განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001539872
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/1382-18 13 დეკემბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე
მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი
თამარ ალანია
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - ქ. თ---–----------–----–-------ს მ----ა (მოპასუხე/შეგებებული სარჩელის ავტორი)
წარმომადგენელი - ს---–-----------ე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს--–-----–---ს--------–-- ს------–------–-ო ს-–------ ჩ--–--------------------–ი“ (მოსარჩელე/ მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
წარმომადგენელი - უ--------------–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.12.2017წ. გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ქ. თ---–----------–----–-------ს მ----ას დაეკისროს 134 606,95 ლარი;
1.2. შემცირდეს მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა და იგი 74 697,58 ლარის ნაცვლად განისაზღვროს 4530,69 ლარით.
1.3. ქ. თ---–----------–----–-------ს მ----ას დაეკისროს პირგასამტეხლო შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების ვადაგადაცილებისთვის 2 557,53 ლარის ოდენობით;
1.4. ქ. თ---–----------–----–-------ს მ----ას დაეკისროს სს „ს----------------------------–----იდან“ საბანკო გარანტიის საფუძველზე გამოთხოვილი თანხა 11 600 ლარის ოდენობით.
მხარეთა შორის 2014 წლის 01 ივლისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც სამუშაოების მიწოდების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 დღე. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 26.06.2014წ. მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა საბანკო გარანტია 11 600 ლარზე. შპს „ჯ--------------------------------ის“ მიერ მშენებლობის გახანგრძლივების გამო 2014 წლის 31 ივლისს მხარეთა შეთანხმებით გაგრძელდა სამუშაოების შესრულების ვადები და შესრულების ვადად განისაზღვრა კ-----–---–----ის საქალაქო სამსახურის წერილობითი დავალების მიცემიდან 50 დღე, მაგრამ არა უგვიანეს 2014 წლის 30 ნოემბერი. 2014 წლის 29 ოქტომბერს სამუშაოების პროექტში შესატანი აუცილებელი ცვლილებების გამო მხარეთა შორის კვლავ გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი. 2015 წლის 05 მარტის შეთანხმებით ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება განისაზღვრა 537 599,14 ლარით. მოსარჩელის მიერ სრული მოცულობით განხორციელდა ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხემ ბოლო ორი შესრულება, ღირებულებით 134 606,95 ლარი, მიიჩნია წუნდებულად და არ განუხორციელებია ანგარიშსწორება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ საფუძვლით მოპასუხემ უარი განაცხადა სამუშაოების მთლიანი ღირებულების ანაზღაურებაზე. მოპასუხემ არ გაითვალისწინა მოსარჩელის მიერ სსიპ გ-------------------–----------ოდან წარმოდგენილი ცნობები ნალექიანობის შესახებ, რაც ფორს-მაჟრული გარემოებიდან გამომდინარე წარმოადგენდა შესრულებული ვადის შეჩერების საფუძველს, სულ 41 კალენდარული დღე.
მხარეთა შორის 2014 წლის 27 ნოემბერს გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი N1 ღირებულებით - 60 240,47 ლარი, ხოლო 2015 წლის 06 თებერვალს გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი N2 - ღირებულებით 198 016,25 ლარი. მიუხედავად აღნიშნულისა, მ----ის შესყიდვების საქალაქო სამსახურის 2014 წლის 03 დეკემბრის წერილით მოსარჩელეს ეცნობა სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ 2014 წლის 14 ნოემბრიდან 2014 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით 6780,16 ლარი, ხოლო 2014 წლის 26 ნოემბრიდან 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით - 37 855,90 ლარი. მოსარჩელის განმარტებით, მათი მხრიდან ვალდებულების დაგვიანებით შესრულება გამოწვეული იყო იმ ობიექტური გარემოებებით, კერძოდ, სხვა ფაქტორებთან ერთად ნალექის არსებობის გამო სამუშაოს შესრულების შეუძლებლობა, რის თაობაზეც ეცნობა კიდეც მოსარჩელეს. ქ.თბილისის მ----ის მიერ სადაზღვევო კომპანიის მიმართ წარდგენილი იქნა გარანტიის მოთხოვნა 11 600 ლარის ოდენობით.
მოსარჩელემ მოპასუხეს 18.02.2015წ. წარუდგინა შესრულებული სამუშაოების შუალედური აქტები ოთხი ნაწილად. მოპასუხემ ააიპ „თ---–----------–----–-------–-------------იის“ დასკვნის საფუძველზე 2015 წლის 11 მარტს შესრულებული სამუშაოების მხოლოდ ორ ნაწილზე გააფორმა მიღება-ჩაბარების აქტები ღირებულებით - 144 735,50 ლარი, ხოლო დანარჩენი ორი ნაწილი - ღირებულებით 134 606,95 ლარი კი მიიჩნია წუნდებულად ასფალტო-ბეტონის შემადგენლობის ხარისხობრივი კოეფიციენტის არადამაკმაყოფილებლობის გამო და უარი განაცხადა აღნიშნული თანხის ანგარიშსწორებაზე.
