განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3ბ/2434-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - მარიამ ცისკაძე
ნინო ქადაგიძე
გელა ბადრიაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოსარჩელე) - თინათინ ბექაური
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
1. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით, თინათინ ბექაურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.1. თინათინ ბექაურმა 2015 წლის 13 მაისს №14/8911 განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ. თბილისში, წყნეთის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის ლეგალიზება. ასევე, დადგენილია, რომ მითითებულ კომისიას 2015 წლის 10 აგვისტოს კვლავ მიმართა თინათინ ბექაურმა და მოითხოვა ქ. თბილისში, წყნეთის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე, სტიქიის დროს დაზიანებული მიწის ნაკვეთისა და სახლის ლეგალიზება (ტ.1. ს.ფ.15).
2.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 07 ივლისის №14/8911 წერილით თინათინ ბექაურს ეცნობა, რომ 2016 წლის 23 მაისს კომისიამ განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება (ოქმი №503) უარის თქმის შესახებ, ვინაიდან არ დასტურდება მიწის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე; ასევე, მიწის ნაკვეთი მოქცეულია მდ. ვერეს ხეობის სტიქიური უბედურების ზონაში. (ტ.1. ს.ფ. 92-96).
2.3. თინათინ ბექაურმა 2015 წლის 30 ივნისს №12/15181216-1 განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა დახმარება, ვინაიდან სტიქიის შედეგად სრულად განადგურდა წყნეთის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე - წყნეთის ხევში არსებული 519 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთი ხეხილითა და ხეივნით, სადაც განთავსებული იყო 25 კვ.მ. სახლი, რომელიც წყლით და ელექტროენერგიით მარაგდებოდა. მისივე განმარტებით, ამ უძრავი ქონებით სარგებლობდა 30 წლის განმავლობაში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2015 წლის 03 ივლისის №12/15181216-1 წერილით თინათინ ბექაურს ეცნობა, რომ 2015 წლის 13 ივნისს მომხდარ სტიქიურ უბედურებას მოჰყვა ფიზიკური და იურიდიული პირების ქონებრივი ზიანი, რომლის შესწავლაც მიმდინარეობდა. მოგვიანებით კი განხორციელდებოდა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ზარალის ანაზღაურების ერთიანი პროგრამის შემუშავება (ტ.1. ს.ფ. 118).
2.4. 2015 წლის 09 ივლისს თინათინ ბექაურმა შეავსო 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების აღრიცხვის კითხვარი, რომელშიც ოჯახის კოდი მითითებულია 0082. შევსებული კითხვარის თანახმად, ოჯახში ცხოვრობდა მხოლოდ თინათინ ბექაური და ოჯახის საკუთრებას წარმოადგენდა ის საცხოვრისი, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად აღარ არსებობს; იგი იღებდა სოციალურ დახმარებას. ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში,-ში თინათინ ბექაური ცხოვრობს ვლადიმერ, ქეთევან და ლაშა ბექაურებთან ერთად. ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს 68970 ერთეულს. ამასთან, 2015 წლის -1 მარტიდან 2015 წლის 01 აგვისტომდე ყოველ თვე ოჯახმა აიღო 204 ლარი. (ტ.1.ს.ფ. 62-64).
2.5. შპს „რეესტრ-კადასტრის“ (ს/კ 444956567) ამზომველების 2016 წლის 28 იანვრის განცხადებით დგინდება, რომ 2014 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, 2015 წლის 11 მაისს იმყოფებოდნენ თინათინ ბექაურის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თბილისი, წყნეთის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, საკადასტრო აზომვითი ნახაზის დასამზადებლად. ისინი ადასტურებენ, რომ მითითებულ პერიოდში, 519 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე 25 კვ.მ. განაშენიანების ფართის მქონე შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტს, თუმცა მათთვის უცნობია მშენებლობის განხორციელების პერიოდი. იმავე წერილის თანახმად, 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ, ეს შენობა-ნაგებობა სრულად არის დანგრეული, რის გამოც მისი ასახვა საკადასტრო აზომვით ნახაზზე ვეღარ ხდება. მითითებული ინფორმაცია დასტურდება იმავე ამზომველების მიერ მომზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზებით. ნახაზებზე დაფიქსირებულია, რომ „ნახაზი შესრულებულია დამკვეთის მითითებით“. (ტ.1.ს.ფ. 19-23).
2.6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 20 ივნისის №01-8/4090 გადაწყვეტილებით, თინათინ ბექაურს 2016 წლის 02 ივნისის №01-8/4680 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ მის დაინტერესებაში არსებული ქონება, როგორც წარდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, არ წარმოადგენდა კერძო საკუთრებას; ამასთან, 25 კვ.მ. ფართის მქონე შენობა არ წარმოადგენდა საცხოვრებელ სახლს/ბინას. იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივლისის №17-66 დადგენილებით დამტკიცებული წესი არ ითვალისწინებს ცარიელი მიწის ნაკვეთების მფლობელთა დახმარების წესს, წესის მიზნებისთვის იგი არ წარმოადგენს დაზარალებულ პირს და არ მომხდარა მისი დაზარალებულთა სიაში შეყვანა. (ტ.1. ს.ფ. 26).
