განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.03.2019
საქმის ნომერი
330210017001954047
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
28.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001954047

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/4379-18 21 თებერვალი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე – თამარ ალანია

 

სხდომის მდივანი - ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - შსს სსიპ დ-–--------–-–--------------------

 

წარმომადგენელი - მ--------------

 

მოწინააღმდეგე მხარე - გ------ი ბ--------–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება

 

დავის საგანი - ავარიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. შსს სსიპ დ-–--------–-–--------------------ს წარმომადგენელმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე გ------ი ბ--------–---–ი მიმართ და 2016 წლის 4 ოქტომბერს ავტოავარიის შედეგად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ T-------------, სახელმწიფო ნომერი S--------, მიყენებული ზიანის - 8841.54 ლარის ოდენობით ანაზღაურება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, 2000 ლარის ნაწილში, ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე გ------ი ბ--------–---–ს შსს სსიპ დ-–--------–-–--------------------ს სასარგებლოდ 2000 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის 30 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება შსს სსიპ დ-–--------–-–--------------------ს წარმომადგენელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი ნაწილობრივ გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2016 წლის 4 ოქტომბრის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, შსს სსიპ დ-–--------–-–--------------------ს ბალანსზე რიცხული, ავტოსატრანსპორტო საშუალება _ T-------------, სახელმწიფო ნომერი S--------, დაზიანდა (ს.ფ. 15-25).

 

6. ავტოსაგზაო შემთხვევა მოპასუხე გ------ი ბ--------–---–ის მიერ, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებას M-----ს, სახელმწიფო ნომრით V--------, მართავდა, მანევრირების წესების დარღვევამ გამოიწვია. 2017 წლის 03 თებერვლის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის თანახმად, გ------ი ბ--------–---–ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის 250 ლარით დაჯარიმდა (ს.ფ. 15-25).

 

7. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ გ------ი ბ--------–---–ს აპელანტის (თავდაპირველი მოსარჩელე) მიმართ, მიყენებული ზარალის 2000 ლარის ოდენობით გადახდის ვალდებულება მართებულად დაეკისრა და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992–ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, რომლისაგან ნაწარმოები პასუხისმგებლობის გენერალური დათქმაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში. საქართველოს საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, დელიქტურ სამართალში მოთხოვნის ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლია, რომლის მიხედვითაც, სამართლებრივი შედეგი (ზიანის ანაზღაურების ვალდებულება) ქმედების აბსტრაქტული შემადგენლობიდან (სხვა პირის მიმართ განხორციელებული ქმედება) გამომდინარეობს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე ას-664-635-2016).

 

ნორმის თანახმად, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია შემდეგი ელემენტების კუმულატიური ერთობა: პირის ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. შესაბამისად, აღნიშნული სამართლებრივი ნორმის გამოყენებისას სასამართლოს კვლევის საგანს ნორმის შემადგენელი თითოეული ელემენტის დადგენა წარმოადგენს. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ან/და ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. მოხმობილი ნორმა ადგენს სატრანსპორტო საშუალების მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, აგოს პასუხი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-494-463-2010).

 

განსახილველ შემთხვევაში უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2016 წლის 4 ოქტომბრის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება, მოპასუხე გ------ი ბ--------–---–ის მიერ საგზაო წესების დარღვევის შედეგად დაზიანდა. ზიანის მიყენებისა და მის გამომწვევ მიზეზებს არც მოპასუხე ხდიდა სადავოდ, მან მხოლოდ ზიანის ოდენობასთან მ,იმართებით განახორციელა შედავება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 999-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული ელემენტების არსებობის დადგენას არ შეუდგება და მას დადასტურებულად მიიჩნევს.

 

8. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მისთვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით მინიჭებული უფლება გამოიყენა რომლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ სარჩელი 2000 ლარის ნაწილში ცნო, რაც სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების წინაპირობას ქმნიდა.

 

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას დარჩენილ ნაწილში სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის გადანაწილების სამართლიანი და ობიექტური სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან ეს ფაქტები, რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული.