მოპასუხემ განახორციელა პირველ ორ ნაწილზე პირგასამტეხლოს დაკისრება, კერძოდ, პირგასამტეხლომ 2015 წლის 01 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით შეადგინა 8901,59 ლარი. თბილისის მ----ამ სამუშაოების წუნდებული ბოლო ორი ნაწილის გამოსწორების მიზნით მოსარჩელეს განუსაზღვრა ერთკვირიანი ვადა, ხოლო 2015 წლის 24 აპრილის წერილით კი მოსარჩელეს დააკისრა პირგასამტეხლო 2015 წლის 17 თებერვლიდან 21 აპრილის ჩათვლით 21 459,93 ლარის ოდენობით და უარი განაცხადა ხელშეკრულებაზე. ქ.თბილისში, მ-------ის ქუჩაზე 2014-2015 წლებში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა ნაწილი მოპასუხის მიერ წუნდებულად იქნა მიჩნეული, დღეის მდგომარეობით არ დაზიანებულა და სრული მოცულობით ხდება მისი ექსპლoატაცია თ---–----------ის მიერ (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია:
მოსარჩელემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება. მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ნაწილი მიჩნეული იქნა წუნდებულად და მხარეს მიეცა შესაძლებლობა, რომ გამოესწორებინა წუნდებული სამუშაო, თუმცა უშედეგოდ. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ სამუშაოების არაჯეროვანი შესრულების გამო შემსყიდველის მიერ მისი მიღება არ მომხდარა, არ არსებობს მისი ღირებულების ანაზღაურების საფუძველი.
ვერ დგინდება თუ რა გამოთვლებს ეყრდნობა მოსარჩელე პირგასამტეხლოს დაანგარიშებისას. მოსარჩელის განმარტებით, მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ხელშეკრულების ღირებულების 15%, თუმცა რეალურად მიმწოდებლისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ს. ამასთან, ნალექიანი ამინდები ვერ ჩაითვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფორს- მაჟორულ გარემოებად, ვინაიდან მას არ გააჩნია დაუძლეველი ძალის ხასიათი, რომელიც გამორიცხავ ვალდებულების შესრულებას. არსებობს სპეციალური ტექნიკა, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელი იყო ნალექიან ამინდშიც საგზაო- ს--–-----–-- სამუშაოების წარმოება. გასათვალისწინებელია, რომ პირგასამტეხლო არ არის შეუსაბამოდ მაღალი და არ უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელი პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე. ამასთან, მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლო უკვე გადახდილია. იმის გათვალისწინებითა, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება განხორციელდა 20 დღეზე მეტი ვადის გასვლის შემდეგ - 2015 წლის 31 იანვარს, მ----ის მიერ გამოთხოვილი იქნა საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 2%-ის ოდენობით.
3. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა
მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლო 21 459,93 ლარის ოდენობით.
4. შეგებებული სარჩელის საფუძვლები:
მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არაჯეროვნად შესრულდა. გზის საფარის ზედა ფენის ხარისხი არადამაკმაყოფილებელია და გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხის მიერ ნაკლის გამოსწორება არ მომხდარა. ამასთან, სამუშაოები მხარეს არ ჩაბარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და შესაბამისად, მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, კერძოდ, 2015 წლის 17 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით -1160 ლარი და 2015 წლის 20 მარტიდან 2015 წლის 21 აპრილის ჩათვლით - 19139,93 ლარი. ასევე, არაჯეროვანი შესრულების გამო დაჯარიმდა ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ით - 580 ლარით, სულ ჯამურად პირგასამტეხლომ შეადგინა 21 459,93 ლარი.
5. შეგებებული სარჩელით მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე მხარემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 537 599,14 ლარს. გაუგებარია რატომ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო, როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უკვე შესრულებულია და მოსახლეობა მ-------ის ქუჩით სარგებლობს შეფერხების გარეშე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.12.2017წ. გადაწყვეტილებით:
1. მოსარჩელე შპს „ს--–-----–---ს--------–-- ს------–------–-ო ს-–------ ჩ--–--------------------–ის“ სარჩელი მოპასუხე ქ.თ---–----------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო ქ.თ---–----------ის შეგებებული სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე - არ დაკმაყოფილდა.
1.1. მოპასუხე ქ.თ---–----------ას მოსარჩელის შპს „ს--–-----–---ს--------–-- ს------–------–-ო ს-–------ ჩ--–--------------------–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 134 606,95 ლარის გადახდა;
1.2. შემცირდა მოპასუხე მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო და მოსარჩელეს ქ.თ---–----------ის სასარგებლოდ დაეკისრა შემცირებული პირგასამტეხლო 4530,69 ლარის ოდენობით;
1.3. მოპასუხე ქ.თ---–----------ას მოსარჩელის შპს „ს--–-----–---ს--------–-- ს------–------–-ო ს-–------ ჩ--–--------------------–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების ვადაგადაცილებისთვის 2 557,53 ლარის ოდენობით;
1.4. მოპასუხე ქ.თ---–----------ას მოსარჩელის შპს „ს--–-----–---ს--------–-- ს------–------–-ო ს-–------ ჩ--–--------------------–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა მოპასუხის მიერ სს „ს----------------------------–----იდან“ საბანკო გარანტიის საფუძველზე გამოთხოვილი თანხა 11 600 ლარის ოდენობით.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.12.2017 წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თ---–----------–----–-------ს მ----ამ და მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
7.1. დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ მიმწოდებელმა სრულად და ხარისხიანად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლითაც არ დასტურდება 2014 წლიდან დღემდე ქ. თბილისში, მ-------ის ქუჩაზე მ----ის მიერ დამატებით რაიმე სახის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება. ააიპ თ---–----------–----–-------–-------------იის“ მიერ საფარის ხედა ფენის ხარისხის დადგენის მიზნით 24.02.2015წ.ჩაატარა ლაბორატორიული კვლევევბი, სადაც დაფიქსირდა არადამაკმაყოფილებელი შედეგი. არნიშნული შედეგის გადამოწმების მიზნით განმეორებითი კვლევა ჩატარდა 04.03.2015წ., თუმცა კვლავ არადამაკმაყოფილებელი შედეგი დაფიქსირდა. უარყოფითი შედეგი აჩვენა ასევე 06.03.2015წ. ჩატარებულმა კვლევამ. ზემოაღნიშნულიდან გამომდიანრე, წუნდებულად ჩაითვალა საფარის ზედა ფენა ფართით 4178.14 მ2, ნორმით გათვალისწინებული 1462.35 ლ. ბიტუმის ემულსიის ჩათვლით. წუდებულად ჩაითვალა ასევე 21 ჭა. მიმწოდებელს განესაზღვრა ერთკვირიანი დამატებითი ვადა ნაკლის გამოსასწორებლად, თუმცა უშედეგოდ.
