განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.11.2018
საქმის ნომერი
330310018002704327
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
05.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310018002704327

საქმე №3ბ/2985-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

5 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე- თამარ ონიანი

მოსამართლეები - მანანა ჩოხელი

გიორგი ტყავაძე

 

სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

წარმომადგენლები - მ---------------–---–--------------------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - №7 ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისია

წარმომადგენლები - თ------------–--–---–------------------

 

მესამე პირები - მ-------------–-–---–ი, ქ------------–---–-----–--

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

1.2.1. №07 ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის №5 საარჩევნო უბანზე, ფარული კენჭისყრის კაბინიდან გამოსულმა ამომრჩეველმა გადასატან საარჩევნო ყუთში ბიულეტენი კონვერტის გარეშე ჩააგდო. მითითებულ დროს საარჩევნო ყუთის ზედამხედველს წარმოადგენდა ქ------------–---–-----–--, რომელმაც №07 ჩუღურეთის საარჩევნო საოლქო კომისიის თავმჯდომარის სახელზე დაწერა ახსნა-განმარტება.

 

ქ------------–---–-----–--ს ახსნა-განმარტების თანახმად, იგი ასრულებდა საარჩევნო ყუთის ზედამხედველის ფუნქციას, როდესაც ფარული კენჭისყრის კაბინიდან სწრაფი ნაბიჯით გამოსულმა ამომრჩეველმა ბიულეტენი ჩააგდო გადასატან საარჩევნო ყუთში. ეს იმდენად სწრაფად მოხდა, რომ რეაგირება ვერ მოასწრო.

 

№07 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის №5 საუბნო საარჩევნო კომისიამ 08:15 საათზე შეადგინა აქტი, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველმა ბიულეტენი კონვერტის გარეშე შეცდომით, სწრაფად ჩააგდო გადასატან საარჩევნო ყუთში.

 

ა(ა)იპ ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’ დამკვირვებელმა ა----------–---–მა ამომრჩევლის მიერ ყუთში ბიულეტენის კონვერტის გარეშე ჩაგდებასთან დაკავშირებით განცხადება/საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიაში წარადგინა 08:20 წუთზე. დამკვირვებლის განმარტებით, ამომრჩეველმა ფარული კენჭისყრის კაბინიდან გამოსვლისას იკითხა, თუ სად წაეღო ბიულეტენი, რაზეც ყუთის მეთვალყურემ - ქ------------–---–-----–--მ უპასუხა: „ყუთში ჩააგდეთ“. ამომრჩეველმა ბიულეტენი კონვერტის გარეშე ჩააგდო გადასატან საარჩევნო ყუთში.

 

ა(ა)იპ ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’ დამკვირვებლის - ა----------–---–ის განცხადება/საჩივარი დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში. დაფიქსირებული განცხადება/საჩივრის გვერდით, შესაბამის გრაფაში აღინიშნა, რომ საუბნო კომისიის თავმჯდომარემ დარღვევაზე რეაგირება მოახდინა 08:15 სთ-ზე, აღმოიფხვრა დარღვევა. ხოლო ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის მიერ საჩივარი დაიწერა 08:20 სთ-ზე.

 

1.2.2. ა(ა)იპ ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’ დამკვირვებელმა - მ---------------–---–მა ინდივიდუალურად, ასევე, ამავე ასოციაციის დამკვირვებლებმა -მ---------------–---–მა და მ---------------ემ ერთობლივი განცხადება/საჩივრით მიმართეს №07 ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიას. მ---------------–---–ის განცხადება/საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება დამრღვევი პირების - №5 საუბნო კომისიის თავმჯდომარის - მ-------------–-–---–ისა და ყუთის ზედამხედველის - ქ------------–---–-----–--ს მიმართ, ხოლო ერთობლივი განცხადება/საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება №07 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის №5 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის - მ-------------–-–---–ის მიმართ.

 

საჩივრის ავტორთა განმარტებით, დარღვევა დაფიქსირდა №5 საარჩევნო უბანზე 08:20 საათზე, კერძოდ, ამომრჩეველმა იკითხა, თუ სად წაეღო ბიულეტენი, რაზეც საარჩევნო ყუთის მეთვალყურემ უპასუხა: „ყუთში ჩატენეთ“. ამის შემდეგ, ამომრჩეველმა კონვერტის გარეშე ჩააგდო ბიულეტენი გადასატან საარჩევნო ყუთში. ა(ა)იპ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებელმა - ა----------–---–მა დაწერა საჩივარი და მოითხოვა შესაბამისი რეაგირება, თუმცა თავმჯდომარემ არაფერი მოიმოქმედა.

 

საჩივრის ავტორებმა განმარტეს, რომ აღნიშნულ ფაქტს მოგვიანებით მოჰყვა თავმჯდომარის კომენტარები, კერძოდ, დაახლოებით, 1 საათის შემდეგ მან შეანჯღრია გადასატანი ყუთი და დაინახა ბიულეტენზე შემოხაზული კანდიდატი. თავმჯდომარემ ხმამაღლა განაცხადა შემოხაზული ნომერი, კანდიდატის ვინაობა, კომისიის წევრს სიაში მოაძებნინა ის ამომრჩეველი, ვინც შეცდომით ჩააგდო ბიულეტენი და აღნიშნა: ,,სავარაუდოდ, ამომრჩეველმა ვერ მოასწრო დილით დაბოლება, შეიძლება გარეთ ტარიანი ელოდება საჩუქრად და მაგიტომ ეჩქარება. არც ვნერვიულობ, ეგ კი იყო გასაბათილებელი, ეგ რა საპრეზიდენტო კაცია“. საჩივრის შედგენის პარალელურად, თავმჯდომარე აგრძელებდა აგიტაციას კონკრეტული სუბიექტის საწინააღმდეგოდ და ასევე, სხვადასხვა თავისუფალ ვერსიას გამოთქვამდა, თუ რატომ ჩააგდო ამომრჩეველმა შეცდომით სხვა ყუთში ბიულეტენი. შესაბამისად, საჩივრის ავტორებმა მიიჩნიეს, რომ აღნიშნულით საუბნო კომისიის თავმჯდომარემ დაარღვია არჩევნების კენჭისყრის ფარულობის პრინციპი, ასევე ეწეოდა აგიტაციას, რითაც დაარღვია კანონმდებლობა.

