განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.04.2019
საქმის ნომერი
010310119002810274
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
15.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

საქმე №010310119002810274 (3/ბ-66-2019წ.)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ - მოსამართლეები ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი), გოჩა აბუსერიძე, მურთაზ მეშველიანი - 2019 წლის 15 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით და 419-420-ე მუხლებით დადგენილი წესით, მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ----------ის წარმომადგენლის შ------------–------ის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განჩინების გაუქმების შესახებ.

 

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებსა და საჩივრის ავტორების მოთხოვნებზე მითითება

 

2019 წლის 18 იანვარს თ----------ემ (წარმომადგენელი - შ------------–------ი) სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და ლ--------------–--ის მიმართ და მოითხოვა:

 

- ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 1--------------- №-- ოქმის №-- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

-,,2008 წლის 1--------------- №-- ოქმის №-- გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ’’ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 3----–--ის №- ოქმის №- გადაწყვეტილების და მათ საფუძველზე გაცემული 2015 წლის 0-------------- №1---- საკუთრების უფლების მოწმობის, ლ--------------–--ის საკუთრების შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა და მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვა.

 

მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, სოფელ ც--------ში მდებარე, ლ--------------–--ის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების, 4 525.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და 9.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი: 2-----------) დაყადაღება.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განჩინებით თ----------ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განჩინებაზე საჩივარი შეიტანა თ----------ის წარმომადგენელმა.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 იანვრის განჩინებით საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო 2019 წლის 08 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს (საჩივარი საქმის მასალებთან ერთად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შემოსულია 2019 წლის 14 თებერვალს).

 

საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მისი იურიდიული ინტერესი მდგომარეობს შემდეგში: თ----------ეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. ც--------ის ტერიტორიაზე გააჩნდა ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა, მას არაერთხელ ითხოვა თავისი კუთვნილი მიწის ნაკვეთების მიმდებარედ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მისთვის საკუთრებაში გადაცემა (შეძენა) და ასევე მიმდებარე 23 515 კვ.მ. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ნაკვეთის აღნაგობით/იჯარით გადაცემა, რაზეც სივრცითი მოწყობისა და სამომავლო განვითარების გეგმების შემუშავებამდე, მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზანშეუწონლობის გამო, ეკონომიკის სამინისტროსგან მიიღო უარი.

 

მიუხედავად ამისა, 0--------- წელს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღარების კომისიის მიერ ლ---- ო-------–--ის სახლზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა, სოფ. ც--------ში მდებარე 4 525 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომელიც წარმოადგენს თ----------ის მიერ მოთხოვნილი 23 515 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილს, რისი აღნაგობის უფლებით გადაცემაზეც ეკონომიკის სამინისტრომ უარი უთხრა.

 

გასაჩივრებული ოქმით დაირღვა თ----------ის კანონიერი ინტერესი - აღნაგობის უფლებით გადასცემოდა მისი კუთვნილი უძრავი ქონების მიმდებარედ არსებული 23 515 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მას გააჩნდა ინსფრასტრუქტურის განვითარებისა და მოწყობის კონკრეტული გეგმა. ნაკვეთის მოპასუხის საკუთრებაში გადაცემით ღირებულება ეკარგება, როგორც თ----------ის მიერ მოთხოვნილ ნაკვეთს (23515 კვ.მ.), ასევე მის კუთვნილ უძრავ ქონებასაც, ვინაიდან განსახორციელებელი მიზნებისათვის მნიშვნელოვანია ნაკვეთის იმ კონფიგურაციით გადაცემა, რა მდგომარეობაშიც იგი იყო მოპასუხისათვის მისი ნაწილის გადაცემამდე. ასევე მნიშვნელოვანია სანაპიროზე პირდაპირ გასასვლელი გზა, რაც მოცემულ შემთხვევაში შეეზღუდა მოსარჩელეს საკუთარი მისი ნაკვეთების მიმართაც.

 

მოსარჩელეს კანონიერ ინტერესი აქვს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის გაბათლებისა და ქონების კვლავ სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიმართ, რათა შეძლოს მისი ინტერესის განხორციელება, აღნიშნული კი ხელსაყრელია ასევე სახელმწიფოსთვისაც, ამ ნაკვეთზე ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. ამასთან, სახელმწიფომ სამომავლო სტრატეგიული გეგმებისათვის განკუთვნილი ნაკვეთი, რატომღაც სხვა პირზე გასცა მიზერული საფასურის სანაცვლოდ და სრულიად უსაფუძვლოდ. მოცემულ შემთხვევაში არ დგინდებოდა საკუთრების თვითნებურად ფლობის ფაქტი, ხოლო მიზერულ ფასად ქონების საკუთრებაში გადაცემით ზიანი ადგება სახელმწიფოს.

 

სწორედ იმიტომ, რომ თ----------ის ინტერესს წარმოადგენს კონკრეტული მიწის ნაკვეთის კვლავ სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვა, რათა შემდგომ შესაძლებელი გახდეს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის განხორციელება - საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიმართა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, კერძოდ, გასაჩივრებული აქტების საფუძველზე მოპასუხე ლ--------------–--ის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის (4 525 კვ.მ) დაყადაღების მოთხოვნით, რათა არ მომხდარიყო მისი გასხვისება, ვალდებულებით დატვირთვა, ღირებულების შემცირება ან პირიქით გაზრდა. მითუმეტეს რომ ამის რეალური საფრთხე არსებობდა. მოსარჩელის მხრიდან საქმის მასალების გამოთხოვის შემდგომ, სავარაუდოდ ლ--------------–--ისთვის ცნობილი გახდა დავის დაწყების შესახებ და 11.01.2019წ. მან მოახდინა საჯარო რეესტრის ამონაწერის დაჩქარებული წესით (50 ლარიანი ქვითრით) განახლება. ამ ეტაპზე მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციამ ხელი შეუშალა მას სარეგისტრაციო წარმოების განხორციელებაში, თუმცა რისკი ძალიან დიდია იმისა, რომ სასწრაფოდ ამოღებული იქნეს მოვალეთა რეესტრიდან ვალდებულების გადახდის გზით და ასევე სასწრაფოდ მოახდინოს ქონების გადაფორმება ან სხვა სარეგისტრაციო მოქმედება. აღნიშნული ქმედება კი არის სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოება, სამომავლოდ მისაღები სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის თაობაზე.

 

მიუხედავად ამისა, სასამართლომ განიხილა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ მოთხოვნა და არ დააკმაყოფილა იმ დასაბუთებით, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება პირდაპირ კავშირში არ არის სარჩელთან. როგორც სასამართლო განმარტავს, თ----------ის მიერ აღძრული სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც ქობულეთში, სოფ. ც--------ში მდებარე 4525 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე აღიარებულ იქნა ლ--------------–--ის საკუთრების უფლება. ანუ სარჩელით დავის საგანია საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 0--------- წელს გაცემული საკუთრების მოწმობა №1---- და შესაბამისად, მოპასუხეს მოცემულ დავაში წარმოადგენს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო. მიუხედავად იმისა, რომ სარჩელში მოპასუხედ ლ--------------–--ეცაა დასახელებული, სასამართლო ამას ფორმალურად მიიჩნევს და თვლის, რომ შინაარსობრივად ლ--------------–--ე წარმოადგენს მესამე პირს, ხოლო ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უზრუნველყოფის ღონისძიება მიმართული უნდა იყოს მოპასუხისადმი, შინაარსობრივად მესამე პირისადმი მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება პირდაპირ კავშირშია სარჩელთან, ვინაიდან როგორც სარჩელშია აღნიშნული, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს იმ მიწის ნაკვეთზე ლ--------------–--ის საკუთრების უფლების გაუქმება და მისი კვლავ სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვა, რომლის რეგისტრაციაც გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების საფუძველზე განხორციელდა. ინტერესი არის მიწის ნაკვეთის უკანონოდ გადაცემის შესახებ აქტების ბათილად ცნობა სწორედ იმიტომ, რომ მოხდეს მიწის ნაკვეთის კვლავ სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვა, რათა შესაძლებელი გახდეს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის განხორციელება. იმ შემთხვევაში, თუ დავის პროცესში მიწის ნაკვეთი გასხვისდება/განიკარგება, - დავა დაკარგავს აზრს და საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ვეღარ აღსრულდება შემძენის კეთლსინდისიერების პრინციპის დაცვიდან გამომდინარე. ამასთან, დავის შინაარსიდან გამომდინარე, ქმედება ვერ დაკომპენსირდება მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით (ნაკვეთს კონფიგურაციიდან გამომდინარე ინტერესი იკარგება მთიანად 23 515 კვ.მ. ნაკვეთის მიმართ).

 

საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ლ--------------–--ე ამ ეტაპზეც ცდილობს თავი აარიდოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას მიწის ნაკვეთს გადაფორმების გზით და იგი წარმოადგენს მოპასუხეს, რომლის საკუთრებაშიც კომისიის შეცდომაში შეყვანის გზით აღრიცხული ქონება უნდა დაყადაღდეს სწორედ იმიტომ, რომ არ მოხდეს მისი გასხვისება და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელი გახდეს გადაწყვეტილების საბოლოოდ აღსრულება.

 

რაც შეეხება სასამართლოს განმარტებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ მოთხოვნის დაუსაბუთებლობის შესახებ, საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლოში წარდგენილ მოთხოვნაში აღწერილი იყო დეტალურად თუ რა შედეგი მოჰყვებოდა ამ ღონისძიების გამოუყენებლობას, კერძოდ, მიწის ნაკვეთის გასხვისების შემთხვევაში მისი შემძენი ისარგებლებდა კეთილსინდისიერების პრინციპით, ამ შემთხვევაში აზრს დაკარგავდა დავა საბოლოოდ, ვინაიდან მისი შინაარსი, სწორედ მოცემული ნაკვეთის კვლავ სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვაა, რისი განხორციელებაც შეუძლებელი გახდება გასხვისების შემთხვევაში, აგრეთვე მისი სამართლებრივი დატვირთვაც შეცვლის მის ღირებულებას და შესაბამისად შეიცვლება ინტერესი, და რაც ყველაზე მთავარია, ამის გადაუდებლობას ადასტურებდა საქმეზე თანდართული მასალები საჯარო რეესტრიდან, რითაც დასტურდებოდა ლ.ო-------–--ის მხრიდან მოცემულ უძრავ ქონებაზე ამონაწერის დაჩქარებული წესით განახლება, სავარაუდოდ მასზე სარეგისტრაციო წარმოების განხორციელების მიზნით ასევე დაჩქარებულად, რასაც ხელი შეუშალა ლ. ო-------–--ის რეგისტრაციამ მოვალეთა რეესტრში, თუმცა ეს გარემოება აღმოფხვრადია და ნებისმიერ დროს შესაძლოა იგი აღარ იყოს დამაბრკოლებელი ქონების გადაფორმებისათვის, რის გამოც, საჩივრის ავტორი ითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განჩნების გაუქმებას და შუამდგომლობის დაკმაყოფილებას. კერძოდ, იმისთვის რომ შესაძლებელი გახდეს სადავო უფლების განხორციელება და სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 198-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, ითხოვს, ყადაღა დაედის მოპასუხე ლ--------------–--ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას _ 4 525 კვ.მ. მიწის ნაკვეთს და 9 კვ.მ. შენობა-ნაგებობას ს/კ 2-----------, მისამართი - ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ც--------ი,სააპელაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191.1 მუხლით, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფა, როგორც სამართლებრივი ინსტიტუტი, წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცულ ამა თუ იმ პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას, რომელსაც სასამართლო იყენებს დარღვეული, თუ სადავოდ ქცეული უფლების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე და ესაა სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების საშუალება, მოპასუხისათვის გარკვეული უფლებების შეზღუდვის გზით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებულია მოსარჩელის უფლება მიმართოს სასამართლოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ამავე მუხლით განსაზღვრულია მითითებული საპროცესო უფლების რეალიზაციის წესი. კერძოდ, განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, აგრეთვე მითითებას იმაზე, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს საჭიროდ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დროებითი ხასიათისაა და უშუალოდ მატერიალურ-სამართლებრივი უფლებების დაცვისკენ არის მიმართული, ამიტომ მატერიალურ-სამართლებრივ სივრცეში მოწმდება უფლების უზრუნველყოფის საკითხი.

 

სარჩელის უზრუნველყოფის მიზანი მდგომარეობს მასში, რომ დავის მატერიალური ობიექტის შენარჩუნების გზით, სასამართლო გადაწყვეტილება გახდეს აღსრულებადი. სარჩელის უზრუნველყოფის არსიდან გამომდინარე, სასამართლო არჩევს უზრუნველყოფის ღონისძიებას სასარჩელო მოთხოვნის ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე, რათა უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. საბოლოოდ საკითხს იმის შესახებ, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული და უნდა იყოს თუ არა იგი საერთოდ გამოყენებული წყვეტს სასამართლო მოთხოვნის ხასიათისა და მისი შინაარსიდან გამომდინარე. განმცხადებლის მხოლოდ მითითება, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობის შემთხვევაში გართულდება გადაწყვეტილების აღსრულება, საკმარისი არ არის. სასამართლოს უნდა გაუჩნდეს დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა სახეზეა. ამასთან განმცხადებელს ეკისრება უზრუნველყოფის ღონისძიების აუცილებლობის, დარღვეული ან სადავო უფლების განუხორციელებლობის, გამოუსწორებელი და პირდაპირი ზიანის დადგომის შესაძლებლობის, რომელიც კომპესირებული ვერ იქნება მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით, ასევე კონკრეტულად მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების - დასაბუთება.

 

კანონმდებლის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის დაწესება არ გულისხმობს მის ავტომატურ გამოყენებას ნებისმიერი სარჩელის მიმართ. არამედ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ხდება ყოველ კონკრეტულ საქმეზე სასამართლოს განსაკუთრებული მსჯელობის შედეგად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების ზოგად საფუძველს, ხოლო სასამართლო განსაზღვრავს არსებობს თუ არა ამგვარი საფუძველი განსახილველ საქმესთან დაკავშირებით და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას იყენებს იმ შემთხვევაში, თუ მის გამოყენებას მიზანშეწონილად ჩათვლის მხარეთა უფლებებსა და ინტერესებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის გზით. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის გათვალისწინება გულისხმობს აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენების დაწესებას ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც იგი გამართლებულია და განმცხადებელი დასაბუთებულად შესძლებს დაამტკიცოს კონკრეტული უზრუნველყოფის ღონიძიების გამოყენების აუცილებლობა. უფლებათა და კანონით დაცულ თავისუფლებათა ხელყოფისაგან იცავს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სასამართლოსათვის მიმართვის უფლება და ასევე ყველა ის მექანიზმი, რასაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებზე დაყრდნობითაც, სასამართლო აღნიშნული მექანიზმების უმოქმედობასა და უუნარობაში დარწმუნდება _ საწინააღმდეგოს დაშვების შემთხვევაში, ყველა სარჩელი უზრუნველყოფილ უნდა იქნეს წინასწარ, რითაც აზრი დაეკარგება გადაწყვეტილების აღსრულების კანონისმიერი ბერკეტების არსებობას.

 

მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი (მოსარჩელის მითითებით) შესრულება სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველია, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები გადაწყვეტილების აღუსრულებლობის, ან მისი აღსრულების გაძნელების დასაბუთებაში უნდა მდგომარეობდეს.

 

სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე წარდგენილი განცხადების დასასაბუთებლად საკმარისია, ალბათობის მაღალი ხარისხით იმ გარემოებების არსებობის ვარაუდზე მითითება, რომელსაც ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების აუცილებლობის შესახებ. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადება საჭიროებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებას, რომელიც დაარწმუნებს სასამართლოს, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაში, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უფლებათა დაცვის დროებით საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს და მისი გამოყენება დასაშვებია იმ პირობებში, როცა მხარე განცხადებაში კონკრეტულად და რეალურად მიუთითებს იმ საფრთხეზე, რომლის აცილებაც შეუძლებელია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე. ასეთი ღონისძიება კი პირდაპირ კავშირში უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნასთან.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი აღძრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ იკვეთება უზრუნველყოფის ღონისძიების (ყადაღის) გამოყენების პატივსადები სამართლებრივი ინტერესი.

 

დადგენილია, რომ თ----------ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 1--------------- №-- ოქმის №-- და ,,2008 წლის 1--------------- №-- ოქმის №-- გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ’’ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 3----–--ის №- ოქმის №- გადაწყვეტილებებისა და მათ საფუძველზე გაცემული 2015 წლის 0-------------- №1---- საკუთრების უფლების მოწმობის, ლ--------------–--ის საკუთრების შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა და მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვა. სარჩელი ემყარება იმ საფუძველს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები მიღებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს 11.07.2007წ. კანონისა და საკუთრების უფლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 15.0.9.2007წ. №525 ბრძანებულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით და გადაწყვეტილებებს საფუძვლად დაედო დაინტერესებული პირის ლ--------------–--ის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაცია (ს.ფ. 1-19).

 

დადგენილია, რომ №2----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება (დაზუსტებული ფართობი: 4525 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №01/1, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 9 კვ.მ.) ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 0-------------- №1---- საკუთრების მოწმობის საფუძველზე აღრიცხულია ლ--------------–--ის საკუთრებად (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: 8-----------, მომზადების თარიღი: 11.01.2019).

 

შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობასთან დაკავშირებულ სარჩელზე მოპასუხეს წარმოადგენს ამ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია.

 

სარჩელი სხვა რაიმე მოთხოვნას მოპასუხედ დასახელებული ლ--------------–--ის მიმართ არ შეიცავს.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე სარჩელის უზრუნველყოფის სახით ითხოვს ლ--------------–--ის ქონებაზე ყადაღის დადებას, რომელიც, მართალია, სარჩელში დასახელებულია მოპასუხედ, თუმცა სასარჩელო მოთხოვნა მიმართული არ არის მის მიმართ და დავაში ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, იგი წარმოადგენს არა მოპასუხეს, არამედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირს, რადგან იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ მესამე პირის ქონებაზე ყადაღის დადება არ შეესაბამება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის კანონით განსაზღვრულ მიზნებს.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლს, რომელიც განსაზღვრავს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების სახეებს. ამავე მუხლით განსაზღვრულია სუბიექტები, რომელთა მიმართაც დაიშვება ამ ღონისძიებების გამოყენება. 198.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, რომელიც ეკუთვნის მოპასუხეს (ამავე მუხლის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებიც მხოლოდ მოპასუხის უფლებრივი შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს სარჩელის უზრუნველსაყოფად).

 

ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი თავისი არსით წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მნიშვნელოვან სამართლებრივ საშუალებას, რომლის გამოყენებაც დაიშვება მოპასუხის მიმართ იმ მიზნით, რომ არ გაძნელდეს ან შეუძლებელი არ გახდეს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების წარმდგენი მოსარჩელის მიზანს, საბოლოო ჯამში, მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და მისი დაუბრკოლებელი აღსრულების უზრუნველყოფა წარმოადგენს. სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსისა და მიზნების გათვალისწინებით, აღნიშნული საპროცესო ინსტიტუტის გამოყენება მესამე პირის მიმართ დაუშვებელია.

 

ამასთან, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების საფუძველი მოიცავს ასევე ვარაუდს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველიც არ არსებობს. აღნიშნული მიმართებით მსჯელობა საჭიროა იმ თვალსაზრისით, რომ დადგინდეს სარჩელის შესაძლო დაკმაყოფილების შესახებ ვარაუდის საფუძვლიანობა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ №ას-759-718-2015 საქმეზე 2015 წლის 28 ივლისის განჩინებით განმარტა, რომ „სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან პირის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები უნდა შექმნას. მართალია, სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით და მოითხოვოს მოპასუხეს დაუწესდეს გარკვეული სახის შეზღუდვები დავის საგნის (მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით) განკარგვასთან მიმართებით, მაგრამ მან სათანადოდ უნდა დაასაბუთოს ასეთი შეზღუდვის აუცილებლობა. წარმოდგენილი/ან მომავალში მის მიერ წარმოსადგენი სარჩელის შინაარსი მაღალი ალბათობით უნდა იძლეოდეს იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნას გააჩნია პერსპექტივა და მასში მითითებული ფაქტობრივი წინაპირობების განხორციელების (შესრულების) შემთხვევაში, სწორედ ის სამართლებრივი შედეგი დადგება, რისი ინტერესიც გააჩნია მოსარჩელეს, ანუ მხარის მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს („სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე“ სსსკ-ის 191(1)-ე მუხლის ბოლო ორი წინადადება)“.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლებით განსაზღვრულია ადმინისტრაციული სარჩელის სახეები და დასაშვებობის კრიტერიუმები, რაც პირის სუბიექტური უფლების ეფექტიანი რეალიზაციის მიზანს ემსახურება, სწორედ ამ სტანდარტის დაკმაყოფილების პირობებშია დასაშვები სასამართლო წესით დავა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებით (საქმე N ბს-574-574 (კს-18) „სასამართლო წესით სარჩელის აღძვრის შესაძლებლობა სუბიექტური უფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც იცავს უფლებას გაქარწყლებისგან, არარად ქცევისგან. ამიტომაა, რომ საპროცესო სამართალში სარჩელის აღძვრის უფლების (სარჩელზე უფლების) არსებითი ელემენტია, უპირველეს ყოვლისა, თავად უფლების არსებობა მატერიალური შინაარსით, რომლის დაცვის ღირსი ინტერესიც მოსარჩელეს გააჩნია. თუკი გაცხადებულ მოთხოვნაზე უფლება ნამდვილად ეკუთვნის მოსარჩელეს და მას ნამდვილად აქვს ამ უფლების დაცვაზე კანონიერი ინტერესი, ხოლო სადავოდ გამხდარ უფლებაზე ვალდებულ პირს ნამდვილად წარმოადგენს მოპასუხე, მაშინ საქმის განხილვისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა _ მხარეთა ლეგიტიმური შემადგენლობა სახეზეა“.

 

საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაში ასევე განიმარტა, რომ სასამართლოსადმი მიმართვა უკავშირდება მხოლოდ „თავისი“ უფლების ან თავისუფლების დაცვის რეალურ საჭიროებას, რის გამოც სასამართლოში სარჩელის აღძვრის პროცესუალური უფლებით სარგებლობს მხოლოდ საამისო, ნამდვილი ინტერესის მქონე პირი და ამასთან, ეს ინტერესი უნდა იყოს კანონიერი. შესაძლებელია, პირს ჰგონია, რომ ასეთი ინტერესი აქვს და მიმართავს სასამართლოს, მაგრამ პირის ასეთი სუბიექტური განწყობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ობიექტურად იგი მართლაც დაინტერესებულია პროცესის წარმოების თვალსაზრისით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით აღძრულ სარჩელზე სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. სარჩელის დაკმაყოფილება საჭიროებს მოცემული კუმულაციური პირობებიდან ყველას არსებობას. კანონმდებელი ამ ინტერესში მოიაზრებს მხოლოდ პატივსადებ, მართლზომიერ ინტერესს, რადგან სამართლებრივად დაცვის ღირსია არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ კანონით დაცული ინტერესი, სასამართლოს დაცვის სფეროს სცილდება არაკანონიერი ინტერესის დაცვა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პროცესის აღძვრის საფუძველს წარმოადგენს არა ნებისმიერი, არამედ იურიდიული დაინტერესება, ინტერესი უნდა იყოს კონკრეტული, ლეგიტიმური და პატივსადები. იურიდიული ინტერესის არსებობისათვის არ კმარა მის შესახებ მოსარჩელის განცხადება. ინტერესის არსებობა ობიექტურ მონაცემებზე უნდა იყოს დამყარებული, სარჩელში დასმული საკითხისადმი მოსარჩელის უშუალო უფლებდამცავი ინტერესი უნდა გააჩნდეს. ინტერესის საკითხს წყვეტს სასამართლო. სასამართლო კი ვერ დაეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას, მოსაზრება უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ ფაქტებს, ხოლო ფაქტები გამყარებული უნდა იყოს შესაბამის მტკიცებულებებით, რაც იმას ნიშნავს, რომ დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების (ინტერესის) კანონით გათვალისწინებული საშუალებებით დაცვა შესაძლოა მხოლოდ იმ პირობით, თუ მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად წარმოადგენს იურიდიული ფაქტების ერთობლიობას, რომლითაც დასტურდება როგორც თვით უფლების ან ინტერესის არსებობა, ასევე მისი დარღვევა ან სადავოობა. დავაში მოსარჩელის უფლებადამცავი ინტერესის მტკიცების ტვირთი მასვე ეკისრება _ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს მისი უფლების დარღვევის ფაქტი, დავაში მისი უფლებადამცავი ინტერესი და ამასთან, მან უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ინტერესების სფერო სწორედ მოპასუხის მიერ მიღებული ზომების შედეგად დაირღვა.

 

საქმის განხილვის ამ ეტაპზე, იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რაც მოცემულ დრომდე მხარეებმა სასამართლოს მიუთითეს, ნაკლებ სავარაუდოა სარჩელის წარმატების პერსპექტივა და მასში მითითებული ფაქტობრივი წინაპირობების განხორციელების (შესრულების) შემთხვევაში, ის სამართლებრივი შედეგი, რისი ინტერესიც გააჩნია მოსარჩელეს. უფრო მეტიც, მოსარჩელე ვერ ადასტურებს რა კანონიერი უფლება დაერღვა მოპასუხის მხრიდან გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომ სადავო აქტის გაუქმებითა და ქონების კვლავ სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნებით, მიიღებს თუ არა ის იმ შედეგს რომელზედაც სარჩელში მიუთითებს. მაგალითად, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დაპირება, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას ევარაუდა რომ სადავო აქტების გაუქმების მიმართ მოსარჩელეს უშუალო უფლებადამცავი ინტერესი გააჩნია. პირიქით, როგორც თავად მოსარჩელე უთითებს სასარჩელო განცხადებაში სივრცითი მოწყობისა და სამომავლო განვითარების გეგმების შემუშავებამდე ნაკვეთის პრივატიზების მიზანშეუწონლობის გამო ეკონომიკის სამინისტროსგან ნაკვეთის შეძენაზე მიიღო უარყოფითი პასუხი, ხოლო 23 515 კვ.მ. ნაკვეთის იჯარით გაცემაზე პასუხი ჯერ არ მიუღია, რაც ადმინისტრაციული ორგანოსგან უარად უნდა ჩაითვალოს. მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, რას ემყარება მისი ვარაუდი, რომ სადავო ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხვით დაკმაყოფილდება მისი მოთხოვნა მიწის ნაკვეთის შეძენის ან იჯარით გადაცემის შესახებ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს თ----------ის (წარმომადგენელი შ------ა ა---–------ი) საჩივარი და უცვლელი უნდა დარჩეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განჩინება

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. თ----------ის (წარმომადგენელი შ------------–------ი) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ;

 

3. თ----------ის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი

 

გოჩა აბუსერიძე

 

მურთაზ მეშველიანი