განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.03.2019
საქმის ნომერი
330210018002467985
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
14.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002467985

საქმე №2ბ/6985-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ბესარიონ ტაბაღუა

მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი

ქეთევან დუგლაძე

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - შპს „-----------–-------–------–ია“

წარმომადგენელი - ს-----------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ღ--------–------------------------–-----–-----------–---–-------------–---------------–----------------–--------------–----------------–--–---------------------ა“

წარმომადგენელი - ა--------–-–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით ღ-------–------------------------–-----–-----------–---–-------------–---------------–----------------–--------------–----------------–--–---------------------ას“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე შპს „-----------–-------–------–იას“ მოსარჩელის ღ-------–------------------------–-----–-----------–---–-------------–---------------–----------------–--------------–----------------–--–---------------------ას“ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით დაკავებული თანხიდან - 591 958 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2----–-–------------ოს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება ს----–-–------–------------–---------------, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ განახორციელა ა--------- სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის, წყალმიმღების, სალექარის, მაგისტრალური არხის, პირველი და სხვა რიგის გამანაწილებლების და შიდასამეურნეო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამავე ხელშეკრულებით, სამუშაოების შესყიდვის მთლიან თავდაპირველ ღირებულებად განისაზღვრა 6 199 000 ლარი.

 

ხელშეკრულების 6.9 პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემსყიდველის მიერ 2014 წლის განმავლობაში მაქსიმალური ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა შეადგენს 1 500000 ლარს, 2015 წლის განმავლობაში 2 502 132 ლარს, ხოლო დარჩენილი თანხის ანაზღაურება განხორციელდება 2016 წლის განმავლობაში.

 

ხელშეკრულების 14.2.1. პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი კისრულობს პასუხისმგებლობას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში გადაუხადოს პირგასამტეხლო შემსყიდველს სახელშეკრულებო ღირებულების 0.07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში, მხარეთა შორის გაფორმდა 10 დამატებითი შეთანხმება ხელშეკრულების პირობების ცალკეული ცვლილებების თაობაზე, რომლიდანაც მე-9 დამატებითი ხელშეკრულებით, ხელშეკრულების ღირებულება შემცირდა - 546 503.23 ლარით და საბოლოო ღირებულებად განისაზღვრა - 5 652 496.76 ლარი.

 

2.2. 2----–-–----------------ის მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ 28.08.2016 წლის №- შეთანხმებით სამუშაოთა დასრულება გათვალისწინებული იყო 2-----–-–-----------------ს. საბოლოოდ დადასტურებული შესრულებული სამუშაოს აქტის (ფორმა №2) მიხედვით, სამუშაოთა დასრულების ფაქტიური თარიღია - 2----–-–---------–--ი. სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა - 5 652 496.76 ლარს. სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 6 სექტემბრის დასკვნის მიხედვით ობიექტზე შესრულებულია სულ - 5 338 883.03 ლარის ღირებულების სამუშაოები. მიღება-ჩაბარების აქტში აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე „შემსყიდველს“ და „მიმწოდებელს“ ერთმანეთის მიმართ შესრულებული სამუშაოების თაობაზე პრეტენზია არ გააჩნიათ.

 

2.3. 2017 წლის 20 დეკემბრის აუდიტორული კომპანია შპს „---------------- აუდიტორული ანგარიშით დგინდება, რომ მხარეებს შორის 2----–-–------------ოს გაფორმებული №------- ხელშეკრულების შესაბამისად, სულ შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 5 338 883.08 ლარი, საიდანაც, შემსყიდველის მიერ პირგასამტეხლოს სახით დაკავებულ იქნა 802 137.95 ლარი.

 

2.4. 2----–-–------------ოს №------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოსარჩელის მხრიდან შესრულდა ვადის დარღვევით, კერძოდ, 186 დღის ვადაგადაცილებით.

