განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010310118002746992
საქმე N3/ბ-564-18წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა
პალატის მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი
ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე _ გ--–--------ე
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 დეკემბრის განჩინება
საქმის გარემოებებზე მითითება:
2018 წლის 04 დეკემბერს გ--–--------ემ სასარჩელო განცხადებით მომართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ და მოითხოვა: 1.ბათილად იქნეს ცნობილი „სამშენებლო სამართალდარღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის 2----–-–----------------------- დადგენილება; 2.ბათილად იქნეს ცნობილი „გ--–--------ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2----–-–---------------–------------ ბრძანება.
ამავე სასარჩელო განცხადებით მოსარჩელემ იშუმდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის 2----–-–----------------------- დადგენილების მოქმედების შეჩერება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 დეკემბრის განჩინებით გ--–--------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა „სამშენებლო სამართალდარღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის 2----–-–----------------------- დადგენილების მოქმედება, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კანონდარღვევით აშენებული შენობა დგას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ს/კ: 2----------. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს სადავო აქტები კანონით დადგენილ ვადაში არ გაუსაჩივრებია, დაწყებულია ამ აქტების აღსრულება, რის გამოც დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნა მოსარჩელის ინტერესის დაცვის შეუძლებლობის თაობაზე.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, საქმის მასალების გაცნობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივარის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. იმავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვისას გამოყენებული უნდა იქნეს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLVI თავით დადგენილი წესები. ამავე კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი ითვალისწინებს უზრუნველყოფის ისეთ ღონისძიებას, როგორიცაა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება. აღნიშნული ნორმა გამოიყენება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადების ან არარად აღიარების მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას. ამავე ნორმის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, როდესაც გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი ავტომატურად არ ჩერდება და აქტის შეჩერება ხდება მხარის მოთხოვნით და მხოლოდ სასამართლოს დასაბუთებული განჩინების საფუძველზე. კერძოდ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ: ა) ეს დაკავშირებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ან სხვა გადასახდელების გადახდასთან; ბ) აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უსაფრთხოებას; გ) იგი გამოცემულია შესაბამისი კანონის საფუძველზე გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს; დ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ, თუ არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა; ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებულია ან იგი წარმოადგენს აღმჭურველ აქტს და მისი შეჩერება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესს; ვ) ეს გათვალისწინებულია კანონით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლით კანონმდებელი ადგენს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების საფუძვლებს. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერების ვადა.
დასახელებული ნორმის ანალიზის საფუძველზე იმისათვის რომ შეჩერდეს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება აუცილებელია, რომ 1. არსებობდეს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე; 2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებდეს მხარეს ან შეუძლებელს გახდიდეს მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლით გათვალისწინებული ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. აღნიშნული ინსტიტუტის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა ატარებს წინასწარ და დროებით ხასიათს და ხორციელდება დარღვეული ან სადავო უფლების შესახებ სასამართლოს არსებითი მსჯელობისაგან დამოუკიდებლად. აღნიშნული საკითხის განხილვისას სასამართლო არ ახდენს მოთხოვნის მართლზომიერების შემოწმებას. აღნიშნული ღონისძიების გამოყენება ეფუძნება მხოლოდ სასამართლოს გონივრულ ვარაუდს, რომ მისი განუხორციელებლობა ხელს შეუშლის გადაწყვეტილების აღსრულებას, რაც ბუნებრივია, არ ნიშნავს იმას, რომ მსგავსი ვარაუდი საბოლოოდ გავლენას მოახდენს გადაწყვეტილების მიღებისა და გამოტანის პროცესზე.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს დასაბუთებული ეჭვი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობის თაობაზე. ამასთან, სადავო შენობა განთავსებულია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისად სადავო აქტის გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს ვერ მიაყენებს მოსარჩელე მხარეს, ასევე საფრთხეს ვერ შეუქმნის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 დეკემბრის განჩინება სადავო აქტის შეჩერების ნაწილში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 29-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2.გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 დეკემბრის განჩინება „სამშენებლო სამართალდარღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის 2----–-–----------------------- დადგენილების მოქმედების შეჩერების ნაწილში.
3.კერძო საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი