არასრულყოფილად შესრულებულად ტ.1, ს.ფ. 112-120). 2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულების პირველი ფაზის და მეორე ფაზის პირველი ეტაპის ანგარიშში შესწორების შეტანის მიზნით, ,,ჰ--------------------------------------–------------------–--------------------ს" განესაზღვრა დამატებითი ვადა 2014 წლის 01 სექტემბრამდე (ტ.1, ს.ფ. 112-120).

 

2015 წლის 09 იანვარს, ,,ჰ--------------------------------------–------------------–---------------------ს" და სს ,,ნ-------" შორის გაფორმდა მიღება ჩაბარების აქტი 2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულების პირველი ფაზის და მეორე ფაზის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების სს ,,ნ-------" მიერ მიღების თაობაზე (ტ.1, ს.ფ. 131). ამდენად, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოები შეთანხმებულ პირობებამდე მოყვანილი იქნა და მოპასუხეს გადაეცა 2015 წლის 09 იანვარს. ამდენად, 2015 წლის 09 იანვრამდე ადგილი ქონდა მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სამუშაოების მიღების აუცილებელ პირობას წარმოადგენდა ექსპერტიზის მიერ სამუშაოების ხარისხის შესაბამისობის დადგენა 2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულებასთან. მოსარჩელის მიერ დათქმულ ვადებში სამუშაოების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ექსპერტიზის ჩატარების ვადა არ გამოიწვევდა მოსარჩელის ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებას, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მოსარჩელის მიერ ვადაგადაცილებით და არაჯეროვნად იქნა შესრულებული სამუშაო.

 

რაც შეეხება აპელანტის მითითებას ფორს-მაჟორული გარემოებებეზე, რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გარემოებას მასზედ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ფორს-მაჟორული გარემოების არსებობით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის. მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რომელსაც სადავოდ ხდის მეორე მხარე და, ამასთან, არ დასტურდება კანონმდებლობით გათვალისწინებული და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებით, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევას.

 

4.5. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ ,,ჰ--------------------------------------–------------------–---------------------ს" მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 1 437 164,24 აშშ დოლარი (ტ.1, ს.ფ. 132,133; 18.09.2017წ. სხდომის ოქმი). უდავოა, რომ სს ,,ნ--------" მიერ ანაზღაურებული იქნა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ნაწილი 981 573,31 აშშ დოლარი (18.09.2017წ. სხდომის ოქმი).

 

4.6. უდავოდაა დადგენილი და სააპელაციო საჩივრით სადავო არ გამხდარა, რომ სს ,,ნ--------" მიერ გაწეული იქნა ექსპერტიზის ჩატარების ხარჯი 30 196 აშშ დოლარის ოდენობით (18.09.2017წ. სხდომის ოქმი).

 

4.7. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას მასზედ, რომ 27.07.2012წ. ხელშეკრულების ღირებულების განსაზღვრა უნდა მოხდეს 1 437 164, აშშ დოლარით, ანუ იმ ოდენობით, რა ოდენობის სამუშაოებიც ფაქტობრივად შეასრულა მოსარჩელემ და არა ხელშეკრულებაში მოცემული ჩანაწერით. პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ მსჯელობას მასზედ, რომ ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 4 253 949 აშშ დოლარს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობების 6.2. ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, უცხოურ ვალუტაში საერთო თანხა შეადგენს 4 253 949 აშშ დოლარს, მათ შორის 18% უკუდაბეგვრის დღგ-ს. კონსულტანტმა უნდა მიიღოს მის საბანკო ანგარიშზე გადასახადებისგან გათავისუფლებული (სუფთა) თანხა 3 605 041,53 აშშ დოლარის ოდენობით.

 

ძირითადი პირობების 1.1. ,,ე" ქვეპუნქტის მიხედვით, სახელშეკრულებო ღირებულება ნიშნავს გაწეული მომსახურებისთვის გადასახდელ საფასურს, რომელიც განსაზღვრულია მე-6 მუხლში. ამავე პირობების 1.8. პუნქტის თანახმად, კონსულტანტი, ქვე-კონსულტანტი და მათი პერსონალი ვალდებულნი არიან გადაიხადონ განსაკუთრებულ პირობებში მითითებული კანონმდებლობის თნახმად დარიცხული არაპირდაპირი გადასახადები, მოსაკრებლები და ხარჯები, რომელთა მოცულობა შეტანილია სახელშეკრულებო ღირებულებაში.

ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობების 1.8. პუნქტის თანახმად, განსაკუთრებულ პირობებში განსაზღვრული მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირდაპირ გადასახადებს, მოსაკრებლებს, საფასურებს და სხვა დანარიცხებს შორის ერთ-ერთი არის უკუდაბეგვრის დღგ, რომელიც გათვალისწინებულია სახელშეკრულებო ღირებულებაში, ამოიქვითება კლიენტის მიერ სახელშეკრულებო ღირებულებიდან და ჩაირიცხება საქართველოს საგადასახადო ორგანოების ანგარიშზე.