 

1.2.3. №07 ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ 2018 წლის 30 ოქტომბერს განიხილა ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებლის - მ---------------–---–ის №07-10/354, ასევე, ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებლების - მ---------------–---–ისა და მ---------------ის №07-10/356 საჩივრები. ოქმში დაფიქსირდა, რომ საჩივრის მოთხოვნა არის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება თავმჯდომარის მიმართ; საქმისწარმოების მასალების შესწავლისას არ დადასტურდა თავმჯდომარის მხრიდან აგიტაციის ფაქტი. ფარულობის პრინციპის სავარაუდო დარღვევა კი გამოწვეული იყო ამომრჩევლის მიერ გადასატან საარჩევნო ყუთში ბიულეტენის კონვერტის გარეშე ჩაგდებით, რომელშიც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ბრალი არ მიუძღვის. ამასთან დაკავშირებით, ძირითადი საარჩევნო ყუთის ზედამხედველმა კომისიის წევრმა - ქ------------–---–მა დაწერა ახსნა-განმარტება, რომლის თანახმადაც, ამ ფაქტის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო ამომრჩევლის სწრაფი მოქმედებებიდან გამომდინარე.

 

1.2.4. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით №07 ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღო იდენტური შინაარსის განკარგულებები №3------, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებლის მ---------------–---–ის №07-10/354 საჩივარი, ასევე, ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებლების - მ---------------–---–ისა და მ---------------ის №07-10/356 საჩივარი.

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქალაქო სასამართლომ განმარტა შემდეგი:

 

1.3.1. საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს.

 

ამავე კოდექსის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან და იქმნება ამ კანონის შესაბამისად. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილება და შექმნის წესი განისაზღვრება ამ კანონით. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება: ა) ცესკოსა და მისი აპარატისგან; ბ) უსკოსა და მისი აპარატისგან; გ) საოლქო საარჩევნო კომისიებისგან; დ) საუბნო საარჩევნო კომისიებისგან.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და შესაბამისი კომისიის რეგლამენტით, რომელსაც დადგენილებით იღებს ცესკო.

 

ამავე მუხლის მე-16 პუნქტით დადგენილია, რომ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ: ა) ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს; ბ) ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს; გ) შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს; დ) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესაბამის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ წარმომადგენლებს; ე)დამკვირვებლებს.

 

დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გატარდა და ყველა დონის შესაბამის საარჩევნო კომისიაში დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლის – ადგილობრივი დამკვირვებლის − მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს ერთი დამკვირვებლისა.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 41-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს დამკვირვებლის უფლებებს, კერძოდ, პირველი პუნქტის თანახმად, დამკვირვებელს უფლება აქვს: ბ) კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან; ე) დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემას და მათ დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელის შეუშლელად; ე1) დააკვირდეს კენჭისყრის დღეს საჩივრების რეგისტრაციის პროცესს; კ) განცხადებით (საჩივრით) მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლითაც კონკრეტული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოითხოვს რეაგირებას; მ) გაასაჩივროს საარჩევნო კომისიის ქმედება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ნ) დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას.

 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დროებითი ტერიტორიული ორგანო, რომელიც იქმნება ამ კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრული სუბიექტებისაგან, ცესკოსა და ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნული/არჩეული პირებისაგან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად: ა) საუბნო საარჩევნო კომისია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას, კენჭისყრის დროს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დაცვას, ამომრჩეველთა, წარმომადგენელთა და დამკვირვებელთა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გარანტირებული უფლებების გამოყენებასა და დაცვას; თ) კენჭისყრის დღეს განიხილავს საარჩევნო პროცესთან და კენჭისყრის მომზადებასთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას; ი) უზრუნველყოფს ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებების უპირობო განხორციელებას კენჭისყრის დღეს და ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მათიდაცვისთვის.

 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 7 საათზე. საარჩევნო უბნის გახსნისთანავე იხსნება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი.

 

კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებლად ტარდება წილისყრა, რომლითაც შეირჩევა საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი. ამასთან, წილისყრის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე ჩაწერს წილისყრით ფუნქციათა განაწილების შედეგებს.

 

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ მე-8 მუხლის თანახმად, საარჩევნო კომისია საარჩევნო დოკუმენტაციის მიღებას, გაცემასა და რეგისტრაციას ახორციელებს სამუშაო დღის 18 საათამდე, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. განცხადების/საჩივრის მიღებისას საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალსა და განმცხადებლისთვის/მომჩივნისთვის გადაცემულ ცნობაში აღინიშნება მისი მიღების თარიღი და დრო. კომისია განიხილავს განცხადებას/საჩივარს და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. საარჩევნო კომისიისგან რაიმე საბუთის მიღებას განმცხადებელი ადასტურებს სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით. მითითებული კოდექსის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცესი და კენჭისყრის მიმდინარეობის თაობაზე პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები აისახება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში (შემდგომ – ჩანაწერთა წიგნი). ამავე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი უფლებამოსილია კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებული პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები ასახოს ჩანაწერთა წიგნში (ამისათვის გამოიყენება ჩანაწერთა წიგნის მე-10 და მომდევნო გვერდები), მიუთითოს მოწმეები (მათი არსებობის შემთხვევაში). ჩანაწერის შემტანი პირი ვალდებულია ჩანაწერთა წიგნში მიუთითოს თავისი გვარი, სახელი და მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით. არავის არა აქვს უფლება, ხელი შეუშალოს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე რომელიმე პირს, ჩანაწერი შეიტანოს ჩანაწერთა წიგნში. ჩანაწერთა წიგნი კენჭისყრის შედეგების შეჯამების შემდეგ იხურება, მას ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი და იგი მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით. ჩანაწერთა წიგნი შემოსულ განცხადებებთან/საჩივრებთან ერთად ილუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმთან/ოქმებთან და ამ კანონის 67-ე მუხლის 51 პუნქტში აღნიშნულ დალუქულ დოკუმენტებთან ერთად გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.

