განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.12.2018
საქმის ნომერი
330310017002011768
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე N3ბ/988-18, 25 დეკემბერი, 2018 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - მარიამ ცისკაძე

მოსამართლეები - ნინო ქადაგიძე

გელა ბადრიაშვილი

 

სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) – მა----–--------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება

 

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

1. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით მა----–--------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. მა----–--------------ის მეუღლე - ან------------–-–---–ი გარდაიცვალა 2----–-–---------------- და დაიკრძალა დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. (ს.ფ. 1-16).

 

2.2. ქ.თბილისის მთავრობის 2014 წლის 27 ივნისის N1-------- დადგენილებით მოწონებულ იქნა ქ.თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მიერ წარდგენილი საკითხი გამოჩენილი ქართველის პოეტისა და საზოგადო მოღვაწის - ან------------–-–---–ის საფლავის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით და ქ.თბილისის მერიის ადმინისტრაციას შესაბამისი საფლავის კეთილმოწყობის უზრუნველყოფა 2014 წლის ბიუჯეტით „ქალაქგაფორმებითი ღონისძიებებისათვის“ გათვალისწინებული ასიგნებებიდან დაევალა.(ს.ფ. 18).

 

2.3. ან------------–-–---–ის საფლავის კეთილმოწყობისათვის მა----–--------------ემ ქ.თბილისის მერიას წარუდგინა საფლავის პროექტი, რომელიც შეუსაბამო აღმოჩნდა მოსაწყობ ფართობთან - პანთეონში ან------------–-–---–ის დაკრძალვის ადგილზე არსებული სივრცე არ იყო საკმარისი პროექტის განხორციელებისათვის, პროექტის კორექტირებაზე კი მა----–--------------ემ უარი განაცხადა. აღნიშნულ საფუძველზე მითითებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის 2017 წლის 16 ივნისის N0------------- წერილით მა----–--------------ეს განემარტა, რომ ან------------–-–---–ის საფლავის კეთილმოწყობა მხოლოდ კორექტირებული პროექტის შეთანხმების პირობებში განხორციელდებოდა. (ს.ფ. 21-27)

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-601 მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლით;

3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის დეფინიციიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 16 ივნისის N0------------- წერილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხზე მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

3.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მითითებული წერილის შინაარსიდან გამომდინარე, კანონიერების თვალსაზრისით მისი შეფასებისათვის არსებითია, 2017 წლის ივნისის მდგომარეობით გააჩნდა თუ არა ქ.თბილისის მერიას მა----–--------------ის მიერ წარდგენილი პროექტის მიხედვით ან------------–-–---–ის საფლავის კეთილმოწყობის შესაძლებლობა. სადავო არ არის, რომ 2017 წლის ივნისის მდგომარეობით ან------------–-–---–ის დაკრძალვის ადგილზე არსებული სივრცე არ იყო საკმარისი მა----–--------------ის მიერ წარდგენილი პროექტის განსახორციელებლად, რაც გამორიცხავდა შესაბამისი პროექტის მიხედვით საფლავის კეთილმოწყობას.

 

3.3. სასამართლოს განმარტებით, მოცემული დავის საგანს წარმოადგენს სადავო წერილის გამოცემის დროისთვის მოპასუხის ქმედების მართლზომიერება და არა 2014 წელს წარმოშობილი საფლავის კეთილმოწყობის ვალდებულების დროულად შეუსრულებლობისა და მისგან გამომდინარე შედეგების შეფასება, ისევე, როგორც ან------------–-–---–ის საფლავის მიმდებარე სხვა საფლავების მოწყობის კანონიერების შესწავლა, ამ უკანასკნელის გარეშე კი უსაფუძვლოა სხვა საფლავის კორექტირების თაობაზე პრეტენზია.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მა----–--------------ემ, რომელმაც მოითხოვა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება; მა----–--------------ის სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

 