2.7. თინათინ ბექაურმა 2016 წლის 05 აგვისტოს №01/6992-8 და 17 აგვისტოს №01/7368-8 განცხადებებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოთხოვა 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახთა სიაში შეყვანა, შესაბამისი ფულადი დახმარების გაცემა საცხოვრებელი ფართის შესაძენად, ასევე, საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა (ტ.1. ს.ფ. 27-28, 34-37).
2.8. თინათინ ბექაურმა 2016 წლის 23 აგვისტოს №300293/12 განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა ინფორმაციის გაცემა, წარდგენილ ორთოფოტოზე მონიშნული ტერიტორია მდებარეობს თუ არა სტიქიის ზონაში (ტ.1. ს.ფ. 152).
2.9. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 29 აგვისტოს №01-8/6061 გადაწყვეტილებით თინათინ ბექაურს, 01/7547-8 (300293/12) და №01/7368-8 წერილების პასუხად განემარტა, რომ ორთოფოტოზე მონიშნული უძრავი ქონება ხვდება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივლისის №17-66 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიის მიერ განსაზღვრული სტიქიური უბედურების არეალში - სადაც ცხოვრება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველია. იმავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 20 ივნისის №01-8/4090 გადაწყვეტილებაში საუბარია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლებზე. ამასთან, №01/6992-8 წერილის საფუძველზე სააგენტოს წარმომადგენლებთან შედგა შეხვედრა, რა დროსაც მან მიიღო ზეპირსიტყვიერი განმარტებები. (ტ.1. ს.ფ. 29).
2.10. თინათინ ბექაურმა 2016 წლის 01 სექტემბერს №01/7898-8 წერილით კვლავ მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს. მან განცხადებაში მიუთითა, რომ მამასთან ერთად ცხოვრობდა ვერეს ხეობაში, ჰქონდა 519 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 25 კვ.მ. სახლი, რომლებიც 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიამ სრულად გაანადგურა. სტიქიით დაზარალებულ ოჯახთა სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით გაესაუბრა სხვადასხვა პირებს, თუმცა საბოლოო პასუხი არ მიუღია. შესაბამისად, იგი ითხოვდა საკითხთან დაკავშირებით წერილობითი გადაწყვეტილებას (ტ.1. ს.ფ. 30-32).
2.11. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 05 სექტემბრის №01-8/6197 წერილით თინათინ ბექაურს განემარტა, რომ საკითხთან დაკავშირებით სააგენტოს პოზიცია მას ეცნობა 2016 წლის 20 ივნისის №01-8/4090 და 29 აგვისტოს №01-8/6061 წერილებით. (ტ.1. ს.ფ. 33).
2.12. თინათინ ბექაურმა 2016 წლის 04 ოქტომბრის №361777/15 ადმინისტრაციული საჩივრით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივლისის №17-66 დადგენილების შესაბამისად, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახთა ერთიან სიაში შეყვანა, ასევე, შესაბამისი ფულადი დახმარების გაცემა (ტ.1. ს.ფ. 46-50).
2.13. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 21 დეკემბრის №1-2591 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა თინათინ ბექაურის 2016 წლის 04 ოქტომბრის №361777/15 ადმინისტრაციული საჩივარი, ვინაიდან საჩივრის ავტორი არ წარმოადგენდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივლისის №17-66 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის“ შესაბამისად დაზარალებულს პირს. (ტ.1. ს.ფ. 52-59).
2.14. თინათინ ბექაურმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან წარდგენილი 2016 წლის 27 ოქტომბრის №388003/12 განცხადებით განმარტა, რომ წყნეთის ქუჩის მიმდებარედ, წყნეთის ხევში არსებულ 519 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებულ 25 კვ.მ. სახლში ცხოვრობდა მამასთან ერთად. იმავე განცხადების თანახმად, ვინაიდან ეს უძრავი ქონება საჯარო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული, ელექტროენერგიას და წყალს იღებდა მამის სახელზე რიცხული, ქ. თბილისში, წყნეთის ქ. მე-2 ჩიხი №5-ში მდებარე უძრავი ქონების მრიცხველიდან. (ტ.1. ს.ფ. 161-167).
2.15. ამირან ქურასბედიანის და ნანული ნოზაძის, ასევე, გიორგი გელაშვილის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებებით დგინდება, რომ ვლადიმერ ბექაური 1990 წლიდან დღემდე ფლობს 519 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, მდებარე, ქ. თბილისი, წყნეთის ხევის მიმდებარე ტერიტორია. მასზე 2007 წლის 1 იანვრამდე აშენებულია სახლი, რომელშიც ვლადიმერ ბექაური ცხოვრობს შვილთან - თინათინ ბექაურთან ერთად. მიწის ნაკვეთი შემოღობილი იყო ღობით, რომლის დიდი ნაწილი დაზიანდა სტიქიის შედეგად. ნაკვეთზე გაშენებული იყო მრავალწლიანი ხეხილისა და ვაზის ნარგავები, რომელთაც ისინი უვლიდნენ. (ტ.1. ს.ფ. 69-70).