მტკიცების ტვირთის განაწილების საპროცესო სტანდარტის შესაბამისად, სწორედ მოსარჩელეა ვალდებული, დაამტკიცოს სარჩელში მითითებული გარემოებები. კერძოდ ის ფაქტი, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაოები არ იყო წუნდებული. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სპეციალური ცოდნის მქონე პირის დასკვნა, რომლითაც დადასტურდებოდა მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხთან შესაბამისობა.
7.2. სასამართლო დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში სწორად მიუთითებს ხელშეკრულების მოქმედების ვადას -20.08.2015წ., თუმცა სამოტივაციო ნაწილში მცდარად განმარტავს, რომ ხელშეკრულება მოქმედებდა 2014 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით და შემდგომ სახელშეკრულებო ურთიერთობა მხოლოდ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე გაგრძელდა. 13.11.2014წ. წარმოადგენდა კონკრეტულ ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოების შესრულების ვადას. ამდენად, უსაფუძვბლოა სასამართლოს მითითება მოსარჩელისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების ფორმალური საფუძვლის (წერილობითი შეთანხმება) არარსებობაზე. პირგასამტეხლოს დარიცხვა გრძელდებოდა ხელშეკრულების შეწყვეტამდე, 24.04.2015წ.-მდე და არა კონკრეტულ ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოების ვადის გასვლამდე - 13.11.2014წ..
7.3. რაც შეეხება პირგასამტეხლოს შემცირებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე მითითებით,ნებაყოფლობით გადახდილი (ხელშეკრულებით შეთანხმებული) პირგასამტეხლო შემცირებას არ ექვემდებარება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ პირგასამტეხლო არ უნდა იყოს ნებაყოფლობით გადახდილი.
ხელშეკრულების მოქმედების სხვადასხვა ეტაპზე განხორციელებული სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების და შესრულების ვადის გადაცილების გამო მიმწოდებელს პირგასამტეხლო დაეკისრა ჯამში 53 237,65 ლარის ოდენობით, რაც ნებაყოფლობით გადაიხადა მოსარჩელე მხარემ. მ----ა შეგებებული სარჩელით ითხოვს ასევე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდას 21 459,93 ლარის ოდენობით. ანუ ჯამში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 73 537,58 ლარს, რაც არ შეიძლება განხილული იქნეს არაგონივრულ ოდენობად. სასამართლომ ხელშეკრულების ღირებულებად არასწორად მიუთითა 134 606,95 ლარი. ხელშეკრულების ღირებულება მხარეთა შეთანხმებით დაკორექტირდა და საბოლოოდ იგი განისაზღვრა 537 599,14 ლარის ოდენობით.
სასამართლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლოს შემცირებისას ვალდებულია განმარტოს და დაასაბუთოს, თუ რატომ მიიჩნევს პირგასამტეხლოს თანხას შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად. ამასთან, პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს გონივრული თანხით, შესაბამისი სამართლებრივი არგუმენტაციის საფუძველზე.
7.4. უსაფუძლოა სასამართლოს გადაწყვეტილება მ----ისთვის პირგასამტეხლოს სახით 2 557,53 ლარის დაკისრების თაობაზე. ხელშეკრულების 5.2 პუნქტით გათვალისწინებული ანგარისშწორება ვერ მოხდებოდა იმ მიზეზის გამო, რომ მოსარჩელემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება და შესაბამისად, მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა.
7.5. დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის მოპასუხისთვის დაკისრების ნაწილში. 29.10.2014წ. შეთანხმების საფუძველზე სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა 13.11.2014წ. ჩათვლით. ვინაიდან მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებული იქნა 20 დღეზე მეტი ვადით - სამუშაოების ნაწილი შესრულდა 2015 წლის 31 იანვარს, ხელშეკრულების 12.4 პუნქტის შესაბამისად, გამოთხოვილი იქნა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა ხელშეკრულების ღირებულების 2%-ის ოდენობით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის/უცვლელად დატოვების დასაბუთება
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
9. 01.07.2014წ. ქ. თ---–----------–----–-------ს მ----ას (შემდგომში „შემსყიდველი“) და შპს„ს--–-----–---ს--------–-- საექსპლოატაციო ს-–------ ჩ--–--------------------–ს“ (შემდგომში „მიმწოდებელი“) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად მოსარჩელეს უნდა განეხორციელებინა ქ.თბილისში, ჩ-----------ის რაიონში, მ-------ის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულებაც განისაზღვრა 579 998 ლარით (ტ.1, ს.ფ. 23-29).