4.1. აპელანტის მითითებით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სასამართლოს მიერ, დაეფუძნა საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა–განმარტებების მოსმენას, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებას და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივ შეფასებას, რასაც რეალურად ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან საქმეზე დართული იყო უამრავი მტკიცებულება, რომლებიც სასამართლოს მიერ არ ყოფილა შესწავლილი. მეტიც, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულიც კი არ არის ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთაც პირდაპირი და არსებითი კავშირი ჰქონდათ სარჩელთან. საქმის განხილვისას არ მომხდარა დოკუმენტაციის სრულად გამოკვლევა და შესწავლა. სასამართლო პროცესზე, მოსარჩელეს არ მიეცა შესაძლებელობა წარედგინა საკუთარი მოსაზრებები, კერძოდ, მოსამზადებელი სხდომა გაიმართა 2017 წლის 06 დეკემბერს, ამ დროისათვის მოპასუხის მიერ, წარმოდგენილი არ ყოფილა არავითარი მოსაზრება და დოკუმენტაცია საქმესთან დაკავშირებით, შესაბამისად, სასამართლოსთვის უცნობი იყო მისი პოზიცია. 2018 წლის 22 იანვარს, როდესაც დანიშნული იყო მთავარი სხდომა, მოპასუხე მხარე, ქ. თბილისის მერიამ სასამართლო პროცესზე მოსამართლეს წარუდგინა შესაგებელი და საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, ისიც არასრულად. სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას შესაგებელი არ ჩაბარებია და გაეცნო მხოლოდ მას შემდეგ, რაც თავად გამოითხოვა იგი 2018 წლის 02 თებერვალს. საპასუხო მოსაზრება, შესაგებელთან დაკავშირებით მოსარჩელემ მოამზადა შემდეგი სასამართლო პროცესისათვის, რომელიც დანიშნული იყო 2018 წლის 20 თებერვალს. თუმცა, ვინაიდან გადაწყვეტილება უკვე გამოტანილი იყო, მისი მოსაზრება სასამართლოს განხილვის მიღმა დარჩა.

4.2. აპელანტის მითითებით, ქ. თბილისის მერიის მიერ 2014 წლის 27 ივნისის N1-------- დადგენილების მიღებისას საფლავის პროექტი შეთანხმებული და მოწონებული იყო იმ სახით, რა სახითაც დღეს არსებობს. სააპელაციო საჩვრის თანახმად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე–5 პუნქტში აღნიშნულია, რომ სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით. რეალურად, კი აღნიშნული კანონმდებლობა წარმოადგენს ზოგადი ხასიათის სამართლებრივ აქტებს, მაშინ როდესაც არსებობს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი სპეციალური კანონმდებლობა, კერძოდ "ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №20-103. აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულია საფლავების სტანდარტები, სასამართლოს არ გამოუყენებია აღნიშნული დადგენილება, არ უმსჯელია რამდენად იყო ან------------–-–---–ის საფლავის პროექტი სტანდარტებთან შესაბამისი, და ხომ არ იყო პ--------------–---ს საფლავი სტანდარტებთან შეუსაბამო.

 

4.3. სააპელაციო საჩივრის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას, სასამართლოს მიერ, არ მომხდარა საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასება, რაც ცალსახად იკვეთება გადაწყვეტილებიდან, ვინაიდან იგი არ შეიცავს არავითარ სამართლებრივ დასაბუთებას, გარდა იმ გარემოებისა, რომელიც დაეფუძნა საქმის ფაქტობრივი გარემოებების ზედაპირულ განმარტებას და არასწორად გადმოტანას.