2.16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა ელენა ქურასბედიანმა განმარტა, რომ არის თინათინ ბექაურის მეზობელი და ბავშვობიდან, 70-იანი წლებიდან იცნობს მას და მის ოჯახს. თინათინ ბექაური მამასთან ერთად იყო ხოლმე წყნეთის ხევში, მდ. ვერეს მარჯვენა მხარეს, ხოლო თავად ცხოვრობდა მდინარის მარცხენა მხარეს. მოწმის განმარტებით, თინათინ ბექაურის მამა მრავალი წლის განმავლობაში ფერდობს ამუშავებდა და იქვე ჰქონდათ ფარდული. მოგვიანებით, მათ პატარა სახლიც ააშენეს და როდესაც მას სახლთან გაუვლია, თინათინ ბექაური მამასთან ერთად იქ იყო ხოლმე, თუმცა მისთვის დაზუსტებით არაა ცნობილი იმ სახლში ცხოვრობდნენ თუ არა. მისთვის ცნობილია, რომ 3-4 წლის წინ მომზადდა გარკვეული დოკუმენტები, მიწის ნაკვეთის დაკანონების მიზნით.
2.17. სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა ევტიპიდა ხუციშვილმა განმარტა, რომ 20 წელზე მეტი იცხოვრა წყნეთის ქუჩაზე და შემდეგ საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა, 1988 წელს. ამის მიუხედავად, და წყნეთის ხევში იცნობს ძალიან ბევრ ადამიანს და ხშირად მიდის ხოლმე იქ. გარკვეულ პერიოდში, იყო საუბნო სარჩევნო კომისიის თავმჯდომარეც. შესაბამისად, მისთვის ცნობილია, რომ თინათინ ბექაური მამასთან ერთად ცხოვრობდა სტიქიის ზონაში, მდ. ვერეს მარჯვენა მხარეს. მამა მრავალი წლის მანძილზე ამუშავებდა მიწას. ადრე ჰქონდათ ძალიან პატარა ნაგებობა, ხოლო მოგვიანებით აგურით ააშენეს დაახლოებით 20 კვ.მ. ფართის შენობა, სადაც ცხოვრობდნენ.
3. მოცემული დავის გადასაწყვეტად პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-601, 185-ე, 201-ე მუხლებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17, 22-23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 68-ე მუხლით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივლისის №17-66 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის“ პირველი მუხლით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), მე-3, მე-31, მე-5 მუხლებით, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში/სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ 2007 წლის 11 ივლისის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით.
3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ თინათინ ბექაურის დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონება მდებარეობდა 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდ. ვერეს ხეობის და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მიერ განსაზღვრულ ტერიტორიაზე, თუმცა უფლებამოსილმა ორგანომ არ შეიყვანა დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) სიაში. ასევე, დადგენილი გარემოებაა, რომ თინათინ ბექაური არ იყო ამ უძრავი ქონების არც მესაკუთრე და არც წესის მიზნებისთვის განსაზღვრული მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელი. ეს გარემოება სადავო არ გაუხდია თავად მოსარჩელე მხარეს. შესაბამისად, ამ წესის მიხედვით, იგი არ მიეკუთვნებოდა დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) არც პირველ და არც მეორე ჯგუფს. საქმის მასალების ურთიერთშეჯერების, მათ შორის, თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ თინათინ ბექაურს ე.წ. სტიქიის ზონაში მიწის ნაკვეთი დაკავებული ჰქონდა თვითნებურად.
3.2. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივლისის №17-66 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის შემთხვევაში, იმისთვის, რომ მისი ფაქტობრივი მოსარგებლე/მფლობელი ჩაითვალოს მე-3 ჯგუფის დაზარალებულად, იგი უნდა იყოს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში/სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის მოსარგებლე.
3.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2016 წლის 23 მაისს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება (ოქმი №503) თინათინ ბექაურისათვის კონკრეტული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან არ დასტურდებოდა მიწის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე; ასევე, მიწის ნაკვეთი მოქცეულია მდ. ვერეს ხეობის სტიქიური უბედურების ზონაში.
3.4. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერების შედეგად დაადგინა, რომ 2015 წლის მაისის მდგომარეობით სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო კონკრეტული შენობა-ნაგებობა, რომლის ფუნქციური დანიშნულებაც წარმოდგენილი ფოტომასალის გათვალისწინებით გაუგებარია, კერძოდ, ცალსახად იმის მტკიცება, რომ იგი წარმოადგენდა საცხოვრებლად ვარგის ან უვარგის ობიექტს, შეუძლებელია. ეს გარემოება უტყუარად არ დადასტურდა ასევე მხარეების და მოწმეების ახსნა- განმარტებებით. რაც შეეხება მოსარჩელის აპელირებას შპს „რეესტრ-კადასტრის“ 2016 წლის 28 იანვრის განცხადებაზე, ამ უკანასკნელის თანახმად, 2014 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, 2015 წლის 11 მაისს იმყოფებოდნენ თინათინ ბექაურის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თბილისი, წყნეთის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, საკადასტრო აზომვითი ნახაზის დასამზადებლად. ისინი ადასტურებენ, რომ მითითებულ პერიოდში, 519 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე 25 კვ.მ. განაშენიანების ფართის მქონე შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტს, თუმცა მათთვის უცნობია მშენებლობის განხორციელების პერიოდი. იმავე წერილის თანახმად, 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ, ეს შენობა-ნაგებობა სრულად არის დანგრეული, რის გამოც მისი ასახვა საკადასტრო აზომვით ნახაზზე ვეღარ ხდება. ამის დასადასტურებლად ამზომველების მიერ მომზადებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზებზე დაფიქსირებულია, რომ „ნახაზი შესრულებულია დამკვეთის მითითებით“. აქედან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ განცხადებაში საუბარია სადავო მიწის ნაკვეთზე 2015 წლის 11 მაისის მდგომარეობით შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტზე და არ უთითებს მის ფუნქციურ დანიშნულებას; ასევე, გაურკვეველია მისი მდგომარეობა, დასრულებული სახით არსებობდა თუ არა და მშენებლობის პერიოდი, როდის აშენდა იგი.
