განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001997475
საქმე №2ბ/5841 -18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 აპრილი 2019 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი
სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი - ს----------–-------უ---------–ი ტ------------------ დ-----–--ა, შ-----ის, ჯ---------–---ისა და ს--–---–----ი დ-–--- ს----------ო (ს----------–----–-----ის, ჯ---------–---ისა და ს--–---–----ი დ-–--- ს----------ოს უ---–--------–--–ე)
წარმომადგენელი - ბ-------------ა
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა-----ა“
წარმომადგენელი - მ----------–-–--ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი – იჯარის თანხის და პირგასამტეხლოს დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი
1. ს----------–----–-----ის, ჯ---------–---ისა და ს--–---–----ი დ-–--- ს----------ოს და შპს „ა-----ას“ შორის 2015 წლის 30 ივნისს დაიდო N-- იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების ხელშეკრულების საგანია ს----------ოს სარგებლობაში არსებული შენობის, ქ-------–--ი, ა-----–-------–-----------ი N----ში მდებარე მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობის პირველ, მე-4, მე-9 და მე-14 სართულებზე, თითო სართულზე 2კვ.მ., ჯამში 8 კვ.მ. ფართის იჯარის წესით გადაცემა შპს „ა--------თვის“. ფართების იჯარით გადაცემა ხორციელდება ს----------ოს თანამშ-----ელთათვის სწრაფი კვების (ვენდინგის) აპარატების განთავსების მიზნით. მოიჯარე მომსახურების გაწევას ახორციელებს 2015 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 1 ივლისამდე.
2. მოიჯარის მიერ გადასახდელი საიჯარო ქირის ოდენობა შეადგენს ყოველთვიურად 410 ლარს, რომლის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად საანგარიშო თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. მოიჯარის მიერ აუქციონში გადახდილი „ბე“ 1080 ლარი, ჩაითვლება 2015 წლის ივლისის, აგვისტოსა და სექტემბრის (ნაწილობრივ) საიჯარო ქირად. ამასთანავე, მოიჯარემ დამატებით უნდა გადაიხადოს 150 ლარი, სექტემბრის თვის საიჯარო ქირის შესავსებად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ყოველთვიურად საიჯარო ქირის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერთი თვის საიჯარო ქირის 0,2%-ის ოდენობით.
3. მოპასუხე ადასტურებს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი იჯარის თანხიდან 4357,37 ლარის გადაუხდელობას.
4. ს----------–----–-----ის, ჯ---------–---ისა და ს--–---–----ი დ-–--- ს----------ომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს „ა-----ა“-ს მიმართ და მოითხოვა იჯარის თანხის და პირგასამტეხლოს დაკისრება.
5. სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელის განმარტებით, ს----------–----–-----ის, ჯ---------–---ისა და ს--–---–----ი დ-–--- ს----------ოს და შპს „ა-----ას“ შორის 2015 წლის 30 ივნისს, 2 წლის ვადით გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით, ს----------ოს ადმინისტრაციულ შენობაში 8კვ.მ. ფართზე ვენდინგის აპარატების განთავსების სანაცვლოდ მოპასუხეს უნდა გადაიხადა საიჯარო ქირა, თვეში 410 ლარით. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა მხარის პასუხისმგებლობა, საიჯარო ქირის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ყოველთვიური საიჯარო ქირის 0,2% პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ. ხელშეკრულების გასვლის დროისთვის შპს „ა-----ას“ გადაუხდელი საიჯარო დავალიანებაა 6915,45 ლარი. 4357,37 ლარზე მოპასუხეს აგდახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. მართალია, მოპასუხის მიერ წარმოდგენილია გარკვეული გადახდების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუმცა მათგან 2558,08 ლარის ფარგლებში წარმოდგენილი ქვითრებით ცალსახად არ დგინდება გადახდის დანიშნულება, არ არის მითითებული ორგანიზაცია, ხელშეკრულების ნომერი და თარიღი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ოდენობის იჯარის თანხა მოპასუხეს გადაუხდელი აქვს. ვალდებულების არჯეროვანი შესრულების გამო მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ჯამში შეადგენს 4409,14 ლარს.
6. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, გადაუხდელი იჯარის თანხის - 4357,37 ლარის ნაწილში, ასევე პირგასამტეხლოს - 1021,01 ლარის ნაწილში. დანიშნულების გარეშე გადახდილ ქვითრებთან დაკავშირებით განმარტა, რომ მართალია სხვა უწყებებთანაც ჰქონდა საიჯარო ხელშეკრულებები დადებული, თუმცა აღნიშნული ქვითრები მხოლოდ მოსარჩელესთან ჰქონდა წარმოდგენილი, სხვა პირებთან ურთიერთობებში არ გამოუყენებია.
პირგასამტეხლოსთან მიმართებით მოპასუხემ განმარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,2%) იყო მაღალი, მათი ქონებრივი მდგომარეობა იყო მძიმე, საწარმო რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში და ფაქტიურად აღარ ფუნქციონირებს და გონივრული იქნებოდა პირგასამტეხლოს სახით დაკისრებოდა რეალურად გადაუხდელი იჯარის თანხის - 4357,37 ლარის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ს----------–----–-----ის, ჯ---------–---ისა და ს--–---–----ი დ-–--- ს----------ოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს „ა-----ას“ მოსარჩელე ს----------–----–-----ის, ჯ---------–---ისა და ს--–---–----ი დ-–--- ს----------ოს სასარგებლოდ დაეკისრა იჯარის თანხის - 4357,37 ლარის და პირგასამტეხლოს - 1021,01 ლარის გადახდა. უარი ეთქვა მოსარჩელე ს----------–----–-----ის, ჯ---------–---ისა და ს--–---–----ი დ-–--- ს----------ოს მოპასუხისთვის იჯარის თანხის - 2558,08 ლარის და პირგასამტეხლოს სახით დამატებით 3388,13 ლარის ანაზღაურებაზე; (იხ. გადაწყვეტილება)
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ს----------–----–-----ის, ჯ---------–---ისა და ს--–---–----ი დ-–--- ს----------ოს წარმომადგენელმა.
8.1. აპელანტის განმარტებით, სახელშეკრულებო ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვალდებულების - იჯარის ქირის გადახდის დადასტურების ვალდებულება ეკისრება მოვალეს, მხარეს რომელმაც უნდა შეასრულოს ეს ვალდებულება. ხელშეკრულების ვადის გასვლის მომენტისათვის, შპს „ა-----ას“ მიერ 4375.37 ლარზე არ იყო წარმოდგენილი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 2558.08 ლარის ფარგლებში წარმოდგენილი დოკუმენტაციით ცალსახად არ დგინდება გადახდის დანიშნულება, რაც უშვებს იმის ალბათობას, რომ მოწინააღმდეგე მხარეს აღნიშნული გადახდები შესრულებული აქვს სხვა სახელმწიფო უწყების სასარგებლოდ. ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მოვალეს ეკისრება. მოვალემ უნდა ამტკიცოს ფულადი ვალდებულების გაგზავნის ფაქტი ანუ გამგზავნი ორგანოსა თუ დაწესებულებისათვის თანხის გადაცემის ფაქტი, ხოლო მიტანის ვალდებულების შემთხვევაში - კრედიტორისათვის თანხის გადაცემის ფაქტი.
8.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად მიიჩნია 1021.01 ლარი, თუმცა სასამართლოს არ უმსჯელია რომელ მტკიცებულებაზე დაყრდნობით მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ხელშეკრულება უნდა შესრულდეს განურჩევლად იმისა, რომელიმე მხარეს აქვს მის მიმართ ინტერესი თუ არა. შესაძლოა ხელშეკრულება უკვე წამგებიანიც კი იყოს ეკონომიკური კუთხით მხარისათვის, თუმცა გამომდინარე მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის პრინციპიდან, იგი უნდა შესრულდეს ნებისმიერ ფასად. სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხე მხარის გადახდისუუნარობა ან/და რთული ფინანსური მდგომარეობა.
სამოტივაციო ნაწილი
9. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
10. სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ №ს 15-29-1443-2012, 09.12.2013წ.; სუსგ საქმე №ას-973-1208-04). მოსარჩელე შესაძლებელია, ცდებოდეს კიდეც სადავო ურთიერთობის სამართლებრივ შეფასებაში, რაც არამცთუ არ ზღუდავს სასამართლოს, არამედ, პირიქით, სწორედ სასამართლოა ვალდებული, სამართლებრივად სწორად შეაფასოს სადავო ურთიერთობა და მოძებნოს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან. (სუსგ ას 1242-2018)
11. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 2558,08 ლარის დაკისრება, აღნიშნული მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.
12. პალატა იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და მოსარჩელის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ წინაპირობებთან დაკავშირებით და დამატებით განმარტავს შემდეგს:
აპელანტის მიერ სადავოდ არის გამხდარი მოპასუხის მიერ განხორციელებული - 2558,08 ლარის გადახდა.
13. აღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებით პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ იურიდიულ ფაქტებს:
13.1. ს----------–----–-----ის, ჯ---------–---ისა და ს--–---–----ი დ-–--- ს----------ოს და შპს „ა-----ას“ შორის 2015 წლის 30 ივნისს დაიდო N-- იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოიჯარე მომსახურების გაწევას ახორციელებს 2015 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 1 ივლისამდე. საიჯარო ქირის ოდენობა შეადგენდა ყოველთვიურად 410 ლარს, რომლის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად საანგარიშო თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. (ტომი 1, ს.ფ. 15-18)
13.2. მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ვადა შეადგენს 24 თვეს, ამასთან ქირის ჯამური ოდენობა შეადგენს - 9840 ლარს, საიდანაც შესასრულებელი ვალდებულებაა - 16 თვის საიჯარო ქირა ე.ი. 6915,45 ლარი. 4357,37 ლარი, რომელიც მოიცავს 10 თვესა და 24 დღიან პერიოდს მოპასუხის მიერ აღიარებული იქნა, ხოლო 2558,08 ლარი, რომელიც შეადგენს 6 თვის და 6 დღის დავალიანებას, სადაოდ არის გამხდარი იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ცალსახად არ დგინდება გადახდის დანიშნულება, რაც უშვებს იმის ალბათობას, რომ მოწინააღმდეგე მხარეს აღნიშნული გადახდები შესრულებული აქვს სხვა სახელმწიფო უწყების სასარგებლოდ.
13.3. ს----------–----–-----ის, ჯ---------–---ისა და ს--–---–----ი დ-–--- ს----------ოს და შპს „ა-----ას“ შორის 2015 წლის 30 ივნისს დადებული N-- იჯარის ხელშეკრულების 3.1.1 პუნქტში მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოიჯარის მიერ აუქციონში გადახდილი „ბე“ 1080 ლარი, ჩაითვლება 2015 წლის ივლისის, აგვისტოსა და სექტემბრის (ნაწილობრივ) საიჯარო ქირად. ამასთანავე, მოიჯარემ დამატებით უნდა გადაიხადოს 150 ლარი, რადგან შევსებულ იქნეს სექტემბრის თვის საიჯარო ქირა. ამავე ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად საიჯარო ქირის გადახდა მოიჯარის მიერ ხდება ყოველთვიურად, შემდეგ ანგარიშზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში სხვა შემოსულობები (ცენტრალიზებული), ანგარიში #2--------, სახელმწიფო ხაზინა 2--------, სახაზინო კოდი:3--------. (ტომი 1, ს.ფ. 15-18)
13.4. ს----------–----–-----ის, ჯ---------–---ისა და ს--–---–----ი დ-–--- ს----------ოს 13.01.2017 წლის წერილით შპს „ა-----ას“ ეცნობა, რომ იჯარის დავალიანება ბიუჯეტის მიმართ შეადგენდა 2990 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო 1131.58 ლარს, ამასთანავე ეცნობა, რომ ქირავნობის თანხა უნდა შეიტანოს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბანკის კოდი - T-------, ანგარიში #2--------, საბიუჯეტო შემოსავლის კოდი:3--------, 28.04.2017 წლის წერილით შპს „ა-----ას“ დამატებით ეცნობა, რომ იჯარის დავალიანება ბიუჯეტის მიმართ შეადგენდა 4310 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო 1771.18 ლარს, ამასთანავე ეცნობა, რომ ქირავნობის თანხა უნდა შეიტანოს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბანკის კოდი - T-------, ანგარიში #2--------, საბიუჯეტო შემოსავლის კოდი:3--------. (ტომი 1, ს.ფ. 21-24)
13.5. საქმეში არსებული 2015 წლის 01 ოქტომბრის საგადახდო დავალებით დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ იჯარის ღირებულების სახით გადახდილი იქნა 150 ლარი, 10.11.2015 წელს - 410 ლარი, 11.03.2016 წელს -1640 ლარი იჯარის ღირებულება და 68.08 პირგასამტეხლო, 07.09.2016 წელს -700 ლარი, 18.11.2016 წელს - 934.55 ლარი, 07.02.2017 წელს - 500 ლარი. აღნიშნული თანხების გადახდა განხორციელდა ხელშეკრულების 3.2. პუნქტში მითითებულ სახაზინო კოდზე: 3--------.
14. პალატა განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი – მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს
15. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი აღნიშნავს, რომ მოპასუხე 2016 წლის თებერვლის თვიდან საიჯარო დავალიანებას არ იხდიდა და მისი დავალიანება შეადგენს 2558,08 ლარს. წარმოდგენილი დოკუმენტაციით მოწინააღმდეგე მხარეს გადახდები შესრულებული აქვს სხვა სახელმწიფო უწყების სასარგებლოდ.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლს და განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე.
კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ სათანადოდ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის რეალიზება და წარმოდგენილი საგადახდო დავალებებით დაადასტურა 2016 წლის თებერვლიდან საიჯარო ქირის გადახდა მხარეთა შორის შეთანხმებულ საბიუჯეტო შემოსავლის კოდზე: 3--------, ხოლო მოსარჩელემ სათანადოდ ვერ უზრუნველყო საიჯარო დავალიანების - 2558,08 ლარის არსებობის დადასტურება, შესაბამისად პალატა შპს „ა-----ასის“ მიერ ვალდებულებას შესრულებულად მიიჩნევს.
16. სამოქალაქო კოდექსის 386-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ კრედიტორს აქვს ფულის ჩარიცხვისათვის გამიზნული საბანკო ანგარიში იმ ადგილას ან იმ ქვეყანაში, სადაც გადახდა უნდა მოხდეს, მაშინ მოვალეს შეუძლია ამ ანგარიშზე ჩარიცხვით შეასრულოს თავისი ფულადი ვალდებულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრედიტორი ამის წინააღმდეგია.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციით მოწინააღმდეგე მხარეს გადახდები შესრულებული აქვს სხვა სახელმწიფო უწყების სასარგებლოდ, რადგან აღნიშნული საგადახდო დავალებებით დგინდება, რომ თანხების გადახდა განხორციელდა ხელშეკრულების 3.2. პუნქტსა და ს----------–----–-----ის, ჯ---------–---ისა და ს--–---–----ი დ-–--- ს----------ოს 13.01.2017 წლის და 28.04.2017 წლის წერილებში მითითებულ სახაზინო კოდზე: 3-------- ე.ი. კრედიტორის საბანკო ანგარიშზე.
პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ დაადასტურა, რომ მოპასუხის მიერ თანხების გადახდა განხორციელდა არა მათ ანგარიშზე, არამედ სხვა სახელმწიფო უწყების სასარგებლოდ, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
17. აპელანტის მოთხოვნაა პირგასამტეხლოს სახით დამატებით 3388,13 ლარის დაკისრება. ამასთან აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლომ პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად მიიჩნია 1021.01 ლარი, თუმცა სასამართლოს არ უმსჯელია რომელ მტკიცებულებაზე დაყრდნობით მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რაც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში იჯარის ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყოველთვიური საიჯარო ქირის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში მოიჯარეს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერთი თვის საიჯარო ქირის 0,2%-ის ოდენობით.
პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. საქმე №.ას 848-814-16, №ას-816-767-15, №ას-953-918). ას-708-678-2016.
პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.(სუსგ. საქმე №ას-897-837-2017). პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014; 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015). საკასაციო პალატა ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს რომ, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (იხ.სუსგ №ას-833-799-2016; 2016 წლის 2 ნოემბერი).
სსკ-ის 417-ე, 418-ე მუხლების თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. (სუსგ ას-1755-2018)
შპს „ა-----ამ“ ცნო მოსარჩელის მოთხოვნა მოთხოვნილი პირგასამტეხლოდან 1021,01 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც არის აღიარებულ იჯარის თანხაზე დაანგარიშებული პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1%. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული პირგასამტეხლო არის გონივრული ოდენობის.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
18. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს----------–-------უ---------–ი ტ------------------ დ-----–--ა, შ-----ის, ჯ---------–---ისა და ს--–---–----ი დ-–--- ს----------ოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება.
3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: დიანა ბერეკაშვილი