განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/2557-17, 330310016001219849
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
30 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე - მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - კა----------------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
დავის საგანი - თანხის ანაზღაურება
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
1. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
1.1. კ------------------ 2016 წლის 20 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კა----------------ის სასარგებლოდ 2010 წლის კუთვნილი შვებულების გამოუყენებელი 30 დღის თანხის - 1759,50 ლარის გადახდის დაკისრება.
1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით კა----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
1.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ I ცა-–-----–-------------------------------------ის მეთაურის მიერ 2015 წლის 6 ნოემბერს გაცემული N-- ფულადი ატესტატით დასტურდება, რომ კა----------------ე ნამდვილად გადიოდა სამსახურს სა---------------–------------ის I სა--------------------------------ნში მართვის პუნქტის უფროსად, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე და ხელფასის სახით იღებდა სულ 1759,50 ლარს, მათ შორის, სარგოს სამხედრო წოდებისათვის - 50 ლარი, სარგოს თანამდებობისათვის - 220 ლარს, პროცენტ.დანამატს ნამსახურობისათვის - 94,50 ლარი, დანამატს - 750 ლარი, საბრძოლო დანამატს - 570 ლარი, კვების კომპენსაციას - 75 ლარი. (ს.ფ. 15).
1.4. I ცა-–-----–-------------------------------------ის მეთაურის 2010 წლის 8 ივლისის N--- ბრძანებით კა----------------ე ჩაითვალა გაშვებულად მოკლევადიან შვებულებაში 2010 წლის 12 ივლისიდან 17 ივლისამდე კუთვნილი შვებულების ხარჯზე. იმავე დივიზიონის მეთაურის 2010 წლის 17 ივლისის N1-- ბრძანებით კა----------------ე ჩაითვალა მოკლევადიანი შვებულებიდან დაბრუნებულად. I ცა-–-----–-------------------------------------ის მეთაურის 2010 წლის 17 აგვისტოს N1-- ბრძანებით კა----------------ე ჩაითვალა გაშვებულად მოკლევადიან შვებულებაში 2010 წლის 18 აგვისტოდან 28 აგვისტომდე, კუთვნილი შვებულების ხარჯზე. იმავე დივიზიონის მეთაურის 2010 წლის 30 აგვისტოს N--- ბრძანებით კა----------------ე ჩაითვალა მოკლევადიანი შვებულებიდან დაბრუნებულად 2010 წლის 28 აგვისტოდან. (ს.ფ. 11-14).
1.5. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 22 დეკემბრის N4--- ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვის I სა--------------------------------ნის ს--------–---------------------- უფროსი მაიორი კა----------------------------ე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვითა და ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნით), „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის (მხარეთა შეთანხმების საფუძველზე) თანახმად. ბრძანების საფუძვლად მიეთითა: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის შუამდგომლობა (N1----, 22.12.2010წ.). (ს.ფ. 10).
1.6. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 22 დეკემბრის N3--- ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სა---------------–------------ის I სა--------------------------------ნის ს--------–---------------------- უფროსი, მაიორი კა----------------------------ე თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის (მხარეთა შეთანხმების საფუძველზე) თანახმად. (ს.ფ. 41).
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით, მე-2 მუხლით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) 37-ე მუხლის პირველი პუნქტით, 41-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტებით.
2.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულაციები მიუთითებს დასაქმებულის უფლებაზე ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით. აღნიშნული წარმოადგენს მის უფლებას, რომლის რეალიზება დამოკიდებულია მისსავე სურვილზე. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ ჩათვალა, რომ კა----------------ემ 2010 წლის განმავლობაში ისარგებლა კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით 12 ივლისიდან 17 ივლისამდე და 18 აგვისტოდან 28 აგვისტომდე პერიოდში, რის გამოც მას 2010 წელს სრულად არ უსარგებლია კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით, რადგან იგი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 22 დეკემბრის ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
2.3 სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილ იქნა კა----------------ის გათავისუფლების შესახებ ორი ბრძანება - N3--- და N4---, ორივე ბრძანებაში გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი, რომელიც გულისხმობს სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნას მხარეთა შეთანხმების საფუძველზე. სასამართლომ აღნიშნა, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ კა----------------ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება სადავო არ გამხდარა, შესაბამისად სადავოდ არ მიიჩნევა აღნიშნულ ბრძანებაში დაფიქსირებული ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საფუძვლები.