ხელშეკრულებით მხარეებმა განსაზღვრეს:
- მისი მოქმედების ვადა 20.08.2015წ. ჩათვლით (3.6. პუნქტი);
- ანგარიშსწორება 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის სახსრებით, ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში (5.2. პუნქტი);
- შესრულებული სამუშაოს მიღებაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების წესი (7.1-7.3 პუნტები);
- შემსყიდველის ვალდებულება ოპერატიულად, წერილობითი სახით აცნობოს მიმწოდებელს საბოლოო შემოწმების შედეგები დაწუნებული სამუშაოს მოცულობისა და წუნდების მიზეზის მითითებით (7.5 პუნქტი);
- მოსარჩელის მერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით (12.2. პუნქტი);
- მიმწოდებლის მიერ შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1 %-ის ოდენობით (12.3. პუნქტი).
- შემსყიდველის მიერ 5.2. პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების (ანუ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში ანგარიშსწორების) შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდა ჩასარიცხი თანხის 0.1%ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (12.8. პუნქტი).
- მხარეთა ვალდებულება, რომ თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, შესაბამისმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება მიღებული აღნიშნულთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანით, მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით (17.1. პუნქტი).
- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ორჯერ დარღვევის ან შესრულების ვადის 20 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მოთხოვნის საბანკო გარანტიით უზრუნველყოფა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 2%-ის (11 600) ოდენობით (12.4. პუნქტი) (იხ.: ხელშეკრულება, ტ. 1, ს.ფ. 23-29).
10. 31.07.2014წ. შეთანხმებით ცვლილება შევიდა 01.07.2014წ. ხელშეკრულებაში და სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა კ-----–---–----ის საქალაქო სამსახურის წერილობითი დავალების მიცემიდან 50 დღით, მაგრამ არაუგვიანეს 2014 წლის 30 ნოემბრისა. ცვლილება შევიდა 3.6 პუნქტში და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 30 ნოემბერის ჩათვლით. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებული იყო უზრუნველეყო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელება 2014 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით (ტ.1, ს.ფ.32).
11. 29.10.2014წ. შეთანხმებით ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულებად კი - 565 013,43 ლარი (579 998 ლარი შემცირდა 14 984,57 ლარით) (ტ.1, ს.ფ.40).
საბოლოოდ სამუშაოების მოცულობების ნაწილობრივი კორექტირების გამო ორივე მხარის შეთანხმებით ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 537 599,14 ლარით (565 013,43 ლარი შემცირდა 27 414,29 ლარით) (ტ.1, ს.ფ.225-227).
ამდენად, მხარეთა ორმხრივი ნების საბოლოოდ შეთანხმებით სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი, ხელშეკრულების ღირებულებად კი - 537 599,14 ლარი.
12. სადავო არ არის ფაქტი მასზედ, რომ მიმწოდებელს სამუშაოები არ დაუსრულებია 13.11.2014წ. ჩათვლით პერიოდში.
13. მიმწოდებელს და შემსყიდველს შორის გაფორმდა შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები, კერძოდ:
- 27.11.2014წ. მიღება-ჩაბარების აქტი N1-ის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების ფაქტიური ღირებულება შეადგენს 60240,47 ლარს, მათ შორის დღგ 9189,22 ლარი. მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოები დადასტურებულია 2014 წლის 25 ნოემბრის ფორმა N2-ის მიხედვით (ტ.1, ს.ფ. 49);
- 06.02.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტი N2-ის თანახმად, შესრულებული სამუშაოების ფაქტიური ღირებულება შეადგენს 198 016,25 ლარს, მათ შორის დღგ 30 205,87 ლარი. მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოები დადასტურებულია 2015 წლის 31 იანვრის ფორმა N2-ის მიხედვით (ტ.1, ს.ფ. 65).
- 11.03.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტი N3-ის თანახმად, შესრულებული სამუშაოების ფაქტიური ღირებულება შეადგენს 108 381,80 ლარს, მათ შორის დღგ 16 532,82 ლარი. მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოები დადასტურებულია 2015 წლის 10 მარტის ფორმა N2-ის მიხედვით (სამუშაოს დასრულების თარიღია 16 თებერვალი, 2015 წელი) (ტ.1, ს.ფ. 83).
- 11.03.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტი N4-ის თანახმად, შესრულებული სამუშაოების ფაქტიური ღირებულება შეადგენს 36 353,70 ლარს, მათ შორის დღგ 5545,48 ლარი. მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოები დადასტურებულია 2015 წლის 10 მარტის ფორმა N2-ის მიხედვით (სამუშაოს დასრულების თარიღია 16 თებერვალი, 2015 წელი) (ტ.1, ს.ფ. 84).
მხარები არ დავობენ, რომ ზემოაღნიშნულ ორმხრივად ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტებით გათვალისწინებული თანხა - 402 992 - შემსყიდველის მიერ ანაზღაურებულია სრულად. შესაბამისად, ხელშეკრულების საბოლოოდ შეთანხმებული ღირებულებიდან - 537 599,14 ლარიდან - ანაზღაურებული არ არის 134 606,95 ლარი, ანუ სწორედ ის თანხა, რასაც მიმწოდებელი ითხოვს წარმოდგენილი სარჩელით.
14. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება 134 606.95 ლარის ოდენობით, რომელზეც, მართალია, მიღება-ჩაბარების აქტზე შემსყიდველს ხელი არ მოუწერია, თუმცა სამუშაოები ფაქტობრივად მიღებულია, ვინაიდან ხორციელდება მოწყობილ საფარზე მოქალაქეთა გადაადგილება (იხ.: სარჩელი, ტ.1, ს.ფ.1-22). საქმეში წარმოდგენილია შესრულებული სამუშაოების მიღების აქტი N5, რომლითაც შესრულებული სამუშაოების ღირებულება განსაზღვრულია ჯამში 134 606.95 ლარით და რომელიც ხელმოწერილია მოსარჩელის დირექტორის მიერ (ტ.1, ს.ფ.95-100).
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემსყიდველის მიერ 134 606.95 ლარის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარი მოტივირებულია იმ გარემოებით, რომ წუნდებულად მიიჩნია ა/ბ საფარის ზედა ფენა. პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის წინაპირობა, შემდეგ გარემოებათა გამო:
- 18.02.2015წ. წერილით მიმწოდებელმა შემსყიდველს შეატყობინა, რომ დასრულდა პროექტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები და ითხოვა საბოლოო მიღება-ჩაბარების პროცედურების წარმოება (ტ.1, ს.ფ.72).
- ააიპ „თ---–----------–----–-------–-------------იის“ 06.03.2015წ. წერილით შემსყიდველს და მიმწოდებელს ეცნობათ, რომ 24.02.2015წ., ა/ბ საფარის ზედა ფენის ხარისხის დადგენის მიზნით ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა არადამაკმაყოფილებელი შედეგი. არადამაკმაყოფილებელი შედეგი დაფიქსირდა ასევე გადამოწმების მიზნით, 04.03.2015წ. ჩატარებული კვლევითაც (დაწვრილებით იხ.: ტ.1, ს.ფ.87-90; 91-94; 102-103).
- თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოთხოვილი დოკუმენტაციით (ტ.1, ს.ფ.329-331) დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული ააიპ „თ---–----------–----–-------–-------------იის“ დასკვნებზე დაყრდნობით თავად ქალაქ თ---–----------–----–-------ს მ----ის კ-----–---–----ის სამსახურის პოზიცია იყო არა 134 606.95 ლარის ანაზღაურებაზე სრულად უარი, არამედ აქედან ღირებულების ნაწილის ანაზღაურება (იხ.: ტ.1, ს.ფ.337-351), თუმცა მიუხედავად ამისა, შემსყიდველმა (ქალაქ თ---–----------ამ) საერთოდ უარი თქვა 134 606.95 ლარის გადახდაზე, რასაც მოყვა წარმოდგენილი სარჩელი.
- პალატას მიაჩნია, რომ, ისეთ პირობებში, როცა 01.07.2014წ. ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულების პერიოდული ინსპექტირება და კონტროლი ცალსახად შემსყიდველის ვალდებულება იყო (6.1. პუნქტი), მისი მტკიცების ტვირთია იმის უტყუარად დადასტურება, რომ შესრულება იყო ნაკლიანი (კონკრეტული ხარვეზების დასაბუთებით), ნაკლი იყო მნიშვნელოვანი და არ არსებობდა 134 606.95 ლარის შესრულებული სამუშაოს მიღების საფუძველი.
- ქ. თ---–----------ის მ----–----–-------ს 20.03.2015წ. წერილით მიმწოდებელს განესაზღვრა ერთკვირიანი ვადა წუნდებული სამუშაოების გამოსასწორებლად (ტ.1, ს.ფ.101). ამასთან, მიმწოდებლის განმარტებით, მართალია, შემსყიდველი უთითებდა საფარის ზედა ფენის ხარვეზზე, მაგრამ ნაკლზე მითითება იმდენად ზოგადი, იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ რა უნდა გამოსწორებულიყო ისიც ბუნდოვანი იყო (ამის საშუალებას არ იძლეოდა მიმწოდებლისათვის მიწოდებული დოკუმენტაცია, ტ.1, ს.ფ.87-94); მიღებული შესრულების მიზნობრივი ექსპლოატაცია არ ფერხდებოდა (იხ.: მიმწოდებლის ახსნა-განმარტებები; ლაბორატორიული კვლევების შედეგები: ტ.1, ს.ფ.87-94).
- პალატა იზიარებს მიმწოდებლის მსჯელობას, რომ თუ შემსყიდველის პრეტენზია შეეხებოდა მნიშვნელოვან ნაკლს, რაც შესრულების მიზნობრივ გამოყენებას შეაფერხებდა, ვერ მოხდებოდა შესრულებული სამუშაოს ფაქტობრივად მიღება და მიზნობრივი გამოყენება (მასზე გადაადგილება) (ტ.1, ს.ფ.11).
- საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც ე.წ. ნაკლის გამოსწორების მიზნით დამატებითი სამუშაოების ჩატარების საჭიროების გამოვლენის და ასეთი სამუშაოების ვინმეს მიერ ჩატარების ფაქტს დაადასტურებდა. შესაბამისად, ივარაუდება, რომ შესრულებული სამუშაოების რეზულტატის ნაკლი იყო იმდენად უმნიშვნელო, რომ დამკვეთმა/შემსყიდველმა მიზანშეწონილად აღარ მიიჩნია მის გამოსასწორებლად დამატებით რაიმე სამუშაოების წარმოება.
