განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/2520-18 21 დეკემბერი 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ნატალია ნაზღაიძე
სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი – სს „ს------------------------------------–-----ი“
წარმომადგენელი – ჯ--------–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე – პ--------------ე
წარმომადგენელი – ნ-----–----------ე
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა:
1. პ--------------iსათვის სს „ს--------------------------------------–-----ის“ სასარგებლოდ 13 577 ლარისa და 46 თეთრის გადახდა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 მარტის გადაწყვეტილებით სს „ს--------------------------------------–-----ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: პ--------------ეს სს „ს--------------------------------------–-----ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 8006.49 ლარის გადახდა; სს „ს--------------------------------------–-----ის“ სარჩელი პ--------------ისთვის 5570.99 ლარის დაკირების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სს „ს------------------------------------–-----მა“ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
4. აპელანტის მოსაზრებით, არასწორია სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ავტომანქანის ფარის დაზიანების ფაქტი. სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა საქმეზე დაკითხული „ფ------ის“ მარკის ავტომანქანის მძღოლის გ---------------ას განმარტება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მის ავტომანქანას სხვა დეტალებთან ერთად, ასევე, დაუზიანდა წინა მარცხენა ფარი; საქმეზე დაკითხულმა შპს „ჯ----------------ის“ წარმომადგენელმა ასევე დაადასტურა ის გარემოება, რომ ცენტრში ავტომანქანა შევიდა წინა მარცხენა ფარის დაზიანებით, რადგან მას რომ არ ჰქონოდა დაზიანება, ისინი არ შეიყვანდნენ ინვოისში ფარს, როგორც შესაცვლელ დეტალს; გარდა ამისა, საქმეზე არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ავტომანქანა შპს „ჯ----------------ში“ შევიდა იმავე დღეს, როდესაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ამას ადასტურებს, ასევე, გ---------------ას ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ ვინაიდან შეჯახების შედეგად დაუზიანდა საბურავი, რომელიც იყო გადახრილ მდგომარეობაში და მანქანას უჭირდა გადაადგილება, ამიტომ მისი ავტომანქანა შემთხვევის ადგილიდან გადაყვანილი იქნა ევაკუატორის მეშვეობით პირდაპირ ცენტრში, რაც ფაქტიურად გამორიცხავს ფარის სხვაგან დაზიანების გარემოებას; საქმეზე წარდგენილ ფერად ფოტოსურათებზე, რომლებიც გადაღებულია შემთხვევის ადგილზე, ნათლად ჩანს, რომ ფარს ვიზუალურად აღენიშნება დაზიანება. შესაბამისად, სახეზეა საკმარისი მტკიცებულება იმისათვის, რომ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდეს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი დასაბუთება
8. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
8.1. 2017 წლის 23 აპრილს, ქ. თბილისში, მოპასუხე პ--------------ის მართვის ქვეშ მყოფი „მ-–----–ის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით M--------, შეეჯახა „ფ------ის“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით J--------, რომელსაც მართავდა გ---------------ა.
8.2. 2017 წლის 23 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ამავე დღეს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა მოპასუხე პ--------------ეს.
8.3. „ფ------ის“ მარკის ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით J---------) დაზღვეული იყო სს „ს--------------------------------------–-----ში“. ამ უკანასკნელმა, დაზღვეული ავტოსატრანსორტო საშუალების აღდგენის ღირებულების ანაზღაურების მიზნით, შპს „ჯ----------------ის“ ანგარიშზე ჩარიცხა 13 577 ლარი და 48 თეთრი.
9. სს „ს--------------------------------------–-----მა“ სარჩელით მიმართა სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირის - პ--------------ის მიმართ და მოპასუხისათვის 13 577 ლარის და 48 თეთრის დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელის განმარტებით, დაზიანებული ავტომანქანა, ზიანის განსაზღვრის მიზნით, წარდგენილ იქნა შპს „ჯ----------------ში“ (ფ------ის ცენტრი), რომლის ინვოისის თანახმად დაზღვეული ავტოსატრანსორტო საშუალების აღდგენის ღირებულება განისაზღვრა 13 577 ლარის და 48 თეთრის ოდენობით. სს „ს--------------------------------------–-----ის“ მიერ სრულად იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და აუნაზღაურა დამზღვევს ზიანი 13 577 ლარის და 48 თეთრის ოდენობით. შესაბამისად, მოსარჩელეს მოპასუხე პ--------------ის მიმართ წარმოეშვა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
10. პ--------------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა. ავტომანქანებს შორის მოხდა მსუბუქი შეჯახება, რის შედეგადაც „ფ------ის“ მარკის ავტომანქანას დაუზიანდა მხოლოდ საბურავი და მარცხენა წინა ბამპერი. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტომასალაში აღბეჭდილია, რომ ფარი არ არის დაზიანებული და ამას ადასტურებს მძღოლი - გ---------------ას ახსნა-განმარტებაც, სადაც იგი აცხადებს, რომ დაზიანებულია მხოლოდ საბურავი და მარცხენა წინა ბამპერი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მასალები გამორიცხავს ზიანის ოდენობის სისწორეს და მითითებული მოთხოვნის ფარგლებში პ--------------ის პასუხისმგებლობას.
11. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა ავტომანქანის ფარის დაზიანების ფაქტი, რასაც არ ეთანხმება აპელანტი და მიიჩნევს, რომ სასამართლოს ასეთი დასკვნა განპირობებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების არასათანადო სამართლებრივი შეფასებით.
12. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო პალატის კვლევის საგანს წარმოადგენს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად „ფ------ის“ მარკის ავტომანქანის წინა ფარის დაზიანების ფაქტი.
13. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას და მიაჩნია, რომ მოსარჩელემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ 2017 წლის 23 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, „ფ------ის“ მარკის ავტომანქანას წინა მარცხენა ფარი დაუზიანდა. კერძოდ:
13.1. პალატა აღნიშნავს, რომ სადავო სამართალურთიერთობა დელიქტური სამართლის ნორმებიდან გამომდინარეობს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგოდ, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
13.2. დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) სახეზე უნდა იყოს ზიანი; 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
13.3. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
13.4. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა მოპასუხე პ--------------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი, რაც გამოიხატა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაში და რის გამოც მოპასუხე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი. შესაბამისად, სამართლებრივი საფუძველი გააჩნია მოსარჩელის მხრიდან ავტომობილის შესაკეთებლად გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნას, თუმცა მოპასუხე მხარის მიერ სადავოდ არის გამხდარი ავტომანქანის ფარის დაზიანების ფაქტი და შესაბამისად - ზიანის მოცულობა.
13.5. პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მტკიცების საპირისპიროდ, საქმეში წარმოდგენილია ავტომანქანა „ფ------ის“ მფლობელის გ---------------ას ახსნა-განმატება, სადაც იგი ავტომანქანის ფარის დაზიანებაზე არ მიუთითებს და აცხადებს, რომ შეჯახების შედეგად მის ავტომანქანას დაუზიანდა მანქანის საბურავი და მარცხენა წინა ბამპერი. საქმეში წარმოდგენილია ფოტოსურათი, სადაც არ შეიმჩნევა ფარის დაზიანება (იხ: ტ.1, ს.ფ. 43). რაც შეეხება, გ---------------ას მიერ მოგვიანებით, მოწმის სახით დაკითხვისას გაკეთებულ განმარტებას, რომ ავტომანქანას ასევე დაუზიანდა ფარი, აღნიშნული ეწინააღმდეგება მის მიერ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდგომ მიცემულ პირველ ახსნა-განმარტებას, რაც ეჭქვეშ აყენებს აღნიშნული ჩვენების უტყუარობას.
13.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებას ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების თავისუფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლოს თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო ერთობლივად აანალიზებს მტკიცებულებებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეულის ვარგისიანობისა და სამართლებრივი წონადობის თაობაზე.
13.8. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმეში წარმოდგენილ ფოტოსურათზე არ შეიმჩნევა ავტომანქანის ფარის დაზიანება, ხოლო ავტომანქანის „ფ------ის“ მფლობელი გ---------------ა ურთიერთსაპირისპირო ჩვენებებს აძლევს, ამასთან საქმეზე არ არის შედგენილი დაზიანებული ავტომანქანის დათვალიერების ოქმი და არ არის წარმოდგენილი ავტომანქანის აღდგენის ღირებულების განსაზღვრის შესახებ ექსპერტის დასკვნა, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტმა მხარემ ვერ ზიდა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი და სადავო ფაქტის დადგენილად მიჩნევისათვის ვერ წარმოადგინა სათანადო და სარწმუნო მტკიცებულებები, რაც სააპელაციო პრეტენზიის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
14. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
საპროცესო ხარჯები
15. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ს------------------------------------–-----ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნატალია ნაზღაიძე