განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.03.2019
საქმის ნომერი
020210019002539515
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები, ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
21.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020210019002539515

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-149-2019 21 მარტი, 2019 წელი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ლაურა მიქავა

 

სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მა----- ნა----- - მი----------- ღ-------–ია - გა-–--- გო---

დავის საგანი - დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ამ ნაწილში სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

- გა-–--- გო---ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- მოპასუხე მა----- ნა-----ს (პირადი №-----------) არასრულწლოვანი შვილის - ნ-----–---- ნა-----ს (დაბადების თარიღი - 31.1-.2--- წელი) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა თვეში 130 ლარის ოდენობით, 2018 წლის 11 ივლისიდან შვილის სრულწლოვანებამდე;

- განსაკუთრებული გარემოების (მწვავე ჯანმრთელობის მდგომარეობის) გამო, მოპასუხე მა----- ნა-----ს არასრულწლოვანი შვილის - ნ-----–---- ნა-----ს (დაბადების თარიღი - 31.1-.2--- წელი) სასარგებლოდ ყოველწლიურად დაეკისრა დამატებითი ხარჯის 825 ლარის გადახდა ნ-----–---- ნა-----ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე;

- მა----- ნა-----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა - 50 ლარის ოდენობით;

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - ნ-----–---- ნა----- (დაბადების თარიღი - 31 დეკემბერი, 2--- წელი);

 

2.2. მხარეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ნ-----–---- ნა----- ცხოვრობს დედასთან ზ---------- მუნიციპალიტეტის სოფელ ნ--------ში, ხოლო მოპასუხე ცხოვრობს ზ---------- მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ-------ში;

 

2.3. ცალ-ცალკე ცხოვრების განმავლობაში არასრულწლოვანი შვილს მამა - მა----- ნა-----ს ფინანსურად არ დახმარებია;

 

2.4. ნ-----–---- ნა----- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის, მუდმივი დახმარების საჭიროების მქონე პირია. იგი დაავადებული იყო სხვადასხვა დაავადებებით, ჩაუტარდა გამოკვლევები და მის სამკურნალოდ დედამ - გა-–--- გო---მ გაიღო არაერთი ხარჯი;

 

2.5. 17.0-.2018 წელს გაცემული ცნობის თანახმად, ნ-----–---- ნა----- დაავადებულია სპასტიური დიპლეგიით. ექიმი გასცემს შემდეგი სახის სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციას: ,,საჭიროა გაგრძელდეს უწყვეტი ნეირორეაბილიტაცია მკურნალობა მინიმუმ 2 თვეში ერთხელ (წელიწადში 6-7 ჯერ). უწყვეტი კომბინირებული ანტიკონვულსიური თერაპიის ფონზე ტოპეფსისლი 150 მგ დღიური დოზა ეპიქსი 500 კგ. დღიური დოზა 6 თვეში ერთხელ კვლევის კონტროლი’’;

 

2.6. ნ-----–---- ნა-----სათვის შპს ,,ს----’’-ში ჩასატარებელი სარეაბილიტაციო პროცედურების ერთი კურსის საერთო ღირებულება შეადგენს 990 ლარს;

 

2.7. 2018 წლის 0- თებერვლის №5 ცნობის თანახმად, ნ-----–---- ნა-----მ გაიარა სარეაბილიტაციო პროცედურები სარეაბილიტაციო ცენტ ,,ს----’’-ში 1-.05.2017 წლიდან

23.06.2017 წლის ჩათვლით და მის მიერ ჩატარებული სარეაბილიტაციო პროცედურებისათვის გადახდილი თანხა შეადგენს 1400 ლარს;

 

2.8. დადგენილია, რომ მოპასუხე მა----- ნა----- მუშაობს სოფელ ჯ---ის საჯარო სკოლაში და მისი თვიური ხელფასი შეადგენს 317 ლარს. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხეს აქვს სოფლის მეურნეობის შემოსავალი. კერძოდ, მას გააჩნია საკუთრებაში მიწის ნაკვეთი 6000 კვ.მ ოდენობით, სადაც გაშენებული აქვს თხილი 150 ძირი, მანდარინი 200 ძირი და ყავს ერთი ძროხა. სასამართლოს სხდომაზე თავად მოპასუხის განმარტების შესაბამისად, ნ-----–---- ნა-----ს თხილისაგან წლიური საშუალო შემოსავალი აქვს 450 ლარის ოდენობით, ხოლო მანდარინისაგან - 1200 ლარის ოდენობით;

 

2.9. მა----- ნა-----ს აქვს კრედიტი და იხდის მას სს ,,თ----------ში’’;