- ამდენად, მართებულია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემული მსჯელობა მასზედ, რომ 2014 წლიდან დღემდე თბილისში, მ-------ის ქუჩაზე შემსყიდველის მიერ დამატებით განხორციელებული რაიმე სახის ს--------–-- თუ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება არ დგინდება; ასევე არ დგინდება, რომ მას შემდეგ, რაც მოსარჩელის მიერ ე.წ. „უხარისხოდ“ იქნა შესრულებული სამუშაოები, შემსყიდველი იძულებული გახდა დამატებით გამოეცხადებინა ტენდერი დარჩენილი სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მიღება-ჩაბარების აქტს ხელს არ აწერს შემსყიდველის წარმომადგენელი, მას ფაქტობრივად მიღებული აქვს შესრულებული სამუშაოები და ეკისრება მიმწოდებლისათვის მისი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება (ტ.1, ს.ფ.382).
- რაც შეეხება შესრულებული სამუშაოს ფაქტობრივ მიღებას, სააპელაციო პალატა განმარტავს შემდეგს: ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები) არც ერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით. მართალია, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა, იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი (იხ.: სუსგ 1.12.2011, საქმე №ას-3232-307-2011; სუსგ 29.09.2017წ. საქმე №ას-939-879-2017).
15. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:
თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში.
სამოქალაქო კოდექსის 639-ე მუხლი მენარდეს აკისრებს ნივთობრივად უნაკლო სამუშაოს რეზულტატის გადაცემის ვლდებულებას. ასეთად კი ამავე კოდექსის 641-ე მუხლის შესაბამისად მიიჩნევა შეთანხმებული პირობების რეზულტატის გადაცემა, ხოლო თუ თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ შესრულების რეზულტატი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.
რადგან დადგენილია ფაქტები მასზედ, რომ შესრულება ფაქტობრივად მიღებულია და შემსყიდველს არა აქვს ე.წ. ნაკლის გამოსწორების მიზნით დამატებითი სამუშაოების ჩატარების საჭიროების გამოვლენის და ასეთი სამუშაოების ვინმეს მიერ ჩატარების ფაქტი უტყუარად დადასტურებული, საფუძვლიანი სარჩელი შესრულებული სამუშაოების ღირებულების დარჩენილი ნაწილის - 134 606,95 ლარის მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე და არ არსებობს ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
16. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მიმწოდებლის სასარჩელო მოთხოვნა 74 697.58 ლარის პირგასამტეხლოს 4 530.69 ლარამდე შემცირების შესახებ და არ დაკმაყოფილდა შემსყიდველის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა 21 459.93 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
მიმწოდებლის სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება გარემოებებს მასზედ, რომ ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევა გამოიწვია ნალექიანი დღეების სიმრავლემ, რაც მიმწოდებლის ბრალით არ იყო გამოწვეული და რომ პირგასამტეხლოს ოდენობა ძალიან მაღალია, ამასთან, ბოლო შესრულება ფაქტობრივად მიღებულია.
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოსარჩელის მიერ ვადაში, კერძოდ, 2014 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით არ შესრულდა (იხ.: გადაწყვეტილების 11,12 პუნქტები). რაც შეეხება ამ ვადის დარღვევის მიზეზებს, ნალექიან დღეებს, საქმეში წარმოდგენილია გ-------------------–----------ოს მიერ 04.11.2014წ. გაცემული ცნობა მასზედ, რომ 2014 წლის 18 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით ნალექიან დღეთა რაოდენობა შეადგენდა 24 დღეს (ტ.1, ს.ფ. 41). ამავე სააგენტოს 17.12.2014წ. ცნობის თანახმად, 01.11.2014წ.-დან 14 დეკემბრის ჩათვლით ნალექიან დღეთა რაოდენობა იყო 17 დღე (ტ.1, ს.ფ. 42).
ამდენად, გათვალისწინებით იმისა, რომ საბოლოოდ 29.10.2014წ. ორმხრივი შეთანხმებით ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი, უშუალოდ ამ შუალედში ნალექიანი დღეების რაოდენობა არც ისე ბევრია, მაგრამ ეს დამაბრკოლებელი გარემოება გაგრძელდა ვადის ამოწურვის შემდგომ პერიოდში (ტ.1, ს.ფ.42).
ყოველივე ამის გათვალისწინებით, მოსარჩელემ მოითხოვა არა პირგასამტეხლოსაგან საერთოდ გათავისუფლება, არამედ მხოლოდ მისი გონივრულ ოდენობამდე შემცირება, რაც შეეხება 17 თებერვლიდან დარიცხულ პირგასამტეხლოს, მიმწოდებელი არ აღიარებს ამ ვალდებულებას.
ჯამში შემსყიდველმა მიმწოდებელს ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის დაარიცხა 74 697.58 ლარის პირგასამტეხლო:
- 03.12.2014წ. წერილით მიმწოდებელს ეცნობა, რომ მის მიერ დაირღვა რა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, 2014 წლის 14 ნოემბრიდან 2014 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%, კერძოდ, 6780,16 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ.50). აღნიშნული პირგასამტეხლო სრულად იქნა გადახდილი 2014 წლის 04 დეკემბერს (ტ.1, ს.ფ.51).
