განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/986-17
N330310016001388011
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მირანდა ერემაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ჯაფარიძე
აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ,,მ--------–----------–-----–-------------” (შპს,,ა----”-ის უფლებამონაცვლე)
წარმომადგენელი - კ-----------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - დ---------------–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,,მ--------–----------–-----–-------------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების საფუძველზე განხორციელდა შპს ,,ა----”-ში 2013 წლის 28 თებერვლიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში დაფიქსირებული შემთხვევების შერჩევითი შემოწმება, კერძოდ, შემოწმებულ იქნა ინტენსიური მკურნალობა-მოვლის 114 შემთხვევა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 26 თებერვლის შერჩევითი შემოწმების №--–----–-------- აქტის თანახმად დგინდება, რომ შპს ,,ა----ი” წარმოადგენს მონოპროფილური სტაციონარული ტიპის დაწესებულებას, სადაც საწოლების მთლიანი რაოდენობა შეადგენს 29 ერთეულს. აღნიშნულის მიუხედავად, ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში, კრიტიკული მდგომარეობების/ინტენსიური თერაპიის ტარიფების დამტკიცების შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 31 მარტის №04-92/ო ბრძანებით დადგენილი ტარიფების უგულებელყოფით შპს ,,ა----”-ს კალკულაციით მოთხოვნილი ჰქონდა 270 ლარი თითოეულ პროგრამულ შემთხვევაზე/მკურნალობის ეპიზოდზე, როგორც მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას, რომელსაც აქვს 50 საწოლზე მეტი. ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან 114 შემოწმებული შემთხვევიდან 107 დაფინანსებულ შემთხვევაზე შპს ,,ა----”-ს მომსახურების ღირებულება მოთხოვნილი ჰქონდა არასწორად, მის მიმართ უნდა გამოყენებულიყო საჯარიმო სანქცია სულ 198 475.2 ლარის ოდენობით, მათ შორის, ანაზღაურებული შემთხვევის უკან დასაბრუნებელი თანხა 180 432 ლარი, ხოლო ფინანსური ჯარიმა - 18 043.2 ლარი (ს.ფ. 13-18).
1.2.2. შპს ,,ა----”-ის დირექტორმა 2016 წლის 25 მარტს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების თანახმად შპს ,,ა----”-ში 2013 წლის 28 თებერვლიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში დაფიქსირებული შემთხვევების შერჩევითი შემოწმების №--–----–-------- აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა (ს.ფ. 69-71).
1.2.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 6 მაისის №-------- გადაწყვეტილებით შპს ,,ა----”-ის 2016 წლის 25 მარტის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. შპს ,,ა----”-ის ფინანსურ ვალდებულებად განისაზღვრა სულ - 198 475.2 ლარი, მათ შორის, უკან დასაბრუნებელი თანხა შეადგენდა - 180 432 ლარს, ხოლო დამატებითი ფინანსური სანქცია - 18 043.2 ლარს (ს.ფ.19-22).
1.2.4. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორის 2016 წლის 7 ივნისის დადგენილებით ხ-------------------- (იმ პერიოდისთვის შპს ,,ა----”-ის დირექტორი) ცნობილი იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ს.ფ. 60-62).
1.2.5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასა და ბრალდებულ ხ-------------------ს შორის დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. ხ-------------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითად სასჯელთან ერთად დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით (ს.ფ. 52-59).
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 26 თებერვლის შერჩევითი შემოწმების №--–----–-------- აქტი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 6 მაისის №-------- გადაწყვეტილება შპს ,,ა----ის” ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
1.3.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის განხორციელებასაც უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში – განმახორციელებელი).
სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული სახელმწიფო პროგრამის მე-20 მუხლის საფუძველზე პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებები, მათ შორის, სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია: ა) განახორციელოს პროგრამების ზედამხედველობა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში; ბ) უფლებამოსილების შესაბამისად უზრუნველყოს პროგრამებში მონაწილე მიმწოდებლების გამოვლენა; გ) უზრუნველყოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებას დაქვემდებარებული შემთხვევების დროული ანაზღაურება დადგენილი წესით; დ) პროგრამის პირობების შეუსრულებლობისა ან არაჯეროვნად შესრულებისას დააკისროს მიმწოდებელს ფინანსური ჯარიმა დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან, პროგრამების ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულება კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) ზედამხედველობის, ინსპექტირების და რევიზიის პროცესში მიმწოდებლისგან მოითხოვოს პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაცია და ინფორმაცია, მათ შორის, პროგრამის მოსარგებლის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული პირადი, სამედიცინო და ფინანსური ინფორმაცია; ბ) ზედამხედველობის, ინსპექტირების და რევიზიის საფუძველზე გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში არ აუნაზღაუროს მიმწოდებელს მის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება, მოსთხოვოს მიმწოდებელს კონტროლის (ინსპექტირების) საფუძველზე გამოვლენილი არასწორად მიღებული დაფინანსების სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება და დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდა და/ან დააკისროს დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა; გ) აღმოჩენილი დარღვევების საფუძველზე დააკისროს მიმწოდებელს საჯარიმო სანქციები დადგენილი წესის შესაბამისად; დ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი პირობები, რომლებიც არ რეგულირდება ამ დადგენილებითა და მოქმედი კანონმდებლობით.
ხსენებული სახელმწიფო პროგრამის მე-9 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, პროგრამის ზედამხედველობა მოიცავს პროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობას პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ეფექტიანი შესრულების მიზნით, რომელსაც ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით, პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობის სახეობები განისაზღვრება შემთხვევათა ტიპების შესაბამისად. თავის მხრივ, შემთხვევები კლასიფიცირდება შემდეგ ტიპებად: ა) გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება (ამბულატორიული და სტაციონარული); ბ) გეგმური ამბულატორიული მომსახურება; გ) გეგმური სტაციონარული მომსახურება. შემთხვევათა ზედამხედველობა მოიცავს შემდეგ ეტაპებს, თუ პროგრამის ცალკეული კომპონენტის პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული: ა) პირის მოსარგებლედ ცნობა/რეგისტრაცია; ბ) შეტყობინება შემთხვევის შესახებ; გ) შეტყობინების საფუძველზე, შერჩეული შემთხვევის მონიტორინგი (შემდგომში – მონიტორინგი); დ) ანგარიშის წარდგენა; ე) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება; ვ) შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი; ზ) პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი (შემდგომში - კონტროლი); თ) მიმწოდებლის მიერ სამედიცინო მომსახურების გაწევისას ამავე დადგენილების №1 დანართის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების კონტროლი (შემდგომში - რევიზია).
სასამართლომ მიუთითა, რომ ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის” მე-151 მუხლით რეგლამენტირებულია პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულებაზე კონტროლის შესაძლებლობა. ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კონტროლი მოიცავს: ა) გაწეული სამედიცინო მომსახურების შესაბამისობის დადგენას დანართი №1-ის 21-ე მუხლით განსაზღვრული მომსახურების მოცულობასთან (მათ შორის, დიაგნოზის შესაბამისი პათანატომიური დასკვნის არსებობის შემოწმებას, იმ შემთხვევებზე, როდესაც ამ მოტივით შემთხვევა არ იყო/არის დასრულებული პროგრამით განსაზღვრულ ვადაში, ასევე დადგენილ ვადებში დახურულ შემთხვევებში მსგავსი დასკვნის არსებობას, ასეთის საჭიროებისას); ბ) გაწეული სამედიცინო მომსახურების თაობაზე პროგრამის განმახორციელებლის მიერ მიღებული ელექტრონული და/ან მატერიალური ინფორმაციის შედარებას მიმწოდებელთან არსებულ დოკუმენტაციასთან. ამასთან, ამავე მუხლის თანახმად, კონტროლი შესაძლებელია, განხორციელდეს შერჩევითი შემოწმების გზით, პროგრამის განმახორციელებლის მიერ, ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე. კონტროლის განხორციელებისას ხდება მიმწოდებელთან არსებული სამედიცინო, ფინანსური დოკუმენტაციისა და საინფორმაციო სისტემაში მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული ინფორმაციის გადამოწმება. პროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს მიმწოდებლისაგან მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ასევე ახსნა-განმარტებები, საჭიროებისამებრ, განახორციელოს პაციენტთან, მისი ოჯახის წევრებთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრება. კონტროლის განხორციელებისას განმახორციელებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დგება შემოწმების აქტი პროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომელსაც შემოწმების დასრულებისას ხელს აწერენ აქტის შემდგენელი და მიმწოდებლის წარმომადგენელი. შემოწმების აქტის შესაბამისად, მიმწოდებელს შეიძლება დაეკისროს ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა.
აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად (შემოწმების აქტის გამოცემის დროისათვის მოქმედი რედაქცია), ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციები: ა) შემთხვევის სრულ ანაზღაურებაზე უარი; ბ) უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნება; გ) დამატებითი ფინანსური ჯარიმა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძვლებია: ა) თუ ძირითადი (პროგრამულ ანაზღაურებას დაქვემდებარებული) დიაგნოზი არ დასტურდება პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემებით ან დამძიმებულია, ან წარმოდგენილია თანმხლები დიაგნოზის სახით; ბ) თუ სრულად არ ჩატარებულა სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება; გ) თუ აღნიშნული შემთხვევა არ წარმოადგენს პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას: გ.ა) პაციენტი არ არის ამ პროგრამის მოსარგებლე; გ.ბ) მომსახურება გაწეულია იმ დიაგნოზით/მდგომარეობით, რომელიც არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამით; დ) თუ მიმწოდებელი არ ფლობს ლიცენზიას/ნებართვას ან სანებართვო დანართს შესაბამის სამედიცინო საქმიანობაზე, ან აწარმოებს მაღალი რისკის სამედიცინო საქმიანობას სავალდებულო შეტყობინების გარეშე; ე) თუ მკურნალობის პროცესში ჩართული ყველა ექიმი არ ფლობს შესაბამის სახელმწიფო სერტიფიკატს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელებისათვის; ვ) თუ დადასტურდება, რომ სამედიცინო დაწესებულებისათვის პროგრამის მოსარგებლის მიმართვა/გარდაცვალება განპირობებულია ამ ან პროგრამის მონაწილე სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მანამდე ჩატარებული არასრული ან/და არაჯეროვანი სამედიცინო დახმარებით, თანხის დაბრუნება ხდება იმ დაწესებულების მიერ, რომლის მიზეზითაც უშუალოდ დაზარალდა მოსარგებლე; ზ) თუ შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს, ხოლო მე-11 პუნქტის თანახმად, სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა (გარდა სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესისა), რომელიც გამოვლინდება კონტროლის ან რევიზიის დროს, გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას შემთხვევის ღირებულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შპს ,,ა----”-ში განხორციელდა 2013 წლის 28 თებერვლიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში დაფიქსირებული შემთხვევების შერჩევითი შემოწმება, კერძოდ, შემოწმებულ იქნა ინტენსიური მკურნალობა-მოვლის 114 შემთხვევა, რის შედეგადაც მიჩნეულ იქნა, რომ შპს ,,ა----ი” წარმოადგენდა მონოპროფილური სტაციონარული ტიპის დაწესებულებას, სადაც საწოლების მთლიანი რაოდენობა შეადგენდა 29 ერთეულს. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნულის მიუხედავად, შპს ,,ა----”-ს ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში, კრიტიკული მდგომარეობების/ინტენსიური თერაპიის ტარიფების დამტკიცების შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 31 მარტის №04-92/ო ბრძანებით დადგენილი ტარიფების უგულებელყოფით, კალკულაციით მოთხოვნილი ჰქონდა 270 ლარი თითოეულ პროგრამულ შემთხვევაზე/მკურნალობის ეპიზოდზე, როგორც მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას, რომელსაც აქვს 50 საწოლზე მეტი. ამდენად, ვინაიდან 114 შემოწმებული შემთხვევიდან 107 დაფინანსებულ შემთხვევაზე შპს ,,ა----”-ს მომსახურების ღირებულება მოთხოვნილი ჰქონდა არასწორად, მას დაეკისრა საჯარიმო სანქცია სულ 198 475.2 ლარის ოდენობით, მათ შორის, ანაზღაურებული შემთხვევის უკან დასაბრუნებელი თანხა - 180 432 ლარი, ხოლო ფინანსური ჯარიმა - 18 043.2 ლარი.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის გამოყენების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ ეს დარღვევები თავიანთი ხასიათით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ იწვევენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ფიზიკური პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ვერ გახდება იურიდიული პირის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი თუ სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ერთად პირს ეკისრება ვალდებულება მისი ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით უტყუარად არის დადგენილი შპს ,,ა----”-ის მიერ სამედიცინო შემთხვევების შესახებ ისეთი მონაცემებისა და დოკუმენტაციის წარდგენა მოპასუხისთვის, რომელიც არ ასახავდა სინამდვილეს, რამაც, თავის მხრივ, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა და დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სამედიცინო დაწესებულების კონტროლისას გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში მის მიმართ გამოყენებული დამატებითი ფინანსური ჯარიმები შემსრულებელს არ ათავისუფლებს გამოვლენილი დარღვევით მოთხოვნილი თანხების უკან დაბრუნებისაგან, ხოლო მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ა----ის” მიერ დარღვეულია ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით” მასზე დაკისრებული ვალდებულებები, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება მისთვის გადახდილი თანხების უკან დაბრუნების მოთხოვნასა და დამატებითი საჯარიმო სანქციის გამოყენების თაობაზე, საფუძვლიანია.