 

დადგენილია, რომ №07 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის №5 საარჩევნო უბანზე, ფარული კენჭისყრის კაბინიდან გამოსულმა ამომრჩეველმა გადასატან საარჩევნო ყუთში ბიულეტენი კონვერტის გარეშე ჩააგდო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ა(ა)იპ ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’ დამკვირვებელმა - ა----------–---–მა განცხადება/საჩივარი შეადგინა 08:20 საათზე. დამკვირვებლის განმარტების თანახმად, ამომრჩეველმა კაბინიდან გამოსვლისას იკითხა, თუ სად წაეღო ბიულეტენი, რაზეც საარჩევნო ყუთის მეთვალყურემ ქ------------–---–-----–--მ უპასუხა: „ყუთში ჩააგდეთ“. ამომრჩეველმა კონვერტის გარეშე ჩააგდო ბიულეტენი გადასატან საარჩევნო ყუთში. შესაბამისად, საარჩევნო ყუთის მეთვალყურემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულებები, ამომრჩეველი დატოვა ყურადღების გარეშე.

 

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ამომრჩევლის მიერ გადასატან საარჩევნო ყუთში ბიულეტენის კონვერტის გარეშე ჩაგდების ფაქტზე ქ------------–---–-----–--მ დაწერა ახსნა-განმარტება, რომლის თანახმადაც, დარღვევის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო ამომრჩევლის სწრაფი მოქმედებებიდან გამომდინარე.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსზე“, რომლის 72-ე მუხლი აწესრიგებს კენჭისყრის დღეს განცხადების/საჩივრის შედგენისა და მისი წარდგენის წესს, კერძოდ, პირველი პუნქტის თანახმად, განცხადება/საჩივარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს ან კომისიის მდივანს. კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს განცხადებას/საჩივარს ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს/მომჩივანს გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები კი ადგენს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს, აღნიშნული დარღვევა დაუყოვნებლივ გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. თუ განცხადებაში/საჩივარში მითითებული დარღვევა აღმოიფხვრება, ჩანაწერთა წიგნში კეთდება ჩანაწერი „დარღვევა აღმოფხვრილია“ და მიეთითება ზუსტი დრო.

 

დადგენილია, რომ გარდა საარჩევნო ყუთის ზედამხედველის ახსნა-განმარტებისა, საუბნო საარჩევნო კომისიამ 08:15 საათზე შეადგინა აქტი, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველმა ბიულეტენი კონვერტის გარეშე შეცდომით, მოულოდნელად ჩააგდო გადასატან ყუთში. ასევე დადგენილია, რომ ამომრჩევლის მიერ, საარჩევნო ყუთში ბიულეტენის კონვერტის გარეშე ჩაგდებასთან დაკავშირებით ა(ა)იპ ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’ დამკვირვებელმა ა----------–---–მა განცხადება/საჩივარი შეადგინა 08:20 საათზე. იგი დარეგისტრირდა ჩანაწერთა წიგნში, კერძოდ, ჩანაწერთა წიგნში ერთ-ერთ გრაფაში დაფიქსირდა განცხადება/საჩივარი და მის გვერდით, შესაბამის გრაფაში აღინიშნა, რომ კომისიის თავმჯდომარემ დარღვევაზე რეაგირება მოახდინა 08:15 სთ-ზე, აღმოიფხვრა დარღვევა, ხოლო ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელის მიერ საჩივარი დაიწერა 08:20 საათზე.

 

ზემოაღნიშნულზე მითითებით სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის განმარტება, რომ ამომრჩევლის მიერ გადასატან საარჩევნო ყუთში შეცდომით, კონვერტის გარეშე ბიულეტენის ჩაგდების ფაქტი კომისიამ რეაგირების გარეშე დატოვა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ბიულეტენის ჩაგდება მოხდა გადასატან საარჩევნო ყუთში, ხოლო ქ------------–---–-----–-- იმყოფებოდა ძირითად საარჩევნო ყუთთან (საარჩევნო ყუთის ზედამხედველი). აღნიშნული გარემოება დაადასტურეს სასამართლო პროცესზე გამოცხადებულმა პირებმა. სასამართლომ, საქმეში არსებული მასალების, მათ შორის, მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასებაზე მითითებით არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოსაზრება საარჩევნო ყუთის ზედამხედველის - ქ------------–---–-----–--ს მიერ დაკისრებული ფუნქციის არაჯეროვნად შესრულებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, მოსარჩელე მხარე ვერ მიუთითებდა, გარდა შესაბამისი აქტის შედგენისა, თუ რა სახის რეაგირება უნდა მოეხდინა თავმჯდომარეს/კომისიას სადავო ფაქტთან დაკავშირებით.