- 18.02.2015წ. წერილით მიმწოდებელს ეცნობა ვადის დარღვევის გამო 2014 წლის 26 ნოემბრიდან 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდზე იმავე მეთოდით დარიცხული პირგასამტეხლოს - 37 855,90 ლარის მოთხოვნა (ტ.1, ს.ფ.66). აღნიშნული პირგასამტეხლო სრულად იქნა გადახდილი 2015 წლის 19 თებერვალს (ტ.1, ს.ფ.67).
- 13.03.2015წ. წერილით მიმწოდებელს ეცნობა ვადის დარღვევის გამო 2015 წლის 01 თებერვლიდან 2015 წლის 16 თებერვლის ჩათვლით პერიოდზე იმავე მეთოდით დარიცხული პირგასამტეხლოს - 8 601,59 ლარის მოთხოვნა (ტ.1, ს.ფ.85). აღნიშნული პირგასამტეხლო სრულად იქნა გადახდილი 2015 წლის 16 მარტს (ტ.1, ს.ფ.86).
- 24.04.2015წ. წერილით შემსყიდველმა აცნობა მიმწოდებელს, რომ სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილების გამო ერიცხებოდა პირგასამტეხლო 2015 წლის 17 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით 1160 ლარი, ხოლო 2015 წლის 20 მარტიდან 2015 წლის 21 აპრილის ჩათვლით - 19 139,93 ლარის ოდენობით (ჯამში 21 459.93 ლარი) (ტ.1, ს.ფ. 102,103).
იმის გათვალისწინებით, რომ, მაგალითად, ორ დღეზე დარიცხული პირგასამტეხლო მოთხოვნილი იქნა 1160 ლარის ოდენობით, ნათლად ჩანს, რომ პირგასამტეხლო გამოანგარიშებულია არა სამუშაოს მიუღებელი ნაწილის ღირებულებიდან, არამედ მთელი ხელშეკრულების ღირებულებიდან, უფრო კონკრეტულად კი, არა მისი საბოლოოდ დაკორეტირებული ღირებულებიდან 537 599,14, არამედ იმ ღირებულებიდან, რაც თავდაპირველად ხელშეკრულებაში იქნა აღნიშნული.
ამდენად, ჯამში დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს - 74 697.58 ლარს, საიდანაც
მოსარჩელის მიერ გადახდილია 2014 წლის 14 ნოემბრიდან 2015 წლის 16 თებერვლამდე დარიცხული პირგასამტეხლო - ჯამში 53 237.67 ლარი. ხოლო რაც შეეხება 2015 წლის 17 თებერვლიდან 2015 წლის 21 აპრილის ჩათვლით დარიცხულ პირგასამტეხლოს - 21 459.93 ლარს, აღნიშნული მოსარჩელის მიერ გადახდილი არ არის.
17. პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა (21 459.93 ლარის გადახდა), რამეთუ:
- მიმწოდებელმა შემსყიდველს 18.02.2015წ. წერილობით აცნობა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შესახებ (ტ.1, ს.ფ.72). ანუ ამ თარიღამდე სამუშაოები დასრულებული იყო, კერძოდ, დასრულდა 16.02.2015წ.. როგორც შემსყიდველის 24.04.2015წ. წერილით დასტურდება, ამ დროისთვის სამუშაოების დასრულების ფაქტი შედავებული არ არის, შედავებულია ამ სამუშაოს ხარისხი (ტ.1, ს.ფ.102). გამომდინარე იქიდან, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით არ დადგინდა მიმწოდებლის მხრიდან ნაკლის მქონე შესრულება და დადგინდა შემსყიდველის მიერ შესრულების ფაქტობრივად მიღება, არ არსებობს 17.02.2015 წლიდან დარიცხული პირგასამტეხლოს მიმწოდებელზე დაკისრების საფუძველი.
ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი და არ არსებობს ამ ნაწილში გადაწყვეტილების შეცვლის წინაპირობა.
რაც შეეხება პირვანდელი სარჩელის მოთხოვნას პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, პალატას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც უნდა დარჩეს უცვლელი. კერძოდ:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
- პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას დაკრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევიპირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი). სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველყოფელი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ.: სუსგ Nას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.).
- ამდენად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს. აქვე პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში სასამართლოს მსჯელობა არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ.: სუსგ Nას-144-140-2016, 19.04.2016წ.).
- რაც შეეხება გარემოებას მასზედ, რომ პირგასამტეხლოს ნაწილი უკვე გადახდილია, პალატა სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ეს არ წარმოადგენს მის გონივრულობაზე მსჯელობის დამაბრკოლებელ გარემოებას.
როგორც საქმეზე წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით, შემსყიდველის წერილებით და პირგასამტეხლოს გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალებებით დასტურდება, შემსყიდველის მიერ მიღებული სამუშაოს ღირებულების მიმწოდებლისათვის ჩარიცხვა მხოლოდ მას შემდეგ ხდებოდა, რაც მიმწოდებელი გადაიხდიდა პირგასამტეხლოს შესაბამის ნაწილს (ტ.1, ს.ფ. 383,384). ეს გარემოება სააპელაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული და გაქარწყლებული არ არის (ტ.1, ს.ფ.391-404). შესაბამისად, ასეთი გადახდა არ შეიძლება სამართლებრივად შეფასდეს ნების თავისუფალი გამოვლენის პირობებში ნებაყოფლობით ვალდებულების შესრულებად და ამ გზით მისი ოდენობის შედავების კანონისმიერი უფლების შეზღუდვის საფუძვლად.
სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავინთი უფლებები და მოვალეობანი.
18. ამასთან, რადგან დადგინდა 17.02.2015 წლამდე მიმწოდებლის მიერ სამუშაოს სრულად შესრულება და არ დადგინდა შემსყიდველის მიერ 134 606.95 ლარის ანაზღაურებაზე უარის კანონიერება, გათვალისწინებით იმისა, რომ ეს თანხა დღემდე არ არის გადახდილი, თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა პირვანდელი სარჩელის მოთხოვნა 2 557,53 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ. ხელშეკრულების 12.8. პუნქტის თანახმად, შემსყიდველის მიერ 5.2. პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების (ანუ შესრულების მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში ანგარიშსწორების) შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ჩასარიცხი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პალატას მოთხოვნილი ოდენობა და მისი გამოთვლის წესი (უშუალოდ ჩასარიცხი თანხის პროცენტი) მიაჩნია გონივრულად და თვლის, რომ არ არსებობს ამ ნაწილში სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობა.
19. მიმწოდებელი პირვანდელი სარჩელით ასევე ითხოვს საბანკო გარანტიის საფუძველზე გამოთხოვილი თანხის 11 600 ლარის მისთვის დაბრუნებას. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მიმწოდებლის (პრინციპალის) ვალდებულება შემსყიდველის (ბენეფიციარის) წინაშე უზრუნველყოფილი იყო 11 600 ლარზე გაცემული საბანკო გარანტიით, რომლის მოქმედების ვადაც გაგრძელდა 30.12.2014წ. ჩათვლით (ტ.1, ს.ფ.30,32). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლი ადგენს საბანკო გარანტიის დეფინიციას: საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
სადავო არ არის, რომ 12.12.2014წ., ანუ გარანტიის მოქმედების ვადის დაცვით, შემსყიდველმა წერილით მიმართა გარანტს და აცნობა პრინციპალის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების ვადის 20 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით დარღვევის თაობაზე და ხელშეკრულების 12.4. პუნქტის საფუძველზე მოითხოვა საბანკო გარანტიის ფარგლებში გარანტიით გათვალისწინებული თანხის 11 600 ლარის ანგარიშზე ჩარიცხვა (ტ.1, ს.ფ.55, 56).
ამდენად, პრინციპალი (მიმწოდებელი) ითხოვს ბენეფიციარისაგან (შემსყიდველისაგან) ამ უკანასკნელის მიერ გარანტისაგან მიღებული და შემდეგ პრინციპალისაგან ანაზღაურებული თანხის გადახდას, როგორც უსაფუძვლოდ მიღებულ თანხას.
პალატა ამახვილებს ყურადღებას მასზედ, რომ პრინციპალი სადავოდ არ ხდის:
არც იმ ვალდებულებას, რომლის დარღვევასაც გარანტია უზრუნველყოფდა; არც პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტს და არც ბენეფიციარის მიერ გარანტისათვის მოთხოვნის გარანტიის მოქმედების ვადაში წარდგენას (იხ.: სარჩელი, ტ.1, ს.ფ.11,12).
მიმწოდებლის სარჩელი ეფუძნება გარემოებას მასზედ, რომ ვალდებულების დარღვევა არ არის გამოწვეული მისი ბრალით (გამოიწვია ნალექიანმა დღეებმა). გამომდინარე იქიდან, რომ დადგინდა ვალდებულებების მიმწოდებლის მიერ დარღვევა, არ არსებობს მისი პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლების საფუძველი, რაც თავის მხრივ, დასტურდება მისივე სარჩელით, რომლითაც იგი ვალდებულების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდისაგან არა საერთოდ გათავისუფლებას, არამედ მის გონივრულ ოდენობამდე შემცირებას ითხოვს, პალატას მიაჩნია, რომ ბენეფიციარის მიერ გარანტისაგან მიღებული თანხა შეესაბამებოდა საგარანტიო პირობებს და არ არსებობს ამ ნაწილში პირვანდელი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამდენად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.12.2017წ. გადაწყვეტილება საბანკო გარანტიის საფუძველზე გამოთხოვილი თანხის 11 600 ლარის დაკისრების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის 1.4 პუნქტი) და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში პირვანდელ სარჩელს უნდა ეთქვას უარი.
20. ქ. თ---–----------–----–-------ს მ----ა სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “უ” ქვეპუნქტის შესაბამისად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპრიოცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ვინაიდან წინამდებარე გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი კმაყოფილდება 11 600 ლარის ნაწილში, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 464 ლარის ოდენობით ( 11 600 -ის 4%).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ქ. თ---–----------–----–-------ს მ----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.12.2017წ. გადაწყვეტილება ქ. თ---–----------ისთვის შპს „ს--–-----–---ს--------–-- ს------–------–-ო ს-–------ ჩ--–--------------------–ის“ სასარგებლოდ სს „ს--------------------------–----იდან“ საბანკო გარანტიის საფუძველზე გამოთხოვილი თანხის 11 600 ლარის დაკისრების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის 1.4 პუნქტი). ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება და არ დაკმაყოფილდეს მოთხოვნა ქ. თ---–----------–----–-------ს მ----ისათვის 11 600 ლარის დაკისრების შესახებ.
3. შპს „ს--–-----–---ს--------–-- ს------–------–-ო ს-–------ ჩ--–--------------------–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 464 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: თამარ ალანია
ქეთევან მესხიშვილი