1.3.3. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 26 თებერვლის შერჩევითი შემოწმების №--–----–-------- აქტი გამოცემულია კანონის სრული დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული ხსენებული სადავო გადაწყვეტილება, სასამართლომ ჩათვალა, რომ ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა მისი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 6 მაისის №-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შ----–----------------- შედგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს სიტყვიერი მოთხოვნის საფუძველზე და ასახულია არა 2016 წლის 1 ინვრამდე დაფიქსირებული შემთხვევები, არამედ 2013 წლის 28 თებერვლიდან 2015 წლის 1 იანვრამდე პერიოდში დაფიქსირებული შემთხვევების შერჩევითი შემოწმების შედეგი, სასამართლო დაეყრდნო რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ოქტომბრის განაჩენს და არ გაითვალისწინა ის ძირითადი ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს „მ--------–----------–-----–-------------ის" დირექტორთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება არა ბრალთან, არამედ სასჯელთან მიმართებაში, ანაზღაურებულ იქნა სადავო თანხა 40 000 ლარის ოდენობით, რაც მოპასუხე მხარემ თავად დაადასტურა სასამართლო პროცესზე.
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ სამართლებრივი შეფასებისას არასწორად განმარტა და გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, არ გაითვალისწინა შეუსაბამობა გამოცემულ ინდივიდუალურ აქტებსა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 31 მარტის N04-92/ო ბრძანების ნორმებთან, გასაჩივრებული შ----–----------------- და 2016 წლის 6 მაისის 0------- გადაწვეტილება ეფუძნება სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 31 მარტის N04-92/ო ბრძანებას. სასამართლო გადაწყვეტილება დაეყრდნო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებას და უგულებელყო არაერთი მითითება, რომ შ----–----------------- ასახავს 2013 წლის 28 თებერვლიდან 2015 წლის 1 იანვრამდე პერიოდში დაფიქსირებულ შემთხვევებს, რაც მითითებულია აღწერილობით ნაწილში. სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია შერჩევითი შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევა - ნაკლოვანებები და სამართლებრივი შეფასება, შედგების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 31 მარტის N04-92/ო ბრძანება, რაც გასაჩივრებული აქტების უპირობო ბათილობის საფუძველია, რამდენადაც ზემოხსენებული 2015 წლის 31 მარტის N04-92/ო ბრძანება შევიდა ძალაში და გავრცელდა 2015 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, აქტი ასახავს 2013 წლის 28 თებერვლიდან 2015 წლის 1 იანვრამდე დაფიქსირებულ შემთხვევებს (აქტში მითითებული თარიღების სისწორე მოპასუხე მხარემ დაადასტურა სასამართლო პროცესზე). ამ პერიოდისათვის მოქმედი „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების N1 დანართის მე-9 მუხლის შესაბამისად, შემთხვევები კლასიფიცირდება შემდეგ ტიპებად: ა) გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება(ამბულატორიული და სტაციონარული) ბ) გეგმიურ-ამბულატორიული მომსახურება გ) გეგმიურ-სტაციონარული მომსახურება. ამავე მუხლი მე-7 პუნქტის შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში პროგრამულ შემთხვევებად განიხილება სამედიცინო მომსახურების ნაწილი, რომელიც მოიცავს პროგრამით განსაზღვრული მკურნალობის ეპიზოდს, შესაბამისად, არცერთი ნორმატიული აქტით არ არის განსაზღვრული, რომ საწოლთა რაოდენობა და ფასი, რომელიც პორტალზეა ასახული, წარმოადგენს შემთხვევას და მისი ცდომილების გამო, უნდა განხორციელდეს ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნება.
