განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.12.2018
საქმის ნომერი
330210017002012347
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი, სამოქალქო
თარიღი
21.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002012347

საქმე №2ბ/797-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - ოთარ სიჭინავა

მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი, ამირან ძაბუნიძე

 

სხდომის მდივანი – მარიამ ცისკარიშვილი

 

აპელანტი - მ------------- (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - გ-------------ა

 

მოწინააღმდეგე მხარე - ნ------------–---–ი, ნ---------------ე (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ნ--------------–------ე (ნ------------–---–ის წარმომადგენელი)

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.12.2017წ. გადაწყვეტილება;

აპელანტის მოთხოვნა:

 

- გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ-------------ს სასარჩელო მოთხოვნები სესხის ძირითადი თანხის 29200 აშშ დოლარით და სარგებლის 1000 აშშ დოლარით განსაზღვრის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება.

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.12.2017წ. საოქმო განჩინების გაუქმება.

 

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

1. მ-------------ს სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1.1 ნაწილობრივ გაუქმდა 2017 წლის 25 მაისს გაცემული (№---------) სააღსრულებო ფურცელი მოსარჩელისთვის პირგასამტეხლოს სახით 0,12% დაკისრების ნაწილში და მ-------------ს მიერ კრედიტორ ნ------------–---–ის მიმართ ასანაზღაურებელი პირგასამტეხლოს მოცულობა განისაზღვრა 0,06 პროცენტით.

1.2 მ-------------ს სასარჩელო მოთხოვნები სესხის ძირითადი თანხის 29200 აშშ დოლარით, სარგებლის 1000 აშშ დოლარით და პირგასამტეხლოს 586,92 აშშ დოლარით განსაზღვრის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

1.3 მ-------------ს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ნ---------------ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. 2016 წლის 23 სექტემბერს ნ-------------–---–მა მ--------------ს სესხის სახით გადასცა 25000 აშშ დოლარი, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული №----------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება.

 

სესხი გაიცა ყოველთვიური სარგებლის სახით 2% დარიცხვით და სრული თანხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 23 მარტი.

 

ხელშეკრულების თანახმად გამსესხებელს წინასწარ აქვს მიღებული ერთი თვის სარგებელი.

მხარეთა შეთანხმებით ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოვალის მიმართ დასარიცხი პირგასამტეხლოს მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის 0,12 პროცენტით.

 

2.2. 2016 წლის 27 ოქტომბერს ცვლილება შევიდა მხარეთა შორის თავდაპირველად გაფორმებულ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში. კერძოდ, სესხის ძირითადი თანხა განისაზღვრა 32000 აშშ დოლარის მოცულობით.

 

2.3. კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე მოპასუხე ნოტარიუს ნ---------------ის მიერ 2017 წლის 25 მაისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. ამავე დოკუმენტის შესაბამისად კრედიტორის სასარგებლოდ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა: სესხის ძირითადი თანხა 32000 აშშ დოლარი, ორი თვის სარგებელი 1280 აშშ დოლარი, პირგასამტეხლოა ძირითადი თანხის 0,12 პროცენტი, რომლის დაკისრება გათვალისწინებულია 2017 წლის 23 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

კრედიტორის ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მ-------------ს კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე ვალდებულების სრულად შესრულების მტკიცების ტვირთი ეკისრება მსეხებელს, მოცემულ შემთხვევაში მ-------------ს.

სასამართლო ერთმნიშვნელოვნად განმარტავს, რომ საქმის მასალებში მ-------------ს მიერ კრედიტორის მიმართ თანხის სრულად ან ნაწილობრივ გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოდგენილი არ არის. ამავე გარემოებიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ 2017 წლის 25 მაისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში კრედიტორის მიმართ შესასრულებელი ვალდებულებანი ძირითადი თანხის 32000 აშშ დოლარის და სარგებლის 1280 აშშ დოლარის ნაწილში სწორადაა მითითებული.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით :

 

2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის დანაწესით სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მსესხებელმა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების სფუძველზე მიიღო 32000 აშშ დოლარი და თანხა გაიცა სარგებლის დარიცხვის პირობით. როგორც სასამართლომ დაადგფინა, მოვალის მხრიდან კრედიტორის მიმართ ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდის ვალდებულების სრულად შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოდგენილი არ ყოფილა და სასამართლოს მოსაზრებით მ-------------ს სასარჩელო მოთხოვნა სააღსრულებო ფურცელში სესხის ძირითადი თანხის ან სარგებლის შემცირების მოთხოვნით დაუსაბუთებელია.