 

1.3.2. დადგენილია, რომ ა(ა)იპ ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’ დამკვირვებლებმა: მ---------------–---–მა და მ---------------ემ ერთობლივი განცხადება/საჩივრით მიმართეს №07 ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიას, მითითებული ოლქის №5 საუბნო კომისიის თავმჯდომარის მ-------------–-–---–ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით. საჩივრის ავტორთა განმატებით, ამომრჩევლის მიერ გადასატან ყუთში კონვერტის გარეშე ბიულეტენის ჩაგდების ფაქტს მოგვიანებით მოჰყვა თავმჯდომარის კომენტარები, კერძოდ, დაახლოებით 1 საათის შემდეგ, მან შეანჯღრია გადასატანი ყუთი და დაინახა ბიულეტენზე შემოხაზული კანდიდატი. თავმჯდომარემ ხმამაღლა განაცხადა შემოხაზული ნომერი, კანდიდატის ვინაობა, კომისიის წევრს სიაში მოაძებნინა ის ამომრჩეველი, ვინც შეცდომით ჩააგდო ბიულეტენი და აღნიშნა: ,,სავარაუდოდ, ამომრჩეველმა დილით ვერ მოასწრო დაბოლება, შეიძლება გარეთ ტარიანი ელოდება საჩუქრად და მაგიტომ იჩქარა“. არც ვნერვიულობ, ეგ კი იყო გასაბათილებელი, ეგ რა საპრეზიდენტო კაცია“. საჩივრის შედგენის პარალელურად, თავმჯდომარე აგრძელებდა აგიტაციას კონკრეტული სუბიექტის საწინააღმდეგოდ და ასევე, სხვადასხვა თავისუფალ ვერსიას გამოთქვამდა, თუ რატომ ჩააგდო ამომრჩეველმა შეცდომით სხვა ყუთში ბიულეტენი. შესაბამისად, საჩივრის ავტორებმა მიიჩნიეს, რომ აღნიშნულით საუბნო კომისიის თავმჯდომარემ დაარღვია არჩევნების კენჭისყრის ფარულობის პრინციპი და ასევე, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა აგიტაციას კონკრეტული კანდიდატის საწინააღმდეგოდ.

 

სასამართლომ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 62-ე მუხლის საფუძველზე, მიუთითა, რომ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირის მიერ დარღვევის დაფიქსირების (აღმოჩენის) შემთხვევაში, იგი ვალდებულია შეადგინოს განცხადება/საჩივარი და წარადგინოს საუბნო საარჩევნო კომისიაში, რომელიც ამ უკანასკნელს დაარეგისტრირებს ჩანაწერთა წიგნში. №07 ჩუღურეთის ოლქის №5 საუბნო სარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ და მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ ჩანაწერთა წიგნში მსგავს ფაქტთან დაკავშირებით განცხადება/საჩივარი არ იყო რეგისტრირებული, კერძოდ, მითითებული საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის დღეს აგიტაციის ჩატარებასა ან/და კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადება/საჩივარი არ ფიქსირდებოდა. საქმეში არსებული მასალების თანახმად, მითითებულ შესაძლო დარღვევებზე საჩივარი წარდგენილ იქნა №07 ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 72-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს საჩივრის წარდგენის წესს და მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევს საჩივრის ავტორს შესაძლებლობას დარღვევა დაუყოვნებლივ გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ აღმოფხვრის დარღვევას ან სხვაგვარი ფორმით უარს განაცხადებს განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მხარეს მისი წარმომადგენლების - მ---------------–---–ისა და მ---------------ის ერთობლივ განცხადება/საჩივარში მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით №5 საუბნო საარჩევნო კომისიისათვის არ მიუმართავს, სასამართლო მოკლებული იყო შეფასების შესაძლებლობას, ჰქონდა თუ არა ამ ფაქტებს ადგილი, წარმოადგენდა თუ არა ეს დარღვევას და ასეთი დარღვევის არსებობის შემთხვევაში, უნდა დაკისრებოდა თუ დისციპლინური პასუხისმგებლობა №5 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. საქმეში არსებული სხვა მასალებით, მათ შორის, სასამართლო სხდომაზე მხარეთა ახსნა-განმარტებებით კი აღნიშნული დარღვევის არსებობა ვერ დადასტურდა.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის №ბს-1635-1589(კ-08) გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან გამომდინარე წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიულიფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათაშეფარდება.“ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქოსაპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებისას, მხარემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. სამოქალაქოსაპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ გარდა ახსნა-განმარტებისა, ვერ წარმოადგინა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ რეალურად განხორციელდა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დარღვევა და საარჩევნო სუბიექტის საწინააღმდეგო აგიტაცია. მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობა იმპერატიულად ადგენს ყველა განცხადება/საჩივრის ჩანაწერთა წიგნში რეგისტრაციის ფაქტს, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება დარღვევის არსებობასთან დაკავშირებით. სასამართლომ მიუთითა, რომ, მართალია, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჩივრებთან დაკავშირებით მიღებულია ერთი და იგივე თარიღითა და ნომრით ორი გადაწყვეტილება, მაგრამ ისინი წარმოადგენენ მსგავსი შინაარსის მქონე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული არ წარმოადგენს იმ სახის დარღვევას, რომელიც შეიძლება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდეს.

 

1.3.3. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ანუკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული №07 ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ოქტომბრის №3------ განკარგულებები გამოცემულია კანონის დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 72-ე მუხლის მესამე და მეოთხე პუნქტები, რომელთა თანახმადაც, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს, აღნიშნული დარღვევა დაუყოვნებლივ გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. თუ განცხადებაში/საჩივარში მითითებული დარღვევა აღმოიფხვრება, ჩანაწერთა წიგნში კეთდება ჩანაწერი „დარღვევა აღმოფხვრილია“ და მიეთითება ზუსტი დრო. აპელანტი მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვევის აღმოფხვრა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ამომრჩევლის მიერ ვერ განხორციელდა ხმის მიცემა, ვინაიდან კონვერტის გარეშე საარჩევნო ყუთში მოთავსებული ბიულეტენი ბათილია. აქედან გამომდინარე, ჩანაწერთა წიგნში მითითება იმისა, რომ „დარღვევა აღმოფხვრილია“, მხოლოდ ფორმალურად განხორციელდა. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა შეეფასებინა, რეალურად მოხდა თუ არა დარღვევის აღმოფხვრა, ვინაიდან აქტის შედგენა არ ცვლის ამომრჩევლის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვის ფაქტს.