 

2.5. შპს „-----------–-------------------–-------–------–------------------------ას“ შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს „-----------–-------–------–ია“.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე რომლითაც დეფინირებულია პირგასამტეხლოს ცნება - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს მოვალემ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან პირგასამტეხლოს თანხის დაანგარიშება განხორციელდა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, ხელშეკრულების მე-14 პუნქტის შესაბამისად, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულება მასზედ, რომ მოპასუხის მხრიდან განხორციელდა დღგ-ს თანხის უკანონოდ დაკავების ფაქტი, შესაბამისად, არ დასტურდება დღგ-ს თანხის უკანონოდ დაკავების შედეგად მოსარჩელისათვის მოპასუხის ქმედების შედეგად ზიანის მიყენების ფაქტი, რამდენადაც, ხელშეკრულებით 14.2.1. პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი კისრულობდა პასუხისმგებლობას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში გადაუხადოს პირგასამტეხლო შემსყიდველს სახელშეკრულებო ღირებულების 0.07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო სახელშეკრულებო ღირებულებაში შედის ასევე დღგ-ს თანხაც.

 

დადგენილია, რომ ხელშეკრულების ღირებულება შემცირდა - 546 503.23 ლარით და საბოლოო ღირებულებად განისაზღვრა - 5 652 496.76 ლარი. მიღება-ჩაბარების აქტით ასევე დგინდება, რომ საბოლოოდ დადასტურებული შესრულებული სამუშაოს აქტის (ფორმა №2) მიხედვით, სამუშაოთა დასრულების ფაქტიური თარიღია - 2----–-–---------–--ი, ამდენად, დგინდება, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოსარჩელის მხრიდან შესრულდა ვადის დარღვევით, კერძოდ, 186 დღის ვადაგადაცილებით, საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 5 338 883.08 ლარი, საიდანაც, შემსყიდველის მიერ პირგასამტეხლოს სახით დაკავებულია - 802 137.95 ლარი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო ერთდროულად განიხილება, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, ასევე სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფორმა. პირგასამტეხლოს გააჩნია ორმაგი მნიშვნელობა, ის წარმოადგენს არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას, არამედ, ასევე - ვალდებულების შეუსრულებლობის საფასურის ოდენობის გამორკვევის (განსაზღვრის) მექანიზმს. პირგასამტეხლოს ორი ძირითადი ფუნქცია გააჩნია: 1. მოვალეს უბიძგოს ვალდებულების შესრულებისკენ, არახელსაყრელი პერსპექტივის (ჯარიმა შეუსრულებლობისათვის) მოლოდინის გამოისობით. ან 2. წინასწარ განსაზღვროს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის მოცულობა. დასაშვებია, პირგასამტეხლოში შემავალი თანხის ოდენობის გამოთვლის წესი სხვადასხვაგვარი იყოს, ხელშეკრულების ან მისი შეუსრულებელი ნაწილის თანხის პროცენტის სახით.

 

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, განსაზღვრულია პირგასამტეხლოს ოდენობა კანონით დადგენილი წერილობითი ფორმით და ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, აღნიშნული გარემოება მოსარჩელის მხრიდან პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

 

