განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.01.2019
საქმის ნომერი
330210016001393172
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001393172

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/1330-17 30 იანვარი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ქეთევან მესხიშვილი

მოსამართლეები - თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - შპს „გ-------“

 

წარმომადგენელი - ს--------------–---

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს----------–-------–------–-ა“

 

წარმომადგენელი - ზ-------------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს 2667 ლარით განსაზღვრა

 

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. შპს „ს----------–-------–------–-ამ“ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა და შპს „გ-------სთვის“, პირგასამტეხლოს სახით 53 341,92 ლარის დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ ოდენობამდე შემცირდა და მოპასუხეს 26 670.96 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „გ-------ს“ წარმომადგენელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით პირგასამტეხლოს ოდენობად 2667 ლარის განსაზღვრა მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2015 წლის 27 ივლისს მოსარჩელესა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „გ-------“ შორის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება N------- გაფორმდა, რომლის თანახმად მოპასუხეს 2015 წლის 27 ივლისიდან 2015 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით შემსყიდველისათვის 530 000 ლარის მოცულობის სამუშაო უნდა მიეწოდებინა, ხოლო მოსარჩელე ვალდებული იყო მოპასუხისთვის სათანადო ღირებულება აენაზღაურებინა (ს.ფ. 19-24).

 

6. ხელშეკრულების 14.2.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველისთვის პირგასამტეხლო - სახელშეკრულებო ღირებულების 0.07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაეხადა (ს.ფ. 19-24).

 

7. 2015 წლის 19 ოქტომბერს შეთანხმება N1 გაფორმდა, რომლის საფუძველზე თავდაპირველი ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და სამუშაოს შესრულების ვადა 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო, ხელშეკრულების მოქმედების ვადა კი 2016 წლის 28 თებერვლის ჩათვლით განისაზღვრა. 2015 წლის 27 ივლისის ხელშეკრულების სხვა პირობები უცვლელი დარჩა (ს.ფ. 26).

 

8. 2016 წლის 26 თებერვალს მხარეებს შორის შეთანხმების ოქმი N2 გაფორმდა, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2016 წლის 1 ივნისამდე განისაზღვრა (ს.ფ. 27).

 

9. 2016 წლის 11 აპრილს გაფორმებული შეთანხმების ოქმი N3-ის თანახმად, შესრულებული სამუშაოების მოცულობების დაზუსტება-დაკორექტირების და დამატებით განხორციელებული სამუშაოების გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა შეიცვალა და შეთანხმების ოქმის დანართი N1-ში მოცემული ნიშნულის შესაბამისად განისაზღვრა. ასევე, ცვლილება შევიდა თავდაპირველი ხელშეკრულების პირველ პუნქტში და ხელშეკრულების ღირებულება 529 183.96 ლარით განისაზღვრა (ს.ფ. 29).

 

10. მოპასუხემ 2015 წლის 27 ივლისის ხელშეკრულებითა და შეთანხმების N1, N2 და N3 ოქმებით გათვალისწინებული ვალდებულებები დაარღვია, კერძოდ, მოპასუხეს 2015 წლის 31 დეკემბრამდე 529183,96 ლარის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები არ შეუსრულებია. მოპასუხე ორგანიზაციამ, მთლიანობაში, 310810,73 ლარის სამუშაოები შეასრულა. მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შპს „გ-------“ 2016 წლის 23 მაისს შემსყიდველის მიერ #------- გარიგების ცალმხრივად შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების შესახებ ეცნობა. შპს „ს----------–-------–------–-ა“ პირგასამტეხლოს სამუშაოს დასრულების პერიოდიდან (2015 წლის 31 დეკემბერი) ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდის განმავლობაში (2016 წლის 23 მაისი) მოითხოვდა, რაც ჯამში 144 კალენდარულ დღეს შეადგენს. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს მოცულობა ერთი კალენდარული დღის განმავლობაში 370,43 ლარი, ხოლო, 144 დღის განმავლობაში დასაკისრებელი პირგასამტეხლო 53 341,92 ლარია (ს.ფ 49, 50 შუალედური მიღება-ჩაბარების აქტები #1, #2, #3, #4, #5).