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, ყუთის ზედამხედველმა ახსნა-განმარტებისას განაცხადა, რომ გადასატან ყუთთან ახლოს იმყოფებოდა. თავმჯდომარემ კი აღნიშნა, რომ აპირებდა გადასატან ყუთზე ჭრილის დაფარვას, რომ გაესაუბრა სხვა დამკვირვებელი და ბიულეტენის ჩაგდების ფაქტიც სწორედ ამ პერიოდში მოხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს შეფასება, რომ ყუთის მეთვალყურის მხრიდან ფუნქციის არაჯეროვან შესრულებას ადგილი არ ჰქონია, არასწორია, ვინაიდან სახეზეა საარჩევნო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება.

 

აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს განმარტებას, რომ „მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს ჰქონდა თუ არა ფარულობის დარღვევისა და აგიტაციის ფაქტებს ადგილი.“ სასამართლომ მიუთითა ორ არგუმენტზე: 1. არ არის დაფიქსირებული საჩივარი უბანზე; 2. საქმეში არსებული სხვა მასალებით, მათ შორის, სასამართლო სხდომაზე მხარეთა ახსნა-განმარტებით, აღნიშნული დარღვევის არსებობა ვერ იქნა დადასტურებული. აპელანტი მიიჩნევს, რომ უკანასკნელი განმარტება გულისხმობს, რომ სასამართლომ უკვე შეაფასა დარღვევის ფაქტის არსებობა, თუმცა სათანადო დასაბუთებას გადაწყვეტილება არ შეიცავს. აპელანტი მიუთითებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებით - N5 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახსნა-განმარტებითა და უბანზე შედგენილი აქტით ცალსახად დასტურდება ფარულობის დარღვევისა და აგიტაციის ფაქტი. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ საჩივარი არ იქნა უბანზე დაფიქსირებული, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განხილული იქნა ასოციაციის საჩივარი და მიღებული იქნა შესაბამისი განკარგულებები. თუკი სასამართლო მიიჩნევდა, რომ საოლქო კომისიას არ უნდა განეხილა საჩივარი იმ მიზეზით, რომ ამ ფაქტზე საჩივარი არ იყო საუბნო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად, 2018 წლის 30 სექტემბრის N3------ განკარგულებები სასამართლოს ბათილად უნდა ეცნო.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ სადავო გადაწყვეტილებაში არასწორად არის განმარტებული საარჩევნო კოდექსის ნორმები, ამასთან, არ არის შეფასებული ფაქტობრივი გარემოებები საარჩევნო კანონმდებლობასთან მიმართებით. შესაბამისად, აპელანტი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვს, რომლითაც დაკმაყოფილდება ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმეში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

4.1.1. დადგენილია, რომ 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები.

 

4.1.2. დადგენილია, რომ №07 ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის №5 საარჩევნო უბანზე ფარული კენჭისყრის კაბინიდან გამოსულმა ამომრჩეველმა გადასატან საარჩევნო ყუთში ბიულეტენი კონვერტის გარეშე ჩააგდო.

 

მითითებულ დროს საარჩევნო ყუთის ზედამხედველს წარმოადგენდა ქ------------–---–ი- მ--–--.

 

4.1.3. №07 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის №5 საუბნო საარჩევნო კომისიამ 2018 წლის 28 ოქტომბერს, 08:15 საათზე შეადგინა აქტი, რომლის მიხედვით, ამომრჩეველმა ბიულეტენი კონვერტის გარეშე შეცდომით, უეცრად ჩააგდო გადასატან საარჩევნო ყუთში. (ს.ფ. 80).

 

4.1.4. ა(ა)იპ ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’ დამკვირვებელმა ა----------–---–მა ამომრჩევლის მიერ ყუთში ბიულეტენის კონვერტის გარეშე ჩაგდებასთან დაკავშირებით განცხადება/საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიაში 2018 წლის 28 ოქტომბერს, 08:20 საათზე წარადგინა. დამკვირვებლის განმარტებით, ამომრჩეველმა ფარული კენჭისყრის კაბინიდან გამოსვლისას იკითხა, თუ სად წაეღო ბიულეტენი, რაზეც ყუთის მეთვალყურემ - ქ------------–---–ი - მ--–--მ უპასუხა: „ყუთში ჩააგდეთ“. ამომრჩეველმა ბიულეტენი კონვერტის გარეშე ჩააგდო გადასატან საარჩევნო ყუთში. (ს.ფ. 79).

 

4.1.5. ა(ა)იპ ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’ დამკვირვებლის - ა----------–---–ის განცხადება/საჩივარი დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში. დაფიქსირებული განცხადების/საჩივრის გვერდით, შესაბამის გრაფაში აღინიშნა, რომ საუბნო კომისიის თავმჯდომარემ დარღვევაზე რეაგირება მოახდინა 08:15 სთ-ზე, აღმოიფხვრა დარღვევა. ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის მიერ საჩივარი დაიწერა 08:20 სთ-ზე. (ს.ფ. 81-82).

 

4.1.6. 2018 წლის 28 ოქტომბერს, 09:25 საათზე ა(ა)იპ ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’ დამკვირვებელმა - მ---------------–---–მა საჩივრით მიმართა №07 ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიას. საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება დამრღვევი პირების - №5 საუბნო კომისიის თავმჯდომარის - მ-------------–-–---–ისა და ყუთის ზედამხედველის - ქ------------–---–-----–--ს მიმართ. საჩივრის შესაბამისად, 08:20 საათზე ჩადენილ იქნა შემდეგი დარღვევა: N5 საუბნო საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველმა გამოსვლისას იკითხა, სად წაეღო ბიულეტენი. ყუთის მეთვალყურემ უთხრა - „ყუთში ჩატენეთო“, რის შემდეგაც ამომრჩეველმა კონვერტის გარეშე ჩააგდო ბიულეტენი გადასატან ყუთში. ამ ფაქტზე ა(ა)იპ ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’ დამკვირვებელმა- ა----------–---–მა დაწერა საჩივარი და მოითხოვა შესაბამისი რეაგირების მოხდენა, თუმცა თავმჯდომარემ არაფერი მოიქმედა. მოწმედ მითითებულია ა----------–---–ი. (ს.ფ. 14).