კანონის თანახმად (სკ-ის 418.1 მუხლი), მართალია, პირგასამტეხლო შესაძლოა აღემატებოდეს ზიანს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულების ამგვარი დათქმა, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილად ჩაითვლებოდა, თუმცა, იმისათვის, რათა დაცული იყოს მხარეთა თანასწორობის საყოველთაო უფლება, კანონმდებელი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების შესაძლებლობას. სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ დათქმას და მოვალის შესაგებლის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა (იხ. სუსგ №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი). ამდენად, მართალია, მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს კონკრეტულ გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე - კრედიტორის ეკონომიური ინტერესი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მოხმობილი ნორმების (115–ე, 420–ე) და მსჯელობის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ ისეთ ვითარებაში, როდესაც, მართალია, ვადის (186 დღე) გადაცილებით, მაგრამ საბოლოოდ მოსარჩელემ (მენარდე) სამუშაო შეასრულა, ხოლო მოპასუხემ (დამკვეთი) იგი მიიღო, ამ უკანასკნელის მიერ ნარდობის საზღაურის სახით მოსარჩელისათვის გადასახდელი თანხის - 802137.95 ლარის სრული ოდენობით პირგასამტეხლოს სახით დაკავება არ შეესაბამება პირგასამტეხლოს დანიშნულებას (მიზანს) და უფრო მოსარჩელის დასჯას ემსახურება. ამიტომ შემსრულებლისათვის პირგასამტეხლოს სახით დარიცხული თანხა უნდა შემცირდეს, ანუ პირგასამტეხლოს განაკვეთი შემცირდეს 0.07%-დან 0.02%-მდე და ვადაგადაცილებული დღეეების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს - 210 180 ლარით, ხელშეკრულების ღირებულებას 5652496.76 ლარს უნდა დაერიცხოს 0.02% პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, რაც 186 დღის გათვალისწინებით შეადგენს - 210180 ლარს, ხოლო პირგასამტეხლოს სახით დაკავებული თანხიდან დარჩენილი სხვაობა - 591958 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად.

 

2.7. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ პირობებში, არ დგინდებოდა მოპასუხე მხარის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის და აღნიშნული ქმედების შედეგად ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზე არ იყო მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მხრიდან დღგ-ს თანხის უკანონოდ დაკავებისა და ამ თანხის დაკავების გამო მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, ამდენად, არ არსებობდა ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ შპს „-----------–-------–------–იას“ საკმაოდ დიდი ზიანი მიადგა მოსარჩელის ქმედების გამო. დადგენილი ფაქტია, რომ კომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს ს--------–--------------–---------------ს. არხის სარეაბილიტაციო გეგმაში ჩასმის შემდეგ კომპანია იღებს მოქალაქეებთან გარკვეულ ვალდებულებებს. სარეაბილიტაციო მომსახურების დროულად შეუსრულებლობის გამო კი კომპანია ვერ ახორციელებს თავის საქმიანობას. თანმდევი შედეგები კი როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირების საჩივრებია, მომსახურების მიუღებლობის გამო. ასევე ფერხდება ჰ------ მუშაობა. შესაბამისად, აღნიშნული პროექტის დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის ფაქტი, რომ შპს „-----------–-------–------–ია“ დიდ დათმობაზე მიდიოდა ყოველთვის და ხელს უწყობდა მოსარჩელეს, რომ სამუშაოები დაესრულებინა. ამის დასტურია სწორედ ის არაერთი შეთანხმება, რომელიც კომპანიამ გააფორმა ა------------------------.

 

3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლო ვერ ასაბუთებს თუ რასთანაა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს უფლებამოსილება შეამციროს მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლო, როდესაც შეაფასებს კონკრეტულ გარემოებებს. სასამართლოს მხრიდან არ მომხდარა არცერთ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითება, რომლის საფუძველზეც შემცირდა პირგასამტეხლო.

 

3.3. გასათვალისწინებელი ის ფაქტი, რომ მხარეებს შორის შედგა არაერთი შეთანხმება, სადაც პირგასამტეხლოს შემცირებაზე მოსარჩელეს პრეტენზია არ განუცხადებია. ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა სრულიად შეესაბამება თვით ხელშეკრულების ღირებულებას და ნათელია, რომ ეს უკანასკნელი არ აჭარბებს შესასრულებელი სამუშაოების ოდენობას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების ის ნაწილი სადაც პირგასამტეხლოს შემცირებაზეა ნამსჯელი ყოვლად უსაფუძვლოა და იგი უნდა გაუქმდეს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ დასკვნებს (წინამდებარე განჩინების 2.1.-2.7. პუნქტები).

 

4.2. სააპელაციო პალატას უდავოდ დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.2.1. მხარეთა შორის 2----–-–------------ოს დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №-------, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ განახორციელა ა--------- სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის, წყალმიმღების, სალექარის, მაგისტრალური არხის, პირველი და სხვა რიგის გამანაწილებლების და შიდასამეურნეო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამავე ხელშეკრულებით, სამუშაოების შესყიდვის ღირებულებად განისაზღვრა 6 199 000 ლარი.

