განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160210118002374132
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/5604-18 28 თებერვალი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - თამარ ალანია
მოსამართლეები – თამარ ზამბახიძე, ქეთევან მესხიშვილი
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - შპს „ბ--------------ი“
წარმომადგენელი - გ----------–---
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს---------------------------------“
წარმომადგენელი - ვ--------–---------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ავარიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „ს----------------------- უ------მა“ ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების შპს „ბ--------------ისა“ და გ---------–---–---–-- წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ გ---------–---–---–--ა და შპს „ბ--------------ისთვის“ სს „ს---------------------------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად 45 470.66 ლარის დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხე შპს „ბ--------------იმა“ სარჩელი არ ცნო, ხოლო გ--- ყ----–---–---–ს სასამართლოში შესაგებელი არ წარუდგენია.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „ბ--------------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ 45 470.66 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. ხოლო, სს „ს----------------------- უ------ს“ გ---------–---–---–--თვის თანხის დაკისრების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ბ--------------იმა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. 2016 წლის 9 აგვისტოს, თ--------–-- რაიონის სოფელ ბ----------–- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. სატრანსპორტო საშუალება, შპს „ბ--------------ის“ კუთვნილი სპეცტექნიკა „გ----------“ სახელმწიფო ნომრით F------ რომელსაც გ--- ყ----–---–---–ი მართავდა, ტ--------- მარკის სატრანსპორტო საშუალებას სახელმწიფო ნომრით 0------, შეეჯახა. შემთხვევის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (საჯარიმო ქვითარი) e--------–ედგა, რომლითაც გ--- ყ----–---–---–ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მართვას პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება (ტომი I, ს.ფ. 19, 20).
6. სს „ს----------------------- უ------სა“ და შ---–------ საელჩო საქართველოში, რ------------------–--- ინტერესების სექციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ავტომობილი „T-----------------------“ სახელმწიფო ნომრით 0------ სს „ს----------------------- უ------ში“ იყო დაზღვეული (ტომი I, ს.ფ. 17, 35-36).
7. შეჯახებამ, რომელიც სამართალდარღვევად შეფასდა, ავტომანქანის დაზიანება გამოიწვია და იგი აღდგენას არ ექვემდებარებოდა. ავტომობილის საბაზრო ღირებულება 32 000 აშშ დოლარს შეადგენდა. მზღვეველმა მიყენებული ზარალი დამზღვევს სრულად აუნაზღაურა. შპს საშემფასებლო კომპანია A---ის მიერ დაზიანებული ავტომობილის ღირებულება 19 500 ლარით განისაზღვრა. დაზიანებული ავტომობილი ს-----------------------მ მესამე პირზე 31 582.14 ლარად გაასხვისა (ტომი I, ს.ფ. 24, 35-36, 37, 131-140).
8. შსს ს-----------–----–-------- მონაცემებით სატრანსპორტო საშუალება სპეცტექნიკა „გ----------“ სახელმწიფო ნომრით F----- შპს „ბ--------------ის“ სახელზეა რეგისტრირებული (ტომი I, 38-41, 99-106).
9. შპს „ბ--------------ის“ დირექტორის ი----------–-–---–-- N5------- ბრძანებით, გ--- ყ----–---–---–ი 2016 წლის 7 ივნისიდან 6 თვიანი ვადით სტაჟიორ-ოპერატორის პოზიციაზე იყო დანიშნული. ამავე ბრძანების მე-9 პუნქტის თანახმად, გ--- ყ----–---–---–ს კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამშენებლო ტერიტორიის გარეთ ეკრძალებოდა (ტომი I, ს.ფ. 143).
10. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ აპელანტ მხარეს, მოსარჩელის სასარგებლოდ 45 470.66 ლარის გადახდის ვალდებულება მართებულად დაეკისრა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992–ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, რომლისაგან ნაწარმოები პასუხისმგებლობის გენერალური დათქმაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში. საქართველოს საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, დელიქტურ სამართალში მოთხოვნის ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლია, რომლის მიხედვითაც, სამართლებრივი შედეგი (ზიანის ანაზღაურების ვალდებულება) ქმედების აბსტრაქტული შემადგენლობიდან (სხვა პირის მიმართ განხორციელებული ქმედება) გამომდინარეობს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე ას-664-635-2016).