 

4.1.7. 2018 წლის 28 ოქტომბერს 11:05 საათზე ა(ა)იპ ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’ დამკვირვებლებმა - მ---------------–---–მა და მ---------------ემ ერთობლივი საჩივრით მიმართეს №07 ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიას, რომლითაც №07 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის №5 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის - მ-------------–-–---–ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება მოითხოვეს. საჩივრის შესაბამისად, 10:00 საათზე ჩადენილ იქნა შემდეგი დარღვევა: №5 საარჩევნო უბნის ყუთის მეთვალყურის დაუდევრობის გამო ამომრჩეველმა ბიულეტენი კონვერტის გარეშე მოათავსა გადასატან ყუთში, რაზეც ადგილზე დაიწერა საჩივარი. აღნიშნულს ადგილი ჰქონდა დაახლოებით 08:20 საათზე. აღნიშნულ ფაქტს მოგვიანებით მოჰყვა თავმჯდომარის კომენტარები, კერძოდ, დაახლოებით 1 საათის შემდეგ მან შეანჯღრია გადასატანი ყუთი და დაინახა ბიულეტენზე შემოხაზული კანდიდატი. თავმჯდომარემ ხმამაღლა განაცხადა შემოხაზული ნომერი, კანდიდატის ვინაობა, კომისიის წევრს სიაში მოაძებნინა ის ამომრჩეველი, ვინც შეცდომით ჩააგდო ბიულეტენი და აღნიშნა: „სავარაუდოდ, ამომრჩეველმა ვერ მოასწრო დილით ,,დაბოლება", შეიძლება გარეთ ,,ტარიანი" ელოდება საჩუქრად და მაგიტომ ეჩქარება. არც ვნერვიულობ, ეგ კი იყო გასაბათილებელი, ეგ რა საპრეზიდენტო კაცია“. საჩივრის შედგენის პარალელურად, თავმჯდომარე აგრძელებდა აგიტაციას კონკრეტული სუბიექტის საწინააღმდეგოდ და ასევე, სხვადასხვა თავისუფალ ვერსიას გამოთქვამდა, თუ რატომ ჩააგდო ამომრჩეველმა შეცდომით სხვა ყუთში ბიულეტენი. შესაბამისად, საჩივრის ავტორებმა მიიჩნიეს, რომ აღნიშნულით საუბნო კომისიის თავმჯდომარემ დაარღვია არჩევნების კენჭისყრის ფარულობის პრინციპი, ასევე ეწეოდა აგიტაციას, რითაც დაარღვია კანონმდებლობა. მოწმედ მითითებულია ა----------–---–ი. (ს.ფ. 15).

 

4.1.8. მ---------------ისა და მ---------------–---–ის ერთობლივი საჩივრის და მ---------------–---–ის საჩივრის საფუძველზე გამოცემულ იქნა №07 ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ოქტომბრის ორი განკარგულებება ერთი და იმავე ნომრით - №3------. განკარგულებებით წარდგენილი საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

 

2018 წლის 30 ოქტომბრის №3------ განკარგულებების მიხედვით, არ დადასტურდა თავმჯდომარის მხრიდან აგიტაციის ფაქტი. ფარულობის პრინციპის სავრაუდო დარღვევა კი გამოწვეულ იქნა კონვერტის გარეშე ჩაგდებული ბიულეტენის გამო, რომელშიც ბრალეული ქმედება არ მიუძღვის კომისიის თავმჯდომარეს. ამასთან დაკავშირებით ძირითადი ყუთის ზედამხედველმა, კომისიის წევრმა ქ------------–---–მა დაწერა ახსნა-განმარტება, რომ ამ ფაქტის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო ამომრჩევლის სწრაფი მოქმედებებიდან გამომდინარე. (ს.ფ. 16-19)

 

4.1.9. N5 საუბნო კომისიის წევრის ქ------------–---–ის 2018 წლის 30 ოქტომბრის ახსნა-განმარტების შესაბამისად, 28 ოქტომბერს ასრულებდა ყუთის ზედამხედველის ფუნქციას საარჩევნო უბანზე. კაბინიდან გამოვიდა ძალიან სწრაფი ნაბიჯით ამომრჩეველი, რომელმაც გადასატან ყუთში ჩააგდო ბიულეტენი. ქ------------–---–ის განმარტებით, ეს იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ვერ მოასწრო რეაგირება. (ს.ფ. 59).

 

4.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.2.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა სარჩელის დაკმაყოფილება.

 

4.2.2. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს №07 ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ოქტომბრის №3------ განკარგულებების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც ამავე საოლქო საარჩევნო კომისიის №5 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს - მ-------------–-–---–სა და საარჩევნო ყუთის ზედამხედველს - ქ------------–---–-----–--ს დაეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა. შესაბამისად, სასამართლომ უნდა შეაფასოს, ჩაიდინეს თუ არა მ-------------–-–---–მა და ქ------------–---–-----–--მ საარჩევნო სამართალდარღვევა. სამართალდარღვევის საქმის გადაწყვეტა ემყარება საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორად დადგენასა და მტკიცებულებების სწორ შეფასებაზე დაყრდნობით კი ხდება სასამართლოს მიერ ქმედების სწორი კვალიფიკაცია.

 

4.2.3. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს, არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს ადგენს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე დავის განხილვის წესს განსაზღვრავს საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“.

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლის – ადგილობრივი დამკვირვებლის − მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს ერთი დამკვირვებლისა.

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 41-ე მუხლი კი განსაზღვრავს დამკვირვებლის უფლებებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამკვირვებელს უფლება აქვს: განცხადებით (საჩივრით) მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლითაც კონკრეტული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოითხოვს რეაგირებას; („კ“ ქვეპუნქტი); გაასაჩივროს საარჩევნო კომისიის ქმედება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით („მ“ ქვეპუნქტი); დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას („ნ“ ქვეპუნქტი).