 

ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით შეიძლება. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი თანაბრად ეკისრებათ.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–----------------- დასკვნა, რომლითაც მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოება დგინდება, რომ ავტომობილი T--------------ს მძღოლი ტექნიკური თვალსაზრისით, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს უგულებელყოფდა, რამაც მოცემული ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია. ხსენებულ დასკვნაში მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ავტომობილისთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების შესახებ არაფერია ნათქვამი. საქმის მასალებში არსებული ერთადერთი დოკუმენტი, რომელზეც აპელანტი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას ამყარებდა, შპს „მ-----------------“ მიერ გაცემული ინვოისია. პალატა ყურადღებას მიაპყრობს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ინვოისში ჩამოთვლილი სათადარიგო ნაწილების შეცვლის საჭიროებასა და უშუალოდ ავარიით მიყენებულ ზიანს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი საქმეში არსებული არცერთი დოკუმენტით არ დგინდება. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას მასზედ, რომ დელიქტური სამართლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შელახული უფლების აღდგენის და არა მოსარჩელის გამდიდრების მიზნებს ემსახურება. მიყენებული ზიანი ყოველთვის უნდა ანაზღაურდეს, თუმცა არავინ შეიძლება გამდიდრდეს დელიქტის ხარჯზე. დაზარალებული ვალდებულია ზიანის მინიმალიზაცია მოახდინოს. მოცემულ შემთხვევაში ზიანის მინიმალიზაცია პირველ რიგში ავტომობილისთვის მიყენებული ზიანის საბაზრო ფასებში შეკეთებას გულისხმობს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს „მ-----------------“ შეფასების აქტი, რომელიც პროდუქტის სუბიექტურ, კონკრეტული ბიზნესის მიერ დადგენილ, ფასებს შეიცავს, არ შეიძლება უპირობოდ გათვალისწინებული იქნეს და ზიანის ანაზღაურებას დაედოს საფუძვლად. რაც შეეხება საბაზრო ღირებულებას, მისი ფორმირება ხდება საბაზრო კონკურენციის პირობებში და ასახავს საქონლის ღირებულებას რომელიც ყალიბდება არა მომხმარებლის, ან გამყიდველის შეხედულებით, არამედ ბაზრის მიერ. საქმის მასალებში არ არსებობს დოკუმენტი, რომლითაც დადგინდებოდა, რომ ის შესასრულებელი სამუშაო, რომლის გაკეთებასაც შპს „მ---------------ი“ კისრულობდა ბაზარზე არსებული სხვა ავტომობილის სარემონტო სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის მიერაც იგივე ან დაახლოებული გაანგარიშებით ხორციელდებოდა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „მ-----------------“ მიერ გაკეთებული გაანგარიშება სხვა რელევანტური მტკიცებულებების არარსებობის პირობებში ზიანის მინიმალიზაციად და ზიანის ოდენობის საბაზრო ღირებულებად ვერ იქნება მიჩნეული.

 

9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან სწორედ აპელანტის (მოსარჩელის) მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზიანის ფაქტის, ოდენობისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა და ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულებით ვერ დაადგინა, რომ შპს „მ-----------------“ შეფასების აქტში ჩამოთვლილი ყველა სამუშაოს განხორციელება ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად იყო საჭირო და ასევე, აპელანტის მიერ ზიანის მინიმალიზაციის სტანდარტის დაცვაც არ დადასტურდა, სააპელაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მტკიცების ტვირთის მართებულად გადანაწილებით მხარეთათვის უზრუნველყოფილი იქნა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონსტიტუციურ პრინციპზე (საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მესამე ნაწილი) დაყრდნობით საქმის გამოკვლევა და შესწავლა, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია, რაც აპელანტის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. აპელანტის მოთხოვნა დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში 6 841,54 ლარით განისაზღვრა, ბაჟის სახით კი 353,66 ლარი იქნა გადახდილი. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 273,65 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს. ხოლო, საქმეზე 2018 წლის 22 ივნისს, №------ საგადასახადო მოთხოვნით, სახელმწიფო ხაზინაში, ბანკის კოდით T-------, სახაზინო კოდით 3--------, აპელანტი შსს სსიპ დ-–--------–-–--------------------ს მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 353,65 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 80 ლარი შსს სსიპ დ-–--------–-–-------------------ს უკან უნდა დაუბრუნდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შსს სსიპ დ-–--------–-–--------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი 273,65 ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

4. საქმეზე 2018 წლის 22 ივნისს, №------ საგადასახადო მოთხოვნით, სახელმწიფო ხაზინაში, ბანკის კოდით T-------, სახაზინო კოდით 3--------, აპელანტი შსს სსიპ დ-–--------–-–--------------------ს მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 353,65 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 80 ლარი შსს სსიპ დ-–--------–-–-------------------ს უკან დაუბრუნდეს;

 

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ალანია