2.4. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლებისას მოსარჩელეს არ მოუთხოვია დარჩენილი შვებულების ანაზღაურება.
2.5. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ასევე იხელმძღვანელა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, მეორე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’ დებულების მე-15 თავის მე-6 პუნქტით. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების შინაარსის გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს არც ერთ ჩამოთვლილ წინაპირობას, მოსარჩელის გათავისუფლება განხორციელდა მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, რა დროსაც არ ყოფილა ანაზღაურებადი შვებულების მოთხოვნის შესახებ განცხადებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კა----------------ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ მოტივებს:
3.1. აპელანტმა ფაქტობრივ უსწორობად მიუთითა შემდეგი: ,,მაიორმა კა----------------ემ სასამართლოში სარჩელთან ერთად მტკიცებულებად წარადგინა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 22 დეკემბრის ბრძანება N4---, რომლითაც კა----------------ე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან, თადაცვის სამინისტროს სამხედრო საჰაერო ძალების სარდლის 2010 წლის 22 დეკემბრის N1---- შუამდგომლობით, რომელიც საქართველოს ზაკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ჩაბარდა სა-----------------------------------ის მეთაურის მიერ, როდესაც გამოუცხადა, რომ დათხოვნილი იყო სამხედრო სამსახურიდან თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით. 2016 წლის აპრილში თავდაცვის სამინისტრომ სასამართლოს წარმოუდგინა ანალოგიური თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 22 დეკემბრის ბრძანება N3--- კა----------------ის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, მაიორ კ------------ 2010 წლის 22 დეკემბრის N1---- პატაკის საფუძველზე.
3.2. აპელანტი უარყოფს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებას სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ და განმარტავს, რომ აღნიშნულის შესახებ შეიტყო დივიზიონის მეთაურისაგან, როდესაც 2010 წლის 22 დეკემბრის N4--- ბრძანება ჩაბარდა.
3.3 სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1998 წლის 23 მარტის N94 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის აღრიცხვის წარმოების შესახებ დარიგების მეორე თავის მე-8 მუხლით, რომლის თანახმად, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ერთსა და იმავე სამხედრო მოსამსახურეზე სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ორი ბრძანების გამოცემას, საჭიროების შემთხვევაში ხორციელდება დამატება ან ცვლილება.
3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი მიიჩნევს, რომ 2010 წლის 22 დეკემბრის N3--- ბრძანება ფაქტობრივად ფალსიფიცირებულია.
3.5. იგი აღნიშნავს, რომ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს დაევალებინა თავდაცვის სამინისტროსათვის წარედგინა სასამართლოში დასაბუთებული ახსნა - განმარტება 2010 წლის 22 დეკემბრის N4--- და N3--- ბრძანებების შესახებ შესაბამისი მტკიცებულების დართვით, რადგანაც მოსარჩელეს არ ჰქონდა რაიმე მოტივაცია ზღვრული ასაკის შესრულებამდე დაეთხოვათ სამხედრო სამსახურიდან; მაგრამ სასამართლომ წერილობითი შუამდგომლობა დატოვა განუხილველი.
3.6. სააპელაციო საჩივარში მითითებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის,,ბ" პუნქტზე და აღნიშნულია, რომ სასამართლოში მტკიცებულების სახით მოსარჩელემ წარადგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის განჩინება საქმე Nბს-98-91(კ-13) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმე N3ბ/651-13, რომლის თანახმადაც, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის N609 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" დებულების მე-9 თავის მე-8 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის მიხედვით, ოფიცერს 10 კალენდარულ წელზე მეტი ნამსახურეობისთვის ეძლევა 45 დღის ხანგძლივობის შვებულება. აპელანტი მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის განჩინების საქმე Nბს-98-91(კ-13) თანახმად, ,,დასაქმებულს შეუძლია მოითხოვოს იმ წელის გამოუყენებელი საშვებულებო კომპენსაცია, რადგანაც დამსაქმებლის ინიციატივით შრომის ურთიერთობის შეწყვეტით, დასაქმებულს არ შეიძლება წაართვა შვებულების უფლება", რადგან ,,ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ფასიანი შვებულების სარგებლობის უფლების განხორციელებისას სახელმწიფო ვალდებულია ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უზრუნველყოს დასაქმებულთა მიერ ამ უფლების სამართლიანი რეალიზება.