3.5. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივლისის №17-66 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის“ მიზნებისათვის პირის (ოჯახი) მე-3 ჯგუფის დაზარალებულად ცნობისათვის აუცილებელია კონკრეტული კანონით განსაზღვრული ტერმინის განმარტება - თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის მოსარგებლე. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში/სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი კი ასეთად მიიჩნევს პირს, რომელსაც მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით ფაქტობრივ სარგებლობაში (მფლობელობაში) აქვს იმავე კანონის ამოქმედებამდე, კერძოდ, 2007 წლის 27 ივლისამდე (კანონი გამოქვეყნდა 2007 წლის 27 ივლისს და ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე). საქმის მასალებით, კერძოდ, მოსარჩელისა და მოწმეების ახსნა-განმარტებებით დგინდება, რომ მართალია თინათინ ბექაური მამასთან ერთად სარგებლობდა მიწის ნაკვეთით, მაგრამ ფოტომასალაზე აღბეჭდილი სახით ობიექტი აშენდა გაცილებით გვიან. თავად მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მისი მშენებლობა განხორციელდა 2007 წლის შემდგომ, კერძოდ, 2014 წელს, მაგრამ ამ პერიოდამდე არსებობდა არამყარი ნაგებობა. ამიტომ სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელის აპელირება, რომ იგი წარმოადგენდა „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესით“ გათვალისწინებული მე-3 ჯგუფის დაზარალებულს.
3.6. პირველი ინსტანციის სასამართლომ მითითებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მოსაზრება მასზედ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო არ იყო უფლებამოსილი თინათინ ბექაური შეეყვანა 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიით დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) ერთიან სიაში.
3.7. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის აპელირება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივლისს დამტკიცებული №17-66 წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელიც ადგენს „სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესს“. სასამართლოს მითითებით, წესის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი განმარტავს, რომ სხვა სახის ფულადი დახმარება არის ფულადი დახმარება საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის ან ფულადი დახმარება საოჯახო ნივთების შესაძენად, რომლის გაცემასაც იმავე წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ახორციელებენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოსა და ვაკის რაიონის გამგეობები. სასამართლოს განმარტებით, მითითებული წესის მითითებული მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, იმ პირებს (ოჯახებს), რომლებიც ამ წესის მიზნებიდან გამომდინარე არ ითვლებიან დაზარალებულ პირებად (ოჯახებად), თუმცა 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს კანონიერი საფუძვლის გარეშე ცხოვრობდნენ კომისიის მიერ განსაზღვრულ ტერიტორიაზე და დაენგრათ მათ მფლობელობაში არსებული სახლები, შესაბამისი რაიონის გამგეობის მიერ მიეცემათ ერთჯერადად ფულადი დახმარება საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის.
3.8. სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული თანხის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს შესაბამისი რაიონის გამგეობა, თანხის მიღებისათვის სავალდებულო პირობას კი წარმოადგენს 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს, კანონიერი საფუძვლის გარეშე კომისიის მიერ განსაზღვრულ ტერიტორიაზე ცხოვრებისა და მფლობელობაში არსებული სახლების დანგრევის ფაქტები. ანუ მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს ე.წ. სტიქიის ზონაში იმ სახლის დანგრევა, რომელშიც დაინტერესებული პირი ფაქტობრივად ცხოვრობდა. ეს გარემოება კი უტყუარად ვერ დადასტურდა საქმეში არსებული მასალების, მათ შორის, მოწმეების ახსნა-განმარტებებითა და ფოტომასალით, მით უმეტეს, აღნიშნული გარემოების დადასტურება შეუძლებელია მხარის მიერ წარმოდგენილი კომუნალური გადასახადების ქვითრებით, რომელიც გაცემულია სხვა ობიექტთან დაკავშირებით.
3.9. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით, ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 21 დეკემბრის №1-2591 ბრძანება, რომლითაც თინათინ ბექაურს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში ასევე არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდებოდა სადავო საკითხთან დაკავშირებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ფაქტი და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 21 დეკემბრის №1-2591 ბრძანება მიღებულ იქნა საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ და შესაბამისად, არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თინათინ ბექაურმა და მოითხოვა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება; თინათინ ბექაურის სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ საფუძვლებს:
4.1. აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დავის განხილვისას არ გაითვალისწინა მოსარჩელის არცერთი მოსაზრება და არ იმსჯელა იმ მტკიცებულებებზე, რაც ამყარებდა მოსარჩელის მოთხოვნას.
4.2. აპელანტის მითითებით, სასარჩელო მოთხოვნა მომდინარეობს 2015 წლის N17-66 დადგენილების მე-5 მუხლიდან, შესაბამისად მსჯელობა და დასაბუთებაც ამ კუთხით უნდა მომხდარიყო, რაც არ მომხდარა. ქ. თბილისის საკრებულომ 2015 წლის 18 დეკემბერს შეიტანა ცვლილება 5 ივლისის N17-66 დადგენილებაში, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია ფულადი დახმარების გაცემის წესი, ასევე საოჯახო ნივთების შესაძენად იმ პირებისათვის, რომლებიც ამ წესის მიზნებიდან გამომდინარე არ ითვლებიან დაზარალებულ პირებად, თუმცა 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის დროს კანონიერი საფუძვლის გარეშე ცხოვრობდნენ კომისიის მიერ განსაზღვრულ ტერიტორიაზე და დაუზიანდათ მფლობელობაში არსებული სახლები. აღნიშნული წესის შესაბამისად ფულადი დახმარება ერთ და ორ სულიანი ოჯახისთვის განისაზღვრა 30 000 ლარით. სააპელაციო საჩივრის თანახმად, თინათინ ბექაური ნამდვილად წარმოადგენს 13-14 ივნისის სტიქიით დაზარალებულს, ვინაიდან მიწასთან ერთად დაენგრა მფლობელობაში არსებული სახლი, რომელსაც 20 წელზე მეტია რაც ფლობდა. სააპელაციო საჩივრის თანახმად, იმას რომ სახლი არსებობდა მიწის ნაკვეთზე და ამ სახლში ცოვრობდა თინათინ ბექაური ადასტურებდა წარმოდგენილი მტკიცებულებები, ფოტოები, საჯარო რეესტრიდან საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ექვსი მოწმე, რომელთაგან სამმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას პირდაპირ დაადასტურა ის ფაქტი, რომ თინათინ ბექაური მამასთან ერთად ცხოვრობდა ზემოაღნიშნულ სახლში.
4.3. აპელანტის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულთა ერთიან სიაში მითითებული იყვნენ ოჯახები, რომლებიც კანონიერი საფუძვლის გარეშე მცხოვრებ პირებს წარმოადგენდნენ, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული მტკიცებულებები არ მიიღო მხედველობაში და მიუთითა, რომ დადგენილების მე-5 მუხლის შესაბამისად ერთჯერად ფულად დახმარებას გასცემს რაიონული გამგეობა. სააპელაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აღნიშნული თანხის გაცემა ვერ მოხდება შესაბამისი გამგეობის მიერ, ოჯახის დაზარალებულთა ერთიან სიაში შეყვანის გარეშე. სააპელაციო საჩივრის თანახმად, მიხედავად იმისა რომ საქმეზე დაკითხულმა ყველა მოწმემ დაადასტურა ის გარემოება, რომ თინათინ ბექაურს სტიქიის ზონაში დაენგრა საცხოვრებელი სახლი, სადაც თვითონ ცხოვრობდა მამასთან ერთად, სასამართლომ არაფრად მიიჩნია ეს, მაშინ როცა თინათინ ბექაურის ყველა მეზობელი ადასტურებს, რომ იგი ნამდვილად დარჩა სტიქიის დროს საცხოვრებელი სახლის გარეშე და იძულებულია ძმის ოჯახთან ერთად უმძიმეს პირობებში იცხოვროს.
5. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის მოტივები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეაფასა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ თინათინ ბექაურის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
5.3. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
5.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
6. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:
6.1. თინათინ ბექაურმა 2015 წლის 30 ივნისს №12/15181216-1 განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა დახმარება, ვინაიდან სტიქიის შედეგად სრულად განადგურდა წყნეთის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე - წყნეთის ხევში არსებული 519 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთი ხეხილითა და ხეივნით, სადაც განთავსებული იყო 25 კვ.მ. სახლი, რომელიც წყლით და ელექტროენერგიით მარაგდებოდა. მისივე განმარტებით, ამ უძრავი ქონებით სარგებლობდა 30 წლის განმავლობაში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2015 წლის 03 ივლისის №12/15181216-1 წერილით თინათინ ბექაურს ეცნობა, რომ 2015 წლის 13 ივნისს მომხდარ სტიქიურ უბედურებას მოჰყვა ფიზიკური და იურიდიული პირების ქონებრივი ზიანი, რომლის შესწავლაც მიმდინარეობდა. მოგვიანებით კი განხორციელდებოდა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ზარალის ანაზღაურების ერთიანი პროგრამის შემუშავება (ტ.1. ს.ფ. 118).
