განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 120210018002524412
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/6730-18 07 მარტი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - თამარ ალანია
მოსამართლეები - ქეთევან მესხიშვილი, თამარ ზამბახიძე
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - ბ-----------------–----–-------- მ----ა
წარმომადგენელი - თ----------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - ი---------–-------–--ე“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
დავის საგანი - პირგასამტეხლოს შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ი---------–-------–--ემ“ ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ბ-----------------–----–-------- მ----ის მიმართ სარჩელი აღძრა. 2017 წლის 1 ივნისს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლოს სულ - 12882.08 ლარის 10 ჯერ შემცირება და პირგასამტეხლოს ოდენობის 1288.21 ლარით განსაზღვრა მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო ექვსჯერ შემცირდა და 2 147 ლარით განისაზღვრა, შესაბამისად, ბ-----------------–----–-------- მ----ას ი---------–-------–--ის“ სასარგებლოდ 10 735.08 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ბ-----------------–----–-------- მ----ამ სააპელაციო წესით მხოლოდ პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში გაასაჩივრა (თბილისის სააპელაციო სასამართლოს, 2019 წლის 07 მარტის სასამართლო სხდომა 15:09:55 საათი) გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. 2017 წლის 1 ივნისს ბ-----------------–----–-------- მ----ასა და ი---------–-------–--ეს“ შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულება დაიდო. ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს ქ------------–------–-----------------–---------–------------------------------------ შენობის რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარება წარმოადგენდა. ხელშეკრულების ღირებულება 24 8269 ლარით განისაზღვრა. ხელშეკრულების ან/და ხელშეკრულების ეტაპის (გეგმა-გრაფიკი) შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეთანხმდა (ს.ფ. 15-22).
6. ამავე ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების ხელმოწერიდან - 90 კალენდარული დღით განისაზღვრა (ს.ფ. 15-22).
7. 2017 წლის 14 ივლისს 2017 წლის 1 ივნისს გაფორმებული N--- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმება შედგა. ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად, ქ------------–-------–-----------------–---------–------------------------------------ შენობის სამუშაოების საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას (შესასრულებელი სამუშაოს ჯამურ ღირებულებას) 20 108 ლარი დაემატა (ს.ფ. 23-43).
8. 2017 წლის 30 ივნისს მხარეებს შორის შუალედური მიღება - ჩაბარების აქტი შედგა, რომლის თანახმად, 2017 წლის 1 ივნისს გაფორმებული N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - ქ------------–-------–-----------------–---------–------------------------------------ შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 248269 ლარი, დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობდა. შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი ფორმა 2-ის მიხედვით ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან შესაბამისი იყო და ღირებულება 30400.10 ლარს შეადგენდა, რომელიც გადახდას ექვემდებარებოდა (ს.ფ. 44).
9. 2017 წლის 7 აგვისტოს მხარეებს შორის შუალედური მიღება- ჩაბარების აქტი შედგა, რომლის თანახმად, 2017 წლის 1 ივნისს გაფორმებული N--- ხელშეკრულებით და 2017 წლის 14 ივლისის N--- შეთანხმებით გათვალისწინებული - ქ------------–-------–-----------------–---------–------------------------------------ შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 268377 ლარი, დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობდა. შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი ფორმა 2-ის მიხედვით ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან შესაბამისობაში იყო და ღირებულება 119460 ლარს შეადგენდა, რომელიც გადახდას ექვემდებარებოდა (ს.ფ. 45).
10. 2018 წლის 24 იანვარს მხარეებს შორის საბოლოო მიღება- ჩაბარების აქტი შედგა, რომლის თანახმად, 2017 წლის 1 ივნისს გაფორმებული N--- ხელშეკრულებით და 2017 წლის 14 ივლისის N--- შეთანხმებით გათვალისწინებული - ქ------------–-------–-----------------–---------–------------------------------------ შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 268377 ლარი, გეგმა-გრაფიკის დარღვევით შესრულდა. შპს „ქ--------–-----“-ს 2018 წლის 18 იანვრის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შესრულებული სამუშაოების აქტებში შესრულებულად ნაჩვენები სამუშაოების სახეები და მოცულობები ძირითადად შეესაბამებოდა ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოების სახეებს და მოცულობებს, ასევე სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მონაცემებს. ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება 262719.30 ლარს, ხოლო, გაუთვალისწინებელი სამუშაოების ღირებულება 5302.06 ლარს შეადგენდა. შესრულებული სამუშაოების ხარისხი დამაკმაყოფილებელი იყო. ი---------–-------–--ეს“ ხელშეკრულების მ----------–------- პუნქტის შესაბამისად ხელშეკრულების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.3%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრა, რაც ჯამში 12882.08 ლარს შეადგენდა (ს.ფ. 46, 47-52).
11. 2017 წლის 01 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას მიმწოდებელმა - ი---------–-------–--ემ“ 16 დღით გადააცილა (ს.ფ. 2-12, 46, 62-71, 77).