3.7. სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია ასევე "სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-9 თავით, რომლის თანახმად, შვებულების ანაზღაურების უფლება დათხოვნის შესახებ ბრძანების გასაჩივრების გარეშე გარანტირებულია.
3.8. აპელანტი დამატებით მიუთითებს და მიიჩნევს, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა ფაქტობრივ-სამართლებრივად დასაბუთებულია. აპელანტი თვლის, რომ მას უნდა აუნაზღაურდეს ყოველწლიური შვებულებიდან გამოუყენებელი 30 დღის თანხა, რაც დამოკიდებული არ არის გათავისუფლების ბრძანების გასაჩივრებაზე.
4. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შეფასებისა შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4.4. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალურ პასუხისგაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
5. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:
5.1. I ცა-–-----–-------------------------------------ის მეთაურის მიერ 2015 წლის 6 ნოემბერს გაცემული N-- ფულადი ატესტატით დასტურდება, რომ კა----------------ე ნამდვილად გადიოდა სამსახურს სა---------------–------------ის I სა--------------------------------ნში მართვის პუნქტის უფროსად, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე და ხელფასის სახით იღებდა სულ 1759,50 ლარს, მათ შორის, სარგოს სამხედრო წოდებისათვის - 50 ლარი, სარგოს თანამდებობისათვის - 220 ლარს, პროცენტ.დანამატს ნამსახურობისათვის - 94,50 ლარი, დანამატს - 750 ლარი, საბრძოლო დანამატს - 570 ლარი, კვების კომპენსაციას - 75 ლარი. (ს.ფ. 15).
5.2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 22 დეკემბრის N4--- ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვის I სა--------------------------------ნის ს--------–---------------------- უფროსი მაიორი კა----------------------------ე საქართველოს თავდაცვის ინიციატივით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვითა და ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნით), „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის (მხარეთა შეთანხმების საფუძველზე) თანახმად. ბრძანების საფუძვლად მიეთითა: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის შუამდგომლობა (N1----, 22.12.2010წ.). (ს.ფ. 10).
5.3. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 22 დეკემბრის N3--- ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სა---------------–------------ის I სა--------------------------------ნის ს--------–---------------------- უფროსი, მაიორი კა----------------------------ე თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის (მხარეთა შეთანხმების საფუძველზე) თანახმად. (ს.ფ. 41).
5.4. I ცა-–-----–-------------------------------------ის მეთაურის 2010 წლის 8 ივლისის N--- ბრძანებით კა----------------ე ჩაითვალა გაშვებულად მოკლევადიან შვებულებაში 2010 წლის 12 ივლისიდან 17 ივლისამდე კუთვნილი შვებულების ხარჯზე. იმავე დივიზიონის მეთაურის 2010 წლის 17 ივლისის N1-- ბრძანებით კა----------------ე ჩაითვალა მოკლევადიანი შვებულებიდან დაბრუნებულად. I ცა-–-----–-------------------------------------ის მეთაურის 2010 წლის 17 აგვისტოს N1-- ბრძანებით კა----------------ე ჩაითვალა გაშვებულად მოკლევადიან შვებულებაში 2010 წლის 18 აგვისტოდან 28 აგვისტომდე, კუთვნილი შვებულების ხარჯზე. იმავე დივიზიონის მეთაურის 2010 წლის 30 აგვისტოს N--- ბრძანებით კა----------------ე ჩაითვალა მოკლევადიანი შვებულებიდან დაბრუნებულად 2010 წლის 28 აგვისტოდან. (ს.ფ. 11-14).