 

დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გატარდა და ყველა დონის შესაბამის საარჩევნო კომისიაში დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“. ასოციაციის დამკვირვებელმა - ა----------–---–მა 2018 წლის 28 ოქტომბერს, 08:20 საათზე საუბნო საარჩევნო კომისიაში განცხადება/საჩივარი წარადგინა. დამკვირვებლის განმარტებით, ამომრჩეველმა ფარული კენჭისყრის კაბინიდან გამოსვლისას იკითხა, თუ სად წაეღო ბიულეტენი, რაზეც ყუთის მეთვალყურემ - ქ------------–---–ი - მ--–--მ უპასუხა: „ყუთში ჩააგდეთ“. ამომრჩეველმა ბიულეტენი კონვერტის გარეშე ჩააგდო გადასატან საარჩევნო ყუთში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნილ იქნა შესაბამისი ღონისძიების გატარება ყუთის ზედამხედველის - ქ------------–---–ი - მ--–--ს მიმართ.

 

სადავო არ არის გარემოება, რომ №07 ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის №5 საარჩევნო უბანზე, ფარული კენჭისყრის კაბინიდან გამოსულმა ამომრჩეველმა გადასატან საარჩევნო ყუთში ბიულეტენი კონვერტის გარეშე ჩააგდო. ამასთანავე, მითითებულ დროს საარჩევნო ყუთის ზედამხედველს წარმოადგენდა ქ------------–---–ი - მ--–--.

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დროებითი ტერიტორიული ორგანო, რომელიც იქმნება ამ კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრული სუბიექტებისაგან, ცესკოსა და ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნული/არჩეული პირებისაგან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად: ა) საუბნო საარჩევნო კომისია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას, კენჭისყრის დროს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დაცვას, ამომრჩეველთა, წარმომადგენელთა და დამკვირვებელთა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გარანტირებული უფლებების გამოყენებასა და დაცვას; თ) კენჭისყრის დღეს განიხილავს საარჩევნო პროცესთან და კენჭისყრის მომზადებასთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას; ი) უზრუნველყოფს ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებების უპირობო განხორციელებას კენჭისყრის დღეს და ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მათი დაცვისთვის.

 

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის „ე.გ.“ ქვეპუნქტის მიხედვით, საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელ ერთ-ერთ პროცედურას განეკუთვნება კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებლად მორიგი წილისყრის ჩატარება, რომლითაც შეირჩევა საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი. საარჩევნო კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი კი დადგენილია, რომ საარჩევნო ყუთთან მუდმივად უნდა იმყოფებოდეს საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი. მას დახურული უნდა ჰქონდეს კონვერტის ჩასაგდები ჭრილი, რომელიც უნდა გახსნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში მხოლოდ ერთი კონვერტი აქვს.

 

ზემოთ მითითებული ნორმების შესაბამისად, ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი პირის უშუალო და პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენს დააკვირდეს, რომ ამომრჩეველმა ყუთში ბიულეტენი მოათავსოს შესაბამისი წესით, მათ შორის, კონვერტში ჩადებული და ყუთში ჩააგდოს მხოლოდ ერთი კონვერტი. აღნიშნული მოვალეობის შესასრულებლად კი, საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი მუდმივად უნდა იმყოფებოდეს საარჩევნო ყუთთან. განსახილველ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ ამომრჩეველმა კონვერტის გარეშე მოათავსა ბიულეტენი გადასატან ყუთში და არა შესაბამის სააარჩევნო ყუთში. ამდენად, ერთი მხრივ, ამომრჩეველი არ მისულა შესაბამის ყუთთან, რომელთან მუდმივად ყოფნის ვალდებულებაც ეკისრებოდა ქ------------–---–-----–--ს და რომელ ყუთშიც ბიულეტენის სათანადო წესით მოთავსებაზე კონტროლსაც ახორციელებდა იგი. მეორე მხრივ კი, მართალია, მხარეები არ უარყოფენ, რომ ამომრჩეველმა იკითხა, სად მოეთავსებინა ბიულეტენი, მაგრამ არ დასტურდება, რომ სწორედ ქ------------–---–-----–--მ არასწორად მიუთითა მას ბიულეტენის გადასატან ყუთში ჩაგდებაზე. ამასთანავე, როგორც მოპასუხე და მესამე პირები წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოებისა და სამართალწარმოების ფარგლებში განმარტავენ, ამომრჩევლის ქმედება იყო იმდენად სწრაფი, რომ ვერ მოხერხდა მისი დროული და სწორი ინფორმირება შესაბამის ყუთზე მითითებით. ამდენად, არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ დასტურდება ქ------------–---–-----–--ს ბრალეული ქმედება. კერძოდ, ამომრჩეველი არ მისულა შესაბამის ყუთთან, რომელზე კონტროლსაც ახორციელებდა ქ------------–---–-----–--, ამასთანავე, არ დასტურდება, რომ მან არასწორად მოახდინა ამომრჩევლის ინფორმირება ან რომ ამომრჩევლის მიერ კონვერტის გარეშე ბიულეტების გადასატან ყუთში ჩაგდებამდე კომისიის წევრს ჰქონდა გონივრული დრო და შესაძლებლობა, განემარტა მხარისთვის ბიულეტენის ყუთში ჩაგდების შესაბამისი წესი.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 72-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს, აღნიშნული დარღვევა დაუყოვნებლივ გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. თუ განცხადებაში/საჩივარში მითითებული დარღვევა აღმოიფხვრება, ჩანაწერთა წიგნში კეთდება ჩანაწერი „დარღვევა აღმოფხვრილია“ და მიეთითება ზუსტი დრო.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიამ 08:15 საათზე შეადგინა აქტი, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველმა ბიულეტენი კონვერტის გარეშე შეცდომით, მოულოდნელად ჩააგდო გადასატან ყუთში. ასევე დადგენილია, რომ ამომრჩევლის მიერ, საარჩევნო ყუთში ბიულეტენის კონვერტის გარეშე ჩაგდებასთან დაკავშირებით, ა(ა)იპ ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’ დამკვირვებელმა ა----------–---–მა განცხადება/საჩივარი შეადგინა 08:20 საათზე. იგი დარეგისტრირდა ჩანაწერთა წიგნში, კერძოდ, ჩანაწერთა წიგნში ერთ-ერთ გრაფაში დაფიქსირდა განცხადება/საჩივარი და მის გვერდით, შესაბამის გრაფაში აღინიშნა, რომ კომისიის თავმჯდომარემ დარღვევაზე რეაგირება მოახდინა 08:15 სთ-ზე, აღმოიფხვრა დარღვევა, ხოლო ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელის მიერ საჩივარი დაიწერა 08:20 საათზე. ამდენად, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს, რომ ჯერ კიდევ აპელანტის მიერ საჩივრის წარდგენამდე კომისიამ მოახდინა რეაგირება იმ ფაქტზე, რომ ერთ-ერთ ამომრჩეველმა კონვერტის გარეშე მოათავსა ბიულეტენი ყუთში. მართალია, ხმის მიცემის პროცედურის არასწორად განხორციელების შედეგად ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი, თუმცა აღნიშნული დარღვევა უშუალოდ კომისიის წევრის ბრალეული ან არაჯეროვანი ქმედებით არ იყო გამოწვეული. შესაბამისად, დარღვევაზე განხორციელდა შესაძლებლობის ფარგლებში გონივრული და დროული რეაგირება და იმავდროულად აღმოიფხვრა იმგვარად, რომ კანონით დაცული წესით იქნა ბიულეტენი ბათილად ცნობილი და არ აისახა არჩევნების საბოლოო შედეგზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქ------------–---–ის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა, ვინაიდან არ დასტურდება მის მიერ საარჩევნო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაცდომის ჩადების ფაქტი - სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.