6.2. 2015 წლის 09 ივლისს თინათინ ბექაურმა შეავსო 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების აღრიცხვის კითხვარი, რომელშიც ოჯახის კოდი მითითებულია 0082. შევსებული კითხვარის თანახმად, ოჯახში ცხოვრობდა მხოლოდ თინათინ ბექაური და ოჯახის საკუთრებას წარმოადგენდა ის საცხოვრისი, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად აღარ არსებობს; იგი იღებდა სოციალურ დახმარებას. ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, წყნეთის ქ. ჩას. 6 კორპუსიდან, კორპ. 5-ში თინათინ ბექაური ცხოვრობს ვლადიმერ, ქეთევან და ლაშა ბექაურებთან ერთად. ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს 68970 ერთეულს. ამასთან, 2015 წლის -1 მარტიდან 2015 წლის 01 აგვისტომდე ყოველ თვე ოჯახმა აიღო 204 ლარი. (ტ.1.ს.ფ. 62-64).
6.3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 20 ივნისის №01-8/4090 გადაწყვეტილებით, თინათინ ბექაურს 2016 წლის 02 ივნისის №01-8/4680 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ მის დაინტერესებაში არსებული ქონება, როგორც წარდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, არ წარმოადგენდა კერძო საკუთრებას; ამასთან, 25 კვ.მ. ფართის მქონე შენობა არ წარმოადგენდა საცხოვრებელ სახლს/ბინას. იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივლისის №17-66 დადგენილებით დამტკიცებული წესი არ ითვალისწინებს ცარიელი მიწის ნაკვეთების მფლობელთა დახმარების წესს, წესის მიზნებისთვის იგი არ წარმოადგენს დაზარალებულ პირს და არ მომხდარა მისი დაზარალებულთა სიაში შეყვანა. (ტ.1. ს.ფ. 26).
6.4. თინათინ ბექაურმა 2016 წლის 05 აგვისტოს №01/6992-8 და 17 აგვისტოს №01/7368-8 განცხადებებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოთხოვა 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახთა სიაში შეყვანა, შესაბამისი ფულადი დახმარების გაცემა საცხოვრებელი ფართის შესაძენად, ასევე, საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა (ტ.1. ს.ფ. 27-28, 34-37).
6.5. თინათინ ბექაურმა 2016 წლის 23 აგვისტოს №300293/12 განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა ინფორმაციის გაცემა, წარდგენილ ორთოფოტოზე მონიშნული ტერიტორია მდებარეობს თუ არა სტიქიის ზონაში (ტ.1. ს.ფ. 152).
6.6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 29 აგვისტოს №01-8/6061 გადაწყვეტილებით თინათინ ბექაურს, 01/7547-8 (300293/12) და №01/7368-8 წერილების პასუხად განემარტა, რომ ორთოფოტოზე მონიშნული უძრავი ქონება ხვდება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივლისის №17-66 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიის მიერ განსაზღვრული სტიქიური უბედურების არეალში - სადაც ცხოვრება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველია. იმავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 20 ივნისის №01-8/4090 გადაწყვეტილებაში საუბარია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლებზე. ამასთან, №01/6992-8 წერილის საფუძველზე სააგენტოს წარმომადგენლებთან შედგა შეხვედრა, რა დროსაც მან მიიღო ზეპირსიტყვიერი განმარტებები. (ტ.1. ს.ფ. 29).
6.7. თინათინ ბექაურმა 2016 წლის 01 სექტემბერს №01/7898-8 წერილით კვლავ მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს. მან განცხადებაში მიუთითა, რომ მამასთან ერთად ცხოვრობდა ვერეს ხეობაში, ჰქონდა 519 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 25 კვ.მ. სახლი, რომლებიც 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიამ სრულად გაანადგურა. სტიქიით დაზარალებულ ოჯახთა სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით გაესაუბრა სხვადასხვა პირებს, თუმცა საბოლოო პასუხი არ მიუღია. შესაბამისად, იგი ითხოვდა საკითხთან დაკავშირებით წერილობითი გადაწყვეტილებას (ტ.1. ს.ფ. 30-32).
6.8. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 05 სექტემბრის №01-8/6197 წერილით თინათინ ბექაურს განემარტა, რომ საკითხთან დაკავშირებით სააგენტოს პოზიცია მას ეცნობა 2016 წლის 20 ივნისის №01-8/4090 და 29 აგვისტოს №01-8/6061 წერილებით. (ტ.1. ს.ფ. 33).
6.9. თინათინ ბექაურმა 2016 წლის 04 ოქტომბრის №361777/15 ადმინისტრაციული საჩივრით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივლისის №17-66 დადგენილების შესაბამისად, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახთა ერთიან სიაში შეყვანა, ასევე, შესაბამისი ფულადი დახმარების გაცემა (ტ.1. ს.ფ. 46-50).
6.10. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 21 დეკემბრის №1-2591 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა თინათინ ბექაურის 2016 წლის 04 ოქტომბრის №361777/15 ადმინისტრაციული საჩივარი, ვინაიდან საჩივრის ავტორი არ წარმოადგენდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივლისის №17-66 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის“ შესაბამისად დაზარალებულს პირს. (ტ.1. ს.ფ. 52-59).
7.1. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხს წარმოადგენს იმის დადგენა, თინათინ ბექაური 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების დროს კანონიერი საფუძვლის გარეშე ცხოვრობდა თუ არა კომისიის მიერ განსაზღვრულ ტერიტორიაზე და სტიქიის შედეგად დაენგრა თუ არა მფლობელობაში არსებული სახლი.