ნორმის თანახმად, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია შემდეგი ელემენტების კუმულატიური ერთობა: პირის ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. შესაბამისად, აღნიშნული სამართლებრივი ნორმის გამოყენებისას სასამართლოს კვლევის საგანს ნორმის შემადგენელი თითოეული ელემენტის დადგენა წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2016 წელის 09 აგვისტოს თ--------–-- რაიონის სოფელ ბ----------–- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. აპელანტ ორგანიზაციასთან შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი პირი იმ ავტომობილს მართავდა, რომელიც მოსარჩელის მიერ დაზღვეულ მანქანას შეეჯახა და დააზიანა. კანონით დადგენილი წესით, სამართალდარღვევის ოქმი შედგა, რომლითაც გ--- ყ----–---–---–ი სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი. საქმის მასალებით დგინდება და სადავო არაა, რომ არა გ---------–---–---–-- გაუფრთხილებელი ქმედება, ავარია არ მოხდებოდა და, შესაბამისად, არც აპელანტის მანქანა დაზიანდებოდა, ამიტომ სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ზემოთჩამოთვლილი წინაპირობები (ბრალეულობის გარდა) განხორციელებულად უნდა იქნეს მიჩნეული, ამასთანავე, განსახილველი დავის კატეგორიის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო საჭიროდ არ მიიჩნევს დამფუძნებელი ნორმის ერთ-ერთი ელემენტის - პირის ბრალეულობის დადგენას (იხ. განჩინების მე-10 პუნქტი).
10. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და, მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ან/და ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. მოხმობილი ნორმა ადგენს სატრანსპორტო საშუალების მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, ბრალის მიუხედავად, აგოს პასუხი.
უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია, შედეგად, ბრალის მიუხედავად, დგება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობის საკითხი, თუ ზიანი მოჰყვა მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-494-463-2010).
11. თუმცა, სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილს, რომლის თანახმად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.
უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გ--- ყ----–---–---–ს ავარიის დროს აპელანტთან შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა, კერძოდ, შპს „ბ--------------ის“ დირექტორის ი----------–-–---–-- N5------- ბრძანებით, გ--- ყ----–---–---–ი 2016 წლის 7 ივნისიდან 6 თვიანი ვადით სტაჟიორ-ოპერატორის პოზიციაზე იყო დანიშნული. ამავე ბრძანების მე-9 პუნქტის თანახმად, გ--- ყ----–---–---–ს კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამშენებლო ტერიტორიის გარეთ ეკრძალებოდა (ტომი I, ს.ფ. 143).
ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმ გარემოების შეფასება პირს, რომელიც მართავდა სატრანსპორტო საშუალებას, გააჩნდა თუ არა მისი ფლობის უფლება. აპელანტი მხარის მითითებით მართალია გ--- ყ----–---–---–ი სტაჟიორ-ოპერატორის პოზიციაზე იყო დანიშნული, ანუ მას ნამდვილი ნების საფუძველზე ჰქონდა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, თუმცა გამოვლენილი ნება იყო განსაზღვრული, ვინაიდან გ--- ყ----–---–---–ს კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამშენებლო ტერიტორიის გარეთ ეკრძალებოდა, რაც სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის საფუძველზე კომპანიისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობებს გამორიცხავდა. ამ მიმართებით სააპელაციო პალატა მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ სამართალდარღვევის ოქმს, სადაც სამართალდარღვევად მძღოლის მიერ საგზაო წესების დარღვევა კი არ არის მითითებული, არამედ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მართვას პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად. ცალსახაა, რომ აპელანტი კომპანიის მიერ გ---------–---–---–--თვის სპეცტექნიკა „გ----------ს“ მართვის უფლების გადაცემა თავიდანვე უხეშ გაუფრთხილებლობას უკავშირდებოდა, ვინაიდან მას ავტოსატრანსპორტო საშუალების, მით უფრო სპეცტექნიკის, მართვის მოწმობა არ გააჩნდა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დღეს სამშენებლო ტერიტორიაზე საიდანაც მძღოლმა სპეცტექნიკა გადააადგილა, უშუალო უფროსი არ იმყოფებოდა. მძღოლმა სცადა მასთან დაკავშირება და ვინაიდან კომუნიკაცია ვერ შეძლო სპეცტექნიკის მეორე სამშენებლო ტერიტორიაზე გადაყვანა გადაწყვიტა. ამ გარემოებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ აპელანტ ორგანიზაციას, სპეცტექნიკის ექსპლუატაციასთან მიმართებით, რომელიც მომეტებული საფრთხის წყაროს წარმოადგენს, უსაფრთხოების წესები დაცული არ ჰქონდა, მას სტაჟიორ-ოპერატორი აღნიშნული ტექნიკის სამართავად ზედამხედველობის გარეშე ჰყავდა დატოვებული რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სატრანსპორტო საშუალების არამართებული გამოყენება სწორედ მისი ბრალით მოხდა.
ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, მფლობელი მაშინაც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება მისი ბრალის გამო გახდა შესაძლებელი. სააპელაციო სასამართლო ასკვნის, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა აპელანტი ორგანიზაციის უხეშ გაუფრთხილებლობას, რომელიც სპეცტექნიკა „გ----------ს“ მართვის უფლების არმქონე პირისთვის გადაცემაში გამოიხატა.
12. სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის გადანაწილების სამართლიანი და ობიექტური სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან ეს ფაქტები, რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული.
ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით შეიძლება. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი თანაბრად ეკისრებათ.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას ავტოავარიის შედეგად მიყენებულ ზიანსა და მოპასუხის პასუხისმგებლობას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დამტკიცება წარმოადგენდა, რაც წარმატებით განახორციელა. სააპელაციო ინსტანციაში ზიანის დადგომისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა სადავო არაა, სადავოა მხოლოდ ვალდებულებაზე პასუხისმგებელი სუბიექტის ვინაობა, რაც არა ფაქტების, არამედ სამართლებრივი შეფასების საკითხია.
აპელანტმა მხარემ საკუთარი პოზიციის დაცვის დროს, ვალდებულების გამომრიცხავ გარემოებად, საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე მხოლოდ ის მიუთითა, რომ ავარიის დროს მძღოლს სპეცტექნიკის განსაზღვრული სამშენებლო ტერიტორიის გარეთ გაყვანის უფლება არ ჰქონდა მინიჭებული რაც სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის გამოყენების წინაპირობებს ქმნიდა და შპს „ბ--------------ის“ პასუხისმგებლობას გამორიცხავდა. თუმცა, აღნიშნული ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან საქმის მასალებით დამსაქმებლის უხეში გაუფრთხილებლობის ფაქტი გამოიკვეთა, კერძოდ, მან სპეცტექნიკა სამართავად მართვის მოწმობის არმქონე პირს გადასცა, რაც სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნიშნავს რომ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება მისი ბრალის გამო გახდა შესაძლებელი.
გარდა ამისა, აპელანტი თავის პოზიციის გასამყარებლად მოწმეთა ჩვენებებზე და თავად სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტებაზე მიუთითებდა. სააპელაციო პალატა განმარტავს, მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს გულისხმობს. მოწმის ჩვენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის კონტექსტში გადმოცემულ ინფორმაციას წარმოადენს, რომელიც სანდოობის, სარწმუნოობისა და ობიექტურობის თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, რაც, რა საკვირველია, არა მხოლოდ ამ ჩვენების, როგორც ინდივიდუალურად აღებულის, არამედ, მხარეთა შორის უდავო/სადავო ფაქტებისა და მათი განვითარების ქრონოლოგიასთან, ასევე, მოწინააღმდეგე მხარის მიერ გამოთქმულ შედავებებთან ერთობლიობაში უნდა შემოწმდეს და ამ გზით უნდა დადგინდეს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-28-25-2017). ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილი პრეცედენტული სამართლის თანახმად, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი მხოლოდ პროცესუალურ დონეზე მტკიცებულების ადმინისტრაციას მოიცავს. მტკიცებულების დასაშვებობაა ან ის გზა თუ როგორ უნდა შეფასდეს იგი, პირველ ყოვლისა ეროვნული სასამართლოების კომპეტენციაა. ეროვნული სასამართლოების ამოცანაა შეაფასონ მათ წინაშე არსებულ მტკიცებულებები (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე: García Ruiz v. Spain [GC], § 28, და ამავე სასამართლოს განჩინება საქმეზე: Farange S.A. v. France (dec.)).
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მოწმედ დაკითხული გ----------------–------ და გ----------------–-- ჩვენებებს ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ისინი აპელანტ კომპანიასთან შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებიან, რამაც შესაძლებელია მათ მიერ ფაქტების ობიექტურად გადმოცემაზე გავლენა იქონიოს, რის გამოც მათ მიერ მიცემული ჩვენება სანდოობისა და მიუკერძოებლობის ტესტს ვერ ლახავს და შპს „ბ--------------ის“ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლები არ შეიძლება გახდეს.
13. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მტკიცების ტვირთის მართებულად გადანაწილებით მხარეთათვის უზრუნველყოფილი იქნა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონსტიტუციურ პრინციპზე (საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მესამე ნაწილი) დაყრდნობით საქმის გამოკვლევა და შესწავლა, შესაბამისად, ბოლნისის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია, რაც აპელანტის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1818,12 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ბ--------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე თამარ ალანია
მოსამართლეები თამარ ზამბახიძე
ქეთევან მესხიშვილი