 

2.10. საქმეში წარმოდგენილი ს------–---- ცნობებით დადგენილია, რომ მოპასუხე არ არის შრომისუუნარო, მას შეუძლია გადაუხადოს ალიმენტი თავის არასრულწლოვან შვილს;

 

2.11. მოპასუხესთან ერთად ცხოვრობს თავის დედა - მ---- ნა-----, რომელიც მა----- ნა-----ს კმაყოფაზე არ არის. მას გააჩნია პენსია 180 ლარის ოდენობით;

 

2.12. სასამართლომ სსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო სარჩელში მითითებული გარემოებების სრულყოფილად დასაბუთება, თავის მხრივ მოპასუხემაც ვერ გაართვა თავი დაედასტურებინა ის გარემოება, რომ ერთი მხრივ, ალიმენტი 100 ლარის ოდენობით არის საკმარისი ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველსაყოფად და ვერ გადაიხდის უფრო მეტს, და მეორე მხრივ, ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით ბავშვის სამედიცინო მომსახურებას ფინანსურად უზრუნველყოფს ზ----------------–----–-------- გამგეობა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ; არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით;

 

2.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით; მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება;

 

2.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას;

 

2.16. აღნიშნული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, შვილების რჩენა და მათზე ზრუნვა მშობლების უპირველესი მოვალეობაა, რომელიც თანაბრად აკისრია როგორც დედას, ისე მამას. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური მატერიალური მდგომარეობა, რადგან ალიმენტის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება უნდა იყოს რეალურად აღსრულებადი;

 

2.17. სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, მათი ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა;

 

2.18. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ 400 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის საფუძვლიანობის შესახებ, ვინაიდან ამ ოდენობით ალიმენტის დაკისრების ფაქტობრივ საფუძველს არ იძლევა მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა, თუმცა ასევე არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია მასზედ, რომ ყოველთვიურად გადაიხდის მხოლოდ 100 ლარს, რადგან საქმეში წარმოდგენილი მასალები ცხადყოფენ, რომ მოპასუხეს აქვს უფრო მეტი ოდენობით ალიმენტის გადახდის შესაძლებლობა, უფრო მეტიც, მხოლოდ 100 ლარი არ არის საკმარისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის - ნ-----–---- ნა-----ს საუკეთესო ინტერესების დასაცავად;

 

2.19. აღსანიშნავია, რომ მოპასუხე შეეცადა მისი 100 ლარზე მეტი ალიმენტის გადახდისუუნარობა დაესაბუთებინა სასამართლოსათვის საბანკო ვალდებულებებზე მითითებით, თუმცა ამ კუთხით ყურადსაღებია საქართველოს საკასაციო სასამართლოს განჩინება, რომელშიც მიეთითა, რომ პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ქ.ყ-ანის მიერ კრედიტის გადახდა მეტყველებს არა მის გადახდისუუნარობაზე, არამედ მის ქონებრივ შესაძლებლობაზე (იხ. განჩინება, ას-1356-1194-2010, 4 მარტი , 2011 წელი);

 

2.20. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე არსებული მოცემულობით, არასრულწლოვანი ბავშვების რჩენა-აღზრდისათვის და ალიმენტის გადამხდელის რეალური მატერიალური მდგომარეობის მხედველობაში მიღებით ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა იქნება ბავშვზე ყოველთვიურად 130 ლარი;

 

2.21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლით, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა). ამდენად, მითითებული ნორმა ითვალისწინებს ალიმენტვალდებული პირისათვის ალიმენტის გარდა იმ დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მოვალეობის დაკისრებას, რომელიც გამომდინარეობს განსაკუთრებული გარემოებებით. ასეთ გარემოებებს მიეკუთვნება ბავშვის მძიმე ავადმყოფობა და სხვა გარემოებები, რომლებსაც განსაკუთრებულობის ხასიათს ანიჭებს სასამართლო ყოველი კონკრეტული შემთხვევის შეფასების საფუძველზე. საერთაშორისო და საქართველოს შიდა კანონმდებლობა ორივე მშობელს ერთნაირად აკისრებს ვალდებულებას მონაწილეობა მიიღონ შვილის აღზრდაში. ეს პრინციპი იძლევა დამატებითი ხარჯების ნაწილის მეორე მშობლისათვის დაკისრების შესაძლებლობას. აქვე სამართლიანობის პრინციპის დაცვით, სარჩენის ინტერესებთან ერთად გასათვალისწინებელია მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა;

 