 

4.2.4. აპელანტის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს №5 საუბნო კომისიის თავმჯდომარის მ-------------–-–---–ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. კერძოდ, მ---------------–---–მა და მ---------------ემ ერთობლივი განცხადება/საჩივრით მიმართეს №07 ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიას, მითითებული ოლქის №5 საუბნო კომისიის თავმჯდომარის მ-------------–-–---–ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით. საჩივრის ავტორთა განმატებით, ამომრჩევლის მიერ გადასატან ყუთში კონვერტის გარეშე ბიულეტენის ჩაგდების ფაქტს მოგვიანებით მოჰყვა თავმჯდომარის კომენტარები, კერძოდ, დაახლოებით 1 საათის შემდეგ, მან შეანჯღრია გადასატანი ყუთი და დაინახა ბიულეტენზე შემოხაზული კანდიდატი. საჩივრის შესაბამისად, თავმჯდომარემ ხმამაღლა განაცხადა შემოხაზული ნომერი, კანდიდატის ვინაობა, კომისიის წევრს სიაში მოაძებნინა ის ამომრჩეველი, ვინც შეცდომით ჩააგდო ბიულეტენი და აღნიშნა: ,,სავარაუდოდ, ამომრჩეველმა დილით ვერ მოასწრო დაბოლება, შეიძლება გარეთ ტარიანი ელოდება საჩუქრად და მაგიტომ იჩქარა. არც ვნერვიულობ, ეგ კი იყო გასაბათილებელი, ეგ რა საპრეზიდენტო კაცია“. საჩივრის ავტორებმა მიიჩნიეს, რომ აღნიშნულით საუბნო კომისიის თავმჯდომარემ დაარღვია არჩევნების კენჭისყრის ფარულობის პრინციპი და ასევე, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა აგიტაციას კონკრეტული კანდიდატის საწინააღმდეგოდ.

 

პალატა აღნიშნავს, რომ დამკვირვებლების მიერ საუბნო კომისიის თავმჯდომარის ქმედება შესაბამისი პროცედურის დაცვით გასაჩივრდა საოლქო საარჩევნო კომისიაში, იმავდროულად, პირის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა უნდა დადასტურდეს სათანადო მტკიცებულებებით. მათ შორის, უნდა დადგინდეს, რომ სწორედ თავმჯდომარემ გაამხილა ამომრჩევლის ვინაობა და გასწია ერთ-ერთი კანდიდატის საწინააღმდეგო აგიტაცია. თავის მხრივ, ვინაიდან აგიტაცია გულისხმობს უშუალოდ ამომარჩეველთა მოწოდებას კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერისკენ ან მისთვის ხმის მიცემის საწინააღმდეგოდ, უნდა დადგინდეს, რომ მ-------------–-–---–მა შესაბამისი განცხადებებით მიმართა ამომრჩეველს/ამომრჩევლებს. ამასთანავე, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სადავო შემთხვევაში, აპელანტის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება მ-------------–-–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებასთან მიმართებით დასტურდება მხოლოდ აპელანტის წარმომადგენლის - ასოციაციის დამკვირვებლის ახსნა-განმარტებით. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მხოლოდ ერთ-ერთი მხარის განმარტება, რომელიც არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით, მათ შორის, წარმოდგენილი არ არის სხვა დამკვირვებლების, კომისიის წევრების განმარტება სადავო ფაქტის არსებობასთან დაკავშირებით, არ შეიძლება გახდეს პირის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის დადასტურებულად მიჩნევისთვის საკმარისი მტკიცებულება. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილშიც პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

 

4.2.5. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევების გარეშე და არსებითად სწორად გადაწყვიტა წარმოდგენილი სარჩელი. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 150 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 77-ე მუხლით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. აპელანტის - ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე: თამარ ონიანი

 

მოსამართლეები: მანანა ჩოხელი

 

გიორგი ტყავაძე