განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190210017001884196
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3632-18 06 მარტი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ქეთევან მესხიშვილი
მოსამართლეები - თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე
სხდომის მდივანი – ნანა ველიჯანაშვილი
აპელანტი - შპს „ჯ------------“
წარმომადგენელი - მ-------------
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „გ--------------------------------–--“
წარმომადგენელი - ბ-----------–---–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უსაფუძვლო გამდიდრების წესების საფუძველზე ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „გ--------------------------------–--მ“ შპს „ჯ------------ს“ მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა და მოპასუხისთვის, უსაფუძვლო გამდიდრების წესების საფუძველზე, ზიანის სახით 45000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. შპს „ჯ------------“ შპს „გ--------------------------------–--ს“ მიმართ 45 000 ლარის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ჯ-------------“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. 2015 წლის 23 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით შპს „ჯ-------------“ შპს „R------ისგან“ 149 400 ლარად ასფალტბეტონის საამქრო დანადგარი „ტ--–---------“ შეიძინა, რომელიც ხელშეკრულების დადების დროისათვის შპს „გ--------------------------------–--ს“ კუთვნილ 7431 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მდებარე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-------–-აში კოდი 8-----------, იყო განთავსებული. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ჯ------------“ დანადგარი ფაქტობრივ მფლობელობაში გადაეცა, რომლის თაობაზეც მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა (ტომი I, ს.ფ. 1-7, 20-23, 45, 48-51, ტომი II, ს.ფ. 7-16, 98-104).
6. ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ შპს „ჯ------------“ ასფალტბეტონის საამქრო დანადგარით სარგებლობდა, მას სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებდა. ქარხნის დემონტაჟი 2018 წლის თებერვალში დასრულდა (ტომი II, ს.ფ. 7-16, მხარეთა ახსნა განმარტება 27.03.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი).
7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 მარტის განჩინებით შპს „გ--------------------------------–--სა“ და შპს „R------ს“ შორის მორიგება დამტკიცდა შემდეგი პირობებით:
1.1 შპს „R-----“ ვალდებულებას იღებს შპს „გ--------------------------------–--ს“ წინაშე, რომ წინამდებარე მორიგების აქტზე ხელმოწერიდან ორი თვის ვადაში გადაუხდის საიჯარო დავალიანების თანხას 14061 ლარს. გადახდა უნდა განხორციელდეს მოსარჩელე შპს „გ--------------------------------–--ს“ კუთვნილ საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანის გზით.
1.2 მოპასუხე შპს „R-----“ ვალდებულებას იღებს მოსარჩელე შპს „გ--------------------------------–--ს“ წინაშე, რომ არაუგვიანეს 2018 წლის 27 თებერვლისა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე: გარდაბანი, სოფელი ა-------–-ა, მიწის ნაკვეთი ფართით 7 431 კვ.მ, საკადასტრო კოდი #8-----------, განთავსებულ ასფალტ-ბეტონის ქარხანას გაუკეთებს დემონტაჟს და აღნიშნულ მიწის ნაკვეთს გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადასცემს მოსარჩელეს.
1.3 მხარეები თანხმდებიან, რომ მორიგების აქტის ეს პირობები გამოხატავს მათ ნებას და სურთ მისი ამ ფორმით დამტკიცება.
1.4 მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტის 1.1 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებამდე საქმეზე 2016 წლის 22 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფა არ გაუქმდება.
მორიგებით გათვალისწინებული იყო იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაუხდელი ქირის 14 061 ლარის გადახდა, რაც 5 თვისა 23 დღის საიჯარო ქირის დავალიანებას წარმოადგენდა, რადგან იჯარის საფასური წელიწადში 30 000 ლარს შეადგენდა.
8. განსახილველ დავაში, მოსარჩელე თანხის ანაზღაურებას 2016 წლის 7 აგვისტოდან 2018 წლის თებერვლამდე პერიოდისთვის, მიუღებელი შემოსავლის სახით, მოითხოვდა (ტომი I, ს.ფ. 17-19, 59-60, ტომი II, ს.ფ. 1-7).
9. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ შპს „ჯ------------“, 2016 წლის 7 აგვისტოდან 2018 წლის თებერვლამდე, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ სარგებლობის უფლება არ გააჩნდა, რაც მისთვის, მიუღებელი შემოსავლის სახით, 45 000 ლარის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს ქმნიდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მოპასუხისაგან მისი კუთვნილი ქონების სარგებლობისათვის თანხის გადახდა, ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულების საფუძველზე ქონების სასყიდლიანი სარგებლობის შედეგად.