 

4.4. სააპელაციო საჩივრის თანახმად, სადავოს არ წარმოადგენს და არსებითი არ არის 2017 წლის ივნისის მდგომარეობით გააჩნდა თუ არა ქ. თბილისის მერიას ან------------–-–---–ის საფლავის კეთილმოწყობის შესაძლებლობა. ვინაიდან. ქ. თბილისის მერიამ ან------------–-–---–ის საფლავის კეთილმოწყობის თაობაზე ვალდებულება აიღო 2014 წლის 27 ივნისის დადგენილებით. შესაბამისად, სწორედ ამ დადგენილების საფუძველზე უნდა განხორციელებულიყო ა------- ა----–-–-ლის საფლავის კეთიმოწყობა და სასამართლოს უნდა ემსჯელა არა იმ გარემოებაზე, 2017 წლის ივნისის მდგომარეობით გააჩნდა თუ არა მერიას ა------- ა----–-–-ლის საფლავის კეთილმოწყობის შესაძლებლობა, არამედ უნდა ემსჯელა 2014 წლის ივნისში გააჩნდა თუ არა ქ. თბილისის მერიას ან------------–-–---–ის საფლავის კეთილმოწყობის შესაძლებლობა და თუ გააჩნდა რატომ არ განახორციელა?!

 

4.5. სააპელაციო საჩივრის თანახმად, სასარჩელო მოთხოვნით ასევე მოთხოვნილი იყო პ--------------–---ს საფლავის კეთილმოწყობის კანონიერების შესწავლა და მისი კორექტირება. აპელანტის მითითებით, თუკი სასარჩელო მოთხოვნა არ იყო სათანადო ფორმით ჩამოყალიბებული სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 28–ე პრიმა მუხლის შესაბამისად, უნდა დახმარებოდა მოთხოვნის ტრანსფორმირებაში მა----–--------------ეს და აღნიშნული საფუძვლით უარი არ უნდა ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

5. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების მოტივები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეაფასა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ მა----–--------------ის სააპელაციო საჩვარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

5.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

5.4. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალურ პასუხისგაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

6. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

 

6.1. მა----–--------------ის მეუღლე - ან------------–-–---–ი გარდაიცვალა 2----–-–---------------- და დაიკრძალა დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. (ს.ფ. 1-16).

 

6.2. ქ.თბილისის მთავრობის 2014 წლის 27 ივნისის N1-------- დადგენილებით მოწონებულ იქნა ქ.თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მიერ წარდგენილი საკითხი გამოჩენილი ქართველის პოეტისა და საზოგადო მოღვაწის - ან------------–-–---–ის საფლავის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით და ქ.თბილისის მერიის ადმინისტრაციას შესაბამისი საფლავის კეთილმოწყობის უზრუნველყოფა 2014 წლის ბიუჯეტით „ქალაქგაფორმებითი ღონისძიებებისათვის“ გათვალისწინებული ასიგნებებიდან დაევალა.(ს.ფ. 18).

 

6.3. ან------------–-–---–ის საფლავის კეთილმოწყობისათვის მა----–--------------ემ ქ.თბილისის მერიას წარუდგინა საფლავის პროექტი, რომელიც შეუსაბამო აღმოჩნდა მოსაწყობ ფართობთან - პანთეონში ან------------–-–---–ის დაკრძალვის ადგილზე არსებული სივრცე არ იყო საკმარისი პროექტის განხორციელებისათვის, პროექტის კორექტირებაზე კი მა----–--------------ემ უარი განაცხადა. აღნიშნულ საფუძველზე მითითებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის 2017 წლის 16 ივნისის N0------------- წერილით მა----–--------------ეს განემარტა, რომ ან------------–-–---–ის საფლავის კეთილმოწყობა მხოლოდ კორექტირებული პროექტის შეთანხმების პირობებში განხორციელდებოდა. (ს.ფ. 21-27).

6.4. მა----–--------------ემ სარჩელით მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის 2017 წლის 16 ივნისის N0------------- წერილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა განცხადება ან------------–-–---–ის საფლავის კეთილმოწყობის თაობაზე; მან ასევე მოითხოვა: დაევალოს ქ. თბილისის მერიას უზრუნველყოს 2014 წლის მაისის თვეში გარდაცვლილი პ--------------–---ს საფლავის კორექტირება, იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს ან------------–-–---–ის საფლავის კეთილმოწყობა, მის მიერ წარდგენილი ქ. თბილისის მთავრობის მოწონებული პროექტის შესაბამისად; დაევალოს ქ. თბილისის მერიას განახორციელოს პოეტ ან------------–-–---–ის საფლავის კეთილმოწყობა ქ. თბილისის მთავრობის 2014 წლის 27 ივნისის N1-------- დადგენილებისა და მის მიერ წარდგენილი პროექტის შესაბამისად; მან ასევე მოითხოვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა (ს.ფ. 1-14).

 

6.5. სააპელაციო პალატა მოცემულ საქმეზე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ მითითებული წერილის შინაარსიდან გამომდინარე, კანონიერების თვალსაზრისით მისი შეფასებისათვის არსებითია, 2017 წლის ივნისის მდგომარეობით გააჩნდა თუ არა ქ.თბილისის მერიას მა----–--------------ის მიერ წარდგენილი პროექტის მიხედვით ან------------–-–---–ის საფლავის კეთილმოწყობის შესაძლებლობა. სადავო არ არის, რომ 2017 წლის ივნისის მდგომარეობით ან------------–-–---–ის დაკრძალვის ადგილზე არსებული სივრცე არ იყო საკმარისი მა----–--------------ის მიერ წარდგენილი პროექტის განსახორციელებლად, რაც გამორიცხავდა შესაბამისი პროექტის მიხედვით საფლავის კეთილმოწყობას.

 

6.6. სააპელაციო სასამართლო მოცემულ შემთხვევაში ხელმძღვანელობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-103 დადგენილებით, რომლითაც განისაზღვრა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი; აღნიშნულის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში - თბილისი) ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობის, მოვლა-პატრონობის, სარიტუალო საქმიანობის, სასაფლაოების დახურვისა და ახალი სასაფლაოების გახსნის წესს.

 

6.7. იმავე დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველი გარდაცვლილის დაკრძალვა ხდება ცალკე სამარეში, გარდა ზემოდან დაკრძალვის შემთხვევისა. ყოველ სამარეზე გაანგარიშებული და გამოყოფილ უნდა იქნეს 2.5 კვ.მ-მდე ფართობის ტერიტორია. საფლავებს შორის დაშორება არ უნდა იყოს გრძელ მხარეებს შორის 1 მეტრზე ნაკლები, ხოლო მოკლე მხარეებს შორის – 0,5 მეტრზე ნაკლები. კერძო სასაფლაოებზე საფლავებს შორის დაშორება გრძელ და მოკლე მხარეებს შორის არ უნდა იყოს 0,5 მეტრზე ნაკლები.

 

7.1. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, რომ მ--------------ემ სააპელაციო საჩივარში იშუამდგომლა ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, რათა დადგინდეს რამდენად შესაბამისობაშია პ--------------–---ს საფლავისა და ან------------–-–---–ის საფლავის პროექტის პარამეტრები დადგენილ სტანდარტებთან. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

7.2. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების შინაარსიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საპროცესო კანონმდებლობა მხარეს არ ზღუდავს კონკრეტული ეჭვის არსებობის შემთხვევაში საკუთარი ხარჯით ჩაატაროს ექსპერტიზა და აღნიშნული დასკვნა წარუდგინოს სასამართლოს, რაც მოცემულ შემთხვევაში აპელანტის მიერ არ განხორციელებულა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, ექსპერტიზის დასკვნის არ არსებობის პირობებშიც ირკვევა, რომ მა----–--------------ის მიერ წარდგენილი პროექტის შესაბამისად ან------------–-–---–ის საფლავის კეთილმოწყობის შესაძლებლობა 2017 წლის ივნისის მდგომარეობით ან------------–-–---–ის დაკრძალვის ადგილზე არსებული სივრცის სიმცირის გამო ვერ მოხდებოდა.

 

7.3. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გამოიკვლია ყოველმხრივ და ერთობლიობაში, შესაბამისად მათ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც არ არსებობს მა----–--------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს მა----–--------------ის სააპელაციო საჩივარი.

 

2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, ( თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ.#32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით ( თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.#7ა).

 

თავმჯდომარე: მარიამ ცისკაძე

 

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

 

გელა ბადრიაშვილი