 

11. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად შეამცირა მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - გონივრულ ოდენობამდე და აპელანტს 26 670,96 ლარის გადახდის ვალდებულება მართებულად დააკისრა.

 

სააპელაციო ინსტანციაში აპელანტმა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი წარმოადგინა, რომლითაც სადავოდ არ გაუხდია ფაქტი მასზედ, რომ შპს „გ--------“ 2015 წლის 27 ივლისის ხელშეკრულებითა და N1, N2, N3 ოქმებით გათვალისწინებული ვალდებულება დაარღვია და 2015 წლის 31 დეკემბრის პერიოდისთვის მის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა, 529183,96 ლარის ნაცვლად, მხოლოდ, 310810,73 ლარს შეადგენდა. ასევე, დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით სადავოდ არაა გამხდარი მხარეთა შეთანხმება პირგასამტეხლოს განსაზღვრის პრინციპის შესახებ, რომლითაც მიმწოდებლის მიერ სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევისთვის, მას, პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სამუშაოს ღირებულების 0,07% - ის ოდენობით დაეკისრებოდა. თუმცა, დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით მხარემ პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი გახადა სადავოდ და მიიჩნია, რომ მიუხედავად არსებული შეთანხმებისა, პირგასამტეხლოს გამოთვლა შეუსრულებელი სამუშაოს ოდენობიდან უნდა მომხდარიყო და შესაბამისად, მისი 2667 ლარამდე შემცირება მოითხოვა (ს.ფ. 248-262).

 

პალატა მიუთითებს, რომ კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-10 და 319-ე მუხლებითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს. თუმცა, სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპისგან ერთ-ერთ გამონაკლისს სწორედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს ინიციატივით შემცირება წარმოადგენს.

 

12. პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის. პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა, რომელიც იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. აღნიშნული წინაპირობებიდან ორივე, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა (ს.ფ. 19-24).

 

პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

პალატა განმეორებით მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტ მხარეს ვალდებულების დარღვევა სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, სააპელაციო პალატის შეფასების საგანს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპისა და დაკისრებული ფულადი თანხის გონივრულობის შეფასება წარმოადგენს.

 

13. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კერძოდ, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, ანუ ფულადი თანხის ოდენობა, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი ხელშეკრულებითაა შეთანხმებული, სასამართლო თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, მოკლებულია შესაძლებლობას, პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეცვალოს. რაც შეეხება იმ გარემოებას, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.

 

პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მხარისვე მიერ მითითებულ ფარგლებში და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას გულისხმობს.

 

პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონომიკურ შედეგებს.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც პირგასამტეხლოს პრაქტიკული შეფასების მიზნებს ემსახურება მდგომარეობს იმაში, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს.

 

14. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 27 ივლისს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N------- ხელშეკრულების 14.2.1 პუნქტით მხარეებმა მიმწოდებლის მიერ სამუშაოს შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს გამოთვლა სამუშაოს სრული ღირებულების 0.07%-ით ივალდებულეს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლო სამუშაოს დასრულების პერიოდიდან (2015 წლის 31 დეკემბერი) ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდის განმავლობაში (2016 წლის 23 მაისი) იყო მოთხოვნილი, რაც ჯამში 144 დღეს შეადგენდა. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანი დარღვეული უფლების შეძლებისდაგვარად აღდგენა და არა კრედიტორის გამდიდრებაა, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ მართალია გაიზიარა პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი, თუმცა, ჯამური ოდენობა (529183,96 ლარი) ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არაგონივრულად მიიჩნია და იგი ორჯერ 26 670,96 ლარამდე შეამცირა.

 

სააპელაციო პალატა, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს ოდენობა სამუშაოს მთლიანი ღირებულებიდან სრულიად მართებულად იქნა გამოთვლილი და განმეორებით განმარტავს, რომ კანონით დადგენილი გამონაკლისი - სასამართლო ჩაერიოს კერძო სამართლის სუბიექტებს შორის, თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, დადებულ გარიგებით გამოვლენილ ნებაში, შეეხება მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობას და იგი სუსტი მხარის დაცვისა და მოვალის ხარჯზე კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან აცილების ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება. თუმცა, სასამართლოს უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს მის შეუზღუდავ უფლებამოსილებას - ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში და თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე დადებული გარიგების პირობები შეცვალოს, ანუ იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებით მხარეები ცალსახად და არაორაზროვნად არიან შეთანხმებულნი პირგასამტეხლოს ოდენობის გამოთვლის პრინციპზე, ამ შემთხვევაში სასამართლო არ არის უფლებამოსილი საკუთარი გადაწყვეტილებით ხელშეკრულების მხარეებს პირგასამტეხლოს გამოთვლის სხვაგვარი პრინციპი დაუწესოს. სულ სხვა შემთხვევაა, როდესაც ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეთანხმებული არ არის და მხარეებმა კონსენსუსს მხოლოდ ოდენობის შესახებ მიაღწიეს, ამ შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს კრედიტორის მოქმედების ფარგლები და სამოქალაქო სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე, განსაჯოს, თუ რამდენად სამართლიანი პრინციპით მოხდა პირგასამტეხლოს გამოთვლა. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, როგორც მოსარჩელე, ასევე მოპასუხე იურიდიული პირები არიან, მიიჩნევა, რომ აპელანტი, ხელშეკრულების სუსტ მხარეს, რომელსაც განსაკუთრებული დაცვა სჭირდება, არ წარმოადგენს. ამასთანავე, იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ორჯერ შემცირდა, ნიშნავს, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა 0.07%-ის მაგივრად 0,035%-ით განისაზღვრა, რაც განსახილველი დავის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პალატას გონივრულ ოდენობად მიაჩნია (529183,96*0,035/100=26670,87 ლარი).

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სააპელაციო პალატა გაიზიარებდა აპელანტის მსჯელობას და პირგასამტეხლოს ოდენობას არა ხელშეკრულებით მიღწეული შეთანხმების, არამედ, შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების მიხედვით გამოთვლიდა, ამ შემთხვევაშიც, თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის შეუსრულებელი სამუშაოს 0,07%, გაცილებით აღემატება იმ თანხას, სადამდე შემცირებასაც აპელანტი ითხოვს (2667 ლარი) და ამავდროულად, მხოლოდ მცირედით ჩამორჩება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ პირგასამტეხლოს ოდენობას, რაც სააპელაციო პალატის აზრით, მხარეთა შორის თანასწორობის უფლებას არ არღვევს და აპელანტის უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას არ იწვევს.

 

სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო რა, ორ იურიდიულ პირს შორის ნების თავისუფალი ავტონომიის საფუძველზე დადებული ხელშეკრულება, შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობა, ვალდებულების შეუსრულებლობის ვადა და მოცულობა, ასევე, გაითვალისწინა პირგასამტეხლოს ფუნქცია, მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო გონივრულია და სრულად შეესაბამება განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს.

 

15. კერძო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპის არაგონივრულობა და მასზე გაუმართლებლად დიდი ოდენობის თანხის დაკისრების ფაქტი აპელანტ მხარეს ეკისრებოდა, რომელმაც სასამართლოს წინაშე ვერ წარმოადგინა დასაბუთებული არგუმენტები, რომლებიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ გაუმართაობას დაადასტურებდა. მიუხედავად იმისა, რომ აპელანტმა პალატას უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე მიუთითა, განსახილველი დავის ფაქტობრივი გარემოებების მათთან შესაბამისობა, ვერ დაადასტურა, რადგან მოცემულ შემთხვევაში, თავად აპელანტს, ხელშეკრულების დადების დროს გამოვლენილი ჰქონდა ნება პირგასამტეხლოს სპეციალური პრინციპით გამოთვლის შესახებ, რაც თავისთავად განსხვავდება იმ შემთხვევებისგან, როდესაც მხარეები მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობაზე თანხმდებიან. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას ვერ შეექმნა მტკიცებულებებით გამყარებული შინაგანი რწმენა მასზედ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულია და აპელანტის უფლებებს გაუმართლებლად არღვევს, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, შესაბამისად, ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ შპს „გ-------ს“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტს სასამართლოს მიერ 2017 წლის 29 მაისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 1066,84 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს „გ-------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტს დაეკისროს სააპელაციო სასამართლოს მიერ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 1066,84 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი

მოსამართლეები თამარ ზამბახიძე

თამარ ალანია