განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.04.2019
საქმის ნომერი
140310018002312806
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
17.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310018002312806

საქმე N3ბ/667-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

17 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - მარინე კახაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - გორის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი - ნ---------–---–---–-;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისი

წარმომადგენელი -უ---------------–-–---–-

 

მესამე პირები (ა.ს.კ 16.2) - ი--- გ--------ე, ლ-----ა გ--------ე, ლ-–- გ--------ე, რ---–---- გ--------ე, ფ-------- გ--------ე.

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება.

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 12 ივლისის №8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

2. მოპასუხისა და მესამე პირების პოზიცია:

 

2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 12 ივლისის №8-------------- გადაწყვეტილება მიღებულია კანონის შესაბამისად, მისი მომზადებისა და გამოცემის დროს არ დარღვეულა კანონმდებლობის მოთხოვნები და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

2.2. მესამე პირები დაეთანხმნენ მოპასუხის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნეს, რომ მათი საკარმიდამო მიწის ნაკვეთი შემოსაზღვრულია ღობით, რომელიც არ შეცვლილა და მათ არ დაუკავებიათ გზის ნაწილი. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართეს შეცდომის გასასწორებლად, რაც დაკმაყოფილდა.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

გორის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 12 ივლისის №8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა გორი, ს------– ა---–----აში მდებარე უძრავი ქონება 6----------- საკადასტრო კოდით, დაზუსტებული ფართობით, 722.კვ.მ, ი--- გ--------ის, ლ-----ა გ--------ის, ლ-–- გ--------ის, რ---–---- გ--------ის, ფ-------- გ--------ის სახელზე საარქივო ცნობის, როგორც უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე. წარდგენილი იქნა შესაბამისი საკადასტრო ნახაზი.

 

4.2. 2016 წლის 30 ივნისს ლ-–- გ--------ემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა განცხადებით და მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, მდებარე გორი, ს------–-----. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 12 ივლისის№8-------------- გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა აღნიშნული ცვლილება, უძრავი ქონება 6----------- საკადასტრო კოდით, დაზუსტებული ფართობით, 722.კვ.მ-ზე. წარდგენილი იქნა შესაბამისი საკადასტრო ნახაზი. შესწორდა ადგილმდებარეობა.

 

4.3. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, 2017 წლის 3 აპრილის №----- წერილში (ზ---- მ-----–---–ის განცხადების პასუხად) მიუთითა, რომ ადგილზე დათვალიერების შედეგად დაადგინეს და ადასტურებენ, რომ უძრავი ქონება 6----------- საკადასტრო კოდით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 722.კვ.მ-ზე. პირველ და მეორე რეგისტირირებულ განაცხადს შორის იდენტურობის-ადგილმდებარეობის მხრივ სხვაობა სავარაუდოდ არის მიწის ფართობის აღმოსავლეთ მხარეს არსებული საუბნო გზის ხარჯზე.

 

4.4. გორი, ს------–-----, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 6----------- საკადასტრო კოდით, შემოსაზღვრულია ღობით. ღობე მრავალი წლის განმავლობაში არ შეცვლილა, მდებარეობა არ შეუცვლია. ღობის გასწვრივ, არის რუ, რომლის მეორე მხარეს გაყოლებით დარგულია მრავალწლოვანი ხეები გზის ნაპირზე.

 

4.5. გორი, ს------–-----ში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 6----------- საკადასტრო კოდით, გვერდით არსებული გზა არის ისეთი ფართობის, რომ შესაძლებელია ადამიანის და ტრანსპორტის, მათ შორის ნებისმიერი გაბარიტის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეუფერხებელი გავლა და წარმოადგენს ჩიხს სამი ოჯახისათვის.

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. სასამართლომ მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შესამოწმებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება და უნდა გაირკვეს, შეიცვალა თუ არა 6----------- საკადასტრო კოდით დარეგისტრირებული უძრავი ქონების და გზის ფაქტობრივი მდებარეობა ცვლილების შემდეგ და აქედან გამომდინარე, გზის ნაწილის მისაკუთრებას ხომ არ ქონდა ადგილი.

