განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002096916
საქმე №2ბ/2862-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
07 მარტი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე, მომხსენებელი _ გოდერძი გიორგიშვილი
მოსამართლეები _ ნათია გუჯაბიძე
ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი _ ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი – ქ-------–----------–----–--------------ა (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ნ-------- ტ----–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ს--–-----–----------–----–-------------–-------ი’’ (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ნ----–ულაძე
დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით, ქ-------–----------–----–--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „ს--–-----–----------–----–-------------–-------ს“ ქ-------–----------–----–--------------ის სასარგებლოდ დაეკისრა - 108 026.36 ლარის გადახდა. ქ-------–----------–----–--------------ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის 432 105.48 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1 ქ-------–----------–----–--------------ას და შპს „ს--–-----–----------–----–-------------–-------ს“ შორის 2----–-–----------------ს დაიდოN2--------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქ. თბილისში, ზ--------------–----თან არსებული ს-----------------------------------------------ის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებას.
2.2 ხელშეკრულების 2.4 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 4 462 000 ლარს. ხოლო 3.2 პუნქტის მიხედვით, სამუშაოს მიწოდების ვადა განისაზღვრა სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 400 კალენდარული დღე.
2.3 3.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს და შემსყიდველთან შეათანხმოს დეტალურად განფასებული შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების გეგმა-გრაფიკი სამუშაოს მოცულობების მითითებით, კალენდარული გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული დაწყებისა და დასრულების ვადების შეუცვლელად.
2.4 ხელშეკრულების 9.1 პუნქტის შესაბამისად, ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულების დამდები მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები, ხოლო, 9.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას ხელშეკრულების 3.4 პუნქტით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში გადაუხადოს პირგასამტეხლო შემსყიდველს გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შეუსრულებელი ნაწილის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2--------- ხელშეკრულება (ს.ფ 28-35);
- კრებსითი ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ 36).
2.5 საქმეში წარმოდგენილი შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა სამუშაოების შესრულების 14 ეტაპი, კერძოდ, პირველ ეტაპზე სამუშაოების წარმოება არ იყო გათვალისწინებული, მე-2 ეტაპზე 31.01.2015 - 01.03.2015 ჩათვლით შესასრულებელ სამუშაოთა ღირებულება შეადგენდა 32 000 ლარს, მე-3 ეტაპზე 02.03.2015 – 31.03.2015 ჩათვლით - 50 000 ლარს, მე-4 ეტაპზე 01.04.2015 – 30.04.2015 ჩათვლით 195 200 ლარს, მე-5 ეტაპზე 01.05.2015 – 30.05.2015 ჩათვლით 455 700 ლარს, მე-6 ეტაპზე 31.05.2016 – 29.06.2015 ჩათვლით 59800 ლარს, მე-7 ეტაპზე 30.06.2015 – 29.07.2015 ჩათვლით 308 000 ლარს, მე-8 ეტაპზე 30.07.2015 28.08.2015 ჩათვლით 430 000 ლარს, მე-9 ეტაპზე 29.08.2015-27.09.2015 ჩათვლით 493 000 ლარს, მე-10 ეტაპზე 28.09.2015-27.10.2015 ჩათვლით 497 000 ლარს, მე-11 ეტაპზე 28.10.2015-26.11.2015 ჩათვლით 511100 ლარს, მე-12 ეტაპზე 27.11.2015-26.12.2016 ჩათვლით 400 000 ლარს, მე-13 ეტაპზე 27.12.2015-15.01.2016 ჩათვლით 481 000 ლარს, მე-14 ეტაპზე 26.01.2016-04.02.2016 ჩათვლით 11 000 ლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების გეგმა-გრაფიკი (ს.ფ 37-56).
2.6 მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ქ-------–----------–----–--------------ამN2--------- ხელშეკრულების 10.1 და 10.5 პუნქტის „ა“ ქ/პუნქტის შესაბამისად ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 10 სექტემბრის N5/8517 წერილი (ს.ფ 66-68).
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.7 სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის დანაწესით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის (შპს „ს--–-----–----------–----–-------------–-------ი“) მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას. კერძოდ, ქ-------–----------–----–--------------ის მიერ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე იკვეთებოდა, რომ მოპასუხემ სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად ვერ უზრუნველყო შეთანხმებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულება, რის გამოც, მთლიანობაში სახელშეკრულებო ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულების შედეგად მოპასუხის მიმართ დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენდა 540 131.84 ლარს. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე არ დაეთანხმა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, თუმცა მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის 5-ე ნაწილის დანაწესის გათვალისწინებით, სარჩელში დასახელებულ გარემოებებთან დაკავშირებით კვალიფიციური, დასაბუთებული შედავება არ ჰქონდა წარმოდგენილი. შესაბამისად, სასამართლომ გაიზიარა სასარჩელო განცხადების თანდართულ მტკიცებულებიდან გამომდინარე ფაქტები.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება-ჩაბარების და პირგასამტეხლოს დარიცხვის აქტები, სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ 57-77).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.8 სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ-------–----------–----–--------------ას და შპს „ს--–-----–----------–----–-------------–-------ს“ შორის 2----–-–----------------ს დაიდოN2--------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქ. თბილისში, ზ--------------–----თან არსებული ს-----------------------------------------------ის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებას. ხელშეკრულების 2.4 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 4 462 000 ლარს. ხოლო 3.2 პუნქტის მიხედვით, სამუშაოს მიწოდების ვადა განისაზღვრა სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 400 კალენდარული დღე.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის 2----–-–----------------ს გაფორმებული ხელშეკრულებით, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს ანაზღაურება გათვალისწინებული იყო. კერძოდ, ხელშეკრულების 9.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას ხელშეკრულების 3.4 პუნქტით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში გადაუხადოს პირგასამტეხლო შემსყიდველს გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შეუსრულებელი ნაწილის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა მოპასუხის მხრიდან შეთანხმებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილების ფაქტი, რომლის საფუძველზეც მოპასუხის მიმართ დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 540 131.84 ლარს. ამრიგად, სასამართლოს მოსაზრებით საქმესთან დაკავშირებით შეკრებილი მტკიცებულებანი და დადასტურებული ფაქტები წარმოადგენენ მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამავე კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
სასამართლოს განმარტებით, მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავდა, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეეფასებინა პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებდა მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორი იყო შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება მიჩნეულიყო ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.
სასამართლოს მოსაზრებით 540 131.84 ლარის პირგასამტეხლოს სახით დაკისრება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა არაგონივრული იყო, უნდა შემცირებულიყო 5-ჯერ და შპს „ს--–-----–----------–----–-------------–-------ს“ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაკისრებოდა - 108 026.36 ლარის გადახდა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტის მითითებით, სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე მითითებით მიიჩნია, რომ 540 131.84 ლარის პირგასამტეხლოს სახით დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს, რის გამოც პირგასამტეხლო შეამცირა 5-ჯერ (108 026.36 ლარამდე).
აპელანტის განმარტებით, არ არსებობდა პირგასამტეხლოს ოდენობით შემცირების საფუძველი. პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას, სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი განმარტებით და მიუთითა, რომ 540 131.84 ლარის პირგასამტეხლოს სახით დაკისრება ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს სათანადოდ არ დაუსაბუთებია, თუ რომელი საფუძვლით იყო განპირობებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების აუცილებლობა. ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ როდესაც სასამართლო ერევა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში და იყენებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლს, ასეთ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ,,შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლოს შემცირების აუცილებლობა, მითუმეტეს იმის გათვალისიწნებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ პირგასამტეხლო 540 131.84 ლარიდან, შემცირდა 108 026.36 ლარამდე.
