განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002364360
საქმე N3ბ/280-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
07 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) - შოთა გეწაძე
მოსამართლეები - ილონა თოდუა, გიორგი გოგიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი.მ გ--–- გ--–---–---–ი;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება;
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1.ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის სამსახურის 2017 წლის 8 სექტემბრის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 19 ოქტომბრის №2---- ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საჩივარი;
1.3. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება №4---------- საჩივარზე. (იხ. 2018 წლის პირველი მაისის სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ი.მ გ--–- გ--–---–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის სამსახურის 2017 წლის 8 სექტემბრის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 19 ოქტომბრის №2---- ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საჩივარი. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება №4---------- საჩივარზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. 2017 წლის 8 სექტემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №C-------. კერძოდ, 2017 წლის 8 სექტემბერს 17:45 საათზე ქ.თბილისში, ნ----–---–ის ქ.№---ში გადამოწმდა სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით Z-----. გადამოწმებისას საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა მიიჩნიეს, რომ ი.მ გ--–- გ--–---–---–ი ახდენდა სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 70 ლარის საბაზრო ღირებულების საქონლის: „მანქანის ფილტრი“ – 15 ცალი x 3.00ლარი, დისკი მუხრუჭის – 1 ცალი x 25.00 ლარი, ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. შედეგად, ი.მ გ--–- გ--–---–---–ი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 500 ლარით (ს.ფ.72-74).
4.2. ი.მ გ--–- გ--–---–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 8 სექტემბრის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის გაუქმება მოითხოვა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 19 ოქტომბრის №2---- ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ი.მ გ--–- გ--–---–---–ი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა 2017 წლის 8 სექტემბრის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ფულადი ჯარიმისაგან, რადგან მიჩნეულ იქნა, რომ სამართალდარღვევა გამოწვეული იყო გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა (ს.ფ.70-71).
4.3. ი.მ გ--–- გ--–---–---–მა 2017 წლის 6 ნოემბერს საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს (ს.ფ.53-54).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, საბჭომ სარწმუნოდ არ მიიჩნია ი.მ გ--–- გ--–---–---–ის არგუმენტები საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილობის მართლზომიერების თაობაზე და მიიღო გადაწყვეტილება - სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 19 ოქტომბრის №2---- ბრძანების ძალაში დატოვების შესახებ (ს.ფ.17-20).
4.4. 2016 წლის 23 ოქტომბერს გ--–- გ--–---–---–ის სახელზეა გამოწერილი №ელ- 0--------- სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმად გ--–- გ--–---–---–მა შეიძინა ჰაერის ფილტრი 12028, საქონლის კოდი 968, 10 ცალი, საერთო ღირებულებით 40 ლარი; საწვავის ფილტრი 11594, საქონლის კოდი 974, 5 ცალი, საერთო ღირებულებით 45 ლარი; ჰაერის ფილტრი 12001, საქონლის კოდი 974, 5 ცალი, საერთო ღირებულებით 20 ლარი; ზეთის ფილტრი 10592A, საქონლის კოდი 972, 5 ცალი, საერთო ღირებულება 20 ლარი; საწვავის ფილტრი 10996, საქონლის კოდი 726, 5 ცალი, საერთო ღირებულება 35 ლარი (ს.ფ.14).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ, როგორც მოსარჩელემ დააზუსტა მთავარ სხდომაზე მისი ეკონომიკური საქმიანობის ადგილია - ქ. თბილისი, ი----–---- ი------ის ქ---, ხოლო, სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით Z----, რომელსაც მართავდა ი/მ გ--–- გ--–---–---–ი, გადამოწმდა 2017 წლის 8 სექტემბერს 17:45 საათზე ქ. თბილისში, ნ----–---–ის ქ.№---ში. სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელის საცხოვრებელ მისამართად მითითებულია ქ.თბილისი, მ------ი მ---- მ----, კ--------- №--, ბ----- (იხ. ს.ფ.2). არც საგადასახადო ორგანოს და არც დავების განხილვის ორგანოებს არ შეუსწავლიათ აღნიშნული გარემოება იმ ფაქტთან ერთობლიობაში, რომ საღამოს საათებში ხდებოდა ტრანსპორტირება. ამასთან, არ გამოუკვლევია ის ფაქტიც, რომ 2016 წლის 23 ოქტომბერს ი.მ გ--–- გ--–---–---–ის სახელზე არის გამოწერილი №ელ-0--------- სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმად გ--–- გ--–---–---–მა შეიძინა სხვადასხვა სახის ფილტრები. არ მომხდარა ასევე შესწავლა მუხრუჭის დისკი ნამდვილად წარმოადგენდა თუ არა ი.მ გ--–- გ--–---–---–ის საკუთრებას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე და სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ აღნიშნული ნივთი არ იყო ახალი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები ქმნიან ვარაუდს, რომ ი/მ გ--–- გ--–---–---–ი სადავო სამართალდარღვევის ოქმში მითითებულ საქონლის ტრანსპორტირებას არ ახდენდა სამეწარმეო მიზნებისათვის. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ მოსარჩელე კონკრეტული საქონლის ტრანსპორტირებას ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობისათვის, რაც მისი მხრიდან შესაბამისი საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენას გამორიცხავს.
6. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ შეფასებას, რომ განმსაზღვრელია საქონლის სამეწარმეო საქმიანობისთვის კუთვნილება და არა ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის მეწარმე-სუბიექტად არსებობა.
ამდენად, საგადასახადო მიზნებისთვის საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნას საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვალდებულებათა შესრულებისგან თავის არიდების საფუძველი, როდესაც საქონელი განკუთვნილია სამეწარმეო საქმიანობისთვის. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ აპელანტი განმარტავს, რომ სამეწარმეო საქმიანობისთვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას-მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.
აპელანტი მიუთითებს, რომ საქონლის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების არსებობა სავალდებულოა იმ პირობებში, როდესაც საქონელი ეკუთვნის მეწარმე სუბიექტს, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. ამდენად, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება მოსარჩელის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენა და შესაბამისად დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
7. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ სამართალდარღვევის ოქმი გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში იმ მოტივით, რომ ძლიერი წვიმის შედეგად გასაყიდი საქონელი დანესტიანდა, რის გამოც გადაწყვიტა მანქანის ფილტრები წაეღო სახლში გასაწმენდად. შესაბამისად, ტრანსპორტირებული საქონელი არ იყო განკუთვნილი გასაყიდად და არ ეკისრებოდა ზედნადების გამოწერის ვალდებულება. გარდა ამისა, ტრანსპორტირების დაწყების წინ ამოწერა 4 ჩეკი, რომლის საშუალებით შეიძინა საქონელი და მისივე მითითებით დასტურდება, რომ საქონელი პირადი მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი და არა სამეწარმეო საქმიანობისთვის.
სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სასამართლოს იმ განმარტებას, რომ ი/მ გ--–- გ--–---–---–ი სადავო სამართალდარღვევის ოქმში მითითებულ საქონლის ტრანსპორტირებას არ ახდენდა სამეწარმეო მიზნებისთვის. აპელანტისთვის გაუგებარია, სასამართლომ რატომ დააკმაყოფილა სარჩელი, რამდენადაც, საქმეში არსებული გარემოებები არ მიუთითებენ, რომ ტრანსპორტირების მიზანი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება არ იყო.
აპელანტი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მხარის განმარტებით, მისი საქონელი დაზიანდა 2017 წლის მაისში. წარმოდგენილი სამართალდარღვევის ოქმის თანახმად ავტომობილის გადამოწმება განხორციელდა 2017 წლის 08 სექტემბერს (დაახლოებით 3 თვის შემდეგ). ამასთან, საგულისხმოა საქონლის რაოდენობა. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემთა მიხედვით, აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე გამოწერილია არაერთი ზედნადები, ხოლო მძღოლის გრაფაში მითითებულია გ--–- გ--–---–---–ი, რაც გულისხმობს, რომ გ--–- გ--–---–---–ი, როგორც წესი, აღნიშნული ავტომობილით ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებას.
8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე, სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით კი აღნიშნავს შემდეგს:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
განსახილველ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 8 სექტემბრის №C------- სამართალდარღვევის ოქმით ი/მ გ--–- გ--–---–---–ი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა 500 ლარით. სამართალდარღვევის ფაქტად კი მითითებულია საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა სწორედ იმ გარემოებას ეფუძნება, რომ მოსარჩელემ სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა და ევალებოდა სასაქონლო ზედნადების გამოწერა, უნდა დადგინდეს რამდენად ასრულებდა სამეწარმეო საქმიანობას მოსარჩელე 70 ლარის საბაზრო ღირებულების საქონლის: „მანქანის ფილტრი“ – 15 ცალიx3.00ლარი, „დისკი მუხრუჭის“ – 1 ცალიx25.00 ლარი, ტრანსპორტირებისას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
სააპელაციო სასამართლო აპელანტების ყურადღებას გაამახვილებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებაზე (საქმე №ბს-205-203(კ-14)), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასაქონლო ზედნადები უნდა გაიცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიმღები (მყიდველი) პირი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და მიღებული საქონლის შემდგომი რეალიზაციით იგი ნახულობს მოგებას. სანქციის შეფარდებისთვის აუცილებელია დადგინდეს, თუ ვინ არის ქმედების სუბიექტი, რომლის გამორკვევა შეუძლებელია ნორმის ფუნქციის, მიზნისა და სტრუქტურის ანალიზის გარეშე. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კანონმდებელი სამართალდარღვევად აკვალიფიცირებს შემდეგ შემთხვევებს: 1.სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება; 2. მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა; 3. საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა“.
პალატა ეთანხმება და იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ ეკონომიკური საქმიანობის ადგილია - ქ. თბილისი, ი----–---- ი------ის ქ---, ხოლო, სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით Z----, რომელსაც მართავდა ი/მ გ--–- გ--–---–---–ი, გადამოწმდა 2017 წლის 8 სექტემბერს 17:45 საათზე ქ.თბილისში, ნ----–---–ის ქ.№---ში. სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელის საცხოვრებელ მისამართად მითითებულია ქ.თბილისი, მ------ი მ---- მ----, კ--------- №--, ბ----- (იხ. ს.ფ.2). არც საგადასახადო ორგანოს და არც დავების განხილვის ორგანოებს არ შეუსწავლიათ აღნიშნული გარემოება იმ ფაქტთან ერთობლიობაში, რომ საღამოს საათებში ხდებოდა ტრანსპორტირება. ამასთან, არ გამოუკვლევია ის ფაქტიც, რომ 2016 წლის 23 ოქტომბერს ი.მ გ--–- გ--–---–---–ის სახელზე არის გამოწერილი №ელ-0--------- სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმად გ--–- გ--–---–---–მა შეიძინა სხვადასხვა სახის ფილტრები. არ მომხდარა ასევე შესწავლა, მუხრუჭის დისკი ნამდვილად წარმოადგენდა თუ არა ი.მ გ--–- გ--–---–---–ის საკუთრებას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე და სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ აღნიშნული ნივთი არ იყო ახალი.
პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოებები ქმნიან ვარაუდს, რომ ი/მ გ--–- გ--–---–---–ი სადავო სამართალდარღვევის ოქმში მითითებულ საქონლის ტრანსპორტირებას არ ახდენდა სამეწარმეო მიზნებისათვის. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტები მიუთითებენ, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემთა მიხედვით, აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე გამოწერილია არაერთი ზედნადები, ხოლო მძღოლის გრაფაში მითითებულია გ--–- გ--–---–---–ი, რომელიც გულისხმობს, რომ გ--–- გ--–---–---–ი, როგორც წესი, აღნიშნული ავტომობილით ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებას.
პალატა განმარტავს, რომ განმსაზღვრელია საქონლის სამეწარმეო საქმიანობისთვის კუთვნილება და არა ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის მეწარმე-სუბიექტად არსებობა. მეწარმე სუბიექტების მიერ განხორციელებული ყველა ქმედება შეიძლება არ წარმოადგენდეს მოგების მიღების მიზნით განხორციელებულს. მართალია, ფართო გაგებით, მეწარმის საქმიანობა ყოველთვის მოგების მიღებაზეა ორიენტირებული, მაგრამ ეს არ გამორიცხავს კონკრეტული ქმედების სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნის გარეშე შესრულებას.
პალატა ასევე განმარტავს, რომ საგადასახადო სამსახურების მოხელეთა უფლებამოსილება - გამოავლინონ სამეწარმეო საქმიანობის მიზნის მქონე შემძენი პირები, იმთავითვე მოიცავს ვალდებულებას - ზუსტად გამიჯნონ შემთხვევები, პირი საქონლის შეძენას ახორციელებს პირადი საჭიროებისთვის თუ მოგების მიღების მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტებს არ წარმოუდგენიათ მტკიცებულებები იმის დასატასტურებლად, რომ ი/მ გ--–- გ--–---–---–ი ახორციელებდა ფილტრებისა და მყარი დისკის სამეწარმეო საქმიანობის მიზნით ტრანსპორტირებას. შესაბამისად, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და მიიჩნევს, რომ გ--–- გ--–---–---–ი კონკრეტული საქონლის ტრანსპორტირებას არ ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობისათვის, რაც მისი მხრიდან შესაბამისი საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენას გამორიცხავს.
პალატა განმარტავს, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.
პალატა მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტების მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება.
9. პროცესის ხარჯები:
9.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლეები:
შოთა გეწაძე -
ილონა თოდუა -
გიორგი გოგიაშვილი -