 

სასამართლომ გაიზიარა საჯარო რეესტრის პოზიცია იმის თაობაზე, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცული მონაცემებით გადამოწმდა წარდგენილი სიტუაციური ნახაზი და ვინაიდან სარეგისტრაციო ობიექტის კონფიგურაცია 1/3-ზე ნაკლებით იცვლებოდა და არ სცდებოდა რეგისტრირებულ საზღვარს, საჯარო რეესტრის შესაბამისი სამსახურს სრული საფუძველი ჰქონდა შეესწორებინა ტექნიკური ხარვეზი. რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიციას, რომ საჯარო რეესტრს უნდა მიემართა გორის მუნიციპალიტეტის მერიისათვის უფლების დამდგენ დოკუმენტსა და მიწის ნაკვეთს შორის იდენტურობის დადგენის მოთხოვნით, სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნული და განმარტა, რომ ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლით დადგენილია საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის დადგენისა და საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი სამუშაოების შესრულების წესები, რომელიც არ მოქმედებს, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა. ამ შემთხვევაში მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა გარკვეული და დადგენილი იყო და საჭიროებდა მხოლოდ საკადასტრო ნახაზში მისი იდენტიფიკაციის მონაცემების - კონფიგურაციის სრულყოფილ და სწორ ასახვას და ტექნიკური ხარვეზის გამო შეიცავდა არასწორ მონაცემებს. სასამართლომ მიუთითა, რომ თავისთავად რეგისტრაცია ეს არის სარეგისტრაციო ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მათ შორის საკადასტრო მონაცემების აღრიცხვა, რაც საკადასტრო/სიტუაციური ნახაზის მეშვეობით წარედგინება მარეგისტრირებელ ორგანოს და შესაბამისობაში უნდა იყო ერთმანეთთან. საკადასტრო/სიტუაციური ნახაზი ზუსტად უნდა ასახავდეს ფაქტობრივი მდებარეობის მონაცემებს და მის კონფიგურაციას. საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში (სუს გადაწყვეტილება საქმე №ბს-367-363(კ-12), რაც მოცემულ შემთხვევაში ცვლილების რეგისტრაციით მიღწეულია. ამასთან, სადავო ცვლილება დარეგისტრირდა იმ დროს, როდესაც აღნიშნული კანონის შესაბამისი ნორმა, რომელიც ითვალისწინებს ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას ადმინისტრაციულ წარმოებაში არ არსებობდა, რაც გამორიცხავს მოპასუხის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნის შეუსრულებლობას.

 

რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის კუთვნილი ე.წ. საუბნო გზის დაკავებას, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა მისი კუთვნილი გეოგრაფიული ობიექტის საკადასტრო მონაცემები, რომლის მეშვეობით უტყუარად დადგინდებოდა გზის მდებარეობის და კონფიგურაციის მონაცემები და თავადვე მიუთითა, რომ ამისათვის მისი ისტორიული ჩამოყალიბების გათვალისწინება უნდა მოხდეს. ამასთან დაკავშირებით წარმოდგენილი სიტუაციური ნახაზი ე.წ. ყვითელი ფენის მითითებით, ზუსტ და უტყუარ მონაცემებად ვერ იქნება განხილული, რადგან არ დადგენილა მისი შესაბამისობა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან და როგორც წესი, განიხილება დაუზუსტებელ მონაცემებად, რომლის დაზუსტება, შეცვლა და გაუქმება შეუძლია სააგენტოს.

 

სასამართლომ ადგილზე გასვლასა და დათვალიერებაზე დაყრდნობით განმარტა, რომ ეს გზა მიეკუთვნება ადგილობრივი მნიშვნელობის გზას, რომელიც არ შეიცავს საავტომობილო გზისათვის დამახასიათებელ ყველა ნიშანს, მაგრამ გამოიყენება გადასაადგილებლად როგორც ადამიანებისათვის, ისე პირუტყვისა და სატრანსპორტო საშუალებებისათვის. აღინიშნა, რომ ეს არის გრუნტოვანი გზა - ჩიხი, რომელსაც იყენებს იქ მცხოვრები სამი ოჯახი და ჩამოყალიბდა სწორედ მათი საყოფაცხოვრებო გამოყენებით. მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების გარკვევისა და დადგენისათვის მნიშვნელობა აქვს მისი მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მდებარეობას და ასევე იმის დადგენას, შეიცვალა თუ არა მათი სასაზღვრო მიჯნა დროის რომელიმე პერიოდში. მოწმეთა ჩვენებებით, გზის ნაპირზე დარგული მრავალწლოვანი მწვანე ნარგავებით და რუს მდებარეობით დადგენილია, რომ გ--------ეების მიწის ნაკვეთის მყარი სასაზღვრო მიჯნა არ შეცვლილა მრავალი წლის განმავლობაში, ამ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთი შემოსაზღვრულია მყარი სასაზღვრო მიჯნით, რომელიც არ შეცვლილა მრავალი წლის განმავლობაში, რაც შეიძლება ჩაითვალოს ფაქტობრივი მდებარეობის გარკვევისათვის მთავარ მონაცემად. სასამართლომ მიიჩნია, რომ გზის ფაქტობრივი მდებარეობა არ შეცვლილა და მისი მისაკუთრება არ მომხდარა. ამასთან, განმარტა, რომ ადგილზე დათვალიერებამ ცხადყო, რომ გზის სავალი ნაწილი ამჟამად არის ფართო და მის სავალ ნაწილზე დაუბრკოლებლად გავლა შეუძლია ნებისმიერი გაბარიტის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას და სატრანსპორტო საშუალებას.