 

4.2.2. წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში, მხარეთა შორის გაფორმდა 10 დამატებითი შეთანხმება ხელშეკრულების პირობების ცალკეული ცვლილებების თაობაზე, რომლიდანაც მე-9 დამატებითი ხელშეკრულებით, ხელშეკრულების ღირებულება შემცირდა - 546 503.23 ლარით და საბოლოო ღირებულებად განისაზღვრა - 5 652 496.76 ლარი.

 

4.2.3. ხელშეკრულების 14.2.1. პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი კისრულობს პასუხისმგებლობას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში გადაუხადოს პირგასამტეხლო შემსყიდველს სახელშეკრულებო ღირებულების 0.07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

4.2.4. 2----–-–----------------ის მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ 28.08.2016 წლის №- შეთანხმებით სამუშაოთა დასრულება გათვალისწინებული იყო 2-----–-–-----------------ს. საბოლოოდ დადასტურებული შესრულებული სამუშაოს აქტის (ფორმა №2) მიხედვით, სამუშაოთა დასრულების ფაქტიური თარიღია - 2----–-–---------–--ი.

 

4.2.5. უდავოა, რომ 2----–-–--------------ს №-------, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოსარჩელის მხრიდან შესრულდა ვადის დარღვევით - 186 დღის ვადაგადაცილებით.

 

4.2.6. შპს „-----------–-------------------–-------–------–------------------------ას“ შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს „-----------–-------–------–ია“.

 

4.3. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მტკიცებას, რომ მოსარჩელის მხრიდან სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილებით, მას მიადგა დიდი ოდენობით ზიანი, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

4.4. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან სწორად მოხდა პირგასამტეხლოს შემცირება გონივრულ ოდენობამდე.

 

ხელშეკრულების 14.2.1. პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი კისრულობდა პასუხისმგებლობას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, გადაეხადოს პირგასამტეხლო შემსყიდველს სახელშეკრულებო ღირებულების 0.07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო სახელშეკრულებო ღირებულებაში შედის ასევე დღგ-ს თანხაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. იმავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მოხმობილ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გადახდის მიზანს წარმოადგენს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველი კონკრეტული ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერი უნდა იყოს, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი გადახდა ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას უნდა ასრულებდეს და ამავდროულად, მხარეებს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან და დროულ შესრულებას აიძულებდეს.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

 

მოქმედი სამოქალაქო კოდექსით სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს პირგასამტეხლო, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ უნდა იქნას გაგებული იმდაგვარად, რომ სასამართლოს სუბიექტური შეხედულებით ნებისმიერ დროს შეუძლია შეამციროს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა. პალატა განმარტავს, რომ შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. აქვე აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს, განზოგადებულ წესს. მისი განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით ხდება, რაღა თქმა უნდა, ამავე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე.

 

პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ ვალდებულების დარღვევის ხარისხის და ვადაგადაცილების ხანგრძლივობის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა ოყო შეუსაბამოდ მაღალი და 802 137.95 ლარიდან შეამცირა 210 180 ლარამდე.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლო მართებულად მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და სწორად შეამცირა იგი 210 180 ლარამდე. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მხრიდან პირგასამტეხლოს სახით დაკავებული თანხა 802137.95 ლარი ძირითად ვალდებულების ღირებულებასთან (5338883.08 ლარი) და ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეულ შესაძლო ზიანთან მიმართებით წარმოადგენს პირგასამატეხლოს არაგონივრულად მაღალ ოდენობას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული ოდენობით, რის გამოც არ არსებობს აპელანტის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი. აღნიშნული მსჯელობა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკასთან.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,------------–-------–------–იის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ბესარიონ ტაბაღუა

 

მოსამართლეები ქეთევან დუგლაძე

 

დიანა ბერეკაშვილი