2.22. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა არასრუწლოვანი შვილი დაბადებიდან ავადმყოფობს, მას ჩაუტარდა არაერთი გამოკვლევა, როგორც ზემოთ აღინიშნა ნ-----–---- ნა----- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირია და ჯერ-ჯერობით საჭიროებს მუდმივ დახმარებას;

 

2.23. ჯანმრთელობის ცნობის თანახმად, ნ-----–---- ნა----- დაავადებულია სპასტიური დიპლეგიით. მას ჭირდება უწყვეტი ნეირორეაბილიტაციის მკურნალობა მინიმუმ 2 თვეში ერთხელ (წელიწადში 6-7 ჯერ), უწყვეტი კომბინირებული ანტიკონვულსიური თერაპიის ფონზე ტოპეფსისლი 150 მგ დღიური დოზა ეპიქსი 500 კგ. დღიური დოზა 6 თვეში ერთხელ ეეგ კვლევის კონტროლი. აღნიშნული სარეაბილიტაციო პროცედურების ერთი კურსის საერთო ღირებულება შეადგენს 990 ლარს;

 

2.24. მოპასუხემ უარი განაცხადა დამატებით ხარჯებში მონაწილეობაზე და ამ კუთხით ფაქტობრივ საფუძვლად სასამართლოს წინაშე აღნიშნა, რომ მის მიერ წარმოდგენილი ცნობით ზ----------------–----–-------- გამგეობა გამოთქვამს მზაობას აუნაზღაუროს ს------–---- მომსახურება (მექანოთერაპია, მანუალური თერაპია, ფიზიოთერაპია) ნ-----–---- ნა-----ს 500 ლარით, თუმცა აღნიშნული ცნობა (საგარანტიო ფურცელი) გაცემულია 1-----2017 წელს და მისი მოქმედების ვადა გასულია;

 

2.25. სასამართლომ მიაჩნია, რომ ნ-----–---- ნა-----ს მწვავე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სახეზეა მა----- ნა-----ს მიერ დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღების აუცილებლობის ფაქტობრივი საფუძველი და ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესისა და მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, წლიური შემოსავლის მხედველობაში მიღებით, მა----- ნა-----ს უნდა დაეკისროს ყოველწლიურად დამატებითი ხარჯის 825 ლარის (წლიური შემოსავლის ნახევარი) გადახდა შვილის - ნ-----–----ი ნა-----ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

 

3. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მა----- ნა-----მ

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ, რომ მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი ცნობის თანახმად ზ----------------–----–-------- გამგეობა გამოთქვამს მზაობას აუნაზღაუროს ს------–---- მომსახურება (მექანოთერაპია, მანუალური თერაპია, ფიზიოთერაპია) ნ-----–---- ნა-----ს 500 ლარით. სასამართლომ გადაწყვეტილებაში მოიხსენია აღნიშნული ცნობაზე თუმცა მიუთითა, რომ აღნიშნული ცნობა გაცემულია 1-----2017 წელს და მისი მოქმედების ვადა გასულია. სასამართლოს ამდაგვარი დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სრული, ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევიდან, რადგან ზ----------------–----–-------- გამგეობის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, აღებული ვალდებულება გამომდინარეობდა ზ----------------–----–-------- შესაბამისი დადგენილებიდან, რაც არ არის ერთჯერადი აქტი, არამედ მოქმედებს იმ პირთა მიმართ ვინც ცხოვრობს ზ----------------–----–-------- ტერიტორიაზე და საჭიროებს დახმარებას ს------–---- მომსახურებისა და ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების მიზნით. შესაბამისად, გამოჯანმრთელებამდე ზ----------------–----–-------- გამგეობა აფინანსებს ნ-----–---- ნა-----ს 500 ლარით, რაც სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში, რამაც განაპირობა უკანონო გადაწყვეტილების მიღება გასაჩივრებულ ნაწილში;

 

3.2. სასამართლომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში გამოიტანა სამართლის ნორმათა დარღვევით. სასამართლომ იმსჯელა გამოყენებულ სამართლებრივ ნორმებზე თუმცა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე არ დააკავშირა ისინი განსახილველ სადაო საკითხთან;

 

3.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლით, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა). ამდენად, მითითებული ნორმა ითვალისწინებს ალიმენტვალდებული პირისათვის ალიმენტის გარდა იმ დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მოვალეობის დაკისრებას, რომელიც გამომდინარეობს განსაკუთრებული გარემოებებით. ასეთ გარემოებებს მიეკუთვნება ბავშვის მძიმე ავადმყოფობა და სხვა გარემოებები, რომლებსაც განსაკუთრებულობის ხასიათს ანიჭებს სასამართლო ყოველი კონკრეტული შემთხვევის შეფასების საფუძველზე. ეს პრინციპი იძლევა დამატებითი ხარჯების ნაწილის მეორე მშობლისათვის დაკისრების შესაძლებლობას. აქვე სამართლიანობის პრინციპის დაცვით, სარჩენის ინტერესებთან ერთად გასათვალისწინებელია მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა. ასევე სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ სარჩენი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიიღებდა დაფინანსებას 500 ლარის ოდენობით. შესამამისად, დამატებით ხარჯებში მონაწილეობის ვალდებულება უნდა განსაზღვრულიყო 325 (სამას ოცდახუთი) ლარის ოდენობით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;

 

ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით;

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს გა-–--- გო---ს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მის სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა მითითებული სამართლის ნორმები; ხოლო სააპელაციო საჩივრის ფარგლებში პალატა დამატებით ადგენს შემდეგს:

 

4.2. სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი: შპს ,,უ------- კ-----–-“ ბავშვთა ახალ კლინიკის მიერ გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერიდან და ქვითრიდან ირკვევა, რომ 0-.07.2018წ. ნ-----–---- ნა-----სათვის ჩატარებული ვიდეო ეეგ მონიტორინგისათვის გადახდილი იქნა 65.60 ლარი;

- სს ,,ს------–---- კ----------–-- ე------“ მ.ი-–---–ის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს მიერ გაცემული ქვითრებით ირკვევა, რომ ნ-----–---- ნა-----სათვის 13.11.2018წ. გაწეული აბდომინური და ტრავმატოლოგიის-ორთოპედიის დეპარტამენტში ამბულატორიული კონსულტაციისათვის გადახდილი იქნა 60 ლარი; 1-.0-.2019წ. ვიდეო ეეგ მონიტორინგისათვის გადახდილი იქნა 65.60 ლარი; 2-.0-.2019წ. ამბულატორიული კონსულტაციისათვის გადახდილი იქნა 50 ლარი; 1-.0-.2019წ. ამბულატორიულ დეპარტამენტში ამბულატორიული კონსულტაციისათვის გადახდილი იქნა 60 ლარი;

- 1-.0-.2019წ. სს ,,ს------–---- კ----------–-- ე------“ მ.ი-–---–ის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს მიერ გაცემული №----- ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ირკვევა, რომ ნ-----–---- ნა-----ს აწუხებს სიარულის დარღვევა და დიაგნოსტირებულია სპასტიკური დაპლეგიის დიაგნოზით, კლინიკურად გამოხატულია სტასტიკური დიპლეგია; გამოხატული ძლიერი სპასტიკური დაჭიმულობა ორივე მხარეს კენჭის ტყოპი კუნთების და ქუსლის კუნთების არეში, რაც განაპირობებს თითის წვერებზე სიარულს. ჩატარებული აქვს მარჯვენა მხარეს მენჯ-ბარძაყის სახსრის რეკონსტურუქციის ოპერაცია. ავადმყოფობის მიმდინარეობა ქრონიკულია. სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციებია: სამკურნალო ფიზკულტურის კურსის გაგრძელება, კოჭ-წვივ-ტერფის ორთეზი ორივე ტერფისათვის ტერფის ნეიტრალურ პოზიციაში, 500 ერთ ,,ბოტოქსის“ ინექცია ორივე კანჭის და ქუსლის კუნთებისათვის;

- შპს ,,ს----ს“ მიერ გაცემული კალკულაციის თანახმად, ნ-----–---- ნა-----სათვის ჩასატარებელი პროცედურების: ა ტიპის ბოტულინის ინექცია (დისპორტი) და ა ტიპის ბოტულინის (დისპორტი) ინექცია კუნთებში, საერთო ღირებულება შეადგენს 900 ლარს;

 

4.3. განსახილველი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მხარეთა შორის სადავო საკითხს წარმოადგენს ნ-----–---- ნა-----ს მკურნალობისათვის დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღება. აპელანტი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მისი შვილი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიიღებდა დაფინანსებას 500 ლარის ოდენობით, შესამამისად, დამატებით ხარჯებში მონაწილეობის ვალდებულება უნდა განსაზღვრულიყო 325 (სამას ოცდახუთი) ლარის ოდენობით;

 

4.4. სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ;

 

4.5. სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა);

 

4.6. პალატა მიუთითებს, რომ საალიმენტო ვალდებულებათა მიზანია ბავშვისათვის აღზრდისა და რჩენისათვის ნორმალური პირობების შექმნა. საალიმენტო სახსრები შეიძლება არ იყოს საკმარისი იმ დამატებითი ხარჯების განსახორციელებლად, რაც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით. ეს არის განსაკუთრებული გარემოებების გამო დამატებით ხარჯებში მონაწილეობა და არა ბავშვის სარჩენი ხარჯების დამატებითი გადახდევინება, ამიტომ მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების (ან მომავალში აუცილებლად გასაღები ხარჯების) გათვალისწინებით, მყარი თანხებით და არ შეიძლება მისი წილობრივი დაკავშირება ხელფასის ან სხვა შემოსავლის ოდენობასთან. დამატებით ხარჯებში მოპასუხე მშობელი მონაწილეობს ერთჯერადი გადასახდელის სახით ან განსაზღვრული დროით განსაზღვრული თანხების გადახდით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 25.06.2009წ. #ას-180-507-09 გადაწყვეტილება);

 

4.7. პალატა მიუთითებს, რომ არასრულწლოვანის სარჩენად ალიმენტის გადამხდელი მშობლისათვის, დამატებითი ხარჯის სახით, ერთჯერადად თანხის გადახდის დაკისრება დასაშვებია მხოლოდ ისეთი განსაკუთრებული გარემოებების დადასტურებისას, როგორიცაა ბავშვის მძიმე ავადმყოფობა, დასახიჩრება და სხვა ობიექტური ფაქტორები. სსკ-ის 1215-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით ხარჯებში მონაწილეობის თაობაზე, სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ასეთი ხარჯის ოდენობის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს, რომელმაც თავისი პოზიციის დასამტკიცებლად, წარადგინა ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ მდგომარეობის და მისი მკურნალობის თაობაზე შესაბამისი მტკიცებულებები;

 

4.8. არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის ,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენცია (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან). კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს;

 

4.9. პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დამატებითი ხარჯების ოდენობას, თითოეული საქმის ფაქტობრივი საფუძვლების გათვალისწინებით, განსაზღვრა სასამართლოს მიხედულებაზეა დამოკიდებული, რომელიც ფასდება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე ბავშვის მკურნალობისათვის საჭირო აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, რომლის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას;

 

4.10. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნ-----–---- ნა----- არის მძიმე ავადმყოფი, რომელიც სისტემატიურად საჭიროებს რეაბილიტაციის კურსს და მკურნალობას. ბავშვის ავადმყოფობის სირთულის და მისი მკურნალობისათვის გაღებული და შემდგომში საჭირო რეაბილიტაციის გათვალისწინებით სასამართლოს რეალურად მიაჩნია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის ოდენობა - 825 ლარი. პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები;

 

4.11. აპელანტი უთითებს, რომ მისი შვილი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიიღებდა დაფინანსებას 500 ლარის ოდენობით, შესამამისად, დამატებით ხარჯებში მონაწილეობის ვალდებულება უნდა განსაზღვრულიყო 325 (სამას ოცდახუთი) ლარის ოდენობით. აღნიშნულზე პალატა მიუთითებს, რომ ნ-----–---- ნა-----ს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ესაჭიროება ძვირადღირებული და ხანგრძლივი მკურნალობა, ხოლო გამგეობის მიერ გამოყოფილი დახმარება, რომელიც ისედაც საკმარისი არ არის, ვერ გახდება შვილის მიმართ მამის ზემოაღნიშნული ვალდებულების შემცირების საფუძველი. ამასთან დადასტურებულიც არაა, რომ გამგეობა შეძლებს ნ-----–---- ნა-----ს გამოუყოს აღნიშნულ თანხა ან/და ამ დახმარების მიღებას შეძლებს მოსარჩელე მხარე ბავშვის გამოჯანმრთელებამდე;

 

4.12. ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის მკურნალობისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში სასამართლოს მიერ განსაზღვრული დამატებითი ხარჯი არის გონივრული ოდენობის;

 

4.13. ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას დამატებითი ხარჯის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე. პალატა მხედველობაში იღებს აპელანტის მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობას, მის ვალდებულებებს, საყოფაცხოვრებო ხარჯებს, თუმცა ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ დადგენილი დამატებითი ხარჯი - წლიური 825 ლარის ოდენობით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნ-----–---- ნა-----ს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და ამასთან, არ სცილდება გონივრულობის ფარგლებს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მა----- ნა-----ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი წინასწარ იქნა გადახდილი;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მა----- ნა-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლაურა მიქავა