განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141319700079744
საქმე №1/აგ-54-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 აპრილი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინა ხოლოაშვილი
მოსამართლეები: მზია ლომთათიძე
გერონტი კახეთელიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ--------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ა----------–-–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენით, ზ-------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
ზ--------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2016 წლის 20 ნოემბრიდან - 2016 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
ზ--------------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის თანახმად: 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
2019 წლის 8 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულ ზ--------------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა----------–-–---–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენის გადასინჯვა და ზ--------------ს გათავისუფლება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 30 ივნისს მოქმედი რედაქცია) დანიშნული მოუხდელი სასჯელისაგან და ჩამორთმეული უფლებების აღდგენა. აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე, რომლებიც არ არის განსაზღვრული „ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ“ 1961 წლის ერთიანი კონვენციითა და „ფსიქოტროპულ ნივთიერებათა თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1971 წლის კონვენციით. აღნიშნულ კანონს ერთვის დანართი, რომელშიც ჩამოთვლილია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები. ამასთანავე ხსენებული კანონის მოქმედება ვერ გავრცელდება და ახალფსიქოაქტიურ ნივთიერებად ვერ ჩაითვლება ისეთი ნივთიერება, რომელიც განსაზღვრულია „ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ“ 1961 წლის ერთიანი კონვენციითა და „ფსიქოტროპულ ნივთიერებათა თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1971 წლის კონვენციით. 2017 წელს, მას შემდეგ რაც ზ--------------ს მიმართ გამოტანილი იქნა განაჩენი, მისგან ამოღებული ნივთიერება a-PVP განისაზღვრა „ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ“ 1961 წლის ერთიანი კონვენციით და კონვენციაზე დართულ ნარკოტიკულ საშუალებათა ნუსხაში შეტანილი იქნა ხსენებული ნივთიერება. შესაბამისად, აღნიშნული დროისათვის განხორციელდა ნივთიერება a-PVP შეძენისა და შენახვის დეკრიმინალიზაცია. მოგვიანებით კვლავ განხორციელდა ხსენებული ნივთიერების შეძენისა და შენახვის კრიმინალიზაცია, კერძოდ, 2018 წლის 4 აპრილს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში განხორციელდა ცვლილება და ნარკოტიკული საშუალებების სიაში სიით 331 დამატებული იქნა ნივთიერება a-PVP, ხოლო ოდენობების ნუსხაში სიით 205-ედ. ამდენად, აღნიშნული ნივთიერების შეძენა და შენახვა, 2018 წლის 4 აპრილამდე არ წარმოადგენდა დანაშაულს და შესაბამისად, ზ--------------ზე უნდა გავცელდეს ყველაზე მსუბუქი კანონი და იგი უნდა გათავისუფლდეს სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 313-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ზ--------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ა----------–-–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა წარმოდგენილი მასალები, მიიჩნია, რომ შუამდგომლობა დაუსაბუთებელია, არ შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს.
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენით ზ--------------ს მსჯავრი დაედო ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების - a PVP (2016 წლის 22 ნოემბრის #1944/სქ-1988 ქრ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების - ამინო-ფენილ-ეთანონის ნაერთთა კლასს) უკანონო შეძენა, შენახვისათვის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
2014 წლის 16 აპრილის „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი #2-ის (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ქიმიურ ნაერთთა კლასების სია) მე-3 პუნქტით განსაზღვრული იქნა ამინო-ფენილ-ეთანონის ნაერთები.
2018 წლის 4 აპრილს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში განხორციელდა ცვლილება და ნარკოტიკული საშუალებების სიაში სიით 331 დამატებული იქნა ნივთიერება a-PVP, ხოლო ოდენობების ნუსხაში სიით 205-ედ.
ამდენად, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში განხორციელებულ აღნიშნულ ცვლილებამდე, რომლითაც ნივთიერება a-PVP განისაზღვრა, როგორც ნარკოტიკული საშუალება, მითითითებულ ნივთიერებასთან დაკავშირებით, „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები არ განხორციელებულა, შესაბამისად არ განხორციელებულა ნივთიერება a-PVP შეძენისა და შენახვის დეკრიმინალიზაცია.
რაც შეეხება, შუამდგომლობაში მითითებულ გარემოებას, რომ 2017 წელს, მას შემდეგ რაც ზ--------------ს მიმართ გამოტანილი იქნა განაჩენი, მისგან ამოღებული ნივთიერება a-PVP განისაზღვრა „ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ“ 1961 წლის ერთიანი კონვენციით და კონვენციაზე დართულ ნარკოტიკულ საშუალებათა ნუსხაში შეტანილი იქნა ხსენებული ნივთიერება, ხოლო „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვერ გავრცელდება და ახალფსიქოაქტიურ ნივთიერებად ვერ ჩაითვლება ისეთი ნივთიერება, რომელიც განსაზღვრულია „ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ“ 1961 წლის ერთიანი კონვენციითა და „ფსიქოტროპულ ნივთიერებათა თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1971 წლის კონვენციით, პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობის ავტორის მიერ არ არის წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, ასევე არ არის მითითებული კონკრეტულად, თუ როდის იქნა კონვენციაზე დართულ ნარკოტიკულ საშუალებათა ნუსხაში შეტანილი ხსენებული ნივთიერება, იგი მხოლოდ ზოგადად მიუთითითებს, რომ 2017 წელს, მას შემდეგ, რაც ზ--------------ს მიმართ გამოტანილი იქნა განაჩენი. უშუალოდ, ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ 1961 წლის ერთიანი კონვენციის ნარკოტიკულ საშუალებათა ნუსხაში, რომლებიც შეტანილია სია I-ში, სია II-ში, სია III-ში და სია V-ში, მითითებული ნივთიერება მოხსენიებული არ არის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ შეესაბამება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი და დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-313-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ--------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ა----------–-–---–ის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნეს ცნობილი.
განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ორი კვირის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. ხოლოაშვილი
მოსამართლეები: მ. ლომთათიძე
გ. კახეთელიძე