5.5. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესამოწმებლად ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლებისას მოსარჩელეს არ მოუთხოვია დარჩენილი შვებულების ანაზღაურება. ასევე საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის სა---------------–------------ის 2018 წლის 24 აპრილის №M---------------- ცნობის მიხედვით, კა----------------ეს ანაზღაურებული აქვს სახელფასო ფულადი კმაყოფა 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, დაერიცხა სულ 1759,50 ლარი; ხოლო 2018 წლის 15 თებერვლის წერილის №M---------------- თანახმად, კა----------------ეს 2010 წლის კუთვნილი შვებულებიდან ნასარგებლები აქვს ნაწილ-ნაწილ პირადი პატაკის საფუძველზე 15 დღე.
5.6. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის კა----------------ის სასარგებლოდ 2010 წლის კუთვნილი შვებულების გამოუყენებელი 30 დღის თანხის - 1759,50 ლარის დაკისრება.
6.1 სააპელაციო პალატა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების მიზნით მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) 41-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, მოსამსახურეთათვის დგინდება ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოსამსახურეს შეუძლია გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება ნაწილ-ნაწილ. იმავე კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს.
6.2 სააპელაციო სასამართლო მოცემულ შემთხვევაში ხელმძღვანელობს ასევე „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის თანახმად, სამხედრო სამსახურის გავლისას სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა ყოველწლიური შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით.
6.3 სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დასაქმებულის მიერ შვებულების აღება გულისხმობს შრომითი ურთიერთობის დროებით შეჩერებას. ანაზღაურებადი შვებულების დროს დასაქმებული მართალია, არ ასრულებს სამსახურებრივ საქმიანობას, მაგრამ იღებს გასამრჯელოს. კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა თვლის, რომ კა----------------ეს უფლება ჰქონდა ესარგებლა ყოველწლიური შვებულებით 30 კალენდარული დღის ოდენობით; ხოლო დამსაქმებელი კი ვალდებული იყო უზრუნველეყო დასაქმებული ყოველწლიური შვებულების გამოყენების შესაძლებლობით; თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, შვებულების გამოყენა თავად დასაქმებულის ნებაზე არის დამოკიდებული, იგი წარმოადგენს რა დასაქმებულის უფლებას და არა ვალდებულებას, შესაბამისად, შვებულების გამოყენება პირდაპირ უკავშირდება დასაქმებულის ნების გამოვლენას.
6.4 სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების მე-15 თავის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად სამხედრო სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ავადმყოფობის გამო ან რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით დათხოვნის შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურეს არ უსარგებლია ყოველწლიური კუთვნილი შვებულებით, მას მიეცემა მიმდინარე წლის კუთვნილი შვებულების (გამოუყენებელი ნაწილის) ანაზღაურება.
სააპელაციო პალატა ამ მუხლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ სამხედრო მოსამსახურისათვის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება დამოკიდებული არის სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის საფუძველზე. ამდენად, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას და მიიჩნევს, კანონმდებლობით ერთმნიშვნელოვნად გათვალისწინებულია სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლებისას კუთვნილი გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებით სარგებლობის შესაძლებლობა, თუკი პირი სამსახურიდან გათავისუფლდა ზღვრული ასაკის მიღწევის, ავადმყოფობის ან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო. სააპელაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ კა----------------ეს 2010 წლის ხელფასი მიღებული აქვს სრულად, დეკემბრის ჩათვლით, შვებულებისას კი მსგავსი კატეგორიის სამხედრო მოსამსახურისათვის კანონმდებლობით რაიმე დამატებითი ანაზღაურება, დანამატი გათვალისწინებული არ ყოფილა, რომლის მიღების უფლებაც აპელანტს შეეზღუდებოდა სამსახურიდან გათავისუფლების გამო. ამდენად, არ არსებობს კა----------------ისათვის 2010 წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების წინაპირობები.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ასევე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც არ არსებობს კა----------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს კა----------------ის სააპელაციო საჩივარი.
2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო პალატის განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის განმავლობაში საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა).
მოსამართლე მარიამ ცისკაძე