2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ მითითებული ხელშეკრულებით, შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - სესხის ძირი თანხის 0,12 %.

ასევე დადგენილია, რომ მოვალემ არ შესრულებულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კრედიტორ ნ------------–---–ს გააჩნია პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებაც.

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა მხარეთა შორის წინასწარ იყო შეთანხმებული ხელშეკრულებით. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი ეს დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი უნდა იყოს. შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაზომიერების პრინციპი მიღებულ სარგებელს/შესრულებასა და დაკისრებულ პირგასამტეხლოს შორის.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლოს მოცულობა არაგონივრულია, აშკარად არ შეესაბამება სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებულ გონივრულ სტანდარტს და მისი მოცულობა უნდა შემცირდეს 0,06 პროცენტამდე.

 

2.7. სასამართლო განმარტავს, რომ ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 5-ე ნაწილის შესაბამისად ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.

სააღსრულებო ფურცელი გაიცემა ზემოაღნიშნული კანონის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2010 წლის 31 მარტის №71-ე ბრძანებით დამტკიცებული

«სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ» ინტრუქციის 72-ე მუხლით გათვალისწინებული სახით.

სასამართლო განმარტავს, რომ ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონი, ასევე

«სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ» ინსტრუქცია არ ითვალისწინებს ნოტარიუსის უფლებამოსილებას შეამციროს ან გაზარდოს მხარეთა გარიგებაში დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა და ამავე გარემოებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ნ---------------ის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად რომ მას 27.10.2016წ. ნ------------–---–ისგან დამატებით სესხად უნდა აეღო 7000 აშშ დოლარი, მაგრამ მიიღო მხოლოდ 4 200 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ვერ ასაბუთებს, რატომ დააკისრა გადაცემული თანხის ოდენობის დადასტურების მტკიცების ტვირთი მსესხებელს და არა გამსესხებელს. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ შეთანხმებული 7000 აშშ დოლარი მსესხებელს უნდა მიეღო ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, რაც ადასტურებს, რომ ხელმოწერის დროს თანხა ნ------------–---–ს ჯერ კიდევ გადაცემული არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე, გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცების ტვრითი გადადის გამსესხებელზე. დამატებითი სესხი 4 200 აშშ დოლარის ოდენობით აიღო აპელანტის წარმომადგენელმა და მეუღლემ გ-----–--------------ემ. ამდენად, სააპელაციო სასამართლოში დავის საგნის მოცულობაა 3080 აშშ დოლარი. სხვაობა სესხის ოდენობაში - 2800 აშშ დოლარი, ხოლო სარგებელი - 280 აშშ დოლარი. ნაცვლად 1280 აშშ დოლარისა აპელანტს გადასახდელი აქვს 1000 აშშ დოლარი.

 

3.2. სასამართლომ 21.12.2017წ. საოქმო განჩნებაში ვერ დაასაბუთა, რატომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მოწმის სახით გ-----–--------------ის დაკითხვის თაობაზე. განჩინებაში აღნიშნულია, რომ დავის საგანს წარმოადგენს სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლოს შემცირება, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. სარჩელში მე-2 სასარჩელო მოთხოვნა ჩამოყალიბებული იყო შემდეგნაირად: ნაწილობრივ გაუქმდეს ნოტარიუს ნ---------------ის მიერ 2017 წლის 25 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------) და ნ------------–---–ის (პ/ნ: 0----------) სასარგებლოდ მოსარჩელისთვის დაკისრებული თანხები განისაზღვროს შემდეგნაირად: ძირითადი თანხა 29200 აშშ დოლარი, გადაუხდელი სარგებელი - 1000 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლოს სახით, მისი შემცირების შედეგად - 586,92 აშშ დოლარი. ანუ, დავის საგანს წარმოადგენდა არა მხოლოდ პირგასამტეხლოს შემცირება, არამედ სესხის მოცულობის და ამ მოცულობიდან გამომდინარე დასაკისრებელი სარგებლის ოდენობის დადგენა. შესაბამისად სასამართლოში გ-----–--------------ის მოწმის სახით დაშვებისა და დაკითხვის თაობაზე ჩვენს შუამდგომლობაში (ერთვის საქმეს) მოყვანილი არგუმენტაციზე არ არის გაცემული დასაბუთებული და მოტივირებული პასუხი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. 2016 წლის 23 სექტემბერის ხელშეკრულებით ნ-------------–---–მა მ--------------ს სესხის სახით გადასცა 25000 აშშ დოლარი, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული №----------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება. სესხი გაიცა ყოველთვიური სარგებლის სახით 2% დარიცხვით და სრული თანხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 23 მარტი. ხელშეკრულების თანახმად გამსესხებელს წინასწარ აქვს მიღებული ერთი თვის სარგებელი. მხარეთა შეთანხმებით ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოვალის მიმართ დასარიცხი პირგასამტეხლოს მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის 0,12 პროცენტით (ტ.1, ს.ფ. 4-9).

 

4.2. 2016 წლის 27 ოქტომბერს ცვლილება შევიდა მხარეთა შორის თავდაპირველად გაფორმებულ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში. კერძოდ, სესხის ძირითადი თანხა განისაზღვრა 32 000 აშშ დოლარის მოცულობით (ტ.1, ს.ფ. 10-12).

 

4.3. კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე მოპასუხე ნოტარიუს ნ---------------ის მიერ 2017 წლის 25 მაისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. ამავე დოკუმენტის შესაბამისად კრედიტორის სასარგებლოდ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა: სესხის ძირითადი თანხა 32000 აშშ დოლარი, ორი თვის სარგებელი 1280 აშშ დოლარი, პირგასამტეხლოა ძირითადი თანხის 0,12 პროცენტი, რომლის დაკისრება გათვალისწინებულია 2017 წლის 23 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. კრედიტორის ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მ-------------ს კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება (ტ.1, ს.ფ. 15-17).

 

4.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.12.2017წ. გადაწყვეტილებით:

1. მ-------------ს სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1.1 ნაწილობრივ გაუქმდა 2017 წლის 25 მაისს გაცემული (№---------) სააღსრულებო ფურცელი მოსარჩელისთვის პირგასამტეხლოს სახით 0,12% დაკისრების ნაწილში და მ-------------ს მიერ კრედიტორ ნ------------–---–ის მიმართ ასანაზღაურებელი პირგასამტეხლოს მოცულობა განისაზღვრა 0,06 პროცენტით.

1.2 მ-------------ს სასარჩელო მოთხოვნები სესხის ძირითადი თანხის 29200 აშშ დოლარით, სარგებლის 1000 აშშ დოლარით და პირგასამტეხლოს 586,92 აშშ დოლარით განსაზღვრის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

1.3 მ-------------ს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ნ---------------ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.

 

აპელანტის მიერ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნები სესხის ძირითადი თანხის 29 200 აშშ დოლარით და სარგებლის 1000 აშშ დოლარით განსაზღვრის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ 27.10.2016წ., სესხისა და იპოტეკის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის და სესხის თანხის გაზრდისას, ნაცვლად 7000 აშშ დოლარისა, მსესხებელმა რეალურად სესხად მიიღო მხოლოდ 4 200 აშშ დოლარი.

 

4.5. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის არგუმენტების საწინააღმდეგოდ სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებთან მიმართებაში სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტი პრეტენზიას აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.12.2017წ. საოქმო განჩინებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა მოწმის სახით გ-----–--------------ის დაკითხვის თაობაზე (იხ.: სა ტ.1, ს.ფ. 117,118). აპელანტის განმატებით, გ-----–--------------ე არის მოსარჩელის მეუღლე და წარმოადგენდა მას სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას და მისი ჩვენებით დადასტურდებოდა გაცემული სესხის მოცულობა.

სააპელაციო პალატამ მიუთითებს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესით, კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოწმის ჩვენება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ვერ ჩაითვლება იმ შესაბამის და უტყუარ მტკიცებულებად, რომელიც გაცემული სესხის მოცულობის დასადგენად გამოდგება. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.12.2017წ. საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი.

 

აქვე პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შეტანის თაობაზე 27.10.2016წ. ხელშეკრულებაში ცალსახად აღნიშნულია, რომ მხარეთა შეთანხმებით ცვლილება შევიდა 23.09.2016წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში და სესხის თანხა გაიზარდა 7 000 აშშ დოლარით. აქვე მიეთითა, რომ სესხის მთლიანი მოცულობა განისაზღვრა 32 000 აშშ დოლარით (ტ.1, ს.ფ. 59-61). ამდენად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ რეალურად მსესხებელმა ნაცვლად 7 000 აშშ დოლარისა მიიღო 4200 აშშ დოლარი, ეკისრება მოსარჩელეს. იმ პირობებში, როდესაც უდავოა ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა, ხელშეკრულებაში არაორაზროვნადაა განსაზღვრული სესხის მოცულობა და ამასთან, მოპასუხე ადასტურებს აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის მიღების ფაქტს (სადავოდ ხდის მხოლოდ მიღებული თანხის ოდენობას), ის გარემოება, ხელშეკრულების მომდევნო პუნქტში მოცემულია დათქმა თანხის ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებისთანავე გადაცემის თაობაზე, ვერ გააქარწყლებს ფაქტს მასზედ, რომ მხარეთა შეთანხმებით ცვლილება შევიდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში და სესხის მთლიანი მოცულობა ცალსახად განისაზღვრა 32 000 აშშ დოლარით. უსაფუძვლოა აპელანტის მსჯელობა მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარისთვის გადაკისრების თაობაზე.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა ის გარემოება, რომ მან ნაცვლად 7 000 აშშ დოლარისა მიიღო 4200 აშშ დოლარი. მითითებული გარემოებების მტკიცების ტვირთი კი მოცემულ დავაში მოსარჩელე მხარის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენდა.

 

4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. კანონი მოვალეს აღჭურვავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას.

 

ამდენად, თანხის გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს, შესაბამისი მტკიცებულება კი სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე შეიძლება იყოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

საქმის მასალებში მოსარჩელის მიერ კრედიტორის მიმართ თანხის სრულად ან ნაწილობრივ გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოდგენილი არ არის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს მისი მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას სესხის ძირი თანხის ან/და სარგებლის გადახდის თაობაზე. ამდენად, სააღსრულებო ფურცელში კრედიტორის მიმართ შესასრულებელი ვალდებულებანი ძირითადი თანხის 32 000 აშშ დოლარის და სარგებლის 1280 აშშ დოლარის ნაწილში სწორადაა მითითებული.

 

4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.

 

გათვალისწინებით იმისა, რომ არ დგინდება გარემოება სესხის ძირი თანხის ან/და სარგებლის გადახდის თაობაზე, პალატას მიაჩნია, რომ სააღსრულებო ფურცელში კრედიტორის მიმართ შესასრულებელი ვალდებულებანი ძირითადი თანხის 32000 აშშ დოლარის და სარგებლის 1280 აშშ დოლარის ნაწილში სწორადაა მითითებული და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად განისაზღვრა მოსარჩელის აღსასრულებელი ვალდებულება.

 

არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ-------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.12.2017წ. გადაწყვეტილება.

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ოთარ სიჭინავა

 

ამირან ძაბუნიძე

 

თეა სოხაშვილი -ნიკოლაიშვილი