12. ი---------–-------–--ეს“ ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შეუსრულებლობის გამო 12882.08 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული თანხა ბ-----------------–----–-------- მ----ამ მოსარჩელეს შესრულებული სამუშაოების თანხაში გაუქვითა და შესრულებული სამუშაოების თანხის ასანაზღაურებლად 12882.08 ლარით ნაკლები ჩაურიცხა (ს.ფ. 2-12, 46, 62-71, 77-82).
13. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოდავე მხარეთა შორის 2017 წლის 01 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებული პირგასამტეხლო მართებულად შემცირდა.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს.
პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის.
პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სააპელაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებაზე უარის თქმის საფუძვლად მხოლოდ ის აპელირება არ გამოდგება, რომ მოსარჩლისთვის ცნობილი იყო ხელშეკრულებების პირობები რომელზეც ის ხელს აწერდა, შესაბამისად, მხოლოდ ხსენებული მსჯელობა გაზიარებული ვერ იქნება.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩლეც არ ხდიდა სადავოდ, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არსებობდა, თუმცა, მისი ოდენობა არაპროპორციულად მიიჩნია. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული ობიექტის რეაბილიტაცია სრულადაა დასრულებული და სამუშაოები მენარდისთვის ჩაბარებულია. რაც შეეხება სამუშაოების დასრულების ვადის 16 დღით გადაცილებას მოსარჩელის მითითებით იგი მენარდის მიერ სამუშაოს მოცულობის გაზრდით იყო გამოწვეული, რომლისთვისაც შესრულების ვადის გაზრდა არ მომხდარა, რაც საქმეში არსებული შუალედური მიღება-ჩაბარების აქტითაც დასტურდება, ამასთან ყურადსაღებია, რომ აღნიშნულით არსებითი ხასიათის ზიანი არ მისდგომია სახელმწიფო ან/და კერძო პირთა ინტერესებს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის ბ-----------------–----–-------- მ----ამ მოსარჩელეს პირგასამტეხლოს სახით 12 882,08 ლარი დააკისრა. მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით, სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, რომელიც ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, განისაზღვრა. საქმის მასალებში წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის თანახმად, მიმწოდებლის მიერ გათვალისწინებული მოგება საბოლოო ჯამში 11 003 ლარს შეადგენდა. ასევე, უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხემ სამუშაოები მხოლოდ 16 დღის დაგვიანებით დაასრულა და სწორედ აღნიშნული დაგვიანების გამო 12 882,08 ლარი დაეკისრა. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათის, ძირითადი ვალდებულების მოცულობის, ასევე, მოგების იმ მარჟის გათვალისწინებით, რაც მოსარჩელეს კონკრეტული სამუშაოს შესრულებიდან უნდა მიეღო, პალატა ასკვნის, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო და მის შემცირებაზე უარის თქმის პირობებში იგი მხოლოდ მიმწოდებლის დასჯისკენ მიმართული ქმედება იქნებოდა, რაც სამოქალაქო კოდექსით პირგასამტეხლოს ინსტიტუტისთვის გათვალისწინებულ მიზნებსა და დანიშნულებას სცდება. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ადგენს, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო 2 147 ლარამდე მართებულად შემცირდა.
14. კერძო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.
განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, აპელანტს დაკისრებული პირგასამტეხლოს შესაბამისობა, ვალდებულების დარღვევასთან მისი პროპორციულობა და გონივრულობა უნდა დაედასტურებინა. სააპელაციო საჩივრით და ზეპირ სხდომაზე წარდგენილი ახსნა-განმარტებით აპელანტი მხოლოდ პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერებას არ დაეთანხმა და განმარტა, რომ მხარე ხელშეკრულების გაფორმებისას ხელშეკრულების პირობებს იცნობდა, იგი ინფორმირებული იყო ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში მასზე დასაკისრებელი პირგასამტეხლოს შესახებ, რაც სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უარის თქმის საფუძველი უნდა გამხდარიყო. როგორც აღინიშნა ხელშეკრულების ავტონომიის პრინციპის ერთ-ერთ გამონაკლისს სასამართლოს მიერ საკუთარი ინიციატივით, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება წარმოადგენს, ამ პირობებში სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, აპელანტმა დაკისრებული თანხის პროპორციულობა ვერ დაადასტურა და მტკიცების ტვირთი ვერ დასძლია, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება სრულადაა გასაჩივრებული, არც სააპელაციო საჩივარში და არც საქმის ზეპირი განხილვის დროს, აპელანტს პირგასამტეხლოს შემცირების მართებულობის გარდა არცერთი ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი შედავება არ განუხორციელებია. ამასთანავე, 2019 წლის 07 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ ზეპირ სხდომაზე (15:09:55 საათი) აპელანტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას მხოლოდ პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში ასაჩივრებდა. შესაბამისად, სააპელაციო პალატა თანახმად, საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილისა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფოს ბიუჯეტში ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით ასევე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქ. ბ-----------------–----–-------- მ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით
თავმჯდომარე თამარ ალანია
მოსამართლეები ქეთევან მესხიშვილი თამარ ზამბახიძე