აპელანტი აღნიშნავს, რომ „საყოველთაო დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კრიტიკული მდგომარეობის ინტენსიური თერაპიის ტარიფების დამტკიცების შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 31 მარტის N04-92/ო ბრძანება ძალაში შევიდა 2015 წლის 31 მარტს და ვრცელდება 2015 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე (ბრძანება N04-92/ო), გასაჩივრებულ აქტში კი, ასახულია არა 2013 წლის 28 თებერვლიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში დაფიქსირებული შემთხვევები, არამედ 2015 წლის 1 იანვრამდე პერიოდში დაფიქსირებული შემთხვევების შერჩევითი შემოწმების შედეგები, ამ პერიოდზე N04 92/ო ბრძანების მიხედვით სატარიფო მოთხოვნების გავრცელება ცალსახად კანონის დარღვევაა, შესაბამისად, შპს „მ--------–----------–-----–------ ა----ს" კანონშეუსაბამოდ აქვს დაკისრებული 198474,2 ლარის ანაზღაურება (აქედან ანაზღაურებული შემთხვევის უკან დაბრუნება 180432 ლარი, დამატებითი ფინანსური ჯარიმა -18043,2 ლარი), რომლის საფუძვლადაც აქტის გამომცემ ორგანოს და შემდგომ პირველი ინსტანციის სასამართლოს, N04-92/ო ბრძანებასთან ერთად მითითებული აქვს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების პირველი დანართის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი („თუ შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს, ანაზღაურებული თანხა ექვემდებარება სრულად უკან დაბრუნებას"), რაც სამართლებრივად არასწორია და აშკარად წარმოადგენს ისეთ კანონდარღვევას, რომელიც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, აქტის ბათილობის საფუძველია.
აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ ეს დარღვევები თავიანთი ხასიათით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ იწვევენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ გასახილველ შეთხვევაში, ფიზიკური პირის პასუხისმგებლობა ვერ გახდება იურიდიული პირის ადმინისტრაციულსამართლებრივი თუ სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ერთად, პირს ეკისრება პასუხისმგებლობა მისი ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე. სასამრთლო არასწორად განმარტავს ფიზიკური და იურიდიული პირის პასუხისმგებლობას განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადაგა შპს „მ--------–----------–-----–-------------ის" მიერ არასწორი მონაცემების მიწოდებისათვის და შესაბამისად, პასუხისმგებლობა დადგა შპს „მ--------–----------–-----–-------------ის", როგორც იურიდიული პირის დირექტორის მიმართ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ზიანი ანაზღაურებულ იქნა იურიდიული პირის - შპს „მ--------–----------–-----–-------------ის" დირექტორის მიერ და ეს არ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ფიზიკური პირის პასუხისმგებლობად. დარღვევებმა, რომელსაც ედავებოდნენ საგამოძიებო ორგანოები შპს „მ--------–----------–-----–------ ა----ის" დირექტორს, გამოიწვია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რის საფუძველზეც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, აღარ უნდა დადგეს შპს „მ--------–----------–-----–-------------ის" ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და სამართლებრივი საფუძვლები წინააღმდეგობაში მოდის მარეგულირებელ ნორმებთან, ამდენად, მოთხოვნა აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
3.1. ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
3.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2.1. პალატა მიუთითებს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“. აღნიშნული „პროგრამის“ 20.1 მუხლის თანახმად, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებები, მათ შორის, სოციალური მომსახურების სააგენტო, ვალდებულია: ა) განახორციელოს პროგრამების ზედამხედველობა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში; ბ) უფლებამოსილების შესაბამისად უზრუნველყოს პროგრამებში მონაწილე მიმწოდებლების გამოვლენა; გ) უზრუნველყოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებას დაქვემდებარებული შემთხვევების დროული ანაზღაურება დადგენილი წესით; დ) პროგრამის პირობების შეუსრულებლობისა ან არაჯეროვნად შესრულებისას დააკისროს მიმწოდებელს ფინანსური ჯარიმა დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, პროგრამების ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულება კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) ზედამხედველობის, ინსპექტირების და რევიზიის პროცესში მიმწოდებლისგან მოითხოვოს პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაცია და ინფორმაცია, მათ შორის, პროგრამის მოსარგებლის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული პირადი, სამედიცინო და ფინანსური ინფორმაცია; ბ) ზედამხედველობის, ინსპექტირების და რევიზიის საფუძველზე გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში არ აუნაზღაუროს მიმწოდებელს მის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება, მოსთხოვოს მიმწოდებელს კონტროლის (ინსპექტირების) საფუძველზე გამოვლენილი არასწორად მიღებული დაფინანსების სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება და დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდა და/ან დააკისროს დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა; გ) აღმოჩენილი დარღვევების საფუძველზე დააკისროს მიმწოდებელს საჯარიმო სანქციები დადგენილი წესის შესაბამისად; დ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი პირობები, რომლებიც არ რეგულირდება ამ დადგენილებითა და მოქმედი კანონმდებლობით.
მითითებული „პროგრამის“ მე-151.3 მუხლის შესაბამისად, კონტროლი შესაძლებელია, განხორციელდეს შერჩევითი შემოწმების გზით, პროგრამის განმახორციელებლის მიერ, ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კონტროლის განხორციელებისას ხდება მიმწოდებელთან არსებული სამედიცინო, ფინანსური დოკუმენტაციისა და საინფორმაციო სისტემაში მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული ინფორმაციის გადამოწმება, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, კონტროლის განხორციელებისას განმახორციელებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დგება შემოწმების აქტი პროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომლითაც მიმწოდებელს შეიძლება დაეკისროს ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა.
მითითებული „პროგრამის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 19.1 მუხლის თანახმად, ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციები (ა) შემთხვევის სრულ ანაზღაურებაზე უარი; ბ) უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნება; გ) დამატებითი ფინანსური ჯარიმა), ხოლო 19.3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძველი არსებობს, თუ შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა (გარდა სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესისა), რომელიც გამოვლინდება კონტროლის ან რევიზიის დროს, გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას შემთხვევის ღირებულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ით.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ უფლებამოსილმა ორგანომ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ შპს ,,ა----ში“ განახორციელა შერჩევითი შემოწმება 2013 წლის 28 თებერვლიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში დაფიქსირებულ შემთხვევებზე, შემოწმდა ინტენსიური მკურნალობა-მოვლის 114 შემთხვევა და შედეგად, მიჩნეულ იქნა, რომ შპს ,,ა----ი” წარმოადგენდა მონოპროფილური სტაციონარული ტიპის დაწესებულებას, სადაც საწოლების მთლიანი რაოდენობა შეადგენდა 29 ერთეულს. აღნიშნულის მიუხედავად, შპს ,,ა----ს” ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში, „კრიტიკული მდგომარეობების/ინტენსიური თერაპიის ტარიფების დამტკიცების შესახებ“ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 31 მარტის №04-92/ო ბრძანებით დადგენილი ტარიფების უგულებელყოფით, კალკულაციით მოთხოვნილი ჰქონდა 270 ლარი თითოეულ პროგრამულ შემთხვევაზე/მკურნალობის ეპიზოდზე, როგორც მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას, რომელსაც აქვს 50 საწოლზე მეტი, ამდენად, ვინაიდან 114 შემოწმებული შემთხვევიდან 107 დაფინანსებულ შემთხვევაზე შპს ,,ა----ს“ მომსახურების ღირებულება მოთხოვნილი ჰქონდა არასწორად, მას დაეკისრა საჯარიმო სანქცია, სულ 198 475.2 ლარის ოდენობით (მათ შორის, ანაზღაურებული შემთხვევის უკან დასაბრუნებელი თანხა - 180 432 ლარი, ხოლო ფინანსური ჯარიმა - 18 043.2 ლარი).
სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ფიზიკური პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ გახდება იურიდიული პირის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი თუ სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ერთად, პირს ეკისრება მისი ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება შპს ,,ა----ის“ მიერ სამედიცინო შემთხვევების შესახებ ისეთი მონაცემებისა და დოკუმენტაციის წარდგენა მოპასუხისათვის, რომელიც არ ასახავდა სინამდვილეს, რამაც საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა და დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია. სამედიცინო დაწესებულების კონტროლისას გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში გამოყენებული დამატებითი ფინანსური ჯარიმები შემსრულებელს არ ათავისუფლებს გამოვლენილი დარღვევით მოთხოვნილი თანხების უკან დაბრუნებისაგან. მოცემულ შემთხვევაში, შპს „ა----მა“ დაარღვია ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით” მასზე დაკისრებული ვალდებულებები, შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება მისთვის გადახდილი თანხების უკან დაბრუნების მოთხოვნასა და დამატებითი საჯარიმო სანქციის გამოყენების თაობაზე, საფუძვლიანია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სადავო 2016 წლის 26 თებერვლის შერჩევითი შემოწმების №--–----–-------- აქტი გამოცემულია კანონის სრული დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. ამასთანავე, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული ხსენებული სადავო გადაწყვეტილება, ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 6 მაისის №-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, რის გამოც, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,მ--------–----------–-----–-------------ის” (შპს,,ა----”-ის უფლებამონაცვლე) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე მირანდა ერემაძე