აპელანტი მიიჩნევს, რომ მხარისათვის დარიცხული პირგასამტეხლო არ არის შეუსაბამოდ მაღალი, ის გამომდინარეობს მხარეთა შორის არსებული ხელშკერულებიდან და არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ სატენდერო ხელშკეურლების უკან დგას უდიდესი საჯარო ინტერესი და სატენდერო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისას, განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადაში შესრულებას. აპელანტმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ზ--------------–----თან არსებული ს------------------------------------------------ის სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება, შესაბამისად, აღნიშნული სამუშაოების ვადაში შესრულებას არსებითი მნიშვნელობა გააჩნდა, რაც ცნობილი იყო მოწინააღმდეგე მხარისთვისაც. აღნიშნულს ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ქ-------–----------–----–--------------ის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების აქტები და წერილები, რომლითაც დგინდება, რომ სამსახურმა არაერთი წერილობითი და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა მიმწოდებელს, თუმცა უშედეგოდ.
ამასთან, ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე წარმოადგენს სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილ სუბიექტს, რომლისთვისაც წინასწარ იყო ცნობილი ის შედეგები, რაც ხელშეკრულების დარღვევას შეიძლება მოჰყოლოდა. შესაბამისად, მისთვის თავიდანვე იყო ცნობილი დასარიცხი პირგასამტეხლოს ოდენობის თაობაზე.
4. გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ ქ-------–----------–----–--------------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
3--------- წელს, ქ-------–----------–----–--------------ას და შპს „ს--–-----–----------–----–-------------–-------ს“ შორის დაიდოN2--------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქ. თბილისში, ზ--------------–----თან არსებული ს-----------------------------------------------ის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებას.
ხელშეკრულების 2.4 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 4 462 000 ლარს. ხოლო 3.2 პუნქტით, სამუშაოს მიწოდების ვადა განისაზღვრა სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 400 კალენდარული დღე.
ხელშეკრულების 9.1 პუნქტის შესაბამისად, ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულების დამდები მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები, ხოლო, 9.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას ხელშეკრულების 3.4 პუნქტით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში გადაუხადოს პირგასამტეხლო შემსყიდველს გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შეუსრულებელი ნაწილის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ტომი 1; ს.ფ. 28-35 - სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2--------- ხელშეკრულება, ს. ფ. 36 - კრებსითი ხარჯთაღრიცხვა).
ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა სამუშაოების შესრულების 14 ეტაპი, კერძოდ, პირველ ეტაპზე სამუშაოების წარმოება არ იყო გათვალისწინებული, მე-2 ეტაპზე 31.01.2015 - 01.03.2015 ჩათვლით შესასრულებელ სამუშაოთა ღირებულება შეადგენდა 32 000 ლარს, მე-3 ეტაპზე 02.03.2015 – 31.03.2015 ჩათვლით - 50 000 ლარს, მე-4 ეტაპზე 01.04.2015 – 30.04.2015 ჩათვლით 195 200 ლარს, მე-5 ეტაპზე 01.05.2015 – 30.05.2015 ჩათვლით 455 700 ლარს, მე-6 ეტაპზე 31.05.2016 – 29.06.2015 ჩათვლით 59 800 ლარს, მე-7 ეტაპზე 30.06.2015 – 29.07.2015 ჩათვლით 308 000 ლარს, მე-8 ეტაპზე 30.07.2015 28.08.2015 ჩათვლით 430 000 ლარს, მე-9 ეტაპზე 29.08.2015-27.09.2015 ჩათვლით 493 000 ლარს, მე-10 ეტაპზე 28.09.2015-27.10.2015 ჩათვლით 497 000 ლარს, მე-11 ეტაპზე 28.10.2015-26.11.2015 ჩათვლით 511 100 ლარს, მე-12 ეტაპზე 27.11.2015-26.12.2016 ჩათვლით 400 000 ლარს, მე-13 ეტაპზე 27.12.2015-15.01.2016 ჩათვლით 481 000 ლარს, მე-14 ეტაპზე 26.01.2016-04.02.2016 ჩათვლით 11 000 ლარს (ტომი 1; ს.ფ. 37-56 - შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების გეგმა-გრაფიკი).
მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ქ-------–----------–----–--------------ამ,N2--------- ხელშეკრულების 10.1 და 10.5 პუნქტის „ა“ ქ/პუნქტის შესაბამისად, ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება (ტომი 1; ს.ფ. 66-68 - 2015 წლის 10 სექტემბრის 5/8517 წერილი).
მოპასუხე შპს „ს--–-----–----------–----–-------------–-------ის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უხეშ დარღვევას. კერძოდ, მოპასუხემ სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად ვერ უზრუნველყო შეთანხმებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულება (ტომი 1; ს.ფ. 57-77 - მიღება-ჩაბარები).
მოპასუხის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისა და შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელე მხარის მიერ დარიცხულმა პირგასამტეხლომ 540 131.84 ლარი შეადგინა (ტომი 1; ს.ფ. 64-77).
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სარჩელის წინაარმდეგ წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ სცნო, მას სადავოდ არ გაუხდია პირგასამტეხლოს გაანგარიშება და მოითხოვა მისი ოდენობის შემცირება სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 189-198).
საქართველოს სსკ-ის 377.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ხელმძღვანელობს ზემოაღნიშნული მუხლით და გამომდინარე იქიდან, რომ ქ-------–----------–----–--------------ის სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს რაიმე პრეტენზიას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში, პალატა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას შეაფასებს მხოლოდ სამართლებრივი კუთხით, კერძოდ, რამდენად არსებობდა ქ-------–----------–----–--------------ის მიერ დარიცხული პირგასამტეხლოს - 540 131.84 ლარის 108 026.36 ლარამდე შემცირების კანონით გათვალისწინებული (სკ-ის 420-ე მუხლი) საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ. 6.05.2015წ., საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 3--------- წელს, ქ-------–----------–----–--------------ასა და შპს „ს--–-----–----------–----–-------------–-------ს“ შორის დადებული 2--------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 9.1 პუნქტის შესაბამისად, ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულების დამდები მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები, ხოლო, 9.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას ხელშეკრულების 3.4 პუნქტით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში გადაუხადოს პირგასამტეხლო შემსყიდველს გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შეუსრულებელი ნაწილის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
დადგენილია, რომ მოპასუხე შპს „ს--–-----–----------–----–-------------–-------ის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებას. კერძოდ, მოპასუხემ სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად ვერ უზრუნველყო შეთანხმებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულება, რის გამოც მის მიმართ დარიცხულმა პირგასამტეხლომ 540 131.84 ლარი შეადგინა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, სასამართლოს უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს შემცირება მოხდა მითითებული გარემოებების გაუთვალისწინებლად - მხედველობაში არ იქნა მიღებული სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხი, ის საჯარო ინტერესი, რაც კრედიტორს (მოსარჩელეს) გააჩნდა ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქ-------–----------ის მიერ მოპასუხისთვის ჩარიცხული 1 911 325 ლარიდან 1 526 437 ლარი არ მოხმარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს და ეს თანხა მიითვისა მოპასუხე ორგანიზაციის დამფუძნებელმა თ---------- წ--–----ემ, რომლის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი. ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიმართ კრედიტორის ინტერესი, კერძოდ, დადგენილია, რომ ხელშეკრულების საგანი იყო ზ--------------–----თან არსებული ს------------------------------------------------ის სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება, შესაბამისად, აღნიშნული სამუშაოების ვადაში და ჯეროვნად შესრულების მიმართ არსებობდა დიდი საჯარო ინტერესი, რაც ცნობილი იყო მოპასუხისთვის. ამ ვითარებაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ მიჩნევისა და მისი შემცირების სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ქ-------–----------–----–--------------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება ქ-------–----------–----–--------------ის სარჩელის დაკმაყოფილების სრულად შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შპს ,,ს--–-----–----------–----–-------------–-------ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟების, ჯამში - 12 000.00 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ-------–----------–----–--------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ქ-------–----------–----–--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. შპს ,,ს--–-----–----------–----–-------------–-------ს“ ქ-------–----------–----–--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 540 131.84 ლარის გადახდა;
5. შპს ,,ს--–-----–----------–----–-------------–-------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟების, ჯამში – 12 000.00 ლარის გადახდა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე გ. გიორგიშვილი
მოსამართლეები ნ. გუჯაბიძე
ვ. წიკლაური