პალატა მიუთითებს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტა სამართლებრივი შეფასების და არა სასამართლოს მიერ კანონის განმარტების ან/და ნორმის შეფარდების მართებულობის დადგენას ეხება, ამიტომ, მსგავსი კატეგორიის დავების გადაწყვეტისას მხარეთა ახსნა-განმარტებებს და საქმეში არსებულ სხვა სახის მტკიცებულებებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. აპელანტი მიუთითებს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 მარტის განჩინებით, შპს „გ--------------------------------–--სა“ და შპს „R------ს“ შორის მორიგება დამტკიცდა, რა დროსაც მოსარჩელის კონსენსუსის საგანს სწორედ ის გარემოება წარმოადგენდა, რომ შპს „R------ს“ მიერ დაგროვილი დავალიანების სანაცვლოდ, მის მიერ დემონტაჟის განხორციელებამდე, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოყენების უფლება უსასყიდლოდ უნდა მიეცა. აღნიშნულ მოსაზრებას სააპელაციო პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. ნების განმარტება უნდა მოხდეს იმდაგვარად, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, გარემოებები, ასევე, მხარეთა განმარტებები ერთ მთლიან ლოგიკურ ჯაჭვს ქმნიდეს და ობიექტური დამკვირვებლისთვის, განვითარებულ ფაქტებსა და გამოხატულ ნების განმარტებას შორის დადგენილი კანონზომიერება, მოულოდნელი/გაუგებარი არ იყოს.
მხარეთა შორის მიღწეული და სასამართლოს მიერ დამოწმებული მორიგება, სამოქალაქო სამართლის მიზნებისთვის ჩვეულებრივი გარიგებაა, რომლის მიმართაც სამოქალაქო კოდექსის ყველა ის ზოგადი ნორმა მოქმედებს, რაც ნებისმიერი გარიგების მოწესრიგების დროს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე და 52-ე მუხლების თანახმად, ხელშეკრულებაში, გამოვლენილი ნების განმარტებისას განმსაზღვრელია მნიშვნელობა, რომელიც შეიძლებოდა მიენიჭებინა წარმოსახვით გონიერ ადამიანს, ჩაყენებულს აღნიშნული ნების ადრესატის მდგომარეობაში, გადაწყვეტილების მიღებისას ხელშეკრულების შინაარსის თაობაზე წერილობით დაფიქსირებული ტექსტის საფუძველზე საქმესთან დაკავშირებული ყველა სხვა მნიშვნელოვანი და ცნობილი გარემოების გათვალისწინებით. ამდენად, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებით გამოვლენილი ნების განმარტებისას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ განმარტავდა გამოვლენილ ნებას ნებისმიერი გონიერი ადამიანი ანალოგიურ გარემოებებში მოქმედებისას.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ერთმნიშვნელოვნად იზიარებს აპელანტის მოსაზრებას მასზედ, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი მორიგების პირობებიდან სადავო პერიოდში მოსარჩელის მიერ უძრავი ქონების სარგებლობის უფლების გადაცემა გარკვეული თანხის სანაცვლოდ არ გამომდინარეობს. თუმცა, ამ მიმართებით საინტერესოა საქმის მასალებში არსებული სხვა მტკიცებულებები, კერძოდ, 2017 წლის 04 მაისს რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოპასუხემ შესაგებელი წარადგინა, სადაც მითითებულია, რომ მოსარჩელესა და შპს „ჯ------------“ შორის საიჯარო ურთიერთობის ჩამოყალიბების შესახებ აქტიური მოლაპარაკებების პროცესი გაიმართა. შედეგად, 2017 წლის 26 მარტს მოსარჩელე მხარის ადვოკატმა ელექტრონული წერილი, თანდართული საიჯარო ხელშეკრულებით, აპელანტ საწარმოს (შპს „ჯ------------“) გადაუგზავნა. ხელშეკრულების გაფორმებაზე მხარე მზადყოფნას გამოთქვამდა, თუმცა, მოსარჩელე წერილის გამოგზავნის შემდგომ მოპასუხის მოკლეტექსტურ შეტყობინებებსა და სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. საბოლოოდ კი, ხელშეკრულება არ გაფორმებულა. მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს, რომ თავად აპელანტის წარმომადგენელი 2017 წლის 26 მარტის მიმოწერაზე, ანუ მორიგების აქტის გაფორმების შემდგომ პერიოდზე საუბრობს (მორიგება 2017 წლის 21 მარტს გაფორმდა) და ადასტურებს, რომ მორიგების გაფორმების შემდგომ საიჯარო ურთიერთობის ჩამოყალიბების შესახებ მხარეებს შორის აქტიური მოლაპარაკებები მიდიოდა (ტომი I, ს.ფ. 48-58).
რაც შეეხება იმას, აღნიშნული მოლაპარაკებები უძრავი ქონების სარგებლით, თუ უსარგებლოდ გადაცემას გულისხმობდა, ყურადღება უნდა მიექცეს მოპასუხის მიერ წარდგენილ შესაგებელს, რომელსაც თან სწორედ ის საიჯარო ხელშეკრულება ერთვის, რომელიც მისივე მოხსენებით, მოსარჩელის წარმომადგენლებმა 2017 წლის 26 მარტს გაუგზავნა. აღნიშნული ჩარჩო-ხელშეკრულება, 2017 წლის 27 მარტითაა დათარიღებული, მხარეებს მოსარჩელე შპს „გ--------------------------------–--“ და შპს „ჯ--------------“ წამოადგენდნენ, იჯარის ხელშეკრულების საგანი კი იდენტური ქონება, მდებარე: გარდაბანი სოფელი ა-------–-ა, მიწის ნაკვეთი ფართით 7431 კვ.მ, საკადასტრო კოდი #8----------- იყო, ხელშეკრულების მოქმედების ვადა 12 თვით, ხოლო, საიჯარო ქირას წლიური ღირებულება 37 000 ლარით იყო განსაზღვრული. აპელანტი მიუთითებს, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელისმოწერა იმიტომ არ მოხდა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი მათთან კომუნიკაციას აღარ ამყარებდა, ამ გარემოებას კი მხარეთა შორის არსებული მიმოწერის ამსახველი მასალით ადასტურებს. ნიშანდობლივია, რომ ხსენებული მიმოწერიდან მხოლოდ ერთი მათგანია დათარიღებული 2017 წლის 27 მარტით, ყველა დანარჩენი უფრო ადრინდელ მიმოწერას ასახავს, რაც მხედველობაში ვერ იქნება მიღებული, ვინაიდან ფაქტია, აპელანტის ელექტონული ფოსტის მისამართზე ჩარჩო-ხელშეკრულება 2017 წლის 26 მარტს გაიგზავნა. რაც შეეხება 2017 წლის 27 მარტით დათარიღებულ მიმოწერას, აქ საუბარია გაურკვეველი შეთავაზების შესახებ, რომელიც მოსარჩელის წარმომადგენელს ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნა, იგი საიჯარო ხელშეკრულების ღირებულებასთან, სადავო ქონების სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაცემასთან ან/და სხვა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე რელევანტურ გარემოებებთან კავშირში არ არის.
ზემოაღნიშნული ორი მტკიცებულების შეჯერების საფუძველზე პალატას შეექმნა მტკიცებულებით გამყარებული შინაგანი რწმენა მასზედ, რომ 2017 წლის 21 მარტის, ანუ მორიგების აქტის გაფორმების შემდგომ მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობის მოწესრიგების შესახებ აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რომელიც უსასყიდლო ხასიათის ცალსახად არ იყო, ვინაიდან მოპასუხის მიერ შესაგებელზე დართულ ჩარჩო-ხელშეკრულებაში სწორედ საიჯარო ქირის ოდენობაა მითითებული. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ჩარჩო-ხელშეკრულებაში საიჯარო ქირის საფასურად, ნაცვლად 30 000 ლარისა, წლიური 37 000 ლარია აღნიშნული. 7 000 ლარის სხვაობა კი, მხარის ახსნა-განმარტების თანახმად, გამომდინარეობდა იმ გარემოებიდან, რომ ხელშეკრულების ვადად არა 2018 წლის 27 თებერვალი (როგორც ეს მორიგების აქტით იყო განსაზღვრული), არამედ, 2018 წლის მარტი განისაზღვრა, და სწორედ აღნიშნული ერთი თვის სხვაობა დაემატა საერთო საიჯარო ქირას. მოყვანილი მსჯელობის გამაბათილებელი საპირწონე მტკიცებულება საქმის მასალებში არ არსებობს, რაც სასამართლოს ართმევს შესაძლებლობას საქმეში არსებული მტკიცებულებები სხვაგვარად შეაფასოს (იხ. დეტალურად შესაგებელი და შესაგებელზე დართული მტკიცებულებები, ტ.1, ს.ფ. 48-68).
10. სააპელაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ აპელანტის მიერ გამოთქმული მოსაზრების მართებულობა - საიჯარო ფართის თითქმის ერთი წლის განმავლობაში უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე, არც გონივრული განსჯის სტანდარტიდან გამომდინარეობს. ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ორივე მოდავე მხარე იურიდიულ პირს წარმოადგენს, რომელთა საქმიანობა მოგებაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, ისეთი ფაქტობრივი გარემოების დადგენა, რომ რომელიმე სამეწარმეო სუბიექტმა, უძრავი ქონება, რომელიც წლების განმავლობაში იჯარით ჰქონდა გაცემული და მოგებას იღებდა, თითქმის ერთი წლის ვადით უსასყიდლოდ გასცა, უფრო მაღალი ლეგიტიმაციის მქონე არგუმენტების წარმოდგენას საჭიროებს. აპელანტის კითხვა, თუ მოსარჩელე უძრავი ქონების მფლობელობაში უსასყიდლოდ გადაცემას არ დასთანხმებია, მაშინ რაში მდგომარეობდა მხარეთა კონსენსუსი, ამგვარ მაღალი ლეგიტიმაციის მქონე არგუმენტად ვერ განიხილება, ვინაიდან საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებით დასტურდება, რომ ასფალტ-ბეტონის საამქრო დანადგარის წინა მფლობელთან (შპს „R-----“) მოსარჩელეს გარკვეული პრეტენზიები გააჩნდა, იგი მეწარმე სუბიექტის მიერ დაკავებული უძრავი ქონების მოკლე პერიოდში გათავისუფლებას მოითხოვდა. პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მორიგებაზე წასვლისას კომპრომისს შესაძლებელია სწორედ ის გარემოება წარმოადგენდა, რომ ასფალტ-ბეტონის საამქრო დანადგარის ფუნქციონირებისთვის უძრავი ქონების დამატებით ერთი წლით გადაცემას დასთანხმდა. აპელანტი მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვერ ასაბუთებს, თუ რა ინტერესი შეიძლებოდა ჰქონოდა მოსარჩელეს, მიეღო ხუთი თვის გადაუხდელი ქირა, თუმცა, კვლავ, ერთი წლით მფლობელობაში უსასყიდლოდ გადაეცა უძრავი ქონება. ასეთი დაშვება არც სამეწარმეო საქმიანობის სპეციფიკიდან, არც მოდავე მხარეთა შორის არსებული განსაკუთრებულ ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობიდან და არც საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს.
11. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის, მნიშვნელობასაა მოკლებული, განავითაროს მსჯელობა მასზედ, გააჩნდა თუ არა შპს „R------ს“ უფლებამოსილება, გაეფორმებინა მორიგების აქტი იმ პირობებში, როდესაც ის უკვე აღარ იყო ასფალტ-ბეტონის საამქროს მეპატრონე, შეაფასოს იგი წარმოადგენდა, თუ არა, საცილო გარიგებას, რომელსაც იურიდიული ნამდვილობისთვის ახალი მესაკუთრის თანხმობა ესაჭიროებოდა და ა.შ. პალატის აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ცალსახა და არაორაზროვანი მტკიცებულებიდან, რომელიც საქმის მასალებში არსებობს და რომელიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ მორიგების აქტის გაფორმების შემდგომ, საამქროს ამჟამინდელი მესაკუთრე და ამავდროულად აპელანტი, მოსარჩელე კომპანიასთან სასყიდლიანი საიჯარო ურთიერთობის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რაც უდავოდ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ, სულ მცირე, 2017 წლის 26 მარტის მდგომარეობით აპელანტმა კომპანიამ იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ მიწის ნაკვეთი მას სარგებლობაში უსასყიდლოდ არ ჰქონდა გადაცემული. ამ პირობებში, კი სამართლებრივ მნიშვნელობას კარგავს ის გარემოება, შპს „R------ს“ მორიგების აქტის გაფორმების მომენტში, უფლებამოსილება გააჩნდა თუ არა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან გამომდინარეობს, რადგან მხარეებს შორის ხელშეკრულება მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების სარგებლობის შესახებ არ დადებულა, თუმცა მოპასუხეს მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაზე ასფალტ-ბეტონის ქარხანა ჰქონდა განთავსებული, რომელსაც სამეწარმეო მიზნისათვის იყენებდა, რაც სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებულ ნორმატიულ შემადგენლობას იძლევა და აპელანტი საწარმოსთვის თანხის დაკისრების საფუძველს ქმნის.
12. სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, არამედ, სასამართლო დასაშვებად ცნობილ მტკიცებულებებს აფასებს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რა დროსაც ხდება მათი როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლიობაში შესწავლა, სწორედ ამ გზით არკვევს სასამართლო კონკრეტული მტკიცებულების დამაჯერებლობას, მის იურიდიულ სარწმუნოობას. რაიმე გამონაკლისი ამა თუ იმ მტკიცებულების, მათ შორის კანონიერ ძალაში შესული მორიგების მიმართ, დადგენილი არ არის. მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს და უნდა ეფუძნებოდეს შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს.
მტკიცებულების გამოკვლევა, უპირველესად, მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს გულისხმობს. როგორც აღინიშნა, აპელანტი მოხმობილი მოწმის ჩვენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე (1) მუხლის კონტექსტში გადმოცემულ ინფორმაციას წარმოადენს, რომელიც სანდოობის, სარწმუნოობისა და ობიექტურობის თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, რაც, რა საკვირველია, არა მხოლოდ ამ ჩვენების, როგორც ინდივიდუალურად აღებულის, არამედ, მხარეთა შორის უდავო/სადავო ფაქტებისა და მათი განვითარების ქრონოლოგიასთან, ასევე, მოწინააღმდეგე მხარის მიერ გამოთქმულ შედავებებთან ერთობლიობაში უნდა შემოწმდეს და ამ გზით უნდა დადგინდეს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომით-სამართლებრივი დავები), მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა, სასამართლოსთვის რელევანტურ მტკიცებულებებზე მითითებით 2016 წლის 7 აგვისტოდან 2018 წლის თებერვლამდე პერიოდში მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მფლობელობაში უსასყიდლოდ გადაცემის ფაქტი დაედასტურებინა. ამ მიმართებით სააპელაციო პალატა მხოლოდ წარდგენილ მორიგების აქტს ვერ დაეყრდნობა, ვინაიდან აღნიშნული მორიგების აქტიდან ცალსახად და არაორაზროვნად არ გამომდინარეობს, რომ შპს „ჯ------------ს“ მიერ დავალიანებული თანხა მარტოოდენ დაგროვილ დავალიანებას შეეხებოდა, თუ სამომავლოდ, ქონების გამოთავისუფლებამდე პერიოდს. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და თანდართული მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ მოპასუხე კომპანია მორიგების დამტკიცების შემდეგ მიწის გამოთავისუფლებამდე საიჯარო ქირის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა, უფრო მეტიც, მოპასუხის განმარტებით, ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმებაზე მოპასუხე მზადყოფნას აცხადებდა, თუმცა, საბოლოოდ, ხელშეკრულება მოსარჩელის ბრალით არ დაიდო (იხ. შესაგებელი და თანდართული მტკიცებულებები, ტ.1, ს.ფ. 48-68).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე შპს „ჯ-------------“ იმთავითვე იცოდა, რომ სადავო პერიოდში შპს „გ--------------------------------–--ს“ ქონებით სარგებლობდა, ამასთან, ქონებით სარგებლობის საზღაურის გადახდაზე თანხმობას აცხადებდა, თუმცა, საბოლოოდ ხელშეკრულება ვერ შედგა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ საქმის მასალებით დასტურდება შპს „ჯ------------ს“ მხრიდან შპს „გ--------------------------------–--ს“ ქონებით შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობის გარეშე სარგებლობის ფაქტი, რაც შპს „გ--------------------------------–--სათვის“ იმ განცდილი მატერიალური დანაკლისის ანაზღაურების წინაპირობაა, რომლითაც შპს „ჯ------------“ უსაფუძვლოდ გამდიდრდა. თუმცა, ვინაიდან შპს „ჯ------------ს“ ქონება ნებაყოფლობით გადაეცა და მისით სარგებლობა შპს „გ--------------------------------–--ს“ ნებართვით მოხდა, ამიტომ გადაცემული თანხის სამართლებრივი საფუძველი არა ხელყოფის კონდიქცია, არამედ შესრულების კონდიქცია და შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლია.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 1800 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ჯ------------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება;
3. შპს „ჯ------------ს“ მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი
მოსამართლეები თამარ ალანია
თამარ ზამბახიძე