7.2. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივლისის №17-66 დადგენილებით დამტკიცებულ იქნა ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესი“, რომელმაც განსაზღვრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამებიდან დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის პირობები, დაზარალებული ოჯახების სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლა, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კრიტერიუმები.
7.3. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ თინათინ ბექაურის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დასადგენად მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით, კერძოდ შპს „რეესტრ-კადასტრის“ (ს/კ 444956567) ამზომველების გივი ბახტაძისა და ლევან ონიანის 2016 წლის 28 იანვრის განცხადებით დგინდება, რომ 2014 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, 2015 წლის 11 მაისს იმყოფებოდნენ თინათინ ბექაურის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თბილისი, წყნეთის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, საკადასტრო აზომვითი ნახაზის დასამზადებლად. ისინი ადასტურებენ მითითებულ პერიოდში, 519 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე 25 კვ.მ. განაშენიანების ფართის მქონე შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტს, თუმცა მათთვის უცნობია მშენებლობის განხორციელების პერიოდი. იმავე წერილის თანახმად, 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ, ეს შენობა-ნაგებობა სრულად არის დანგრეული, რის გამოც მისი ასახვა საკადასტრო აზომვით ნახაზზე ვეღარ ხდება. მითითებული ინფორმაცია დასტურდება იმავე ამზომველების მიერ მომზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზებით. ნახაზებზე დაფიქსირებულია, „ნახაზი შესრულებულია დამკვეთის მითითებით“. შპს „რეესტრ-კადასტრის“ (ს/კ 444956567) ამზომველების საკადასტრო აღწერის თანახმად, ქ. თბილისი, წყნეთის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 519 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო 25.00 კვ.მ. საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობა (ტ.1.ს.ფ. 19-23).
7.4. თინათინ ბექაურმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან წარდგენილ 2016 წლის 27 ოქტომბრის №388003/12 განცხადებაში მიუთითა, რომ წყნეთის ქუჩის მიმდებარედ, წყნეთის ხევში არსებულ 519 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებულ 25 კვ.მ. სახლში ცხოვრობდა მამასთან ერთად. იმავე განცხადების თანახმად, ვინაიდან ეს უძრავი ქონება საჯარო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული, ელექტროენერგიას და წყალს იღებდა მამის სახელზე რიცხული, ქ. თბილისში, წყნეთის ქ. მე-2 ჩიხი №5-ში მდებარე უძრავი ქონების მრიცხველიდან. (ტ.1. ს.ფ. 161-167).
7.5. ამირან ქურასბედიანის და ნანული ნოზაძის, ასევე, გიორგი გელაშვილის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებებით დგინდება, რომ ვლადიმერ ბექაური 1990 წლიდან დღემდე ფლობს 519 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, მდებარე, ქ. თბილისი, წყნეთის ხევის მიმდებარე ტერიტორია. მასზე 2007 წლის 1 იანვრამდე აშენებულია სახლი, რომელშიც ვლადიმერ ბექაური ცხოვრობს შვილთან - თინათინ ბექაურთან ერთად. მიწის ნაკვეთი შემოღობილი იყო ღობით, რომლის დიდი ნაწილი დაზიანდა სტიქიის შედეგად. ნაკვეთზე გაშენებული იყო მრავალწლიანი ხეხილისა და ვაზის ნარგავები, რომელთაც ისინი უვლიდნენ. (ტ.1. ს.ფ. 69-70).
7.6. პირველი ინსტანციაში სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა ელენა ქურასბედიანმა განმარტა, რომ არის თინათინ ბექაურის მეზობელი და ბავშვობიდან, 70-იანი წლებიდან იცნობს მას და მის ოჯახს. თინათინ ბექაური მამასთან ერთად იყო ხოლმე წყნეთის ხევში, მდ. ვერეს მარჯვენა მხარეს, ხოლო თავად ცხოვრობდა მდინარის მარცხენა მხარეს. მოწმის განმარტებით, თინათინ ბექაურის მამა მრავალი წლის განმავლობაში ფერდობს ამუშავებდა და იქვე ჰქონდათ ფარდული. მოგვიანებით, მათ პატარა სახლიც ააშენეს და როდესაც მას სახლთან გაუვლია, თინათინ ბექაური მამასთან ერთად იქ იყო ხოლმე, თუმცა მისთვის დაზუსტებით არაა ცნობილი იმ სახლში ცხოვრობდნენ თუ არა. მისთვის ცნობილია, რომ 3-4 წლის წინ მომზადდა გარკვეული დოკუმენტები, მიწის ნაკვეთის დაკანონების მიზნით.
7.7. პირველ ინსტანციაში სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა ევტიპიდა ხუციშვილმა განმარტა, რომ 20 წელზე მეტი იცხოვრა წყნეთის ქუჩაზე და შემდეგ საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა, 1988 წელს. ამის მიუხედავად, წყნეთის ქუჩასა და წყნეთის ხევში იცნობს ძალიან ბევრ ადამიანს და ხშირად მიდის ხოლმე იქ. გარკვეულ პერიოდში, იყო საუბნო სარჩევნო კომისიის თავმჯდომარეც. შესაბამისად, მისთვის ცნობილია, რომ თინათინ ბექაური მამასთან ერთად ცხოვრობდა სტიქიის ზონაში, მდ. ვერეს მარჯვენა მხარეს. მამა მრავალი წლის მანძილზე ამუშავებდა მიწას. ადრე ჰქონდათ ძალიან პატარა ნაგებობა, ხოლო მოგვიანებით აგურით ააშენეს დაახლოებით 20 კვ.მ. ფართის შენობა, სადაც ცხოვრობდნენ.
7.8. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, რომ თინათინ ბექაურმა ჯერ კიდევ სტიქიის დადგომამდე 2015 წლის 13 მაისს №14/8911 განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ. თბილისში, წყნეთის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის ლეგალიზება. ასევე, დადგენილია, რომ მითითებულ კომისიას 2015 წლის 10 აგვისტოს კვლავ მიმართა თინათინ ბექაურმა და მოითხოვა ქ. თბილისში, წყნეთის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე, სტიქიის დროს დაზიანებული მიწის ნაკვეთისა და სახლის ლეგალიზება (ტ.1. ს.ფ.15).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 07 ივლისის №14/8911 წერილით თინათინ ბექაურს ეცნობა, რომ 2016 წლის 23 მაისს კომისიამ განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება (ოქმი №503) უარის თქმის შესახებ, ვინაიდან არ დასტურდება მიწის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე; ასევე, მიწის ნაკვეთი მოქცეულია მდ. ვერეს ხეობის სტიქიური უბედურების ზონაში. (ტ.1. ს.ფ. 92-96).
7.9. სააპელაციო სასამართლო მოცემულ შემთხვევაში ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2011 წლის 9 ივნისის Nბს-1896-1849(კ-10) გადაწყვეტილებაში გაკეთებულ განმარტებებზე და აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი ადგილი ფართო მნიშვნელობის ტერმინია, რომლის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს „რეგისტრაციის ადგილი“ და „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“. თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღმდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება, დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დადასტურდეს მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილად წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.
7.10. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით, კერძოდ აპელანტის ახნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფოტოსურათებით, შპს „რეესტრ-კადასტრის“ (ს/კ 444956567) ამზომველების გივი ბახტაძისა და ლევან ონიანის 2016 წლის 28 იანვრის განცხადებით, საკადასტრო ნახაზითა და აღწერით დასტურება 2015 წლის 13-14 ივნისის პერიოდში, 519 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე 25 კვ.მ. განაშენიანების საცხოვრებელი ფართის არსებობის ფაქტი, ამიტომ გამოყენებული უნდა იქნეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილი. ამ ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. სააპელაციო პალატა იმავდროულად ხელმძღვანელობს ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით,რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით განსაზღვრული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. სწორედ ამიტომ, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ თინათინ ბექაურის სარჩელის დაუკმაყოფილებლობა იმ პირობებში, როდესაც სრულად შესწავლილი, გამოკვლეული, დადგენილი და სათანადოდ შეფასებული არ არის საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, რადგან საკითხი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დამატებით კვლევასა და შეფასებას საჭიროებს.
7.11. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების შინაარსის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა თვლის, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს თინათინ ბექაურის სააპელაციო საჩივარი, უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თინათინ ბექაურის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდება; კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 20 ივნისის №01-8/4090, 2016 წლის 29 აგვისტოს №01-8/6061 და 2016 წლის 05 სექტემბრის №01-8/6197 გადაწყვეტილებები; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 21 დეკემბრის №1-2591 ბრძანება და დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ქონების მართვის სააგენტოს, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში გამოსცეს ახალი აქტი თინათინ ბექაურთან დაკავშირებით.
7.12. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქონების მართვის სააგენტო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და თინათინ ბექაურის განცხადების განხილვისას იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქონების მართვის სააგენტომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად აღნიშნული საკითხის განხილვისას უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება; აღნიშნულმა ადმინისტრაციულმა ორგანომ დოკუმენტების გამოთხოვის, ცნობების შეგროვების, დაინტერესებულ მხარეთა მოსმენის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, აუცილებელი დოკუმენტებისა და აქტების გამოყენების, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზომებისათვის მიმართვის გზით, უნდა უზრუნველყოს 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების დროს თინათინ ბექაურის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა; კერძოდ, წარმოადგენდა თუ არა თინათინ ბექაური 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის პერიოდში მის მიერ მითითებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირს და აღნიშნული სტიქიური მოვლენის შედეგად დაინგრა თუ არა მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს თინათინ ბექაურის სააპელაციო საჩივარი;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. თინათინ ბექაურის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 20 ივნისის №01-8/4090, 2016 წლის 29 აგვისტოს №01-8/6061 და 2016 წლის 05 სექტემბრის №01-8/6197 გადაწყვეტილებები; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 21 დეკემბრის №1-2591 ბრძანება და დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ქონების მართვის სააგენტოს, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში გამოსცეს ახალი აქტი თინათინ ბექაურთან დაკავშირებით.
5. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე: მარიამ ცისკაძე
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
გელა ბადრიაშვილი