 

2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულების ძირითადი პირობების 6.1. პუნქტის მიხედვით, კონსულტანტისთვის გადასახდელმა ჯამურმა თანხამ არ უნდა გადააჭარბოს სახელშეკრულებო ღირებულებას, რომელიც წარმოადგენს საერთო ფიქსირებულ ღირებულებას დანართ ,,A"-ში აღწერილი მომსახურების გასაწევად საჭირო ყველა ხარჯის გათვალისწინებით.

 

ამდენად, 2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულების როგორც ძირითადი, ასევე განსაკუთრებული პირობების თანახმად, მხარეთა მიერ განსაზღვრული ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 4 253 949 აშშ დოლარს.

 

4.8. მოპასუხე მხარის უარი შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებაზე ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების გამო მოსარჩელეს დაერიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 425 395 აშშ დოლარი, ასევე მოსარჩელისთვის გადასახდელი თანხიდან გაქვითული იქნა ექსპერტიზის ჩატარების ხარჯი 30 196 აშშ დოლარის ოდენობით. ამასთან, მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ საბოლოო ანგარიშსწორებისას მოსარჩელისთვის გადასახდელ თანხას უნდა გამოკლებოდა ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისთვის დარიცხული პირგასამტეხლო, ასევე ექსპერტიზის ჩატარების ხარჯი.

 

ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობების 6.4. პუნქტის თანახმად, საბოლოო გადახდის თანხა შემცირდება დაგვიანებით მიწოდების შემთხვევაში საერთო ფიქსირებული ღირებულების 0,1%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, იმ პირობით, რომ ჯარიმის ჯამური თანხა არ აჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 10%-ს.

 

ვინაიდან დადგენილია, რომ 2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 4 253 949 აშშ დოლარს, დგინდება, რომ პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 4 253 949 აშშ დოლარის 10%-ს - 425 394 აშშ დოლარს.

 

მოსარჩელე სადავოდ ხდის შეთანხმებული პირგასამტეხლოს გონივრულობას და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო, როგორც შუესაბამოდ მაღალი, უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე - 71 858,21 აშშ დოლარამდე. ამდენად, მოსარჩელის მითითებით, მის მიერ მისაღებ თანხას უნდა გამოაკლდეს ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების გამო დარიცხული გონივრული ოდენობის პირგასამტეხლო - 71 858,21 აშშ დოლარი, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტისთვის გადახდილი მომსახურების ღირებულება და დანარჩენი თანხის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას დაკრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევიპირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალიგამოვლენის გზით მიღწული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი). სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველყოფელი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ..

 

პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ თუ ეკონომიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია, თავად მეწარმეა და ა.შ, ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც, შეუსაბამოდ მაღალი, მხარეთა ნამდვილ ნებას შეესაბამება და შემცირებას არ ექვემდებარება. განსახილველ შემთხვევაში, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე, რომელიც მეწარმე სუბიექტია, დამაჯერებლად ვერ ასაბუთებს, თუ რატომ არის შეუსაბამოდ მაღალი შეთანხმებული პირგასამტეხლო. ის არ მიუთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც სასამართლოს დაარწმუნებდა სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენების აუცილებლობაში. პალატის მოსაზრებით, მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე თანხმდება პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, შემდგომში მოკლებულია შესაძლებლობას, სათანადო არგუმენტაციის არ არსებობის პირობებში მოითხოვოს პირგასამტეხლოს შემცირება (პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული მსუჯელობა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკასთან, იხ.: სუსგ Nას1451-1371-2017 13.11.2018წ.).

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ მსჯელობას მასზედ, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მნიშვნელოვნად იქნა გადაცილებული სამუშაოების დასრულების ვადები, კერძოდ, 2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულების პირველი ფაზით გათვალისწინებული სამუშაო შესრულებული იქნა 751 დღის დაგვაინებით, ხოლო მეორე ფაზის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაო - 610 დღის დაგვაინებით. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც იქნა აღნიშნული და არც სააპელაციო საჩივრით გამხდარა სადავო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო წარმოადგენდა ჰ---------–-------------------- მშენებლობისთვის მოსამზადებელ ეტაპს. შესაბამისად, მასზე იყო დამოკიდებული ჰ---------–------------------- მშენებლობა. ზემოთმითითებული გარემოებების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი. მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის გადასახდელ თანხას (455 590,93 აშშ დოლარი) უნდა გამოაკლდეს დარიცხული პირგასამტეხლო 425 395 აშშ დოლარი და ექსპერტიზის ჩატარების ხარჯი - 30 196 აშშ დოლარი, სულ 455 591 აშშ დოლარი. ამდენად, დასაბუთებულია სასამართლოს დასკვნა სარჩელის უსაფუძვლობის თაობაზე.

 

არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ,,ჰ-----------------------------------------–--------------------–----------------------“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.10.2017წ. გადაწყვეტილება.

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ოთარ სიჭინავა

 

მოსამართლეები ამირან ძაბუნიძე

 

გელა ქირია