განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.03.2019
საქმის ნომერი
330210016001563159
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
13.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001563159

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/5364-18 31 იანვარი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - თამარ ალანია

მოსამართლეები – თამარ ზამბახიძე, ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - ქ--–--------–----------–----–---------------

 

წარმომადგენელი - ს---–------------

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს-----------–-----–------------“

 

წარმომადგენელი - ი-–----------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

 

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. შპს „ს-----------–-----–------------მ“ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2014 წლის 16 ოქტომბრის #-------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის (75 დღის) გადაცილებაში შპს „ს-----------–-----–-------------“ ბრალის არ არსებობის დადგენა, ქ--–--------–----------–----–---------------- მხრიდან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2014 წლის 16 ოქტომბრის #-------------- ხელშეკრულებიდან გასვლის უსაფუძვლოდ ცნობა და ქ--–--------–----------–----–----------------თვის 2014 წლის 16 ოქტომბრის #-------------- ხელშეკრულებიდან გასვლის გამო შპს „ს-----------–-----–------------ს“ მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურების (მიუღებელი შემოსავლის) სახით 413 117,09 ლარის ოდენობით დაეკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხე ქ--–--------–----------–----–---------------მ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით შპს „ს-----------–-----–-------------თვის“ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2014 წლის 16 ოქტომბრის #-------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს - 106533.17 ლარის ოდენობით დაკისრება მოითხოვა.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს „ს-----------–-----–------------ს“ ქ--–--------–----------–----–---------------- მიმართ პირგასამტეხლოს სახით - 15495, 60 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ქ--–--------–----------–----–---------------მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2014 წლის 16 ოქტომბერს ქ--–--------–----------–----–---------------სა და შპს „ს-----------–-----–------------ს“ შორის სახელწიფო შესყიდვების შესახებ #-------------- ხელშეკრულება (ნარდობის ხელშეკრულება) გაფორმდა, რომლის საფუძველზე შპს „ს-----------–-----–------------მ“ (მენარდე) აიღო ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 დღის განმავლობაში (2014 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით) ქ.თბილისში, ი---- რაიონში, დ------------- სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხელშეკრულების დანართი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, განეხორციელებინა. შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება 455990 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2015 წლის 05 იანვრის ჩათვლით განისაზღვრა. ხელშეკრულების 9.2 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, კერძოდ, შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შეთხვევაში შპს „ს-----------–-----–------------ს“ შემკვეთისთვის პირგასამტეხლოს (გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შეუსრულებელი ნაწილის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა (ტომი I, ს.ფ. 69-75).

 

6. 2014 წლის 24 ოქტომბერს სს სადაზღვევო კომპანია „ა-–------“ (გარანტს) და შპს „ს-----------–-----–------------ს“ (პრინციპალს) შორის, 2014 წლის 16 ოქტომბერს ქ--–--------–----------–----–---------------სთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, კონტრ-გარანტიის ხელშეკრულება თანხაზე - 45599 ლარი გაფორმდა. (ტომი I, ს.ფ. 124-125).

 

7. სს „ს----------–----------“ მიერ 2014 წლის 03 ნოემბერს შპს „ს-----------–-----–------------ზე“ #-------------- ქ--–--------–----------–----–---------------- (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, საავანსო გადახდის საბანკო გარანტია - 227995 ლარის ოდენობით, გაიცა. 2015 წლის 02 მარტს ბენეფიციარმა 185122.09 ლარის ანაზღაურების მოთხოვნა წარადგინა. ვინაიდან შპს „ს-----------–-----–------------“ სადავოდ ხდიდა მოთხოვნილი თანხის მოცულობას, გარანტმა თანხის დაზუსტება მოითხოვა (ტომი I, ს.ფ. 85, 87).

 

8. ქ--–--------–----------–----–---------------მ 2015 წლის 20 მარტს კვლავ მიმართა სს „ს----------–--------ს“ საბანკო გარანტიის 185122.09 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით იმ გარემოებაზე მითითებით, რომ შპს „ს-----------–-----–------------ს“ წარდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ ჰქონდა. 2015 წლის 23 მარტს 185122.09 ლარის გადახდა განხორციელდა (ტომი I, ს.ფ. 84, 141-142).

 

9. 2014 წლის 29 დეკემბრით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, შპს „ს-----------–-----–------------მ“ ქ.თბილისში, დ------------- სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი ღირებულებით - 68596, 65 ლარი შეასრულა (ტომი I, ს.ფ. 157-161).

 

10. გარემოს ეროვნული საგენტოს წერილის თანახმად, 2014 წლის 10 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ნალექი აღინიშნა: 17, 19, 20, 22, 24, 25, 26,28, 29, 30 ნოემბერს, 01, 06, 07, 14 დეკემბერს - სულ 14 დღე (ტომი I, ს.ფ. 41).

 

11. შპს „ჯ------------------------------------“ 2015 წლის 04 მარტის ინფორმაციის მიხედვით, განხილული იქნა შპს „ს-----------–-----–-------------“ განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო ფაქტი მასზედ, რომ ქ.თბილისში, დ--------------- საგზაო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, შპს „ს-----------–-----–-------------“ მხრიდან რამდენჯერმე წყალსადენის ქსელების დაზიანების შესახებ, კომპანიას ცხელი ხაზის მეშვეობით მოსახლეობისა და შპს „ს-----------–-----–-------------“ მიერ ეცნობა (ტომი I, ს.ფ. 51-53).

 

12. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ შპს „ს-----------–-----–------------ს“, 2014 წლის 16 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #-------------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის დარღვევისთვის, პირგასამტეხლო 15495, 60 ლარის ოდენობით მართებულად დაეკისრა.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოდავე მხარეთა შორის 2014 წლის 16 ოქტომბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #-------------- ხელშეკრულება, სამართლებრივად ნარდობის ხელშეკრულებას წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს. თუმცა, სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპისგან ერთ-ერთ გამონაკლისს სწორედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს ინიციატივით შემცირება წარმოადგენს. სასამართლოსთვის აღნიშნული უფლების მინიჭების მნიშვნელობაზე სააპელაციო სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს, მანამდე კი პირგასამტეხლოს სამართლებრივ ბუნებასა და მისი მოვალისთვის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლებზე გაამახვილებს ყურადღებას.

 

13. პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის. პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა, რომელიც იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. აღნიშნული წინაპირობებიდან ორივე, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ვინაიდან სადავო ხელშეკრულებაში პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმება არსებობს და იგი ფულადი სახითაა გამოსახული.

 

პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, როგორც ეს განსახილველ შემთხვევაშია, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს.

 

მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობა სადავოდ არ არის გამხდარი. სააპელაციო საჩივრით აღნიშნულ ხელშეკრულებასთან მიმართებით მხოლოდ გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი (ვადაგადაცილების დღეები) და ოდენობაა შედავებული. შესაბამისად, სააპელაციო პალატის საკვლევ გარემოებათა წრეს ვადაგადაცილებული დღეების შეფასება და პირგასამტეხლოს სასამართლოს მიერ 0,1 %-მდე შემცირება წარმოადგენს.

 

განსახილველ შემთხვევაში, 2014 წლის 16 ოქტომბრის #-------------- ხელშეკრულების 9.2 პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, კერძოდ, შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შეთხვევაში შპს „ს-----------–-----–------------“ ვალდებულია გადაუხადოს შემკვეთს პირგასამტეხლო გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შეუსრულებელი ნაწილის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სამუშოები 2014 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით უნდა დასრულებულიყო. ქ--–--------–----------–----–--------------- პირგასამტეხლოს დაკისრებას 2014 წლის 30 დეკემბრიდან, 2015 წლის 23 თებერვლამდე მოითხოვდა ანუ, იმ დღიდან როდესაც მან მენარდეს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ გაუგზავნა. სადავო არაა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულება 387393.35 ლარს შეადგენდა, ხოლო, 2015 წლის 23 თებერვლამდე ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობა 54 დღეს შეადგენდა. ამ მიმართებით სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ ჯამურ ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობას ის 14 დღე უნდა გამოაკლდეს, რომლის განმავლობაშიც, მენარდე მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოკლებული იყო შესაძლებლობას ნაკისრი ვალდებულებები განეხორციელებინა. კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილია გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილი, რომლის თანახმად, 2014 წლის 10 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ნალექი აღინიშნა: 17, 19, 20, 22, 24, 25, 26,28, 29, 30 ნოემბერს, 01, 06, 07, 14 დეკემბერს - სულ 14 დღე (ტომი I, ს.ფ. 41). ასევე, ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–---------------–-- დასკვნიდან ირკვევა, რომ საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტი ----------–------------------ 10.16 პუნქტების მიხედვით ასფალტობეტონის ნარევებისაგან გზის ზედაპირისა და საფუძვლის მოწყობის სამუშაოები მშრალ ამინდში უნდა განხორციელდეს. აღნიშნული დოკუმენტების ურთიერთშეჯერების შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ14 დღის განმავლობაში, შესასრულებელი სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იყო გამოწვეული. ამ მიმართებით პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას მასზედ, რომ გაუგებარია თუ, რატომ მოხდა ნოემბრის თვის წვიმიანი დღეების გამოკლება და საპატიოდ ცნობა. სასამართლო განმარტავს, რომ გარდა სამართლებრივი საფუძვლისა, ობიექტური დამკვირვებლის თვალით, როდესაც მხარეთა შორის გეგმა-გრაფიკით კონკრეტულ დღეს კონკრეტული სამუშაოს გაკეთებაა გაწერილი, თუმცა, ამ დღეს უხვნალექიანობის გამო შემსრულებელი იძულებულია დაელოდოს ლოკაციის ადგილის გასუფთავებას (ან სხვა მისგან დამოუკიდებელი დაბრკოლება იქმნება), ცხადი და ლოგიკურია, რომ ამ დღეს შესასრულებელი ვალდებულების შესრულება მოვალეს იმ დროს მოუწევს, როდესაც დამაბრკოლებელი გარემოებები აღმოიფხვრება. შესაბამისად, ნოემბრის თვეში რომელიმე ვალდებულების დაგვიანებით შესრულება საბოლოო ჯამში ვალდებულების გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული პერიოდის დაგვიანებით შესრულებას გამოიწვევდა. ხსენებული 14 დღის განმავლობაში პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმა პირდაპირ კავშირშია სამოქალაქო სამართალში მხარეების მიერ უფლების კეთილსინდისიერად და მართლზომიერად გამოყენების პრინციპთან. კეთილსინდისიერად ქცევის ფუნქცია აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით. აღსანიშნავია სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის ფუნქციაც, რომელიც ხელშეკრულების ყოველ მხარეს ვალდებულების შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ავალდებულებს გამოიჩინოს მეორე მხარის უფლებებისადმი და ინტერესებისადმი გულისხმიერება. გულისხმიერების ვალდებულება მხარეებისათვის დამატებითი ვალდებულების დაკისრებას არ გულისხმობს, ყოველთვის ვალდებულების შინაარსშივე მოიაზრება და ერთგვარ მორალურ კატეგორიას განეკუთვნება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-1163-1083-2017).

 

14. რაც შეეხება დაკისრებული პირგასამტეხლოს სასამართლოს მიერ 0,1 %-მდე შემცირებას, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კერძოდ, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ანუ ფულადი თანხის ოდენობა, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი ხელშეკრულებითაა შეთანხმებული, სასამართლო თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, მოკლებულია შესაძლებლობას პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეცვალოს. რაც შეეხება იმ გარემოებას, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.

 

პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მხარისვე მიერ მითითებულ ფარგლებში და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას გულისხმობს.

 

პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონომიკურ შედეგებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც პირგასამტეხლოს პრაქტიკული შეფასების მიზნებს ემსახურება მდგომარეობს იმაში, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს.

 

პალატა განმეორებით განმარტავს, რომ კანონით დადგენილი გამონაკლისი - სასამართლო ჩაერიოს კერძო სამართლის სუბიექტებს შორის, თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, დადებულ გარიგებით გამოვლენილ ნებაში, შეეხება მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობას და იგი სუსტი მხარის დაცვისა და მოვალის ხარჯზე კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან აცილების ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება. თუმცა, სასამართლოს უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს მის შეუზღუდავ უფლებამოსილებას - ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში და თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე დადებული გარიგების პირობები შეცვალოს. ანუ იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებით მხარეები ცალსახად და არაორაზროვნად არიან შეთანხმებულნი პირგასამტეხლოს ოდენობის გამოთვლის პრინციპზე, ამ შემთხვევაში სასამართლო არ არის უფლებამოსილი საკუთარი გადაწყვეტილებით ხელშეკრულების მხარეებს პირგასამტეხლოს გამოთვლის სხვაგვარი პრინციპი დაუწესოს. სულ სხვა შემთხვევაა, როდესაც ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეთანმებული არ არის და მხარეებმა კონსენსუსს მხოლოდ ოდენობის შესახებ მიაღწიეს, ამ შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს კრედიტორის მოქმედების ფარგლები და სამოქალაქო სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე, განსაჯოს, თუ რამდენად სამართლიანი პრინციპით მოხდა პირგასამტეხლოს გამოთვლა. ზემოაღნიშნულის შსაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობა მასზედ, რომ ვინაიდან მხარეებმა ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი დარიცხვის მომენტში შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებას დაუკავშირეს, სწორედ ამიტომ განსაზღვრეს პირგასამტეხლოს ოდენობა 0,5% და შესაბამისად, იგი არ უნდა შემცირებულიყო. პალატა მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპის შეფასებაში ვერ შევა, თუმცა, მხედველობაში მიიღო რა, შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობა, ვალდებულების შეუსრულებლობის ვადა და მოცულობა, ასევე, გაითვალისწინა პირგასამტეხლოს ფუნქცია, მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო გონივრულია და სრულად შეესაბამება განსახილველ შემთხვევაში შემსრულებლის (მენარდის) მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს.

 

15. კერძო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, ხელშეკრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევისთვის პირგასამტეხლოს 0,5%-ის დაკისრების მართებულობა და უამინდობის გამო ვადაგადაცილებულ 14 დღეზე პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობების არსებობის დადასტურება აპელანტ მხარეს ეკისრებოდა. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვერცერთი აღნიშნული გარემოება აპელანტმა მხარემ რელევანტური მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა.

 

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, შესაბამისად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ქ-------–----------–----–---------------- სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფოს ბიუჯეტში ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ქ--–--------–----------–----–---------------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის (მოსარჩელეები – ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე), ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე თამარ ალანია

მოსამართლეები თამარ ზამბახიძე

ქეთევან მესხიშვილი