 

6. გორის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

6.1. გორის მუნიციპალიტეტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

6.1.1 საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ არ გამოიკვლია მათთან დაცული დოკუმენტაცია, კერძოდ, სიტუაციური ნახაზი „ე.წ ყვითელი ფენით“, სადაც არსებითად და ნათლად ჩანს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის საერთო სარგებლობის გზას, ამასთან, მოცემულ შემთხვევაში მიწის ნაკვეთის იდენტურობა უნდა დადგენილიყო მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით და მუნიციპალიტეტი, როგორც დაინტერესებული მხარე, რომლის ინტერესსაც შესაძლოა პირდაპირ შეხებოდა მიღებული გადაწყვეტილება, ჩართული უნდა ყოფილიყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ადმინისტრაციულ წარმოებაში.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

7.2 პალატა მიუთითებს, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის“ 26-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

 

მოცემული დავის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერია ასაჩივრებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 12 ივლისის №8-------------- გადაწყვეტილებას, რომლითაც გორი, ს------–-----ში, მდებარე უძრავ ქონებაზე ს/კ 6-----------, დაზუსტებული ფართობით 722.კვ.მ-ზე, ლ-–- გ--------ის მიერ წარდგენილი შესაბამისი საკადასტრო ნახაზის მიხედვით შესწორდა ადგილმდებარეობა და დარეგისტრირდა ცვლილება. ამდენად, პალატამ, სწორედ აღნიშნული რეგისტრაციის კანონიერება უნდა შეაფასოს.

 

გასაჩივრებულ რეგისტრაციასთან მიმართებით აპელანტის ძირითადი აპელირება უკავშირდება იმ გარემოებებზე მითითებას, რომ გორის მუნიციპალიტეტის ს------– ა---–----აში მდებარე გორის მუნიციპალიტეტის საუბნო გზის ნაწილი, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას, ლ-–- გ--------ის განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონულმა ოფისმა სადავო რეგისტრაციით დაურეგისტრირა რ---–---- გ--------ის ოჯახს, ისე რომ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის, როგორც საუბნო გზის მესაკუთრისათვის და აქედან გამომდინარე დაინტერესებული მხარისათვის, არც თანხმობის და არც სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე უფლების დამდგენ დოკუმენტსა და მიწის ნაკვეთს შორის იდენტურობის დადგენის მოთხოვნით არ მიუმართავს.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოტივაციას და მიუთითებს შემდეგს:

 

7.3 სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3, მე-4, მე -41, მე-5 და მე-6 პუნქტები ამომწურავად განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, რა შემთხვევაშიც ხდება მუნიციპალიტეტის ჩართვა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობის დადასტურების პროცესში. ამავე მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს, რომ ამ მუხლით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობის დადგენის წესი არ მოქმედებს, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

 

ამდენად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა გაზიარებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცული მონაცემებით გადამოწმდა წარდგენილი სიტუაციური ნახაზი და ვინაიდან სარეგისტრაციო ობიექტის კონფიგურაცია 1/3-ზე ნაკლებით იცვლებოდა და არ სცდებოდა რეგისტრირებულ საზღვარს, საჯარო რეესტრის შესაბამისი სამსახურს სრული საფუძველი ჰქონდა შეესწორებინა ტექნიკური ხარვეზი. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა გარკვეული და დადგენილი იყო და საჭიროებდა მხოლოდ საკადასტრო ნახაზში მისი იდენტიფიკაციის მონაცემების - კონფიგურაციის სრულყოფილ და სწორ ასახვას და ტექნიკური ხარვეზის გამო შეიცავდა არასწორ მონაცემებს, აღარ არსებობდა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვის აუცილებლობა.

 

7.4 რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის კუთვნილი ე.წ. საუბნო გზის დაკავების საკითხს, პალატა მიუთითებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტისათვის კანონით მიკუთვნებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შემდეგი ქონება: ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და მათი ნაწილები, ქუჩები, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები, მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები და ნაპირსამაგრი ნაგებობები.

 

პალატა კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში უტყუარად არ დგინდება გზის მდებარეობა და კონფიგურაციის მონაცემები, რამდენადაც მუნიციპალიტეტს კანონის შესაბამისად დარეგისტრირებული არ ჰქონია გზა. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ წარმოდგენილი სიტუაციური ნახაზი ე.წ. ყვითელი ფენის მითითებით, ზუსტ და უტყუარ მონაცემებად ვერ იქნება განხილული, რადგან არ დადგენილა მისი შესაბამისობა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან და როგორც წესი, განიხილება დაუზუსტებელ მონაცემებად, რომლის დაზუსტება, შეცვლა და გაუქმება შეუძლია სააგენტოს და დამატებით აღნიშნავს, რომ რაც ყვითელ ფენაში არ შედის და სცდება მას, ავტომატურად არ შეიძლება მიჩნეული იქნეს გზად, ინდივიდუალური, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გაუთვალისწინებლად.

 

პალატის მოსაზრებით, რა თქმა უნდა სასურველია გზად გამოყენებული ტერიტორია დარეგისტრირებული იყოს რეესტრში, თუმცა რეგისტრაციის არარსებობა არ გულისხმობს გზის რეალურად არარსებობას; ამგვარი დაურეგისტრირებელი გზების არსებობა ხშირია ქართულ რეალობაში ადგილობრივი თვითმმართველობის/მმართველობის ორგანოთა მმართველობითი საქმიანობის ხარვეზიანობის გამო; გზა შესაძლოა არსებობდეს რეგისტრაციის გარეშეც, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, ადგილზე დათვალიერებით, ფოტოსურათებითა და ნახაზის შესწავლით დგინდება, რომ მე-3 პირებმა დაირეგისტრირეს ისეთი ტერიტორია, რომელიც გზად გამოყენებული ტერიტრიის ფარგლებს სცდება და მის მიღმაა.

 

ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ სადავო რეგისტრაციით დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი გზის შემადგენელი ნაწილი არ ყოფილა, აქედან გამომდინარე, მიწის ნაკვეთის ფართობის კონფიგურაცია ამ თვალსაზრისით დასაშვებია. ამდენად იმ პირობებში, როდესაც, მუნიციპალიტეტის გზა არ არის რეგისტრირებული და არ დასტურდება, რომ სადავო რეგისტრაციით მესამე პირებმა დაირეგისტრირეს მუნიციპალიტეტის გზა ან გზის ფუნქციის ტეროტორია, სასამართლო ვერ დააკმაყოფილებს გორის მუნიციპალიტეტის სააპელაციო (სასარჩელო) მოთხოვნას. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი ფოტომასალით ნათელია, რომ გზის სავალი ნაწილი ამჟამად არის ფართო და მის სავალ ნაწილზე დაუბრკოლებლად შეუძლია გავლა ნებისმიერი გაბარიტის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას და სატრანსპორტო საშუალებას.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ რაიონულმა სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

8.1 სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის მიხედვით სააპელაციო საჩივრისათვის, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯი გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

პალატა მიუთითებს, რომ სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტით საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეზე ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან - ყველა საქმეზე.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 90-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამოუკიდებელია, როგორც სხვა მუნიციპალიტეტის, ისე ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისაგან. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამოუკიდებლობას განაპირობებს საკუთარი შემოსულობები და საკუთარ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის გადასახდელების დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლებამოსილება. ამავე კოდექსის 92-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არასაკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება კაპიტალური, სპეციალური და მიზნობრივი ტრანსფერები, სესხი და „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული გრანტი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მუნიციპალიტეტი არ არის მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სუბიექტი და არ აკმაყოფილებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, აპელანტს უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ( ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 2124, 2125, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. გორის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ძალაში დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება.

 

3. გორის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -